ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
რატომ ვერ სარგებლობენ ქართული კომპანიები GSP და GSP+ პროგრამების შეღავათებით
#3(27), 2010
ქართული თხილი 100 პროცენტით საექსპორტო პროდუქტია

სავაჭრო შეღავათებით საქართველო ევროპის ქვეყნებთან 2005 წლიდან სარგებლობს. საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის 95%, GSP-ის პრეფერენციების გენერალიზებული (განზოგადებული) სისტემით, ნულოვან საგადასახადო რეჟიმშია მოქცეული (ზოგიერთ პროდუქტზე შენარჩუნებულია საბაჟო მოსაკრებელი). ევროპიდან იმპორტირებული საქონელი კი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით იბეგრება. ევროკავშირისგან მიღებული პრეფერენციებით ქართველ მეწარმეებს შანსი გაუჩნდათ, რომ თავიანთი პროდუქცია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე შეეტანათ, მაგრამ ამ რეჟიმით სარგებლობა კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო.
 
GSP+ ქართულ პროდუქციას გზას ამერიკის ბაზარზე უხსნის. შეღავათიანი საბაჟო რეჟიმი 7200 დასახელების პროდუქტზე ვრცელდება, მაგრამ რეალურად ამ პრეფერენციებით ევროკავშირის ბაზარზე 27-დან 32-მდე დასახელების პროდუქტი შედის. მათ შორის ძირითადია: ამონიუმის გვარჯილა, ფეროშენადნობები, თხილი, მაღალტექნოლოგიური იზოტოპები, მწვანილი, კონცენტრატები, ხილი, ხილის წვენები, სოჭის თესლი, საკონსერვო პროდუქტი, სანელებლები, ჩაი.

დაეხმარა თუ არა ქართულ პროდუქტს ევროპის ბაზარზე შესვლაში GSP-ის შეღავათიანი რეჟიმი?

სტატისტიკა ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, ადგილობრივი ხილისა და ბოსტნეულის წვენის ექსპორტის მოცულობა 2010 წლის პირველ ნახევარში, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა და ექსპორტი იმპორტს 37%-ით ანუ 2380000 დოლარით აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში 2380000 დოლარი შემოვიდა და ამ სეგმენტში კომპანიებს საბრუნავი სახსრები გაუჩნდათ.

სიის სათავეში ამონიუმის გვარჯილა და თხილია. საქართველოში წარმოებულ პროდუქტს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ამჟამად მხოლოდ 18 იღებს, ყველაზე დიდი მოცულობით კი – გერმანია, იტალია, ბულგარეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი. 2009 წელს პროდუქციის ჩამონათვალი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 2010 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოდან 4567 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენების 3800000 დოლარის ღირებულების ექსპორტი 18 ქვეყანაში განხორციელდა. ქართული პროდუქტი ასე გადანაწილდა: გერმანია - 227600 დოლარი (2973ტ); თურქეთი - 478000 დოლარი (588ტ); საბერძნეთი - 414000 დოლარი (372ტ); აშშ - 252000 დოლარი (291 ტ); ავსტრალია - 133000 დოლარი (109ტ); ტაივანი, – 52000 დოლარი (48 ტ); უნგრეთი - 30000 დოლარი (22 ტ); ისრაელი - 25000 დოლარი (24 ტ); ბელარუსი - 24000 დოლარი (19 ტ); პოლონეთი - 24000 დოლარი (22 ტ).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით კი საქართველოდან ღვინის ექსპორტი 49%-მდე გაიზარდა. 2010 წლის შვიდ თვეში საქართველოდან 7823595 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2009 წლის შვიდ თვეში ქვყნიდან საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში 5255609 ბოთლი ღვინოა გადაზიდული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნებიდან ლიდერობას ისევ უკრაინა ინარჩუნებს, სადაც იანვარ-ივლისში 4016341 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა. ქართული ღვინის აქტიური მომხმარებელია ასევე ყაზახეთიც, სადაც შვიდ თვეში 1162480 ბოთლი ღვინოა გადაზიდული. ბელარუსში წელს 623699 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო პოლონეთში 402124 ბოთლი ღვინოა შეტანილი. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ქართული კომპანიებიდან ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით სასმელი "თბილღვინომ" გაიტანა, რომელმაც იანვარ-ივლისში უცხოეთში 1231380 ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა. უცხოეთის ბაზარზე აქტიურად იმუშავა და ექსპორტის მიხედვით მეორე ადგილზეა "ტიფლისკი ვინნი პოგრები", რომელმაც უცხოეთის ბაზრებზე 829600 ბოთლი ღვინო გადაზიდა.

