ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ახმეტაში მეღვინეობა და ღვინის ტურიზმი სულ უფრო ვითარდება - №1(66), 2021
რა განაპირობებს ახმეტის ღვინის ბოლოდროინდელ პოპულარობას 

ახმეტის მუნიციპალიტეტი დღეს კახეთში მეღვინეობისათვის ერთ-ერთ საუკეთესო და სასურველ ადგილად ითვლება. ახმეტის ტერიტორიაზე უკვე გაშენებული ქისის, მწვანე კახურის ანდა რქაწითელის ერთი ჰექტარი ვენახის ფასი 40 ათასი დოლარიდან იწყება, ცარიელი ერთი ჰექტარი სავენახე მიწის ფასი კი 7-10 ათასი დოლარია (საუბარია საუკეთესო სავენახე ადგილებზე). მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ახმეტის სოფლები: ფიჩხოვანი, არგოხი, ქისტაური, მაღრაანი, ბაბანეური, ოჟიო... ახმეტისადმი გამორჩეული ინტერესი ვაზის უნიკალურ და ძველი ჯიშის – ქისის მოყვარულებს აქვთ რადგან სწორედ ეს მხარე ითვლება ქისის სამშობლოდ. აქ მოწეული ქისისგან მთელს საქართველოში საუკეთესო ტრადიციული კახური, ანუ ჭაჭა-კლერტზე დაყოვნების მეთოდით დამზადებული ღვინო დგება. ახმეტაში საფერავის ვენახებიც არის, მაგრამ ეს მხარე მაინც საუკეთესოდ კახური თეთრი ყურძნისთვის მიიჩნევა და მეღვინეობის სპეციალისტების აზრით ეს ყველაზე კარგად ახმეტური როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინის ხარისხსაც ეტყობა.
 
თუმცა, სულ ასე არ ყოფილა. დიდი ხნის მანძილზე ახმეტა ითვლებოდა მეღვინეობისთვის ნაკლებად საინტერესო ტერიტორიად და ეს ყველაზე ნათლად საბჭოთა კავშირის ეპოქაში ჩანდა. ახმეტაში კოლმეურნეობები ძირითადად მეცხვარეობაზე, მეხილეობაზე, მეაბრეშუმეობაზე და მარცვლოვანი კულტურების მოყვანაზე იყვნენ ორიენტირებული. არსებობდა საერთო აზრი, რომ ახმეტის ყურძენი მეღვინეობის კუთხით არ იყო საინტერესო და ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევდა მაგალითად თელავურ ანდა გურჯაანის სოფლების საუკეთესო ყურძნისგან მიღებულ ღვინოს. 

ამ შეხედულებისა და ხალხის მხრიდან არასწორი დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახმეტის მუნიციპალიტეტის (ადრე ახმეტის რაიონის) მოსახლეობის კუთხური წარმომავლობაც არის. როგორც ცნობილია, ახმეტაში კახელები ნაკლებად ცხოვრობენ და აქ ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მთიელი მოსახლეობაა ჩასახლებული, რომლებიც მესაქონლეობას მისდევდნენ და ტრადიციად მევენახეობა-მეღვინეობა არასოდეს ჰქონიათ. ზემო და ქვემო ალვანში, ასევე სოფელ ლალისყურში (რომელიც ახლა თელავის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის) მცხოვრები თუშები ქისტაურში, ოჟიოში, ახშანში და საკუთრივ ქალაქ ახმეტაში მცხოვრები ხევსურები და ფშავლები, მატანში მცხოვრები მთიულები ადრე თავადაც არ ინტერესდებოდნენ ახმეტის მიწის სავენახე შესაძლებლობებით. აქედან გამომდინარე, არსებობდა მოსაზრება, რომ ახმეტის მხარე უფრო საძოვარი იყო, ვიდრე ვენახის მხარე. 

ამას ემატებოდა ისიც, რომ ისტორიული მთა-თუშეთი ადმინისტრაციულად სწორედ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და დღესაც, ახმეტის ერთ-ერთ ძირითად შემოსავალს სწორედ თუშეთი იძლევა თავისი ტრადიციული მეცხვარეობითა და ბოლო წლებში გააქტიურებული ტურისტული ბიზნესით. 

