ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
პანდემიის მიზეზით გაჩერებული ბიზნესი მთავრობამ რამდენჯერმე "გადააგდო" - №4(65), 2020
რას პირდებოდა და როგორ მოექცა ხელისუფლება ბიზნესს 

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 1 თებერვალს გაიხსნება სავაჭრო მოლები და ბაზრობები“, – ასეთი პოზიტიური შედეგით დასრულდა 12 იანვარს, ბაზრობების წარმომადგენლებსა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შორის გამართული შეხვედრა. აუდიენციაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ, ბაზრობების წარმომადგენლებს უთხრეს და, როგორც თავად ამბობენ, პრაქტიკულად გარანტიებიც მისცეს, რომ პირველი თებერვლიდან საქმიანობის განახლებას შეძლებდნენ. 

მათ განუცხადეს, რომ მთავარია, გახსნისთვის კარგად მომზადებულიყვნენ. კერძოდ, გარდა პირბადის გამოყენებისა და ტერიტორიის ხშირი დეზინფექციისა, სავალდებულო იქნებოდა მეიჯარეების ნაწილის ორ კვირაში ერთხელ ტესტირება. შეხვედრიდან გამოსული ბიზნესმენები პოზიტიურ განწყობებს არ მალავდნენ. „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ორ კვირაში ერთხელ დასაქმებულთა 20%-ის გატესტვა ბიზნესის გახსნისთვის მისაღები „ფასია“. მან იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად მაინც, მუშაობის საშუალებას მისცემდნენ. 

მანამდე ბიზნესმა უკვე იწვნია ხელისუფლების დაპირების ფასი, როდესაც, პრემიერის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, 28 ნოემბრიდან გამოცხადებული შეზღუდვების შემდეგ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში უნდა ემუშავათ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დროის ამ მონაკვეთში მხოლოდ მოლებსა და მაღაზიებს აძლევდნენ ვაჭრობის უფლებას. გახსნის მორიგ თარიღად 16 იანვარი დასახელდა, რასაც ბაზრობებზე დასაქმებული ათიათასობით ადამიანების მორიგი იმედგაცრუება მოჰყვა: 13 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები პირველი თებერვლიდან გაიხსნებოდა. ოღონდ, მინისტრის თქმით, მანამდე მთავრობა იმსჯელებდა, თუ რა რეგულაციებს დაუწესებდნენ ბიზნესს გახსნის სანაცვლოდ. 

ეპიდემიოლოგებისა და მთავრობის მაშინდელ განცხადებებში არსად ფიგურირებდა დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი, რომლის შესახებაც მოგვიანებით დაიწყეს ლაპარაკი. მათი თქმით, რეგიონში შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ ერთი კვირის განმავლობაში, დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი (ანუ ჩატარებული ტესტებიდან დადებითი პასუხის პროცენტული წილი) 4%-ზე ნაკლები იქნება. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში, 22 იანვარს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ბიზნესს მორიგი სიურპრიზი შესთავაზა: პრემიერმა განაცხადა, რომ, საბჭოს გადაწყვეტილებით, მართალია, მოლები და სავაჭრო ობიექტები 1 თებერვლიდან იხსნებოდა (შაბათ-კვირის გარდა და რეგულაციების დაცვით, ასევე თანამშრომელთა ტესტირების ვალდებულებით), თუმცა, ბაზრობების შემთხვევაში გახსნის ვადამ 15 თებერვლამდე გადაიწია. 

1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუშაობის უფლება მიიღეს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, სკოლებმა, მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა. პირველი მარტიდან კი იგივე შეზღუდვა დედაქალაქში, ქუთაისსა და რუსთავში იხსნება. თუმცა ითქვა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორების, კონკრეტულად კი დადებითობით 4%-ზე ქვემოთ ჩამოსვლის შემთხვევაში, შეზღუდვები ამ ქალაქებშიც შესაძლოა დაანონსებულზე ადრე მოიხსნას. ბიზნესის კუთხით სიახლეა ის, რომ 1 თებერვლიდან, აჭარაში დასაშვები გახდა რესტორნების მუშაობა მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი მომხმარებელს გარე სივრცეში უმასპინძლებენ. ყველა რეგულაცია მოქმედია მხოლოდ შაბათ-კვირას. 

