ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ავტობიზნესი ახალი ბარიერების წინაშე - #2(55), 2018
რას ცვლის ხელისუფლების შემოღებული რეგულაციები

საქართველოსთვის ერთ დროს ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია – მეორადი ავტომობილები ბოლო წლებში ახალ-ახალი რეგულაციების ბარიერებში ხვდება. ჯერ იყო და მეზობელმა ქვეყნებმა დააწესეს შეზღუდვები, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამაც არ დააკლო და ავტომობილების განბაჟების ტარიფები მნიშვნელოვნად გააძვირა. შედეგად, ავტობიზნესში ჩართულ ადამიანებს ზოგს შემოსავალი მოაკლდა, ზოგიც იძულებული გახდა საქმიანობისთვის თავი დაენებებინა და ახალი საქმე მოეძებნა.

თუმცა, კანონმდებლები გარკვეულ `შანსს~ მაინც ტოვებენ და ავტობიზნესში მყოფებსაც ახალ რეალობაზე მოუწიათ მორგება. საქმე ეხება განბაჟებისას დაშვებულ შეღავათებზე, რაც ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებს ეხება. ელექტრომობილებზე საერთოდ ნულოვანი განბაჟებაა. იმპორტიორებმაც ძირითადად სწორედ ასეთი ავტომობილების შემოტანა დაიწყეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ შეღავათი ეხება მხოლოდ იმ ჰიბრიდულ ავტომობილებს, რომელთა ასაკიც 6 წელს არ აღემატება. უფრო ძველის განბაჟება იგივე ფასია, რაც ჩვეულებრივძრავიანის. მარჯვენასაჭიანების განბაჟება კი, დაახლოებით სამჯერ ძვირია, რის შესახებაც ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებში ვწერდით.

ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა იზრდება

2017 წელს განბაჟებული მანქანების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე ავტომობილი ჰიბრიდია. შსს-ს მონაცემით, შარშან 16 615 ჰიბრიდი განაბაჟეს. სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული „ტოიოტას“ ჰიბრიდული ავტომობილებია, განბაჟებული ავტომობილებიდან 13 296 სწორედ „ტოიოტა“ იყო.

შსს-ს ინფორმაციით, პოპულარობით მეორე ადგილს „ლექსუსი“ იკავებს 889 ავტომობილით (თუმცა, „ლექსუსიც“ „ტოიოტას“ ბრენდია, რომელიც იაპონურმა გიგანტმა სპეციალურად ამერიკის ბაზრისთვის შექმნა). მესამე ადგილზეა „მიცუბიშის“ მარკის მანქანები. ამ ფირმის 90 ავტომობილიც საქართველოში სწორედ შარშან ჩამოიყვანეს.

ჰიბრიდული მანქანების იმპორტი მნიშვნელოვნად წაახალისა აქციზის გადასახადში ცვლილებამ, რომელიც 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, 0-დან 6 წლამდე ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზი 60%-ით შემცირდა. სხვა ტიპის ავტომობილების განბაჟება კი, გამოშვების წლისა და ძრავის მოცულობის მიხედვით, საკმაოდ გაძვირდა.

იმპორტიორების აზრით, ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების რაოდენობა კიდევ მოიმატებს.

„განბაჟების გადასახადის შემცირებამ მსგავსი მანქანების რიცხვი ბევრად გაზარდა და ამას ველოდი კიდევაც. კლიენტების მხრიდან სურვილი, რა თქმა უნდა, იქნება და კიდევ უფრო გაიზრდება ჰიბრიდების რაოდენობა, მაგრამ ეს მაინც ძვირი სიამოვნებაა.

მიუხედავად ამისა, ავტოპარკი მკვეთრად ჯერჯერობით ვერ შეიცვლება, რადგან აქციზზე ფასი როგორი დაბალიც უნდა იყოს, საბოლოო ღირებულება საკმაოდ დიდია~, – განუცხადა „რეზონანსს“ „რობანი მოტორსის“ ხელმძღვანელმა ელგუჯა ჯამაგიძემ.

იმპორტიორები ფიქრობენ, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, არა მარტო 0- ან 6 წლამდე ავტომობილებზე, არამედ 10 წლამდე ავტომობილებზე შემცირებულიყო აქციზის გადასახადი, რადგან სწორედ ამ მანქანებზეა დიდი მოთხოვნა საქართველოში.

მორიგი ბარიერი ავტომობილების საქართველოდან რეექსპორტისთვის

ავტომობილების შემოტანა-ექსპორტი ბოლო წლებში მცირდებოდა, თუმცა შარშან შედარებით გამოსწორდა სიტუაცია. 2014 წელს ავტომობილების რეექსპორტის მოცულობა 517 მლნ დოლარი იყო, 2015 წელს 179 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 166 მლნ დოლარამდე ჩამოვიდა. ვითარება შარშან შედარებით გამოსწორდა, როდესაც საქართველოდან რეექსპორტირებული მანქანების საერთო ღირებულებამ 234 მლნ დოლარს გადააჭარბა.

როგორ ირკვევა, ზრდა დაკავშირებულია 2 ქვეყანასთან – სომხეთსა და უკრაინასთან. 2017 წელს ამ სახელმწიფოებში საქართველოდან საკმაოდ ბევრი ავტომობილი გაიგზავნა. ყოველი მეორე მანქანა სომხეთში გავიდა, ხოლო ყოველი მეხუთე – უკრაინაში.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ რეგიონის ქვეყნებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა და ავტობიზნესში შექმნილი ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდება. „ეკოტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ 2018 წელს ავტოდილერები კრიზისში აღმოჩნდებიან, რადგან მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდება.

„მზარდი მაჩვენებელი, რომელიც 2017 წელს გვქონდა, დროებითია. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც დაიწყო ახალ რეგულაციებზე მუშაობა. აზერბაიჯანში 2018 წლის 1 იანვრიდან მნიშვნელოვნად გაძვირდა განბაჟების ტარიფი. დაახლოებით ისე, როგორც ცოტა ხნის წინ საქართველოში მოხდა. იგივე პოლიტიკა გაატარეს სომხეთშიც და ამ ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის მოსაკრებელი გაიზარდა.

ეს ყველაფერი წინასწარ გახდა ცნობილი ავტოიმპორტიორი კომპანიებისა და იმ დილერებისთვის, რომლებიც მეზობელი ქვეყნების ბაზარზე ახდენდნენ მანქანების რეალიზებას. მათ წინასწარ დიდი ოდენობით ავტომობილები შეიძინეს, რომ შემდგომ ძველი ტარიფით განებაჟებინათ. 2017 წელს მათთვის ამის შესახებ ცნობილი იყო და რეექსპორტის ზრდაც ამან განაპირობა.

ტენდენცია მზარდი არ იქნება, პირიქით, 2018 წელი იქნება საკმაოდ რთული ავტობიზნესისთვის. მეზობელ ქვეყნებში მანქანების უკვე 1 წლის მარაგია. სომხეთში 2018 წლის პირველი აპრილიდან აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა. ამის გამო გაიზარდა მოთხოვნა და ავტოიმპორტიორებმა დიდი ოდენობის მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შეუკვეთეს და ამ რეგულაციის ამოქმედებამდე განაბაჟეს. ამ ფაქტორებმა, რომლებიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია, განაპირობა ის, რომ მკვეთრად გაიზარდა 2017 წლის სტატისტიკა და რეექსპორტი ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება უკრაინას, იქ გაზრდილი მაჩვენებლის მიზეზი ჩემთვისაც უცნობია. ჯერ არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამ განაპირობა საქართველოდან უკრაინაში ავტომობილების რეექსპორტის ზრდა“, – აცხადებს ურუშაძე.

საბანკო სესხების შეზღუდვა – მორიგი დარტყმა

საქართველოს ხელისუფლების მორიგი რეგულაცია მნიშვნელოვანი შეზღუდვა აღმოჩნდა სხვადასხვა ბიზნესის გაყიდვებში. მას შემდეგ, რაც დაუდასტურებელი შემოსავლის გარეშე სესხის გაცემას აკრძალეს, ადამიანს თუ ხელფასი არ ერიცხება სტაბილურად, თუნდაც დიდი შემოსავლის მქონე იყოს, აღარც სესხის აღების უფლება აქვს და აღარც განვადებით რაიმეს ყიდვის. ეს რეგულაცია შეეხო ავტომობილების გაყიდვასაც და ბუნებრივია, აქამდე თუ ადამიანი ავტომობილის შესაძენად სესხს იოლად იღებდა, ახლანდელი აკრძალვით ავტომობილების გაყიდვამ დაიკლო. საბანკო რეგულაციის ამოქმედებიდან უკვე 1 თვეში ავტობიზნესმაც საგრძნობი დარტყმა მიიღო.

როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს, იმპორტიორები ადასტურებენ, რომ მაღალფასიანი ავტომობილები იშვიათად იყიდება და თუკი ვინმე შეიძენს, ისიც მეზობელ ქვეყნებში მიაქვთ. იმპორტიორმა ირაკლი ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის მოთხოვნა გაიზარდა დაბალ და საშუალოფასიან ავტომობილებზე, ძვირადღირებულ მანქანებს კი აღარც კითხულობენ.

„ტურისტული სეზონის გამო ძალიან გაზრდილია მოთხოვნა მინივენზე, რასაც ბაზრის მოთხოვნა განსაზღვრავს. რაც შეეხება, ზოგადად, ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელს, ბაზარზე არის ყველანაირი მყიდველი, ზოგს ძალიან იაფფასიანი მანქანა უნდა, ზოგს – საშუალოფასიანი. ყველაზე დიდი მოთხოვნა ბოლო პერიოდში არის ჰიბრიდებზე, მისი საშუალო ფასი 4-5 ათას დოლარში მერყეობს. ძალიან ბევრი მისი ყიდვის მიზეზად შემდგომ ეკონომიურობას ასახელებს.

რაც შეეხება გაყიდვის ზოგად მაჩვენებელს, საშუალო შემოსავლის მქონე კლიენტები უფრო დაბალფასიან მანქანებს ითხოვენ, იშვიათად იყიდება და საქართველოში თითქმის არ რჩება ძვირადღირებული ავტომობილები“, – აღნიშნა ირაკლი ცერცვაძემ.

ახალი რეგულაცია, რომელიც დაუდასტურებელი შემოსავლის გარეშე სესხის გაცემას კრძალავს, საავტომობილო ბაზრის მთავარ შემაფერხებლად მიაჩნიათ ავტომობილების შეძენის მსურველებს. ვისაც სრული თანხა არ აქვს და დასამატებლად ბანკიდან უნდა აეღო სესხი, ვეღარ ახერხებენ აკრძალვის გამო. შედეგად, ან საერთოდ უარის თქმა უწევთ ავტომობილის ყიდვაზე, ან გაცილებით დაბალფასიანი უნდა შეიძინონ – რა თანხასაც სესხის აღების გარეშე შეუძლიათ მოუყარონ თავი.

შესაძლოა 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანა აკრძალონ

ხელისუფლება ავტობიზნესში ჩართულებს და ასევე რიგით მოქალაქეებს მორიგ „სიურპრიზს“ უმზადებს. ლაპარაკია 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოტანის აკრძალვაზე. ოფიციალურ მიზეზად ძველი ავტომობილების „არაეკოლოგიურობა“ სახელდება, თუმცა, როდესაც ქვეყანაში 2005 წელზე ახალი ავტომობილების წილი დაახლოებით 15%-ის ფარგლებშია ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, 1995 წელს გამოშვებული მანქანის პატრონი 2004 წელს გამოშვებულით ვეღარ ჩაანაცვლებს. ექნება კი მას საშუალება ჩასანაცვლებელი მანქანა 2005 წელზე ახალი შეარჩიოს? თუ კვლავ თავისი, 90- ანებში გამოშვებული მანქანის მოხმარება მოუწევს, რაც სულ უფრო მეტად დააზიანებს გარემოს – ეს ცალკე საკითხია. 

დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, ძველი მანქანების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს. მისი თქმით, დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვა გამოსავალი არ არსებობს. 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ინფორმაციით, საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის დაძველებული ავტომობილების შეზღუდვაზე.

„ვმუშაობთ, რომ დაწესდეს შეზღუდვა და ძველი მანქანების შემოყვანა როგორმე შევაჩეროთ. ასევე, შევზღუდოთ დიდძრავიანი ავტომობილების იმპორტიც. სწორი ფორმაა მოსაფიქრებელი ამ კუთხით“, – განაცხადა კუჭავამ.

როდიდან შევა კანონი ძალაში და აიკრძალება თუ არა 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი საქართველოში, ამ კითხვით „ბიზნეს- ეზონანსი“ ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათგან კომენტარი
ვერ მიიღეს.

ხელისუფლების წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე კი ამბობს, რომ ინიციატივა აუცილებლად უნდა შესრულდეს.

„ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ და ჩვენი მეზობლები მოქმედებენ ხოლმე. ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო აზერბაიჯანის შემთხვევაში, მათ არც კი დაუანონსებიათ, ისე მიიღეს 3 წლის წინ კანონი და „ევრო 5“-ზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების შეყვანა აკრძალეს. მთავარია ჩვენ შემთხვევაში საუბარი საუბრად არ დარჩეს. ხშირად მისაუბრია, რომ საქართველოს ემუქრება პერსპექტივა, გახდეს ევროპისა და ამერიკის დამტვრეული ავტომობილების სასაფლაო. ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ასეთი მდგომარეობა საშინელებაა“, – ამბობს ოგბაიძე. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან წახალისებითა და სტიმულირებით, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მომრავლების კუთხით უნდა შეიცვალოს სიტუაცია.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ საჭიროა არათუ „ევრო-5“-ის სტანდარტის დაწესება, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები მომრავლდნენ, აუცილებელია მთავრობამ წაახალისოს საზოგადოება განბაჟების მარტივი წესით.

„ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, მათ შორის ჩემი ინიციატივითაც. მეზობელმა სახელმწიფოებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, შემოიღო „ევრო 5“-ის სტანდარტი და 2005 წელზე ქვემოთ გამოშვებული ტრანსპორტის შეყვანა იქ აღარ შეიძლება. დღეს საქართველოს საზღვარი გახსნილია ყველანაირი ტიპის ჯართისთვის. შემოდის დაშლილი, დანაწევრებული სატრანსპორტო საშუალებები.

ავტოპარკის სიძველეზე როდესაც ვსაუბრობთ, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ახალი ავტომობილების შემოყვანა. ამისთვის საჭიროა „ევრო 5“-ის სტანდარტის შემოღება; აუცილებელია განბაჟების სამართლიანი სისტემის შექმნა. დღეს ახალი ავტომობილების, 1 წლამდე განბაჟება არის უფრო ძვირი, ვიდრე 6-7 წლის მანქანების, თავიდანვე შეცდომა იყო ეს კანონი. თუ ავტოპარკის განახლება გვინდა, პირველ რიგში, უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტომობილების მისაღებ ფასად განბაჟება“, – განაცხადა მესხიშვილმა.

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავა პირდაპირ აკრძალვას არ ემხრობა. მისი აზრით, უფრო მეტად სხვა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე იმპორტის შეზღუდვა. სახელმწიფოსგანაც უნდა წამოვიდეს ინიციატივა, რომ ადამიანები დაინტერესდნენ და მეტი საშუალება გაუჩნდეთ გამართული ტრანსპორტის შეძენისთვის.

„შეიძლება მართლაც აიკრძალოს 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები, მაგრამ უფრო მთავარია ის ავტომობილები, რომელთაც აქვთ დიდი მოცულობის ძრავა. ნამდვილად საჭიროა მათი შეზღუდვა. მცირელიტრაჟიანი ავტომობილები მეტად უნდა წახალისდეს. დღევანდელი კანონმდებლობით, ჰიბრიდები საბაჟოზე უფრო ნაკლებად იბეგრება, კიდევ უფრო წახალისებაა საჭირო.

უფრო სხვა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე შეზღუდვა. მაგალითად, სუფთა ტრანსპორტის სტიმულირება. სახელმწიფოსგანაც უნდა წამოვიდეს ინიციატივა რომ ადამიანები დაინტერესდნენ და მეტი რესურსი გაუჩნდეთ გამართული და სუფთა ტრანსპორტის შესაძენად“, – ამბობს კვაშილავა.

ხელისუფლება დიდძრავიან ავტომობილებს უტევს – განბაჟების ტარიფი მოიმატებს

ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკვე მოასწრო და ხალხს აუწყა, რომ ხელისუფლება გადასახადის მორიგ ზრდას აპირებს. კერძოდ, განბაჟების გადასახადი გაიზრდება მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისათ ვის. ბახტაძის თქმით, ამ ქმედების შედეგად საქართველო ში მეტი ჰიბრიდულ მანქანა და ელექტოავტომობილები შემოვა.

„მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება საქართველოში „ევრო ერთი~, „ევრო ორი~ და „ევრო სამის~ ტიპის მანქანების იმპორტი, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ეკოლოგიისთვის. ამ პოლიტიკის შემოღებით მნიშვნელოვნად შევცვლით ამ ძალიან ცუდ ტრენდს~, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, მსუბუქი ავტომობილების 90%-ს, რომლის იმპორტი ხორციელდება საქართველოში, არ აქვთ გამართული ე.წ. კატალიზატორის სისტემა, რომელიც ძალიან საშიშია. ბახტაძე ამბობს, რომ ეს უკავშირდება მანქანის როგორც ტექნიკურ გამართულობას, ამავე დროს გარემოზე ზემოქმედებას. ბახტაძის განცხადებით, ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ახალ სტანდარტზე მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან გადავა.

ასე რომ, როგორც ავტოდილერებს, ასევე მანქანის პატრონებს თუ ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, ხელისუფლება ახალ რეგულაციებს უმატებს. რეალურად, ხელისუფლებისთვის რეგულაციების მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვაა თუ ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზება, ეგ მკითხველმა თავად გადაწყვიტოს.

თემურ იობაშვილი