ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
სათამაშო ბიზნესი მორიგი რეგულაციების მოლოდინში - #1(58), 2019
რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ზედმეტ აკრძალვებს 

ხელისუფლება სათამაშო ბიზნესის რეგულირებას რამდენიმე წელია ცდილობს. ერთ-ერთ მომგებიან ბიზნესს 2017 წელს ჯერ მოსაკრებელი გაუზარდეს, ახლა უკვე რეგულაციების ახალი პაკეტი მზადდება, რომლითაც აზარტული თამაშების რეკლამასთან ერთად მოთამაშეთა ასაკი და გადახდის საშუალებები უნდა შეიზღუდოს. სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობა პარლამენტმა გასულ წელს დაიწყო. მათ შორის იყო კანონპროექტი „აზარტული თამაშობების რეკლამის აკრძალვის შესახებ~, რომელიც საკომიტეტო მოსმენებისა და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ საბოლოოდ კენჭისყრაზე ჩავარდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კანონპროექტზე მუშაობა ისევ გრძელდება. რა ჩაიწერება კანონში, რომლის შემუშავებაში საპატრიარქოც არის ჩართული და საბოლოოდ, რა შეზღუდვებს შემოიღებენ სათამაშო ბიზნესისთვის, ჯერჯერობით უცნობია. 
მთავრობა უკვე 2 წელზე მეტია ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების შემოღებაზე მუშაობს. ამ თემაზე განცხადებებს პრემიერ-მინისტრები მორიგეობით აკეთებდნენ, თუმცა, ცვლილებები დღემდე არ არის მიღებული. მანამდე უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს „აზარტული თამაშობების რეკლამის აკრძალვის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის მიერ იყო ინიცირებული. კანონპროექტმა გასულ წელს საკომიტეტო მოსმენები გაიარა, მაგრამ ცვლილებების პროექტი უმრავლესობამ 2 თვის წინ კენჭისყრაზე ჩააგდო. 

უმრავლესობის ახლა უკვე ყოფილი წევრის ლევან გოგიჩაიშვილის მიერ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით აიკრძალებოდა აზარტული და მომგებიანი თამაშების როგორც – გარე, ისე სატელევიზიო რეკლამირება. ასევე, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში. აგრეთვე, იკრძალებოდა გარე რეკლამა დასახელებული დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში, რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, სპორტული პროგრამისა თუ რეპორტაჟის სპონსორობის გარდა. 

როგორც კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, იყო მცდელობა, რომ კანონპროექტი უკან გაეტანა და ეს საკითხი კენჭისყრაზე არ დაეყენებინა. „კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თხოვნით თუ მოთხოვნით არის გაჩერებული“, – განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით, სათამაშო ბიზნესს გავლენიანი ლობი ჰყავს, ვინც მთავრობასა და პარლამენტზე ახდენს გავლენას და კორუფციული ინტერესების ეჭვებსაც აჩენს. დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მხარს პრემიერიც უჭერდა, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ სწორედ იმის გამო ჩააგდო, რომ ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი იყო.
 
„დაახლოებით, ყოველ მეორე 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდას აქვს შეხება ონლაინ აზარტულ თამაშებთან. საერთო ციფრი მოთამაშეების არის ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი. კანონპროექტი არის გამზადებული, კანონპროექტი არის შეთანხმებული, არსებობდა პრემიერ-მინისტრის სიტყვა, რომ ეს კანონპროექტი შემოვიდოდა და ასევე იყო კანონპროექტი, რეკლამის შესახებ, რომელიც იყო მთავრობასთან ერთად შემუშავებული, რომელიც მხოლოდ იმის გამო ჩააგდეთ, რომ მე ვიყავი ინიციატორი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
 
როგორც ირკვევა, მთავრობა ამჯერად ცვლილებების საკუთარ ვარიანტზე მუშაობს, რომლითაც რეკლამის გარდა ასაკობრივ და სხვა შეზღუდვებს ითვალისწინებს. წინასწარი ინფორმაციით, არასრულწლოვნების ელექტრონულ აზარტულ თამაშები ჩართულობა უნდა შეიზღუდოს, მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შემოღებით და თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნით. გარდა ამისა, შეზღუდვები წესდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშებისთვის ონლაინ გადახდების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ. ამ გზით ხელისუფლება აზარტული თამაშებში ჩართული ადამიანების შემცირებას ვარაუდობს. ასევე, ფიქრობენ, რომ შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის ონლაინ აზარტული თამაშობების კომპანიებში ფულის გადინება. მთავრობა ამ რეგულაციების შემოღებას სოციალური ფონის შემცირების აუცილებლობით ხსნის, რა¬საც მათი თქმით, აზარტული თამაშობები ამძიმებს. 

