ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
შეჩერებული მშენებლობები და გაუქმებული ნებართვები - #1(54), 2018
დედაქალაქის მერიას ახალი რეგულაციები შემოაქვს

„უნდა გამკაცრდეს მშენებლობის სტანდარტები, აუცილებლად შემოსაღებია ვიზუალური სტანდარტიც“, – ეს თბილისის ამჟამინდელი მერის წინასაარჩევნო განცხადებაა. კახა კალაძე გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, თბილისელებს არწმუნებს, რომ მისი მერობის შედეგად მათ უკეთ განაშენიანებული, ეკოლოგიურად უფრო სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი ექნებათ, შეწყდება ქაოსური მშენებლობები, საცხოვრებელი კორპუსებისთვის სამშენებლო ნებართვების სპორტული მოედნების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და პარკების ხარჯზე გაცემა კი დასრულდება. რთულია, ქალაქის განვითარების ასეთი ხედვის საწინააღმდეგო არგუმენტები წარმოადგინო, თუმცა, ის ნაბიჯები, რომლებიც სამშენებლო სფეროში გასული წლის ოქტომბრის ბოლოდან, კახა კალაძის მერობის პირველივე თვეებში გადაიდგა, უკვე იწვევს გარკვეულ შეკითხვებს და უკმაყოფილებასაც კი. მეტიც: გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გამკაცრებული სტანდარტების გამო საკუთრების უფლების შელახვაზე საუბრობენ.

ამოქმედებული რეგულაციები სამშენებლო სფეროსთვის. ერთ-ერთი ყველაზე საგრძნობი ცვლილებები მარტის ბოლოდან შევიდა ძალაში. ცვლილების თანახმად, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მანამდე მოქმედი კანონით, პირველ დარღვევაზე კომპანიებს ეძლეოდათ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, რასაც მოყვებოდა 3000-ლარიანი ჯარიმა და ის ყოველ დარღვევაზე მატულობდა. ცვლილებებით კი პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა იქნება 30 000 ლარი. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მაგალითად, მშენებლობა დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული და შეჩერების მიუხედავად კომპანია აგრძელებს მუშაობას, დაჯარიმდება 50000 ლარით.

„კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რა თქმა უნდა, შევძლებთ იმას, რომ როგორც დამკვეთი, ასევე შემსრულებელი იყოს მოტივირებული, რომ მის ობიექტზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ სფეროში მომდევნო თვეების განმავლობაში, ძალიან ბევრ საინტერესო ცვლილებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მენაშენეთა ასოციაციასთან იქნება გავლილი, ვინაიდან სამშენებლო სექტორი ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სამშენებლო სექტორს კიდევ არაერთი ახალი რეგულაცია ელის

ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებს აუწყა, რომ თუ დასრულებული აქვთ პროექტი, მაგრამ მწვანე ნარგავების საკომპენსაციო თანხა არ აქვთ გადახდილი, მოჭრილი ხის სანაცვლოდ ახლის დარგვა და მისი მოვლა-პატონობა დაევალებათ.

დაგეგმილი რეგულაციის თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებებით, დედაქალაქის მერია პრიორიტეტს არსებული ნარგავების შენარჩუნებას, მოვლასა და შემდგომ განვითარებას ანიჭებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უპირატესობა გადარგვას მიენიჭება. გარდა ამისა, სავალდებულო ხდება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში.

„ტრანსპორტის თვალსაზრისით თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული საცხოვრებელი ფართების აშენება, რომ ტრანსპორტის თვალსაზრისით შემდეგ იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო ნებართვები გაცემული. ასევე მშენებელს ვალდებულება ექნება, სამ შენებლო სამუშაოების შესახებ, დენდროლოგიური პროექტის დაფაც გამოაქვეყნოს, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა პროექტის შესახებ~, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებს დაავალა, მოამზადონ ცვლილებების პროექტი, სადაც სამშენებლო კომპანიებს მოჭრილი ხის სანაცვლოდ 700 ლარზე მეტი თანხის გადახდა დაევალებათ. მერიაში დღეს „ბიზნესი და მენეჯმენტს“ განუცხადეს, რომ პროექტი მზადების პროცესშია და უცნობია, რამდენჯერ გაიზრდება აღნიშნული გადასახადი. პარლამენტში უკვე შესულია მორიგი ცვლილებების პროექტები, რომლებიც სამშენებლო ნებართვების გადასახადების ზრდას ითვალისწინებს. შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი დედაქალაქის მერიაა, ხოლო ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი არიან.

ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება მოხდება არა ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის მიხედვით, არამედ განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის შესაბამისად, რის შემდეგადაც მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებელი სხვადასხვა ფართობის შენობა-ნაგებობასთან მიმართებაში განსხვავებულად განისაზღვრება.

კანონპროექტით, მოსაკრებლის ახალი ოდენობა დგინდება. კერძოდ, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის (კ‑2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის არ უნდა აღემატებოდეს – 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისთვის – 5 ლარს. მარტივად რომ ავხსნათ, დღეს სამშენებლო ნებართვის ოფიციალური ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე ერთი ლარია, იმის მიუხედავად, თუ რამდენ სართულს აშენებს კომპანია. ინიცირებული პროექტით კი გადასახადი სართულების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, თუ 10-სართულიანი კორპუსი 800 კვადრატულ მეტრზე შენდება და კომპანია დღეს 800 ლარს იხდის, ცვლილების შემდეგ მას მინიმუმ 8 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. თუმცა, პროექტის თანახმად, გადასახადის ოდენობა ერთ კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 4 ლარი იქნება და შესაბამისად, იგივე მასშტაბის კორპუსის მშენებლობის ნებართვაში დეველოპერს 800 ლარის ნაცვლად შესაძლოა 32 ათასს ლარის გადახდაც კი მოუხდეს.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად, დედაქალაქის ბიუჯეტში შემოსავლები მშენებლობის ნებართვაზე მოსაკრებლიდან 10-15 მილიონი ლარით გაიზრდება. კანონპროექტის ინიციატორების ინფორმაციით, 2017 წელს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლიდან მიღებული თანხები – 4.908.048 ლარს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს – 3.948.910 ლარს.

თბილისის არქიტექტურის სამსახურში დაგეგმილ ცვლილებას ადეკვატურს და სამართლიანს უწოდებენ. დედაქალაქის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი ამბობს, რომ პირებს, რომლებიც იღებენ მშენებლობის ნებართვას მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისათვის და მრავალფუნქციური კომპლექსისთვის, მოუწევთ მეტი თანხის გადახდა სანებართვო მოსაკრებლის სახით, რაც იქნება ადეკვატური იმ დანახარჯებისა, რაც აქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობების ინსპექტირების და მათი ექსპლუატაციაში მიღების პროცესში.

„დღევანდელი სისტემა ძალიან უსამართლოა და ამჟამად მოქმედი გადასახადი არაადეკვატურად მცირეა. მაგალითად, ერთსა და იმავე გადასახადს იხდის ინდივიდუალური მესაკუთრეც, რომელიც ერთსართულიან სახლს აშენებს და კომპანიაც, რომელიც იგივე ფართობზე მრავალსართულიან პროექტს ახორციელებს. დადგინდება მოსაკრებლის მაქსიმალური თანხა, და თითოეულმა მუნიციპალიტეტმა თავად უნდა განსაზღვროს კონკრეტული გადასახადი. მოსაკრებელი უნდა იყოს ადმინისტრაციული დანახარჯების თანაზომიერი, და ესაა ის პრინციპი, რომლითაც მთელი განვითარებული სამყარო მოქმედებს“, –განაცხადა თემურ ბოლოთაშვილმა. 

