ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
საქართველოში მკურნალობა სულ უფრო ძვირდება - #1(54), 2018
მომსახურების ხარისხი, ფასების ზრდის მიუხედავად, უარესდება

პროდუქციის თუ მომსახურების სფეროში ფასების მატება ერთ-ერთი მთავარი თავისტკივილია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. როდესაც ოჯახების ყოველთვიური ხარჯი მატულობს, შემოსავლის ზრდა კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფასების მატებას, ცხადია სიღარიბე სულ უფრო მეტ ადამიანს უტევს. საკვები პროდუქტების გაძვირებაზე არანაკლებ მტკივნეულია სამედიცინო მომსახურების გაძვირება, რაც ბოლო პერიოდში სულ უფრო საგრძნობი გახდა. ექსპერტების თქმით, ჯანდაცვა იმდენად გაძვირდა, რომ მოსახლეობის შემოსავლები მკურნალობის ხარჯებს დიდი ხანია ვეღარ სწვდება. ფასების ზრდის თვალსაზრისით ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი მოწინავე სფერო რომ არის, ამას ბოლო წლების სტატისტიკაც აჩვენებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მარტში ჯანდაცვის ფასები 3,7%-ით გაიზარდა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,4%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4,1%) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4%). კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მოიმატა ფასებმა ამ სექტორში გასულ წელს. დეკემბერში ინფლაციამ ჯანდაცვაში 8,1%- ც კი შეადგინა. ხოლო აპარატურის და მოწყობილობების ფასების ზრდა ყოველ თვეში ორნიშნა რიცხვით გამოიხატება და ეს ტენდენცია კარგა ხანია გრძელდება. მზარდია მედიკამენტების ფასებიც.

სტატისტიკური მონაცემებით, წელს მარტში შარშანდელთან შედარებით, მაგალითად, თერაპევტის მომსახურება 6%‑ით გაძვირდა. ცხადია, ეს მთლიანი სექტორის საშუალო მაჩვენებელია, რეალურად კლინიკებმა ექიმთან ვიზიტის საფასური ბოლო ერთ წელიწადში 50-დან 70 ლარამდე აწიეს. ზოგიერთ კლინიკაში კი ექიმთან ვიზიტი 100-120 ლარზე მეტიც ღირს.

თავდაპირველად მომსახურების გაძვირება კლინიკებმა ლარის კურსის გაუფასურებას დააბრალეს, თუმცა, ჩანს, რომ მომსახურების ფასების ზრდა ლარის კურსის ვარდნას ბევრად უსწრებს.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ სფეროში ფასების ზრდა მხოლოდ ლარის გაუფასურებით არ აიხსნება.

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ფასები ჯანდაცვის სფეროში ბევრად აჭარბებს ზოგად ინფლაციას.

„იყო პერიოდები, როცა ლარის დევალვაცია არ ხდებოდა, მათ შორის 2015-ში, მაგრამ ჯანდაცვის ფასები მაინც იზრდებოდა. ამას სტატისტიკაც აჩვენებს. კურსის ვარდნა ცხადია, დაეტყობა სამედიცინო ინსტრუმენტების, ტექნიკის და ა.შ. ფასებს, რასაც კლინიკები უცხოეთში ყიდულობენ, მაგრამ ექიმის კონსულტაცია არ არის უცხოეთში შეძენილი პროდუქტი, რომელიც 2-ჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი.

ზედმეტი რეგულაციების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ჯანდაცვის სფეროში გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს. არაერთ განვითარებულ ქვეყანაში ფასნამატზე გარკვეულ ზღვარს აწესებენ. არსებობს სხვა მეთოდიც. მაგალითად, თუ მედიკამენტი გერმანიაში ღირს 5-6 ევრო, ბელგიაში ის 25 ევრო ვერ ეღირება. ასეთი რეგულაციაც არსებობს, რომ ეკონომიკურად ახლოს მყოფი ქვეყნების ფასები მედიკამენტების ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან. არის სხვა რეგულაციებიც, უფრო რთული გათვლებით. მაგალითად, 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩვენთან მედიკამენტებზე ფასნამატი იყო 102%, ეს გასაშუალოებული იყო, თორემ ზოგიერთ წამალზე ფასმა 500%-ით მოიმატა, მაშინ როცა საფრანგეთში ზრდა 20% იყო.

ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენთან კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ. კომერციული სტრუქტურა, თუ არაფერი ეღობება წინ, რომ 150%-იანი მოგება ნახოს, 50%-ს არ დასჯერდება. ჯანდაცვის სამინისტრო იმისთვის არსებობს, რომ ჩარჩო რეგულაცია შეიმუშაოს.

3 კომპანიას აქვს გადანაწილებული ბაზარი, მონოპოლისტისაა ფარმაცევტული კომპანიაც, კლინიკაც, ექიმიც, სადაზღვევოც და იმის უკან ბანკიც. მათ შორის ჩვეულებრივი გარიგებაა ფასებზეც. მათ კლინიკებსა და აფთიაქებში ფასებიც ერთნაირია, ფასდაკლების დღეებიც. მიდის პაციენტი კლინიკაში, ის უწერს თავის წამალს და პაციენტი ერთ წრეში ტრიალებს. ბაზარზე კონკურენცია არ არსებობს. ამ პირობებში შეუძლებელია, ფასებმა დაიწიოს. და რაც ყველაზე უარესია, ფასების ზრდის მიუხედავად, სერვისის ხარისხი უარესდება“, – ამბობს სერგო ჩიხლაძე.

ფონდი „კურაციოს“ ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე, ამბობს, რომ ჯანდაცვის სერვისის გაძვირების ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს და ფასებზე მიზეზების მთელი ჯგუფი მოქმედებს:

„ცალკე ერთი მიზეზი, რის გამო გაძვირდა ჯანდაცვის ფასები, ვერ ვიტყვით. ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს არაეფექტიანობაც. მაგალითად ის, რომ ჩვენთან ექიმი ახორციელებს იმ მომსახურებას, რაც წესით, ექთნის ფუნქცია უნდა იყოს“, – ამბობს გოცაძე.

ფონდი „კურაციოს“ კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს საშუალო ევროპულ ქვეყანაზე 2-ჯერ მეტი ექიმი და თითქმის 2-ჯერ ნაკლები ექთანი ჰყავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულების ხარჯის დაახლოებით 60-70% დასაქმებულთა ხელფასზე მოდის, გამოდის, რომ ღარიბი საქართველო ჯანდაცვაში გაცილებით ძვირადღირებულ ადამიანურ რესურსს იყენებს (ნაცვლად ექთნებისა) და, შესაბამისად, ჯანდაცვის მომსახურებას მნიშვნელოვნად აძვირებს, რაც ფინანსურ ტვირთად მოსახლეობას აწვება. საქართველოში უმეტეს შემთხვევაში ორ ექიმზე ერთი ექთანი მოდის მაშინ, როცა ევროპაში ეს თანაფარდობა პირიქითაა და ორი ექთანი ეხმარება ერთ ექიმს. შესაბამისად, მკურნალობის ხარისხიც უკეთესია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ სექტორში ფასების ზრდა საერთაშორისო ტრენდია. შექმნილ მდგომარეობას ქვეყნის შიგნით არსებული სხვადასხვა ფაქტორებიც ემატება, მათ შორის სამინისტროში რამდენიმეზე ამახვილებენ ყურადღებას. ესენია: ეკონომიკის, სამედიცინო სიმძლავრეების (შესაბამისად საჭიროებების), საკუთრების ფორმის, სამედიცინო ფასწარმოქმნის, დაბეგვრის თუ მართვის სისტემების, სავალუტო მდგრადობის, გამოცდილებისა და ტრადიციების თუ სხვა მიზეზების ერთობლიობა.

"შესაბამისად სამედიცინო ეკონომიკაც ფეხს უწყობს და ერგება ამ რეალიებსა და ცვლილებებს“, – გვპასუხობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ამ მიზეზებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნად სამინისტრო ორ ფაქტორს მიიჩნევს: საწოლების რაოდენობის ზრდას და ახალი ტექნოლოგიების იმპორტს. საქართველოში მკურნალობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე, შესაბამისად, ლარის გაუფასურება პირდაპირ იწვევს მის გაძვირებას.

