ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
არის თუ არა საქართველოში კრედიტი ძვირი - #1(54), 2018
რატომ გააკრიტიკეს საბანკო სექტორი მთავრობამ და ოპოზიციამ

საქართველოში ლამის ყოველი მეორე ადამიანი ხშირად იმეორებს, რომ აქ სესხი უსამართლოდ ძვირია და ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით ქართველებს ძალიან მაღალი პროცენტების გადახდა გვიწევს. კრედიტის თემა რომ მგრძნობიარე საკითხია, იციან პოლიტიკოსებმა და ხალხის გულის მოსაგებად ბანკების კრიტიკას არ იზარებენ ხოლმე. ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაუღალავად უმეორებდა ამომრჩეველს, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში სესხის განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

„თქვენ გექნებათ საშუალება იაფიანი და ხელმისაწვდომი ხანგრძლივი იაფი ფულის, 10-დან 20 წლამდე, ეს იქნება უმეტესწილად უფასო და სადაც იქნება პროცენტი, იქნება 1, 2 და მაქსიმუმ 3 პროცენტი გადასახადი~.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 2012-შიც გაიმარჯვა და 2016-შიც, თუმცა, არც 3%-იანი და მით უმეტეს „უფასო ფული“ ამომრჩეველს თვალით არ უნახავს. ამის მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისევ დაიწყეს საბანკო სექტორის კრიტიკა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბანკებს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭები უწოდა.

„იმის მაგივრად, რომ დაფინანსდეს კონკურენტუნარიანი პროექტები, იქნას დაცული ამ პროექტების ავტორების ინტერესი, ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებისთვის, განწირული სესხების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის, სწორედ ამ დროს იქმნება სიტუაცია, როდესაც სისტემა არის არა ეკონომიკის განვითარების ძალა, არამედ მუხრუჭი. ეს არის მძიმე და კლასიკური შემთხვევა, რომელიც ჩვენ დაგვემართა სწრაფი სესხების შემთხვევაში. ეს არის გამოწვევა, რომელსაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში.

საქართველოს მთავრობამ საბანკო სექტორზე ერთგვარი იერიში მიიტანა და ბრალი დასდო თან კრედიტების იოლად გაცემაში, თან ამ კრედიტების სიძვირეში. იმავდროულად, პრეტენზია წაუყენეს, რომ რატომ არ აფინანსებს საბანკო სექტორი იმათ, ვისი დაფინანსებაც მთავრობის წევრების აზრით მნიშვნელოვანია. საინტერესოა, რომ საბანკო სექტორის კრიტიკას მთავრობამ ახალი იდეაც მოაყოლა – მთავრობა გეგმავს დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, ვისაც კარგი ბიზნეს-იდეა აქვს, მაგრამ ბანკი სესხს არ აძლევს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკურ გუნდთან ერთად „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმაზე“ მუშაობს:

„როდესაც დამწყები მეწარმე ან მცირე მეწარმე მივა კომერციულ ბანკში, მისი პროექტი იქნება განხილული საკრედიტო დეპარტამენტის მიერ და იგი მიიღებს პროექტის მოწონებას, მაგრამ მას არ ექნება საკმარისი თანამონაწილეობა, ანუ კაპიტალი, ამ წინაპირობით მას ექნება უკვე უფლება, რომ მიმართოს ამ პროგრამას. საუბარია იმაზე, რომ თანამონაწილეობა, ანუ არსებული კაპიტალი კომპანიას არ აძლევს საშუალებას, აიღოს ის საბანკო დაფინანსება, რომელიც მას საშუალებას მისცემს განახორციელოს ესა თუ ის პროექტი. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო კონკრეტული პრიორიტეტებით ჩაერევა და გააკეთებს ინექციას კაპიტალში იმისათვის, რომ პროექტის დაფინანსება შესაძლებელი გახადოს კომერციული საბანკო სექტორის მიერ“, – განაცხადა პრემიერმა.

