ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
"კრაფტ ლუდის" პირველი ფესტივალი წყალტუბოში - №2(67), 2021
საქართველოში ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როდესაც ნატურალური ღვინის მწარმოებელი მეღვინეები ბუნებრივი, ე.წ. კრაფტ ლუდითაც დაინტერესდნენ და უკანასკნელ წლებში არაერთმა მცირე მარნის მფლობელმა თავის ასორტიმენტში მათივე წარმოებული კრაფტ ლუდიც შეიტანა, რაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში აქამდე არასოდეს მომხდარა.

ძვირი, მაგრამ ხარისხიანი

ახლად მოვლენილი ქართველი მეღვინე-მელუდეების აბსოლუტურ უმრავლესობას ლუდის ტექნოლოგიების ცოდნის კუთხით პროფესიული განათლება არ გააჩნია. თუმცა, ინტერნეტის საშუალებითა და პირველ ყოვლისა ერთმანეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით მათ უკვე მოახერხეს საინტერესო ლუდების დამზადება, რომელიც სხვა, მასობრივი წარმოების ლუდებზე მნიშვნელოვნად ძვირია და განსაკუთრებით უცხოელ ტურისტებშია პოპულარული.

ამ კუთხით სპეციალურად ჩვენი მკითხველებისთვის თბილისის ლუდის ბაზარზე ჩავატარეთ მცირე მოკვლევა და ვერ ვიტყვით, რომ შედეგებმა გაგვაკვირვა. როგორც ლუდის სპეციალიზებულ მაღაზიებში, ასევე ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში ქართული წარმოების, ყველაზე უბრალო, თეთრი გაფილტრული ბოთლირებული ლუდის ფასი 2.1 ლარიდან იწყება. ანალოგიური ლუდები ჩამოსასხმელი სახით ლიტრი 3-4 ლარად იყიდება. ცოტა ძვირია ქართული დიდი ქარხნების მიერ წარმოებული გაუფილტრავი ლუდის ფასი, რომელიც 3-4 ლარამდე მერყეობს.

ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვნად ძვირი გამოდის ე.წ. კრაფტ ლუდი. 0.5-ლიტრიანი ბოთლირებული სახით წარმოებული ყველაზე იაფი კრაფტ ლუდის ფასი 7 ლარამდეა, ხოლო 0.33 ლიტრიანი კი 5 ლარი ღირს. აღარაფერს ვამბობთ ე.წ. ექსკლუზიურ, განსაკუთრებით მაღალხარისხოვან ლუდებზე, რომლებიც ბოთლი 10 და 20 ლარი შეიძლება ღირდეს. ფასში ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა ქართველმა ლუდის მოყვარულებმა ცხადია შეამჩნიეს და ბევრი სწორედ ამიტომ არც კი ინტერესდება კრაფტ ლუდით. ზოგი მიიჩნევს, რომ კრაფტ ლუდის წარმოების ახლანდელი ბუმი მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი მოდაა და „მალე გადაივლის“. თუმცა, ევროპული და ამერიკული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ამგვარი ლუდის მოყვარულების რიცხვი, ლუდის მწარმოებლების მსგავსად განუხრელად იზრდება და ეს ქართველ ლუდის მცირე მწარმოებლებსაც აიმედებს.

მწერლობა, მეღვინეობა, მელუდეობა...

თანამედროვე მელუდეობაში მიმდინარე ტენდენციები როგორც ჩანს კარგად შეაფასა და დაინახა ცნობილი მწერლის, ოტია იოსელიანის შვილიშვილმა, ოტია იოსელიანი-უმცროსმა, რომელიც იმერეთში, ქალაქ წყალტუბოში ოჯახთან ერთად პაპისეულ კერას დაუბრუნდა და პაპამისის ლამაზი კარ-მიდამო ტურისტებისთვის საინტერესო ადგილად აქცია. ამ ყველაფერს შემდეგ დაუმატა სხვადასხვანაირი ტიპის ოჯახური ღვინის და არყის წარმოება და ეს ყოველივე საბოლოოდ კრაფტ ლუდის წარმოებით დასრულდა.
 
