ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
"ბადაგონის" საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის
#4(12), 2006
სახელმწიფოს და ბიზნესის "თბილი" ურთიერთობის მორიგი შემთხვევა

ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების მთავარ შემაფერხებლად ექსპერტები  სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში უხეშ ჩარევას და არასახარბიელო სამეწარმეო გარემოს მიიჩნევენ. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან ხელისუფლების ოპონენტებს სალაპარაკოც საკმაოდ დაუგროვდათ: რესტორან "ნიკალაში" ფინანსური პოლიციის თეატრალიზებული შევარდნა და შემდეგ ამ საქმის მიჩუმათება; "სონის" ცენტრში ასევე ფინანსური პოლიციის შესვლა და აქაც ისევ საეჭვო დუმილი; ავსტრიული ხორცის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "შირნჰოფერის" შევიწროვება, რასაც საბოლოოდ "შირნჰოფერის" მიერ წარმოების ყაზახეთში გადატანა მოჰყვა. ყველაზე ბოლო ჯერჯერობით ღვინის კომპანია "ბადაგონის" შტურმით აღება იყო, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსური პოლიციის და სამტრესტის თანამშრომლები ვიდეოკამერების თანხლებით შევიდნენ ღვინის ქარხანაში და ბევრი ფიქრის და თავის ტკივილის გარეშე მომენტალურად დაღვარეს "ბადაგონის" ერთ-ერთი ცისტერნიდან წითელი ღვინო.
 
ხელისუფლება და მმართველი უმრავლესობა თუ ამ შემთხვევამდე სახელმწიფოს მხრიდან უფლებების გადამეტებას კატეგორიულად უარყოფდა, "ბადაგონის" შემთხვევაში უკვე პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო მოხელეების ქმედებას გაუმართლებელი უწოდა, ხოლო ცოტა მოგვიანებით პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი საქვეყნოდ დატუქსა.

რა მოხდა "ბადაგონში"

ყველაფერი კი 14 ნოემბერს დაიწყო, როდესაც ფინანსურმა პოლიციამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ღვინის ავზებიდან თვეების წინ აღებული სინჯების საფუძველზე ღვინის ქარხანაში შესვლა და ღვინის დაღვრა გადაწყვიტა. თუ "ბადაგონის" ინტერნეტგვერდზე განთავსებულ განცხადებას დავუჯერებთ, ფინანსური პოლიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – სამტრესტის ერთობლივი აქციის დროს "ბადაგონისთვის" 100 ტონამდე ღვინო გადაუღვრიათ. აქციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბაკურ კვეზერელიც დაესწრო და იმავე საღამოს სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ბრიფინგიც გამართა. როგორც მაშინ ცისკარიშვილმა განაცხადა, "ბადაგონი" ფალსიფიცირებულ ღვინოს ასხამდა, გადაღვრილი ღვინის შემადგენლობა კი არაფერი იყო, თუ არა საღებავი და ჯანმრთელობისთვის საშიში რამდენიმე ქიმიური ნივთიერების ერთობლიობა. მინისტრი ასევე სხვა ქარხნების მიმართ მსგავს ქმედებას დაგვპირდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დაპირება დაპირებად დარჩა და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის ჯოხი ძირითადად "ბადაგონზე" გადატყდა.
მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან ასეთი დამსჯელი ქმედებებისა, რაც ღვინის კომპანიის წინააღმდეგ განხორციელდა, "ბადაგონის" ხელმძღვანელობამ დღემდე სასამართლოს არ მიმართა. როგორც კომპანიაში ჩვენ განგვიცხადეს, "ბადაგონის" ხელმძღვანელები გამოძიების დასრულებას დაელოდებიან და ამის შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზას დაადგნენ.

