ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
"ჯეოსელის" ახალი მფლობელი "სილქნეტი" გახდა - #1(54), 2018
რატომ გავიდა საქართველოდან შვედურ-ფინური "თელიასონერა"

საქართველოს კომუნიკაციების ბაზარზე მასშტაბური გარიგება შედგა. მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელი“ ახალი მფლობელის ხელში გადავიდა. კომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთმა მსხვილმა მოთამაშე „სილქნეტმა“, რომელიც ფლობს ფიქსირებულ სატელეფონო ქსელს, მომხმარებელს სთავაზობს ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს და საკაბელო ტელევიზიას ქსელს, GSM სტანდარტის სეგმენტზეც დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი. სწორედ „სილქნეტმა“ შეიძინა „ჯეოსელის“ წილის 100% 153 მილიონ დოლარად. ამ გარიგების შედეგად რა იცვლება ბაზარზე და ასევე რა ცვლილებებია მოსალოდნელი მომხმარებლებისთვის – სტატიაში მიმოვიხილავთ.

"ჯეოსელის" ისტორია

სანამ ახალ მფლობელზე და შექმნილ სიტუაციაზე ვილაპარაკებთ, გავიხსენოთ „ჯეოსელის“ დაარსების ისტორია. კომპანია ქართულმა და თურქულმა მხარეებმა 1996 წელს დააფუძნეს. „ჯეოსელი“ გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში (900 mhz სიხშირეზე).

2001 წლის 27 მარტს „ჯეოსელისა“ და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის „GT მობილურის“ შერწყმის შედეგად, „ჯეოსელი“ „GT მობილურის“ სრულუფლებიანი მფლობელი გახდა (1800 mhz სიხშირეზე), რასაც წინასწარი გადახდის სისტემის, ლაი-ლაის შემოღება მოჰყვა.

2003 წლიდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა მსოფლიო კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ფინური კომპანია TeliaSonera. შესაბამისად, „ჯეოსელი“ გახდა ისეთი ჯგუფის წევრი, როგორიცაა Fintur Holdings B.V. ამ ჯგუფის წევრები არიან აზერბაიჯანში (Azercell), მოლდავეთში (Moldcell), ყაზახეთში (Kcell) მოქმედი GSM ოპერატორები. 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ჯეოსელის“ ყიდვით დაინტერესებული იყო „სილქნეტი“, მალევე გაირკვა, რომ კომპანიებს შორის შეთანხმებაც უკვე მიღწეული იყო და მხოლოდ ფორმალური მხარეღა იყო მოსაგვარებელი. კომპანია „სილქნეტის“ ვებ-გვერდზე იანვრის ბოლოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

„2018 წელს საქართველოს საკომუნიკაციო სექტორში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად „ჯეოსელი“ ქვეყნის უდიდესმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ შეიძინა. იქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც „სილქნეტის“ ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის“ მობილურ სერვისებთან აერთიანებს. გარიგების ღირებულებამ 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული თანხის მობილიზება „სილქნეტისთვის“ TBC ბანკმა რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტთან ერთად უზრუნველყო“.

თავის მხრივ, „სილქნეტის“ ისტორია 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივები გაერთიანდა. კომპანიის საიტზევე წერია, რომ „სილქნეტი“ წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს ფიქსირებულ ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ტელევიზიის) და ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურებას ისევე, როგორც ფიქსირებულ და მობილურ CDMA სერვისებს. 2015 წლიდან „სილქნეტი“ მომხმარებელს 4G LTE ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებას სთავაზობს და დღესდღეობით რეგიონში უმსხვილესი საბითუმო ოპერატორია. 2017 წლის აგვისტოში კომპანიამ პირველად გამოუშვა ლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები.

„სილქნეტი“ 1997 წელს გიორგი რამიშვილის მიერ დაარსებული „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიაა. „სილქ როუდ ჯგუფის“ აქციონერები არიან გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დევიდ ბორგერი. „სილქ როუდ ჯგუფი“ არის ერთ-ერთი მოწინავე კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ოპერირებს კავკასიასა და ცენტრალური აზიაში, ხოლო საქართველოში იგი წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სატრანსპორტო, უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესის, სატელეკომუნიკაციო და სხვა.

დღესდღეობით „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებში დასაქმებულია დაახლოებით 5000 ადამიანი. ბოლო ათი წლის განმავლობაში, „სილქ როუდ ჯგუფმა“ პარტნიორებთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა~.

რატომ გაიყიდა "ჯეოსელი"?

