ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
დაპირისპირება ზესტაფონის "ფერო"–ში – #1(9), 2006
ს/ს ნიკო ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში"
აქციათა გარკვეულ ნაწილს ახალი მფლობელი ჰყავს. ცნობილი ბრიტანული კომპანიის "სტემკორის" წარმომადგენელთა საწარმოში გამოჩენას, წინ მუშა-მოსამსახურეთა დიდი ჯგუფის საპროტესტო აქციები უსწრებდა. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, "ფეროში" მაკონტროლებელი ორგანოების გამოჩენას მოჰყვა.

განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ საქართველოს მშრომელთა პროფესიული კავშირის "სოლიდარობის" წევრები. სწორედ მათი ექვსდღიანი "მშრალი" შიმშილობის შემდეგ იყო, რომ უცხოეთიდან ახალი კანონიერი მეპატრონე ჩამოვიდა. მსოფლიოს ლიდერმა ლითონებით ვაჭრობაში - ბრიტანულმა ფირმა "სტემკორმა" თავისი წარმომადგენელი საქართველოს უმსხვილეს ექსპორტიორ საწარმოს მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გამოუგზავნა.

საგაფიცვო კომიტეტმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, როცა "სტემკორის" "წარმომადგენლებმა ქარხანაში შესვლის სურვილი გამოთქვეს. მანამდე ფეროში" ავსტრიული ðდეკომეტალის" ქართველი წარმომადგენელი გიგა ბედინეიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა (სოდ) და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) თანამშრომელთა თანხლებით შევიდა.

სწორედ ამას აპროტესტებდნენ მოშიმშილეები, რომელთა მხარდამჭერებმა ქარხნის შესასვლელი ასეთი შინაარსის წარწერებით "მოხატეს" - "ბედინეიშვილი წავიდეს", "ფერო ჩვენია, არა შენი, გიგა", "ბედინეიშვილი წაეთრიოს აქედან".

გელა კოვზირიძე (საგაფიცვო კომიტეტის წევრი): "ბედინეიშვილი აცხადებს, რომ ის ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელია. ეს ფირმა 2005 წლის მაისამდეðფეროში" აქციათა გარკვეულ ნაწილს ფლობდა. ჩვენი ინფორმაციით, "დეკომეტალს" ქარხნიდან მზა პროდუქციის გატანის და გაყიდვის გარდა არაფერი გაუკეთებია.

ბედინეიშვილი თვეების განმავლობაში მუშაობდა გენერალური დირექტორის თანაშემწედ და თუ აქ დანაშაული ხდებოდა, ალბათ ის საქმის კურსში უნდა ყოფილიყო. ამიტომ გაგვიჩნდა ჩვენ პროტესტის გრძნობა მის მიმართ _ თუ ყველაფერი იცოდა, როგორ აკოტრებდნენ ქარხანას დირექტორი და მისი გუნდის წევრები, მაშინ რატომ არ ამოიღო ხმა?".

ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ უცხოეთში მყოფ ქარხნის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა ჩიქოვანს.

- ცნობილია, რომ თქვენსა და ბედინეიშვილს შორის ცუდი დამოკიდებულება არ ყოფილა. რა მოხდა ისეთი, რომ ასე შეგეცვალათ მასზე წარმოდგენა?

- უმუშევრად დარჩენილი ბედინეიშვილი ეკონომიკურ მრჩევლად ავიყვანეთ.ამბობდნენ, კარგი ფინანსისტიაო. მას უკვე 665 ათასი დოლარი გადავუხადეთ...

- რა გირჩიათ ასეთი?

- სულ რაღაც 6-8 თვეში პირადად მას მივეცით ამდენი თანხა. კონტრაქტი უფრო მეტზე ჰქონდა, მაგრამ როცა მივხვდით, რომ სხვა აზრებით იყო მოსული, უკვე გვიანი იყო. მაგან რატომღაც გადაწყვიტა, რომ არ ჰყოფნიდა მრჩევლის თანამდებობა.

სიმართლე გითხრათ, მე უკვე თბილისში ვაპირებდი ოჯახთან დაბრუნებას, სადაც, ალბათ სამეთვალყურეო საბჭოში ვიქნებოდი და მაგის დირექტორად დანიშვნას ვფიქრობდით. ცნობილი იგავი იცით, ალბათ, ქარიშხალას თვითმფრინავივით ძალიან მაღლა ფრენა რომ მოუნდა, რა დაემართა _ სწორედ ასე მოუვიდა ბედინეიშვილს. მან აქციონერობა და მთლიანად ქარხნის ხელში ჩაგდება მოინდომა. ამ მიზნით შემოვიდა, გაერკვა ყველაფერში, აიღო ძალიან დიდი ფული, მერე კი მოატყუა სახელმწიფო - რასაც ახლა შვრება. ზოგიერთი ჩინოვნიკი მას რატომღაც უჯერებს და მასთან ერთად საწარმოში
ფინანსურ პოლიციას და სოდ-ს უშვებს.

