ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
სუფსის საზღვაო ნავსადგური ქაღალდზე შექმნილ ნავსადგურად რჩება
#1(9), 2006
რა შანსი აქვს ხელისუფლებას დამატებითი მილიონების მისაღებად
რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თავის რჩენაზე და გადარჩენაზე ზრუნვაც დამოუკიდებლად უხდება. ცნობილია, რომ სახელმწიფოს განვითარება ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტზეა დამოკიდებული. რაც ბევრი ფულია ბიუჯეტში, ხელისუფლებას მით მეტი კარგი საქმის გაკეთების შანსი აქვს.

საიდან, როგორ მიიღოს სახელმწიფომ შემოსავალი _ ეს რიტორიკული კითხვაა და მასზე რაც მეტი გონივრული პასუხი იქნება გაცემული, სახელმწიფო ბიუჯეტი მით უფრო მეტად იხეირებს. ბოლო პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატებზე ატეხილი აჟიოტაჟიც ბიუჯეტის შევსებას უკავშირდება. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სარეკლამო რგოლებიდან ვგებულობთ, რომ თუ არ იქნება სალარო აპარატები, ვერ აღირიცხება სავაჭრო ქსელში მოხვედრილი საქონელი. თუ პროდუქციის აღრიცხვა არ მოხდება, მაშინ არც მოგების და საშემოსავლო გადასახადები შევა ბიუჯეტში. თუ გადასახადები ბიუჯეტში არ შევა, მაშინ არ იქნება ძლიერი ჯარი, პოლიცია, განათლება და მოკლედ, არ იქნება კაი ცხოვრება.

დღევანდელი ხელისუფლებისთვის კაი ცხოვრების ერთ-ერთი რეცეპტი თუ საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმა და საქონლის მიმოქცევის სრული აღრიცხვა, შევარდნაძის ხელისუფლების დროს კაი ცხოვრების იმედი ნავთობსადენი იყო. "საქართველოზე დიდი ნავთობი გაივლის და წამოვა მილიონები ჩვენს ბიუჯეტში" _ იმედით შეჰყურებდა ხალხი, რომლებსაც პრეზიდენტ შევარდნაძის უსიტყვოდ სჯეროდა. "ნავთობსადენი მაინც გაივლის საქართველოზე" _ თითს უქნევდა რუსეთს და ბორის ელცინს პრეზიდენტი შევარდნაძე. დიდი დავიდარაბის შემდეგ ჯერ ბაქო-სუფსის, ხოლო შემდეგ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები საქართველოზე მაინც გავიდა. თუმცა, რამდენად სრულად იხეირა აქედან საქართველოს ბიუჯეტმა და შესაბამისად მთლიანად ქვეყანამ, ცალკე საკითხია.

სუფსის ნავსადგურის დაფუძნების წინაისტორია

კასპიური ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა საერთაშორისო ნავთობკომპანიებთან ერთად 1996 წელს ხელშეკრულებათა მთელ პაკეტს მოაწერეს ხელი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო სუფსის ნავთობტერმინალისა და ბაქო-სუფსის მილსადენის მშენებლობა.

ექსპერტთა განცხადებით, კასპიის ნავთობის მარაგი იმდენად დიდია, რომ საქართველოზე 2010 წლისთვის შესაძლოა დაახლოებით 45-50 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდეს, ხოლო 2020 წლისთვის კი 70-80 მილიონმა ტონა ნავთობმა გაიაროს. ბაქოდან ტრანსპორტირებული ნავთობის ტერმინალი სუფსაშია, სუფსაშივე არის ტანკერების დატვირთვის ადგილი. ტანკერები ზღვის ნაპირიდან მოშორებით, ზღვაში გამავალი მილიდან იტვირთება.

ყველაფერი სწორედ გემების დატვირთვიდან იწყება. ერთი მხარე (საქართველოს) ამტკიცებს, სადაც ტანკერები დანან და ნავთობით იტვირთებიან, ეგ ნავსადგურია და ნავსადგურში დგომისთვის ფული უნდა გადაიხადონო, მეორე მხარე კი გაოცებული აცხადებს, სად ხედავთ აქ ნავსადგურს, გემები შუა ზღვაში დგანან და რა ნავსადგური, რის ნავსადგურიო.
საქმე ის არის, 1999 წლის #344 ბრძანებულებით პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოფიციალურად გამოაცხადა სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნა. ამიტომაც სუფსის ტერიტორიულ წყლებში შესულ ყოველ ტანკერს გარკვეული გადასახადი უნდა გადაეხადა, ისევე როგორც, როგორც მათ ბათუმის და ფოთის ნავსადგურებში დაბეგრავდნენ, თუ ამ ნავსადგურებში შევიდოდნენ.

