ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
პირველად იტალიის საზღვრებს გარეთ – MERANO WINEFESTIVAL საქართველოში - №2(70), 2022
ცნობილ იტალიურ ღვინის ფესტივალს "შატო მუხრანმა" უმასპინძლა

გასულ ზაფხულს, საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. ბოლო წლებში, ქვეყანაში რამდენიმე ღვინის ფესტივალმა უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო და ღვინის მოყვარულების ყურადღებაც მიიქცია. თუმცა, ამჟამად უკვე ღონისძიების მთავარი შემოქმედი უკვე არა ქართული, არამედ იტალიური საერთაშორისო ფესტივალი გახდა.

19 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, „შატო მუხრანის“ ტერიტორიაზე ცნობილი იტალიური ღვინის ფესტივალი Merano WineFestival ჩატარდა. „მერანოს ღვინის ფესტივალი“ ერთ-ერთი წამყვანი და უნიკალური ფესტივალია მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო ღვინის, არამედ კვების პროდუქტების მწარმოებლებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ ღონისძიებას იტალიის საზღვრებს გარეთ უმასპინძლა, რაც იძლევა იმის იმედს, რომ მსგავსი ფესტივალები საქართველოში მომავალში კიდევ შეიძლება გაიმართოს.

„შატო მუხრანში“ მუხრანბატონთა ცნობილ სასახლეში და იქვე არსებულ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე გამართულ ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ღვინო და საკვები პროდუქტები. ღვინო წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც ქართულ დიდ და მცირე ღვინის კომპანიებს, ასევე აქ გახლდათ იტალიელ მეღვინეების ჩამოტანილი რამდენიმე სახეობის ღვინო.

„შატო მუხრანში“ ჩატარებული ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ ასოციაცია „ქართული ღვინო", ღვინის ეროვნული სააგენტო, საკუთრივ „მერანოს ღვინის ფესტივალი“ და „ვაინ ჰანტერი“. ღონისძიებას საინფორმაციო კუთხით მხარს უჭერდა და აშუქებდა ცნობილი ღვინის ჟურნალი Homeland of Wine.

ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე სტუმრობდნენ.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ტარდება „მერანოს ღვინის ფესტივალი“. ფესტივალი საინტერესოა იმითაც, რომ ღვინის გარდა, წარმოდგენილია გასტრონომიული პროდუქტებიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს, რომელიც კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ზოგადად ქართულ, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოს“, – განაცხადა იური ნოზაძემ მედიასთან საუბარში.

პირველი შთაბეჭდილებები

საქართველოში ღვინის მოყვარულებს სამწუხაროდ არც ისე ხშირად ეძლევათ შესაძლებლობა, რომ იტალიური და ზოგადად ევროპული ღვინის ნიმუშები დააგემოვნონ. ამიტომ, „მერანოს“ ფესტივალი ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო. ფესტივალის მიმდინარეობისას გაიმართა კულინარიული მასტერკლასები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია. სტუმრებს ადგილზე დახვდათ სპეციალურად მოწყობილი კვების სივრცე, სადაც სტუმრებს ღვინის და კერძების შეხამებაც შეეძლოთ.

ლუიჯი ბასილე, მეღვინე იტალიიდან:

„საქართველოში პირველად ვარ, თუმცა, უკვე მქონდა შესაძლებლობა იტალიაში დამეგემოვნებინა რამდენიმე დასახელების ქართული ღვინო, რამაც შემიქმნა დადებითი წარმოდგენა თქვენს ქვეყანაზე და მეღვინეობაზე. როგორც იცით, „მერანო“ იტალიის საზღვრებს გარეთ პირველად ტარდება და ეს არის ქართული ღვინის კულტურის აღიარებაც. გარდა იმისა, რომ ჩემი ღვინოები შევთავაზე სტუმრებს, ასევე თავად გავსინჯე მრავალი სახეობის სხვადასხვა ქართული ღვინო, გავიცანი კოლეგა ქართველი მეღვინეები და ბევრი საინტერესო რამ გავიგე თქვენს ქვეყანაზე.

– მაინც რით არის გამორჩეული ქართული ღვინო და თქვენი აზრით, ევროპელ მომხმარებლებში როგორ უნდა გაიზარდოს ქართული ღვინის პოპულარობა?