თითქმის უკვე წლებია ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „თელიასონერა“ აპირებდა „ჯეოსელის“ გაყიდვას. მიზეზად შვედურ-ფინური კომპანიის ევრაზიის რეგიონიდან გასვლის სტრატეგიას სახელდებოდა. თუმცა, აგრეთვე ისიც ცნობილი იყო, რომ „ჯეოსელს“ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა ასე ვთქვათ, გაურთულდა. ჯერ კიდევ 2013 წელს, კომპანიის წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან არასწორ ქმედებებზე ალაპარაკდნენ. „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ, პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომელიც ეხებოდა „ჯეოსელის“ ლიცენზიის გასაგრძელებლად თანხის გადახდას. „ჯეოსელი“ მაშინ არ დაეთანხმა ლიცენზიის გაგრძელებისთვის დაკისრებულ პირობებს. ლევან გიორგაძის თქმით, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 2013 წლის 17 ივლისს აუქციონის გამართვის დებულებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, თუკი „ჯეოსელს“ მთელი წლების განმავლობაში, თავდაპირველი ფორმულის გამოყენებით, ერთი კონკრეტული ლიცენზიის გასაგრძელებლად 34 მილიონის გადახდა უწევდა, ახალი ფორმულით თანხა 48 მილიონს აღწევს.

„როგორც ახსნეს, ეს არის დაზუსტება და როგორი დაზუსტებაა, როცა ერთი და იგივე მუხლის ინტერპრეტაცია 14-მილიონიან სხვაობას იძლევა?! ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ვცდილობდი, ამ ხალხისთვის მარტივი ლოგიკა ამეხსნა – დავუშვათ, ჩვენ ვართ სუბიექტურები, არ გვინდა ზედმეტი თანხის გადახდა, არ ვზრუნავთ სახელმწიფოზე და ასე შემდეგ, რაც მათი მხრიდან ერთ-ერთ მოტივაციად იყო გაჟღერებული, ვეუბნები, რომ თუ თქვენ მართლები ხართ, გამოდის, რომ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომისიის ყველა წევრი კანონს არღვევდა და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანს აყენებდა. მე მათი ლოგიკა ვერ ავხსენი, მაგრამ ფაქტად მივიღეთ ის, რომ ცალსახად უკანონოდ 48 მილიონს ვიხდით, რომელიც მძიმე ტვირთია და ოთხი ასეთი ლიცენზია გვაქვს, რომელიც დაახლოებით ორი წლის ინტერვალით უნდა გავაგრძელოთ და დამფუძნებლების მხრიდან – როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დამფუძნებელ „თელიასონერაა“, უკვე სერიოზულად მიდის საუბარი, რომ ქვეყნიდან გავიდეს და ინვესტიციები გამოითხოვოს“, – თქვა ლევან გიორგაძემ კომისიის სხდომაზე. თუმცა, მოგვიანებით „ჯეოსელმა“ უარყო „თელიასონერას“ შესაძლო გასვლის მზადყოფნა და საქმიანობაც ძველებურად გაგრძელდა.

„ჯეოსელის“ მმართველ კომპანიას აგრეთვე უკმაყოფილება ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, როდესაც სხვა მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებთან ერთად, „ჯეოსელმაც“ განაცხადა, რომ მის აბონენტებს სამართალდამცავი სამსახურები მუდმივად უსმენდნენ. „კომპანია „ჯეოსელის“ აღმასრულებელ დირექტორ პასი კოისტინენის ინფორმაციით, „ჯეოსელის“ 21 ათასი აბონენტი, ვინც სმარტფონით სარგებლობს, ისმინება და ე. წ. „შავი ყუთის“ არსებობას კომპანია „მაგთიც“ ადასტურებს“, – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში 2013 წელს.

2015 წელს კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თელიასონერა“ საქართველოდან გასვლას ცდილობდა. თუმცა, „ჯეოსელი“ ძველებურად გააგრძელებდა საქმიანობას. მთავარი იყო, ვინ იყიდდა საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე GSM სტანდარტის კომპანიას.

„ჯეოსელი არ ტოვებს საქართველოს. ეს „თელიასონერას“ სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომ გავიდეს ევრაზიიდან. კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომ ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის რეგიონებში მოახდინოს განვითარება“, – განაცხადა ერიკ ჰალბერგმა, კომპანია „თელიასონერას“ ევრაზიის პრეზიდენტმა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „თელიასონერა“ ნამდვილად ჰყიდდა „ჯეოსელის“ წილს, განცხადება გაავრცელა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი დაეთანხმნენ მათი და Turkcell-ის მფლობელობაში არსებული კომპანიის – „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის გასხვისებას „სილქნეტზე“.