შეჩერებული პროექტები

დაგეგმილი ან უკვე ძალაში შესული რეგულაციების აუცილებლობას მისი ავტორები საზოგადო სიკეთეებით ხსნიან, როგორიცაა მომხმარებლების უფლებების დაცვა, უსაფრთხოება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ. თუმცა, „მეორე მხარეს“ არიან ისინი, ვინც შიშობს, რომ შეზღუდვები მათ ინტერესებს შელახავს. და ესენი არიან არა მხოლოდ სამშენებლო კომპანიები, არამედ მოქალაქეები, რომლებიც ახალ საცხოვრებელს ხშირად წლებია ელოდებიან. მარტის ბოლოს ცნობილი გახდა 46 ობიექტი, რომელთა მშენებლობა სხვადასხვა დარღვევის გამო შეჩერდა. სიის მიხედვით რაოდენობრივად ყველაზე მეტი დარღვევა შეეხება უსაფრთხოების ნორმებსა და სანებართვო დოკუმენტაციას. რაოდენობრივად ყველაზე მეტი ობიექტი შეუჩერდათ შპს „ნიუ ჰაუსს“ (3 ობიექტი), შპს „მშენალიანსი“ (3 ობიექტი), შპს RAMSIS-ს (3 ობიექტი) და ა.შ.

გაურკვევლობაში არიან ის ადამიანები და კომპანიები, რომლებსაც ლისის ტბის მიმდებარედ სამშენებლო პროექტები აქვთ დაგეგმილი: მარტის ბოლოს ცნობილი გახდა თბილისის მერიის გადაწყვეტილება, ტერიტორიაზე მშენებლობები დროებით შეჩერდეს. საუბარია სოფელ თხინვალისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, მერიაში ჯერჯერობით ვერ მიუთითებენ, კონკრეტულად რომელ ტერიტორიებზე შეჩერდება განაშენიანება.

თბილისის მერიის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მითითებულ ადგილზე მიწის ნაკვეთები აქვთ, სამშენებლო სამუშაოების დაწყების უფლება მხოლოდ ქალაქის მთავრობის მიერ განაშენიანების გეგმის მომზადების შემდეგ მიეცემათ. გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული უკვე მშენებარე ობიექტებზეც. ამ გზით მერია ქაოსური მშენებლობების პრევენციას და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შენარჩუნებას ცდილობს.

ალექსანდრე ძამაშვილი ერთ-ერთია, რომელიც ლისის ტბის შემოგარენში საცხოვრებელ სახლს აშენებს. ის ამბობს, რომ პროექტი წელს დამტკიცდა და მშენებლობა 5 მარტს დაიწყო. ახლა დროებით ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს და თუ მშენებლობის პროცესი შეჩერდა, პრობლემები შეექმნება.

„პროექტი კალაძის მერობის პირობებში დამტკიცდა. ერთი თვის წინ ნებართვა გაიცა და ერთი თვის შემდეგ შეაჩერებს ნებართვას?!“ -კითხვას სვამს ალექსანდრე ძამაშვილი.

ლისის მიმდებარედ განაშენიანების შეჩერებასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში განაშენიანების ნებართვის მოთხოვნის 600- მდე განაცხადზე მერიამ უარი თქვა. უარი ეთქვა განაშენიანების რეგულირების გეგმებს დიღმის ჭალებშიც. ვერეს ხეობაში და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად კი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

სტატისტიკა: მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კახა კალაძის მერობის პირობებში 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ქ. თბილისის მასშტაბით სულ გაცემულია 1408 მშენებლობის ნებართვა. შედარებისთვის: გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1626 ნებართვა გაიცა.

დეველოპერები შიშობენ, რომ არასტაბილური გარემო ჩამოყალიბდება

მშენებლების ნაწილი ამბობს, რომ მერიის ახალი ხელმძღვანელობის ხისტი სამშენებლო პოლიტიკა მათ ბიზნესის დაგეგმვის საშუალებას არ აძლევს. მაგალითად, „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური „ბიზნესი და მენეჯმენტთან“ საუბარში აცხადებს, რომ რეგულაციების შედეგად მომხმარებელს შესაძლოა ბინები გაუძვირდეს. მისი თქმით, დეველოპერები ჯერჯერობით ფასების შენარჩუნებას ახერხებენ, თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, გაძვირება გარდაუვალი იქნება.

