ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
"ომეგა ჯგუფის" ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა - #3(56), 2018
საიდუმლო გარჩევები და ბიძინა ივანიშვილის ქართული თამბაქოს "გადარჩენის" იდეა 



„ომეგა ჯგუფის“ საქმის ირგვლივ სკანდალური დაპირისპირება თანდათან სულ უფრო დიდ მასშტაბებს იღებს. საქმში გაჩნდა უამრავი ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები და ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი წევრები მონაწილეობენ. ჩანაწერებში საუბარი სიგარეტის ბაზარზე წილების გადანაწილებას, მფარველობის სანაცვლოდ ხელისუფლებისთვის მილიონების გადახდას და ბიზნესმენებსა და მთავრობის წევრებს შორის საქმის გარჩევებს შეეხება. რუსთავი 2-მა ათამდე აუდიოჩანაწერი გაავრცელა, თუმცა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ეს ჯერ ყველაფერი არ არის და არსებობს ბიძინა ივანიშვილთან საუბრის ჩანაწერიც, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი მას ბიზნესის გადარჩენის სანაცვლოდ ფულის გადახდას აიძულებს.

ზაზა ოქუაშვილმა მის ბიზნესზე ზეწოლისა და 4 მილიონი ლარის წართმევის შესახებ პირველად სექტემბერში განაცხადა. მაშინვე ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია „ომეგა ჯგუფის“ მიერ ბიუჯეტის მიმართ 51 მილიონი ლარის გადაუხდელობის შესახებ და კომპანია გადასახადების თავის არიდების მცდელობაში დაადანაშაულა.

რატომ დაუგროვდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სიგარეტის იმპორტიორ და დისტრიბუტორ შპს „ოჯთ“-ს მილიონობით ლარი გადაუხდელი და რატომ არ სთხოვდნენ მას გადასახადების გადახდას წლების განმავლობაში? ეს კითხვა ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაჩნდა. იმიტომ ხომ არა, რომ ოქუაშვილი ფულს არალეგალურად იხდიდა? რას ემსახურებოდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან საეჭვო შეხვედრები, სად მიდიოდა დაშანტაჟებული ბიზნესის მიერ არალეგალურად გადახდილი ფული? ამ კითხვებზე ზუსტი და მკაფიო პასუხი დღემდე არ მოგვისმენია. 

"ომეგას" 51 მილიონიანი ვალი

„ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურს მხოლოდ აგვისტოს თვეში 11 წერილი გაუგზავნეს, სადაც საგადასახადო დავალიანების არა ჩამოწერას, არამედ რესტრუქტურიზაციას და თანხის განსაზღვრული გრაფიკით გადახდას სთხოვდნენ. როგორც „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი ამბობს, წერილში შემდეგი შეთავაზება იყო – რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში კომპანიის ძველი გადასახადები გაიყინებოდა და მიმდინარე და ვადაგადაცილებული გადასახადების ჩათვლით 2018 წლის ბოლომდე 10 მილიონ ლარს გადაიხდიდა. ხოლო 2020 წლის ბოლომდე „ოჯთ“ დაფარავდა 20 მილიონ ლარს, რომლიდანაც 11 მილიონი ლარი კონკრეტულად გადასახადი, ხოლო ცხრა მილიონი ლარი საურავი იქნებოდა. „ომეგა ჯგუფის“ განცხადებით, შეთავაზებაზე პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრსა და შემოსავლების სამსახურს პასუხი არ გაუციათ.