ოტია იოსელიანი-უმცროსი ძირითადად ორი სახის ლუდს აწარმოებს, რომელთაგან განსაკუთრებით „აპა“-ს ტიპის ამერიკული კრაფტ ლუდია პოპულარული. ლუდის წარმოების პროცესმა ოტიას გააცნო მისი კოლეგა მცირე მეღვინე-მელუდეები და სწორედ ამის შემდეგ დაიბადა იდეა, წყალტუბოში ჩატარებულიყო საქართველოში და მთელ კავკასიაში პირველი კრაფტ ლუდის ფესტივალი. 

ოტია იოსელიანი, მეღვინე-მელუდე, კრაფტ ლუდის ფესტივალ „პრელუდიის“ ორგანიზატორი:
 
„კრაფტ ლუდი – ეს ტერმინი საქართველოში ახალი შემოსულია, თუმცა, თვითონ ლუდის დაყენების საუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. ბევრი ამბობს, რომ იმ ლუდს ამ ლუდთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია რომ აქვს. ერთი რამე არის ფაქტი, რომ საქართველოში ლუდის ბაზარი იზრდება, ასევე იზრდება ხარისხიან ლუდზე მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ითქვას არ გვაქვს, უფრო სწორად ძალიან ცოტა გვაქვს. მაგრამ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ ეს საქმე წარმატებულად ვაკეთოთ.

– რას ნიშნავს სახელი „პრელუდია“ და რატომ გადაწყვიტეთ ფესტივალისთვის ამ სახელი დარქმევა?

– სახელი შემთხვევით არ აგვირჩევია, პრელუდია მოგეხსენებათ შესავალს ნიშნავს, ჩვენც რაღაცნაირად შევეცადეთ შესავალი გაგვეკეთებინა იმისა, რასაც მომავალში ვგეგმავთ. ეს იყო პირველი შეკრება, სადაც საქართველოში ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ლუდის მხარშველები შევიკრიბეთ, გავიცანით ერთმანეთი, გავსინჯეთ ერთმანეთის ლუდები. რა თქმა უნდა, გვქონდა ხარვეზებიც და ზუსტად ამ ხარვეზების აღმოსაჩენადაც იყო ეს ღონისძიება დაგეგმილი. მომავალში ამ ხარვეზებს მაქსიმალურად აღმოვფხვრით და შევეცდებით უფრო სრულყოფილი სახე მივცეთ ფესტივალს. ვფიქრობთ, საქართველოში შესაძლებელია იმ დონის ლუდის ფესტივალის ჩატარება, რომელზეც სპეციალურად ამ ფესტივალისათვის უამრავი უცხოელი სტუმარი ჩამოვა“.

ცოტა რამ შინაური/ოჯახური ლუდის ისტორიიდან

მელუდეობა უძველესი საქმეა, თუმცა, ლუდს განსხვავებით ღვინისგან, რომისგან ანდა კონიაკისგან არ აქვს ერთი სამშობლო და ყველა ქვეყანაში მელუდეობას თავისი ცალკეული ისტორია გააჩნია, რომელიც შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს ერთმანეთს. მაგალითად, ხევსურულ ლუდს, ისევე როგორც ხევსურებს, ისტორიულად არანაირი ბმა არ ჰქონიათ ჩეხებთან, ანდა ოსებს – გერმანელებთან, თუმცა, ამ მხარეებში მელუდეობა საუკუნეებს ითვლის. პირველი კლასიკური ე.წ. ოჯახური კრაფტ ლუდი ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკში მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა. სიმინდის, შვრიის, ქერის, ალაოსა და ხორბლისგან ქალაქთან ახლოს მცხოვრებმა ფერმერებმა ნამდვილი შინაური ნატურალური ლუდები დაამზადეს. ეს ლუდი მაშინაც ინდუსტრიულ ლუდზე ძვირი ღირდა. მაგალითად, თუკი ჩვეულებრივი გაფილტრული ერთი 0.4 ლიტრიანი ბოკალი ლუდი 5-7 ცენტი ღირდა, შინაური, ანუ ოჯახური ტიპის ნატურალური ლუდის ფასი 15 ცენტამდე ადიოდა, რაც ბევრი ადამიანისთვის მაშინ საკმაოდ ძვირი ფასი იყო.