– ეს ურთულესი საქმეა და მარკეტინგის ღრმად ცოდნას მოითხოვს. ისე კი ვფიქრობ, რომ თქვენი ღვინის უნიკალურობა ორ რამეში მდგომარეობს. ეს გახლავთ ქვევრის ფენომენი, ქვევრის ღვინო ზოგადად და ასევე მნიშვნელოვანია უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები, რომელთაგანაც ეს ღვინოები მზადდება. ქართული ჯიშები ევროპაში უმეტესობისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი და ეს მოცემულობა ალბათ ინტრიგაც უნდა იყოს ღვინის მოყვარულებისთვის.

– იტალიური ღვინის მიმართ ქართველები იჩენენ ინტერესს?

– რა თქმა უნდა! ჩვენი ვაზის ჯიშების უმეტესობა ცნობილია ქართველებისთვის. თუმცა, აქ უკვე მნიშვნელობა ენიჭება მოსავლის წლებსა და რეგიონებს. მე ტოსკანას მხრიდან ვარ და ჩვენი ღვინო „კიანტი“ ცნობილია. თუმცა, კიანტის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები წარმოდგენილი აქვთ მეღვინეებს ლომბარდიიდან და პიემონტიდანაც. ასე რომ, ქართველებს შეუძლიათ ერთმანეთს შეადარონ იტალიის მიკროზონები და ასე აირჩიონ მათი ფავორიტი ღვინო“.

„მერანოს ღვინის ფესტივალის“ ფარგლებში, „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაც ჩატარდა. კონკურსზე, 105 კომპანიის მიერ, 351 ნიმუში იყო წარდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საკონკურსო ნიმუშებიდან საუკეთესო ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. ღონისძიების ფარგლებში, კულინარიული მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

„ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი“ 2017 წელს დაფუძნდა. კონკურსის მიზანია, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება. ონლაინ პლატფორმა The Merano Wine Hunter-ზე ღვინოების განთავსებით, კონკურსმა მომხმარებელს საუკეთესო ქვევრის ღვინოები წარუდგინა.

ქართველი მეღვინეები იტალიურ ფესტივალზე

მცხეთის მუნიციპალიტეტში გამართული იტალიური ღვინის ფესტივალის ერთ- ერთი მონაწილე იყო ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“-ს წევრი თელაველი მევენახემეღვინე, მიხეილ ჭონიშვილი. მიშა ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელია, თუმცა, ბოლო წლებში მისი მთავარი საქმიანობა მეღვინეობა გახდა. მან ქალაქ თელავში ააღორძინა მამა-პაპისეული მარანი და ქვევრში ტრადიციული კახური წესით რამდენიმე დასახელების ღვინოს აყენებს. მიხეილ ჭონიშვილის კუთვნილი „ჭონას მარანი“ ღვინოს უკვე ევროპაშიც ყიდის.

მიხეილ ჭონიშვილი, „ჭონას მარანი“:

„მიუხედავად ისტორიულად ღვინის დიდი კულტურისა, საქართველო განებივრებული არ არის ღვინის მასშტაბური ფესტივალებითა თუ კონკურსებით, შესაბამისად ყოველი ახალი ღვინის ფესტივალი მეტ პოპულარობას სძენს ქართულ ღვინოს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ. გასახარია, რომ უკვე დამკვიდრებულ ფესტივალებს: Zero Compromise, „ახალი ღვინის ფესტივალი“, „ამერიმერი“, Wine Expo დაემატა Merano-ს ღვინის ფესტივალიც. აღნიშნული ფესტივალი საერთაშორისოა და იმედია, რომ იგი მოიზიდავს დამატებით დაინტერესებულ ღვინის მოყვარულებს ევროპისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ ნატურალური ღვინის მწარმოებლებიც, რაც ნატურალური, ბუნებრივი ღვინის წარმოსაჩენად კიდევ ერთი საინტერესო ადგილია.

– თქვენ რა ღვინოები გააცანით ქართველ და უცხოელ სტუმრებს?

