ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
დასვენების 7 ყველაზე ექსტრემალური სახეობა - №2(67), 2021
ექსტრემალური დასვენება სულ უფრო პოპულარული ხდება. ბევრს სურს შვებულებიდან რაც შეიძლება მეტი დაუვიწყარი შეგრძნება მიიღოს. მათ ხიფათი, რისკი იზიდავს, ისინი არაფერს იშურებენ სიმამაცის ჰორმონის – ადრენალინის გამოსაყოფად. ამიტომაც არის, რომ ექსტრემალთა არმია თანდათან იზრდება. თუმცა, არაერთი განმუხტვის არაერთი სახიფათო სახეობა სპეციალურ მომზადებას და უნარის ქონას მოითხოვს, რაც ბევრი ახალბედასთვის წინაღობად იქცევა.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება საკუთარ თავს ნერვები „აუთამაშო“ მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხარ, რომ შენგან რემბო არ გამოვა? რა თქმა უნდა, კი! უბრალოდ, მოგზაურობის სურვილთან ერთად ხელს ფინანსებიც უნდა გიწყობდეთ. ქვემოთ ექსტრემალური დასვენების იმ სახეობებზე მოგითხრობთ, რომელთა დაძლევა სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს – მთავარია გქონდეთ ფული!
 
ტანკით გასეირნება

თუ თქვენ მინესოტას შტატში ცხოვრობთ, ან აშშ-ის შუა დასავლეთში მოხვედრის შესაძლებლობა გაქვთ და ამასთან ექსტრემალური გართობის მოყვარულებიც ხართ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ პატარა ქალაქ კასოტას (Kasota). კომპანია Drive A Tank-ი თავშესაქცევ სერვისებს გთავაზობთ. რამდენიმე ასეული დოლარის საფასურად შეგიძლიათ ტანკი იქირაოთ და თუ მსგავსი ტექნიკის მართვის ნიჭი აღმოგაჩნდებათ, შემოღობილი 8 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე რაც გინდათ ის აკეთეთ.
 
აქაურ პრეისკურანტში სულ რაღაც 599 დოლარი ღირს ტანკით ავტომობილის „გასრესა“. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამას თქვენ პროფესიონალი მძღოლის გვერდით მჯდომი შეასრულებთ. იგი 25-წუთიან სეანსში ტანკის მართვას შეგაჩვევთ და თუ თქვენი სურვილი იქნება, 17-ტონიანი ტექნიკით მეორად ავტოზე იქეთ-აქეთ გადატარებისას საჭესთან თქვენ იქნებით.
 
არის ასეთი სერვისიც – იხდით 175 დოლარს და თქვენთან ერთად კიდევ 3 მგზავრს მძღოლი 10 წუთის განმავლობაში ან ნახევარი მილის დაფარვამდე (იმის მიხედვით, რომელი უფრო მალე შესრულდება) უსწორმასწორო ლანდშაფტზე გატარებთ. თუ აზარტში დრო ან მანძილი მალე ამოიწურა, შეგიძლიათ 150 დოლარის გადახდის შემდეგ კიდევ 3 მგზავრი (ტანკზე შემომსხდარი უკვე ექვსნი იქნებით) დაიმატოთ და დანარჩენი იგივე პირობაა.

მოკლედ, მთავარია ჯერ ამერიკულ შტატებამდე ჩააღწიოთ, მერე მინესოტაში მოხვდეთ, ბოლოს Drive A Tank-ის ადგილსამყოფელს მიაგნოთ და უკან უკმაყოფილოს არ გამოგიშვებენ.

გართობა ნიანგების გარემოცვაში

ავსტრალიურ დარვინში (Darwin) მდებარე პარკში Crocosaurus Cove ე.წ. „სიკვდილის გალია“ აქვთ. იგი მალე გახდა პოპულარული, რადგან ნიანგებთან მეგობრულ და მათგან საიმედოდ დაცულ კამპანიაში ხშირად არ უწევს ადამიანს ყოფნა.
 