"გადაგდებული" ბიზნესის პრეტენზიები 

მორიგ „გადაგდებაზე“ ბიზნესს უფრო მკვეთრი რეაქცია ჰქონდა, ვიდრე პირველის შემთხვევაში. მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომაა უსაფრთხო დახურული სავაჭრო ცენტრების გახსნა, ღია ბაზრობების კი – საფრთხისშემცველი. 

„მოტყუებულები დავრჩით. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მხოლოდ ჩვენი 6 ათასამდე მეწარმე დისკრიმინაციულად, დაჩაგრულად გრძნობს თავს. რომ ვეუბნებით, რომ ჯერ 15-ში გადაიწია და შემდეგაც გაურკვეველი სიტუაციაა, ეს ბიზნესის გაწირვაა“, – ასე გამოეხმაურა მთავრობის გადაწყვეტილებას „ლილო მოლის“ დირექტორი გიორგი კვარაცხელია 22 იანვარს. მისი თქმით, მთავრობის მიდგომა ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულია. 

„გადაწყვეტილება არის უსამართლო. ქუჩაშია ვაჭრობა გადასული. ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით. გვქონდა ტექნიკური შეხვედრა და აბსოლუტურად ყველა ელოდა გახსნას. ვწუხვართ, რომ ასე შეუძლიათ გადაიტანონ გახსნა ორი კვირით, მერე კიდევ ორი კვირით და ა.შ. აქ ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა. ბიზნესი დღეს გადარჩენის ზღვარზე დგას. უნდა გავხსნილიყავით, გადაიდო, მერე კიდევ გადაიდო, მერე კიდევ და ყველაფერს ვიგებთ ტელევიზიით, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა სავაჭრო ცენტის დირექტორმა კიდევ უფრო გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა ტურიზმი და სარესტორნო ბიზნესი – სექტორი, რომლის გახსნასთან დაკავშირებით დღემდე არანაირი თარიღი არაა დასახელებული. მთავრობის გადაწყვეტილება აჭარასთან მიმართებაში, სადაც გარე სივრცეებში მუშაობა დაუშვეს, ირიბად პოზიტიური სიგნალია აღნიშნული დარგისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება, იგივე პირობით ოპერირების უფლებას ბიზნესი, სა-ვარაუდოდ, სხვა რეგიონებშიც მიიღებს. 

ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები. 
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძისთვის ის მიდგომებია მიუღებელი, რომლითაც ხელისუფლება ბიზნესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური შინაარსის გადაწყვეტილების მიღების სადავეები უჭირავთ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციაზე პასუხისმგებლები არ არიან და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აღელვებთ. თუმცა, ბურჯანაძის თქმით, რეალურად სწორედ ეს ადამიანები განაგებენ ეკონომიკურ სიტუაციას. ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ეპიდემიოლოგების აღქმა ასეთია: „ბიზნესი გადაიტანს, ისინი ამას შეძლებენ“. 

ბურჯანაძის თქმით, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არ ფიქრობენ, რამდენი ათასი ადამიანი დგას ამ ბიზნესების უკან. 

ბურჯანაძე ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის ნიუანსებზე ყვება და ამბობს, რომ მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს მსგავს შეხვედრებზე არგუმენტად მოაქვს ხოლმე სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია ავად, რომ ის ყოველდღე უამრავი ადამიანის სიკვდილის ფაქტის მოწმე ხდება, მათ შორის მისი ახლობლების. შოთა ბურჯანაძის თქმით, როდესაც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მანიპულირებს იმით, რომ ბიზნესსუბიექტების გახსნის შედეგად ათასობით მოქალაქე შეიძლება გარდაიცვალოს და ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიზნესი მორალურად რთულ სიტუაციაში გადადის. ამ დროს სახელმწიფო კომფორტულ პოზიციაშია და ჩაკეტილ ვითარების მართვა ბევრად უადვილდება. მისი თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ქვეყანას საბოლოოდ სოციალურ აფეთქებამდე მიიყვანს. 

