ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
კონკურენცია და მისი როლი თანამედროვე ბიზნესში
#1(28), 2011
სანამ კონკურენციის როლზე და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრებდეთ, უფრო სწორი იქნება თუ თვითონ სიტყვის მნიშვნელობის განმარტებით დავიწყებთ. სიტყვა კონკურენცია ძველი ლათინური სიტყვიდან „concurrentia“-დან მომდინარეობს, რომელიც ნიშნავს შეჯახებას. ბიზნესში კი სიტყვა კონკურენცია ასოცირდება ბრძოლასთან კომპანიებს შორის რაც შეიძლება მეტი მოგების მისაღებად და ბაზარზე სასურველი პოზიციის დასაკავებლად.

კონკურენცია – როგორც სიტყვა, ასევე თავად პროცესიც, უძველესი დროდან იღებს სათავეს, მართალია იმ პერიოდში, როგორც სხვა ყველაფერი, კონკურენციაც პრიმიტიული ფორმით გვევლინება, თუმცა სათავე სწორედ იქიდან მომ¬დინარეობს და განიცდის ევოლუციას ადამიანებთან ერთად. სავარაუდოდ, კონკურენცია უნდა წარმოშობილიყო მაშინ, როდესაც შრომის საზოგადოებრივ დანაწილებისას წარმოიშვა გაცვლა, გაცვლამ წარმოშვა იმ დროინდელი ბაზარი. ცნობილია, რომ იმ დროისთვის ფულის როლს ასრულებდა სხვადასხვა სახის პროდუქცია, ხდებოდა პროდუქტების გაცვლა და ამ გზით მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ეგრეთ წოდებული „ბარტერის“ სახით. ბაზრის წარმოქმნამ თავისთავად წარმოშვა საბაზრო კონკურენცია რომელიც საუკუნეების მანძილზე დამკვიდრდა, როგორც საბაზრო ურთიერთობების ძირითადი ელემენტი და ბაზრის სიმბოლო. რთული სათქმელია ბაზრის განვითარება უწყობდა ხელს კონკურენციის განვითარებას თუ პირიქით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროცესი იყო, არის და იქნება ურთიერთ-პარალელური.
 
კონკურენციამ თანამედროვე სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მსოფლიოში მოხდა კაპიტალისტური (თავისუფალი) ბაზრის წარმოქმნა. ამ პროცესმა საკმაოდ დიდი ბიძგი მისცა კონკურენციის სწრაფი ტემპით განვითარებას და მასთან ერთად პროდუქციის დახვეწას. შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია არის ერთ-ერთი სერიოზული ფასის მარეგულირებელი ფაქტორი თანამედროვე, თავისუფალ ბაზარზე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურენცია მომხმარებლის წისქვილზე ასხამს წყალს, რაც გამოიხატება ფასების კლებაში და ხარისხის მატებაში: კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ რაც შეიძლება დაბალ ფასში გაყიდონ ხარისხიანი პროდუქცია მეტი კლიენტის მოსაზიდად და ეს ბრძოლა ყოველდღიურად მატულობს. მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო მეტი კონკურენტი არსებობს ბაზარზე, მით უფრო მოგებული რჩება მომხმარებელი. მაგრამ არის თუ არა კონკურენცია ყოველთვის მომხმარებლის მეგობარი? რა თქმა უნდა, არა. შეიძლება თუ არა კონკურენციამ არა მომხმარებლის, არამედ მიმწოდებლის წისქვილზე დაასხას წყალი? ეს სავსებით შესაძლებელია. მაგალითისთვის განვიხილოთ აუ¬ქციონები, სადაც უკვე კონკურენციას ერთმანეთს არა მიმწოდებლები არამედ მომხმარებლები უწევენ. უფრო კონკრეტულად ავიღოთ აუქციონი, სადაც იყიდება ხელოვნების ნიმუში. არა ერთი შემთხვევა ახსოვს ისტორიას, როცა მსგავსი შემთხვევის დროს რეკორდულ ფასადაც გაყიდულა ესა თუ ის ნამუშევარი. მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, ამ შემთხვევაში კონკურენცია მიმწოდებლებიდან გადადის მომხმარებელზე და ამით საბოლოო ჯამში მოგებული რჩება მიმწოდებელი, ხოლო როცა მიწოდება მეტია მოთხოვნაზე, უკვე პირიქით, კონკურენციას ერთმანეთს უწევენ მიმწოდებლები და შესაბამისად, მომხმარებელი ხეირობს.
 