„ბოლო წლებში როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ ვალუტის კურსის მერყეობამ დოლართან მიმართებაში განაპირობა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდა. ეს პროცესი ასევე შეეხო სამედიცინო ბაზარსაც. სამედიცინო მომსახურების ფასწარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამკურნალწამლო საშუალებები, სახარჯი მასალები, სადიაგნოსტიკო საშუალებები და ა.შ., რომელთა უმეტესი ნაწილი ქვეყანაში იმპორტირებულია და ღირებულება უცხოურ ვალუტაში განისაზღვრება. შესაბამისად კურსის მერყეობა განაპირობებს ფასების ცვლილებასაც (2017 წელს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 106.7%-ს შეადგენდა, ჯანმრთელობის დაცვის სექტორში ის ოდნავ მაღალი 108.1% იყო (საქსტატი)). შესაბამისად, კლინიკებში გაიზარდა მომსახურების ფასები. აღნიშნული ნაკლებად, თითქმის არ შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამებით დაფარულ მომსახურებას“, – ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კლინიკების მომსახურება საყოველთაო დაზღვევის პროგრამამაც გააძვირა.

„კლინიკებმა, რომლებიც კერძოა, სახელმწიფო ნახეს მეწველი ძროხა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, იმატა ურგენტული შემთხვევების რიცხვმა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან პირველ 3 წელიწადში, ასეთი შემთხვევების რაოდენობა 300-400%-ითაც გაიზარდა, რაც წარმოუდგენელი ციფრია. კლინიკები პაციენტის მიმართვას უფრო მეტად მწვავე შემთხვევად აფორმებდნენ, რომელსაც საყოველთაო დაზღვევა მეტი თანხით აფინანსებდა. ყველა საავადმყოფომ დაიწყო სახელმწიფოსგან ფულის წაღება. ბოლო დროს შემცირდა ასეთი შემთხვევების რიცხვი, რადგან სახელმწიფომ დაფინანსება შეკვეცა.

თუ პაციენტი 500 ლარამდე ხარჯს გაწევს, თვითონ იხდის ჯიბიდან. 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე 1000 ლარამდე ხარჯს თვითონ აფინანსებს. 1001 ლარი თუ დაიხარჯება, ამ შემთხვევაში სახელმწიფო იწყებს გადახდას. კლიენტების დიდი ნაწილი კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად, კონსულტაციისთვის, ანალიზებისთვის მიდის, რაც ძირითადად 500-1000 ლარის ფარგლებში ჯდება და მისი გადახდა პაციენტს თავად უწევს. შესაბამისად, მოსახლეობას ჯანდაცვის ხარჯი ადრინდელზე კიდევ უფრო მეტად დააწვა. ეს სქემა შარშან ზაფხულიდან ამოქმედდა და უკმაყოფილო პაციენტების რიცხვმა იმატა, მათ შორის არიან პენსიონერებიც.

საბოლოოდ, მხოლოდ სოციალურად დაუცველები, პედაგოგები და რამდენიმე ჯგუფი დარჩა სახელმწიფოსგან დაფინანსებული“, – ამბობს სერგო ჩიხლაძე.

სპეციალისტების განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში ფასების ზრდის კიდევ ერთ მიზეზს პირველადი ჯანდაცვის სისუსტე წარმოადგენს. დანახარჯები იმანაც გაზარდა, რომ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემა არ მუშაობს. ოჯახის ექიმი, ამბულატორია, სადაც საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს ავადმყოფობის მკურნალობა, მას სათანადო სერვისს ვერ სთავაზობს. ამიტომ პაციენტები კლინიკას, საავადმყოფოს, შორს წასული დაავადების შემთხვევაში მიმართავენ, რაც შემდეგ გაცილებით ძვირი უჯდება მასაც და სახელმწიფოსაც. პირველადი ჯანდაცვის რგოლი რომ არ მუშაობს, ამას სახელმწიფო მოხელეებიც აღიარებენ, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. შესაბამისად, თუ არაფერი შეიცვალა, სერვისის გაუმჯობესების და ფასები დარეგულირება არც მომავალში მოხდება.

სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ კლინიკების გაზრდილი ხარჯი ჯანდაცვის რეფორმაზე უარყოფითად აისახება. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომსახურების ტარიფები კიდევ გაიზარდოს.