ბურჯანაძისთვის გაუგებარი და ალოგიკურია მთავრობის გადაწყვეტილება იმ დროს, როდესაც გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში, როდესაც სავაჭრო ცენტრები გაიხსნა, ეს ბიზნესი ერთ დღეში 100 ათას ადამიანს ატარებდა, ანუ ამ პერიოდში ჯამში მილიონ მომხმარებელს მოემსახურა და ეპიდემიის არც გაუარესება და არც აფეთქება არ მომხდარა. ბურჯანაძის თქმით, ესაა იმის დასტური, რომ სწორი რეგულაციის და ადმინისტრირების პირობებში ნებისმიერი ბიზნესის უსაფრთხოდ ფუნქციონირება შესაძლებელია. 

„ტრაფიკ თრეველის“ მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე არსებულ აკრძალვებს „კოვიდგენოციდს“ უწოდებს. მისი თქმით, ტურიზმის სექტორში სიტუაცია თანდათანობით მძიმდება, რადგან თუ სფერო არ განვითარდა, გრძელვადიანი პრობლემების წინაშე დადგება. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს სექტორის აღდგენის გეგმა. მსოფლიო ხსნის კარებს ტურისტებისთვის და იწყებენ ჩართვას გლობალურ ბაზარში. ამ დროს კი საქართველოში ბიზნესის გახსნა ბუნდოვანია. ჯაფარიძე შეახსენებს გადაწყვეტილებების მიმღებთ, რომ სწორედ ბიზნესის მიერ გადახდილი თანხების წყალობით აქვთ მათ თბილი კაბინეტები და ძვირადღირებული ავტომობილები. 

„ჩვენ ვართ „მუშკეტერების“ მძევლები“, – აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე. მისი თქმით, მთავრობა ყველა მსგავს გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგებს აბრალებს და თითოეულ ნაბიჯს მათთან ათანხმებს. 

„წარმოუდგენელია, ელაპარაკო ფინანსთა მინისტრს და იმის მაგივრად, რომ რიცხვებს გესაუბროს, გელაპარაკება ეპიდემიოლოიგიაზე. საკითხებს, რომლებიც დოვლათის შემქმნელ დარგებს ეხება, უნდა წყვეტდნენ ფინანსისტები და ეკონომისტები. უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ ავამუშავოთ დარგები ისე, რომ არ იყოს ინფექციის საფრთხე“, – აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე. 

ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა დაბნეულობა და ირონიაც კი გამოიწვია 22 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებამ იმის შესახებ, რომ პირველი თებერვლიდან საქართველოში რეგულარული ფრენები აღდგება. მინისტრმა თქვა, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნა ნიშნავს, რომ პირველი თებერვლიდან ყველა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ამ დრომდე მოქმედებდა, ან ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოსვლის სურვლის გამოთქვამენ, რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას შეძლებენ გარკვეული სიხშირეებით. 

თურნავას განცხადებით, მთავრობა უახლოეს მომავალში, გაზაფხულზე, საქართველოში დიდი რაოდენობის ტურისტების შემოსვლას ელოდება. ასეთი მოლოდინის შესაძლებლობას კი, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მსოფლიოში დაწყებული ვაქცინაციის პროცესი ქმნის. 

ჟურნალისტის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ეკონომიკური საქმიანობები არ აღდგა, მათ შორის კურორტები, რესტორნები, ტურისტი რისთვის ჩამოვა საქართველოში, თურნავამ უპასუხა, რომ მათ არ ჰქონდათ პირველი თებერვლიდან ცხოვრების პანდემიამდელ რეჟიმში დაბრუნების მოლოდინი, თუმცა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელმა არ მოიმატოს. 

