ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
აფხაზური მევენახეობა-მეღვინეობა წარსულში და დღეს - #4(57), 2018
დღემდე რომელი ვაზის ჯიშებია შემორჩენილი ოკუპირებულ მიწაზე

მოყოლებული ძველი კოლხეთის ეპოქიდან, აფხაზეთის ტერიტორიაზე მევენახეობა-მეღვინეობა ყოველთვის განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვედარგი იყო და შავი ზღვის აუზში ვაზის ჯიშებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე ხარობდა. სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულად არსებული ქართული ვაზის 500-მდე ჯიშიდან 30-მდე ვაზის ჯიში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდამ ხარობდა და სწორედ ამ ჯიშებით შეიქმნა ის, რასაც აფხაზეთის ღვინოს ვეძახდით.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური ღვინო არ არის ისე­თი ცნობილი და პოპულარული, როგორც მაგალითად, კა­ხური, იმერული ან ქართლის ღვინო, აფხაზეთში მევენახეობა და მეღვინეობა ყოველთვის არსებობდა. ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ აქ ადგილობრივი ვაზის ჯიშები დღემდეა შემორჩენილი.

აფხაზეთში ვაზის მოვლის უძველესი ტრადიციები არსებობს, რასაც მდიდარი არქეოლოგიური მასალაც ადასტურებს. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია აფხაზეთში აღმოჩენილი სპეციალურად ვაზის მოვლისათვის განკუთვნილი შრომის იარაღები: ირმის რქისაგან და ქვისაგან გაკეთებული წალდები და სასხლავები, ბრინჯაოს დანები, რომლებიც ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეს განეკუთვნება. ამ პერიოდში სასხლავი დანების არსებობა მიგვითითებს როგორც მევენახეობაში დასპეციალების შედეგზე, ასევე ამ დარგის მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე.

აფხაზეთის მევენახეობაზე დაკვირვებულ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ავტორებს, შენიშნული აქვთ, რომ იქაურ მეურნეს წესად ჰქონდა საკარმიდამო მამულში რამდენიმე ჯიშის ვენახის გაშენება იმ ვარაუდით, რომ თუ უამინდობა ერთი ჯიშის ვაზს დააზიანებდა, სხვა ჯიში გადარჩებოდა და ოჯახი სულ უღვინოდ არ დარჩებოდა, რაც ყოველთვის დიდ დანაკლისად აღიქმებოდა. ბუნებრივია, პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, გლეხს ორიენტაცია ყველაზე გამოცდილ და მისადაგებულ ჯიშებზე ჰქონდა აღებული. ზოგადად კი ვაზის ჯიშების გამოყვანაში სიახლის გრძნობა და შეჯვარების უდიდესი ენთუზიაზმი მას არასდროს დაუკარგავს.

საინტერესო წამოწყება

რამდენიმე წლის წინ, სამეგრელოში, მარტვილის მუნიცი­პალიტეტში ქართულ-აფხაზური ვაზის ჯიშებისგან ვენახი მევენახე-მეღვინე ზაზა გაგუამ გააშენა, რომელმაც ნერგი აფხაზეთში ვერ მოიძია და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურას სანერგე-მეურნეობაში შემორჩენილი მეგრული და აფხაზური ვაზი ჯიშების გაშენება შეძლო, რომლის მოსავალს უახლოეს მომავალში ელოდება. ეს გახლავთ ერთ-ერთი პირველი რეალური მცდელობა, რაც აფხაზური ვაზის ჯიშების აღდგენა-გადარჩენას უკავშირდება.

ზაზა გაგუა, მევენახე-მეღვინე, მარან `Vino M’ARTVILLE“-ის 
დამფუძნებელი: 

`სამეგრელოც და აფხაზეთიც მუდამ გამორჩეული კუთხეები იყო მეღვინეობის კუთხით და აფხაზური ღვინის შესახებ ისტორიულ წყაროებშიც საკმაოდ ბევრი რამ წერია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მეგრული ჯიშების გარდა, აფხაზური ვაზის ჯიშების აღდგენაც. ეს ყველაფერთან ერთად ვფიქრობ კარგი ნაბიჯია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ. როგორც ლიტერატურიდან ჩანს, აფხაზური ვაზის ჯიშებისგან ევროპული ტიპის მსუბუქი ღვინის მიღებაა შესაძლებელი და სულ მალე თავად მექნება საშუალება ჩემთვის და ალბათ ბევრი ღვინის მოყვარულისათვის უცხო და მივიწყებული აფხაზური ღვინის გემო გავიხსენოთ“.

სამწუხაროდ, ამჟამად აფხაზეთი ოკუპირებულია და ამ კუთხეში ვენახებზე დაკვირვება რა თქმა უნდა რთულია. თუმცა, ქართველ ღვინის მოყვარულებს იშვიათად, მაგრამ მაინც ეძლევათ საშუალება აფხაზეთიდან წამოღებული სხვადასხვა ღვინო გასინჯონ და საკუთარი დასკვნებიც გააკეთონ. საუბარია იმ ღვინოებზე, რომლებიც ბოთლში იწარმოება და აფხაზეთის გარდა, ფაქტობრივად, მხოლოდ რუსეთის ბაზარზე გადის. 