თანამედროვე ბიზნესში არსებობს სრულყოფილი (ჯანსაღი) და არასრულყოფილი (არაჯანსაღი) კონკურენციის ცნება.

სრულყოფილი (ჯანსაღი) კონკურენციის ნიშნებია:

– თანაბარუფლებიანი გამყიდველების და მყიდველების სიმრავლე;
– გასაყიდი პროდუქციის ერთფეროვნება;
– ბარიერების არარსებობა ამა თუ იმ ბიზნესში შეს¬ასვლელად და გამოსასვლელად;
– მწარმოებლის ფაქტორის მაღალი მობილურობა;
– ყველა მონაწილის, ინფორმაციასთან თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობა (იგულისხმება პირველ რიგში ფასები).

თუ ამ ნიშნებიდან რომელიმე მაინც ამოვარდნილია, მაშინ ასეთ კონკურენციას არასრულყოფილ (არაჯანსაღ) კონკურენციას უწოდებენ. ასევე საკმაოდ ხშირად ხდება როდესაც ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ამოგდებულია ხელოვნურად, მონოპოლიის მოსაპოვებლად, ასეთ შემთხვევაში მას არაკეთილსინდისიერ კონკურენციას უწოდებენ. ასეთი შემთხვევები ხშირად გვხვდებოდა ქართულ ბაზარზე უახლოეს წარსულში, როდესაც კომპანიები პირველ რიგში ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდნენ ბაზარზე შესასვლელად, რაც საშუალებას აძლევდა მათ თავის სფეროში ყოფილიყვნენ მონოპოლისტები.

ხშირ შემთხვევებში ხელოვნური ბარიერები იქმნებოდა მთავრობის წარმომადგენლებისთვის ქრთამის მიცემით (ეს შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ფულადი სახის, ასევე ბიზნესის წილის გადაცემა და სხვა), რომლის შემდეგაც ამა თუ იმ სფეროში მთავრობა ქმნიდა ხელოვნურ ბარიერებს ძირითადად კანონების შემოღებით ან ლიცენზიების გაცემით და ხელს უწყობდა ბაზარზე არსებულ კომპანიას მონოპოლიის მოპოვებაში. აქედან გამომდინარე, მარტივად შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, თუ რა მდგომარეობა იყო მაშინ ქართულ ბიზნესში და რა მდგომარეობაა ახლა, როდესაც ბარიერები მოიხსნა და კონკურენცია გაიზარდა თავისუფალი ბაზრის პირობებში. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ახლო წარსულში ფარმაცევტულ და ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული მდგომარეობა. ყველას ახსოვს ალბათ პერიოდი, როდესაც საკმაოდ მაღალი ტარიფები იყო მობილური ოპერატორების მომსახურებაზე. რით იყო ეს გამოწვეული? იმით, რომ სახელმწიფო ქმნიდა ხელოვნურ ბარიერებს, რათა კონკურენციის დონე ყო¬ფილიყო მაქსიმალურად დაბალი, სრულიად უინტერესოს და მაქსიმალურად შეუღწევადს ხდიდა ქართულ ბაზარს სხვა მობილური ოპერატორებისთვის, რითაც ხელს უწყობდა უკვე არსებულ ოპერატორებს მონოპოლისტური მდგომარეობის დაკავებაში. საკმაოდ ახლო წარსულში იყო ასევე პერიოდი, როდესაც საქართველოში იკრძალებოდა სხვა ქვეყნებში დაშვებული წამლის იმპორტი, რასაც ხსნიდნენ იმ ფაქტით, რომ თითქოს ქართველი მომხმარებლისთვის გაუგებარი იქნებოდა წამლის ინსტრუქცია.