იმ პირობებში, როდესაც 21 საათიდან „კომენდანტის საათი“ მოქმედებს და მისი მოხსნის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის თურნავას განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, უინტერესო აღმოჩნდა. 
 
ტურისტებისთვის უმნიშვნელოვანესია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ფრენების განახლება. ბოლო ინფორმაციით, ავიაკომპანია `ვიზეარმა~, რომელიც ქუთაისი აეროპორტიდან დაფრინავდა, ფრენები შესაძლოა მხოლოდ აპრილიდან განაახლოს. კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა გამოაცხადა, რომ 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ აღადგენს. კომპანიის განმარტებით, ფრენები კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე არ აღდგება. ასეთ სიტუაციაში კი, ტურისტების მნიშვნელოვანი რაოდენობის ჩამოსვლის იმედი ილუზიას წააგავს. 

ევროპული ანალოგები და ქართული რეალობა 

ეპიდემიოლოგებს საკუთარი მკაცრი პოზიციის გასამყარებლად მოჰყავთ არგუმენტი, რომ სამთო კურორტები მსოფლიოში თითქმის არსად არაა გახსნილი და, შესაბამისად, სეზონის ჩავარდნას ეს სექტორი გაგებით უნდა მოეკიდოს. კერძოდ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველაზე ცნობილი მთის კურორტების მქონე ქვეყნებში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში, არ არის გახსნილი საბაგირო გზები. 

„ერთადერთი, გახსნილია მხოლოდ ავსტრიაში ადგილობრივებისთვის და არა უცხოელი ტურისტებისთვის და, ამავე დროს, იქ სასტუმროები გახსნილი არ არის, რადგან ადგილი არ ჰქონდეს შეკრებებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს მყისიერად უპასუხეს. „პროთრეველ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა მაია სიდამონიძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში კურორტების უმეტესობა ოპერირებს და ის კურორტები, რომლებიც ჩაკეტილები იყვნენ, აანონსებენ გახსნას კონკრეტული თარიღების დასახელებით. 

„შემიძლია მოვუყვანო მაგალითები თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო ფინანსურად ჩაკეტილ კურორტებსა და ბიზნესებს, ასევე სამსახურდაკარგულ ადამიანებს. როცა მოგაქვთ მაგალითები და საერთაშორისო პრაქტიკა მხოლოდ თქვენთვის რაც ხელსაყრელია, აქ რა, კი არ ბნელა? „დაგუგლეთ“ და გაეცანით სხვა ბევრ პოზიტიურ მაგალითებსაც, მსოფლიოში როგორ უმკლავდებიან ვირუსს და მასთან თანაცხოვრებას და როგორ ადაპტირდებიან“, – განაცხადა სიდამონიძემ. 

ტურისტული კომპანიის „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი გოგა ქუცნიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში კურორტების უმრავლესობა დაკეტილია – 247 კურორტი მუშაობს, 537-ს კი კორონავირუსის პანდემიის გამო ფუნქციონირება აკრძალული აქვს. 

თუმცა, ის იმ ძირეულ განსხვავებებზე საუბრობს, რის გამოც საქართველოსა და ევროპის შედარება გაუმართლებელია. გოგა ქუცნიაშვილის თქმით, მართალია, აქტიურად გვარწმუნებენ და გუგლისკენ მიგვითითებენ, რომ მოვიძიოთ ევროპის მაგალითები, თუ რომელ ქვეყანაში როგორ მუშაობს ზამთრის კურორტები, მაგრამ ეს არ არის სწორი და გამართლება იმ ყველაფრის, რა მდგომარეობაშიც დღეს საქართველოს ზამთრის კურორტებია. 

