ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
პანდემიის მძიმე კვალი მსოფლიო მეღვინეობაზე - №4(65), 2020
ქვეყნები დარგის გადასარჩენად გამოსავალს ეძებენ, რას აპირებს საქართველო? 

2020 წლის დასაწყისში, როცა კორონავირუსმა გავრცელება დაიწყო და პარალელურად ღვინის გაყიდვები შემცირდა, ექსპერტების ნაწილი ფიქრობდა, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო. მათი ვარაუდით, რამდენიმე კვირის შემდეგ გაყიდვები ჩვეულ მაჩვენებელს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ყველგან ასე არ მოხდა. როგორც სტატისტიკა მოწმობს, კორონავირუსმა 2020 წლის გაზაფხულზე ზოგიერთ ქვეყანაში ღვინის გაყიდვებზე სულაც დადებითი გავლენა მოახდინა და უფრო მეტი ღვინო გაიყიდა, ვიდრე COVID-19-ის გამოჩენამდე იყიდებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო და მოგვიანებით კრიზისი ყველას შეეხო. 

ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სადაც კორონავირუსი გავრცელდა, მთელი რიგი შეზღუდვები მალევე დააწესა ქვეყნის ხელისუფლებამ ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში სასმელის გაყიდვაზე. აგრეთვე აკრძალეს რესტორნების და ღვინის ბარების მუშაობა. შესაბამისად, შემცირდა ღვინის ექსპორტ-იმპორტი. 2020 წლის პირველ თვეებში დაწესებულმა შეზღუდვებმა დარგი მალევე ჩააგდო შოკში. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს მრავალი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა მნიშვნელოვნად დაზარალდა. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ღვინის სექტორმა მხოლოდ გაზაფხულზე 7 მილიარდი რანდის (1,4 მლრდ ლარი) ზარალი ნახა. 

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, პანდემიის დასაწყისში იყვნენ ქვეყნები, სადაც ღვინის გაყიდვა კორონავირუსის კრიზისის პირობებში პირიქით, გაიზარდა კიდეც. ერთ-ერთი მათგანი იყო გერმანია, სადაც ღვინის გაყიდვამ გაზაფხულზე მთელი 12,5-%-ით მოიმატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ღვინის ინსტიტუტი (DWI) აქვეყნებს. ინსტიტუტმა 20 ათასი ოჯახი გამოკითხა და აღნიშნულ დასკვნამდე ამ გზით მივიდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ღვინის მოხმარება გერმანიაში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით წელიწადში საშუალოდ 20,1 ლიტრს შეადგენს. 

ღვინის დარგისთვის გერმანიისგან განსხვავებული ვითარება იყო საფრანგეთში, სადაც კარანტინის შემოღებიდან სულ რაღაც 12 დღის შემდეგ ღვინის გაყიდვა 16%-ით შემცირდა. კიდეფ უფრო უარესი ტენდენცია გამოიკვეთა ცქრიალა ღვინის სეგმენტში. საფრანგეთში ყველაზე მეტად სწორად შამპანურის მწარმოებლები დაზარალდნენ. მათ ბიზნესში 52,5%-იანი ვარდნა აღირიცხა.

ამჟამად პანდემიის გამო ვერგაყიდული ღვინო უბრალოდ ვეღარ ეტევა ტრადიციული ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ღვინის საცავებსა და სარდაფებში. მყიდველი არ ჩანს. ქარხნებმა განუცხადეს ფერმერებს, რომ 2021 წელს შესაძლოა, ყურძენი ვერც კი ჩაიბარონ. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ფერმერები მთლიანად დაკარგავენ ორი წლის შემოსავლებს. 