- იმის გარდა, რომ სოდ და ფინანსური პოლიცია ამოწმებს "ფეროს", ხელისუფლების ხელი სხვანაირად ხომ არ ურევია?

- ალბათ ნამდვილად ურევია, მაგრამ მე ვერავისზე ვერაფერს ვიტყვი. აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლება - ბედინეიშვილს შეუძლია ფინანსური პოლიციის დაქირავება და ქარხანაში მისი შეყვანა? ვინც მაგას ეხმარება და საბოლოოდ გაერკვევა, შეიძლება ბედინეიშვილი დაახვრეტინოს. ეგ ხომ იმას იძახის, ვითომ ჩვენ "დეკომეტალის" "ფეროში" ყოფნისას ვაკოტრებდით საწარმოს. სიმართლე კი ასეთია - "დეკომეტალის" დროს საწარმოს ჰქონდა უარყოფითი მაჩვენებელი, ხოლო როცა ჩვენ მარტო დავრჩით, ფინანსური წელი 30 მილიონი დოლარის მოგებით დავამთავრეთ.

- მაშინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ცნობებში 13-მილიონიანი ზარალი საიდან ფიგურირებს?

- ეს არის ბედინეიშვილის ილუზიები. იგი დღესაც ამბობს, რომ ჩვენ შეგნებულად ვაკოტრებთ ქარხანას. ეს როგორ, როცა წელი 30 მილიონიანი მოგებით დავამთავრე, პლუს ყველა საწყობი ნედლეულით სავსე მქონდა. დღესაც კი, იმ პირობებში, როცა მოწოდებები დროებით შეგვიწყვიტეს, სადღაც ერთი თვის მარაგი კიდევ გვაქვს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ახლა მადნის ახალი პარტია შევიძინეთ, რომელიც ბრაზილიიდან დაახლოებით ერთ თვეში უნდა ჩამოვიდეს. როგორ ფიქრობთ, მე თუ "ფეროს" გაკოტრება მინდა, ჯერ მოგებაზე გავიყვან ქარხანას და მერე ნედლეულს ვიყიდი? ავიღებ ფულს და წავალ, ხომ?

- თქვენი საზღვარგარეთ წასვლა რითაა განპირობებული?

- არ ვმალავ, რომ სამშობლოდან წამოვედი ქარხნის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო. როცა 2005 წლის 25 დეკემბერს მოდის ნიღბიანი ხალხი და ფინანსური პოლიცია ერთად, ასეთი რამ საქართველოში ტყუილად არ ხდება. ასევე იყო "ფეროში" თებერვლის საპროტესტო აქციების დროს, როცა ჩემი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ვასილ გველესიანი ჩაკეტეს ოთახში მთელი ორი დღე და ზეწოლით (დავიჭერთ შენს ოჯახს და საერთოდ პრობლემებს შეგიქმნითო) აიძულეს ხელი მოეწერა რაღაც დოკუმენტებზე. ის არ იყო უფლებამოსილი, "დეკომეტალთან" რაიმე ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. როცა მივხვდი, რომ გველესიანის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნით, მას პირადი პრობლემები შევუქმენი, სასწრაფოდ გავათავისუფლე სამსახურიდან.

- დღეს აქციათა საკონტროლო პაკეტი ვის აქვს "ფეროში"?

- აქციათა 96 პროცენტის მფლობელია მსოფლიოში მეტალების პირველი ტრეიდერი ინგლისური ფირმა "სტემკორი".

- მაშინ "დეკომეტალის" ინტერესი რატომ ჩანს?

- ამ ფირმას "ფეროში" დიდი ხანია პირდაპირი არხებით არაფერი აქვს. განვმარტავ, "ფეროს" მესაკუთრე იყო "სევრომექსი", სადაც წილი ჰქონდა "დეკომეტალს". ეს კვიპროსული ფირმა "სევრომექსი" გაიყიდა და იგი "სტემკორმა" იყიდა. ამ ფირმამ მთელი სამეთვალყურეო საბჭო უკვე შეცვალა და ალბათ დირექტორისთვისაც მოიცლის.

კონფლიქტის მეორე მხარეს - გიგა ბედინეიშვილს, ფეროშენადნობთა ქარხნის
სამმართველოში, "სტემკორის" წარმომადგენლების ზესტაფონში ჩამოსვლის წინა დღით ვესაუბრეთ.

- გავრცელდა ცნობა, რომ ამ მომენტში თქვენ გიკავიათ "ფეროს" მართვის სადავეები.

- ამის უფლებამოსილება არა მაქვს. მე შემიძლია მხოლოდ ინფორმაცია
მივიღო, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის წარმომადგენელმა.