„ფინანსთა სამინისტროს რესტრუქტურიზაციის თხოვნით ჯერ კიდევ 2017 წლის 25 აპრილს მივმართეთ. ამ დროს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა, მაგრამ რესტრუქტურიზაციის კომისია არ შეკრებილა. ახლა აცხადებენ, რომ სხვა გეგმა შემოგვთავაზეს, უკეთესი, ვიდრე ჩვენი რესტრუქტურიზაციის გრაფიკი იყო, რაც ტყუილია. ყოველდღიურად საურავის სახით 22-25 ათასი ლარი გვერიცხება. დავალიანების ძირი თანხა 40 მილიონ ლარამდეა, ხოლო საურავი უკვე 11 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს საწარმოს სრულიად უკანონოდ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს აქციზურ მარკებს და ამით ართმევს მუშაობის საშუალებას. ამ მიზეზით კომპანია წელიწადნახევარში 3-ჯერ გაჩერდა. თუ ბიზნესის დახმარება უნდოდათ, გაეყინათ საურავები და მოეცათ გრაფიკი, მაგრამ მათი მიზანი კომპანიისთვის ვალის გაზრდა და მისი ზარალში ჩაგდება იყო. მიმდინარე გადასახადი რომ არ ჰქონდეს კომპანიას, თვეში დაახლოებით 600-700 ათასი ლარი მხოლოდ საურავი ერიცხება. რომელ ხელშეწყობაზეა საერთოდ საუბარი, როცა ამდენი ხანია გრაფიკს ვითხოვთ?“, – ამბობს „ომეგა ჯგუფის~ მენეჯერი
ლევან აღდგომელაშვილი.

მისი ინფორმაციით, ვალის რესტრუქტურიზაციის თხოვნით, ფინანსთა სამინისტროს კომპანიამ ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში მიმართა, თუმცა ამ დრომდე შედეგი არ ჩანს. შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ, რომ შპს „ოჯთ“-სგან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადების გადავადების შესახებ 11 თხოვნა მიიღეს. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ თანხის დასაფარად კომპანიას გრაფიკი 2016 წელს გაუფორმდა, ამ გრაფიკს კი „ოჯთ“ რამდენიმე თვის განმავლობაში არღვევდა, ერიცხებოდა მიმდინარე გადასახადები, რომლებსაც სრულად არ იხდიდა და ამიტომ დავალიანება იზრდებოდა. სამსახურის განცხადებაში წერია, რომ კომპანიამ რამდენჯერმე ითხოვა ვალის გადავადება და ახალი გრაფიკი, რაც მათ დააკმაყოფილეს. თუმცა, 2016 წლის დეკემბერში გაუქმდა გრაფიკი და ქონება დააყადაღეს. შემოსავლების სამსახურის თქმით, 2016 წლის ბოლოს შპს „ოჯთ“-მ ითხოვა სანქცია 3 თვით გაუქმებულიყო. იმ დროს კომპანიის დავალიანება 20 მილიონი ლარი იყო, მას ანგარიში გაუწიეს და ყადაღა მოუხსნეს. 2017 წლის მარტში, დავალიანებამ 30 მილიონს მიაღწია და კომპანიისა და ზაზა ოქუაშვილის უძრავი ქონებაც ისევ დააყადაღეს. ოქუაშვილის კომპანიამ შემოსვლების სამსახურს კვლავ მიმართა თხოვნით ყადაღა 6 თვით გაეუქმებინათ, ამის სანაცვლოდ, კომპანია დებდა პირობას, რომ გადასახადებს დროულად გადაიხდიდა. შემოსავლების სამსახური ამჯერადაც წავიდა დათმობაზე და კომპანიამ მუშაობა გააგრძელა, თუმცა, გადასახადები ისევ არ დაუფარავს. 2018 წლის აგვისტოში, როცა დავალიანებამ 50 მილიონ ლარს მიაღწია, შემოსავლების სამსახური იძულებული გახდა კომპანია ისევ დაეყადაღებინათ. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ გადასახადების პატიებას არ აპირებენ.