რა გამოხმაურება მოჰყვა "ბადაგონის" სკანდალს

იტალიური ინვესტიციებით აშენებული "ბადაგონის" ღვინის ქარხანა ოფიციალური ცნობით 12 მილიონ ევრომდე დაჯდა. 25 ოქტომბერს, ღვინის ქარხნის გახსნის პრეზენტაციას სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი და კათალიკოს-პატრიარქი დაესწრნენ. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა ამაყად განაცხადა, რომ გახსნა ულტრათანამედროვე ქარხანა, რომლის მსგავსი 3 წლის წინ არც კი დაგვესიზმრებოდა. ღვინის დაგემოვნებისას პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები და სოხუმში დაბრუნების საგღეგრძელოს დალევა სწორედ "ბადაგონის" ღვინით დაგეგმა. მოკლედ, იყო ზეიმი, ქება "ბადაგონისა" და ერთი ამბავი, სანამ პეტრე ცისკარიშვილის უწყების თავგამოდებულმა ქმედებამ პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდო და ქვეყნის პირველ პირებს სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის საყვედურიც არ გამოსტყუა.
მანამდე კი "ბადაგონის" პრეზიდენტი თემურ უბილავა მოსკოვიდან გამოეხმაურა ღვინის ქარხანაში ფინანსური პოლიციის შესვლას და ღვინის დაღვრას. უბილავას განცხადებით, სავარაუდოდ რაღაც გაუგებრობა მოხდა და მისივე თქმით, სიტყვა "ფალსიფიკაციამ" გააოცა, რადგან "ბადაგონის" ღვინოს მრავალი ლაბორატორიული შემოწმება აქვს გავლილი და პროდუქციაც ევროსტანდარტების შესაბამისია.
"თუ ამ შემოწმებას არა გაუგებრობის, არამედ რამე სხვა სარჩული აქვს, მეც და ჩემი პარტნიორებიც მოვოლაპარაკებთ და შესაბამის სამოქმედო გეგმას შევიმუშავებთ. ღვინისთვის საჭირო ყველა მასალა იტალიიდან შემოდის და გავლილი აქვს უამრავი ექსპერტიზა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეში ჩვენი იტალიელი პარტნიორებიც ჩაერთონ", - განაცხადა მაშინ თემურ უბილავამ.
იყო თუ არა ეს შემოწმება-შევარდნა გაუგებრობა, ჯერ არ გარკვეულა. მანამდე კი ოპოზიციამ ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა. პარლამენტარმა ზურაბ ტყემალაძემ, რომელიც ასევე ღვინის კომპანია "სამების" მფლობელია, ფინანსთა სამინისტრო დაადანაშაულა და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. ტყემალაძის თქმით, ფინანსურმა პოლიციამ უფლებებს გადაამეტა. პარლამენტარის თქმით, აბსურდულია ისიც, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ღვინის ფალსიფიკაცია 8 თვის წინ აღებული სინჯების საფუძველზე რომ დაადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით "ბადაგონიდან" ყოველთვიურად იგზავნება სინჯები იტალიის ლაბორატორიაში და ასევე მიღებული ნორმაა, რომ ღვინის სინჯის ვადა მხოლოდ 3 თვეს შეიძლება გაგრძელდეს. უფრო ადრინდელი სინჯი კი არ შეიძლება რაიმე ქმედების საფუძველი გახდეს. ზურაბ ტყემალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც 8 თვის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "ბადაგონიდან" ღვინის სინჯები აიღო, ის ღვინო უკრაინაშიც კი გაიგზავნა და საკმაოდ დიდი წარმატებითაც გაიყიდა. "იქნებ სწორედ ეს ღვინო იყო ექსპორტზე გატანილი და დღეს კი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ღვინო ფალსიფიცირებულია", - ამბობს ტყემალაძე.
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია "ბადაგონის" მიმართ განხორციელებულ ქმედებებს დაუშვებლად მიიჩნევს. ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ისაკაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის "ბაგადონის" შემთხვევა ყველაზე სამარცხვინო ფაქტია, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესის შორის ურთიერთობას ასახავს.