GSP და GSP+

ევროკავშირმა პრეფერენციების განზოგადოებული სისტემა (GSP) პირველად 1973 წელს შემოიღო და ამის შემდეგ მას სხვადასხვა ფორმით ახორციელებს. ევროკავშირის პრეფერენციების განზოგადოებული სისტემა, იყენებს რა სავაჭრო პოლიტიკის რეგულირების კლასიკურ საშუალებას - ტარიფებს, ვაჭრობის განვითარებას უწყობს ხელს. ეს სისტემა განვითარებად ქვეყნებს, განვითარებულთან შედარებით, დაბალ საბაჟო ტარიფებს სთავაზობს, რაც ევროკავშირის ბაზარზე მათი ექსპორტის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს. GSP ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნების ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაჩქარებას, ექსპორტის დივერსიფიკაციას და შესაბამისად, საექსპორტო შემოსავლების ზრდას.

ევროკავშირს GSP-ის სქემის მიხედვით ცალმხრივი სატარიფო შეღავათები 178 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ჰქონდა მინიჭებული. GSP-ის მოქმედი სქემა მოიცავს დაახლოებით 6900 დასახელების პროდუქციას, რომელთაგან 3300 კლასიფიცირებულია როგორც არამგრძნობიარე პროდუქცია და ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი განაკვეთით დაიშვება, ხოლო დანარჩენი კლასიფიცირებულია როგორც მგრძნობიარე პროდუქცია, და ევროკავშირის ბაზარზე უპირატესი ხელშეწყობის ეროვნული რეჟიმის ტარიფის 3,5 პროცენტული პუნქტით შემცირებული საბაჟო ტარიფით დაიშვება. გამონაკლისს საფეიქრო პროდუქცია და ტანსაცმელი წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე 20 პროცენტული პუნქტით შემცირებული საბაჟო ტარიფით დაიშვება.

2005 წელს ევროკავშირმა ახალი GSP+ სქემა დააწესა, რომელიც დამატებით სატარიფო შეღავათებს ითვალისწინებს. GSP+ სქემა მოიცავს დაახლოებით 7200 დასახელების პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე დაიშვება. ახალი GSP+ სქემა, განვითარებადი ქვეყნებისთვის, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, სავაჭრო პრეფერენციების მინიჭებას ითვალისწინებს. თუმცა, ყოველ სამ წელიწადში მოხდება მისი გადახედვა. ამჟამად დამტკიცებული სქემა 2011 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

GSP+ სქემით სარგებლობის უფლება ენიჭებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც გამოირჩევიან მდგრადი განვითარებით და ეფექტური მმართველობის სისტემით (GSP+ სქემის მიმღები ქვეყნიდან, GSP-ს რეჟიმით, ევროკავშირის ბაზარზე იმპორტირებული ხუთი ძირითადი პროდუქტის წილი უნდა აღემატებოდეს ამ ქვეყნიდან ევროკავშირის ბაზარზე ხსენებული რეჟიმით განხორციელებული იმპორტის საერთო მოცულობის 75%-ს). შესაძლებელია სქემიდან ამოღებული იქნას რომელიმე საქონელი, თუ ის კომპეტენტური გახდება ევროკავშირის ბაზრისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავს პროდუქციას აღარ ჭირდება GSP-ის ფარგლებში საექსპორტო ხელშეწყობა. პროდუქციის სისტემიდან ამოღება არ ნიშნავს რაიმე სახის სანქციას ან ჯარიმას, არამედ, ნიშნავს იმას, რომ გენერალიზებული პრეფერენციის სისტემამ თავისი ფუნქცია შეასრულა ამა თუ იმ ქვეყანასთან და პროდუქტთან მიმართებაში. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ GSP ეხმარება შედარებით სუსტ ქვეყნებს და ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საერთაშორისო ვაჭრობაში.