საბანკო სექტორს შეუტია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც, რომლის ვიდეომიმართვაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა.

„საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რატომ არის ევროპასთან შედარებით სესხი საქართველოში უფრო ძვირი

2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკაზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 21.7 მილიარდი ლარია. მთლიანი სასესხო პორტფელის ლარიზაციის მაჩვენებელი 40.7%-ია, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტია. ლარის სესხების ზრდის მთავარი მიზეზი 100 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვა და დედოლარიზაციის სხვა რეგულაციებია. ამ ცვლილების გამო მოსახლეობა იძულებულია აიღოს ლარის სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთიც დოლართან შედარებით უფრო ძვირია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის მე-4 კვარტალში სესხების საშუალო წლიური განაკვეთები შემდეგი იყო: მოკლევადიანი სესხი ლარში – 21,3%, გრძელვადიანი სესხი ლარში – 16,3%, მოკლევადიანი სესხი დოლარში – 8,7%, გრძელვადიანი სესხი დოლარში – 8,5%.

თუ ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საშუალო საკრედიტო განაკვეთებს ვნახავთ და საქართველოში ლარში გაცემული სესხების განაკვეთებს შევადარებთ, სხვაობა მართლაც თვალშისაცემია.
     

გამოცემა „ფაქტმეტრის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ზონაში დაბალი საპროცენტო განაკვეთის ძირითადი მიზეზი ბანკებს შორის მაღალი კონკურენცია და გასასესხებელი კაპიტალის დიდი მოცულობაა. საპროცენტო განაკვეთის სიდიდეს სესხზე მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. ევროპის ქვეყნებში გასასესხებელი კაპიტალის მოცულობა მაღალია, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც დაბალია. მაგალითად, დანიაში, რომელიც დაახლოებით საქართველოს სიდიდის ქვეყანაა, ხუთი ისეთი ბანკია, რომლის სააქციო კაპიტალი ათ მილიარდ დოლარს აღემატება. საქართველოში კი ყველა მოქმედი კომერციული ბანკის (სულ 16 ბანკია) ჯამური სააქციო კაპიტალი დაახლოებით 1.8 მილიარდი დოლარია.

რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2010- 2017 წლებში სესხების საპროცენტო განაკვეთები 7-8%-ით შემცირდა. შესაბამისად, თუკი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ბაზარი განვითარების გზით წავა, ხელისუფლება კონკურენციას არ შეზღუდავს და ბანკებს არასასურველ ტვირთს არ აჰკიდებს, სესხები კიდევ გაიაფდება.

სესხის სიძვირის ერთ-ერთი მიზეზია საკრედიტო რისკი. მარტივად რომ ვთქვათ, იმის ალბათობა, რომ კრედიტორმა ბანკის წინაშე აღებული ვალდებულება ვერ შეასრულოს. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია საკრედიტო რისკი, მით მაღალია საპროცენტო განაკვეთიც. ასეთი რისკი საქართველოში არც თუ დაბალია თუნდაც იმის გათვალისწინებით, რამდენმა ადამიანმა დაკარგა გირაოდ ჩადებული ქონება.

ქვეყნის რისკი – რისკი იმისა, რომ ქვეყანაში, რომელშიც ბანკი საქმიანობს, ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს. ამ რისკს განეკუთვნება მაღალი ინფლაცია, სავალუტო კრიზისი, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუარესება. სუვერენული რეიტინგი განსაზღვრავს განაკვეთს, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირებისას უყურებენ. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებასა და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაში აისახება, რაც ქვეყანაში სესხების გაძვირებას იწვევს. ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ბევრად უარესი სუვერენული რეიტინგი აქვს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით საქართველოს ქულა არის "BB–", როცა მაგალითად დანიას "AAA" აქვს მინიჭებული.

