ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
თბილისში ღვინის ფესტივალები დაბრუნდა! - №1(69), 2022
რა სიახლეებია პანდემიის შემდეგ ქართულ მეღვინეობაში

გლობალური პანდემიის შემდეგ, როგორც იქნა, ასრულდა ღვინის ქართველი მოყვარულების დიდი ხნის ოცნება და თბილისში მაისის თვეში ორი ტრადიციული ღვინის ფესტივალი გაიმართა. 13 მაისს, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საპრეზენტაციო სივრცეში კავკასიაში პირველი ნატურალური ღვინის ფესტივალი-გამოფენა ZERO COMPROMISE ჩატარდა. 14 მაისს კი მთაწმინდის პარკში პირველი და ყველაზე მასშტაბური ქართული ღვინის ფესტივალი, „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართა.

უცხოელი ღვინის იმპორტიორებისთვის და ღვინის ექსპერტებისთვის ამ ორი ფესტივალის ზედიზედ გამართვა მეტად მოსახერხებელია, რადგან ერთ ჩამოსვლაზე ორ სხვადასხვა ტიპის ღვინის ღონისძიებას დაესწრნენ და მათი საქართველოში ჩამოყვანის ორგანიზატორი და დამფინანსებელი – საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოც დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ღვინის ექსპერტი ერთდროულად ჩამოვიდეს. ეს ფესტივალების მასშტაბურობასაც ზრდის და სტუმრების ჩამოყვანის ორგანიზებაც უფრო ადვილია.

ფესტივალებზე ღვინის ნიმუშები საქართველოს ფაქტობრივად ყველა იმ რეგიონიდან იყო წარმოდგენილი, სადაც კი ღვინის დაყენების ტრადიციები არსებობს. თუკი კახეთის, ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის ღვინის სიმრავლე ჩვეულებრივი ამბავია, ღონისძიების სტუმრებისთვის სასიხარულო სიურპრიზი იყო სამეგრელოს, მესხეთის, მთიანი აჭარის და გურიის ბოლოდროინდელი გააქტიურება. საქართველოს ამ კუთხეებში ღვინოს ტრადიციულად ყოველთვის აყენებდნენ და ეს ტრადიციები არსად გამქრალა, თუმცა, ღვინის მარნების მომრავლება და გლეხების მიერ ღვინის ბოთლში ჩამოსხმის სურვილი, სამომავლო კარგი პერსპექტივების იმედს იძლევა.

იმედები პანდემიის შემდეგ

ZERO COMPROMISE თბილისში მესამედ გაიმართა. ამ ფესტივალს ნატურალური ღვინის მწარმოებელ მეღვინეთა გაერთიანება, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ „საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს“ დახმარებით ატარებს. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ კიდევ ერთ დიდ და მნიშვნელოვან ღვინის ფესტივალს სახელად „ამერიმერი“ ყოველი წლის დეკემბერში ქუთაისში მართავს. პანდემიამ ეს ორივე ფესტივალი ორი წლის მანძილზე შეაფერხა და 2022 წლის 13 მაისს თბილისში დაგეგმილ ZERO COMPROMISE-ს ამიტომაც ყველა განსაკუთრებულად ელოდა.

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“-ს დირექტორი, მეღვინე ზურა მღვდლიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად პანდემიისა, ქართული ბუნებრივი ღვინის სეგმენტს განვითარება და წინსვლა არ შეუწყვეტია. ამის დასტურია ის, რომ არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა ფესტივალში მონაწილეობის მსურველი მარნების რიცხვი, რამაც პარალელურად გაზარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების რაოდენობაც.

ზურა მღვდლიაშვილი, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“-ს დირექტორი:

„მიუხედავად პანდემიისა და მისი თანმხლები პრობლემებისა, ფაქტია, რომ ეს პერიოდი ბევრმა მარანმა სათანადოდ გამოიყენა. ყველა სტუმარი აღნიშნავს, რომ ამ ბოლო წლების მანძილზე კიდევ უფრო გაიზარდა ქართული ნატურალური ღვინის ხარისხი და რაოდენობა. გვყავს ახალი მარნები, რომლებიც სწორედ პანდემიის პერიოდში განვითარდნენ. ეს გვაძლევს მომავლის იმედს და გვჯერა, რომ წინსვლა მომავალში კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდება.

წელს ჩვენს ფესტივალში მარნების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. ქართველ და უცხოელ სტუმრებს ღვინოები შესთავაზა 90 მარანმა, რომლებიც მხოლოდ ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ. ეს მეღვინეები იცავენ ჩვენს მიერ დაწესებულ სტანდარტებს და წესებს, რაც ბუნებრივი ღვინის დასაყენებლად არის საჭირო. ჩვენ ამ მარნებს პერიოდულად ვამოწმებთ და ამ გზით ვაწესებთ ჩვენი ასოციაციის სტანდარტს, რაც ყველა წევრისთვის სავალდებულოდ დასაცავია. ასეთი ღვინო მთელ მსოფლიოში თანდათან უფრო პოპულარული და მოდური ხდება, რაც მეღვინეების შემოსავლებზეც დადებითად აისახება. თანდათან ყველა ხვდება, რომ ბუნებრივი ღვინო უკეთესია“.

