ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ქართული ღვინის ორ დიდ ფესტივალზე წარმოჩენილი ტენდენციები - #2(55), 2018
ახალი თაობა ირჩევს ბოთლის ღვინოს

თბილისში ღვინის ფესტივალები უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. გაზაფხული წელიწადის ის პერიოდია, როდესაც ამგვარი ღონისძიებები ყველაზე მეტად მოხშირდა. განსაკუთრებით აქტიური გამოდგა 2018 წლის მაისის პირველი ნახევარი, როდესაც 11 და 12 მაისს თბილისში ღვინოსთან დაკავშირებული ორი დიდი ღონისძიება გაიმართა.

11 მაისს მულტიფუნქციურ სივრცე „ფაბრიკაში“ „ასოციაცია ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებით ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE გაიმართა, 12 მაისს კი მთაწმინდის პარკმა ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ უმასპინძლა. ქართველ მეღვინეებთან ერთად, საკუთარი ღვინოები საქართველოდან წაღებულ ქვევრებში ღვინის დამყენებელმა მეღვინეებმაც წარმოადგინეს: იტალიიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ბუნებრივი ღვინის ფესტივალზე მისულმა ღვინის მოყვარულებმა დაახლოებით 60 ქართული მცირე მარნის ბუნებრივი (ყოველგვარი დანამატების, მინარევების, ფილტრაციის გარეშე დაყენებული ღვინო) ღვინის დაგემოვნება შეძლეს. „ახალი ღვინის ფესტივალი“ კი არის საქართველოში ყველაზე წარმატებული ღვინის ფესტივალი, რომელსაც 2010 წელს საფუძველი ღვინის კლუბმა ჩაუყარა და მას შემდეგ, ყოველი წლის მაისში ათასობით ღვინის გურმანს ბოლო მოსავლის ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვს. ამ მხრივ, ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, რომ „ახალი ღვინის ფესტივალი“ უკვე ტრადიციაა, რომელიც წლიდან-წლამდე უფრო მყარი, დახვეწილი და სრულყოფილი ხდება.

თბილისში გამართულმა ორმა დიდმა ღვინის ფესტივალმა ცხადყო, რომ 2015- 2017 წლების მოსავლის ქართული ღვინოები ხარისხითაც და ენოლოგიური ღირსებებითაც ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მაგალითად 2009-2011 წლების მოსავლის ღვინოები. გამონაკლისი შემთხვევები რა თქმა უნდა არსებობს, რაც ცალკე სტატიის თემაა. ამჟამად ჩვენ ვსაუბრობთ ტენდენციაზე, რაც უკანასკნელ პერიოდში ზოგადად ქართული ღვინის ხარისხის ზრდას უკავშირდება.

ფესტივალი ZERO COMPROMISE-ის მონაწილე ფრანგი მეღვინე ვინსენტ ჟულიენი საქართველოში ღვინოსაც აწარმოებს და ლექციებსაც კითხულობს დიუმას ცენტრში. ვინსენტ ჟულიენი ევროპულ ფესტივალებთან ავლებს პარალელს და მიაჩნია, რომ საქართველოში დაწყებული ტრადიცია ტურიზმის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ვინსენტ ჟულიენი, მევენახე-მეღვინე, მარან „კიდევ ერთის“ დამფუძნებელი:

„ევროპაში ასეთი ფესტივალები თითქმის ერთსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და საქართველოში ნამდვილად იყო იმის დრო, რომ აქაც გაგრძელებულიყო ეს მშვენიერი ტრადიცია. ბუნებრივი ღვინო არის ღვინო, რომელიც ყოველგვარი ზედმეტი მინარევების გარეშე მზადდება და ასეთი სასმელის მოყვარულები არასოდეს იზარებენ მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში წასვლას. ამიტომ მჯერა, რომ საქართველოში ტურიზმის მნიშვნელოვანი ელემენტი მომავალში აუცილებლად ღვინის ტურიზმი იქნება“.