არ უნდა დაგვავიწყდეს ახმეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – პანკისის ხეობა, სადაც ძირითადად ქისტური ეთნოსი ცხოვრობს, რომლებსაც ისლამური რწმენის გამო მეღვინეობისადი ინტერესი ბუნებრივად არ ჰქონდათ. ამას ემატებოდა პანკისის ხეობის ზღვის დონიდან მაღალი მდებარეობაც, სადაც სავარაუდოდ ისედაც არ მოვიდოდა ისეთი ხარისხოვანი ყურძენი, როგორიც მაგალითად დღეს არგოხში ან ქისტაურში მოჰყავთ. ახმეტის სოფლებში (მაღრაანი და ფიჩოვანი) ასევე ცხოვრობენ ოსები, რომლებიც ტრადიციულად უფრო მელუდეობობით არიან ცნობილი, ვიდრე ღვინის დაყენებით. 

მევენახე-მეღვინე ლექსო ციხელიშვილს ვენახები ძირითადად სოფელ ქისტაურში აქვს, მარანი კი ზემო ალვანში მოაწყო. იგი ნატურალური, „ბიო“ ღვინის დამზადებზეა ორიენტირებული და ღვინოს ევროკავშირის ქვეყნების გარდა აშშ-ში და იაპონიაშიც ყიდის. განსაკუთრებით მის მარანში დაყენებული კახური მწვანეა ცნობილი და პოპულარული. 

ლექსო ციხელიშვილი, „ციხელიშვილების მარანი“: 

„ახლა უკვე ყველამ დაინახა და აღიარა, რომ ახმეტა გამოირჩევა თავისი ორიგინალური კლიმატით. ვაზის ჯიშებს რაც შეეხება, ოდითგანვე ცნობილი იყო ახმეტის ქისი და ახმეტის მწვანე. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ გაჩნდა ჩვენი მხრისადმი ინტერესის საერთო ტენდენცია და გამორჩეულ ტერუარად ჩამოვყალიბდით. 

– როგორც ვიცი, ახმეტა ღვინის ტურისტებისთვისაც საინტერესო გახდა. 

– მეც ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთან ღვინის გარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც შესანიშნავია – თუნდაც ალავერდის მონასტრის ხსენება რად ღირს... ჩემ ღვინოებს ახლა გერმანიაში, უკრაინაში, ამერიკაში და იაპონიაში ვყიდი. მიუხედავად პანდემიისა, ჯერჯერობით ეს ინტერესი შენარჩუნებულია და პირადად მე კმაყოფილი ვარ გაყიდვებით (ღვინოს ისედაც მცირე რაოდენობით ვაწარმოებ). მაგრამ ამ მხარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ღვინის ტურიზმის ზრდა და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციაა“. 

ახმეტა, რომელიც სამი მდინარის – ორვილის, ილტოს და ალაზნის შესაყარზე მდებარეობს, გამორჩეული მიკროკლიმატით ხასიათდება. აქ ზამთარი ზომიერად თბილია, ხოლო ზაფხული ზომიერად ცხელი, რაც ყურძნის სრულ ფიზიოლოგიურ სიმწიფეში შესვლის საშუალებას იძლევა. გამორჩეულ მიკროკლიმატში, ალუვიურ ძლიერ კარბონატულ ნიადაგებზე გაშენებული ვენახები არაჩვეულებრივი მოსავლიანობით გამოირჩევა. ისტორიულად, ახმეტის ღვინო ყოველთვის გამორჩეული იყო. ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონმა აღნიშნა ახმეტის ღვინის ღირსებები. 

მარან „ახმეტის ღვინის სახლის“ დამფუძნებელმა, მევენახე-მეღვინე ნიკოლოზ გარსევანიშვილმა ჩვენთან საუბარი ახმეტის გამორჩეული მიკროზონების და ვაზის ჯიშების შესახებ დაიწყო. 