ზემოხსენებული პირობების დაკმაყოფილების გარდა, GSP+ სქემის მიმღები ქვეყანა, აღნიშნული სავაჭრო რეჟიმის მისანიჭებლად აუცილებელი 27 საერთაშორისო კონვენციიდან მიერთებული უნდა იყოს ძირითადი პოლიტიკური უფლებების, ადამიანთა უფლებების და შრომის უფლებების დაცვის სფეროს 16 კონვენციას, ასევე გარემოს დაცვის, ეფექტური მმართველობის, ნარკოტიკების წარმოების და მისი გავრცელების სფეროს დარჩენილი 11 კონვენციიდან მინიმუმ 7 კონვენციას და აღებული უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ GSP+ სქემის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ანუ 2011 წლის 31 დეკემბრამდე, ოცდაშვიდივე კონვენციას იქნება მიერთებული.

ჩამოთვლილი პირობების დარღვევის (კონვენციების პრინციპების დარღვევის ჩათვლით) შემთხვევაში დაისმება ამ ქვეყნის მიმართ GSP+ სქემის მოქმედების შეწყვეტის საკითხი.

საქართველო იმ თოთხმეტი ქვეყნის სიაში მოხვდა, რომლებიც GSP+ სქემით სარგებლობის უფლება მისი მოქმედების დაწყების დღიდან, 2005 წლის 1 ივლისიდან მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანათა ხსენებულ სიაში პოსტსაბჭოთა სივრციდან საქართველოს გარდა მხოლოდ მოლდოვაა. ამჟამად GSP+ სქემით 15 ქვეყანა სარგებლობს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ GSP+ სქემის მიმღები ქვეყნიდან ევროკავშირის ბაზარზე 2001-2003 წლებში განხორციელებული რომელიმე სასაქონლო ჯგუფის იმპორტის საშუალო მაჩვენებელი, ევროკავშირის ბაზარზე GSP-ს რეჟიმით განხორციელებული ხსენებული სასაქონლო ჯგუფის მთლიანი იმპორტის 15%-ს გადააჭარბებს, ეს სასაქონლო ჯგუფი, ამ ქვეყნისათვის პრეფერენციული რეჟიმიდან ამოღებული იქნება. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში GSP+ სქემის მიმღები ქვეყნისათვის, კონკრეტულ სასაქონლო ჯგუფზე სავაჭრო შეღავათების მიცემა საჭირო არ არის და მას თავისუფალ კონკურენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია.

რა სარგებლის მომტანია GSP+

გახდა რა GSP+ სქემის მიმღები ქვეყანა, საქართველომ ევროკავშირიდან არსებული სატარიფო ნუსხის დაახლოებით 75%-ზე ფაქტობრივად ცალმხრივად მიიღო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე იმპორტის უდიდესი ნაწილი დღესდღეობით პრეფერენციული რეჟიმით ხორციელდება. თუმცა, ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, GSP+ სქემა ღვინის ძირითად სახეობებზე შეღავათებს არ ითვალისწინებს. GSP+ სქემას თავისი დადებითი როლი შეუძლია შეასრულოს ქართული მტკნარი და მინერალური წყლების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის საკითხში. მაგალითად, თუ GSP-ის ზოგადი რეჟიმით მტკნარ და მინერალურ წყალზე საბაჟო გადასახადი 6,1% იყო, GSP+ სქემა ამ პროდუქტისთვის ნულოვან საბაჟო ტარიფს ითვალისწინებს. ცხადია, სერიოზული კონკურენციის პირობებში, 6,1%-იან შეღავათს დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ახალი GSP+ სქემა ხელსაყრელია ქართული თხილის ექსპორტიორებისთვისაც, GSP-ის ზოგადი რეჟიმის მოქმედებისას საბაჟო გადასახადი 2,1% იყო, ახალი სქემა კი 0%-იან საბაჟო ტარიფს ითვალისწინებს. ანალოგიური მდგომარეობაა ამონიუმის სულფატის შემთხვევაში - GSP-ის ზოგადი რეჟიმის მოქმედებისას საბაჟო გადასახადი 3% იყო, ახალი სქემა კი 0% საბაჟო განაკვეთს ითვალისწინებს. არსებული სავაჭრო რეჟიმი ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის სხვა პროდუქციისთვისაც. მაგალითად - ჯემების, ხილის წვენების, სანელებლების, თაფლის, მწვანე ჩაის, აგრეთვე აზოტოვანი სასუქებისათვის. ვრცელდება რა მთლიანად საფეიქრო საქონელზე, GSP+ სქემის გამოყენება ხსენებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შეტანის საუკეთესო შანსს იძლევა. თუმცა საქართველო ამ შანსს ჯერ ვერ იყენებს.