„ჩვენ დავინახეთ ტენდენცია, ძალიან ნეგატიური – ბოლო თვეების განმავლობაში ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება. არსებობს ბიზნესსაქმიანობა, არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციზო გადასახადი და ის უნდა გადაიხადოს ყველამ“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

„მათი დაჟინებული თხოვნის შედეგად „ომეგას“ დამფუძნებელს (ზაზა ოქუაშვილს) შევხვდი“, – ამბობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, – „მისმა ცოლმა კი თქვა, რომ ფინანსთა მინისტრმა დაგვიბარაო. არადა, დიდი ხანი ჰქონდათ ჩემთან შეხვედრის მცდელობა და ბოლოს ვალთან დაკავშირებით შევხვდი. იმდენს და ისე იტყუებიან, რომ ეს აბსურდის თეატრი საბოლოოდ იმდენად აბსურდული იქნება, რომ ყველას გაეღიმება და „ომეგას” ისტორია ამით დამთავრდება. ოქუაშვილს როცა შევხვდი, მეგონა, რომ მისი მხრიდან ვალის შემცირების ან გრაფიკის შეთავაზება იქნებოდა, თუმცა, ის ამაზე უარზე იყო. ბოლოს შეხვედრა შეხვედრისთვის გამოვიდა. შეხვედრაზე ვალის რესტრუქტურიზაციაზე საუბარი არ ყოფილა. გრაფიკი, რაც შევთავაზეთ, „ომეგა ჯგუფისთვის“ ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე რესტრუქტურიზაცია. მათი შემოთავაზებული გრაფიკი მივიღეთ, თუმცა, ეს გრაფიკი მათ არცერთი თვე არ შეასრულეს. მათი მხრიდან რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა აბსურდულია. კომისია რომც შეკრებილიყო, „ომეგა“ რესტრუქტურიზაციის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა“.

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ თუ ვალი დროულად არ დააფარება, „ომეგა ჯგუფის“ ქონებას აუქციონზე გაიყიდება. მთავრობის წევრები კი იმუქრებიან, რომ ზაზა ოქუაშვილს ვალს „კაპიკ-კაპიკ“ გადაახდევინებენ.

რაში ახდევინებდნენ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს 4 მილიონს

მუქარამ ხელისუფლების მხრიდან უფრო კატეგორიული ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი 4 მილიონი დოლარის არაფორმალურად გადახდას აიძულებდა. 9 სექტემბერს „რუსთავი 2“-მა რამდენიმე ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ზაზა ოქუაშვილთან სიგარეტის რეალიზაციის საიდუმლო სქემებს ათანხმებენ და მას საიდუმლო ფონდში ფულის შეტანაზე ესაუბრებიან. მანამდე, 7 სექტემბერს „იბერიამ“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ტელევიზიას დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტეს. საუბარი იყო კომპანია „ომეგა ჯგუფის“ ყადაღაზე, საიდანაც „იბერია“ ფინანსდებოდა.

ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ამჟამად ლონდონშია, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესში დახმარების მიზნით ორჯერ შეხვდა. ოქუაშვილს წინა ხელისუფლების დროს მისი ბიზნესისთვის მიყენებული 25-მილიონიანი ზარალის ანაზღაურება უნდოდა. პირველი შეხვედრა 2015 წლის ბოლოს სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის შუამავლობით შედგა.