ფესტივალებზე დანახული ტენდენციები

ღვინის გლობალურ ბაზარზე გასვლის შემდეგ, ქართული ღვინის დიდი კომპანიები იძულებულები გახდნენ, მოეხდინათ საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება, დაენერგათ ხარისხის მართვისა თუ წარმოების საერთაშორისო სტანდარტები, მოეწვიათ ენოლოგები ევროპიდან და დაეწყოთ კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. შესაბამისად, თავის დროზე რუსული ბაზრისთვის განკუთვნილი იაფფასიანი, ფალსიფიცირებული და ე. წ. ჩვეულებრივი ნახევრადტკბილი ღვინოების ნაცვლად გამოჩნდა ახალი სტილის, ჯანსაღი და ხარისხიანი ღვინოები.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ 2010 წლამდე ამ ღვინოების უმეტესობას მეტწილად ერთმანეთის მსგავსი, სტანდარტული გემო ჰქონდა, თითქოს ყველა მათგანი ერთმა მეღვინემ, ერთ დანადგარზე ჩამოასხაო. 2012-2013 წლებიდან კი ბაზარზე გამოჩნდა ინდივიდუალური ღირსებების მქონე ქართული ღვინოები, რომელთა ხასიათშიც უკვე არა მანქანა-დანადგარების, არამედ ცალკეული მეღვინეების ხელწერა ჩანს. ჩვენ ამჯერად მხოლოდ დიდი კომპანიების მიერ წარმოებულ ღვინოებზე ვამახვილებთ ყურადღებას, თორემ, რაც შეეხება მცირე მარნების ექსკლუზიური (ძირითადად ქვევრის) ღვინოების ხარისხს, ის სულ სხვა განსჯის თემაა.

ნატურალური ღვინის მწარმოებელი მეღვინეები ღვინის ფესტივალებზე ჩვენთან საუბარში ხშირად მიანიშნებენ საფრთხეზე იმასთან დაკავშირებით, რომ უკანასკნელ წლებში ქართული ღვინის იმპორტი მასშტაბურად გაიზარდა და მათი აზრით, ეს ტენდენცია ქართული ღვინის იმიჯს საბოლოო ჯამში დააზიანებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან, მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%- ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 40,47 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა.

ოფიციალური მონაცემებით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროპის, ისე აშშ-ის, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი – 429% (233220), იაპონია – 230% (53160), დიდი ბრიტანეთი – 98% (37740), საფრანგეთი – 71% (24248), ყაზახეთი – 85% (877494), ჩეხეთი – 68%(18888), ლატვია – 61% (412626), ნიდერლანდები – 46% (21993), გერმანია – 38% (136222), უკრაინა – 36% (1771928), პოლონეთი – 32% (740922), ესტონეთი – 28% (120246), რუსეთი – 28% (11511830), ისრაელი – 24% (52722), აშშ – 3% (68620).

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (11511830), უკრაინა (1771928), ჩინეთი (1117138), ყაზახეთი (877494) და პოლონეთი (740922).

ნატურალური, ე.წ. ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მეღვინეები იმასაც ამბობენ, რომ დიდი კომპანიების მიერ წარმოებულ მასობრივ ღვინოს არ გააჩნია საკუთარი ხელწერა და ხასიათი, რაც ზოგადად ქართულ ღვინოს უნდა ჰქონდეს და უცხოელ ღვინის მომხმარებელს ამის გამო მცდარი წარმოდგენა ექმნება ქართულ ღვინოზე.

ზურა ნატროშვილი, მცირე მარან-რესტორან „ბინა 37“‑ის დამაარსებელია და მონაწილეობა მიიღო როგორც ZERO COMPROMISE-ზე, ასევე ღვინის კლუბის ორგანიზებულ `ახალი ღვინის ფესტივალზე~. ნატროშვილმა ორივე ღონიძიებაზე საკუთარი ღვინო წარადგინა და ზოგადი ტენდენციების შესახებ მოსაზრებაც გაგვიზიარა.

„ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ ნატურალურ ქართულ ღვინოებს მეღვინის ხელწერა ეტყობა და ამას უცხოელებიც კარგად ხედავენ. მეღვინეობის სეგმენტში პრობლემები ცხადია კვლავ ბევრია და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ახლანდელი სიტუაცია ცა და დედამიწასავით განსხვავდება იმისაგან, რაც ვთქვათ 20 წლის წინ იყო, როდესაც ხარისხოვანი ბოთლის ღვინის შეძენა წარმოუდგენლად რთული იყო. წელს ფესტივალზე რიგითი სტუმრის სტატუსით მოვედი და აქედან მრავალი ინფორმაციით დატვირთული დავბრუნდები. ჩემი აზრით ღვინის ფესტივალების მთავარი სიკეთე ისაა, რომ ვიგებთ კონკრეტულად დროის ამ მონაკვეთში ქართული ღვინის რეალურ სახეს და მდგომარეობას“, – გვითხრა ზურაბ ნატროშვილმა.

რა არის ბუნებრივი ღვინო?

ალბათ ღვინის ყველა მოყვარული აღიარებს, რომ ინდივიდუალური ღირსებებით განსაკუთრებით სწორედ მცირე და საშუალო მარნების ღვინოები გამოირჩევა. თუმცა, ზოგიერთი ღვინის ექსპერტის აზრით, იგივე ტენდენცია შესამჩნევია მსხვილი კომპანიების საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოებშიც, რაც ცხადია კარგია და მისასალმებელია.