ავსტრია 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, COVID-19-მა მძიმე დარტყმა მიაყენა ღვინის სექტორს მსოფლიოს მრავალ წერტილში. მათ შორის გამონაკლისი არც ავსტრიაა, სადაც კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. როგორც კორონავირუსის პანდემიამდე იყო პროგნოზირებული, მხოლოდ საზოგადოებრივ კვების დაწესებულებებში (რესტორნები და ღვინის ბარები) სულ მცირე 23 მილიონი ლიტრი ღვინო მაინც უნდა გაყიდულიყო, რაც პანდემიის გამო დაწესებული იზოლაციის გამო ვერ შესრულდა. შესაბამისად, ჭარბად დარჩა ღვინო, რომლის გაყიდვასაც ავსტრიელები შიდა ტურიზმის წახალისებით ცდილობენ. სწორედ ამ მიზნით ავსტრიის ტურიზმის სამსახურმა დაიწყო კამპანია სლოგანით „ღვინისკენ“. 

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში განხორციელდა არაერთი საინტერესო ტურისტული აქტივობა. ავსტრია ცდილობს, ღვინის ტურიზმი მიმზიდველი გახადოს თავად ავსტრიელებისთვის. სახელმწიფო მცდელობას არ აკლებს, რომ ავსტრიელებმა ღვინის მწარმოებელ რეგიონებში იმოგზაურონ, იქ ადგილობრივი კერძები და ღვინო მიირთვან. ასე რომ, ავსტრიის ხელისუფლების მიზანია, ავსტრიელები მშობლიური ალკოჰოლური სასმელის მუდმივ მომხმარებლებად გადააქციოს. 

ავსტრიის ხელისუფლების ამ ნაბიჯებს მარკეტინგის ექსპერტები პოზიტიურად აფასებენ. იმ პირობებში, როცა საერთაშორისო ტურისტების რიცხვი მინიმუმამდეა დასული, ნარჩენი ღვინის გასასაღებლად ადგილობრივი ვიზიტორების წახალისება მათ სწორ ნაბიჯად მიაჩნიათ. 

ავსტრიაში ვებგვერდი ამოქმედდა, რომელზეც განთავსებულია 1000-მდე ღვინის მცირე და საშუალო მარნის და საოჯახო სასტუმროს შესახებ ინფორმაციები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, შევიდნენ საიტზე და ძალიან მარტივად აირჩიონ სასურველი ლოკაცია. 

როგორც კვლევებით არის ცნობილი, ღვინის ტურისტი 50%-ით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ჩვეულებრივი ვიზიტორი, რომელიც მისთვის საინტერესო ადგილას მხოლოდ ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად არის ჩასული. ამიტომ, ავსტრია მომავალშიც ღვინის ტურიზმზე აპირებს ორიენტირებას. ალპების ამ პატარა სახელმწიფოში ფესტივალების და კონცერტების გამართვასაც აქტიურად გეგმავენ ღვინის ტურიზმის მხარდასაჭერად – ანუ ყველაფერ იმას, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის უკვე დიდი ხანია, ნაცადი და გამოცდილია. 

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, ავსტრია მსოფლიოს ღვინის 20 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის შედის და მე-17 ადგილს იკავებს. მასზე ერთი ადგილით წინ, 2019 წელს საქართველო იმყოფებოდა. 

ესპანეთი 

ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი კიდევ ერთი ტრადიციული ქვეყანაა ესპანეთი. იგივე AAWE-ს რეიტინგში, ესპანეთმა ტოპ-ექსპორტიორ ქვეყნების რეიტინგში მე-3 ადგილი დაიკავა. COVID-19-მა ესპანეთის ღვინის სექტორი კატასტროფულად დააზარალა. გაყიდვები ისე ძალიან შემცირდა, რომ ქვეყნის მთავრობამ რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა. ღვინის გაყიდვების მკვეთრი შემცირების გამო, ესპანეთის მთავრობამ სუბსიდირებაში 90 მილიონი ევრო დახარჯა, რათა ყურძენი ან განადგურებულიყო, ან კიდევ, მისგან ბრენდი და ტექნოლოგიური სპირტი დამზადებულიყო. 