ჰიგიენური და პროფესიული სტანდარტების დაწესებით სახელმწიფომ არაკონკურენტუნარიანი გარემო შექმნა ფარმაცევტულ ბიზნესში, რის შედეგადაც მივიღეთ, რომ საქართველოში არსებულ სამ ფარმაცევტულ კომპანიას ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, კერძოდ კი 65% ეკავა. შესაბამისად, მათ უკვე მარტივად შეეძლოთ ფასების თამაშით ნებისმიერი კონკურენტის ჩამოცილება. 2005 წელს გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელსაც ვითომ და უნდა უზრუნველეყო ბაზრის თავისუფლება, თუმცა ამ ზემოთ აღნიშნული სამსახურის გაუქმებით მივიღეთ შემდეგი სურათი: ბაზარი უფრო თავისუფალი გახდა, მოიხსნა უამრავი ხელოვნური ბარიერი, რომელსაც სახელმწიფო ქმნიდა, ამან გამოიწვია ფიჭური კავშირგაბმულობის ახალი გიგანტის გამოჩენა ქართულ ბაზარზე, დღეს კი მომხმარებლები ერთმანეთში 5 თეთრად საუბრობენ მობილურით, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელ ფუფუნებად მიგვაჩნდა. ამის პარალელურად შევიდა უამრავი ცვლილება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში, გაუქმდა ბევრი შეზღუდვა, რამაც ასევე გაამძაფრა კონკურენცია ამ სექტორში და ამით მომხმარებელმა იხეირა.
 
შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ მოთხოვნა მაღალია მიწოდებაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მომხმარებელი რჩება მოგებული, ეს კი გამოიხატება ფასის დაწევაში ან ხარისხის გაზრდაში. ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში, მიმწოდებელი ყოველთვის ზრუნავს ფასის შემცირებაზე, ბაზრის მეტი წილის დასაკავებლად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფასის შემცირებამ არ უნდა მიიღოს სისტემატური სახე მოგების შემცირების ხარჯზე, რადგანაც ადრე თუ გვიან კომპანია მიუახლოვდება ნულოვანი წერტილის ზღვარს, რომლის დროსაც უკვე კომპანიის არსებობა კარგავს აზრს. ამიტომ არის, რომ ფასის შემცირება ხშირად ხდება ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებისთვის თუ მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯების შემცირებით, რაც გამოიხატება ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, რომელსაც უფრო ნაკლები საექსპლოატაციო დანახარჯი აქვს, ვიდრე მის წინამორბედს. მაგალითისთვის ავიღოთ ორი კომპანია, რომელიც აწარმოებს ერთი და იგივე პროდუქტს, მაგრამ პირველს აქვს წარმოებაში გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც მოიხმარენ ნაკლებ ელექტროენერგიას, ხოლო მეორეს კი შედარებით ძველი, რომელიც გაცილებით მეტ ხარჯს მოითხოვს. ხარისხით ორივეს ერთნაირი პროდუქცია აქვთ, მაგრამ პირველს მისი წარმოება უჯდება უფრო ნაკლები, ვიდრე მეორეს. შესაბამისად პირველს აქვს შესაძლებლობა გაყიდოს საქონელი იმაზე დაბალ ფასში, ვიდრე ამას მისი კონკურენტი აკეთებს ისე, რომ მოგება არ შეიმციროს, მეორე კი იძულებულია ან შეამციროს პროდუქტის ხარისხი და ამ მეთოდით დაწიოს ფასი საქონელზე, ან უბრალოდ შეიმციროს მოგება, ორივე შემთხვევა დამღუპველია. ამიტომ ამბობენ: „ბიზნეს გარემოში თუ განუწყვეტლივ მირბიხარ, კონკურენცია მუდმივად გკბენს, თუმცა, თუ გაჩერდები შეიძლება საერთოდ გადაგყლაპოს“.
 
აქამდე შევეცადე მკითხველისთვის მეჩვენებინა, თუ რა საშიში რამ არის კონკურენცია ორგანიზაციისთვის და რა კარგი და ხეირის მომტანი მომხმარებლისთვის, თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევას, როდესაც მოთხოვნა აღემატება მიწოდებას. მაგრამ, როგორც ვიცით „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს ეხლა საქმე. კონკურენციას მარტო ზიანი და ზედმეტი თავის ტკივილი არ მოაქვს კომპანიისთვის. არის შემთხვევები, როდესაც კონკურენტების სწორად გამოყენება ეხმარება ორგანიზაციას მოგების გაზრდაში.
 
