ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ცქრიალა ღვინის პირველი ფესტივალი საქართველოში - №3(71), 2022
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ყოველწლიური გახდება 

2022 წლის 22 დეკემბერს, მთაწმინდაზე, ბარ „ანდერვილში“ ქართული ღვინის მარნების მიერ წარმოებული ცქრიალა ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა. საქართველოში ეს პირველი ღონისძიება იყო, სადაც მხოლოდ ცქრიალა ღვინის დამყენებელი მარნები იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალი „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით მოეწყო. 

ფესტივალში მეღვინეები მონაწილეობდნენ ქართლიდან, იმერეთიდან და კახეთიდან. ოჯახურ მარნებს დასაგემოვნებლად და ასევე გასაყიდად წარმოდგენილი ჰქონდათ მათ მიერ ბუნებრივი წესით წარმოებული ცქრიალა ღვინოები. 

ცქრიალა ღვინის ფესტივალის იდეა ეკუთვნის მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარ გიორგი ბარისაშვილს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ფესტივალს რეგულარული ხასიათი ჰქონდეს და მონაწილეებიც და დამსწრეებიც საფესტივალოდ წინასწარ მოემზადონ ხოლმე. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, შესაძლებელია მომავალში ამ ფესტივალს საერთაშორისო ხასიათი მიეცეს და ქართველმა მეღვინეებმა უცხოელი კოლეგებიც მოიწვიონ. 

მართალია, ამჯერად ცქრიალა ღვინის ფესტივალი წინასაახალწლოდ ჩატარდა, თუმცა, სამომავლოდ მისი თარიღი შესაძლებელია, როგორც შობა-ახალი წლის დღესასწაულის წინა დღეებში, ისე ზაფხულშიც დაწესდეს. გიორგი ბარისაშვილის სურვილია, რომ საბოლოო ჯამში ამ ღონისძიებამ „ოჯახური ცქრიალა ღვინოების ფესტივალის“ სტატუსი მიიღოს. 

გიორგი ბარისაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი, ფესტივალის იდეის ავტორი: 

„ვერ გეტყვით, თუ რამდენად ტარდება ამგვარი ფესტივალები მსოფლიოში (ამ ნიშნით ნამდვილად არ შერჩეულა ეს ღონისძიება), მაგრამ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად შესწევს ძალა, რომ ამ მხრივ თავისი ახალი სიტყვა თქვას. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით, საქართველოს, მისი მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნია „ცქრიალების“ საწარმოებლად. სამწუხაროდ აქამდე ჩვენში უმეტესწილად ცნობილი იყო მხოლოდ ინდუსტრიული და დაბალხარისხიანი, ხშირ შემთხვევაში „დაგაზული“ ღვინოები, რაც ბოთლური მეთოდით დამზადებული ცქრიალების სახელით საღდებოდა და დღემდე საღდება. 

კომუნისტური წარსულის პერიოდში კი მაშინდელი „საბჭოთა შამპანურისადმი“ გარკვეულწილად არასერიოზული მიმართება არსებობდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან თვითონ არასერიოზულ ქვეყანაში ასეთი ღვინის მიმართ არ შეიძლება სერიოზული მიდგომა არსებულიყო... იმ პერიოდში, მაშინდელი „შამპანური“ „საპახმელიო“ აპერიტივად ითვლებოდა. მაშინ სუფრის დასრულების შემდეგ, შინ მისვლამდე, აუცილებელი იყო სადმე შევლა და თითო ჭიქა შამპანურისა და „პლიტკა-შოკოლადის“ მირთმევა. მეძავი დედაკაცების გარემოცვაში მყოფი მამაკაცებიც ხომ სწორედ მაშინ აფასებდნენ ყველაზე მეტად ამ სასმელს. 

ამგვარი დამოკიდებულებიდან გამოსვლა ძალზე რთული იყო, მაგრამ, მინდა გითხრათ, ამ ფესტივალმა ჩვენი ისტორია შეცვალა. ფესტივალის ჩატარება იმიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ასპარეზზე გამოვიყვანოთ ოჯახურ მარნებში დაყენებული ცქრიალა ღვინოები. ამით ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ტრადიციულ მარანში „ცქრიალების“ დაყენებაც შესაძლებელია და ეს ღვინო არც დაბალხარისხიანი ინდუსტრიაა და არც „საბჭოური შამპანური“. ტექნოლოგიური მეთოდების დეტალებს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, საქმე დაიძრას და ხალხმა დაინახოს, რომ ამ მხრივ სიტუაციის შეცვლა შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ იდეას საფუძველი ჩაეყარა და ფესტივალმა თავისი სიტყვა ძალიან ხმამაღლა თქვა. 