- "სტემკორის" წარმომადგენლებმა უკვე გადაწყვიტეს საბჭოს ახალი შემადგენლობით დაკომპლექტება.

- როგორც ვიცი, ისინი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ _ მათაც არა აქვთ ამის უფლებამოსილება. საბჭოს შემადგენლობის შეცვლა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი იქნება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

- "სტემკორის" ექსპერტები თქვენთან ერთად არკვევენ რაღაცეებს, თუ დამოუკიდებლად იღებენ ინფორმაციას?

- მათი ექსპერტები დამოუკიდებლად მუშაობენ. ისინი "სტემკორმა" დაიქირავა. ჩვეულებრივი პროცედურაა, როცა რომელიმე აქტივი გაყიდვისათვის მზადდება. ამ შემთხვევაში ეს ეხება "ჭიათურმანგანუმსა" და "ვარციხეჰესს" - ისინი, როგორც წესი, შეისწავლიან ამ აქტივებს "სტემკორისათვის", ისევე როგორც ეს გაკეთებული აქვთ უკვე სხვა ექსპერტებს "დი სი ემ"-ისათვის (ავსტრიული "დეკომეტალის" აბრევიატურა DCM - ავტ.).

- "დეკომეტალი" "ფეროში" ისევ აქციათა 27 პროცენტის მფლობელი რჩება?

- "დი სი ემ"-ს წილის შემცირებაზე ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. პირიქით, ცდილობს, კიდევ უფრო გაზარდოს ðფეროში" მისი გავლენის ხვედრითი წილი. აქციების 97 პროცენტი ეკუთვნის "სევრომექსს", რომელშიც "დი სი ემ"-ს აქვს 27 პროცენტი.

- ეს ის "სევრომექსია", რომელიც უკვე გაიყიდა, ხომ?

- არ ვიცი, მე არ მაქვს ეს ინფორმაცია. "სევრომექსს" რომ გაეყიდა მისი ქონება, მაშინ "დი სი ემ"-ს უნდა დაეთმო მისი წილი. ეს კი ავსტრიულ კომპანიას არ გაუკეთებია და კიდევ ვიმეორებ, არც აპირებს.

- ამბობენ, რომ "სტემკორს" უკვე დანიშნული ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი.

- ეს ჭორებია. ჭორებს ვუსმინოთ თუ ნამდვილ ამბავს?!

- ცნობილია, რომ "ფეროში" ეკონომიკურ მრჩევლად მუშაობისას, საკმაოდ სოლიდური თანხა გადაგიხადეს. ახლა აცხადებთ, რომ თქვენი იქ ყოფნის პერიოდში ქარხანა ზარალზე მუშაობდა. რატომ მრჩევლად მუშაობისას არ აკეთებდით ასეთ განცხადებებს?

- თანხა ჩემს შრომაში ავიღე და არ მომიპარავს. თუ გასამრჯელოს ვიღებ,
წინასწარ ვუთანხმდები დამკვეთს და იგი კვალიფიკაციის ამსახველია. მაშინ იმიტომ არ ავტეხე განგაში, რომ ქარხნის მენეჯმენტში არ ვიყავი. ჩემი ძირითადი დანიშნულება იყო გარიგებაზე მუშაობა "ევრაზჰოლდინგთან". ასე რომ, დარღვევებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.

- მოშიმშილეებმა განაცხადეს, რომ მათთან მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლები და აქციის შეწყვეტა ითხოვეს. ეს თქვენი ინიციატივით მოხდა?

- ჩემი ინიციატივით ნაციონალური მოძრაობის წევრები არ დადიან, ისინი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დადიან.

- ახლა რას აკეთებთ "ფეროში"?

- ვიღებ ინფორმაციას პრაქტიკულ მდგომარეობაზე, ფინანსური პოლიციის მუშაობაზე. ვცდილობ დავეხმარო, რათა ქარხანა არ გაჩერდეს და ნედლეული შეუფერხებლად მიეწოდოს.

დღევანდელი მდგომარეობით, გიგა ბედინეიშვილი "ფეროში" არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციის ერთადერთი მიმღები აღარ არის. მარტიდან მისებრ სიტუაციას აკონტროლებს ფირმა "სტემკორის" წარმომადგენელი საქართველოში ალეკო ანთაძე. უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი საწარმოს საკონტროლო პაკეტის მფლობელმა კომპანიამ, ცოტა მოგვიანებით გენერალურ დირექტორად დანიშნა. რაც შეეხება ნიკა ჩიქოვანს, იგი ამჟამადაც უცხოეთში იმყოფება და ფეროშენადნობთა ქარხნის მართვის პროცესში, არცთუ მეორეხარისხოვან მონაწილეობას იღებს.

ფრიდონ კერვალიშვილი