„ყველა ასეთი ცვლილება არის კიდევ ერთი დამატებული წვეთი ერთიან სამშენებლო ბიზნეს გეგმაში, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ისედაც გაძვირებულია – მათ შორის ვალუტის კურსის, ავანსების დაბეგვრის, ლარში კონტრაქტის დადების, ჯარიმების გაზრდის, გამწვანების ახალი რეგულაციების გამო. რაც შეეხება სამშენებლო ნებართვების გაძვირებას, ვერ გეტყვით, მოახდენს თუ არა ეს გავლენას ტარიფზე. შესაძლოა თუნდაც 100 ათასი ლარის გადახდა ერთი მრავალბინიანი კორპუსის შემთხვევაში არ იყოს მნიშვნელოვანი ტვირთი, მაგრამ როდესაც ამას ემატება გამწვანების ახალი ვალდებულება და სხვა რეგულაციები, საბოლოო ჯამში რაღაც პერიოდის შემდეგ ეს აუცილებლად გაზრდის ბინების ღირებულებას, რადგან ხარჯი იზრდება, მოგება კი არა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, დადგება მომენტი, როდესაც ფასების შენარჩუნებას ვერ შევძლებთ. მთავარი, რასაც ახლა ველოდებით, არის თამაშის საბოლოო წესის ჩამოყალიბება. რთულია, როცა ბიზნეს გეგმას აკეთებ და ამ პროცესში გაუთვალისწინებელი რეგულაცია წამოგეწევა. ეს არასტაბილურ გარემოს ქმნის. როგორც ჩანს, მერიაში არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებულნი რა გზით მიდიან. ნებართვები შეჩერდა, გენგეგმის ბედი გაურკვეველია. ყველა დეტალი ბუნდოვანია. ასეთ პირობებში რთულია ბიზნეს-გეგმის დაწერა.

მე არ ვეწინააღმდეგები გარემოზე ზრუნვას და რეგულაციებს, მაგრამ ცვლილებები უკეთესობისკენ აუცილებელია როგორც მოსახლეობისთვის, ისე მშენებლებისთვისაც. უნდა მოძებნო შუალედი. ვიღაცა ეწინააღმდეგება კორპუსის მშენებლობას და მოეწონება, თუ მშენებლობას შეაჩერებ, მაგრამ ამ შემთხვევაში დაზარალდება მშენებელი და მისი კლიენტი. შუალედის მოძებნისთვის კი არაა აუცილებელი ველოსიპედის თავიდან გამოგონება, უბრალოდ უნდა იცოდე, რა გინდა. ამას არ სჭირდება ამდენი თვე, საამისოდ ორი თვეც საკმარისია.

თუ თბილისში გაუთვლელ ჩარევებს ექნება ადგილი, ძალიან ძნელი გახდება რისკების გათვლა დედაქალაქის ფარგლებს გარეთაც, სადაც ჩვენც ვაშენებთ, ვგულისხმობ გუდაურს. გამკაცრდა ჯარიმები, რისთვისაა ეს საჭირო? შეთანხმებულ პროექტში აღმოჩენილი დარღვევისთვის იყო 4- ათასლარიანი ჯარიმა, თუ არ გამოასწორებდი, ემატებოდა კიდევ 4 ათასი, ახლა გახდა 20 ათასი ლარი. და რა იცვლება ამით? მაგალითად დარღვევად ითვლება, როცა პროექტით გათვალისწინებული 10-ის ნაცვლად მოაწყე კიბის 9 ან 11 საფეხური. ან 40 სანტიმეტრიანი კოლონა მშენებლობისას გახდა 50. ეს არაა არსებითი დარღვევა და ჯარიმის გადახდის მიუხედავად ვერ გამოსწორდება. თითქმის შეუძლებელია, დარღვევების გარეშე ააშენო შენობა. თბილისში ვერ ნახავთ ვერცერთ მრავალბინიან სახლს, სადაც ნებართვა ისე გაიცა და ჩაბარდა, რომ არცერთი დარღვევა არ იყო. და რას შეცვლის ჯარიმა ასეთ შემთხვევებში, გარდა დეველოპერის დაზარალებისა? აღარავინ აღარ დაარღვევს? შეუძლებელია! მე არ ვსაურობ სერიოზულ დარღვევებზე, მაგრამ საქმეც ისაა, რომ საკითხის არსებით და არაარსებით მხარეებზე არავის უმსჯელია. ინტერესი არ უნდა იყოს ბიზნესის დაჯარიმება, ინტერესი უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყო ბიზნესს. ჯარიმის მერე ისევ ითანხმებ პროექტს და რადგან ითანხმებ, ამხელა ჯარიმას ნუ დამაკისრებ. მაგალითად, ფასადის საკითხებში იყოს უკომპრომისო პოლიტიკა, ყურადღება მივაქციოთ გამწვანებას, მაგრამ შიგნით 10 კიბე იქნება თუ 11, ამისთვის არ ვატაროთ მშენებელი კაბინეტიდან კაბინეტამდე და არ გავუჭიანუროთ მომხმარებელს ბინაში შესვლა.