არადა, აქამდე რუედასა და რიოხაში უკვე დაწესებული იყო შეზღუდვა ასაღები მოსავლის მოცულობაზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ არის. 2020 წლისთვის პროგნოზი იყო, რომ 43 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო დამზადდებოდა, რაც 6 მილიონი ჰექტოლიტრით მეტია 2019 წელთან შედარებით. COVID-19-ის გარეშეც კი ეს იმაზე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე არსებობს მოთხოვნა ესპანურ ღვინოზე ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ბაზარზე, რაც 31 მილიონ ჰექტოლიტრს უდრის. 

ყველაზე ცუდი რაც არის, პანდემიის დაწყების შემდეგ რესტორნებში ღვინის გაყიდვა 65%-ით შემცირდა. დრამატულად იკლო ასევე ესპანური ღვინის ექსპორტმაც – ვარდნა მთელ 49%-ს შეადგენს. 

მაგრამ ყველაზე მწვავე პრობლემა ესპანური მევენახეობა-მეღვინეობისთვის კორონაპანდემიის პირობებში მაინც მუშახელის ნაკლებობაა. წინათ, სამუშაოს მსურველები რუმინეთიდან და მაროკოდან ჩადიოდნენ ესპანურ ვენახებსა და ხილის ბაღებში სამუშაოდ. გასულ წელს, პანდემიის გამო ქვეყანაში სეზონური მუშები ვეღარ ჩავიდნენ და სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი წარმოიქმნა. ეს დეფიციტი რთველის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა. მევენახეები წინა წლებში თუ საათში დაახლოებით 8 ევროს უხდიდნენ მუშახელს, 2020-ში მკვეთრად მოიმატა შრომის ფასმა, მაგრამ მდგომარეობას ამანაც ვერ უშველა – საზღვრების ჩაკეტვის გამო მეზობელი ქვეყნებიდან ესპანეთში სეზონურ სამუშაოზე ხალხი ვეღარ ჩავიდა. 

საფრანგეთი 

გასული წლის მიწურულს, საფრანგეთში ცქრიალა ღვინოების ბევრი მწარმოებელი ფიქრობდა, რომ მათი პროდუქციის გაყიდვები 2020 წელს 80%-ით შემცირდებოდა. რეალურად აქაც იგივე ხდება, რაც სხვაგან, სადაც შამპანურის გაყიდვები 2/3-ით შემცირდა, რითაც მწარმოებლები 1,7 მილიარდი ევროს მოცულობის ზარალზე გავიდნენ. 

ცნობილია, რომ ფრანგული სახელმწიფო პირველ რიგში მცირემიწიან და დაბალშემოსავლიან მევენახეებს აღმოუჩენს დახმარებას, რადგან ისინი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან კორონავირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის პირისპირ. 

ამერიკის შეერთებული შტატები 

ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა და ის ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი უკანასკნელი წლების მანძილზე განუხრელად იზრდებოდა. ასე მაგალითად, 2019 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა აქ 48%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ძალიან სერიოზული მაჩვენებელია. აქვე იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში ქართული ღვინო საკმაოდ მაღალფასიან სეგმენტში იყიდება, ნათელი გახდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული მეღვინეობისთვის და ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის შტატების ბაზარი. ამიტომ ორმაგად საინტერესოა, თუ როგორ აფასებენ ღვინის ბიზნესის პერსპექტივებს ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი ექსპერტები კორონავირუსის პანდემიის ფონზე. 

როგორც ბოლო დროს განხორციელებული კვლევების მიხედვით გახდა ცნობილი, ამერიკელები ახლაც იგივე მოცულობის ღვინოს სვამენ, რასაც პანდემიამდე. მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამად ისინი სასმელს საკუთარ სახლებში მიირთმევენ. ეს აჩვენა კვლევამ, რომელიც გასული წლის მარტსა და აპრილში ღვინის ბაზრის კვლევის და ანალიზის კომპანია Wine Intelligence-მა და საკონსულტაციო კომპანია Consumer Intelligence-მა ჩაატარეს. 