„მითითებულ გუგლს თუ დავეყრდნობით, დღეის მონაცემებით ევროპაში 247 აქტიური ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც აქტიურად იღებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საზღვრები ერთმანეთისთვის ღია აქვთ. ავსტრიის ყველა რეზორტი ღიაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შვეიცარია აქტიურად იღებს დამსვენებლებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ანდორა, ლიხტენშტეინი და სხვა მრავალი ქვეყანაც მასპინძლობს დამსვენებლებს კურორტებზე, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა, ჩვენგან განსხვავებით, ამ ქვეყნების საკურორტო ქალაქების მთლიანი ეკონომიკა მათ მუშაობაზე დამოკიდებული არ არის. 
ერთია რეგულაციის დაცვა, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, საერთაშორისო რეგულაციები და მეორეა საქართველოს ზამთრის კურორტები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ზამთრის სეზონს ელოდება, რომ შემოსავალი მიიღონ და 3 თვეში მიღებული შემოსავლით მთელი წელი იარსებონ. 

ეკონომიკის მუშაობა და რეგულაციების დაცვა ერთმანეთს ხელს არ უშლის, თუმცა ამ ყველაფერში საზოგადოებრივი შეგნების როლიც, რა თქმა უნდა, უდიდესია, რომ არ ყოფილიყო ის შედეგი, რაც შემოდგომაზე მივიღეთ გახსნილი საზღვაო კურორტების გამო. 

ვფიქრობ, თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო აღებული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, რომ საქართველოში ზამთრის კურორტებს ფუნქციონირების საშუალება ჰქონოდა. ჯერ კიდევ არის 1 თვე, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნას მიღებული და ნახევარი სეზონი მაინც იმუშაონ სასტუმროებმა, რადგან არსებობს თუ არა რეგულაცია, ამის მიუხედავად მაინც ქირავდება კურორტებზე აპარტამენტები კანონის გვერდის ავლით და მაინც არის ხალხის მობილობა კურორტებზე. შესაბამისად, ტურიზმსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა დაგვიანებული ჯერ კიდევ არ არის“, – განაცხადა ქუცნიაშვილმა. 

კურორტებთან დაკავშირებით, თებერვლის დასაწყისში კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, საბაგირო გზების და სამთო კურორტების ასოციაციასთან მოლაპარაკებები აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასკვნა გამოქვეყნდა, თითქოს ზამთრის კურორტები და საბაგიროები საფრთხის შემცველი არ არის. 

მისივე თქმით, ბევრს შთაბეჭდილება რჩება, რომ დაავადებათა ცენტრი ხსნის და კეტავს ყველაფერს, სინამდვილეში კი, როგორც გამყრელიძე ამბობს, ეს ეპიდვითერებაზეა დამოკიდებული. 

„ჩვენი თანამშრომლები მონაწილეობენ შეხვედრებში, ჩვენი ეპიდემიოლოგები, ძალიან კარგი თანამშრომლობაა, ისინი ელოდებიან გაწერილ გეგმას, რომ ეს გეგმა შეფასდეს. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რატომღაც თქვენ და ბევრს შთაბეჭდილება რჩება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხსნის და კეტავს ყველაფერს. არა ბატონო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ერთი დაწესებულება, ერთი ინსტუტუცია წარმოდგენილი საკოორდინაციო საბჭოში. რომელიც გარკვეულად, გამოთქვამს თავის მოსაზრებას, მაგრამ საბჭო კონსენსუსის წესით იღებს გადაწყვეტილებას. ბევრი მსჯელობაა იმავე იმ საკითხზე, რაზეც მეკითხებით. ჩვენ ვართ პროცესში. საბაგირო გზების და სამთო კურორტების ასოციაციამ გვთხოვა და ჩვენები მონაწილეობენ მათთან მოლაპარაკებებში, მათთან განხილვებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასკვნა დაიდო. ეს ასე არ არის. დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე პირველ რიგში და რისკებზე, რომელი ბიზნესი და რომელი სეგმენტი მომატებული რისკფაქტორია შემდგომი გავრცელების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