შემდეგ მთელ მსოფლიოში დაიწყო მასობრივი ინდუსტრიალიზაცია, აშენდა სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელი დიდი ქარხნები და ეს ტენდენცია მელუდეობაზეც აისახა. განსაკუთრებით აისახა მძლავრ, ინდუსტრიულ ქვეყნებში, სადაც თანდათან გაქრა მცირე ლუდის სახდელები და მათი ადგილი დაიკავა დიდმა ლუდსახარშებმა. ამ ლუდსახარშებმა შეიმუშავეს ერთიანი სტილი, დაადგინეს ლუდის ტიპები, შექმნეს და დაარეკლამეს ბრენდები, რომლებმაც ათწლეულებს გაუძლეს და დღესაც მათი სახელები ლუდის მოყვარულებმა კარგად იციან.

ბელგია იყო ფაქტობრივად ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც მაღალი კლასის შინაური ლუდი ე.წ. ცივი ომის პერიოდშიც კი იწარმოებოდა. ბელგიის ქალაქებში დღესაც ნახავთ ასწლოვან ოჯახური ტიპის ლუდის მცირე საწარმოებს და ამით იქაურები დღემდე ამაყობენ. გარდა ამისა, ნიშანდობლივი ისიც, რომ ბელგიური ტრადიციული მცირე ლუდსახარშები ადგილობრივმა კათოლიკურმა ეკლესიამაც გადაარჩინა, რადგან სახდელების დიდი ნაწილი მონასტრების საკუთრება იყო და ლუდს ძველი ტრადიციისამებრ ბერები ამზადებდნენ.

რამაზ ნიკოლაძე, მეღვინე, მელუდე, მარან „ნიკოლაძეების მარნის“ მფლობელი:

„ევროპაში კრაფტ ლუდის ტრადიცია ყველაზე კარგად ბელგიაში შეინარჩუნეს. მცირე სახდელები ასევე შემორჩა დანიასა და შვედეთში, თუმცა, მათ საკუთარი უნიკალური სტილი დაკარგეს და უბრალოდ კარგ, გემრიელ ლუდს აწარმოებდნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბელგიის კათოლიკური მონასტრები, სადაც ბერებმა შეინახეს და განავითარეს ძველი, ტრადიციული მელუდეობა. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში მეღვინეობის კუთხით ხდებოდა, როდესაც მტრების შემოსევების და სხვა უბედურებების პირობებში მონასტრებმა და ბერებმა შეძლეს და შეინახეს ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება და ქვევრის ღვინის კულტურა. თუმცა, ბელგიელი ბერების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ტრადიციული მელუდეობა მათი ქვეყნის სავიზიტო ბარათად აქციეს და დღეს ბელგიაში უამრავი ადამიანი ჩადის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი მონასტრული მცირე ლუდსახარშები მოინახულონ და მართლაც უნიკალური ლუდი დააგემოვნონ“.

მეღვინეობა "ლუდის პრელუდიით"

კრაფტ ლუდის ფესტივალი „პრელუდია“ ჩვენს მიერ უკვე ხსენებული მწერლის, ოტია იოსელიანის მიერ აშენებული სახლის ეზოში მოეწყო, სადაც სხვათა შორის თავად მწერალია დასაფლავებული. ფესტივალის სტუმრები, ლუდის მწარმოებლები და მელუდეობით პროფესიონალურ დონეზე დაინტერესებული ადამიანები იყვნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ლუდის ნიმუშები გემოვნური თვისებებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

გიორგი კვირკველია, ლუდსახარში „მეგობრები“:

„დაახლოებით სამი წელია რაც ვმუშაობთ ქართულ ბაზარზე. ჩვენთვის პირველ რიგში საინტერესოა ადგილობრივი ხილი და ბოსტნეული (მაგალითად, შუშა კიტრი) რასაც ვიყენებთ ლუდისთვის დამატებითი არომატების შესაქმნელად. აქამდე ალბათ წარმოუდგენელი იყო მსგავსი უცნაური, თუმცა, ვფიქრობ გემრიელი ინიციატივა. კიტრის ლუდი არის ჩვენი ნოვაცია. ეს ლუდი გახლავთ მაქსიმალურად მსუბუქი, ნაზი და მივიღეთ ისეთი კომბინაცია, რომელიც ბევრს მოსწონს. ასევე ვაწარმოებთ სხვადასხვა ტიპის ლუდებს. მაგალითად: „ლაგერს“, „იპას“, „აპას“, „სტაუტს“, ხორბლის ლუდს და გვაქვს სხვა ექსპერიმენტული ლუდებიც. ლუდს ვაძველებთ უჟანგავ ჭურჭელში და ლუდის კასრებში.

