ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ვენახიდან დაწყებული საფრთხეები ხარისხიანი ღვინისთვის - #3(56), 2018
რა პრობლემებს აწყდებიან დღევანდელი მევენახე-მეღვინეები საქმიანობისას

ქართულ მეღვინეობაში არსებული პრობლემების დიდი ნაწილი მევენახეობიდან იწყება. უხარისხო საღვინე მასალა, დაბინძურებული ნიადაგები, სეტყვა, გვალვა, ღვარცოფი, ხშირი წვიმები, ნაადრევი ყინვა – ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც ქართულ მევენახეობას აწუხებს და ცხადია, პრობლემური ყურძნისგან მაღალხარისხიანი ღვინის დამზადება რთულია,. რაც დადგება, იმ ღვინის ნორმალურ ფასად – გაყიდვაც არ არის იოლი საქმე.

საქართველოში ყურძენი პირველ რიგში კახეთში მწიფდება და რთველიც აქედან იწყება, შემდეგ გრძელდება ქართლით, იმერეთით, გურია-სამეგრელოთი და რაჭა-ლეჩხუმით მთავრდება. რთველი ყველაზე კარგად აჩვენებს ყველა პრობლემას, რაც მთელი წლის მანძილზე მევენახეობა-მეღვინეობაში არსებობდა და ისიც ნათლად ჩნდება, კონკრეტული მოსავლის წლიდან როგორი ღვინოს უნდა ველოდოთ სხვადასხვა რეგიონებში. სამწუხაროდ საქართველოში, არის მუნიციპალიტეტები, სადაც წელს რთველი მხოლოდ ნაწილობრივ ჩატარდა.

სეტყვა და ღვარცოფი

ცნობილი ამბავია, რომ კახეთში მევენახეების მთავარი სატკივარი სეტყვაა. ისიც ხდება ხოლმე, როცა დასაკრეფად გამზადებული ყურძენი წინა დღეს დასეტყვილა და მთელი წლის წვალება წყალში გადაყრილა. ზაფხულში მოსული სეტყვა ხომ ლამის ნორმად არის ქცეული და არც არავის უკვირს.

ლექსო ფიცხელაური, მცირე მეღვინე, მარან „ლექსოს მარნის“ მფლობელი:

„ჩემი ვენახები ძირითადად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აშხანში და მიმდებარე სოფლებში მდებარეობს. როგორც იცით, წელს სეტყვამ თელავისა და ახმეტის ვენახების დიდი ნაწილი გაანადგურა. ჩემი ვენახები სასწაულებრივად გადაურჩა სრულ განადგურებას. ცხადია, ზარალი მეც ვნახე, მაგრამ ის, რაც ახმეტის სოფლების დიდ ნაწილს დაემართა, გამიმართლა და მსგავსი უბედურება მე არ დამტეხია თავს.

დღეს ხშირად ამბობენ, რომ ამ პრობლემიდან გამოსავალი ვენახების დაზღვევაა, მაგრამ ეს ყველაფერი სათქმელადაა ადვილი. რეალურად ვენახების დაზღვევა საკმაოდ ძვირი ჯდება (ეს არც არის გასაკვირი) და მევენახეებს ურჩევნიათ გარისკონ, რადგან ზოგს უბრალოდ არ უღირს ბევრი ფულის ხდა იმაში, რაც შემდეგში საკმაოდ იაფად უნდა გაყიდონ და საერთოდ, ყურძენს გაყიდიან თუ ვერა – ისიც არ იციან. მე ყურძენს არ ვყიდი. ღვინის რეალიზაციის პრობლემა კი არასოდეს მქონია, მაგრამ ცხადია, მთელი ახმეტის სახელით ვერ ვილაპარაკებ“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის გარდა თელავის არაერთი სოფელიც დააზიანა. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში სეტყვას ღვარცოფიც მოჰყვა და ამან არამხოლოდ წლევანდელი მოსავალი, თავად ვენახებიც გააფუჭა. ამიტომ საჭირო გახდა ვენახების განახლება და ასევე არის ადგილები, სადაც ვაზი საერთოდ თავიდან გასაშენებელია. 

ვაზი და მეწყერი

მიწის ეროზია, ანუ მეწყერი მთიანი აჭარისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ და მოუგვარებელ პრობლემად რჩება. სპეციალისტების აზრით, დამეწყრილ სოფლებში და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მრავალწლოვანი კულტურების გაშენება პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, თუმცა ჯერჯერობით ამ კუთხით ბევრი არაფერი კეთდება.

