ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
აპირებს თუ არა ტურიზმის ადმინისტრაცია ბინების გაქირავების დაბეგვრას - #3(56), 2018
კიდევ ერთი სფერო, სადაც ხელისუფლებამ გადასახადის დაწესებას "კბილი მოუსინჯა"

საქართველოს ხელისუფლებას რომ ბოლო წლებში ბიზნესისთვის სხვადასხვა ახალი რეგულაციების შემოაქვს, ჩვენი ჟურნალიც ეხმიანება ხოლმე. ხელისუფლება საგადასახადო ტვირთს უზრდის როგორც მსხვილ, ისე პატარა ფირმებს. ამჟამად ლაპარაკია მცირე ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავლის შესაძლო დაბეგვრაზე. მაგალითად, პოპულარული ვებგვერდების – Airbnb-ის და Booking.com-ის მეშვეობით ბინის უცხოელ ტურისტებზე გაქირავებისთვის მოსაკრებლის თუ გადასახადის შესაძლო დაწესებას.

ცნობილია, რომ მსხვილ ბიზნესს გაცილებით მეტი რესურსი აქვს საგადასახადო ტვირთის ზრდას გაუძლოს. განსხვავებული სიტუაციაა მცირე ბიზნესის შემთხვევაში. ერთი მხრივ არის მთავრობის დეკლარირებული პოზიცია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელი შეუწყოს, მეორე მხარეს კი ასეთივე ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის ზრდაა.

მაგალითად, 2017 წლის პირველი იანვრიდან აქციზის განაკვეთების ზრდა შეეხო ნავთობპროდუქტების იმპორტიორ ფირმებს, რაც უმეტეს შემთხვევაში მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ; თუმცა, აქციზის ზრდა შეეხო აგრეთვე იმ ადამიანებსაც, ვისაც უცხოეთიდან მეორადი ავტომობილები ჩამოჰყავთ და ყიდიან. მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის – 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი – 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.

2016 წლიდან აქციზი გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე და სიგარეტზე. აქციზის ზრდა გაგრძელდა 2017 წლის პირველი იანვრიდანაც და 1 კოლოფ (20 ღერი) ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით გაიზარდა, ხოლო უფილტროზე 30 თეთრით. შესაბამისად, ყოველ კოლოფ სიგარეტში 1 ლარი და 70 თეთრი მხოლოდ აქციზის საფასურია.

რაც შეეხება ახალი მოსაკრებლის შემოღებას, მთავრობამ გასული ზაფხულიდან კერძო ტაქსებს „მიაკითხა“. 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომელიც თბილისში მოქმედ ტაქსებს ეხება. მერიის დადგენილების მიხედვით, ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ჰიბრიდულძრავიანებისთვის 50 ლარია. რეგისტრაცია 1 ოქტომბრამდე გაგრძელდა, მას შემდეგ ყველა ულიცენზიო ავტომობილი 200 ლარით ჯარიმდება. ოქტომბრის შუარიცხვებისთვის 18 000-ზე მეტი ლიცენზიაა გაცემული. ასე რომ, არც თუ პატარა თანხა მიიღო ბიუჯეტმა ლიცენზიის შემორებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოქტომბრის პირველ ნახევარშივე 100-ზე მეტ ტაქსის მძღოლს გამოუწერეს 200 ლარიანი ჯარიმა ლიცენზიის უქონლობის გამო...

ბინების ინტერნეტით გაქირავება შესაძლოა გადასახადით დაიბეგროს

ამ ყველაფრის ფონზე გამოიკვეთა კიდევ ერთი სფერო, რომელსაც მთავრობა გადასახადის დაკისრებას უპირებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის, აზრით, საჭიროა ტურისტებისთვის დღიურად ბინების გამქირავებლების საქმიანობის შესწავლა, რადგან ისინი სასტუმროებს არაკონკურენტულ გარემოში აყენებენ.

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „საქმიან დილაში“ გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ ვებგვერდი Airbnb-ის მეშვეობით ბინების გაქირავება სასტუმროებს პრობლემებს უქმნის და ტურიზმის ადმინისტრაცია სიტუაციას სწავლობს, რათა გამოსავალი იპოვნოს. ბინების გამქირავებლებმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაში გადასახადის დაკისრების საფრთხე დაინახეს.

გადაცემის წამყვანმა, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელი მაია სიდამონიძემ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს ტურისტების ნაკადის საკმაო ზრდის მიუხედავად, სასტუმროებს შარშანდელთან შედარებით 5-6%-ით შეუმცირდათ დატვირთვა. გიორგი ჩოგოვაძის თქმით, სასტუმროების გვერდით, ტურისტების მასპინძლობის სხვა საშუალებებიც მომრავლდა.

„ტურიზმმა გამოიწვია რამდენიმე მიმართულებით ბიზნესის გააქტიურება. ჩვენი ამოცანა სწორედ ის გახლდათ, რომ გვეჩვენებინა ბიზნესისთვის გრძელვადიანი ტრენდი, ანუ სტაბილური ზრდის ტრენდი. შედეგად გაჩნდა ახალი სასტუმროები, ინვესტორებმა დაინახეს ამ მიმართულებით ბიზნეს-პოტენციალი. იმავდროულად, გაჩნდა ბევრი აპარტამენტი. ადამიანებმა უბრალოდ იყიდეს 1-2 ოთახიანი ბინები ძირითადად ქალაქის ცენტრში, ძველ უბანში და აქირავებენ ყოველდღიურ რეჟიმში. ამ მიმართულებით ყველაზე დიდი კომპანიაა „აირბიენბი“, თუმცა, „ბუკინგ კომმაც“ დაამატა იგივე სერვისი“.