„მოხარული ვარ, დავაანონსო კიდევ ერთი ახალი ნაბიჯის გადადგმა სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ეტაპობრივად ევრაზიის დატოვებას და ნორდიკულ და ბალტიის რეგიონებზე ფოკუსირებას გულისხმობს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო „ჯეოსელის“ თანამშრომლებს მათი კონტრიბუციისთვის და ვუსურვო საუკეთესო კომპანიის განვითარების შემდეგ ფაზაში“, – აღნიშნა Telia Company-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდმა.

აქვე აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე Telia Company-მ ჩაატარა შემსყიდველის მკაცრი შემოწმება და კმაყოფილია შედეგებით.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ევრაზიის რეგიონიდან გასვლა „თელიასონერამ“ 2015 წელს მიიღო. ერთერთ მიზეზად რეგიონის ქვეყნებში კორუფციის არსებობა დაასახელეს. ევრაზიის ბაზარზე კომპანია ოპერირებს ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ნეპალში.

კომპანია საკუთარ კვარტალურ ანგარიშში განმარტავდა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ისტორიულად პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და მარეგულირებელი სიტუაცია ნაკლებად პროგნოზირებადი იყო, განვითარებულ ბაზრებთან შედარებით.

რა შეიცვლება ბაზარზე?

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ „ჯეოსელს“ „სილქნეტი“ ყიდულობდა, მაშინვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ შექმნილი მდგომარეობა არსებულ კონკურენციას გააუარესებდა და შედეგად ბაზრის სხვა მოთამაშეები და საბოლოო მომხმარებლებიც დაზარალდებოდნენ.

„თუკი აღნიშნული გარიგება შედგა მობილური აბონენტების 74%-ს, ინტერნეტბაზრის 77%-ს და სატელევიზიო მომსახურების 83%-ს სწორედ "მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ გააკონტოლებენ. შედეგად, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შეიქმნება დუოპოლია და კონკურენცია ფაქტობრივად გაქრება. ბაზარზე ერთადერთი მათი კონკურენტი კომპანია „ბილაინი“ იქნება, რომელიც მხოლოდ მობილური ოპერატორების ბაზარზე ოპერირებს და იქაც 25%-იან წილს ფლობს. ძნელად სავარაუდოა, რომ „ბილაინი“ ორ დუოპოლისტ კომპანიას რაიმე კონკურენციას გაუწევს და მოსალოდნელია, რომ საქართველოს ბაზარი დატოვოს კიდეც. ბაზრიდან კონკურენციის სრული გაქრობა კი პირველ რიგში დააზარალებს მომხმარებლებს და ბაზარზე გააჩენს კარტელური გარიგებების საფრთხეს“, – აცხადებდა „აფბას“ პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე გარიგების საბოლოო დადასტურებამდე.

„ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად ირღვევა, ამიტომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ არ უნდა დაუშვას `სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შეძენა“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გაერთიანების შედეგად „სილქნეტს“ ეძლევა მეტი საშუალება მომხმარებელს მეტი შეთავაზება გაუკეთოს და სწორედ ამ კუთხით გაზარდოს კონკურენცია ბაზრის სხვა მონაწილეებთან. საინტერესოა, რომ კომუნიკაციების ბაზარზე მსგავსი მსხვილი გარიგება 2 წლის წინაც მოხდა, როდესაც „მაგთიკომმა“ შეიძინა „დელტა“, ასევე „კავკასუს ონლაინი“ და ოპტიკურ- ბოჭკოვანი ინტერნეტის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე გახდა. შედეგად, მცირე ზომის კომპანიები, რომლებიც რეგიონებში საქმიანობენ, ასეთი მსხვილი კონკურენტის გვერდით გაცილებით რთულ გარემოში აღმოჩნდნენ.

მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის დირექტორი უჩა სეთური მიიჩნევს, რომ „სილქნეტის“ და „ჯეოსელის“ გაერთიანებით მცირე კომპანიებს საქმიანობა გაურთულდებათ.

„ეს მოიტანს პრობლემებს ბაზარზე თუნდაც იმიტომ, რომ ამგვარი შეთავაზება ანუ ერთ კალათში თავმოყრილი სერვისები ექნება უკვე მეორე კომპანიასაც. ჩვენ ვხედავთ საცალო ბაზარზე იმგვარ შეთავაზებებს, რომელიც ჩვენი მოსაზრებით ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფი. შესაბამისად, ეს ტრანზაქცია უფრო გაართულებს მცირე და საშუალო ოპერატორების პოზიციონირებას ბაზარზე. თავად ეს ოპერატორები საქმიანობენ როგორც საცალო ბაზარზე, ასევე თავად არიან საბითუმო ბაზრის მოთამაშეები. თუ არ იქნება კონკურენცია საბოლოოდ დარეგულირებული მარეგულირებელი კომისიის შემდგომ, ეს გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს. იმიტომ, რომ ფაქტობრივად იქნება შეუძლებელი სხვა ოპერატორების საქმიანობა ბაზარზე“, – განაცხადა გადაცემა „ბიზნესკოდის“ ეთერში უჩა სეთურმა.

„სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი რამიშვილის თქმით, კომპანია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ჯეოსელში“ განახორციელებს 100 მლნ დოლარის ინვესტიციას. ეს თანხა ტექნიკის მოდერნიზაციაზე დაიხარჯება. ოლიგოპოლიის საფრთხეზე საუბრისას რამიშვილი ამბობს, რომ ბაზარზე ორი ძლიერი კომპანიის არსებობა ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს:

„რადგანაც მოხდა ასეთი პრეცედენტი, რომ „მაგთიმ“ შეიძინა „კავკასუსი“ და „დელტა“, ამით ერთი საერთო ოპერატორი წარმოიშვა ბაზარზე. ამის საპირწონედ „სილქნეტის“ და „ჯეოსელის“ შერწყმა გამოიწვევს ძალიან კარგ ბალანსს. ის, რომ ბაზარზე იქნება თამაშის სწორი წესები, ამაში გარწმუნებთ. მარეგულირებელი იქნება ყურადღებით, რომ ბაზარზე იყოს სწორი წესები“.
     

რაც შეეხება „ჯეოსელისთვის“ სახელის შეცვლის საკითხს, გიორგი რამიშვილი განმარტავს, რომ „ჯეოსელიც“ და „სილქნეტიც“ ორივე ძლიერი ბრენდია და ამ საკითხის შესწავლა მოხდება.

„გარიგება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს.

გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი“, – განაცხადა „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბაზრის მარეგულირებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით გოგიჩაიშვილის განცხადებით, მობილური და ფიქსირებული ქსელების შერწყმა მსოფლიო ტენდენციაა. 

„აქ მონოპოლია არ იქნება, რადგან „მაგთიკომი“ უკვე ფლობს ასეთ ქსელებს. შესაძლოა გაჩნდეს ოლიგოპოლიური სიტუაცია, თუმცა ეს მომხმარებლისთვის არ არის სახიფათო. ოლიგოპოლია ბაზრისთვის ცუდი არ არის“, – აცხადებს მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი.

მარეგულირებელმა კომისიამ „სილქნეტის“ და „ჯეოსელის“ გაერთიანებას უარი არ უთხრა. წესით, უარის თქმის მიზეზი ის გახდებოდა, თუკი აღნიშნული გარიგება კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენციის მნიშვნელოვნად გაუარესების შანსს გააჩენდა. ამ კონტექსტში, საინტერესოა ვნახოთ როგორ არის ბაზარი გადანაწილებული სხვადასხვა კომპანიებზე. მათ შორის, ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტის ბაზრის გადანაწილება შემდეგი
თანაფარდობით ხდება (დიაგრამა 1).

„ჯეოსელი“ ამ ჩამონათვალში არ არის და შესაბამისად, „ჯეოსელის“ და „სილქნეტის“ გაერთიანებით ბაზრის ამ სეგმენტზე არც არაფერი იცვლება.

რაც შეეხება მობილური კავშირგაბმულობის ბაზარს, სადაც „ჯეოსელი“ უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, ამ შერწყმით აქაც მნიშვნელოვანი ცვლილება არ ხდება, რადგან „სილქნეტს“ ბაზრის ნახევარი პროცენტი უჭირავს და 35%‑იან „ჯეოსელთან გაერთიანებით, ჯამში 35,5% გაუხდება (დიაგრამა 2).

მარეგულირებელმა კომისიამ, სანამ თანხმობას მისცემდა „სილქნეტის“ და „ჯეოსელის“ გაერთიანებას, განაცხადა, რომ შეისწავლიდა მდგომარეობას ბაზარზე, ნახავდა რა სიტუაციაა და ასევე იმის პროგნოზს გააკეთებდა, თუ რა გავლენას მოახდენდა ამ ორი კომპანიის გაერთიანება.

„უნდა აღვნიშნო, რომ ეს კომპანიები ერთმანეთის კონკურენტებს არ წარმოადგენენ, რადგან მათი საქმიანობები არ იკვეთება. შესაბამისად, ამ ტრანზაქციის გავლენა და ამ ტრანზაქციის რისკები ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ნაკლებია“, – განაცხადა გადაცემა „ბიზნესკოდში~ მარეგულირებელი კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა დავით
გოგიჩაიშვილმა.

ასე რომ, „ჯეოსელი“ უკვე „სილქნეტის“ საკუთრებაა და რა გზას აირჩევს მისი ახალი მფლობელი და რა შეიცვლება აბონენტებისთვის, სწორედ მასზეა დამოკიდებული.

თემურ იობაშვილი