ჩამოვთვალოთ რამდენიმე მიზეზი და მაგალითი, როდესაც კონკურენტის ყოლა უბრალოდ აუცილებელია ბიზნესის წარმატებულად მართვაში:
 
1. კონკურენცია როგორც სტიმულატორი. კონკურენცია ეს არის ბიზნესის სტიმულატორი, რომელიც გვაიძულებს მუდამ ფხიზლად ვიყოთ, ვიფიქროთ მომხმარებლის კეთილდღეობაზე, ავყვეთ ტექნოლოგიების განვითარებას, ბაზარზე ახალი პროდუქტის და ინოვაციური იდეების შეტანას, რომელმაც სწორად გათვლის შემთხვევაში შეიძლება ბევრად მეტი მოგება მოგვიტანოს, ვიდრე ამას ძველი პროდუქტი აკეთებდა და რომლის შექმნის იდეა არც არავის გაუჩნდებოდა, რომ არა კონკურენტების არსებობა, რომლებიც გიბიძგებენ რაღაც ახლის შექმნისკენ. მაგალითისთვის კოკა-კოლას მოვიყვან, რომელიც ერთი შეხედვით მშვიდად და აუღელვებლად ეწევა თავის საქმიანობას 1886 წლიდან. თუმცა მისი ისტორია მშვიდი სულაც არ ყოფილა. 1890 წელს კომპანიას გამოუჩნდა ნომერ პირველი კონკურენტი პეპსი, აქედან იღებს სათავეს ორთაბრძოლა მსოფლიოს ბაზარზე ლიდერობის დასაკავებლად. უკვე რამოდენიმე წელიწადში ამ ორი კომპანიის პაექრობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ვერც ერთმა ვერ შენიშნა ბაზარზე პატარ-პატარა კომპანიების შემოსვლა, რომლებიც ასევე უალკოჰოლო სასმელების წარმოებით იყვნენ დაკავებული. ამ პატარა კომპანიების რიცხვმა იმდენად იმატა, რომ კოკა-კოლა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. იგი ფაქტობრივად კარგავდა ამერიკის ბაზარს და სწორედ მაშინ მოიწვიეს იმ დროსთვის ცნობილი მარკეტოლოგი ზიმანი, რომელმაც დაიწყო ახალი ტიპის სასმელების წარმოება, ბაზარზე შეიტანა „კოკა-კოლა ლაითი“, „ალუბლის კოლა“, „კოკა-კოლა სპორტსმენებისთვის“. ამ სიახლეების შეტანამ ბევრად დიდი მოგება მოუტანა კომპანიას და მან არათუ დაიბრუნა ბაზარზე თავისი პოზიციები, არამედ გაიუმჯობესა კიდეც. ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ კონკურენტები გვაიძულებენ მომხმარებლის კეთილგანწყობის მოპოვებას, რაც აუცილებელია ბიზნესის წარმატებისთვის.
 
2. ბიზნესის პასუხისმგებლობის დონის ამაღლება. მომხმარებლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ასევე აუცილებელი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მაღალი ბსპ-ს (ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის) დონის ქონა. რაც უფრო მაღალია კონკურენცია მით მეტია კომპანიის ბსპ, რომელიც აიძულებს ორგანიზაციებს გრძელვადიანი, მაგრამ მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებაში, რომელიც ხშირ შემთხვევებში გამოიხატება სხვადასხვა აქციების და მოვლენების სპონსორობაში, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში, საქველმოქმედო კამპანიებში მონაწილეობის მიღებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში... რადგანაც სადაც უფრო მაღალია მოსახლეობის ცხოვრების დონე, მით უფრო კარგი ბიზნეს-გარემოა იქ. ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა ხდება კომპანიის მოგების შემცირების ხარჯზე, თუმცა ეს საკმაოდ კარგი რეკლამაა მოსახლეობაში, რომელიც ამაღლებს კომპანიის ცნობადობას და აძლიერებს მომხმარებლის ნდობის დონეს. შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია აიძულებს ორგანიზაციებს ჰქონდეთ მაღალი დონის ბსპ, ხოლო მაღალი დონის ბსპ კი არის როგორც მომხმარებლის კეთილდღეობის, ასევე მომავალში კომპანიის მოგების ზრდის გარანტია.
 