იმედიანი განწყობა ჰქონდა „ახალი ღვინის ფესტივალის“ შემქმნელი ორგანიზაციის, „საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტ მალხაზ ხარბედიასაც. ეს ფესტივალი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ყველაზე ძველი და ყველაზე მასშტაბურია. ფესტივალი სათავეს 2011 წლიდან იღებს და ამ დროის მანძილზე მისი ჩატარების ადგილი სამჯერ შეიცვალა. ბოლო წლების მანძილზე ამ ღვინის ზეიმმა ადგილი მთაწმინდის პარკში დაიდო და ახლა მისი მასშტაბები და ცნობადობა იმდენად დიდია, რომ 14 მაისს საავტომობილო საცობების და ბევრი სტუმრის მოზღვავების გამო მთაწმინდაზე ღვინის მოყვარულების ასვლაც კი გვარიანად გართულებული იყო.

„ახალი ღვინის ფესტივალი“, მისი დასახელებიდანაც ჩანს, რომ ახალი ღვინის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული (ახალი, ანუ წინა წლის მოსავალი). თუმცა, იმ 200-მდე დიდ თუ პატარა მარანს, რომლებმაც ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა, ძველი ღვინოებიც ჰქონდათ წარმოდგენილი. ამას გარდა, ფესტივალის სტუმრებს შეეძლოთ გაესინჯათ მეღვინეების მიერ წარმოებული ჭაჭა, კონიაკისებრი ბრენდები და სხვა ალკოჰოლური სასმელები. 

მალხაზ ხარბედია, „საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი:

„წლევანდელ ფესტივალზე პირველ რიგში ერთგვარი წყურვილი დავინახე, ღვინის, ურთიერთობის, მშვიდობის, თავისუფლების წყურვილი. გასული ორი წელი ურთულესი იყო. ძალზე დაძაბულია ბოლო 3 თვეც, ამიტომ ხალხში ბუნებრივად გაჩნდა ეს წყურვილი, რომელსაც წელს 160-ზე მეტი მცირე მარანი თუ დიდი კომპანია აკმაყოფილებდა.

პირველ რიგში საგრძნობი გახლდათ ერთიანობა. მოგეხსენებათ, წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იყო. ბევრი გვყავდა უკრაინელიც და რუსი სტუმარიც, თუმცა, წელს არა ნაირი გაუგებრობა ამ მხრივ არ მომხდარა, განსხვავებით 2014 წლისგან. მაშინაც ახალი ღვინის ფესტივალზე უკრაინულენოვანი პოსტერები გამოვფინეთ ქვეყნის მხარდასაჭერად და მახსოვს ერთი-ორმა რუსმა პრეტენზიაც გამოთქვა ამაზე, და მკაცრი პასუხიც მიიღო, წელს კი არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ის რუსებიც აცნობიერებენ, რამხელა ჭაობში აღმოჩნდნენ მათი ხელისუფლების იდიოტური გადაწყვეტილებების გამო.

მიხარია, რომ მცირე მარნები თუ დიდი კომპანიები აქტიურად ჩაერთნენ ჩვენს აქციაში „ქართული მეღვინეობა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად“, ივნისში ალბათ პირველ თანხასაც გადავრიცხავთ. ღვინის სექტორმაც უნდა აჩვენოს ერთიანობა და თანადგომა, ეს ძალზე მნიშვნელოვანია“.

ახალი შესაძლებლობები

მაისში გამართულ ორივე ფესტივალში მონაწილე ღვინის მარნებს შეეძლოთ ღვინის გაყიდვა. ღვინით დაინტერესებული სტუმრებისთვისაც მოსახერხებელი იყო შედარებით სარფიან ფასად მცირე რაოდენობით ღვინის შეძენა. თუმცა, ფესტივალების მონაწილე მარნების მთავარ ინტერესს ქართული ღვინით მოვაჭრე უცხოელ ექსპორტიორებთან კონტაქტების გაბმა და შეთანხმებების დადება იყო. წლევანდელ ფესტივალებს ღვინით დაინტერესებული ნეგოციანტები (ღვინით მოვაჭრე ადამიანები) ნამდვილად არ აკლდა და ბევრმა დიდმა თუ მცირე მარანმა შეძლო სარფიანი შეთანხმებების დადება.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტიორების დიდი ნაწილი უკვე ისედაც მუშაობს ქართულ ბაზარზე და მათთვის განსაკუთრებულ სიახლეს აღარ წარმოადგენს რეგიონების და ჯიშურობის მიხედვით განსხვავებული ქართული ღვინო. ფაქტია, რომ ევროპაში, აზიაში და ამერიკაში ქართული ღვინის შესახებ უკვე ბევრმა ადამიანმა იცის და ჩვენი ღვინო აღარ არის მხოლოდ ეგზოტიკური სასმელების მოყვარულთა ინტერესის საგანი.