აქ არა მხოლოდ ნიანგების თითქმის ყველა სახეობის და ზომის (სიგრძით 30 სანტიმეტრიდან 5 მეტრამდე) წარმომადგენლებს ნახავთ, მათთან ერთად ცურვა შეიძლება, ხოლო ახალდაბადებულებს ხელშიც დაიჭერთ. ალიგატორებთან დაკავშირებული ატრაქციონებიდან ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა ზემოთ ნახსენებ „სიკვდილის გალიას“ უკავშირდება. ორგმინისგან (Plexiglas) დამზადებულ გალიაში „თავზეხელაღებულ“ ექსტრემალებს ათავ- სებენ და მტაცებლის ბუნაგში განმავლობაში 15 წუთის განმავლობაში უშვებენ. თუ ნიანგი განსაკუთრებულ აგრესიულობას გამოავლენს და კლიენტი სეანსის შეწყვეტას მოითხოვს, გალიას ამწით უმალ მაღლა სწევენ.

ზრდასრულთათვის ბილეთის ფასი 40 დოლარია, პენსიონერმა 30 დოლარი უნდა გადაიხადოს, 3-15 წლის ბავშვებმა – 20. არის საოჯახო (2 ზრდასრული და 2 ბავშვი ან 1 ზრდასრული და მაქსიმუმ 4 ბავშვი) ბილეთიც – 105 დოლარი.

ფოტოსესია ლომებთან და ვეფხვებთან

თუ პონიზე გასეირნება თქვენი თავმოყვარეობის შესაფერისი აღარ არის, შეგიძლიათ არგენტინას, კერძოდ კი ლუხანის (Lujan) ზოოპარკს ეწვიოთ და მინიატურული ცხენი ლომით ჩაანაცვლოთ. დედაქალაქ ბუენოს-აირესიდან 80 კილომეტრში მდებარე მოშინაურებულ გარეულ ცხოველთა „თავშესაფარი“ არასდროს უჩივის დამთვალიერებელთა ნაკლებობას. ნებისმიერს შეუძლია ვეფხვთან თუ ლომთან, დათვთან თუ ავაზასთან გალიაში შესვლა, მათი გამოკვება და იქაური ფოტოგრაფის მიერ ამ ყველაფრის დასურათებული ვარიანტის ელექტრონული ფოსტით მიღება.
 
ზოოპარკი 1994 წლიდან მუშაობს და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ცხოველს ადამიანისთვის რაიმე სახის ზიანი მიეყენებინოს. მათ დაბადებიდანვე კვალიფიციური მწვრთნელები ზრდიან, რომლებიც საკვების თანაბარზომიერი დოზით მიღებას აჩვევენ და ასწავლიან გაარჩიონ ადამიანის ხელები საკვებისგან. ლუხანის გარეული ბინადრები შინაურ კატებთან და ძაღლებთან იზრდებიან და მათგან ადამიანებთან ნდობას და მეგობრობას ეჩვევიან.

თითოეულ გალიაში ყოველ ცხოველს ორი მწვრთნელი ახლავს. ისინი ყურადღებით აკვირდებიან აღზრდილთა ემოციურ განწყობას და საჭიროების შემთხვევაში მათ დასვენებისკენ მოუწოდებენ ან ვიზიტორებისგან ყურადღების სხვა რამეზე გადატანაში ეხმარებიან.

ლუხანის ზოოპარკში შესვლა ზრდასრულ მნახველს 400 არგენტინული პესო უჯდება. იგი 9:00-18:00 საათებშია ღია და გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის ხალხმრავლობაა მტაცებელთა გალიებთან, განსაკუთრებით მათი „დაპურების“ დროს.

ზორბინგი

ზორბინგი შედარებით ახალი სპორტის სახეობაა. იგი მთიდან სპეციალური გამჭვირვალე სფეროთი დაშვებას გულისხმობს. თავად სფეროს ზორბი ჰქვია, ხოლო მასში მდებარე ადამიანს – ზორბონავტი. ეს სახეობა ექსტრემალურად ითვლება, რადგან დაშვებისას სპორტსმენი უხვად ადრენალინს გამოიმუშავებს და შესაბამისად დადებით ემოციებს იღებს. ზორბინგის ნაირსახეობაა ზორბის შიგნით სირბილი, როცა სფერო უკვე ჰორიზონტალურ ზედაპირზე გადაადგილდება და მასში მყოფი ადამიანი სპეციალური ხელსაწყოებით არ არის დამაგრებული. 