– რატომ მაინცდამაინც ცქრიალა ღვინის ფესტივალი? 

– მოგახსენებთ ჩემს პირად აზრსა და მყარ პოზიციას. როდესაც ქართულ ენაში იმგვარი ლამაზი ტერმინი მოგვეძებნება, როგორიცაა სიტყვა „ცქრიალა“ და ამის პარალელურად ამ ღვინოს „პეტ-ნატს“ დავუძახებთ ეს, დიახაც, სამარცხვინოა! რა გვჭირს სხვისი მისაბაძი? ტერმინი „პეტ-ნატით“ ქართული ღვინის ღირსება კნინდება. პირადად მე ამ სიტყვას ქართულ ღვინოს არასდროს არ დავუძახებ! მე იმ „გორისა“ ვარ, ვინც უცხოეთიდან ყოველივეს ბრმად გადმომღები არ გახლავართ. ამ შემთხვევაში საქმე იმგვარადაა, რომ უცხოელებს სწორედ ჩვენ უნდა ვურჩიოთ ამგვარი ღვინის დასახელება. ქართულ ღვინოს კაცი რომ „პეტიოს“ დაუძახებს, რითაც ახლო წარსულში შაქარწყლით წაბილწული ღვინო იყო სახელდებული, ის უკვე შემცდარია. წაიკითხეთ ილია ჭავჭავაძის „ღვინის ქართულად დაყენება“ და მერე მესაუბრეთ და მეკამათეთ. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს გახლავთ პირადად ჩემი აზრი, რომელსაც არასოდეს ვუღალატებ. 

– თქვენი შეფასებით, გაამართლა პირველმა ცქრიალა ღვინის ფესტივალმა? 

– მე გახლავართ ამ ფესტივალის იდეის ავტორი და ნამდვილად მჯეროდა ამ იდეის წარმატებისა, მაგრამ შედეგი გაცილებით დიდი აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, მათ შორის უცხოელებიც. ფესტივალის მონაწილეებმა წარმოადგინეს შესანიშნავი ღვინოები, რომლებიც გაიყიდა კიდეც. რაც მთავარია საზოგადოება მიხვდა, რომ ამ მხრივ საქართველოში არის ნამდვილი მზაობა. ღონისძიების მოსამზადებელი დრო საკმაოდ ცოტა იყო, მაგრამ ამ მცირე დროში გაკეთდა ძალზე დიდი საქმე. ვიმუშავეთ მემარნეებთან, რომ მათ დაემზადებინათ თავიანთი პროდუქტი და ეტიკეტი. 

ცალკე საკითხია ამ დღის ორგანიზება, რაც საქართველოს „ღვინის კლუბის“ დიდი ძალისხმევით გაკეთდა. ცხადია, უნდა აღინიშნოს ღვინის ეროვნული სააგენტოც, რომელიც გახლდათ ამ ღონისძიების დამფინანსებელი და იდეის მხარდამჭერი. დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველები გაცილებით ბევრნი იქნებოდნენ, მაგრამ მომავალი წინაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ შობა-ახალი წლის წინა დღეებში გაიმართა, როცა უცხოელები ძირითადად წასულები არიან ხოლმე, მაგრამ ფესტივალმა მაინც დიდი წარმატებით ჩაიარა. 

როგორც იტყვიან ყველანი კმაყოფილები იყვნენ. ამ შემთხვევაში ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართლი, კახეთი და იმერეთი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ დღემ მევენახეობის ყოველი რეგიონი მოიცვას. ამისათვის დიდი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზადა ვართ, რასაც ახლო მომავალი გვიჩვენებს“. 

ფესტივალის ორგანიზატორი, საქართველოს „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია ამბობს, რომ ცქრიალა ღვინის ფესტივალი აუცილებლად ყოველწლიური გახდება და ღონისძიებაში კიდევ უფრო მეტ ახალ მეღვინეს ჩართავენ. 

მალხაზ ხარბედია, „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი: 

„ცქრიალა ღვინო ძალზე მრავალფეროვანი და განსაკუთრებული ღვინის კატეგორიაა, თანაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ძალიან პოპულარული გახდა ნატურალური ცქრიალა ღვინოები და სხვა ტრადიციული თუ ნოვატორული ტექნოლოგია. უკვე ათეულობით მეღვინე ცდილობს ცქრიალა ღვინის დაყენებას, თანაც, ვფიქრობ, წინასაახალ წლო დღეებში აქტუალურია ცქრიალების თემა. ღვინის მოყვარულს აღარ აკმაყოფილებს უბრალო „დაგაზული“ ღვინო და გამორჩეულ მეთოდებს, მცირე მარნებს, განსაკუთრებულ ჯიშებს ეძებს. 