დღეს ბევრ კითხვაზე არ არსებობს პასუხი, ასეთ პირობებში ინვესტორის შემოყვანა შეუძლებელია. მშენებლობების დიდი ნაწილი კი სწორედ უცხოური ინვესტიციებით ხორციელდება. უნდა შევთანხმდეთ, რა გვინდა, ეს არ უნდა იყოს არც ვიღაცის გულის მოსაფხანი და არც მათრახი. და პლუს უნდა იყოს სწრაფი აღსრულება“, – განაცხადა კუნელაურმა.

იურისტები ჯარიმების გამკაცრებას პრიმიტიულ მოდელად მიიჩნევენ

დედაქალაქის სამშენებლო ტენდენციებს „ბიზნესი და მენეჯმენტთან“ იურიდიული ფირმა GLCC-ის დირექტორი ალექსანდრე ქამუშაძე აფასებს, რომლის კომპანიაც იურიდიულ მომსახურებას უწევს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბიზნესის 35%-ზე მეტს.

ქამუშაძის თქმით, გზავნილი, რომ უნდა გამკაცრდეს სამშენებლო რეგულაციები, უკვე უქმნის პრობლემებს ბიზნესს, ვინაიდან „შეუცნობელი უარესის“ მოლოდინში არაერთი ახალი სამშენებლო ობიექტის დეველოპერული განვითარება შეჩერდა.

„სამშენებლო სფეროში ბოლო დროს განხორციელებული ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება/ინიციატივა ან ფინანსურ ტვირთს უზრდის მშენებელს ან რაიმე შეზღუდვას უწესებს მას, ან კიდევ ორივე ერთად. შესაბამისად, ამ პერიოდში არც ერთი ინიციატივა არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც რამე ფორმით წაახალისებდა და მხარს დაუჭერდა სამშენებლო სექტორს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამშენებლო სექტორი ერთგვარი ბოროტებაა და რომ საჭიროა, მთელი ძალებით ვებრძოლოთ მას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. ამის გამო საზოგადოებაში იქმნება არასწორი და ზიანის მომტანი სტერეოტიპები – მშენებლები ხომ „ფულიანი ხალხია“ (რაც თავისთავად „უკვე ბოროტებაა“), რომლებიც არ ფიქრობენ არც ქალაქის იერსახეზე, ეკოლოგიაზე, არც ქვეყნის ეკონომიკაზე და მით უმეტეს, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამიტომაც, ამ ფონზე უკვე პოპულისტურია ხელისუფლების მხრიდან ჯარიმებისა და მოსაკრებლების გახუთმაგება, სანებართვო პირობებში მშენებლების შეზღუდვა, ისეთი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების დაწესება, რომლებიც მუშაობს მხოლოდ ევროპის ცალკეულ და მოწინავე ქვეყნებში. მსგავსი ტენდენცია
სახიფათოა და კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად აუცილებელია საპირწონე შეღავათების დაწესებაც, რათა არ დაირღვეს ის ბალანსი, რაც სამშენებლო სექტორს უნარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას“, – აცხადებს ალექსანდრე ქამუშაძე.