ზორბი პოლიურეტანის ან პოლივინილქლორიდისგან არის დამზადებული და ორი უჰაერო ღრუსგან შედგება, რომელთა შორის ჰაერია. ზორბის შიგნით სპორტსმენი სპეციალური ღვედებით საიმედოდ მაგრდება, რაც დაშვებისას ტრავმის მიღებისგან იცავს. ზორბი, რომლის სტანდარტული დიამეტრი 3,2 მეტრია, 70 კგ-მდე იწონის. მასში ერთი ან ორი ადამიანის ყოფნაა დასაშვები. 

პირველად ზორბი 1973 წელს გამოჩნდა, როცა იგი ფრანგმა ჟილ ებერსოლტმა 
გამოიგონა და დააპატენტა. 90-იან წლებში ახალზელანდიელებმა დუეინ ვან დერ სლუისმა და ენდრიუ ეკერსმა შეიმუშავეს და დახვეწეს ზორბის  თანამედროვე ვარიანტი.

ზორბინგი საწყლოსნო სახეობების მოყვარულთათვისაც გამოდგება, რადგან ზორბით წყლის ზედაპირზეც შეიძლება გადაადგილება. ამ შემთხვევაში სფეროს მხოლოდ ერთი კედელი აქვს, ხოლო ადამიანი შესაძლოა მიბმულიც იყოს ამ კედელზე ან მიუბმელიც. სფეროში მყოფი თავისუფლად შეიძლება მიჰყვეს წყლის დინებას. თუმცა, ექსტრემალები აქაც პოულობენ თავგადასავლებს – ისინი ზორბს კატერზე გამოაბმევინებენ ხოლმე და მას მაღალი სიჩქარით „მიაჭენებენ“.

"გასეირნება" ცათამბჯენზე

კანადის ქალაქ ტორონტოში მდებარე მსოფლიოში სიმაღლით მეორე სატელევიზიო კოშკზე, CN Tower-ზე ექსტრემალური ატრაქციონია მოწყობილი. მას EdgeWalk (ზღვარზე გასეირნება) ჰქვია და სრულად ამართლებს დასახელებას. მიწიდან 365 მეტრის სიმაღლეზე (შენობის 116-ე სართული) დაზღვევის სპეციალური სისტემით აღჭურვილი წრიული ბილიკია მოწყობილი. ამ სისტემას ექსტრემალები მეტრნახევრიანი ტროსით ეკიდებიან და 30 წუთის განმავლობაში რასაც და როგორც უნდათ იმას აკეთებენ. ამ სიმაღლიდან მარტო ქვემოთ გადახედვას შეუძლია ადრენალინის მომეტებული დოზით გამოყოფა და თუ უსაფრთხოების გარანტიებით გულმოცემული „ფრენას“ და მისნაირ მამაცობებს ჩაიდენ, ხომ უკეთესი. მით უფრო, როცა იცი, რომ შენს ყოველგვარ მოძრაობას ფოტოგრაფი და ვიდეო ოპერატორი გადაიღებს. ატრაქციონი ჯგუფის მხოლოდ 6 წევრამდე შევსების შემდეგ ამუშავდება, რომელთაგან თითოეული 175 ამერიკულ დოლარს იხდის. ამ საფასურში, ფოტო და ვიდეოკადრებით სავსე დისკის გარდა, სიმამაცის დამადასტურებელი სერტიფიკატიც გადმოგეცემათ.

ვიდრე დუბაიში „ბურჯ ხალიფა“ აშენდებოდა, 553,5 მეტრი სიმაღლის CN Tower 32 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმაღლეს შენობად ითვლებოდა. მის აშენებას მხოლოდ 40 თვე და 57 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდა. სტატისტიკის მიხედვით, კოშკს ელვა წელიწადში საშუალოდ 78-ჯერ „ურტყამს“. მას ასევე რიხტერის სკალით 8,5-ბალიანი მიწისძვრისთვის გაძლება შეუძლია.

ტურისტებისთვის განკუთვნილი სადამკვირვებლო არეალი თითქმის მთლიანად მინის იატაკით არის მოწყობილი, რომელიც კვადრატულ სანტიმეტრზე 109 კგ დატვირთვას უძლებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მას 14 ზრდასრული ბეჰემოტის გავლა ვერაფერს დააკლებს. ნათელ ამინდში გარემოს დამთვალიერებელთათვის ჰორიზონტის ხაზი 160 კილომეტრით იქით იწევს, ქალაქი ხელისგულივით ჩანს, ხოლო ონტარიოს ტბა – ერთი ნაპირიდან მეორემდე. საუკეთესო თვალისჩინის მქონეებს ნიაგარის ჩანჩქერზეც შეუძლიათ თვალის შევლება.