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის“ პროექტი კი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების სიის შექმნას ეხება, რომლის ადმინისტრირება შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს. კანონპროექტის მიხედვით, ამ სიაში მოქალაქე ორ შემთხვევაში შეიძლება, აღმოჩნდეს – საკუთარი მიმართვის საფუძველზე, ან სასამართლოს ბრძანებით. დღეისთვის, ონლაინ თამაშებში მონაწილეობა 18 წლის მოქალაქეს შეუძლია, სამორინეში და აზარტულ კლუბში შესვლაზე კი ზედა ზღვარი 21 წელია.
 
შეზღუდვების შემოღებას ეწინააღმდეგება სათამაშო ბიზნესის სექტორი. სათამაშო ბიზნესის ასოცია-ციის წარმომადგენლები ასაკობრივი ზღვარის გაზრდას არ ეთანხმებიან. მათი განმარტებით, 25-წლამდე მოქალაქეები, ვისაც თამაშის სურვილი ექნება, ან უცხოური ვებგვერდით ისარგებლებენ, ან დამკვიდრდება ხელზე თამაშის პრაქტიკა. 

„ასაკობრივი ზღვარის აწევა 25-წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ხელს ვერ შეუშლის, რომ ითამაშონ. ძალიან ბევრი მოთამაშე გადაინაცვლებს უცხოურ საიტებზე, რასაც ქვეყნიდან ვალუტის გადინებას და ბაზარზე სრული უკონტროლობა მოჰყვება. ის მომხმარებელი, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში სხვა ბაზარზე იქნება, საქართველოში არ დაბრუნდება და გრძელვადიან პერსპექტივაში, ბიზნესის ეს სექტორი ზარალზე წავა. ეს ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის, რადგან ისინი საკმაოდ დიდ გადასახადებს იხდიან“, – განაცხადა სათამაშო ბიზნეს-ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი მამულაიშვილმა.
 
ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო მოთამაშეების სხვა ბაზარზე გასვლას ვერ შეაფერხებს, ვერ ჩაკეტავს ფინანსურ ინსტრუმენტებს – ელექტრონულ საფულეებს და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებლებს უცხოურ პროდუქტებთან წვდომა კვლავაც ექნებათ. დაიწყება უცხოური პროდუქტების მოხმარება, მათ შორის, არასრულწლოვნების მიერ, რომლებსაც დღეს სერვისზე ხელმისაწვდომობას ყველა კომპანია უზღუდავს. 

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ 25-წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშების აკრძალვამ შესაძლოა, მოსახლეობის ეს სეგმენტი სახელმწიფოს კონტროლის არეალს ჩამოაშოროს.
 
„საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ამ სფეროში არსებობს, აჩვენებს, რომ ბარიერი 18 ან 21 წლიდან იწყება და მისმა ხელოვნურმა აწევამ შეიძლება ამ ზღვარში მოხვედრილი ადამიანების ჩრდილში გადაყვანა გამოიწვიოს. ეს შეიძლება იქცეს ფორმალურ შეზღუდვად. კომპანიები შეიძლება დარეგისტრირდნენ ქვეყნის გარეთ და გადახდები უცხოური ბანკის ბარათებიდან მოხდეს. ამ სექტორს დიდი მოცულობის თანხები შეაქვს სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტში. სარესტორნო, სასტუმრო და სატრანსპორტო მომსახურების სახით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში, ასაქმებს ბევრ ადამიანს, ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურებმა, როცა რეგულირების გამკაცრებას აპირებენ, ეს უნდა გაითვალისწინონ“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

სათამაშო ბიზნესის გადახდილი მილიონები 

სათამაშო ბიზნესისთვის მოსაკრებლის ზრდამ, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა, ბიუჯეტს დამატებითი მილიონები მოუტანა. მაგალითად, 2016 წელს თუ მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის 73,342 მილიონი ლარი შევიდა, 2017 წელს, ახალი განაკვეთების ამოქმედების შემდეგ, ის – 119, 586 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2018 წელს კი 136,5 მილიონს გადააჭარბა. 

გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტმა ყველაზე დიდი შემოსავალი სათამაშო აპარატების მოსაკრებლის სახით მიიღო – 75 მილიონი ლარი, მეორე ადგილზე სამორინეს მაგიდიდან შესული მოსაკრებელია – 41 მილიონი ლარით. საკმაოდ დიდია სათამაშო ბიზნესის ბრუნვაც. 2017 წელს ბრუნვამ 5,65 მილიარდი ლარი შეადგინა. 

სათამაშო ბიზნესიდან ამოღებული მილიონების მიუხედავად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და ამ ბიზნესის შემოსავლებს სრულყოფილად ვერ აკონტროლებს. ამიტომ უწყებამ საკონსულტაციო კომპანია დაიქირავა, რომელიც მას სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვაში უნდა დაეხმაროს. 

შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებულ პროექტში, რომელსაც „სათამაშო ბიზნესის კონტროლის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ“ აქვს სათაური და სამსახურის ვებგვერდზეა ატვირთული, რამდენიმე მიმართულებაზეა ყურადღება გამახვილებული.
 
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური"(შემდგომში შემოსავლების სამსახური) გასცემს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვებს და ასევე, ამოწმებს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შესრულებას და გადასახადების გადახდის სისწორეს. 
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სათამაშო აპარატებზე გათვალისწინებული უნდა იყოს დადებული ფსონის სულ ცოტა 80 პროცენტი მოგება. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული თამაშობა იბეგრება მოგების გადასახადით, ხოლო ტოტალიზატორი ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამიდან 7% იანი განაკვეთით. ასევე, ფიზიკურად მოწყობილი სამორინე იბეგრება მოგების გადასახადით.
 
არსებული მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია ბერკეტი დააწესოს და განახორციელოს სრულყოფილი კონტროლი გადასახადების გადახდის და სანებართვო პირობების შესრულებაზე, ვინაიდან არ გააჩნია კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის კონტროლის მიზნით, საჭიროა შემოსავლების სამსახურისთვის ცნობილი იყოს ინფორმაცია თითოეულ სათამაშო აპარატში შესული და გასული თანხების ე.წ „IN-OUT“-ის შესახებ, სათამაშო აპარატის მოგების გაცემის პროცენტის ოდენობის შესახებ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული თამაშობის (სათამაშო აპარატების სალონი, სამორინე) შემთხვევაში ტრანზაქციების ისტორიის შესახებ, ტოტალიზატორის შემთხვევაში, ყველა დადებული ბილეთის ისტორიის სისწორის შესახებ და ფიზიკურად მოწყობილი სამორინეს შემთხვევაში სალაროში და თითოეულ მაგიდაზე შესული/გასული თანხების/ჟეტონების შესახებ“, – წერია პროექტის შესავალში. 

უწყებას ამ გზით მეტი თანხების ამოღება სურს. საკონსულტაციო კომპანიას ისინი მომსახურებაში 495 ათას ლარს უხდიან. 

სამორინეთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ამირანაშვილი მიიჩნევს, რომ სათამაშო დაწესებულებების რეკლამის შეზღუდვა უმეტესად ბაზარზე შემოსულ ახალ მოთამაშეებს დააზარალებს, რომლებსაც კლიენტების მოზიდვა გაუჭირდებათ. მისი თქმით, სათამაშო ბიზნესს რეგულაციები სჭირდება, თუმცა, ცვლილებები კარგად გააზრებული უნდა იყოს.
 
„ეს ბიზნესი ცივილიზებული უნდა გახდეს. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები კაზინოს ხარჯზე არსებობს, მით უმეტეს, არა ტურისტულ სეზონზე. არის მაგალითები, რომ მთავრობა ჩაერია სათამაშო ბიზნესში და რეგულაციებით დააზიანა. ეს განსხვავებული ბიზნესია, არ ჰგავს სხვა სფეროებს, ამიტომ მას ინდივიდუალურად უნდა მიდგომა. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მამუკა ბახტაძეს, როცა ის ფინანსთა მინისტრი იყო და ჩვენი წინადადებები შევთავაზეთ, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. მას პრემიერობის დროსაც გავუგზავნეთ წერილები, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მას შემდეგ გავიდა 2 წელი. 

აჭარაში 2-3 თვეა ტურისტული სეზონი, სხვა დროს ტურისტი არ არის. კვარტალურად იხდის სამორინე გადასახადს. არადა, კვარტლის დასაწყისში, მაგიდები ცარიელია. ჩვენი წინადადება იყო, სეზონურობის გათვალისწინება მომხდარიყო. მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც ჩანს, არ სცალიათ ჩვენთვის. აჭარაში კაზინოებში უმეტესად უცხოელები ჩამოდიან სათამაშოდ. ჩვენ, მოქალაქეებს კი არ ვაღატაკებთ, არამედ ტურისტებს ვიზიდავთ, ამიტომ ტურისტულ რეგიონებში ამ ბიზნესის მიმართ მიდგომა განსხვავებული უნდა იყოს. 

იყო საუბარი, რომ კაზინოში საქართველოს მოქალაქეები არ შეუშვან. ვფიქრობ, ეს არ იმუშავებს. აზარტული თამაშები, რომელიც ასწლეულები არსებობს, აკრძალვის შემდეგ იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს. აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის მაგალითები გვაქვს, სადაც არალეგალური კაზინოები ხალხითაა სავსე. აკრძალვის შემთხვევაში ჩვენთანაც იგივე მოხდება და ის კრიმინალის კიდევ ერთი კერად იქცევა. 

უმჯობესი იქნება, ლიცენზიების გაცემის რეგულირება მოხდეს. აჭარაში ახალი კაზინოები სოკოებივით ამოდის და უკვე არაჯანსაღი კონკურენციის ნიშნებიც გაჩნდა. მთავრობამ კაზინოების სიმრავლეზე კი არ უნდა გააკეთოს აქცენტი, არამედ ხარისხზე. ვინ ხსნის კაზინოს და რა ფულით, იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდა, რას აკეთებს, ფული როგორ იშოვა, ფულის გასათეთრებლად ხომ არ ხსნის კაზინოს, ამის კონტროლი არ ხდება. 

„შერატონში“, სადაც ჩვენი კაზინოა განთავსებული, ცოტა ხნის წინ სატელეფონო ზარი შევიდა, რომ შენობაში ბომბი იყო. სასტუმრო 4 საათი ევაკუირებული იყო. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს რომელიმე კონკურენტის მიერ იყო გაკეთებული. ეს იმიტომ, რომ კაზინოებს კლიენტურა არ ჰყავს, ხარჯებს ვერ ფარავს და ამის მერე გადასახადებს დამალვას იწყებს. მთავრობა მარტივი არითმეტიკით ხელმძღვანელობს, რაც უფრო მეტი კაზინოა, მით მეტი გადასახადი შევა ბიუჯეტში, მაგრამ ასე არ არის. უფრო გრძელვადიანი პროგნოზებს უნდა შევხედოთ. გადასახადების 30%-ით მომატებით ბიუჯეტის შემოსავლები ამდენითვე არ გაზარდა, რადგან მაგიდები და სათამაშო აპარატების რიცხვი შეამცირეს. სამაგიეროდ, უმუშევრობა გაიზარდა. ამ ბიზნესში არაჯანსაღი კონკურენციის ნიშნები გაჩნდა და ამის შემდეგ გადასახადების დამალვაც დაიწყება“, – ამბობს შოთა ამირანაშვილი. 

სათამაშო ბიზნესის სფეროს კვლევა შარშან კომპანია IPM-მა ჩაატარა. მკვლევარების ინფორმაციით, კანონ-პროექტზე მუშაობის პროცესი საკმაოდ გახანგრძლივდა, რაც სავარაუდოდ, კანონის სირთულეზე და სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებულ ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს. ორგანიზაცია კვლევების საფუძველზე ასკვნის, რომ სათამაშო ბიზნესი საქართველოში მზარდია და ამას ქვეყნის რეგიონებში სათამაშო ბიზნესის ობიექტების მშენებლობაც ადასტურებს. მაგალითად, ლაგოდეხში აკვაპარკი და სასტუმრო იხსნება, სადაც კაზინოც ექნება. ასევე, წყალტუბოში სასტუმროს, კაზინოს ან გასართობი ცენტრის მოსაწყობად უძრავი ქონება იყიდება. კაზინო ფუნქციონირებს გუდაურშიც. ქობულეთში 200-მილიონიანი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება. პროექტი 220-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, კომპლექსში ამერიკული კაზინო „ლას ვეგასი“ შედის. სასტუმროში "Biltmore Tbilisi" კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL გაიხსნა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროში გასული წლის მდგომარეობით სულ 139 ნებართვაა გაცემული.
 
2018 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის სექტორში ყველაზე დიდ წილს ფლობს კომპანია „ევროპაბეთი“, რომელიც ბაზრის 24%-ს აკონტროლებს. 21%-იანი წილის მფლობელია „კრისტალბეთი“, მესამე პოზიციას იკავებს „აჭარაბეთი“ – 20%-ით, შემდეგ მოდიან „ლიდერბეთი“ – 15%-ით, „კაზინო აჭარა“– 8%-ით, კაზინო „ავიატორი“-3% და ა.შ. 

სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის გასული პერიოდის განმავლობაში, სათამაშო ბიზნესის ყველაზე აქტიური ბრენდების სია ასე გამოიყურება.
     

ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის სათამაშო ბიზნესის მნიშვნელობაზე თავის კვლევაში Galt & Taggart-იც მიუთითებს. საინვესტიციო კომპანიის შეფასებით, ტურისტების მოსაზიდად პრიორიტეტს წარმოადგენს ზამთრის კურორტების პოტენციალის სრულად ათვისება და სათამაშო ბიზნესის განვითარება. 

ნონა ქვლივიძე