3. პროდუქციის რეალური ღირებულების დადგენა. ასევე კონკურენცია საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ფასის კორექტირებაში, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად ჯანსაღი და მაღალი კონკურენციის პირობებში, ორგანიზაციები იძულებულნი არიან მოახდინონ ფასის დაკლება, მაგრამ ეს ზოგ შემთხვევაში პირიქითაც ხდება. ისტორიას ახსოვს ისეთი შემთხვევებიც, რომ სწორედ კონკურენტის გამოჩენამ უბიძგა ორგანიზაციას არა ფასის დაკლებაზე, არამედ პირიქით მის გაზრდაზე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ IBM, რომელმაც რამდენიმე წლის წინ შექმნა სოფტი, რომლის ანალოგიც იმ დროსთვის არ არსებობდა. IBM-ის მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა ფასი, რომელიც როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლები განმარტავდნენ, საკმაოდ მაღალი ფასი იყო და უფრო ძვი¬რად ის უკვე აღარ გაიყიდებოდა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ კონკურენტმა კომპანიამ შექმნა ანალოგიური სოფტი, რომელიც გაცილებით დაბალი ხარისხის და ნაკლები ფუნქციების მქონე აღმოჩნდა, ფასი კი იგივე ჰქონდა რაც IBM-ის სოფტს. ამან დაანახა კომპანიის მესვეურებს, რომ მომხმარებელი უკვე უფრო მეტსაც გადაიხდიდა IBM-ის პროდუქტში და მათ ფასი მოუმატეს, ფასის მომატებამ, რა გინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაყიდვების შემცირება არ გამოიწვია, ხოლო კომპანიის მოგება ბუნებრივია, გაიზარდა. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კონკურენტის არსებობა ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც არის. ამ შემთხვევაში მომხმარებელს გაუჩნდა არჩევის შესაძლებლობა, რამაც დაანახა მათ, რომ სოფტი, რომელსაც აწარმოებდა IBM, ბევრად მოსახერხებელი და ხარისხიანი იყო მის ახალ კონკურენტთან შედარებით, ამიტომ ისინი უკვე მზად იყვნენ უფრო მეტიც გადაეხადათ. რომ არა ახალი კონკურენტის გამოჩენა, ალბათ IBM ვერასდროს მოიფიქრებდა ფასის მომატებაზე და ვერც მომხმარებელი დაინახავდა სხვაობას ხარისხიან და უხარისხო პროდუქციას შორის.

გარდა ამ ყველაფრისა, ჯანსაღი კონკურენცია ასევე სახელმწიფოს ინტერესებშიც შედის, იმის გარდა, რომ კონკურენცია ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარებას, ფასის კლებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდას, რაშიც თავად ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას, ჯანსაღი და ძლიერი კონკურენცია ასევე დიდ როლს თამაშობს სახელმწიფოს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სტაბილურობაში. მონოპოლიის შემთხვევაში, მონოპოლისტ კომპანიას მშპ-ის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ამა თუ იმ დარგში, ამიტომ ხშირად სახელმწიფო ვალდებულია მშპ-ის დონის შესანარჩუნებლად გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, ხელი შეუწყოს გარკვეულწილად კომპანიას განვითარებაში, რათა არ მოხდეს ამ კომპანიის გაკოტრება, რათა მშპ-ის არ მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამიტომ რაც უფრო მძაფრია კონკურენცია, მით უფრო მცირეა ამა თუ იმ კომპანიის ხვედრითი წილი მშპ-ში. შესაბამისად, ერთი კომპანიის გაკოტრებით მის წილს მთლიანად იკავებს ან იყოფენ სხვა კონკურენტი კომპანიები და მშპ-ს მნიშვნელოვანი ზიანი არ ადგება. სწორედ ეს და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებია იმის საწინდარი, რომ სახელმწიფო ყველანაირად უნდა ცდილობდეს შექმნას ბიზნესის წარმოებისთვის კარგი გარემო, მოიზიდოს ინვესტორები, შექმნას თავისუფალი ბაზარი და კონკურენტული გარემო.

დავით ჭიაბერაშვილი