„ყიფიანმა მითხრა, რომ ბიძინას სურდა ჩემთან შეხვედრა. პირველი შეხვედრა იყო საკმაოდ კარგი – ივანიშვილი პატივისცემით, შექებით შემხვდა. მე ვუთხარი ადგილობრივი წარმოების პრობლემები, რაც ეხებოდა „დემპინგს“. მე მოვითხოვე ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რათა „დემპინგი“ არ ყოფილიყო. ეს მან შემდგომში კარგად გამოიყენა. შეხვედრაზე იჯდა გიორგი გახარიაც, რომელიც მაშინ იყო ბიზნესომბუდსმენი. პირველი შეხვედრის შემდეგ, ივანიშვილი არის მობილიზებული, რომ კონტროლი აიღოს ბიზნესზე, კონტროლი აიღოს ყველაფერზე, თუ რამე თავისუფალია. ნახა, თუ სად იყო სუსტი წერტილები ფირმისა და „დემპინგი“ აკონტროლა ფირმის საზიანოდ. ამის შემდეგ მხვდება ოთარ ფარცხალაძე. კბილებამდე შეიარაღებული ხალხი დამხვდა. ყიფიანთან ერთად მივედი. ფარცხალაძე ძალიან პოზიტიურად იყო, რომ იხსნებოდა ჩემთვის ცისარტყელა ოცნებაში, ოცნების ცისარტყელა და ამით შეიძლებოდა ბევრი საქმე მეკეთებინა. თქვეს, რომ ამ ცისარტყელის გახსნისთვის საჭირო იყო კიდევ 4 მილიონი“, – ასე აღწერს ოქუაშვილი ივანიშვილთან და ფარცხალაძესთან შეხვედრას.

როგორც ოქუაშვილი ყვება, მან ფარცხალაძეს უთხრა, რომ ურთიერთობის გაგრძელება პირდაპირ ივანიშვილთან ერჩივნა, რაზეც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მიუგო, რომ თავად წარმოადგენდა ივანიშვილს. როგორც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, ამის შემდეგ მისი კომპანიების დირექტორების დაშინება და ბიზნესის შევიწროება დაიწყეს. ოქუაშვილმა საქმის მოგვარება ყიფიანს დაავალა. ყიფიანი წავიდა კვირიკაშვილთან, შემდეგ კი ისევ ოთარ ფარცხალაძესთან დაბრუნდა.

„ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი არასწორი მისამართისთვის და ზედმეტი სიარულისთვის. ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. ჩემი ხალხი თვალსყურს ადევნებდა, როცა წავიდა ლევანი, იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი, იმ ღამეს, ჩვენ ყველანი განვიცდიდით და მერე იყო სწორედ უფრო მეტი დაშინება იგივე ჩვენი დირექტორების.… მათ ვერ შეძლეს ჩემი დაშინება, რომ ის 4 მილიონი მიმეტანა და ისინი იძულებულები იყვნენ, რომ ივანიშვილი ჩაერიათ და თვითონ მოეთხოვა პირადად ივანიშვილს, რადგან ჩვენზე ამ ფსიქოლოგიურმა შეტევამ გავლენა ვერ მოახდინა. ივანიშვილი გახდა იძულებული, რომ თვითონ ეთქვა ეს. თავიდან მაჩვენებდა ოთხ თითს. ვიფიქრე, რომ ალბათ გამოთქმა არ უნდოდა. შემდეგ იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ და წვალობენ“, – ყვება ოქუაშვილი.

ყიფიანი ფარცხალაძის სარდაფში ყოფნას იმ აუდიოჩანაწერებში ადასტურებს, რომლებიც მომდევნო დღეებში გავრცელდა. ოქუაშვილისა და ყიფიანის სატელეფონო საუბრებიდან ისიც ირკვევა, რომ ყიფიანის სარდაფში ცემის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა და ის ამ კონფლიქტის შემდგომ გარჩევაშიც მონაწილეობდა.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი იძულებული გახდა ფული გადაეხადა. თანხა ოქუაშვილმა თავისი ოფშორული კომპანიიდან „თიბისი ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე 2016 წლის 20 აპრილს გადმორიცხა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, გიორგი გახარიამ და ოთარ ფარცხალაძემ, „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებს დაურეკეს და თანხა მეორე დღესვე პროცედურების დარღვევით, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გაიტანეს. „ომეგა ჯგუფის“ დირექტორების თქმით, თანხა ბანკიდან ორჯერ გაიტანეს, სულ 4 მილიონი ლარი. ფული ფარცხალაძემ წაიღო. თანხის გაცემას არც „თიბისი ბანკი“ უარყოფს, თუმცა, ირწმუნებიან, რომ ამ დროს პროცედურები არ დაურღვევიათ. ოქუაშვილის თქმით, მოგვიანებით როგორც გამოჩნდა, 4 მილიონი ლარი საკმარისი არ აღმოჩნდა და მალევე მისი 4 მილიონ დოლარამდე შევსება მოსთხოვეს.