საბჭოთა კავშირის დროს ათასობით ჰექტარზე გადაჭიმული მრავალწლოვანი ჩაის პლანტაციები ორ ათეულ წელზე მეტია გაიჩეხა. მის ნაცვლად დათესილი კარტოფილი და სიმინდი კი მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან მუდმივად დამუშავებადი მიწა ეროზიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სწორედ ამიტომ, აჭარაში ბოლო წლებში დაიწყეს ვაზის მასობრივად გაშენება, რადგან მიჩნეულია, რომ მრავალწლიანი კულტურა – ვაზი, მეწყერსაშიშ ადგილებში მიწას კარგად შეაკავებს. ამ კუთხით განსაკუთრებით პოპულრულია ცნობილი გურულ-აჭარული ვაზის ჯიში ჩხავერი. ჩხავერის მოყვანა ფინანსურადაც მომგებიანია, რადგან როგორც ყურძნის, ასევე ღვინის ფასი საკმაოდ მაღალია.

მთიან აჭარაში ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ადგილობრივი ჯიშები მთლიანად იყო გადაშენებული და ადგილობრივები ადესის ტიპის ჰიბრიდულ ვაზს ანიჭებდნენ უპირატესობას. ადესას ბევრი მოვლა არ სჭირდება, სამაგიეროდ არც მისგან დაყენებული ღვინო გამოირჩევა ხარისხითა და კეთილგემოვნებით. აჭარაში ისტორიულად მრავალი საინტერესო ვაზის ჯიში გვხვდებოდა. ჩხავერის გარდა უნდა გამოვარჩიოთ ვაზის ჯიში საწური, რომელიც ასევე გაქრობის პირასაა.

აჭარაში მეწყერების პრობლემა რასაკვირველია უცბად ვერ მოგვარდება, მაგრამ ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ დამრეც ფერდობებზე გლეხებმა კარტოფილის ნაცვლად მრავალწლოვანი კულტურები: ვაზი, თხილი ან ჩაი გააშენონ, რადგან სხვაგვარად მიწის შემაგრება ვერ მოხერხდება.

ილია მალაყმაძე აჭარაში ხელვაჩაურის სოფელ ჩიქუნეთში მცირე მარნის, „ილიას მარნის“ მფლობელია, რომელიც ღვინოს ნატურალური მეღვინეობის პრინციპების დაცვით აყენებს. იგი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აჭარაში მევენახეობა-მეღვინეობა დღეს შედარებით კარგ მდგომარეობაშია, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ილია მალაყმაძე, მევენახე-მეღვინე:

„ჩემმა საქმიანობამ დამარწმუნა, რომ საკუთარი თავისა და შრომის უნარის გარდა არავის იმედი არ უნდა გვქონდეს. აჭარაში მეწყერი უმთავრესი პრობლემაა და ეს ყველამ ვიცით. ვენახი კი ამ პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო წყაროა. ამის მიუხედავად, ბევრგან მაინც მრავალწლიანი კულტურების ნაცვლად ერთწლიან კულტურებს ააშენებენ და ეს პრობლემას არათუ აგვარებს, პირიქით – ნიადაგების კიდევ უფრო მეტად გამოფიტვას უწყობს ხელს. ვისურვებდი აჭარაში ჩემს მსგავსად ბევრმა მოკიდოს ხელი მევენახეობა-მეღვინეობას და ეს ყველაფერთან ერთად ჩვენს ქვეყანასაც ძალიან გამოადგება“.

დაახლოებით ათი წლის წინ მთიან აჭარაში აჭარული ღვინის მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია გამოჩნდა. „აჭარული ღვინის კომპანიას“ ამ ეტაპზე საკუთარი ვენახები მცირე ფართობზე აქვს გაშენებული, ამიტომ კომპანიის ხელმძღვანელობა ადგილობრივი სხვადასხვა ჯიშის ყურძნის დეფიციტის შევსებას გლეხებისგან ახერხებს. როგორც ირკვევა, ყურძენს საკმაოდ მაღალ ფასად 3,5-4 ლარად ყიდულობენ. საქართველოში ასეთი მაღალი ფასი ყურძენს მხოლოდ აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმში აქვს. კახეთსა და ქართლში კი ყურძნის მაქსიმალური ფასი 1,5 ლარს არ აღემატება. მაღალი ფასი აჭარული ყურძნის უნიკალურობითა და სიმცირითაა გამოწვეული, რაც ბაზარზე მის მიმართ მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის.

ვაზის მოყინვა - გურულების საფიქრალი

ადრიან გაზაფხულზე ხშირი ყინვით ვენახის გაფუჭების პრობლემა ძირითადად დასავლეთ საქართველოს მევენახე- მეღვინეებს აწუხებთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ გურიაში. სამი წლის წინ, გურიაში, კონკრეტულად კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადრე გამოსული ვაზის კვირტები ყინვამ გაყინა და ადგილობრივი ჩხავერის მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა. სწორედ ამიტომ, ქართული ღვინის ასორტიმენტში 2015 წლის მოსავლის ჩხავერი პრაქტიკულად არსად გვხვდება.