სუფსის ტერმინალიდან ნავთობის მზიდავი კომპანია ბი-პი-ს (BP) წარმომადგენლები მათი ტანკერების დაბეგვრაზე კატეგორიული წინააღმდეგები აღმოჩნდნენ. ამიტომ დაიწყო კომპანია ბი-პი-ს და სუფსის საზღვაო ნავსადგურის ჭიდაობა. პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებით დაფუძნებული ნავსადგურის მაშინდელმა დირექტორმა გიორგი (გოგიტა) ქერქაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მაშინ სახელმწიფომ პრინციპული პოზიცია ვერ დაიკავა, ამიტომ ბი-პი-მ ფული არც მაშინ გადაიხადა და არც ახლა აპირებს.

გოგიტა ქერქაძე: "ისტორიულად ნავსადგურები მსოფლიოში სავაჭრო გზებზე გაჩნდა, სადაც რეალურად იყო ტვირთნაკადი. თავის დროს ბათუმის ნავსადგურის დაარსების საფუძველი ნავთობი გახდა. ფოთის ნავსადგურის შექმნა კი მარგანეცმა განაპირობა. ანუ როცა არის ტვირთის ნაკადი, მაშინ იწყება ნავსადგურის მშენებლობა. ასეთივე ტვირთნაკადია სუფსაში "ბაქო-სუფსის" ნავთობსადენის გამო. ეს არის 30 წლის განმავლობაში გარანტირებული ტვირთი. სახელმწიფოს შეეძლო ასევე საზღვაო საქმის განვოთარებისთვისაც მიეხედა და აქედან დამატებით მილიონები მიეღო".

ქერქაძის თქმით, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, რუსეთის ფედერაციაშიც არის მსგავსი მაგალითი, თუ როგორ მოახერხა სახელმწიფომ ნავსადგურის განვითარება და შემოსავლის მიღება. საუბარია "შევრონის" მილსადენზე, რომელიც ყაზახეთის "თენგიზის საბადოებიდან" მიდის. ნავთობტერმინალი ააშენეს ნოვოროსიისკიდან დაახლოებით 30-40 კილომეტრში, ნოვოროსიისკში კი ნავსადგური განავითარეს. ქერქაძის თქმით, რუსეთში ამ გადასახადს გემების მეპატრონეები ნავსადგურის ამუშავების პირველივე დღიდან იხდიან. "სამაგიეროდ, საქართველოში შევარდნაძის მთავრობა უცხოურ ტანკერებს მონებივით შეჰყურებდა, "ბიძია სემი" არ გავანაწყენოთო და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ".

ფაქტია, რომ გემები დღემდე სატონაჟო გადასახადს არ იხდიან. არ არის საბუქსირო კომპანიაში პარტნიორულ თანამშრომლობაზე ლაპარაკი. ასევე ქართული მხარისთვის არავის მიუცია ფრახტები.

"რუსეთში "სოვ კომ ფლოტს" ფრახტები რომ მისცეს, მან მაშინვე "ჰიუნდაის" ორმილიონ ბარელიანი ტანკერი შეუკვეთა. საქართველოს რომ ერთ ტანკერზე მოეხერხებინა შეკვეთის მიცემა, ეს იქნებოდა 50-55 მილიონ დოლარის ეკონომია" - ამბობს ქერქაძე.

სუფსის ტერმინალიდან ნავთობის გადამზიდავ ტანკერებს თავის დროზე სერიოზული პრობლემებიც შეუქმნეს და ბი-პი-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ვითარება საკმაოდაც დაიძაბა. ტანკერები დაპატიმრებულიც კი იყო და დროის დაკარგვის გამო, სერიოზული ზარალიც ნახა, მაგრამ გადასახადის გადახდას თავი დააღწია. როგორც გოგიტა ქერქაძე ამბობს, მაშინ ყველაფერი გადაწყვიტა შევარდნაძის რეზოლუციამ ადეიშვილის და ჭანტურიას წერილზე:

"ჩვენც არ გვესმის, რა გვსურს. ეს საკითხი დროზე გადაწყვიტეთ" - მიაწერა მაშინდელმა პრეზიდენტმა და ტანკერებისთვის ხმა აღარავის გაუცია.
ამის შემდეგ ბი-პი-ს ტანკერები კასპიურ ნავთობს სტაბილურად ეზიდებიან და კომპანია მნიშვნელოვან მოგებას ნახულობს, გემებისთვის სატონაჟო გადასახადიდან კი ქვეყანამ შემოსავალი ვერ მიიღო.

თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად საფუძვლიანია ბი-პი-ს ტანკერების სუფსის ტერიტორიულ წყლებში დგომისთვის გადასახადის მოთხოვნა. თითო ტანკერს დაახლოებით 40-50 ათას დოლარს სთხოვდნენ, რაც წელიწადის განმავლობაში დაახლოებით 2-3 მილიონზე ავიდოდა.