რაც შეეხება ჯარიმებს, მისი თქმით, ზოგადად, ამა თუ იმ ჩვევის ან ტენდენციის შესაცვლელად ჯარიმის დაწესება არის ყველაზე პრიმიტიული და ზედაპირული მეთოდი და შესაბამისად – ნაკლებად ეფექტიანი. ჯარიმა შესაძლებელია განიხილებოდეს, როგორც პრევენციული ღონისძიებების ერთ-ერთი უკიდურესი და არა როგორც ძირითადი ფორმა.

„თუ ხელისუფლება პრობლემის რეალურად მოგვარებას ცდილობს და ამის გაკეთება სურს, არა მხოლოდ პოპულისტური, არამედ ქმედითი რეფორმებით, მაშინ პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ მშენებლობასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების ხვედრითი წილი ხდება არა იმიტომ, რომ მშენებელმა ვერ უზრუნველყო მუშა ჩაფხუტით, არამედ იმიტომ, მუშა უმალვე იხდის ჩაფხუტს, როგორც კი სამუშაოთა მწარმოებლის თვალს მოეფარება. შესაძლებელია, პრობლემის მოსაგვარებლად მშენებლის 30.000 ლარით დაჯარიმებაზე უფრო ეფექტიანი მუშის 30 ლარით დაჯარიმება აღმოჩნდეს. ამ უტრირებული და არაპოპულისტური მაგალითებით იმის თქმა მსურს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად რეცეპტის დანიშვნამდე ჯერ სწორი დიაგნოზი უნდა დაისვას და ოპერაციის ჩატარებამდე ჯერ მედიკამენტებით მკურნალობის შედეგიანობა უნდა გამოირიცხოს.

რა არის ჯარიმა თავისი შინაარსით? ის არის დამატებითი სტიმული ამა თუ იმ შედეგის მისაღწევად. თავის მხრივ, სტიმული შეიძლება იყოს წამახალისებელი ან სადამსჯელო (მაგ. ჯარიმა). არ მგონია, რომ სამშენებლო სექტორში პრობლემების მოგვარება სადამსჯელო რე ფორმებით არის შესაძლებელი. წამახალისებელ სტიმულს მშენებელი გაყვება და ყველაფერს შეეცდება მის ბოლომდე შესასრულებლად. სადამსჯელო სტიმულს კი მშენებელი თავს აარიდებს, შემოვლით გზებს მოუძებნის და შედეგად სადღაც გაჩნდება კორუფცია, სადღაც ვალდებულებები შესრულდება მხოლოდ მოსაჩვენებლად და ფორმალურად ან კიდევ ესა თუ ის მოთხოვნა/რეფორმა ვერ ჰპოვებს ვერანაირ
რეალიზებას და დარჩება ე.წ. „მკვდარ პუნქტად“ კანონმდებლობაში. მშენებელი კი ყოველთვის გამონახავს შემოვლით ან უმოკლეს გზას კონკურენტულ გარემოში, ვინაიდან ჯერ ერთი, ის ვალდებულია, თვითგადარჩენის ინსტინქტებით იხელმძღვანელოს და მეორეც, კანონმდებელზე გაცილებით მეტად გამოცდილი და მოტივირებულია. ამიტომ ამ ორთაბრძოლაში დამარცხებული გამოვა ქვეყნის ეკონომიკა.

შესაძლებელია, ბევრი ისეთი წამახალისებელი რეფორმის გატარება, რომელიც დადებით სტიმულს მისცემს მშენებელს და გაცილებით უფრო ეფექტიანად უპასუხებს გამოწვევებს“, – აცხადებს ქამუშაძე.

რაც შეეხება აქცენტს გამწვანებაზე, იურისტი ფიქრობს, რომ ამის გამო მშენებლებს პრობლემა არ შეექმნებათ და პირიქით: ეს ხარჯი არ იქნება მშენებლისთვის დაკარგული და წესით, ისევ მათ მიუბრუნდებათ სასიკეთოდ, რადგან გამწვანებულ და კეთილმოწყობილ ადგილას არსებული საცხოვრებელი ბინა შემძენებისთვის უფრო მომხიბვლელი და სასურველი გახდება.