„თავის დროზე მთავრობამ რეფორმების გატარების პროცესში შეცდომა დაუშვა, საბოლოოდ კი მოსახლეობა ზარალდება. კლინიკები მასობრივად ერთი პრინციპით მუშაობენ – რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ და მიზანს აღწევენ კიდეც. ველოდი კიდეც, რომ მომსახურების ფასი აიწევდა და შედეგმაც არ დააყოვნა. სავარაუდოდ, ტენდენცია გაგრძელდება. ჯანდაცვის ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს კერძო სექტორს.

არ ვიცი, რამდენად გადაიტანს მუდმივ გაძვირებას მოსახლეობა. ეს პროცესი ჯანდაცვის რეფორმებზე ცუდად აისახება. კლინიკების მონიტორინგით პრობლემა არ გადაწყდება. მიზეზი საკმაოდ კომპლექსურია, იფლანგება ფული და მომხმარებელს უწევს გადახდა. დროა, მთავრობა ჯანსაღ საბაზრო პრინციპებზე გადაერთოს, რომ უარესი შედეგი არ მივიღოთ“, – აღნიშნა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სახელმწიფო ბიუჯეტი ჯანდაცვის სფეროს 900 მილიონი ლარით აფინანსებს და აქედან 700 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯია. პროგრამის დაწყებიდან მალევე ბიუჯეტს კლინიკების ვალები დაუგროვდა. პირველ წელს 40 მილიონი ლარის დავალიანება ჰქონდა, მეორე წელს უკვე 100 მილიონის, მესამე წელს ვალი 140 მილიონ ლარამდე გაიზარდა და დავალიანების მოცულობა ყოველწლიურად მატულობს.

ბიუჯეტი კლინიკებს დაახლოებით 3-თვიანი დაგვიანებით ურიცხავს ფულს, რაც მომსახურების ხარისხზეც უარყოფითად აისახება. საბრუნავი სახსრები დიდ კლინიკებს აქვთ და მუშაობას ახერხებენ, მცირე კლინიკებს კი, რომლებსაც მარაგების შესაქმნელად და მასალის შესაძენად საკმარისი თანხები არ აქვთ, ფინანსური პრობლემები ექმნებათ. ეს ექიმების ანაზღაურებაზე აისახება და შესაბამისად, მკურნალობის სერვისიც და ხარისხიც უარესდება.

ჩამოყალიბებულმა თამაშის წესებმა საყოველთაო ჯანდაცვის ფასებზე გავლენა რომ მოახდინა, ამას ჯანდაცვის სამინისტროშიც აღიარებენ. თუმცა, ამბობენ, რომ ამ პროგრამამ დამაბალანსებლის ფუნქცია შეასრულა.

„როცა არსებობს „ერთი, ყველაზე მსხვილი გადამხდელის“ ფაქტორი, იგი ზეგავლენას ახდენს ფასწარმოქმნაზე და სერვისების ფასებზე დამაბალანსებელ როლს ასრულებს. საყოველთაო ჯანდაცვის მიერ დაფინანსებულ სერვისებზე ფასები არ შეცვლილა, რიგ შემთხვევაში შემცირდა კიდეც. ეს არ შეეხო ახლადშემოტანილ, ბოლო მიღწევებით დანერგილ სამედიცინო სერვისებს, რომელთა წარმოებაც უახლეს ტექნოლოგიებს და მაღალ დანახარჯებს მოითხოვს.

ამასთან, პროგრამამ ბიძგი და სიგნალი მისცა ინვესტორებს. შესაბამისად. ამას ბოლო წლებში გახსნილი ახალი კლინიკა და დამატებული საწოლების რაოდენობა აჩვენებს“, – აცხადებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის სფეროში ფასები მატულობს და არც მომავალში არ დაიწევს. პირიქით, დარგის ექსპერტები სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობენ. მათი არგუმენტი მარტივია – იმისთვის, რომ ფასები შემცირდეს, სექტორში კონკურენცია და ხარისხის კონტროლი უნდა არსებობდეს, რისი ნიშნებიც ჯერჯერობით არ ჩანს. სახელმწიფო კი პირიქით, ბაზრის მაქსიმალურად გათავისუფლების და კონკურენციის ხელშეწყობის ნაცვლად კვლავ მეტ რეგულირებას და მხოლოდ „ზემოდან“ დადგენილი წესების იმედად ცდილობს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ნონა ქვლივიძე