"ღვინის ხარისხი ევროპის რომელიმე დამოუკიდებელ ლაბორატორიაში აუცილებლად უნდა გაირკვეს და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ასევე აუცილებლად უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომლებმაც ზედმეტი იკისრეს და მოინდომეს ქულების ჩაწერა, რითაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს პრეზიდენტის იმიჯს, რომელმაც ქარხანა საზეიმოდ გახსნა. პრეზენტაციაზე ყველამ განაცხადა, რომ ეს არის უნიკალური ქარხანა. ჩემთვის ქარხნის უნიკალურობა ის არის, რომ რუსეთთან ჩაკეტილი ბაზრის პირობებში იტალიელებმა გარისკეს, ჩამოვიდნენ ერთ-ერთი მაღალი რისკის ზონის ქვეყანაში და გახსნეს საწარმო. ამის შემდგომ კი ჩინოვნიკებს ყოფნით თავხედობა, რომ ასეთი საქციელი ჩაიდინონ. მივმართავ ყველა ბიზნესმენს, ცოტა ჭკუაზე მოიყვანონ ყველა ჩინოვნიკი, რომლებმაც ბოლომდე გააუფასურეს ქვეყნის პირველი პირის მხარდაჭერა ქართული ბიზნესის მიმართ."
ისაკაძის თქმით, სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებმა "ბადაგონში" შესვლისას და ღვინის დაღვრისას ყველანაირი იურიდიული ნორმა დაარღვიეს. ამავე დროს სავარაუდოდ, საქმე ან არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან უკავშირდება, ან ჩინოვნიკებს არ გააჩნიათ ელემენტარული კვალიფიკაცია, რადგან  ღვინის ქარხანა კერძო საკუთრებაა და პროცედურებია საჭირო. "ჩინოვნიკებს თავის შეწუხებაც აღარ უნდათ, სასამართლოში რომ მივიდნენ და შემოწმებაზე ნებართვა აიღონ."
ბიზნესმენთა ფედერაციაში აცხადებენ, რომ "ბადაგონის" მსგავსი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში არავითარი რუსული სანქციები არ დაგვანგრევდა.
"ერთმა ქარხანამ რომ 500 ადამიანი დაასაქმოს, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე "შირნჰოფერს" უზარმაზარი გეგმა ჰქონდა, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის ინვესტიციების ჩადებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ავსტრიელები პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. ეს ხალხი დღემდე ვერ გაერკვა, ხელისუფლების მხრიდან ვინ და რატომ დაუპირისპირდა. ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს ძალიან ჰგავს, როცა არ იცი სახელმწიფოს მხრიდან ვინ არის ბიზნესის წინააღმდეგ".
მევენახეობა-მეღვინეობის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ბარისაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა არ არის გასცეს სანქცია და გადაწყვიტოს, ღვინო გადასაღვრელია თუ არა.  მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ უნდა იპოვნოს ფინანსური დარღვევა და მერე სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ღვინის ბედის გადაწყვეტა.
"ფინანსთა სამინისტრომ ფინანსური დანაკლისი უნდა აღმოაჩინოს. ასეთი დანაკლისის აღმოჩენა კი რეალურად არცერთ ქარხანაში არ არის ძნელი, თუ კი შემოწმებაზე კომპეტენტური ადამიანი შევა", - ამბობს გიორგი ბარისაშვილი.
რაც შეეხება ნიმუშების აღების ღვინის დაღვრის შემთხვევის შორის 8-თვიან შუალედს, მას ბარისაშვილი ყოვლად გაუმართლებელად მიიჩნევს და მევენახეობა-მეღვინეობის მაკონტროლებელი სამტრესტის ზოგიერთი თანამშრომლის კომპეტენციაში ცოტა არ იყოს, ეჭვი შეაქვს.
"სინჯის აღებიდან შესაბამისი დასკვნის დადებას 2-3 დღე ეყოფა. სამტრესტიდან მსგავსი არაადექვატური განცხადებები იშვიათი არ არის. იყო პერიოდი, როცა ყურძნის ჯიშზე - ვაქირულაზე ატეხა ხმაური, რომ ეს არის ჰიბრიდი და არ შეიძლება ღვინის ქარხნებმა ჩაიბარონ, თუმცა ცოტა ხანში განაცხადა, რომ ქარხნებს უფლება ჰქონდათ ყურძენი ჩაებარებინათ. თუ ვაქირულა ასეთი უვარგისი ყურძენია, ხმაური მაშინ კი არ უნდა ატეხონ, როცა გლეხს რთველი კარს მოადგება, არამედ მანადე ეტაპობრივად უნდა იმუშაოს, რომ გლეხმა საკუთარ ვენახში ნელ-ნელა შეცვალოს ეს ჯიში".