– რატომ გადაწყვიტეთ კრაფტ ლუდის ფესტივალ „პრელუდიაში“ მონაწილეობის მიღება?

– ეს ფესტივალი როგორც მინიმუმ იმითაა ფასეული, რომ გავიცანით ბევრი ადამიანი, რომლებსაც აინტერესებთ ლუდი და კონკრეტულად კრაფტ ლუდი. ჩვენ გვინდა გავზარდოთ მოსახლეობის ცნობადობა ასეთი ლუდის მიმართ. თბილისში, ჩვენს ბარშიც ვცდილობთ რომ ადამიანებს გავაცნოთ ამგვარი ლუდის ფილოსოფია. საქართველოში ლუდი ისტორიულად ბევრგან მზადდებოდა და აქ ხალხს კარგი ლუდი არასოდეს უკვირდა. უბრალოდ ეს დავიწყებას მიეცა და ჩვენ ვეცდებით, რომ ხალხს ნამდვილი ლუდი დავუბრუნოთ“.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდა ნატურალისტი მეღვინე შოთა ლაგაზიძე, რომელიც ბოლო წლებში მელუდეც გახდა და ახმეტაში ნატურალური ღვინის წარმოების პარალელურად, მელუდეობასაც სერიოზულად მოჰკიდა ხელი.

შოთა ლაგაზიძე, მელუდე:

„ესაა მცირე მწარმოებლების სულ ახალი, პატარა მასშტაბის ფესტივალი, რომელიც ძირითადად ატარებს გაცნობით ხასიათს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს დავაკავშიროთ, გავაცნოთ, გავუზიაროთ ლუდის წარმოებაზე აზრები და ამ გზით გავზარდოთ კრაფტ ლუდის შესახებ ცოდნაც და შესაბამისად თავად ლუდის ხარისხიც. პირველ ფესტივალში მხოლოდ ათამდე ლუდსახარში იღებდა მონაწილეობას, ზოგს სხვადასხვა მიზეზებით შეეშალა ხელი ჩამოსვლაში, თუმცა ვფიქრობთ, ფესტივალი ყოველწლიური გახდება და მონაწილეთა რიცხვიც მნიშვნელოვნად გაიზრდება“.

საინტერესო ინიციატივა

ლუდის მწარმოებლები ხშირად ამბობენ, რომ ზოგადად ძალიან ძვირია ლუდის ჩამოსასხმელი და ლუდის საწარმოებელი ავტომატური დანადგარები. სხვადასხვა დათვლებით, ამგვარი მცირე წარმადობის აპარატურის შესაძენად მინიმუმ 10 ათასი დოლარი მაინც არის საჭირო. ჭყალტუბოს კრაფტ ლუდის ფესტივალის მონაწილე ბიზნესმენი დავით კვინიკაძე მელუდეებს ინოვაციურ პროდუქტს ბევრად იაფად სთავაზობდა.
 
დავით კვინიკაძე, ბიზნესმენი:

„აქ არიან ადამიანები, რომლებიც უმეტესად მცირე რაოდენობით აწარმოებენ ნამდვილ ლუდს. როდესაც ლუდს ხარშავ, დამზადებული პროდუქცია სადმე ხომ უნდა წაიღო რომ ხალხს შესთავაზო? ლუდი უნდა ჩამოასხა ან პლასტმასის, ან მინის ჭურჭელში, ან უბრალოდ ლიტრობით გაყიდო. ამგვარი ჩამოსასხმელი აპარატურა ხშირად ძვირი სიამოვნებაა და ბევრ დამწყებ მელუდეს არა აქვს მისი შეძენის საშუალება. ჩვენ ლუდის ფესტივალზე წარმოდგენილი გვაქვს მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა დამწყებ მელუდეებს მათი პროდუქციის ნებისმიერი ზომის ბოთლში ჩამოსხმაში და უკეთ რეალიზებაში. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ნებისმიერი ზომის სტილის და ხარისხის ბოთლში ჩამოასხამს ლუდს როგორც გაზირებული, ასევე უგაზო (ე.წ. ბუნებრივი გაზით) სახით. საქართველოში კრაფტ ლუდის წარმოების ზრდა მაძლევს იმედს, რომ ჩვენი შეთავაზებით ბევრი დაინტერესდება“.