რა არის ბუნებრივი ღვინო და რით განსხვავდება კონვენციური ღვინისგან? ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ ამ სიტყვას ოფიციალურად ასე განმარტავს: `ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მევენახე-მეღვინე ვენახს აშენებს და უვლის ბიო (ეკო) მოთხოვნების შესაბამისად. იგი უფრთხილდება გარემოს და ცდილობს, შექმნას ვენახში შესაძლებლად თვითკმარი ეკოსისტემა; მევენახე ღვინის დაყენებისას არ იყენებს იმ ხერხებს და საშუალებებს (სელექციური საფუვრები, გამწებავი საშუალებები, ენზიმები, არომატიზატორები, კონსერვანტები და ა.შ.), რომლებმაც შეი ძლება, თვისებრივად შეცვალონ ღვინის ბუნებრივი ორგანოლეპტიკური თვისებები. მევენახე-მეღვინე აღიარებს ღვინის წარმოშობაში ტერუარის პრიორიტეტულ წვლილს და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ტერუარის თვისებების წარმოჩენას; მევენახე-მეღვინის მიერ გამოყენებული ეტიკეტი სიმართლით და სრულად უნდა ასახავდეს ღვინის წარმოშობას~.

11 მაისს გამართული ფესტივალის, ZERO COMPROMISE-ის დამფუძნებელი ზურაბ მღვდლიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მომავალში კიდევ მეტი მასშტაბური ღონისძიების გამართვას აპირებს და უფრო მეტ ღვინის მწარმოებელს თუ მოყვარულს ექნება ფესტივალში მონაწილეობის საშუალება.

ზურაბ მღვდლიაშვილი, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დირექტორი:

„ჩვენ პოპულარიზაციას ვუწევთ ბუნებრივ ღვინოებს და ფესტივალიც სწორედ ასეთი ღვინისა და ბუნებრივი, ნამდვილი ღვინის დამყენებელი მარნების წარმოსაჩენად დავგეგმეთ და განვახორციელეთ. ეს ფესტივალი წელს უკვე მეორედ გაიმართა. გასული წლის შემოდგომაზე კი ქუთაისში ჩავატარეთ კიდევ ერთი, ჩემის აზრით ძალიან საინტერესო ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით „ამერ-იმერი“. „ამერ-იმერი“ სხვადასხვა წელს ჩვენი ქვეყნის მრავალ კუთხეში გაიმართება და ნამდვილი ღვინის მოყვარულებს უკმაყოფილოს არსად დავტოვებთ.

ჩვენ ასევე „კავკასსერტის“ ხელშეწყობით, დავიწყეთ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნების სერტიფიცირება და ეს იქნება იმის კიდევ ერთი გარანტი, რომ ასოციაციის სახელით და ასოციაციის საფარქვეშ საქართველოში თუ ექსპორტზე გატანილი ღვინო იქნება ნამდვილად ის ღვინო, რასაც ჩვენ ბუნებრივ ღვინოს ვეძახით და რაც სამწუხაროდ უკანასკნელი წლების მანაძილზე ბევრ ქვეყანაში დაიკარგა“.

"ხარისხოვანი ღვინის დაყენებას დაუღალავი შრომა სჭირდება"

ღვინის ფესტივალზე მყოფი მეღვინეები ამბობდნენ, რომ ქართული ვაზის ჯიშების ინდივიდუალურ თვისებებს მეღვინე თუკი წიგნებში ამოკითხული სტანდარტული რეცეპტებით მიუდგება, ღვინოც ერთფეროვანი და სტანდარტული გამოუვა. ხოლო, თუკი ამა თუ იმ ვაზის ჯიშის პოტენციალს მეღვინე ისევე შეაფასებს, როგორც ადამიანის ღირსებებს ვაფასებთ ხოლმე, ღვინოშიც ამ ჯიშების ყველაზე საუკეთესო თვისებებს შეინარჩუნებს.

მეღვინეების მიერ ზემოთ გამოთქმული მოსაზრება და შეხედულება შესაძლოა, მაგალითად, საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართულ მეღვინეობაში დაგმობილი და უარყოფილი ყოფილიყო. მაშინ აქცენტი ღვინის რაოდენობაზე და ე.წ. სტანდარტულობაზე იყო გაკეთებული, რაც მეღვინეებს საკუთარ საქმიანობაში მკვეთრად ზღუდავდა და ფანტაზიის უნარის გამოყენებასაც უკრძალავდა. დღეს სულ სხვა ტენდენციებია და იმედია ქართულ ღვინის ბაზარზე მომავალში კიდევ მეტი ინდივიდუალური სტილის დასამახსოვრებელი გემოს მქონე ხარისხოვანი ღვინო გამოჩნდება.