ექსპერტის თქმით, საეჭვოა მევენახეობა-მეღვინეობის სისტემის მაკონტროლებელი  სამტრესტის თანამშრომელთა კომპეტენტურობა, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებების ასე ნაუცბათევად მიღება არ შეიძლება. თანაც, თუ ერთ ქარხანაში ასეთი სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელეს და ამის უფლება ჰქონდათ, მაშინ ყველა ქარხანაში ანალოგიურად უნდა მოიქცეულიყვნენ. დარღვევის პოვნა კი თითქმის ყველა ქარხანაში შეიძლება, თუ კვალიფიციური მაკონტროლებელი შევა.
"ამას წინათ ერთ-ერთი ცნობილი მარკის ცქრიალა ღვინო გავსინჯე, რომელსაც თაგვის გემონაკრავი დაავადება ჰქონდა. ამ დაავადების დროს ღვინოს უჩნდება თაგვის სუნი და გემო. ეს ცქრიალა ღვინოც აყროლებული იყო. ამ შემთხვევაში რაღა მნიშვნელობა აქვს, ის ღვინო შაქარზე იყო დამზადებული თუ არა. თანაც ამ ღვინის პარტიამ გაიარა სავაჭრო ქსელში და გაიყიდა. ეს იყო ღვინო, რომელმაც ყველა მაკონტროლებელი გაიარა და ბაზარზე მაინც მოხვდა", - ამბობს ბარისაშვილი და მწარმოებელი კომპანიის დასახელებისგან თავს იკავებს.
მისი თქმით, დაუშვებელია ღვინო თვეების წინ აღებული სინჯების მიხედვით განსაჯონ, რადგან ღვინო ცოცხალი ორგანიზმია და შეიძლება დიდი დროის განმავლობაში თვისებები შეიცვალოს. ღვინის თვისებების ცვლილება კი განსაკუთრებით მაშინ არის მოსალოდნელი, თუ ღვინო დალუქულია და მეღვინე ხელს არ ახლებს.
"ღვინოს ზოგჯერ გაწებვა სჭირდება, ზოგჯერ ფილტრაცია და ზოგჯერ თერმული დამუშავება. თუ რამე დაავადება ჩნდება, ღვინო მკურნალობას საჭიროებს. თუ 8 თვის განმავლობაში ღვინო ისეთ ცისტერნაშია დალუქული, რომელსაც მინანქარი აქვს დაზიანებული, მაშინ რკინასთან შეხების გამო ღვინოში რკინის შემცველობა 8 თვის განმავლობაში ძალიან მაღალ ზღვარზე აიწევს".
ბარისაშვილის თქმით, მაკონტროლებელ სამსახურს თუ მეღვინის "გაფუჭება" სურს, დაულუქავს ცისტერნას და თვეების შემდეგ ღვინო შეიძლება სულაც ძმარი აღმოჩნდეს.
რაც შეეხება ქარხანას, ბარისაშვილი ამბობს, რომ "ბადაგონში" ულტრათანამდეროვე ქარხნებისთვის დამახასიათებელი შესაბამისი მარკის უჟანგავი ლითონის ავზებიც არის და ისეთი ემალირებული ავზებიც, რომლებსაც მეღვინეები შედარებით ადრე იყენებდნენ ხოლმე. თუმცა, ისიც ცნობილია, კარგი ღვინის დაყენება ჩვენს წინაპრებს ქვევრებშიც რომ შეეძლოთ. ამიტომაც გიორგი ბარისაშვილის თქმით, კარგი ღვინის დაყენებისთვის მთავარი მეღვინის კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერებაა.
"მეღვინეს უცხოეთში რომ აღმოუჩინონ ისეთი ღვინო, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ჯერ ხომ ქარხანას სამუდამოდ გაუჩერებენ, თანაც ისეთ ჯარიმებს დააკისრებენ, ვალები შვილიშვილზეც რომ გადავა. მე გერმანიაში ვმუშაობდი ღვინის კერძო ქარხანაში, მის მეპატრონეს საკუთარი ვენახები ჰქონდა და აწარმოებდა ღვინოს. ერთ ღამეს, როდესაც ღვინის ქარხანაში ვიყავი, მოვიდა კონტროლი, შემოვიდა ქარხანაში.  მივიდა ცისტერნასთან, ჩამოასხა ღვინო და წაიღო. მას აქვს უფლება ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ ქარხანაში და აიღოს სინჯები. ღვინოში ყველაფერი ნორმაში იყო. სხვა შემთხვევაში 2-3 დღეში მოვიდოდნენ, შესაბამისად იმოქმედებდნენ და არა თვეების შემდეგ".
ღვინის ასე ერთი ხელის მოსმით დაღვრას გიორგი ბარისაშვილი გაუმართლებლად მიიჩნევს. მისი თქმით, ჯერ უნდა გამოიკვლიონ ღვინის შემადგენლობა და თუ დადასტურდა, რომ ღვინო ჯანმრთელობისთვის არის სახიფათო და ამავე დროს საშინელი შხამი არ არის, მაშინ მისი სპირტად გამოხდა შეიძლება, რომელიც არც ჯანმრთელობისთვის იქნება საშიში და დიდხანსაც შეინახება. ხოლო თუ ღვინო იმდენად უვარგისია, რომ მისი გამოხდაც არ შეიძლება, ამის მერე უკვე გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს ღვინის უტილიზაციაზე.