გიორგი პერტაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ინვესტიციების საკითხებში:

"ეს ყველას აინტერესებს – რატომ ვერ ვიყენებთ GSP-ს? ამაზე მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს-ასოციაციები და საქართველოს მთავრობა. ჩემი აზრით, აუცილებელია ამერიკისა და ევროპის ბაზრის შესწავლა. გარდა ამისა, კომპანიებმა საკმაოდ დიდი თანხების მარკეტინგში ინვესტირება უნდა ისწავლონ. ამის შემდეგ უცხოეთის ბაზრებზე რეალურად გასვლა შესაძლებელი იქნება. თუ ეს არ გაკეთდა, მთავრობამ უცხოეთის ქვეყნებთან რაც არ უნდა შეღავათიანი სახის შეთანხმება გააფორმოს, ქართული პროდუქტი ცივილიზებულ ბაზრებზე დიდი მოცულობით არ გაიყიდება, რადგან ასეთი ბაზრები ძლიერია და მოთხოვნა მიწოდებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა უნდა შეიქმნას. პოსტკომუნისტური ქვეყნების ბაზრების მარკეტინგი ქართულ პროდუქტს საუკუნის მანძილზე გაკეთებული აქვს. ამიტომაც, ევროპისგან განსხვავებით, მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე შესვლა ადვილია. ევროპაში კი ქართულ ბრენდებს ნაკლებად იცნობენ".
 
GSP+ სქემის დახმარებით ქართული თხილის 100 პროცენტი ექსპორტზეა 

მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს რუსეთის ბაზარი ამ პროდუქტისთვისაც ჩაიკეტა, თხილის სადისტრიბუციო კომპანიებმა ევროპის და აზიის ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარება შეძლეს. თუ "საქსტატის" მონაცემებს გადავხედავთ, 2008 წლიდან 2010 წლამდე ქართული თხილის ექსპორტის მაჩვენებელი იზრდება. პროდუქტი თანაბარი წარმატებით იყიდება როგორც ევროპის, ისე აზიის ბაზარზე. ევროპაში გაყიდვების თვალსაზრისით პროდუქტს საუკეთესო პოზიცია გერმანიაში უჭირავს. ხოლო აზიის ბაზარზე ქართული თხილი ყველაზე მოთხოვნადია ერაყში და ავღანეთში. საგულისხმოა ისიც, რომ თხილის პატარა პარტიები ირანსა და ჩინეთშიც გავიდა.

ბოლო წლების განმავლობაში თხილი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კულტურა გახდა. როგორც ჩანს, უცხოეთის ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამ მეწარმეებს და გლეხებს სტიმული მისცა. თხილს დასავლეთ საქართველოში სახნავ-სათესი ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დაკავებული. სურსათის და აგროკულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, თხილის კულტურის ფართობები ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: თურქეთი – 345 ათასი ჰა; იტალია – 69 ათასი ჰა; აზერბაიჯანი – 19,5 ათასი ჰა; ესპანეთი – 12,1 ათასი ჰა; აშშ – 11,8 ათასი ჰა; ირანი – 11 ათასი ჰა; საქართველო და ჩინეთი – 8-8 ათასი ჰა. მიღებული მოსავლის მიხედვით, ასევე თურქეთი ლიდერობს – 501,6 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან იტალია – 112,3 ათასი ტონა; ესპანეთი – 18,3 ათასი ტონა; აზერბაიჯანი – 18,6 ათასი ტონა; აშშ – 28,5 ათასი ტონა; ირანი, საქართველო და ჩინეთი – 12-12 ათასი ტონა.