მეღვინე ლექსო ციხელიშვილმა ფესტივალ ZERO COMPROMISE-ზე მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ღვინოც წარმოადგინა. ჩვენთან საუბრისას ციხელიშვილი ამბობს, რომ როგორც ყველაფერს, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასაც თავისი დრო სჭირდება.

ლექსო ციხელიშვილი, მევენახე-მეღვინე, მარან „ციხელიშვილის მარნის“ მფლობელი:

„ქართველები მაქსიმალისტები ვართ და გვინდა, რომ ყველაფერი მარტივად და სწრაფად მოხდეს, რაც ბუნებრივია, შეუძლებელია. ჩვენი ღვინის შესახებ უცხოელების ცოდნაც ვერ გაიზრდება ერთ, ორ ან თუნდაც ათ წელში. ამას სჭირდება ჩვენი დაუღალავი შრომა და რაც მთავარია – ხარისხოვანი ღვინის დაყენება. აი ახლა ვუყურებ და ვხედავ, რომ ძირითადად ახალგაზრდები არიან ფესტივალზე მოსულები და ეს ყველას გვახარებს. მე ღვინოს ახმეტაში, სოფელ ალვანში ვაყენებ და ადრე ახალგაზრდებისათვის რომ მეთქვა, აქაური ღვინით უცხოელები დაინტერესდებიანო – არავინ დამიჯერებდა. ახლა კი იქაც და დედაქალაქშიც ყველამ დაიჯერა ჩვენი ღვინის ძალაცა და შესაძლებლობებიც“.

ღვინო და ახალგაზრდობა

საქართველოში ღვინით ახალგაზრდების დაინტერესება ყველა ფესტივალზე ნათლად იგრძნობა. არადა, გასული საუკუნის ბოლოს, ევროპელი მეღვინეები ხშირად იმის გამო წუწუნებდნენ, რომ ახალგაზრდობას ღვინო ნაკლებად აინტერესებდა. ისინი უფრო მეტად უპირატესობას მაღალალკოჰოლიან სასმელებს, ლუდსა და კოქტეილებს ანიჭებდნენ. ეს ტენდენცია 21-ე საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა, თუმცა, მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი გადატრიალება მოხდა და ღვინით დაინტერესებული ადამიანების ასაკი მთელ მსოფლიოში წლიდანწლამდე მცირდება. სასიხარულოა, რომ მსგავსი ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება.

თბილისში, ბოლო წლებში არაერთი ღვინის ბარი თუ მაღაზია გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ახალგაზრდები არიან. მათი არჩევანი, როგორც წესი, შედარებით იაფფასიან ბოთლის ღვინოზე ჩერდება, თუმცა, მათი გემოვნება მრავალფეროვანია და ისინი დაინტერესებულები არიან როგორც ნახევრადტკბილი თეთრი, ასევე თეთრი მშრალი, წითელი მშრალი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინით. ჯერჯერობით, საქართველოში ცქრიალა ღვინოზე მოთხოვნა ძალიან მცირეა.

როგორც ტურისტებზე ორიენტირებული ღვინის მარნების და ღვინის ბარების თანამშრომლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ახალგაზრდები ასევე ცდილობენ ღვინოსთან შესახამებელი კერძების მიმართ ცოდნა განივითარონ და მუდამ ინტერესდებიან, რომელ ღვინოს რა ეხამება. ყველაზე დიდი მოთხოვნა სხვადასხვა სახის ყველზეა და ძველი ევროპული ტრადიციის მიხედვით, საქართველოშიც ღვინის საუკეთესო მეწყვილედ ყველი მიიჩნევა.

საქართველოში ლუდსა და ბოთლის არაყს ახალგაზრდებიდან ძირითადად ბიჭები ანიჭებენ უპირატესობას. გოგონების აბსოლუტური უმრავლესობა კი (თუკი ალკოჰოლური სასმელებით არიან დაინტერესებულნი) ღვინის მომხმარებელია. ასე რომ, ჩვენს ქვეყანაში ბოთლის ღვინის მოხმარების ტრადიციის აღდგენის მთავარი ინიციატორები და მოტივატორები, ბევრის გასაკვირად (სხვათა შორის, ისევე როგორც ევროპაში) ქალები არიან.

თუნდაც უკანასკნელ ორ ღვინის ფესტივალზე დაკვირვებითაც ჩანს, რომ საქართველოში ახალგაზრდობა ბოთლის ღვინოს უბრუნდება, რაც ღვინის ექსპერტების აზრით, ჩვენს ქვეყანაში მეღვინეობის სწორად განვითარებისთვის უმთავრესია. ღვინის ხარისხის მატება, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდა და რაც მთავარი, ქართული ღვინის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ლევან სეფისკვერაძე