რატომ და ვისი ინტერესით მოხდა "ბადაგონის" შემოწმება

სინამდვილეში რა მოხდა და იყო თუ არა გადაღვრილი ღვინო ფალსიფიცირებული, დღემდე უცნობი რჩება. როგორც კომპანია "ბადაგონის" ადვოკატმა დავით ასათიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, კომპანია საქმის გამოძიების დასრულებას ელოდება. ჩვენთვის საკმაოდ პარადოქსული ამბავი იყო, როდესაც გავარკვიეთ, "ბადაგონის" საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს, რომელიც ერთ-ერთი მონაწილე იყოს ღვინის დაღვრის აქციაში. თუმცა თვითონ "ბადაგონში" მაინც იმედიანად არიან განწყობილი და გამოძიების დასრულებას ელოდებიან, ამისათვის კი ღვინის სინჯები ევროპის ცნობილ ლაბორატორიებშია გაგზავნილი.
"როდესაც ლაბორატორიიდან მივიღებთ დასკვნას, რომ ღვინო ხარისხიანი იყო, მერე უკვე შევიტანთ საქართველოს სასამართლოში სამტრესტის წინააღმდეგ სარჩელს. ჩვენ არ ვუჩივით სოფლის მეურნეობის მინისტრს, მიგვაჩნია რომ ცისკარიშვილი სამტრესტმა შეცდომაში შეიყვანა", - ამბობს დათო ასათიანი და გამოძიების დასრულებამდე უფრო დეტალურ გეგმებს არ ასახელებს.
დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთი წევრი, პარლამენტარი კახა კუკავა ღიად აცხადებდა, რომ "ბადაგონში" ფინანსური პოლიციის შესვლის მთავარი მიზეზი ის იყო, იტალიელმა ინვესტორებმა კახეთის ყოფილი "გუბერნატორი" პეტრე ცისკარიშვილი "წილში რომ არ ჩაისვესო". ამ განცხადების გამო არც კუკავა მიუციათ პასუხისგებაში და არც ცისკარიშვილი. თუმცა სკანდალურად განვითარებული მოვლენების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრი პრეზიდენტმა სააკაშვილმა მსუბუქად მაინც დატუქსა.
"ჩვენ ასეთი მეთოდებით ბრძოლას არ დავუშვებთ", - განაცხადა საქართველოს
პრეზიდენტმა. მისი თქმით, ფალსიფიკაცია დაუშვებელია, თუმცა წარმოუდგენელია ეს პიარ-კამპანიების, ტელეკამერების და სამხედრო შეტევის სახით მოხდეს.
პრეზიდენტის თქმით, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს, ისე, რომ კომპანიის სახესა და რეპუტაციას ჩრდილი არ მიადგეს.
„მე სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენიშვნა მივეცი. ეტყობა, გადაწყვიტეს, რომ ახალ მინისტრს ერთგულება დაუმტკიცონ. ის, რაც „ბადაგონთან" მიმართებაში გაკეთდა, არაკორექტული და არასწორად გაკეთებული იყო. იმედი მაქვს, პეტრე ცისკარიშვილი მსგავსი ქმედების განმეორებას აღარ დაუშვებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
დაპირისპირების ნამდვილი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ფაქტი კი ერთია, ექსპერტების თქმით, "ბადაგონის" შემთხვევა ქვეყნის იმიჯზე ცუდად იმოქმედებს. თანაც, როგორც ჩანს, საქმე მაინც "ჩაფარცხვისაკენ" მიდის, რადგან ამ საქმის შესახებ აღარც კომპანიის წარმომადგენლები აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს და სახელმწიფოც ჩუმად არის. თვეზე მეტი გავიდა "ბადაგონის" სკანდალიდან და დღემდე პასუხი არავისთვის მოუკითხიათ.

თემურ იობაშვილი