ნიკოლოზ გარსევანიშვილი, „ახმეტის ღვინის სახლი“: 

„ახმეტის ჯიშური მრავალფეროვნებიდან გამოვყოფდი მწვანე კახურს, რომელისგანაც ადგილობრივად განსაკუთრებით გამორჩეულად, განსხვავებული და სხეულიანი ქარვისფერი ღვინო დგება. ასევე გამოვარჩევ ხიხვს, რომელიც ახმეტაში „ჯანანურას“ სახელითაა ცნობილი და ქისს, რომელზეც ამბობენ, რომ ენდემურად მაღრანული ქისის და მწვანე კახურისგანაა წარმოშობილი. ვგულისხმობ, რომ სწორედ ჩამოთვლილი მიზეზების გამო სახელმწიფომაც აღიარა ამ მიკროზონის გამორჩეული თავისე¬ბურება და საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებს, ღვინო „ახმეტა“ დაამატა, რომელიც თეთრი ღვინის შემთხვევაში კახური მწვანისა და ქარვისფერი ღვინის შემთხვევაში კახური მწვანისა და ქისის ერთად დაყენებით მიიღება. 

– წლების წინ, ახმეტა მეღვინეობის კუთხით ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თქვენს მხარეში მეღვინეობის ბუმია. თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს ყველაფერი? 

– მიხარია, რომ ეს სასიხარულო პროცესი, რომელიც მთელ საქართველოში მიმდინარეობს, ჩვენს რეგიონშიც გადმოვიდა. ერთმანეთის მიყოლებით შენდება მარნები და იყრება ახალი ვენახები. ადრე თუ მრავლად იყო მიტოვებული ვენახები, ახლა მსგავსის ნახვა საკმაოდ გაგიჭირდება. კონკრეტულად ახმეტის შემთხვევაში გამოვყოფ ისევ და ისევ გამორჩეულ ხარისხისა და ჯიშის კომბინაციას. მაღალი მოთხოვნაა ადგილობრივ მწვანის, ქისის და ხიხვის როგორც ღვინოზე ასევე ყურძენზე. ამ ჯიშების ყურძენს, განსაკუთრებთ თუ ნატურალური მევენახეობის პრინციპებითაა მოყვანილი საკმაოდ მაღალი გასაყიდი ფასი აქვს. ჩემდა სასიხარულოდ, ნატურალური მევენახეობის მიმდევრების რაოდენობა ჩვენს რეგიონშიც იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდა ჯანსაღ პროდუქტზე და ჯანსაღ მომავალ თაობაზე. 

– თქვენი აზრით, ახმეტის ღვინებს ყველაზე მეტად როგორ სტილზე დაყენება უხდება? ტრადიციული კახური ქვევრული მეთოდი თუ ე.წ. ევროპული სტილი? 

– იმის გამო, რომ ბუნებამ ახმეტაში მზიანი დღეების საკმაო რაოდენობა გვაჩუქა, ყურძენი მაღალ შაქრიანობას აღწევს, შესაბამისად, მეღვინეს რთველის მართვის საშუალებას აძლევს და შედეგად სხვადასხვა სტილის ღვინის დაყენებაა შესაძლებელი. მაგრამ ალბათ მაინც ჯიშური ხასიათებიდან უნდა ამოვიდეთ და აქ ყველაფერი მეღვინეს ოსტატობაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მე მაინც გამოვარჩევდი ქვევრში დაყენების მეთოდს, ამ არაჩვეულებრივ ჭურჭელში კახურად დაყენებულ ღვინოს, მაგრამ იმავდროულად ვიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს ექსპერიმენტების ხელისშემშლელი, ნაკლები ან მეტი კლერტით, კლერტის გარეშე ზოგიერთი ჯიშების მიმართებაში, მაგალითად, ქისის შემთხვევაში. საბოლოოდ ხომ ყველას ის მიზანი გვამოძრავებს, რომ მივიღოთ სასიამოვნო, დახვეწილი, გახსნილი და არომატებით მდიდარი ღვინო. 

– რამდენად საინტერესოა ახმეტის მუნიციპალიტეტი ღვინის ტურიზმის კუთხით? 

– ახმეტა ყველასთვის ცნობილი და ტურისტულად მიმზიდველი თუშეთის კარიბჭეა. ამ შემთხვევაში ახმეტას ძნელად თუ ავუვლით გვერდს, მაგრამ თვით ახმეტის რაიონი არანაკლებ მდიდარია ტურისტული და კულტურული ღირსშესანიშნაობით. პირველი რაც გვაგონდება ალავერდის ტაძარია, რომელიც კარგ ამინდში რეგიონის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს. აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია კვეტერას ციხე-ეკლესია მონასტერი, აწყურის თეთრი გიორგის ეკლესია. არ შემიძლია არ აღვნიშნო კოშკ-მარნები, ისეთი საინტერესო ლოკალური მოვლენა, რომელიც ისევ და ისევ ღვინოსთან კავშირშია და ჩამოსულმა სტუმარმა არ უნდა გაუშვას საშუალება მოინახულოს ზემო ხოდაშენის კოშკ-მარანი. 