ძვირადღირებული მანქანები მაღალჩინოსნებისთვის

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა თქვა, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფულთან ერთად ავტომანქანებსაც სთხოვდნენ. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ისმის სპორტის ყოფილი მინისტრის ხმა, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერს კონკრეტულ ავტომანქანებს: „მინი კუპერს“, BMW X 4-ს, BMW X 5-ს და კონკრეტულ მინისტრებს – დიმიტრი ქუმსიშვილს და ნოდარ ხადურს უსახელებს, ვისაც საჩუქარი უნდა გადასცეს.

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ნატო ჩხეიძე განმარტავს, რომ ასეთი შინაარსის საუბარი, სავარაუდოდ, 2017 წელს შედგა, როცა „ომეგა ჯგუფმა“ ფინანსთა სამინისტროს დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზნით მიმართა. 

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ძვირადღირებული ავტომობილები და მილიონობით დოლარი შესაძლოა, ქვედა რგოლებზე ნაწილდება. მისი განცხადებით, ყველა მინისტრს საკუთარი ლიმიტი აქვს.

„ყველა მინისტრს აქვს და ჰქონდა თავისი ლიმიტი, რომელიც განსაზღვრულია 200-300 ათას დოლარში. როდესაც არის მილიონებზე საუბარი, იმის იქით უკვე სხვა ჯგუფია, თუნდაც, ჯგუფი, რომელიც შეიძლება ხელმძღვანელობდეს მთავრობას, მაგრამ არ იყოს პირდაპირ მთავრობა“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები და საიდუმლო შეხვედრები დროში ემთხვევა სასამართლო პროცესებს, რომელიც „ომეგას“ და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და ირაკლი ჩუბინიშვილის „თბილისის თამბაქოს“, უცხოელ მომწოდებლებთან „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოსთან~ და „ფილიპ მორისთან~ ჰქონდათ.

2017 წლის იანვარში „ბრითიშ ამერიკან ტობაკომ“ ცალმხრივად შეუჩერა კონტრაქტი „ომეგას“, რაც ქართველ პარტნიორთან დაპირისპირების მიზეზი გახდა და დავა სასამართლოში გაგრძელდა. მალევე კიდევ ერთ უცხოურ მომწოდებელს „ფილიპ მორისს“ ვანო ჩხარტიშვილისა და ავთანდილ წერეთელის „თბილისის თამბაქომ“ უჩივლა. ადგილობრივი კომპანიები საერთაშორისო კომპანიებს დემპინგურ ფასებში სიგარეტის რეალიზაციას ედავებოდნენ. სასამართლომ უცხოურ კომპანიებს სოლიდური ჯარიმების გადახდა დააკისრა. საბოლოოდ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში მწვავე გამოხმაურების ფონზე, დავის გაგრძელებაზე ადგილობრივმა კომპანიებმა უარი თქვეს და ჯარიმა უცხოურ კომპანიებსაც აღარ გადაუხდიათ.

ფარულ ჩანაწერში მოსაუბრეები ამ სასამართლო დავებსაც ახსენებენ.