სავალუტო რისკი – უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს თან სავალუტო რისკიც ახლავს. კურსის მკვეთრი ცვლილების გამო მსესხებლებმა თანხა შეიძლება, ვერ დააბრუნონ, რამაც, შესაძლოა, ბანკს პრობლემა შეუქმნას.

სესხების სიძვირეზე ასევე მოქმედებს რეფინანსირების განაკვეთი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს. რეფინანსირების სესხი არის მოკლევადიანი სესხი, რომელსაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს. ბაზარზე ფულის მიწოდების გაძვირება/გაიაფებით ეროვნულ ბანკს ინფლაციის მართვა შეუძლია. ამ გზით, ეროვნული ბანკი ბაზარზე ფულის მიწოდებას აკონტროლებს. შერბილებული მონეტარული პოლიტიკის დროს, ბანკებში განაკვეთები დაბლა იწევს, გამკაცრების დროს კი – მაღლა. დღეისათვის განაკვეთი 7,25%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ლარში ქართულ საბანკო დაწესებულებებში არსებული სესხების განაკვეთი 7,25%-ზე ნაკლები ვერ იქნება. 2013 წელს, იქამდე, სანამ ქვეყანაში სავალუტო კრიზისი დაიწყებოდა, განაკვეთი 3.75%-ს შეადგენდა.

რატომ გაიზარდა ბანკების მოგება

ბანკების მიმართ აგრესიას ხშირ შემთხვევაში ისიც ამძაფრებს, რომ საბანკო სექტორი საკმაოდ მაღალი მოგებით გამოირჩევა. სებ-ის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 870 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 191 მლნ ლარით (28%-ით) მეტია.

ყველაზე მაღალი მოგება – 372 მლნ ლარი – `საქართველოს ბანკმა~ მიიღო. შემდეგ მოდის `თიბისი ბანკი~ 296 მლნ-იანი მოგებით. მესამე ადგილზე `ლიბერთი ბანკია~ 52.4 მლნ-ით, ხოლო მეოთხეზე – `ბანკი ქართუ~ 36.8 მლნ ლარით. საბანკო სექტორში გამომუშავებული მოგების 87% დასახელებულ ოთხ ბანკზე მოდის. გასულ წელს ზარალი მხოლოდ ერთ ბანკს – `სილქ როუდ ბანკს~ ჰქონდა – 0.5 მლნ ლარის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ბანკების მოგების ზრდის მნიშვნელოვანი მიზეზი ეროვნული ვალუტის დაახლოებით 60%-იანი გაუფასურებაც გახდა. საქართველოს კომერციულ ბანკებში სასესხო პორტფელის ⅔ უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. შესაბამისად, თუ 100 დოლარის სესხზე 2014 წელს პირი თვეში 10 დოლარს ანუ 16.6 ლარს იხდიდა, ახლა 25 ლარს იხდის. გაცვლითი კურსის ეფექტს დაემატა საფინანსო სექტორის რეალური ზრდაც, ამ ორივე კომპონენტმა ლარებში საბანკო სფეროს ზომის ზრდა გამოიწვია.

როგორია ი პოთეკური სესხის განაკვეთები მეზობელ ქვეყნებში

როდესაც შედარებით დიდ თანხებს ეხება საქმე, მოსახლეობის დიდ ნაწილს იპოთეკური სესხი აქვს აღებული. ამ ტიპის სესხებთან დაკავშირებით საინტერესოა საერთაშორისო სტატისტიკური ინფორმაციის პორტალის – Numbeo-ს მონაცემები. Numbeo-ს ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში იპოთეკურ სესხებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი 13,24% თურქეთშია, რასაც 12,46%-ით სომხეთი მოსდევს. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ამ მხრივ მესამე ადგილს რუსეთი 11,73%-ით იკავებს, რომელსაც საქართველო 11,37%-ით მოსდევს.

Numbeo-ს ინფორმაციით, საქართველოს სამეზობლოში უძრავი ქონების იპოთეკური სესხით შეძენა ყველაზე დაბალ პროცენტად აზერბაიჯანშია შესაძლებელი, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 9,28%-ს შეადგენს. 