ახლა ფესტივალის რიგით სტუმარსაც მოვუსმინოთ, რომელიც მელუდეობით იმდენად არის დაინტერესებული, რომ ლუდის ფესტივალზე ახალი და საინტერესო ლუდების დასაგემოვნებლად ბათუმიდან ჩავიდა.

ილია ლეჟავა, ფესტივალის სტუმარი:

„ფესტივალი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული, რასაც სიმართლე რომ გითხრათ, ნაკლებად ველოდი. ჩემი ასეთი დამოკიდებულება გამოწვეული იყო არა იმით, რომ უმცროსი ოტიას შესაძლებლობების არ მჯეროდა, არამედ იმით, რომ საქართველოში მსგავსი ღონისძიებები როგორც წესი მხოლოდ რამდენიმე კომპანიის რეკლამას ემსახურება და სხვა შინაარსს არ ატარებს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი ახალია და მონაწილე არც ისე ბევრი იყო (თუმცა, საქართველოში ასეთი ლუდის მწარმოებელი ზოგადად ისედაც ცოტაა) აღფრთოვანებული დავრჩი რამდენიმე ლუდით. მინდა გამოვყო სახდელი „სვია“, სახდელი „მეგობრები“, თავად ოტიას მიერ წარმოებული შესანიშნავი „აპა“-ს ტიპის ლუდი და ასევე ბექა გოცაძის მიერ წარმოებული ლუდი. ერთი სიტყვით, ამ ფესტივალმა ნამდვილად გაამართლა და ნამდვილად ღირდა ბათუმიდან ჩამოსვლა“.
 
სხვა მხრიდან დანახული მელუდეობა

დასასრულ, სასურველია ისიც ვთქვათ, რომ ყველა მელუდე არ იზიარებს ე.წ. კრაფტ ლუდის მწარმოებელთა ფილოსოფიას. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ თანამედროვე ქართულ მელუდეობას დღეს ყველაზე მეტად აკლია ზომიერება და ბალანსი. ბალანსი, ე.წ. ნატურალურ და მასობრივ წარმოებაზე ორიენტირებულ ლუდის წარმოებას შორის. ფესტივალის დასრულების შემდეგ გავიცანით ახალგაზრდა მელუდე სოფო მაისურაძე, რომელიც ამბობს, რომ მიესალმება კრაფტ ლუდის ფესტივალის გამართვის იდეას, თუმცა, მისი თქმით, თავად ყოველთვის ცდილობს არ იყოს რომელიმე მიმდინარეობის უაპელაციო და ბრმა მიმდევარი და ეს მისი, როგორც მელუდის არამხოლოდ სიფრთხილეზე, არამედ ძიების სურვილზე და ინტერესის სფეროს დიდ მოცულობაზეც მეტყველებს.
 
სოფო მაისურაძე, დამწყები მელუდე:

„მე თანაბრად ვაღიარებ ლუდის დამზადების ყველა აქამდე აპრობირებულ და გამოცდილ მეთოდებს და არ მიმაჩნია საჭიროდ, რომელიმე მეთოდს მიენიჭოს დიდი უპირატესობა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მრავალფეროვნება თანამედროვე ლუდის წარმოებაში უმთავრესია და კარგ მელუდეს ყველა სახისა და სტილის ლუდის დამზადება უნდა შეეძლოს“.
 
ეს საქმე ხშირად ძიებაა და სოფოს ძიებები მის მიერ ბელგიური ტრადიციული წესით დაყენებულ თეთრ გაფილტრულ ლუდში ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი ლუდი მხოლოდ საჩვენებელ ნიმუშებად ჩამოისხა, სპეციალისტების აზრით, სასმელში ნათლად იგრძნობა ე.წ. მელუდის ხელი, დამახასიათებელი გემო, არომატი და ამგვარი ლუდისთვის მეტად საგულისხმო სიმსუბუქე და ჰარმონიულობა.

ამის მიუხედავად, კრაფტ ლუდის მწარმოებელთა შეხედულებები მტკიცეა და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ბიო, მაღალხარისხოვან, ნატურალურ და ზედმეტი ჩარევების გარეშე დამზადებულ ლუდს აღიარებენ.

ლევან სეფისკვერაძე