როგორც Wine Intelligence-ს აღმასრულებელი დირექტორი, ლული ჰალსტედი აღნიშნავს, 2008-2010 წლის ფინანსურ კრიზისს არ გამოუწვევია ღვინის მოცულობის შემცირება ამერიკის ბაზარზე. თუმცა, მაშინ გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კრიზისის პერიოდში მოსახლეობამ უპირატესობა ძვირადღირებულ და დომინანტ მარკებს მიანიჭა. ექსპერტი იგივეს მოელის ახლაც. 

ანუ გამოდის, რომ ამჟამინდელი კრიზისიდან მოგებულები ღვინის დიდი და საქვეყნოდ ცნობილი კომპანიები გამოვლენ, ასევე ის ქვეყნები, რომელთა ღვინო განსაკუთრებით პრესტიჟულად არის მიჩნეული და ეს ყველაფერი სუსტი და მცირე მოთამაშეების ხარჯზე მოხდება. 

ეს არცთუ სახარბიელო ინფორმაციაა ქართული მწარმოებლებისთვის, რადგან ქართული ღვინის ინდუსტრიამ ჯერ მხოლოდ ახლახან დაიწყო თავის დამკვიდრება საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენ ძლიერ მოთამაშეს არ წარმოვადგენთ. ხოლო თუკი ექსპერტის ვარაუდი გამართლდება და კრიზისი სუსტი მოთამაშეებს შანსებს შეამცირებს, რომ გახდნენ წარმატებულები, მაშინ განსაკუთრებული მოლოდინები არც ღვინის ქართულ ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს. 

საქართველო 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 2020 წლის რთველი საკმაოდ ძვირი დაუჯდა, საიდანაც 50 მილიონი ლარი მხოლოდ მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოებისთვის გამოიყო. ამან პანდემიისგან გაჩენილი პრობლემები არათუ დაძლია, არამედ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა. ფერმერების თუ გლეხების ნაწილი ყურძნის ჩაბარებისას შერჩევითობაზე თუ არაორგანიზებულობაზე გამოთქვამდა უკმაყოფილებას. ასევე, მათი თქმით, ყურძნის ფასი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. 

რაც შეეხება ღვინის რეალიზაციას, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში სულ უფრო მეტი ღვინის მაღაზია იკეტება, შემცირდა ქართული ღვინის ექსპორტი და ასევე გაყიდვები შიდა ბაზარზე, გაჩერდნენ ტურისტული მარნები. საქართველოს მეღვინეობის და მევენახეობის სექტორი ამ უმძიმესი სიტუაციიდან გამოსასვლელად ითხოვს ღია და საჯარო დისკუსიების დაწყებას ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ არასამთავრობო სექტორის ჩართუ¬ლობით. თუმცა, მზადყოფნა აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არ არსებობს. 

მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტი გიორგი ბარისაშვილი სწორედ კომისიის შექმნას ითხოვს, რომელმაც პანდემიის საბოლოოდ დასრულებამდე უნდა იმუშაოს და დადოს დასკვნა, თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს პანდემიის გამო ქართულ მეღვინეობაში შექმნილი კრიზისი. 

გიორგი ბარისაშვილი: 

„ახლავეა მუშაობა დასაწყები კრიზისის შედეგების აღმოსაფხვრელად, თორემ მერე უკვე გვიან იქნება. სწორედ ამიტომაც უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც გამოსავლის გზებს დასახავს. კომისიაში უნდა შევიდნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ტურიზმის სფეროს სპეციალისტები და მეღვინეები. სამწუხაროდ პანდემიის შედეგების აღმოფხვრაზე წინდაწინ არავინ ფიქრობს და არც საამისო გეგმა არსებობს“. 

მეღვინე ვანო შიუკაშვილი კი სექტორის მთავარ პრობლემას ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვების სიმკაცრეში ხედავს. მისი აზრით, საზღვრების არასწორმა ჩაკეტვამ მეღვინეობის დარგს დიდი დარტყმა მიაყენა. 