„მარჟა გაგვიკეთეს იმით, რომ ფილტრიანები დემპინგიდან გაიყვანოსო. ეს რაც სასამართლოთი არის გაჩერებული. ახლა სხვებმა რომ არ შემოიტანონ... უთხრას, რომ არ შემოიტანონ და გააჩერონ ეგენი“, – ეს არის ფრაგმენტი ფარული ჩანაწერიდან, სადაც „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი სასამართლო პროცესებზე საუბრობს და ხელისუფლების მხრიდან მათი ინტერესების ლობირებაზე აკეთებს მინიშნებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თამბაქოს ქართული და უცხოური კომპანიების სასამართლო დავები შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ სასამართლოს მიერ „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და კორუფციის ეჭვებს ბადებდა. გაირკვა, რომ კონკურენციის სააგენტომ საეჭვო გარემოებებში თავისი ვებსაიტიდან წაშალა დასკვნა, რომელიც სასამართლომ საქმეს არ დაურთო. საუბარია კონკურენციის სააგენტოს დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, არ დადგინდა თამბაქოს ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევა. დასკვნა თავდაპირველად სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, თუმცა, მოგვიანებით წაიშალა. ამ დროს კონკურენციის სააგენტოს უკვე ნოდარ ხადური ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდს ემთხვევა „ომეგასთვის“ ძვირადღირებული ავტომობილების მოთხოვნის ფაქტიც.

„ბრიტიშ ამერიკან ტობაკოსთან“ ჩაშლილ კონტრაქტში „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი ხელისუფლებას ადანაშაულებს. ლევან აღდგომელაშვილის თქმით, „ომეგა ჯგუფი“ გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს „თი ენდ ერ დისტრიბუშენმა“ ჩაანაცვლა, რომელიც ბრიტანული კომპანიის პირდაპირი კონტრაქტორი გახდა.

„ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“ დემპინგური ფასებით ჰყიდდა სიგარეტს, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. ამან ადგილობრივი წარმოება შეამცირა. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ „ომეგა ჯგუფისთვის“ ხელისშეშლა სხვა მეთოდებით სცადეს. სიგარეტის ბიზნესში დღესაც არაკონკურენტული გარემოა. ამის გამო არის, რომ „ბრიტიშ ამერიკან ტობაკომ“ „ომეგა“ ჩაანაცვლა „თი ენდ ერ დისტრიბუშენით“, სადაც 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი კვირიკაშვილის ბიზნეს-პარტნიორი რაფიელ სურამელაშვილია“, – ამბობს ლევან აღდგომელაშვილი.

"ქართული თამბაქოს განვითარების იდეა" თუ საიდუმლო ფონდი?

ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ყიფიანი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურიდან გამოსულმა ყიფიანმა განაცხადა, რომ ჩანაწერები ინსცენირებულია და ისინი ზაზა ოქუაშვილის უცხოელი ინვესტორებისთვის ჩაწერეს. ყიფიანის თქმით, ოქუაშვილთან ერთად ჩანაწერების ინსცენირებაში ირაკლი ჩუბინიშვილიც იყო ჩართული. დაკითხვის შემდეგ ყიფიანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრების მიზეზიც დაასახელა. მალევე ანალოგიურ ვერსიაზე დაიწყეს საუბარი იმ პირებმაც, ვინც ამ საქმეში ფიგურირებენ.

ყიფიანმა და ჩხარტიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან შეკრებების მიზეზად „ქართული თამბაქოს აღორძინების იდეა“ დაასახელეს. მათი თქმით, ივანიშვილი ამ სქემაში სწორედ ქართული თამბაქოს გადარჩენისთვის ჩაერთო და ოქუაშვილის ფულიც ამ პროექტისთვის იყო საჭირო.

„ქართული თამბაქოს განვითარების პროექტი“ თანაინვესტირების ფონდს უნდა დაეფინანსებინა. თამბაქო უნდა მოეყვანათ ლაგოდეხსა და აჭარაში, ასევე, უნდა მომხდარიყო სიგარის წარმოება, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ყიფიანი უნდა ყოფილიყო. პროექტის ღირებულება 20 მილიონი დოლარით განისაზღვრებოდა. პროექტში მონაწილეობდნენ ვანო ჩხარტიშვილი და ზაზა ოქუაშვილი. ჩხარტიშვილსა და ოქუაშვილს კომპანიაში 20-20% ექნებოდათ, ყიფიანს – მინორიტარული 40%, რასაც თანაინვესტირების ფონდი დააფინანსებდა. ფონდში ჩხარტიშვილსა და ოქუაშვილს კი 2-2 მილიონი დოლარი უნდა ჩაედოთ. როგორც გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, საბოლოოდ, ოქუაშვილს და ჩხარტიშვილს კომპანიაში თანხის ჩადება არ მოუნდათ. მათ „თანაინვესტირების ფონდს“ ფულის სანაცვლოდ ქარხნის გარანტიების მიტანა შესთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ, პროექტი ჩაიშალა.