პანდემიის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა სხვა სფეროების მსგავსად, უარყოფითი გავლება ღვინის სექტორზეც იქონია. განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ღვინის ტურიზმის მიმართულება, რაც მცირე მარნისთვის, რომელიც პანდემიამდე აქტიურად მასპინძლობდა ტურისტებს, რთულ გამოწვევას წარმოადგენდა. გარდა ამისა, სარესტორნო ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად აისახა ღვინის გაყიდვებზე. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პანდემიამ ბევრ მეღვინეს შესაძლებლობების ფანჯარაც გაუხსნა და უბიძგა, რომ გაყიდვების ალტერნატიული გზები და საშუალებები გამოეძებნათ.

„ჟუკა-სანოს“ მარანი დაარსდა 2017 წელს, როცა ამ მარნის შემქმნელმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა თელავის სოფელ რუისპირში პირველი მოსავალი დაწურეს და პირველი ღვინო დააყენეს, რქაწითელი, სულ 210 ბოთლი და იყალთოს წითელი, სულ 6 ლიტრი, რომელიც ბოთლებში ჩამოსხმამდე დაილია. მათი ვენახის ფართობი ნახევარი ჰექტარიც არ არის. შარშან კი ძველ ვენახთან ახლოს ახალი ვენახი ჩაყარეს, სადაც უიშვიათესი იყალთოს წითელი (250 ძირი) და კახური მწვანეა (400 ძირი) გაშენებული. ეს მარანი წელს მონაწილეობას ZERO COMPROMISE-შიც იღებდა და „ახალი ღვინის ფესტივალშიც“.

თაკო ჟურული, „ჟუკა-სანოს“ მარანი:

„ღვინის წარმოება და ფესტივალებში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავიცანით ხალხი, ვინც მაგარ ღვინოებს აყენებდა და აღვფრთოვანდით! საოცარი ხალხია, ისე იმოქმედეს ჩვენზე, რომ გადავწყვიტეთ მიგვებაძა მათთვის. შემდეგ დავიწყეთ სწავლა მევენახეობა-მეღვინეობის, საკუთარ ვენახსა და მარანში ვმუშაობდით დღე და ღამე, ვკითხულობდით ბევრს, ვესწრებოდით ტრენინგებს და ნატურალისტობა იქცა ჩვენი აზროვნების და ცხოვრების წესად. ახლა ეს ძალიან ბუნებრივი რამეა ჩვენთვის, უბრალოდ ასე ვცხოვრობთ“.

წინაპრების ნაკვალევზე

„ჯუსოს მეღვინეობა“ ტრადიციული კახური ოჯახის მრავალწლიან ტრადიციას წარმოადგენს, რომელსაც საფუძველი ოჯახის წინაპარმა, ჯუსო პაპამ ჩაუყარა. სწორედ მის სახელს უკავშირდება კახეთის რეგიონში წლების მანძილზე მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება. მისი გარდაცვალების შემდეგ, გააგრძელეს პაპის ტრადიცია, თუმცა ღვინოს მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, მეგობრებისთვის აყენებდნენ.

ლაშა ხვედელიძე, „ჯუსოს მეღვინეობა“:

ჩვენს მთავარ სიამაყეს ჩვენი მამა-პაპისეული ვენახი წარმოადგენს, რომელიც ჯუსო პაპამ საგარეჯოს რაიონში მდინარე იორისა და თვალთხევის პირზე მდებარე კოსტაფეს ტერიტორიაზე გააშენა. სწორედ კოსტაფეს ტერუარი აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად რქაწითლისა და მწვანეს ჯიშების მოსაყვანად. 2020 წელს სოფელ შილდაში, 4 ჰექტარ-ნახევარზე გავაშენეთ ვენახი, რომელიც ქინძმარაულის ზონაში მდებარეობს და მისი კლიმატი იდეალურ პირობებს ქმნის სხვადასხვა ყურძნის, განსაკუთრებით კი საფერავის ჯიშის ვაზისთვის.

„ჯუსოს მეღვინეობა“ აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ აქტივობაში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის განვითარებასა და მცირე მარნების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ეს კარგი შესაძლებლობაა ახალი ღვინოების წარსადგენად, ასევე, სხვა მეღვინეებთან და ღვინის ექსპერტებთან დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად და, რაც მთავარია, ღვინის პოტენციურ ექსპორტიორებთან და ღვინის ექსპერტებთან საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად“.