ვანო შიუკაშვილი, მეღვინე, ღვინის ექსპერტი: 

„მე თავისუფალი ბაზრის მომხრე ვარ და თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ქვეყნის ჩაკეტვის. არაფრისმომცემი არგუმენტია ის, რომ სხვა ქვეყნებიც კეტავდნენ საზღვრებს და ჩვენც უნდა ჩაგვეკეტა. სხვები შეიძლება ათას სისულელეს აკეთებენ და რაღა სისულელეები უნდა გავიმეოროთ? პანდემიამ ქართული მეღვინეობის პარალელურად ჩვენი ქვეყნის ღვინის ტურიზმსაც დაარტყა. დღემდე ვერ ვხვდები რატომ არ გახსნეს ფრენები ზაფხულში, როდესაც პანდემია შემცირდა. 

– თქვენ ფიქრობთ, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად ფრენების აღდგენა შესაძლებელი იყო? 

- ხელისუფლებამ დააანონსა, რომ ფრენები ჯერ პირველ ივნისს, შემდეგ პირველ ივლისს და მეორე პირველ აგვისტოს უნდა აღდგენილიყო. ეს ძალიან შეეხიდებოდა ქართულ ღვინის ბიზნესსა და ღვინის ტურიზმსაც. სამწუხაროდ დაპირება დაპირებად დარჩა. ჩაკეტვებმა ბევრი მცირე მარანი საბოლოოდ მოსპო. ასევე ვერ ვხვდები, რა აზრი ჰქონდა დაწესებულ უაზრო შეზღუდვებს მაგალითად მანქანაში მხოლოდ ორი ადამიანის ჩასმაზე. ამ გზით დიდი მარნების მფლობელებს საშუალება მოესპოთ ელემენტარულად ვენახში მუშები წაეყვანათ. ამ უაზრო შეზღუდვებმა ხარჯების ზრდის პარალელურად ბევრ მევენახე-მეღვინეს საერთოდ გაუფუჭა საქმე. გამოსავალი მხოლოდ დარგის სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლებაშია. მე სხვა გამოსავალი არ ვიცი“. 

ხისტი ჩაკეტვა და რეგულაციების უსასრულოდ გაგრძელება რომ საქმეს ვერ შველის, საქართველოს მაგალითზეც ჩანს და სხვა ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებშიც. ევროპის მრავალ ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება და აშკარაა, შეზღუდვების უსასრულოდ გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. სხვა თუ არაფერი, გაღატაკებული ხალხი რადიკალურ პროტესტს მიმართავს და ბევრად უარესი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე პანდემიის პირობებში მოკლევადიან ჩაკეტვას ახლავს. 

აშკარაა, რომ ღვინის ინდუსტრიის კრიზისიდან გამოყვანას ჩაკეტილი საზღვრების პირობებშიც ცდილობენ რიგი ქვეყნები. იგივე ავსტრიის მაგალითზეც ჩანს, რომ სახელმწიფო ცდილობს შიდა მოხმარების წახალისებას და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობით ავსტრიელების დაინტერესებას რეგიონებში იმოგზაურონ და მოინახულონ სხვადასხვა მარნები თუ ღვინის საწარმოები. ასევე, ამ გზით ეზრდებათ ვიზიტორების რაოდენობა საოჯახო სასტუმროებსაც, რაც რიგითი ავსტრიელების და საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

საქართველოს მთავრობამაც ალბათ რაიმე საშუალება უნდა მონახოს ღვინის ინდუსტრიის და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ხელშესაწყობად. ამისთვის საჭიროა შეზღუდვების გონივრული მოხსნა, ეკონომიკის ამუშავება და არა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ნასესხები ფულის კომპენსაციის სახით დახმარება. ასეთი „დახმარებით“ ღვინის ინდუსტრიასაც და რიგით მოქალაქეებსაც სახელმწიფო ვალი სულ უფრო მძიმედ აწვება და ქვეყანა სულ უფრო უახლოვდება იმ მომენტს, როდესაც ვალის გადახდის შესაძლებლობა შეიძლება ამოიწუროს... 

ლევან სეფისკვერაძე