ვენახის მოყინვის პრობლემა ჩოხატაურის გარდა, ოზურგეთელ და ლანჩხუთელ მევენახეებსაც უდგათ. თუმცა, იმის გამო, რომ ლანჩხუთსა და ოზურგეთში სამწუხაროდ, ჯერ ისევ უმეტესად ჰიბრიდული ვაზის ჯიშები – იზაბელა, ადესა, და ნოვეა გაშენებული, ჩხავერის, საკმიელის, სხილათუბნისა და სხვა ცნობილი გურული ჯიშების გაშენების ძირითადი არეალი მაინც ჩოხატაურშია. ამიტომ, გურული ღვინის მოყვარულთა ყურადღება სწორედ ამ მუნიციპალიტეტის სოფლებისკენაა მიპყრობილი.

ცნობილმა კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ ოჯახთან ერთად ოზურგეთის სოფელ შემოქმედში „მენაბდის მარანი“ დააარსა, რომლის ვენახებშიც ძირითადად სწორედ ჩხავერია გაშენებული. ვახუშტი მენაბდე ცდილობს ჩხავერი ისეთი წესით დააყენოს, როგორც ამას გურულები საუკუნეების მანძილზე აკეთებდნენ. ახალგაზრდა მეღვინემ კარგად იცის, რომ მისი რეგიონისთვის ვენახების მოყინვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ვახუშტი მენაბდე, „მენაბდის მარნის“ მფლობელი:

„ჩხავერი როგორც იცით ხეზე ასვლისკენ მიდრეკილი ვაზის ჯიშია და ასეთი ვაზის მოვლა საკმაოდ რთულია. ჩვენთან დიდი პრობლემაა ასევე მომეტებული ტენიანობა და ნესტი, რაც ვენახში სხვადასხვა დაავადებებისა და მწერების მოზღვავების მიზეზი ხდება ხოლმე. თუმცა, გურული მევენახეების მთავარი პრობლემა მაინც გაზაფხულზე ადრეული ყინვებია, რომელიც ახლადგამოტანილ კვირტებს აფუჭებს და თუკი კახეთში ნასეტყვარი ვენახის რაღაც ნაწილი მაინც შეიძლება გადარჩეს, გურიაში მოყინულ ვენახში მთელი მოსავალი იკარგება. გამიგია, რომ ადრე ვაზებს ძირში გაზაფხულობით ცეცხლს უნთებდნენ და ასე ცდილობდნენ მათ გადარჩენას. თუმცა საკამათოა ეს მეთოდი რამდენად სწორია და გამართლებული“.

სარწყავი სისტემის არარსებობა

საქართველოში 21-ე საუკუნეშიც კი არის ადგილები, სადაც წყალი არათუ მცენარეებისთვის, მოსახლობისთვისაც კი ფუფუნებად ითვლება. ამის გამო, დღეს, მაგალითად დედოფლისწყაროში, საგარეჯოში და ქართლში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელებში მრავალი ვენახი ხმება და ნადგურდება. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში სარწყავი სისტემების მოშლამ განსაკუთრებით ქართლკახეთი და ამ რეგიონების მევენახეობა დააზიანა.

ისტორიულად, კახეთში მიწები ყოველთვის ქართლზე ძვირი ღირდა და მხოლოდ ბოლო 15-20 წელია, რაც ქართლმა ფასით კახეთს მნიშვნელოვნად გადაასწრო. მაგალითად, შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტთან ახლოსმდებარე ერთი ჰექტარი კარგი სავენახე მიწის ფასი 50 ათასი დოლარიდან იწყება მაშინ, როდესაც გარეკახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ასეთივე ადგილს 30-40 ათას დოლარად უპრობლემოდ იყიდით.

იაგო ბიტარიშვილი, მევენახე-მეღვინე სოფელ ჩარდახიდან, „იაგოს მარნის“ მფლობელი:

„შიდა ქართლში ვენახების დათვალიერებითაც კი ჩანს, რომ ურწყავობის გამო ძველი ვენახების დიდი ნაწილი ჯერ ამორტიზირდა, შემდეგ კი საერთოდ გახმა. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახთან ახლოსმდებარე მიწის ნაკვეთები, რომლებიც საქართველოს ცენტრალურ ავტობანთან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ვენახებით იყო დაფარული და სწორედ ამ ტერიტორიებზე მოდიოდა განსაკუთრებულად კარგი და ხარისხიანი ქართლის ცნობილი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში ჩინური (ჩინებული). საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მალევე განადგურდა საირიგაციო სისტემები და ვენახების აბსოლუტური უმრავლესობა გახმა“.

მიუხედავად სარწყავის უქონლობისა, სოფელ ჩარდახთან და წეროვანთან ახლოსმდებარე ნაკვეთების საბაზრო ღირებულება არათუ დაეცა, არამედ გაიზარდა კიდეც, რასაც დედაქალაქთან ტერიტორიული სიახლოვე განაპირობებს.