– ამ ფესტივალზე „ჭონას მარანი“ წარმოდგენილია ხუთი დასახელების ქვევრის მშრალი ღვინით. „მერანოს“ ფესტივალს თან ახლდა ჟურნალ Wine Hunter-ის მიერ ორგანიზებული ღვინის კონკურსი. აღნიშნულ კონკურსზე „ჭონას მარანს“ წარმოდგენილი ჰქონდა ქვევრის „ჩინური რქაწითელი“ 2020, რომელმაც მედალი Rosso დაიმსახურა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღვინოები წარმოდგენილია ევროპის და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, დანია, ნიდერლანდები, ბელგია, ესტონეთი, ლატვია, იაპონია, სინგაპური), ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია მსგავს ფესტივალებში მონაწილეობა და ახალი, განსაკუთრებით ნატურალური ღვინის მოყვარული საზოგადოების გაცნობა და ახალი კონტაქტებისა და ბაზრების მოძიება.

გარდა ღვინისა ფესტივალზე ასევე არის ადგილობრივი მწარმოებლების კვების პროდუქტები, რაც ასევე ადგილობრივ წარმოებას მეტ სტიმულს მისცემს. იმედი გვაქვს აღნიშნული ფესტივალი მომავალ წლებში უფრო მეტ მიმზიდველობას შეიძენს“.

განათლებით ექიმს, ამჟამად კი მევენახე-მეღვინე ვაჟა კასრელიშვილს მარანი და ვენახები ყვარლის მუნიციპალიტეტში აქვს. იგი ბევრი სხვა ქართველი მეღვინეების მსგავსად პირველად იმყოფებოდა ქართულ-იტალიურ ღვინის ფესტივალზე და ამ ღონისძიებაში დადებითის გარდა, პრობლემებიც დაინახა.

ვაჟა კასრელიშვილი, მარანი „კასრელი“:

„ფესტივალი გამორჩეული იყო მდებარეობით, ასევე იმით, რომ „მერანოს ღვინის ფესტივალი“ პირველად ჩატარდა საქართველოში. ზოგადად, ასეთი ფესტივალებისგან იმის მოლოდინია, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაგიცნოს და დააგემოვნოს შენი ღვინო. ასევე, მეღვინეებს ეძლევათ შანსი, ახალ ექსპორტიორებთან დაამყარონ კონტაქტი. ორგანიზაციული თვალსაზრისით რაღაცების მოფიქრება და გაკეთება უკეთესად შეიძლება. მაგალითად, იგივე პრიზიორების გამოცხადება: გვალოდინეს საღამოს 7 საათამდე, მერე სამი კომპანია გამოაცხადეს, დანარჩენი სერტიფიკატები დაალაგეს და თქვენ თვითონ გაერკვიეთ, ვისმა ღვინომ რა დაიმსახურაო. მოკლედ, მოფიქრება უნდა რაღაც წვრილმანებს, რომ უფრო საინტერესო იყოს, მეღვინეებისთვისაც და მოყვარულებისთვისაც. თუ ფესტივალის მიზანი, ექსპორტიორების მოზიდვაა, მაშინ მათთან კარგად უნდა იმუშაო, რომ დაესწრნენ ფესტივალს, ღვინოები და ახალი მარნები გაიცნონ“.

ფესტივალის სათავეებთან

Merano Wine Festival სათავეს 1992 წლიდან იღებს, როდესაც რამდენიმე ენთუზიასტმა ჰელმუტ კოჩერის თაოსნობით გადაწყვიტა იტალიის მევენახეობა-მეღვინეობით სახელგანთქმული რეგიონები ერთმანეთთან დაეკავშირებინა და საამისოდ ფესტივალის დაარსება საუკეთესო გზა იყო. იტალიის რეგიონები საქართველოს მსგავსად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს ადგილობრივ მეღვინეობაზეც აისახა. აპენინის ნახევარკუნძულზე 1000-ზე მეტი ვაზის ჯიშია დაფიქსირებული და აღწერილი (სწორედ ამიტომაც მიიჩნევა, რომ ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნებით იტალია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს). მათ შორის ისეთი ჯიშები, რომელთა გავრცელების არეალი შესაძლოა მხოლოდ ერთ პატარა კუნძულს მოიცავდეს. ამის გამო, ესოდენ ჭრელ იტალიაში არ არის ადვილი გამართო ღონისძიება, რომლითაც აპენინის ნახევარკუნძულზე გაფანტული სრულიად განსხვავებული იდეოლოგიისა და ბუნების მეღვინეები დაინტერესდებიან. მით უმეტეს, რომ „მერანოს“ შექმნის დროს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, ეს ღონისძიება საერთაშორისო თუ გახდებოდა.