– თქვენ თუ გაქვთ სამომავლო გეგმები ღვინის ტურიზმთან დაკავშირებით? 

– რა თქმა უნდა გვაქვს. სამწუხაროდ ბოლო წლის განმავლობაში ყველასთვის ნაცნობი მოვლენების გამო საკმაოდ შევფერხდით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ წლიდან სიტუაცია დათბობას დაიწყებს და ჩვენც უწინდებურად შევთავაზებთ ორგანიზებულ ღვინის ტურებს ნატურალური ღვინის და უბრალოდ ღვინის მოყვარულებს. სამომავლოდ კვლავ გაფართოებაზე ვფიქრობთ ახმეტაშივე – ტურისტული ცენტრის მოწყობით. 

– საქართველოს გარდა რომელ ქვეყნებში ყიდით ღვინოს და რამდენად შეგიშალათ ხელი პანდემიამ? 

– იმპორტს აშშ-ში და იაპონიაში ვახორციელებთ, სამწუხაროდ, წინა წელმა ხელი შეგვიშალა კონტაქტების გაფართოებაში, ამისათვის უპირველესი სხვადასხვა გამოფენებში და ღონისძიებებში მონაწილეობაა, რომლის დროსაც უშუალო ურთიერთობები გადამწყვეტია. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში მაინც მოვახერხეთ ახალი კონტაქტის დამყარება და იტალიაში ექსპორტი დავიწყეთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს და მომავალი წელი მეღვინე-მევენახეებისთვის წარმატებული იქნება და ასევე წარმატებული აღმოჩნდება საქართველოსთვის და ყველა ერთად დავძლევთ დღეს არსებულ გამოწვევებს“. 

თუში მეღვინე ანზორ იდოიძე, რომელმაც ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში საკუთარი საოჯახო „შატო-მარანი“ მოაწყო, მიიჩნევს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით. მისი თქმით, აქ არის შესანიშნავი ნიადაგი და რელიეფი მაღალ ხარისხის ყურძნის მისაღებად. უფრო მეტად გამორჩეულია აქაური მწვანე კახური, რომელსაც „ახმეტურ მწვანედაც“ მოიხსენიებენ და ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღრაანი-ბაბანეურის ზონის ქისი. 

ანზორ იდოიძე, მევენახე-მეღვინე, „ბაბანეურის მარანი“: 

„წლების წინ თუ ახმეტა მეღვინეობის კუთხით ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პერიოდის გამო, როდესაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მასთან ერთად მეღვინეობის დარგი აჩქარებული ტემპით ნადგურდებოდა. ბოლო ათწლეულში კი ისევ დაიწყო ამ დარგმა აღმასვლა. ამაში თავისი დიდი წვლილი ითამაშა მცირე მარნების გამოჩენამ და ქვევრის ღვინის პოპულარიზაციამ. ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალი ვენახების გაშენების ის ტემპი, რაც დღეს არის, იძლება იმის გარანტიას, რომ ახმეტა სულ მალე ერთ-ერთი მსხვილი მევენახეობა-მეღვინეობის რაიონი გახდება. 

ცნობილია, რომ კახური ჯიშის ყველა ძირითადი საღვინე ყურძნისაგან მზადდება მეტად საინტერესო და კარგი ხარისხის როგორც ტრადიციული კახური ქვევრის, ასევე ე.წ. ევროპული ღვინოები. „ბაბანეურის მარანში“ დავაყენეთ როგორც ქვევრის მშრალი, ასევე ნახევრადმშრალი, ნახევრადტკბილი და ევროპული სტილის ღვინოები და გარწმუნებთ, ყველა საინტერესო და მაღალხარისხიანია. 

– როგორც ვიცი, ახმეტის მარნებიდან ერთ-ერთი პირველი თქვენ იყავით, ვინც ღვინის ტურიზმით დაინტერესდა... 