ჯანსაღი კონკურენციის სიკეთეები

„ჭონას მარნის“ ვენახები გაშენებულია, წინანდლის მიკროზონაში, სოფელ კურდღელაურში. 2015-2016 წელს შექმნეს მათი ბრენდი „ჭონას მარანი“. აწარმოებენ ქვევრის ნატურალურ მშრალ ღვინოს. ამ პერიოდის განმავლობაში მათი მოცულობა საკმაოდ გაიზარდა. დღეს მარანში აქვთ 25 ტონის ქვევრი, რაც მათი აზრით გახლავთ ოპტიმალური სამომავლო საწარმოო მოცულობა.

მიხეილ ჭონაშვილი, ჭონას მარანი:

„რადგან ჩვენ ძირითადად ექსპორტზე ვიყავით ორიენტირებული, პანდემიის პერიოდში ჩვენი ექსპორტი გაიზარდა და დაემატა ასევე ახალი საექსპორტო ბაზრები როგორც ევროპაში ასევე აზიაში. დღესდღეობით „ჭონას მარანი“-ს ღვინო იყიდება 11 ქვეყანაში: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დანია, ჰოლანდია, შვეიცარია, ბელგია, ესტონეთი, იაპონია, სინგაპური.

– რას ნიშნავს თქვენთვის ნატურალური მეღვინეობის ფილოსოფია?

– ოჯახში რაც თავი მახსოვს ყოველთვის ბუნებრივ ღვინოს ვაწარმოებდით. ნატურალური მეღვინეობა ჩემთვის ცხოვრების ნაწილად იქცა და ვეღარც წარმომიდგენია მეღვინეობის სხვა მიმართულება. მგონია რომ ვიპოვე ჩემი ნიშა ღვინოში, რომელიც მე მგავს, მუდმივი განვითარების მოტივაციით, თუმცა უცვლელი ხაზით.

ძალიან მეძნელებოდა ამ ღვინის ბოთლში ჩასხმა თავიდან, მაგრამ მინდა გავიხსენო ადამიანი, რომელმაც ბიძგი მომცა და გამაბედვინა. ის გახლდათ აწ გარდაცვლილი სოლიკო ცაიშვილი, რომელთან ერთადაც პირველად გავსინჯეთ 2015 წლის რქაწითელი და 2016 წელს უკვე ჩამოსხმული ღვინო გავიტანეთ სარეალიზაციოდ“.

თენგიზ დვალიშვილის კუთვნილი მარანი TDWinerys მარანი და ვენახები მდებარეობს ქართლში, სოფელ ხიდისთავში. მარანი ოჯახური ტიპისაა, რომელიც აშენებულია პაპის მიერ 50 წლის წინ. ვენახებს რაც შეეხება, აქვთ 0.17 ჰა ძველი ვენახი, რომელიც ნახევარ საუკუნეს ითვლის. ასევე მათ მიერ არის გაშენებული ორი ვენახი 2015 და 2018 წლებში.

თენგიზ დვალიშვილი, მარანი TDWinery:

„ღვინის ფესტივალს მომავლის დიდი იმედით ვუყურებ. ჩვენი მარანი ძირითადად დამოკიდებულია საქართველოში შემოსულ ტურისტზე. ექსპორტი ამ ეტაპზე არ გვაქვს, ამიტომ 2020 წელი მთლიანად ჩავარდა ჩვენი მარნისათვის. მთავარი მაინც ხარისხია და არა რაოდენობა. იმედი მაქვს ჩემი ღვინოები მოლოდინს გაამართლებს. ეს ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობაა“. 

2022 წლის მაისში თბილისში გამართულმა ღვინის ორმა ფესტივალმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული ტრადიციული მეღვინეობა ვითარდება და იხვეწება. დღეს ქართული ღვინის ბაზარზე მზარდი კონკურენციაა, რაც ძალიან სასიხარულოა. ყველასთვის ცხადია, რომ მაღალი ხარისხის ღვინის დაყენება გახლავთ წარმატების გზა. სწორედ ამ გზის გავლა უწევს ბევრ ახალ მცირე მეღვინეობას ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად.

საქართველო ღვინის ქვეყანაა და მნიშვნელოვანია ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია, ღვინის ხარისხზე მუდმივი ზრუნვა და საკუთარი ნიშის მოპოვება. ქართველ მეღვინეებს უკვე გააზრებული აქვთ არსებული გამოწვევები და ზრუნავენ მეღვინეობის განვითარებაზე ახალი ტენდენციების და მოთხოვნების გათვალისწინებით.

ლევან სეფისკვერაძე