აფხაზეთიდან წამოღებული ღვინის ნიმუშები ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა დღეს ამ მხარეში მეღვინეობის კუთხით. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ დახურულ დეგუსტაციაზე ღვინის მოყვარულებმა და სპეციალისტებმა დააგემოვნეს აფხაზეთში წარმოებული ღვინის სამი ნიმუში, რომლებმაც უნდა ითქვას, რომ დეგუსტატორებზე დიდი შთაბეჭდილება ნამდვილად ვერ მოახდინა.

ღვინო სახელწოდებით `აპსნი~ დაავადებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბოთლზე ყურძნის ჯიში არ იყო მითითებული, გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს გახლდათ ცოლიკოურისა და ავასირხვას კუპაჟი. ღვინო სახელწოდებით `აფხაზსკი ვინო~ აშკარად ჰიბრიდული წითელი ყურძნისგან (სავარაუდოდ ადესასგან) იყო დაყენებული და სოჭში მისი შეძენა თურმე ერთ დოლარად არის შესაძლებელი. ხოლო, ღვინო, რომელსაც `აბხაზია~ ერქვა, რამდენიმე (მათ შორის წითელიც და თეთრიც) ჯიშის ყურძნისგან იყო დაყენებული და მის გემოზე მსჯელობა შეუძლებელია, რადგან ასეთი შენარევებით მიღებული სითხე ხარისხიანი ღვინისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს.

"ილუზორული მეღვინეობა"

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს აფხაზეთში მეღვინეობა მხოლოდ `ილუზორულად~ არსებობს და იქ წარმოებული ღვინოები როგორც ხარისხის, ასევე თვისებების თვალსაზრისით, კრიტიკას ვერ უძლებს. შესაძლებელია კონკრეტულ ოჯახებში ვინმე დღესაც აყენებს ხარისხიან, ნორმალურ ღვინოს, მაგრამ ბოთლში წარმოებული აფხაზური ღვინის ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დაბალია. იმედია დადგება დრო, როდესაც ღვინის მოყვარულებს ხარისხიანი აფხაზური ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცემათ.

ქართველი მეცნიერი, მეღვინე და მკვლევარი ვაჟა გოცირიძე წლების მანძილზე აფხაზეთში მუშაობდა და მან განსაკუთრებულად კარგად იცის იქაური მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალი. ბატონი ვაჟა იხსენებს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ცნობილი იყო აფხაზეთში დაყენებული ღვინის რამდენიმე დასახელება. მათ შორის იყო: `ლიხნი~, `აფხაზეთის თაიგული~, `რიწა~, `სოხუმი~ და სხვა... დასახელებული ღვინოები ძირითადად წარმოადგენდა ჩვეულებრივ სუფრის ღვინოებს და ღირებულებითაც სწორედ იაფფასიანი ღვინოების კატეგორიას განეკუთვნებოდა. დღეს ეს სახელწოდებები აფხაზეთში დავიწყებასაა მიცემული.

ვაჟა გოცირიძე, მეღვინე, მკვლევარი: 

`ავასირხვა, ხაფშირა, აჩკიკიჟი და სხვა ცნობილი აფხაზური ვაზის ჯიშები აფხაზეთის გარდა, საქართველოში მხოლოდ საკოლექციო ნაკვეთებშია შემორჩენილი. საკუთრივ აფხაზეთში კი ძირითადად მხოლოდ ავასირხვას, ცოლიკოურს, ჰიბრიდულ ადესას და ოჯალეშს თუ შეხვდებით. ამ უკანასკნელს მხოლოდ გაგრასა და გალის რაიონში, რომელიც როგორც იცით ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში და პირველყოვლისა აფხაზეთში მრავალი ძველი და საუკუნეების მანძილზე გამოცდილი ვაზის ჯიშია, უკანასკნელი ერთი საუკუნის მანძილზე ამ ჯიშებმა იმდენი ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემა გადაიტანა, რომ დღეს ამ კუთხეში მეღვინეობა ფაქტობრივად კვდომის პირასაა.

ვენახებს აფხაზეთში ტრადიციულად ძირითადად მაღლარზე აშენებდნენ. ასევე წარმატებულად აშენებდნენ დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელ ტანმაღალ ხეებზე და ამ გზით მევენახე თავს იზღვევდა ვაზის სხვადასხვა დაავადებისაგან, რადგან ხეზე ასული ვაზის დაზიანება მცენარის მავნებლებს ნაკლებად შეეძლოთ.

– აფხაზეთში მევენახეობა-მეღვინებას პრობლემები ძირითადად როდის შეექმნა?