– ღვინის ტურიზმი ჩვენთვის პრიორიტეტულია და რომ არა პანდემია, გვქონდა განვითარების გეგმა. თუმცა, ამჟამად თავს ვიკავებთ და ვართ დაკვირვების რეჟიმში. კახეთი და მათ შორის ახმეტის მუნიციპალიტეტი ღვინის ტურიზმის კუთხით მეტად საინტერესოა. ეს აშკარად აჩვენა ბოლო პანდემიამდელმა წლებმა, როცა ღვინის ტურიზმის მოთხოვნას (2016-2019 წლების მაგალითზე) თითქმის ვერ აკმაყოფილებდა სექტორი და იყო მზარდი პროცესი. თუმცა, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სამწუხაროდ, ამ კუთხით აშკარად ჩამორჩება მეზობელ მუნიციპალიტეტებს. 

მინდა გითხრათ, რომ „ბაბანეურის მარნის“ ღვინოები საკმაოდ პოპულარულია ღვინის მოყვარულთა წრეებში და წარმატებით იყიდება საქართველოში. ექსპორტზე ჩვენი ღვინოები გადის აშშ-ში, ინგლისში, გერმანიაში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში. გვაქვს ახალი ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკება. აქაც რა თქმა უნდა ხელი შეგვიშალა პანდემიამ. ღვინო რომ გაყიდო, აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, რისი საშუალებაც პანდემიამ ორი წელია წაგვართვა“. 

კიდევ ერთი ახმეტელი მეღვინე, ალექსი ფიცხელაური, რომელსაც მცირე მარანი სოფელ ახშანში აქვს, მიიჩნევს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია პირველ რიგში ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ასევე კლიმატური პირობებით. ალექსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ალაზნის ველზე რთველი სწორედ ახმეტაში მთავრდება და ამ დროისთვის ყურძენი ბოლომდე ასწრებს დამწიფებას და სრულ კონდიციამდე მისვლას. 

ალექსი ფიცხელაური, მევენახე-მეღვინე: 

„ახმეტაში საინტერესო მიკრო-კლიმატს ქმნის კავკასიონის და ცივ-გომბორის ქედები შუა ალაზნის ველზე თავისი ხეობით, ასევე ილტოს და ორვილის ხეობები. რაც შეეხება ჯიშებს, არ მგონია კახეთის რომელიმე მუნიციპალიტეტში იყოს იმდენი ჯიშები წარმოდგენილი, რამდენიც ახმეტაშია. ძველი, 50-80 წლის ვაზებზე მაქვს საუბარი რაც ახმეტაშია: რქაწითელი, მწვანე კახური, ქისი, მაღრანული, ხიხვი, საფერავი, ჟღია, ბუერა და სხვა მრავალი. 

ახმეტაში ქარხნები ადრე მარტო მასობრივი მოხმარების ინდუსტრიულ ღვინოებს აწარმოებდნენ და წინა პლანზე წამოწეული იყო უფრო საბჭოთა კავშირის დროინდელი „გაპიარებული“ ადგილწარმოშობის ღვინოების ზონები. მაგრამ ახლა, როცა მნიშვნელოვანი გახდა ჯიშური მრავალფეროვნება, ასევე დიდი კონკურენციის პირობებში მაღალი ხარისხი, ახმეტის მეღვინეობა უკვე ანგარიშგასაწევი გახდა. 

– ახმეტის ღვინოზე და ღვინის ტურიზმის პოტენციალზე რას გვეტყვით? 

– ახმეტაში ძირითადად თეთრი ყურძნის ისეთი ჯიშებია წარმოდგენილი, როგორიცაა კახური მწვანე, ქისი და ხიხვი. მწვანისგან და ქისისგან საოცარი ღვინოები გამოდის როგორც კლასიკურად. ასევე ქვევრში. „მწვანე“ აგრეთვე ცქრიალა ღვინის დასაყენებლად გამოიყენება. რაც შეეხება ხიხვს, ამ ყველაფერთან ერთად, სადესერტო ნახევრადტკბილი ღვინოც შეიძლება დავაყენოთ. 