რასაკვირველია, „მერანო“ არ არის იტალიაში და ზოგადად ევროპაში ყველაზე ძველი ღვინის ფესტივალი და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მასზე ბევრად ადრინდელი ღვინის ფესტივალ-გამოფენებიც არსებობს. თუმცა, ამ ღონისძიებამ წლების მანძილზე მოიპოვა ავტორიტეტი და თავისი ნიშა, რაც ევროპაში (სადაც ლამის ყველა შაბათ-კვირას ღვინის ფესტივალია) ადვილი არ გახლავთ.

„ბათუმის ღვინის სახლის“ მფლობელმა მამუკა ნემსაძემ უშუალოდ ფესტივალის მსვლელობისას გაგვიზიარა "შატო მუხრანის" ტერიტორიაზე გამართულ Merano Wine Festival-ზე მიღებული შთაბეჭდილებები.

მამუკა ნემსაძე, ღვინის ბარ „ბათუმის ღვინის სახლის“ მფლობელი, ფესტივალის სტუმარი:

„გლობალური პანდემიის დაწყებამდე ევროპაში (გერმანიასა და საფრანგეთში) ორჯერ მომეცა საშუალება დავსწრებოდი იქაურ ღვინის ფესტივალებს და ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. განსაკუთრებით მომეწონა ამ ურთულესი და მრავალშრიანი ღონისძიებების სწორად და ისე დაგეგმვა, რომ ნებისმიერი კატეგორიის ადამიანი დარჩებოდა კმაყოფილი. აი დავდივარ ახლა, ვესაუბრები მეღვინეებს, ვსინჯავ ღვინოებს და მიხარია, რომ ჩვენთანაც დაიწყეს ევროპული ტიპის ღვინის ფესტივალების ჩატარება. ეს ქართული მეღვინეობის განვითარებაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. საქართველოში ღვინის ფესტივალები წლებია ტარდება და მე დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც ასეთ რთულ საქმეს ეჭიდება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგადაც ართმევენ თავს. თუმცა, სულ სხვა საქმეა ევროპული ფესტივალი და ეს ბევრად უფრო მაღალ სტანდარტებს გულისხმობს.

– გარდა იმისა, რომ ღვინის საინტერესო ნიმუშები დააჭაშნიკეთ, როგორც ღვინის ბარის მფლობელი, კონკრეტული ღვინოების შეძენითაც ხომ არ დაინტერესდით?

– არა მხოლოდ დავინტერესდი, არამედ უკვე შევარჩიე სამი იტალიური და სამი ქართული ღვინო, რომლებსაც ჩემი ბარის ასორტიმენტში აუცილებლად დავამატებ. დროის უქონლობის გამო ხშირად ვერ მეძლევა ახალი ღვინოების გასინჯვის საშუალება და ასეთ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი?! ჩემი შერჩეული ღვინოები განსაკუთრებით მაღალი ხარისხისაა და როდესაც საკუთარ ბარში შევიტან, მათი ფასი აუცილებლად 100 ლარს ზემოთ იქნება. დიახ, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ყველგან ძვირია და არც ღვინოა გამონაკლისი. მაგარ ღვინოს ფასიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს!“.

ღვინის, საკვების, ლუდის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ყველა კომპანიამ, რომლებმაც სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღეს ამ ექსკლუზიურ ღონისძიებაში, თავიდანვე გაიარეს შერჩევის პროცესი, რომელიც დაახლოებით ერთი წელი გრძელდება ხოლმე. გამონაკლისი არც 2022 წელს საქართველოში (იტალიის საზღვრებს გარეთ პირველი) გამართული „მერანო“ იყო. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ღვინისა და საკვების მწარმოებლების საუკეთესო პროდუქტებს ექნებათ შესაძლებლობა მოიპოვონ აღიარება იტალიაში და ზოგადად ევროპაში.

ქართული და იტალიური ღვინოების დეგუსტაციისა და შეფასების პროცესი გაგრძელდება მთელი 2022 წლის განმავლობაში, წინასწარ დაკომპლექტებული სადეგუსტაციო კომისიების მიერ მთელი იტალიიდან. მათი შერჩეული ღვინოები ევროპის საუკეთესო ღვინის მაღაზიებში და ბარებში დაიდებენ ადგილს, რაც ქართველი მეღვინეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ლევან სეფისკვერაძე