ადგილობრივების თქმით, ჩარდახთან ახლოს ნაკვეთების შეძენა პირველ რიგში რთული საქმეა (ცოტა ვინმე თუ ყიდის კუთვნილ მიწას) და თუკი ერთბაშად, ერთი ჰექტარის მოცულობის მიწა 50 ათას დოლარად ნახეთ, ჩათვალეთ რომ ძალიან გაგიმართლათ. ყოფილ სავენახე მიწებს დღეს როგორც წესი სამოსახლოდ, ანდა ხეხილის ბაღის გასაშენებლად ყიდულობენ. აქვე იბადება კითხვა – მიწის მყიდველებს წყალი ხომ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად დასჭირდებათ?!...

მოსახლეობამ და მევენახეებმა სახელმწიფოს სხვადასხვა დონის მოხელეებს არაერთხელ მიმართეს და აცნობეს, რომ თუკი მდგომარეობა ასე გაგრძელდება, მათი ვენახები და ხეხილი უბრალოდ, საბოლოოდ გახმება და განადგურდება. თუმცა, იმის გამო, რომ საირიგაციო სისტემის მოწყობა ამ ტერიტორიაზე საინჟინრო თვალსაზრისით საკმაოდ რთულია და თან ფინანსურად ძვირიც ჯდება, სიტუაცია სასიკეთოდ მაინც არ იცვლება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბევრს ჰქონდა ახალი ვენახების გაშენების სურვილი და არაერთმა ადამიანმა სცადა კიდეც, მაგრამ თითქმის ყველა მათი ეს მცდელობა კრახით დასრულდა, რადგან სრულიად მშრალ და ურწყავ ნიადაგზე ვაზის გახარება ვერავინ შეძლო.

ღვინის გაფუჭება - მთავარი პრობლემა მეღვინეობაში

არ არსებობს მეღვინე, რომელსაც ღვინო არ გაფუჭებია. მეღვინე, რომელიც ამბობს, რომ ყოველ წელს სტაბილურად მაღალი ხარისხის და ერთნაირი ღვინო გამოსდის ან უბრალოდ იტყუება, ანდა ღვინოს ისეთი სტანდარტებით აყენებს, რომელიც ამ ღვინოს ყველაზე იაფფასიან და მდარე სასმელად აქცევს.

ბუნებრივი ღვინო ცხადია არაა სტანდარტული პროდუქტი, რომელიც მუდმივად მოგვცემს ხარისხის გარანტიას. ღვინის ხარისხობრივი ნაკლოვანებები შეიძლება ვენახიდანვე დაიწყოს. არასწორად მოვლილი, შეწამლული და დამუშავებული ვენახი უხარისხო საღვინე მასალის წყაროა და მეღვინემ (თუკი მევენახე და მეღვინე ერთი ადამიანი არაა) რამდენადაც კი არ უნდა მოინდომოს, მევენახის მიერ დაშვებულ შეცდომებს ვერაფრით გამოასწორებს და ღვინის ხარისხს ვერაფრით ასწევს.

რეზო გეთიაშვილი, „ვაჟა გეთიაშვილის მარნის“ წარმომოდგენელი:

„ღვინის გაფუჭების მიზეზი შეიძლება გახდეს ღვინის მოუვლელობა. მაგალითად, ღვინის დუღილის დროს ზემოთ ამოსული ჭაჭის გაშრობის შემდეგ თუკი დროულად არ ხდება მორევა, შესაძლოა გამომშრალმა ჭაჭამ ღვინოში ბევრი არასასურველი ბაქტერია ჩაიტანოს და დააბინძუროს. ის მეღვინეები, რომლებიც ღვინოში სხვადასხვა სახის მინარევებს და დამატებებს იყენებენ, ხშირად ვერ იცავენ განსაზღვრულ დოზებს და საბოლოო პროდუქტი შესაძლებელია ამ ყველაფრის უცოდინრობით, ან ზერელე ცოდნითაც გაფუჭდეს“.

ღვინის გაფუჭების უმთავრესი მიზეზი ხშირ შემთხვევაში საღვინე ჭურჭლის უსუფთაობაა. ნაღვინარი ჭურჭლის მხოლოდ წყლის ჭავლით გარეცხვა ხშირად ვერ უზრუნველყოფს მის ჭუჭყისგან დაცვას და ამგვარად დაბინძურებულ ჭურჭელში ჩასხმულ ღვინოში ვითარდება მრავალი არასასურველი მიკრობიოლოგიური პროცესი, რის შედეგადაც ღვინო ავადდება და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ღვინის დაძმარებით მთავრდება. ამიტომ, მთავარია ამ ყველაფერს სათანადო ყურადღება მიექცეს.

ლევან სეფისკვერაძე