შეიძლება ითქვას, ახმეტაში ყველაფერია, რაც ღვინის მოყვარულს და ტურისტს აღაფრთოვანებს. პირველ რიგში ღვინოების ჯიშობრივი მრავალფეროვნება, ასევე ბუნება, სადაც შეუძლებელია არ აღვნიშნოთ თუშეთი, ტბათანა, ლამაზი ხეობები, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები თავისი უთხოვრის კორომებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახმეტაში კახელების გარდა ცხოვრობენ, თუშები, ფშავლები, ხევსურები, ქისტები, ოსები. ამ ყველაფერმა განაპირობა ფოლკლორის და კულინარიის მრავალფეროვნება. აქ ტურისტმა შეიძლება დააგემოვნოს: კოტორი, ხავიწი, ყაღი, ჩობანყაურმა, დამბალხაჭო და ა.შ., გუდის ყველზე რომ არაფერი ვთქვათ... ეს ყველაფერი ახმეტას ტურისტებისთვის, ვფიქრობ, მიმზიდველს ხდის. აქ ასევე შესაძლებელია საფეხმავლო ტურები. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ 400-ზე მეტი ისტორიული ძეგლი და ციკლოპური ნაგებობები: ალავერდი, კვეტერა, საჩინო, ცხრაკარა, შავკაბას დედათა მონასტერი, ერალაანთ საყდარი და ა.შ. 

სწორედ ამიტომაც ჩართული ვარ ღვინის ტურიზმში. მთელ მსოფლიოში იმდენად მზარდია ინტერესი ქვევრის ღვინისადმი, ხშირად გვიწევს ტურისტების მიღება დეგუსტაციისთვის და მათი გამასპინძლება. ჩამოდიან ისეთი შორი ქვეყნებიდან როგორიცაა: ავსტრალია, ინდოეთი, მექსიკა, კუბა და სხვა... 

ჩვენი ღვინო იყიდება ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში და აშშ-ში. პანდემია დიდ დარტყმა იყო მეღვინეებისთვის განსაკუთრებით ახალი გახსნილი საოჯახო მარნებისთვის, ასევე ჩვენთან დაკავშირებული ბიზნესებისთვის, როგორიცაა: სასტუმროები, რესტორნები და ტურისტული სააგენტოები. პირადად ჩემთვის ღვინის შიდა გაყიდვა 70%-ით შემცირდა, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ექსპორტმა მოიმატა. იმედია, პანდემია მალე ჩაივლის და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“. 

როგორც „ახმეტის ღვინის სახლის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ გარსევანიშვილმა აღნიშნა, საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებს, ღვინო „ახმეტა“ დაემატა. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა. „საქპატენტმა“ ახმეტა (ახმეტის მწვანე) რეგის¬ტრაციაში გასული წლის 11 მაისს გაატარა. ახლადრეგისტრირებული ღვინის შესახებ ვკითხულობთ: 

„ახმეტა“ (დამატებითი აღნიშვნა „ახმეტის მწვანე“) თეთრი ან ქარვისფერი ღვინოა. მიკროზონა ახმეტის მუ-ნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს და ქალაქ ახმეტის გარდა, მოიცავს სოფლებს: საკობიანო, მატანი, ქისტაური, არაშენდა, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე, ოჟიო, ალავერდი, კოღოთი, ჩაბინაანი, ხორხელი, ზემო ხოდაშენი, აწყური, ახალდაბა, ჩარექაული, ზემო ალვანი, ხორბალო, ქვემო ალვანი, ბაბანეური, მაღრაანი, ფიჩხოვანი და არგოხი. 

„ახმეტა“ თეთრი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახმეტის მიკროზონაში მოწეული კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან, ხოლო „ახმეტა“ ქარვისფერის დამზადებისას დასაშვებია კახურ მწვანეს დაემატოს ამავე მიკროზონაში მოწეული ქისის და ხიხვის ჯიშის ყურძენი, ჯამურად 15%-მდე. 

ასე რომ, ახმეტის მხარეში მეღვინეობის განვითარების დამატებითი საფუძველიც არსებობს – საკუთარი ადგილწარმოშობის ღვინო. რაც შეეხება ღვინის ტურიზმს და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას ამ მხარეში, ამ მხრივაც დიდი პოტენციალია. ახლა მთავარია კორონაპანდემია დასრულდეს და როგორც დანარჩენ საქართველოში, ახმეტაშიც სწრაფად გამოცოცხლდება ტურიზმიც და სხვა მიმართულებებიც. 

ლევან სეფისკვერაძე