„ქართული თამბაქოს აღორძინების პროექტზე მე და ზაზა მეორედაც შევხვდით ბიძინა ივანიშვილს, რა დროსაც მან განაცხადა, რომ მას მოეწონა იდეა და გამოთქვა მზაობა, რომ საკუთარი ფონდიდან დააფინანსებდა ამ პროექტს. დაფინანსება მოხდებოდა ფონდიდან, რომელსაც განაგებს გიორგი ბაჩიაშვილი. ბიძინა ივანიშვილთან მხოლოდ ორი შეხვედრა შედგა, რომელთაგან მხოლოდ ერთს დაესწრო გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენის სტატუსით“, – განაცხადა ყიფიანმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

საეჭვო შეხვედრების მიზანი მართლაც ქართული თამბაქოს აღორძინების იდეა იყო თუ სიგარეტის ბიზნესიდან ფულის შეგროვება? მეორე ვერსიას უფრო სარწმუნოს ხდის კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი, სადაც ზაზა ოქუაშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თამბაქოს ბაზრის განაწილების ახალ სქემაზე საუბრობენ. სქემა სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანიის შექმნას გულისხმობდა. ამ ალიანსის წევრ კომპანიებს სიგარეტების რეალიზაციიდან 50% წილი, ყველა გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2.5 თეთრი, გასაიდუმლოებულ ფონდში, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ დასაფინანსებლად უნდა გადაერიცხათ. სქემის დალაგების იდეა ვანო ჩხარტიშვილისგან მოდიოდა. როგორც ზაზა ოქუაშვილი ამბობს, შეთანხმება ჩაიშალა, რადგან მას საიდუმლო ფონდში ფულის ჩარიცხვა არ უნდოდა და „ომეგა ჯგუფის“ პრობლემები ფინანსთა სამინისტროსგან სწორედ საიდუმლო სქემის ჩაშლის შემდეგ განახლდა.

„ომეგა ჯგუფმა“ ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს სასამართლოში უჩივლა. საგამოძიებო უწყებამ კი მოკვლევა ჯერ მხოლოდ ლევან ყიფიანის პირველი ჩანაწერის შესახებ დაიწყო. იმ სქემით კი, სადაც პარტია „ქართული ოცნება“ ფიგურირებს, სამართალდამცველები ისევ არ დაინტერესებულან.

საინტერესოა, რომ ოქტომბრის ბოლოს, ბევრისთვის მოულოდნელად, `ომეგას~ თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა. შემოსავლების სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, `ოჯთ~-მ კომპანიის დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიონი ლარი ჩარიცხა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ზაზა ოქუაშვილი საგანგებო ბრიფინგის გამართვას აპირებდა, რომელიც ტექნიკური მიზეზებით ორჯერ გადაიდო, ბოლოს კი საერთოდ გაუქმდა.

ფაქტი ერთია: `ომეგას~ ქარხანა ამუშავდა. რეალურად ეს 1 მილიონის გადახდის გამო თუ ზაზა ოქუაშვილის მიერ დაანონსებული ბრიფინგის მიზეზით - ძნელი სათქმელია. იმავდროულად, კომპანიას კვლავ რჩება ბიუჯეტში ათეულობით მილიონი ლარი გადასახდელი.

ნონა ქვლივიძე