– ამ ტიპის ღვინისადმი ინტერესი დიდია? 

– ფაქტია, რომ ბევრს აინტერესებს ცქრიალა ღვინო საქართველოში. აუარება სტუმარი გვყავდა და ბევრს ყუთებით მიჰქონდა ღვინო, ხშირად არ მოგეცემა შანსი მარნის ფასში შეიძინო ცქრიალა ღვინო. ადგილზე ყველა ღვინის გასინჯვა უფასოდ შეეძლო სტუმარს, შეეძლო ამოერჩია და თავისთვის სასურველი ღვინო ეყიდა. არჩევანი ნამდვილად დიდი იყო. იყვნენ კომპანიები, რომლებსაც 8-10 დასახელების ცქრიალა ღვინო ჰქონდათ წარმოდგენილი. 

– ფესტივალი ყოველწლიური გახდება? 

– ფესტივალი აუცილებლად ყოველწლიური გახდება, ეგ კი არა, მეგობრები ვხუმრობდით, ორჯერ ხომ არ ჩავატაროთ, ერთხელ შობა-ახალი წლის დღესასწაულის წინ, მეორედ კი ზაფხულში, ცივ-ცივი ცქრიალებით“. 

ცქრიალა ღვინის პირველი ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე იყო ცნობილი უფლებადამცველი და ახლა უკვე მეღვინეც – გიორგი მშვენიერაძე, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ, მის მშობლიურ ზესტაფონის სოფელ ცხენთაროში ვენახები გააშენა და ახალი მარანიც ააშენა. ცქრიალა ღვინოები გიორგიმ პირველად შარშან დაამზადა და შეიძლება ითქვას, რომ მეღვინეობის ამ მიმართულებაში საკმაოდ ახალბედაა.

გიორგი მშვენიერაძე, „მშვენიერაძეების მარანი“: 

„ცქრიალა ღვინის დაყენება პირველად 2021 წელს ვცადეთ, ე.წ. პეტ-ნატის სახით. სტიმულის მომცემი როგორც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა, ისე იმერული ვაზის ჯიშების (ციცქა, ძელშავი) პოტენციალი გახდა. მაშინდელი შედეგით კმაყოფილი ვიყავით და 2022 ში რაოდენობა გავაათმაგეთ, თუმცა მისი რეალიზება ახალ წლამდე სრულად შევძელით. რაოდენობის ზრდას 2023 წელსაც ვგეგმავთ. 

ამ ტიპის ღვინის მიმართ ინტერესის ზრდა საერთო, მსოფლიო ტენდენციის ნაწილია. ადამიანებს სურთ რაღაც ახალი, ტრადიციული, მათთვის კარგად ნაცნობი ღვინოებისგან განსხვავებული ღვინო დალიონ. ცქრიალები სწორედ ასეთია – მრავალფეროვანი, ხალისიანი და მხიარული. 

ეს ფესტივალი ბუნებრივი გამოძახილია ცქრიალა ღვინოებისადმი მზარდი მოთხოვნის და უფრო მეტიც, თავადაც იქცევა კარგ შესაძლებლობად კიდევ უფრო გაიზარდოს ცქრიალა ღვინოებისადმი ინტერესი, ახლებურად გაიცნოს მომხმარებელმა ქართული ვაზისა და მეღვინეების შესაძლებლობები და ღვინით ის ხალხიც დააინტერესოს, ვისაც ღვინოში განსხვავებული თავგადასავლის პოვნა უნდა“. 

ირაკლი ჩოლობარგია ქართველ მეღვინეებს ჯერ კიდევ ღვინის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის დროს ედგა მხარში. შემდეგ მანაც მეღვინეობა გადაწყვიტა და დაამზადა ცქრიალა ღვინო სრულიად ორიგინალური სახელით: „სველი ძაღლი“. ირაკლი ცქრიალა ღვინის პირველი ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ფესტივალის რაობის გარდა, საკუთარ ღვინოზეც გვესაუბრა. 

ირაკლი ჩოლობარგია, ღვინო „სველი ძაღლი“: 

„ამ ტიპის ღვინო ძალიან მომწონს. მაინტერესებდა როგორი ღვინო გამოვიდოდა თეთრი პინოდან. ცოტა გორულიც გამოვურიე, დაახლოებით 20%. ჩემი ეს პირველი პეტ-ნატი 2022 წლის მოსავლისაა და უკვე გაყიდვაში გავუშვი. ძალიან ცინცხალია და მაღალმჟავიანია, რაც ძალიან მიყვარს. ფერიც ლამაზი გამოვიდა, ხასხასა ნარინჯისფერი. ცოტა ლექიც აქვს. ჩემი გემოვნებით მსგავს ღვინოს ესეც უხდება. 