– სიტუაცია ძალიან დამძიმდა მე-19-ე საუკუნის შუა­ხანებში, როდესაც ევროპის ვენახებს ამერიკული მავნებელი პეპელა – ფილოქსერა შეესია და ვენახების 80-90 % გაანადგურა. ევროპიდან საქართველოში შემოსულმა ფილოქსერამ ქართული მევენახობაც მძიმე დღეში ჩააგდო და ისედაც ძალიან დაზარალებულ დასავლეთ საქართველო­შიც კი, აფხაზეთი ყველაზე მეტად დაზარალდა. ამის გამო, აფხაზეთის  მთელს რიგ სოფლებში ვაზი საერთოდ გაქრა.

ფილოქსერასგან შეშინებულმა ქართველმა მევენა­ხეებმა დაიწყეს გამოსავლის ძებნა. მეცნიერებმა მალევე მიაგნეს ვაზების გადარჩენის ხერხს და დაადგინეს, რომ ამერიკულ ე.წ. მწარე საძირეზე დამყნობილი ევროპული და მათ შორის ქართული ვაზიც ახერხებდა ფილოქსერასგან გადარჩენას. აფხაზეთში ამ მეთოდით მხოლოდ მევენახეების მცირე ნაწილმა იმოქმედა და დიდი წვალებით აღადგინა წამხდარი და გავერანებული ვენახები. უმეტესობამ კი გადაწყვიტა ჩვენში მაშინ ახლადშესული, ჰიბრიდული ვაზის ჯიშები გაეშენებინა და ამ გზით შეემსუბუქებინათ შრომაც და პრობლემებიც“.

მხოლოდ ავასირხვას იმედად...

მკვლევარი ვაჟა გოცირიძის განმარტებით, ჰიბრიდული ვაზის ჯიშები: ადესა, იზაბელა, ნოე, შემდგომში უკვე ასევე ხელოვნურად გამოყვანილი ჯიში –  შანიძე და სხვა, გახდა აფხაზეთის მევენახეობის მთავარი მამოძრავებელი ჯიშები, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ადგილობრივი მევენახე­ობა-მეღვინეობის კულტურა. როგორც იცით, ჰიბრიდულ ვაზის ჯიშებს წამლობა საერთოდ არ სჭირდება, გამძლებია რთული კლიმატური პირობების მიმართ და რაც მთავარია, ჰიბრიდული ჯიშები მოსავლიანობითაც გამოირჩევა. ცხადია, ჰიბრიდული ჯიშებისგან დაყენებული ღვინო ხარისხობრივად ნამდვილად ვერ გაუტოლდება იგივე ლეგენდარულ აფხაზურ ავასირხვას და არსებობს მრავალი სამედიცინო დასკვნა, რომ ჰიბრიდული ყურძნიდან მიღებული ღვინო ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც მავნებელია, მაგრამ მცირემიწიანობითა და რთული კლიმატური პირობებით გამორჩეული აფხაზეთისთვის სამწუხაროდ სწორედ ამგვარი ვაზის ჯიშები გახდა უპირველესი.

საბჭოთა კავშირის ეპოქაში, აფხაზეთის სხვადასხვა სოფლებში არსებულმა კოლმეურნეობებმა გეგმური ეკონომიკის მამების გადაწყვეტილებით აქცენტი ძირითადად ციტრუსების და ჩაის წარმოებაზე გააკეთეს. თუმცა, იყო რამდენიმე სოფელი, სადაც ადგილობრივმა კოლმეურნეობებმა ცნობილი აფხაზური ვაზის ჯიშები: ავრეხი, აკასაჟი, ავასირხვა, კაჭიჭი და სხვა გააშენეს. თუმცა, ავასირხვას გარდა, სხვა ჩამოთვლილი ჯიშები მალევე გაქრა კოლმეურნეობების ვენახებიდან და მხოლოდ საკოლექციო ვენახებშიღა გადარჩა. ავასირხვამ კი მეტად მცირე ფართობებზეღა გააგრძელა არსებობა.

გასული საუკუნის 90-იანი მძიმე წლები ასევე მძიმე იყო აფხაზური მევენახეობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ავადსახსენებელი კოლმეურნეობები დაიშალა, ომისა და ეკონომიკური გაჭირვების გამო, კოლმეურნეობების ყოფილი ვენახების ადგილზე ბევრმა გლეხმა სხვადასხვა ბოსტნეული თუ ბაღჩეული კულტურა გაახარა და ამ გზით შეძლეს რთულ დროში თავის გატანა. ადგილობრივი ჯიშები უმეტესად მხოლოდ ეზოებში ხეივნის სახით შემორჩა და ისიც რამდენიმე სოფელში.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი დღეს ოკუპირებულია და იქ შესვლა არამხოლოდ ღვინის მოყვარულებისთვის, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვისაც კი დიდი პრობლემაა, არსებული რთული სიტუაცია ნამდვილად ვერ აკნინებს იმ პოტენციალს, რაც ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით უდავოდ გააჩნია. იმედია დადგება დრო, როდესაც ამ დიდი პოტენციალის ათვისება და მსოფლიოსთვის გაცნობა მოხერხდება. ეს პირველ რიგში უკანონო საზღვრის იქით დარჩენილ მევენახეებს უნდა უნდოდეთ. 

ლევან სეფისკვერაძე