მაია სიდამონიძემ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ასეთი შეკითხვაც დაუსვა: 

– ეს მაინც არის „შავი ეკონომიკა“. როგორ ფიქრობთ, რამე ღონისძიება იგეგმება თუ არა, რომ სასტუმროები და აპარტამენტები თანაბარ, კონკურენტულ გარემოში იყვნენ?

ზოგადად, ეს პრობლემა მსოფლიოშიც დადგა. „აირბიენბიმ“ `შეაწუხა~ სასტუმროები. იგივე მდგომარეობაა მაგალითად, „უბერის“ მიმართულებით. ბევრი ლიცენზირებული ტაქსი აპროტესტებს იმას, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში გაჩნდა „უბერის“ სერვისი, რომელიც ტაქსის ლიცენზიის გარეშე საქმიანობს.

ამ მიმართულებით ის იგეგმება, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, სხვა ქვეყნებში როგორ დარეგულირდა ეს და ჩვენი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ ლიცენზირებულ სასტუმროებს თუ ტაქსის კომპანიებს არ შეექმნათ პრობლემა, იმიტომ რომ ვიღაცა გადასახადს არ იხდის, ასევე ბიზნესს არ შეექმნას პრობლემა. იმავდროულად, გადასახადი რა თქმა უნდა დამატებითი შემოსავალია პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში და ამის ადმინისტრირება უნდა მოხდეს“.

ჩოგოვაძის ამ განცხადებას მაშინვე გამოეხმაურნენ Airbnb-ის მომხმარებლები. ბევრისთვის ეს სისტემა მცირე შემოსავლის წყაროა და დამატებითი რეგულაციები ამ შემოსავლების შემცირებისა და დაკარგვის საფრთხის მატარებელია.

Airbnb-ის შესახებ ჩვენმა ჟურნალმა დაწერა №1(50), 2017-ში სტატია „AIRBNB – გამდიდრების შანსი ყველასთვის“. მაშინ მკითხველს გავაცანით როგორც „აირბიენბის“ დაარსება-განვითარების ისტორია, ასევე მუშაობის პრინციპი. ჯერ კიდევ 2 წლის წინ, აღმოჩნდა, რომ თბილისში საკმაოდ ბევრი ადამიანი ახერხებდა ამ მეთოდით ბინის გაქირავებას და გარკვეული შემოსავლის მიღებას. ტურისტული ნაკადის ზრდამ კი, კიდევ მეტ ადამიანს მისცა სტიმული, რამენაირად მოეხერხებინა აპარტამენტების მოწესრიგება და გაქირავება ყოველდღიურ რეჟიმში. სწორედ ასეთ კატეგორიას არ მოეწონა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ორაზროვანი პოზიცია. მათ ჩათვალეს, რომ ხელისუფლება ბინების გამქირავებლებისგანაც ისევე აპირებს ფულის ამოღებას, როგორც ეს მაგალითად, კერძო ტაქსებს დაუწესეს.

მას შემდეგ, რაც უკმაყოფილო ადამიანებმა სოციალურ ქსელებში შეუტიეს ტურიზმის ადმინისტრაციას, პასუხი ადმინისტრაციამაც გაავრცელა.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Aირბნბ-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეზღუდვებს, ან გადასახადების შემოღებას გეგმავს, არ შეესაბამება სიმართლეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მზად არის, დისკუსიაში ჩაერთოს გიდების სერტიფიცირების, სასტუმროების ლიცენზირების, ასევე ნებაყოფლობითი სარეიტინგო სისტემების შესაძლო შემოღების საკითხებთან დაკავშირებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის რაც შეიძლება მეტი განთავსების ობიექტის არსებობას, მათ შორის აპარტამენტებისა და ბინების გაქირავების სახით – ეს საშუალებას გვაძლევს, ქვეყანამ მეტი ტურისტი მიიღოს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით, რაც სხვადასხვა დადებით ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად გულისხმობს იმ მოქალაქეებისთვის დამატებით შემოსავლებს, რომლებიც ტურისტებზე ბინებს აქირავებენ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის რეგულაციების შემოღების შესახებ,სიმართლეს არ შეესაბამება“.

ამ სიტუაციაში პროგნოზების გაკეთება რთული ამბავია. მით უმეტეს, არჩევნების დროს როგორც წესი, ხელისუფლება გადასახადის ზრდას ერიდება ხოლმე. აი, არჩევნების ჩავლის და თავის სამშვიდობოზე დაგულების შემთხვევაში რა სიურპრიზებს მოუწყობს ბინების გამქირავებლებს, რთული გამოსაცნობია. საინტერესოა, რომ სხვადასხვა რეგულაციების შემოღებას ხელისუფლება და მისი მომხრეები ხშირ შემთხვევაში განვითარებული ქვეყნების მაგალითებით ამართლებენ ხოლმე. თუმცა, რატომღაც „ავიწყდებათ“, რომ მაგალითად, ლონდონში და ნიუ-იორკში თუ ადამიანისთვის ტაქსაობა ერთ-ერთი საშუალებაა ფული იშოვნოს, საქართველოში იგივე საქმიანობა ბევრისთვის ერთადერთი წყაროა ოჯახი რამენაირად გამოკვებოს. მსგავსი სიტუაციაა აპარტამენტების გაქირავებაზეც და ზოგადად, ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნამდვილად უადგილოა დაწინაურებული ქვეყნების მსგავსი რეგულაციების ტვირთის აქ გადმოტანის გამართლება.

თემურ იობაშვილი