საქართველოში თხილის ბაზრის სტრუქტურა სამი მიმართულებით ვითარდება. წამყვანი პოზიციები უკავიათ სადისტრიბუციო კომპანიებს, შემდეგ თხილის გადამამუშავებელ ქარხნებს და ბოლოს კი ფერმერებს, რომელთაც თხილის კულტურა მოჰყავთ. თხილს დისტრიბუტორებს ძირითადად წვრილი ფერმერები აბარებენ, მსხვილი მეურნეობები კი ამ მიმართულებით ახლა იდგამს ფეხს.

"თხილის საექსპორტო კომპანია" ადგილობრივ ბაზარზე უკვე მესამე წელია საქმიანობს.

"ჩვენ არ გვაქვს ნარგავები და თხილს მოსახლეობისაგან შევისყიდით. პროდუქტს ძირითადად გურიაში ვყიდულობთ. 2009 წელს 1200 ტონა თხილი შევისყიდეთ, წელს კი ეს მაჩვენებელი 1400 ტონას უტოლდება", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბეგი სიორიძე.

მოსახლეობისაგან 1 კგ თხილის შესყიდვის ფასი, ბოლო მონაცემებით, 3 ლარი და 50 თეთრია. თითქმის ყველა რეგიონში ფუნქციონირებს თხილის ჩამბარებელი პუნქტები, საიდანაც პროდუქტი გადამამუშავებელ ქარხანაში ხვდება. ხდება თხილის გამოშრობა, დაკალიბრება და დატეხვა. შემდეგ კი პროდუქტი სახმელეთო გადაზიდვების მეშვეობით ექსპორტზე გადის. როგორც ბეგი სიორიძე განმარტავს, მისი კომპანია თხილს ძირითადად ევროპის ბაზარზე ყიდის, სადაც მოთხოვნა გარჩეულ თხილის გულზეა. ექსპორტიორს თხილი აზიის ბაზარზეც გააქვს, ამ შემთხვევაში მოთხოვნადი გაუტეხავი თხილი და კაკალია.

ქართული გარჩეული თხილის ფასი ევროპის ბაზარზე 5 დოლარი და 20 ცენტია. ერაყში კი ნაჭუჭიანი თხილი 2 დოლარი და 10 ცენტი ღირს.

"ევროპის ბაზარზე მარტივად არ გავსულვართ. ეს რამდენიმეწლიანი შრომის ნაყოფია. გარკვეულწილად, ჩვენი წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ISO სერტიფიკატი ავიღეთ", - ამბობს ბეგი სიორიძე.

ევროპაში და აზიის ქვეყნებშიც მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელი ქვეყანა თურქეთია. ეს ქვეყანა მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის 75 პროცენტს აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ აკონტროლებს თხილის ფასსაც და თხილის ბაზარსაც. ქართული თხილის ფასი თურქულთან შედარებით 20 ცენტით მაღალია.

"სამომავლო პერსპექტივა ქართული თხილისთვის მსოფლიო ბაზრის 10-პროცენტიანი ნიშის ათვისებაა. საქართველოში არსებობს პოტენციალი, რომ მომავალში მსოფლიო ბაზრის უფრო მეტი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ", - ამბობს სიორიძე.

"ადგილობრივ ბაზარზე ქართული თხილის გაყიდვა ფაქტობრივად არ ხდება, ეს არის 100 პროცენტით საექსპორტო პროდუქტი", - ამბობს თხილის ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე მამუკა თოდუა. ადგილობრივ ბაზარზე თხილის მომხმარებელი შოკოლადის ქარხანა "ბარამბო" და სხვა საკონდიტრო საწარმოებია. ევროპაში ძირითადი მოთხოვნა თხილის გულზე ანუ გარჩეულ თხილზეა. ამ პროდუქტს ევროკავშირის ქვეყნები მოიხმარენ. ქართული თხილის ნაწილი რუსეთის ბაზარზეც ხვდება. ექსპორტში მოწინავე პოზიციები უჭირავს უკრაინას და ყაზახეთს, ბალტიის ქვეყნებს. რაც შეეხება გაურჩეველ თხილს, აქ შესყიდვის კუთხით ლიდერია ერაყი და ირანი. საგულისხმოა ისიც, რომ ქართული თხილი ავსტრალიაში და აშშ-შიც იყიდება.