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის შეფასება

ბოლო დროინდელ საბანკო დისკუსიაზე განცხადება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ.

„ქვეყნის საფინანასო ბაზრზე ჩამოყალიბდა მონოპოლიური მდგომარეობა (ძირითადად, ბოლო 5 წელიწადში) და შეიზღუდა კონკურენცია. წარმოიქმნა ოთხბანკიანობის პერიოდი. ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან ჩახუტებული 4 ბანკი არის `ქართუ~, `ლიბერთი~, `თიბისი~, `საქართველოს ბანკი~. ეს მთელი საბანკო სისტემის 85 პროცენტზე მეტია. დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. `ვითიბი~ საერთაშორისო სანქციებშია მოქცეული, როგორც რუსული ბანკის შვილობილი, `პროკრედიტბანკი~ მთავრობის მიერ ბიზნესის „წახალისების“ არაეფექტიანი პოლიტიკის და დიდი ოთხეულის მონოპოლისტური მდგომარეობის შედეგად განიდევნა მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტიდან.

რაც შეეხება ჰუალინგის ბანკს (`ბაზისბანკი~), მას არაფორმალურად ხელი შეუშალეს გაფართოებაში და ჩაუშალეს ბანკ „რესპუბლიკის“ შესყიდვის შესახებ გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულება. სხვა ბანკები ვერ ქმნიან ამინდს, რადგან ძალიან მცირე ზომისანი არიან.

დღეს საქართველოში ბანკები გახდნენ პოლიტიკის გამგრძელებლები საფინანსო სფეროში. პოლიტიკა კი არაკონსტიტუციურად წარიმართება ერთი არაფორმალური მმართველის მიერ. ბანკები აქციეს პოლიტიკის ინსტრუმენტად. ბანკებმა და მასთან დაკავშირებულმა ჰოლდინგებმა მიიღეს მსუყე ლუკმები ხელისუფლებისაგან – დიდ ბიზნესპროექტებში მონაწილეობა, ინექციები ბიუჯეტიდან (სახაზინო ვალდებულებები, ბიუჯეტის ნაშთებზე არსებული ფული, ეროვნული ბანკის განუზომლად დიდი რეფინანსირების სესხები) და სხვა.

მონოპოლიურობა და ხელისუფლების მხრიდან საკუთრებითი და პოლიტიკური კონტროლი – ესაა საბანკო სისტემის მთავარი პრობლემა. ეს ხელს უშლის ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას~, – მიაჩნია გოცირიძეს.

`რაც შეეხება ჩემს პერსონალურ დამოკიდებულებას – მუდამ ვიყავი და ვიქნები ჯანსაღი საბანკო სისტემისა და თავისუფალი, დერეგულირებული ბაზრის მხარდამჭერი.

ბანკების მიმართ გაჩენილი კრიტიკა არ ავნებს მათ. პირიქით. ქინაქინა მწარეა, მაგრამ წამალია“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ასეა თუ ისე, საბანკო სექტორი საქართველოში ერთი მხრივ წარმატებული სფეროა, მეორე მხრივ პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. გასაგებია, რომ ხალხს სურს სესხის იაფად აღება შეეძლოს, მაგრამ იაფ სესხს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესება სჭირდება, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და გნებავთ, პოლიტიკური სტაბილურობისაც. სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე კი, პირველ რიგში ქვეყნის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ცალკე საკითხია იმის თქმა, რომ როდესაც ფულს ისესხებ და პირობებზე შეთანხმდები – ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულო. ჯერ ფული ისესხო, მოიხმარო და შემდეგ გაგახსენდეს, რომ „ზედმეტად ძვირის“ გადახდა გიწევს ნასესხები ფულის სანაცვლოდ – ეს, მარტივად რომ ვთქვათ, არასერიოზული არგუმენტია.

თემურ იობაშვილი