მისივე თქმით, გაცილებით მტკივნეული ხარჯის მომტანი იქნება დეველოპერისათვის პარლამენტის მიერ განხილული ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რამდენჯერმე ძვირდება მშენებლობის ნებართვისთვის დაწესებული მოსაკრებელი.

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ რეფორმას ისევ და ისევ პოპულისტური მეთოდებით ხსნიან და ამართლებენ, რომ თითქოს სურთ, მანამდე არსებული უსამართლობის აღმოფხვრა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით თუ ერთსართულიან და ათსართულიან შენობას ერთნაირი განაშენიანების ფართი აქვთ, მაშინ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად დეველოპერი ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე ოდენობის მოსაკრებელს იხდის, რაც ქმნის ერთგვარ უსამართლობას. უსამართლობის და უთანასწორობის წინააღმდეგ რეფორმები ერთი მხრივ მისაღებია ყოველთვის, თუმცა, მეორე მხრივ ეს რეფორმა ამ უსამართლობის „მსხვერპლს“ სანანებლად არ უნდა გაუხდეს და იმაზე მეტი ზიანი არ უნდა მიაყენოს, ვიდრე თავად უსამართლობის განცდაა“, – აცხადებს ალექსანდრე ქამუშაძე.

მისი თქმით, სამართლიანობის და ეფექტიანობის განმსაზღვრელი ამინდი მეტწილად დამოკიდებულია ხელმძღვანელი თანამდებობის პირებზე და მათ ახალ გუნდზე, რომლებმაც შესაძლოა რადიკალურად შეცვალონ წინამორბედის მიერ დანერგილი „თამაშის წესები“. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, იქნება ეს სახელმწიფო მოხელეების შეცვლა თუ რაიმე სტრუქტურული ცვლილება, განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენს ხოლმე ჩვეულებრივ მოქალაქეებსა თუ ბიზნეს-სექტორზე. ქამუშაძის განმარტებით, ასეთ დროს იქმნება ერთგვარი ვაკუუმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სტრუქტურა ან ვერ იღებს ხოლმე გადაწვეტილებებს მიმდინარე საკითხებზე ან იღებს აბსოლუტურად დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებებს.

„მაგალითად, პირს უარი ეთქვა სააგარაკე მიწის ნაკვეთზე საზაფხულო სახლის ჩადგმაზე იმ მიზეზით, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ვიღაცამ უკანონოდ მოჭრა ხეები. ადმინისტრაციულ ორგანოს ისიც კი არ შეუსწავლია და არც დაინტერესებულა, რომ ეს პირი არა თუ არ გეგმავდა კუთვნილ ნაკვეთზე ხეების მოჭრას, არამედ საერთოდაც იმიტომ მოიხიბლა ამ ნაკვეთით და შეიძინა ის, რომ ნაკვეთი იყო გამწვანებული. დღეს ეს პირი ვალდებულია სასამართლოში სამი ინსტანცია იდავოს, დახარჯოს ფულადი და ადამიანური რესურსი და ალბათ 2 წლის შემდეგ სასამართლოსაგან მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის დადებით შედეგებზე დღეს გარანტიაც არ აქვს.

ამ ეტაპზე არ მინდა ეს კონკრეტული რეფორმა გარდაუვალი წარუმატებლობისთვის გავიმეტო. ყველაფერს დრო გვაჩვენებს“, – აცხადებს ქამუშაძე.

ვიდრე დეველოპერები უკვე ამოქმედებული რეგულაციების პირობებში განვითარებისთვის ემზადებიან, მთავრობა ახალ-ახალ რეგულაციებზე იწყებს მუშაობას. გახდის თუ არა ეს რეგულაციები თბილისს სიცოცხლითა და სიმწვანით სავსე ქალაქად, ამაზე პასუხი კახა კალაძის მერობის დასასრულს გვექნება.

მაია ჭანტურია