ქართული საწებელა და ჯემი ევროკავშირის ბაზრის კართან  

არსებული GSP სავაჭრო რეჟიმი ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციისთვის. მაგალითად - ჯემების, ხილის წვენების, სანელებლების, თაფლის, მწვანე ჩაის, აგრეთვე აზოტოვანი სასუქებისათვის. თუმცა ამ სეგმენტში დაკავებულმა ქართველმა მეწარმეებმა ევროკავშირის ბაზარზე გასვლა ჯერ ვერ შეძლეს.

გიორგი დეკანოსიძე, შპს "მარნეულის სასურსათო ქარხნის" დირექტორი:

"2010 წლის მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 დასახელების საწებელი, კეტჩუპი და მურაბა შევიტანეთ. წარდგენილმა ნიმუშებმა შესაბამისი ორგანოს უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს და კომპანიას სერტიფიკატი გადაეცა იმის დასტურად, რომ შპს "მარნეულის სასურსათო ქარხნის" 8 დასახელების პროდუქტი ამერიკის ბაზარზე დაშვებულია. მარკეტინგული კვლევები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინაში, საბერძნეთსა და ისრაელში ჩავატარეთ. კომპანიის ნიმუშებმა ყველგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ეტაპზე ველოდებით ქაშირის სერტიფიკატს ანუ რაბინის დასტურს იმის შესახებ, რომ ქართული ნედლეული ეკოლოგიურად სუფთა და ებრაელი ხალხისთვის მისაღებია. ამ ეტაპზე ისრაელში მხოლოდ ერთი კონტეინერი გადავაგზავნეთ. დიდი მოცულობის შესყიდვები უცხოეთის ქვეყნებში ჯერჯერობით არ განხორციელებულა. ვცდილობთ, ამ ეტაპზე ადგილობრივი ბაზარი ავითვისოთ".
 
დავით ასანიძე, კომპანია "ნარინჯის" გენერალური დირექტორი:

"გასულ წელს პირველი ხაზი ავამუშავეთ და 43 ტონა ციტრუსის კონცენტრატი გამოვუშვით. ქარხანა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. მანქანა-დანადგარები იტალიიდან არის ჩამოტანილი. ამ ეტაპზე მხოლოდ კონცენტრატის ხაზი მუშაობს. ნატურალური წვენის ჩამომსხმელი ხაზის გაშვებას წელსვე ვაპირებთ. ვცდილობთ, დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ. თუ მიზანს ვერ მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, ეს ხაზიც ვერ ამოქმედდება. ადგილობრივი კომპანიებიდან "ნარინჯის" პროდუქტის შესყიდვის სურვილი, ჩემდა გასაკვირად, არავინ გამოთქვა. თუმცა რეალურად ადგილობრივ ბაზარზე ამის მოთხოვნა არსებობდა და იმედი გვქონდა, რომ ქართული წვენების მწარმოებელი კომპანიები "სანტე", "კამპა" და სხვები მისი შესყიდვის სურვილს გამოთქვამდნენ. უკრაინაში ნიმუშები 10 კომპანიას გავუგზავნე, ასევე თურქეთშიც. "ნარინჯის" წვენების კონცენტრატი ორივე ქვეყანაში მოეწონათ, მაგრამ ჯერჯერობით უცხოეთიდან კონკრეტული შემოთავაზება არ მიგვიღია. ამიტომაც, 43 ტონა ციტრუსის კონცენტრატი საწარმოში გაუსაღებელი დევს".
 
როგორც მეწარმეები ამბობენ GSP-ს გამოყენებას გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება სჭირდება. პირველი, კომპანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ სუფთა პროდუქტს აწარმოებს, გააკეთოს რეკლამა, აიღოს ISO სერტიფიკატი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ყველა ვერ ახერხებს, საკმარისი ფულია საჭირო. ამ ეტაპზე ქართულ კომპანიებს ის ფინანსური სახსრები არა აქვთ, რომელიც უცხოეთის ქვეყნების მარკეტინგის შესწავლას მოხმარდება. ეს მომავლის პერსპექტივაა.

ნინო ნატროშვილი