რეგულაციები რომ ევროპაშიც მკაცრია, ამაზე არავინ დავობს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უმსუბუქებენ მთავრობები ამ შეზღუდვების შედეგებს ადამიანებსა და ბიზნესს. მაგალითად, გერმანიაში მცხოვრები ანუკი გვალია ყვება, რომ, მართალია კაფე-ბარები და რესტორნები, ასევე სალონები და სასტუმროები დაკეტილია, მაგრამ, სალონების პერსონალს სახელმწიფო ხელფასების 60%-ს უხდის. ფუნქციონირებს ტრანსპორტი, თუმცა – უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით. მაგალითად, მძღოლთან ჩამოფარებულია დამცავი მინა, სავალდებულოა შესაბამისი სტანდარტის და არა ნაჭრის პირბადის ტარება. მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილების გამოთქმის შემდეგ მთავრობამ ოჯახებს ორი თვის სამყოფი პირბადეების ვაუჩერები დაურიგა. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ისინი ძირითადად დახურულია, თუმცა, მათში დადიან იმ მშობლების (მედდები, კვების ობიექტების თანამშრომლების და ა.შ.) შვილები, რომლებსაც მუშაობა შეზღუდვების პირობებშიც უწევთ.

ანუკი გვალია ამბობს, რომ გერმანიის სახელმწიფო ცდილობს, მოქალაქეებს აუნაზღაუროს შეზღუდვებით მიყენებული ზარალი. მაგალითად, ბავშვების დახმარება 200-დან 219 ევრომდე გაიზარდა, ასევე მოიმატა მარტოხელა მშობლების შემწეობის ოდენობამაც. მხარდამჭერი ზომები საქართველოშიც მიიღეს, მაგრამ რთულია კომპენსაცია ეწოდოს მაგალითად, ბაზრობის მოვაჭრეებისთვის ერთჯერადად ჩარიცხულ 300-ლარიან დახმარებას თვეების განმავლობაში მათი ჩაკეტვის პირობებში. 

შერჩევითი ეპიდკონტროლი 

აქვე შარშანდელი არჩევნების წინაპერიოდიც გავიხსენოთ. მაშინ, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის მიუხედავად ხელისუფლებამ არჩევნების გადადება კატეგორიულად გამორიცხა. ხელისუფლებამ, რომელმაც მოგვიანებით კვლავ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები და ფაქტობრივად, ლამის ლოქდაუნის რეჟიმში გადაიყვანა ქვეყანა, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სიფრთხილე არ გამოიჩინა. განსაკუთრებით საგულისხმო იყო აჭარაში მრავალი რუსი ტურისტის ნახვა იმ დროს, როდესაც კოვიდ 19-ის გავრცელების მაჩვენებლით რუსეთი ლიდერი ქვეყნების რიგში აღმოჩნდა. 

ასევე, ზაფხულის პერიოდში გაიხსნა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში. პარკში ექსკურსიაზე სხვებთან ერთად მთელი ზაფხულის განმავლობაში ავტობუსებით ჩამოდიოდნენ ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, რათა ენახათ, როგორი პარკი აუშენა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს. 

„დირექტორმა გვითხრა, რომ ავტობუსი უნდა გვექირავებინა და შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში წავსულიყავით ექსკურსიაზე. გვითხრა, რომ გამგებლის დავალება იყო ასეთი“, – სამეგრელოს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელის კომენტარი JAMnews-მა გაავრცელა. 

მოკლედ, მიუხედავად პანდემიისა, ხელისუფლებამ დენდროლოგიური პარკიც წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა და არც დათვალიერების მსურველთა რიგები, ხალხმრავლობა, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა „შეიმჩნია“. არჩევნების ჩატარების შემდეგ კი, ოპოზიციის საპროტესტო მიტინგები ხელისუფლებამ უკვე ვირუსის გავრცელების საფრთხედ გამოაცხადა... მოგვიანებით კი, როდესაც საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელებამ მსოფლიოში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, მთავრობამ უკვე ის მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რომელთა შერბილებასაც დღესაც ამაოდ იხვეწება ბიზნესი. შედეგად ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, მთავრობის ნავარაუდები 5%-იანი კლების ნაცვლად. გაიზარდა უმუშევრობა და უარესად გაღატაკდა ხალხი. 

მაია ჭანტურია