რაც შეეხება კომერციულ თვალსაზრისს, ეს ბოლო პერიოდია ძალიან არის მოთხოვნა გაზრდილი ბაზარზე და კვლავაც მზარდია და შესაბამისად მიმზიდველი; ამიტომ აღარ დაველოდე გაზაფხულს და საახალწლოდ გამოვიტანე ბაზარზე გასაყიდად. 

– თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ამ ტიპის ღვინის ბოლოდროინდელი ბუმი საქართველოში? 

– ბაზრის უხილავი ხელის ამბავი უნდა იყოს, ალბათ. კვლევა არ მაქვს ჩატარებული. ზოგადად, მსოფლიოში ძალიან მზარდია პეტ-ნატის პოპულარობა და შესაბამისად – აქაც. ჩემი პირადი დაკვირვებით, შედარებით დაბალალკოჰოლიანი და ადვილი (მარტივი) ღვინოები მკვიდრდება მომხმარებლის გემოვნებაში და პეტ-ნატი სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. 

– როგორ შეაფასებდით ცქრიალა ღვინის პირველ ფესტივალს საქართველოში? 

– ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და რაც მთავარია კომერციულად შედეგიანი. ასევე აღსანიშნავია მრავალფეროვანი არჩევანი – სხვადასხვა ჯიშებიდან დამზადებული გემრიელი ცქრიალები იყო წარმოდგენილი ძალიან საინტერესო ადამიანების მიერ. სასიხარულო იყო ახალი და ახალგაზრდა მეღვინეების გაცნობაც“. 

გაბედულებით მუდამ გამოირჩეოდა „თედოს მარანი“, რომელმაც კარგად აუღო ალღო თანამედროვე ტენდენციებს და მთაწმინდაზე გამართულ ცქრიალა ღვინის პირველ ფესტივალში მონაწილე მცირე მარნებიდან ყველაზე მეტი დასახელების ცქრიალა ღვინო სწორედ ამ მარანს ჰქონდა წარმოდგენილი. სხვათა შორის, ეს მარანი ცქრიალა ღვინოებს უკვე ევროპაშიც ყიდის, რაც ახალი ქართული მეღვინეობის მორიგ აღიარებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. 

თეთო გზირიშვილი, „თედოს მარანი“: 

„სიახლეების ძიება ჩვენთვის და ჩვენი მარნის დამფუძნებლისთვის – თედო გზირიშვილისთვის ყოველთვის საინტერესო იყო. პეტ-ნატებით ფრანგმა მეგობარმა შთაგვაგონა და კახურ ჯიშებს ვფიქრობთ ახალი განვითარება მისცა. ვფიქრობ, ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს დღესასწაულები და შუშხუნა ღვინის მირთმევა ამ ცერემონიალთან ასოცირდება. მგონია, რომ მოუხდა ქართულ ჯიშებს პეტ-ნატის სტილი. გამოვყოფდი „თედოს მარნის“ საფერავის კარბონულ პეტ-ნატს, რომელშიც საფერავი სულ სხვა ხასიათისაა. სადმე ვახსენოთ ჩვენი მეგობარი ფრანგი მეღვინე ვინსენტიც. ვფიქრობ მისი დამსახურებაა საქართველოში ამგვარი ღვინის პოპულარობა. 

ზოგადად ეს ფესტივალი ძალიან შთამბეჭდავი იყო, მიუხედავად იმისა რომ თავიდან მომეჩვენა თითქოს არც ისე ბევრი მონაწილე ვიყავით. სასიხარულოდ, ძალიან დიდი რაოდენობით ვიზიტორი მოვიდა, მათი უმრავლესობა კარგად ერკვეოდა ცქრიალების სპეციფიკაში და მივიღეთ ბევრი კომპლიმენტი, რაც დიდი სტიმულია ჩვენთვის“. 

როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა ჩვენთან საუბარში არაერთხელ აღნიშნეს, თბილისის ცქრიალა ღვინის ფესტივალი ყოველწლიური გახდება და მათ აქვთ იმედი, რომ თანამედროვე ქართული მეღვინეობის ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად განვითარდება. ცქრიალა ღვინო განსაკუთრებით მოთხოვნადი წელიწადის ორ, სრულიად განსხვავებულ პერიოდში – ახალ წელს და ზაფხულშია ხოლმე. თუმცა, ამ ტიპის სასმელის მოყვარულები ხარისხიან ცქრიალა ღვინოებზე არც შემოდგომაზე და გაზაფხულზე იტყვიან უარს. 

ლევან სეფისკვერაძე