ჰუაშანი – სიკვდილის ბილიკი

კიდევ ერთ ექსტრემალურ მარშრუტს ჩინეთში, ქალაქ სიანთან (Xian) მდებარე ჰუაშანის (Huashan) მთაზე მივყავართ. დღეს ამ გზას ტურისტებისთვის „სიკვდილის ბილიკს“ ეძახიან, ხოლო გასული საუკუნის ბოლომდე იგი დაოსი განდეგილებისთვის განმარტოებაში სალოცავი ადგილებისკენ მისასვლელი ერთადერთი საშუალება იყო.

მთის ყველაზე დაბალ (ზღვის დონიდან 2100 მეტრი) ჩრდილო მწვერვალზე ასვლა კიბით ან საბაგირო გზის კაბინით შეიძლება. აქედან შედარებით უსაფრთხო ბილიკები იწყება, რომლებიც არაჩვეულებრივი სილამაზის კლდეებით არის გარემოცული. განსაკუთრებით სახელგანთქმულია რკინის ბიჯგებზე შემოდებული და შიშველ კლდეში ჩაჭედილი ხის 2-3-დაფიანი ბილიკი. უძირო უფსკრულს ზემოთ გავლა კლდეზე მჭიდროდ მიბჯენილმა უნდა მოახერხოთ. ბილიკის გასწვრივ რკინის ჯაჭვები ჰკიდია, რომლებზეც ტურისტებს დამზღვევი სარტყელებით ამაგრებენ. არადა, ასეულობით წლების განმავლობაში რწმენით თავდაჯერებული ჩინელი ბერები ამ მარშრუტს ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე გადიოდნენ.

ტრეკინგი დაახლოებით 20 წუთი გრძელდება. გზის შუაში მოსასვენებელი ადგილია, სადაც ექსტრემალებს ფოტოგრაფი ელოდება. ბილიკს ჩიხამდე მიჰყავხართ, საიდანაც, მწვერვალზე მოწყობილ ფანჩატურში სულის მოთქმის შემდეგ, იგივე გზით უკან ბრუნდებით. მარშრუტის ორგანიზატორები ხმებს მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ გადამეტებულად მიიჩნევენ, თუმცა, საშიში უფსკრულები და ძლიერი ქარი აქ ნამდვილია.

ჰუაშანის ნაციონალურ პარკში შესვლა 180 იუანი (28 დოლარი) ღირს, საბაგირო გზით სარგებლობა 140 იუანი, ხოლო „სიკვდილის ბილიკზე“ გავლა – 30 იუანი.

ნახტომი მოქმედი ვულკანის კრატერში

თუ თქვენ ბანჯი-ჯამპინგი (Bongee Jumping) გიტაცებთ, მაგრამ ტიროლის (ავსტრია) ევროპაბრიუკეს თითქმის 200-მეტრიანი ხიდიდან ფეხში თოკჩაბმული გადმოხტომა საკმარის ემოციებს აღარ განიჭებთ, შეგიძლიათ 10 ათასი დოლარი გვერდზე გადადოთ და ჩილეში გაემგზავროთ.

არაუკანიის ოლქში მდებარე ქალაქ პუკონიდან (Pucón), ვულკან ვილიარიკადან (Villarrica) ამომავალი ლავა ღამით კარგად ჩანს. სწორედ ამ ვულკანის კრატერში ჩასახტომად გჭირდებათ „შავი დღისთვის“ გადანახული დოლარები. თეორიაში ყველაფერი ბანალური და მოსაწყენი ჩანს: ჯდებით ვერტმფრენში, რომელსაც პილოტი ვულკანი თავზე, დაახლოებით 200 მეტრ სიმაღლეზე „დაჰკიდებს“ და თქვენც ხტებით.

პრაქტიკაში კი, ყველაფერი გაცილებით მხიარულად და აზარტულად გამოიყურება. ვინაიდან სხეულზე ჩაბმული თოკი 100 მეტრი სიგრძისაა, თქვენ მხოლოდ ვილიარიკას ცეცხლოვანი სუნთქვის შეგრძნებას შეძლებთ. ეს ნამდვილად დაუვიწყარი დღე იქნება ნებისმიერი ექსტრემალისთვის.

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა