ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ხელისუფლებამ სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრას შეუტია - #2(55), 2018
ეკოლოგიაზე რეალური ზრუნვა თუ მხოლოდ "პიარ-აქცია"?

საქართველოს ხელისუფლებამ სხვა ქმედებების გარდა, ყურადღება ივლისის თვეში სვანეთში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანითაც მიიქცია. ლაპარაკია ე.წ. უკანონო ჭრასთან ბრძოლის საწინააღმდეგო პოლიტიკაზე. 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მალევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოვლენილია ხე-ტყის მასშტაბური უკანონო მოპოვების ფაქტები. სწორედ ამ მიზეზის გამო გადაწყვიტეს ხაიშსა და ჭუბერში ასობით პოლიციელის გაგზავნა. მოგვიანებით კი, ხელისუფლებამ განაცხადა რომმთელი ქვეყნის მასშტაბით გაამახვილებს ყურადღებას და ხე-ტყის უკანონო ჭრას არ დაუშვებს.

რატომ გაახსენდათ სვანეთში გაჩეხილი ტყე?

სანამ ხელისუფლება ჭუბერსა და ხაიშში სამართალდამცავებს მიავლენდა, მანამდე სვანეთში დიდი წყალდიდობა მოხდა. 5 ივლისს მდინარე ნენსკრა ადიდდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მდინარის ადიდება მთის ჩამოშლამ გამოიწვია. დაიტბორა ჭუბერის ცენტრი და სახლები. ხეობის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა...

სწორედ მაშინ გამოჩნდა კარგად, რომ ადიდებულ ნენსკრას დიდი რაოდენობით ხე-ტყე მოჰქონდა. როგორც გაირკვა, წყალდიდობამ რამდენიმე სამხერხაო საამქრო წალეკა და სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყის მასალაც მიაყოლა.

წლებია, რაც სვანეთში, ისევე როგორც საქართველოს ტყიანი რეგიონების სხვა ადგილებშიც ხე-ტყის უკანონო მოპოვება ხდება და ნენსკრას ადიდების შემდეგ კიდევ ერთხელ გაახსენდა ყველას, რომ წყალდიდობა და ჭუბერის დატბორვა შესაძლოა სწორედ ტყის შეუზღუდავი გაჩეხვის ბრალიც ყოფილიყო. ამიტომ, გარემოსდამცველებისგან თუ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მალევე გაისმა მოწოდებები, რომ ხელისუფლებას ყურადღება მიექცია ტყის საფარის განადგურებისთვის. როგორც მალევე გამოჩნდა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ საკითხით და შეეცადნენ სვანეთში ტყის უნებართვო ჭრაზე კონტროლის გამკაცრებას. მოგვიანებით, ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ადილობრივებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ამიტომ მოუწიათ სპეცრაზმის შეყვანა სვანეთის სოფლებში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჭუბერსა და ხაიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რის გამოც, გამომძიებლების უსაფრთხოებისა და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება.

საგამოძიებო სამსახურმა განმარტა, რომ ახორციელებდა ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენას არა მხოლოდ სვანეთში, არამედ იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს რეგიონებშიც.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ვახორციელებთ ღონისძიებებს ხე- ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი
საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით. მიმდინარე წლის ივლისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივეცით და დავაკავეთ 15 პირი. ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

სპეცრაზმის და პოლიციელების დიდი რაოდენობის შეყვანას ადგილობრივების დიდი პროტესტიც მოჰყვა. მათი ვარაუდით, სამართალდამცავების მობილიზების მთავარი მიზეზი არა ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის შეჩერება, არამედ სვანების დაშინება იყო, ვინც ნენსკრა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და ხელისუფლებას ხელს უშლის ჰიდროელექტროსადგურების აშენებაში.

ხაიშის სკოლის მასწავლებელი და აქტივისტი, ზურაბ ნიჟარაძე აცხადებს, რომ ეკოლოგიის კუთხით მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ განწყობილ სოფლებში სადამსჯელო რაზმები ჩააყენეს.

„ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მოტივით, დაახლოებით 1000-1200 პოლიციელია შემოსული ხაიშსა და ჭუბერის თემებში. ხელისუფლება კვლავ ხელების გადაგრეხის პოლიტიკით მუშაობს. არავითარი ხე-ტყე, არც სოფლის მეურნეობისა თუ ტურიზმის წახალისება,… მხოლოდ ჰესები და ოქროს წარმოება!

მოვუწოდებ ყველა ზნეობრივ ადამიანს, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, დიპკორპუსს – დაიცავით თქვენი და ჩვენი სვანეთი განუკითხაობისგან! ან მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება, ან დაგვხოცეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!“ – განაცხადა ზურაბ ნიჟარაძემ.

ხის საამქროები დალუქულია

მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა მესტია-ზუგდიდის გზა, რამაც გამოიწვია ტურისტების უკმაყოფილება, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ სიტუაციის მოგვარებას. მას შემდეგ, რაც პროტესტი ძალიან გამძაფრდა და ხელისუფლებაც ძალოვანი უწყებების მოქმედებით უფრო შორს არ წავიდა, სვანეთში მოსალაპარაკებლად პრემიერ- მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი ჩავიდა. სუბარი ადგილობრივებს დაელაპარაკა, ბოლოს კი პროტესტის გამო გადაკეტილი გზაც გაიხსნა.

„იყოს არა 30 და 50 პატარა სახერხი ქარხანა, რომელიც სტანდარტებში არ ჯდება, არამედ იყოს 2-3-4 დიდი, მაგრამ თითოეულში მუშაობდეს 50 კაცი, 2-3 კაცის ნაცვლად. ამ გზით წავა საბოლოოდ განვითარება, ამას ვინც ვერ შეეგუება და მაინც იფიქრებს, რომ კანონის ავლით უნდა იმუშაოს, ის კანონის სიმკაცრით დაისჯება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. თუმცა, მისი სიტყვები ყველამ არ დაიჯერა.

„რაღაც უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ, რა და როგორ არავინ იცის, ვარაუდის დონეზეა. კითხვები ჩვენ დაგვისვეს, რა უნდა შეიქმნას და რით უნდა დასაქმდეს ხალხი ადგილზე. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ სოფლის მეურნეობა არსებობდა, მეორე – ტურიზმის განვითარება. საყრდენი არ აქვს არცერთ სიტყვას და ვერაფერს დაეყრდნობი“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომლის კომენტარიც რუსთავი2-მა გაავრცელა.

ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო სახერხები დალუქა. მედიის ინფორმაციით, ჭუბერსა და ხაიშში ყველა საამქრო დალუქულია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, სამსახურის თანამშრომლებმა 20 არარეგისტრირებული სახერხი გამოავლინეს და ათობით კუბური მეტრი ხის მასალა ამოიღეს. გარდა ამისა, ხის მასალის რეალიზების კანონიერების დასადგენად, საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ ინვენტარიზაციას 150-ზე მეტ ობიექტში, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხის მასალით ვაჭრობს.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა

მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ სახერხი საამქროები დალუქა და რამდენიმე ადამიანიც დააკავა, ვინც კანონის დარღვევით იყო ხე-ტყის რეალიზაციაში ჩართული, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში~, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქვეყნის მასშტაბით 15 პირის დაკავებას, რომლებსაც ბრალად ედებათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციას.

ბახტაძის თქმით, ამ საქმიანობისთვის ხელის დაფარების გამო დაისჯება ყველა, იმის მიუხედავად, თუ რა თანამდებობას იკავებენ ისინი. ბახტაძემ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა არის ხე-ტყის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება:

„როდესაც ჩვენ პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ადმინისტრაციული ღონისძიებები საკმარისი არ არის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ- სგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ მორისა და ფიცრის ექსპორტზე. რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, ეს რეგულაცია ჩვენ მომავალში საშუალებას მოგვცემს, აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ რეფორესტიზაციის, ანუ ტყის აღდგენის პროცესი. ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მისი მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ეკოლოგიაზე ზრუნვა თუ სადამსჯელო ოპერაცია?

ხელისუფლების ქმედებებს სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიესალმა კიდეც ხელისუფლების ქმედებას, ზოგიერთმა კი პირიქით – გააკრიტიკა.

`მწვანე ალტერნატივის~ წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძეს მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ერთი მხრივ საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა და მეორე მხრივ – პიარ-სქემა, თითქოს მოიფიქრეს, როგორ ებრძოლონ ხე-ტყის უკანონო მოპოვებას.

„ასეთი მეთოდებით რა შეიცვლება? ძირითადი კორუფციული სქემები რჩება, რაზეც წლებია ლაპარაკობენ, მოსახლეობა თავად მიმართავს ინსპექციას, თუმცა უშედეგოდ~, – ამბობს მანანა ქოჩლაძე.

„ის რაც მოხდა, სრულიად გაუმართლებელია. ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ უნდა ელაპარაკოს პოლიციის ძალით, დაუშვებელია დაძაბულობის მსგავსი კერების შექმნა.

რაც შეეხება ჭუბერში მომხდარ სტიქიას, გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც გააკეთა განცხადება, რომ ეს იყო მაღალი ტემპერატურისა და დნობის შედეგად წარმო შობილი სტიქიური მოვლენა და ხე-ტყის მოპოვებასთან არ იყო კავშირში~, – ამბობს ქოჩლაძე.

მისივე თქმით, ხე-ტყის ჭრა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და მისი დარეგულირება სოფლებში შევარდნით ვერ მოხერხდება:

„თუ დააკვირდებით, 2015 წლიდან სვანეთის გამოსასვლელში დგას ფინანსური პოლიცია და გარემოს დაცვის ინსპექცია. მათი მთავარი დანიშნულებაა, არ გამოატარონ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ზოგჯერ პოლიცია ჩვეულებრივ ანქანებსაც აჩერებს და ამოწმებს, გამოაქვს თუ არა ხე-ტყე. სვანეთს სხვა გამოსასვლელი არ აქვს. შესაბამისად,  თუ ხე-ტყე იჭრება, ეს არის მაფიოზური შეთანხმება და ისევ ფინანსურ პოლიციასა და გარემოს დაცვის ინსპექციასთან არის დაკავშირებული. სხვაგვარად წარმოუდგენელია როგორ გამოდის ამ რაოდენობის უკანონო ხე-ტყე, რაზეც ახლა პრეტენზიას აცხადებს სახელმწიფო. სად იყო სახელმწიფო ამ სამი წლის განმავლობაში? ნაცვლად იმისა, რომ კონტროლის უკეთესი მექანიზმები მოიფიქრონ და ებრძოლონ კარგად ჩამოყალიბებულ კორუფციულ სქემებს, მათ რატომღაც ომი სოფლის მოსახლეობასთან დაიწყეს“, – განაცხადა ქოჩლაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ ზუსტი მონაცემის დადგენა, თუ რა მოცულობის ტყე იჩეხება საქართველოში, რთულია:

„გაცილებით მეტი იჭრება, ვიდრე რეალური სტატისტიკა აჩვენებს. Global Forest Watch-ს აქვს სპეციალური რუკა, სადაც ჩანს ტყის გამეჩხერების მონაცემი. ასევე არის კოსმოსური რუკა, თუმცა, ყველა ჭრის გადაღება შეუძლებელია, რეალურად ადგილზე უარესი სიტუაციაა“. 

ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, ბოლო წლებში ყველაზე მეტი ზიანი ტყეს იმ კომპანიებისგან მიადგა, რომლებიც ჭრას ახორციელებდნენ საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად:

„ტყეების ის რაოდენობა რაც გაანადგურა „არემჯი გოლდმა“ დმანისში, ბოლნისში და თეთრი წყაროში, საკმაოდ მასშტაბურია. ასევე საკმაოდ მოცულობითი ჭრებიგანხორციელდა სვანეთში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობამდე და შემდეგაც. ადგილობრივი მოსახლეობისგან მაქვს ინფორმაცია, რომ იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც „ნენსკრა ჰესი“ აშენდა, ხდებოდა უკანონო ჭრები, რასაც აფიქსირებდა შსს, თუმცა ამის გამო არავინ დასჯილა. საკმაოდ მასშტაბურია ჭრები რაჭაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე კომპანია ფლობს ლიცენზიას და ახდენს ხე-ტყის ლეგალურად ჭრას“, – ამბობს მაჭარაშვილი.

ბევრისგან განსხვავებული პოზიცია აქვს პარტია „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს. მისი თქმით, ვიდრე ტყეები სახელმწიფოს ხელშია, პრობლემა არ მოგვარდება.

ჯაფარიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ჭუბერში მომხდარ წყალდიდობას ტყეების უსისტემო ჭრამაც შეუწყო ხელი.

„პრემიერის განცხადება ცოტა გაუგებარი იყო, თითქოს უბრალოდ უნდოდა უსისტემო ჭრის თემა რაღაცნაირად ეხსენებინა, რადგან თავისივე განცხადებაში საუბრობს სპეციალისტების განცხადებაზე, რომ მდინარის ადიდება ნალექმა გამოიწვია. თუ პრემიერი პრობლემას ხედავს იმაში, რომ უსისტემო ჭრა ხდება, მაქედან გამოსავალი არის ის, რომ ტყეები კერძო საკუთრებაში გადავიდეს, მათ შორის სახელმწიფოს და მოსახლეობას მასთან შემხებლობა აღარ უნდა ჰქონდეს, აღარც კორუფცია იქნება და აღარც უსისტემო ჭრა. სახელმწიფოს შეიძლება რაღაც რეგულაციები ჰქონდეს დაწესებული, მაგრამ ვიდრე ტყეებს პატრონი არ ეყოლება, მანამდე ვერავინ დაიცავს მას“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო პერიოდულად ცდილობს ხე-ტყის ჭრაზე კონტროლის გამკაცრებას, მაგრამ შედეგი ყოველთვის მსგავსია.

„პრობლემა ძალიან დიდი ხანია არსებობს და სახელმწიფოს რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრა შეეჩერებინა, მაგრამ მე მახსოვს ამის შედეგები რა იყო – სვანებმა გზები გადაკეტეს, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებთან სახელმწიფო დამარცხდა. მე მგონია, რომ ასე დამარცხდება სახელმწიფო ყოველ ჯერზე მანამ, სანამ ხელისუფლებას ექნება ილუზია, რომ ეს ტყეები არის მათი და ტყეს დაიცავს. ვერაფერს ვერ დაიცავენ, ეს არის გამორიცხული – ტყე შეიძლება დაიცვას მხოლოდ და მხოლოდ კერძო მესაკუთრემ. ვიდრე ის არის სახელმწიფოს ხელში, ჩვენ გვექნება ილუზია, რომ რამდენიმე დაქირავებული ეგერი სადღაც მთის მწვერვალებზე რაღაცას დაიცავს, სინამდვილეში ვხედავთ, რომ ვერაფერსაც ვერ იცავენ და ტყეები რეალურად ნადგურდება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

თავისთავად, საინტერესოა ხელისუფლების ახალი ინიციატივაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლება აპირებს ხე-ტყის იმპორტის დღგ-ისგან გაათავისუფლოს. ყოველ შემთხვევაში პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ასეთი განცხადება გააკეთა. აქვე ლოგიკურად ჩნდება კითხვა, როდესაც ადგილობრივი ხე-ტყის ჭრა შეჩერებულია და ხის მასალა მნიშვნელოვნად გაძვირდა, ვინ იქნება ხის მასალის იმპორტიორი, ვისაც ხელისუფლება დღგ- სგანაც გაათავისუფლებს?

თემურ იობაშვილი