ბოლოსდაბოლოს, არის თუ არა სუფსის ნავსადგურიდან დან ფულის მიღების ლეგიტიმური გზა?

საინტერესოა, რა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ნავთობის მსოფლიო გიგანტი ბი-პი საქართველოს ბიუჯეტს ფულს "უტეხავს" და ჩვენი ზღვიდან ისე ეზიდება შავ ოქროს, საქართველოს ბიუჯეტი სულაც არ ედარდება.
საზღვაო სამართალი საკმაოდ სპეციფიური თემაა. კონკრეტულად "სუფსის საზღვაო ნავსადგურთან" მიმართებაში ადრე საკმაო ხმაური ატყდა და ეს თემა დღეს ბი-პისაც აღიზიანებს და მაშინ დავის განხილვაში ჩართულ ხალხსაც არ სურს საკითხის ახლიდან გამწვავება.

"სუფსის საზღვაო ნავსადგური" იყო სახელმწიფოს ასი პროცენტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო. დღეს ბრძანება გაუქმებული არ არის. ამიტომ საწარმოს მთავარი პარტნიორი საწარმოთა მართვის სააგენტოა. თავის დროს "სუფსის ნავსადგურს" სამეთვალყურეო საბჭოც ჰყავდა და ორი დირექტორიც. საწარმო ტრანსპორტის სამინისტრომ დააფუძნა. ნავთობსადენის ამუშავება გარანტირებულ ტვირთს ნიშნავდა და ლოგიკურია, სახელმწიფოს აქედან ხეირის ნახვა მოუნდა. თუმცა სტატიაზე მუშაობისას საზღვაო სამართლის იურისტებთან და ძველ დოკუმენტაციასთან მოგვიხდა შეხება, საიდანაც სხვა ნიუანსებიც გაირკვა.

საზღვაო სამართლის ექსპერტის გარდა, დოკუმენტაციითაც გავარკვიეთ, რომ სანამ სუფსის ნავსადგურს დაარეგისტრირებდნენ, მანანდე შევარდნაძემ ისეთ ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოს კანონში ისეთი ცვლილებები შეიტანა, ბი-პი-ს სუფსაში გემების დატვირთვისთვის ძალიან ძნელია კანონიერად ვინმემ ფული მოსთხოვოს.

საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობამ, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ და ნავთობკომპანიებმა გააფორმეს ხელშეკრულება პროექტის შესახებ. ნავთობკომპანიებს შორის იყვნენ ამოკო, ბი-პი, ლუკოილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია და სხვა დიდი კომპანიები. საქართველოს კანონში კი ჩაწერეს:

"მიღებულ იქნეს 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულება ("მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება"), რომელიც დადებულია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციისა და ნავთობკომპანიებს შორის და მიეცეს კანონის ტოლფასი ძალა."

ამავე საქართველოს კანონში შავით თეთრზე წერია:

"ვერცერთი კანონი, დადგენილება, აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანება ან ბრძანებულება, სხვა საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიღებულია ან დაიდო ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, ვერ შეცვლის ან ვერ გააუქმებს ამ კანონს ან პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების ნებისმიერ სხვა დებულებას; თუ შესაბამისი ბრძანება თუ საკანონმდებლო აქტი ან საერთაშორისო ხელშეკრულება არ შეიცავს ამის შესახებ ზუსტად განსაზღვრულ მითითებას."

ეს ცვლილება ედუარდ შევარდნაძემ 1996 წლის 2 აპრილს გამოაქვეყნა და მიუთითა "კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე". 3 წლის მერე კი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდანტმა სუფსის ნავსადგურის დაფუძნების ბრძანებაც მიიღო, რაც იურისტების თქმით, სწორედ ის ბრძანებულებაა, რომელიც ვერ შეცვლის 1996 წლის 2 აპრილის კანონს.

წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი კი იგივე ის ბერკეტია, რაც მაშინდელმა მთავრობამ ნავთობსადენის პროექტში მონაწილე კომპანიებს მისცა.
იურისტები ასევე იმასაც აფიქსირებენ, რომ ეს იყო მხოლოდ ქაღალდზე დაფიქსირებული ნავსადგური და რეალურად იქ არავითარი საპორტე მომსახურება არც ყოფილაო.

ცალკე საკითხია, რამდენად უღირდა მაშინდელ საქართველოს რუსეთის ხელისუფლებისთვის ნერვების მოშლა და მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გატარება. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, მილსადენის საშუალებით საქართველო წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ დოლარს იღებს. ამავე დროს კი ეკოლოგიურ ორგანიზაციებს თუ დავუჯერებთ, გაცილებით დიდი რისკია ამხელა ნავთობის გატარება, ვიდრე მიღებული თანხა.

როგორც ირკვევა, სანამ ნავთობკომპანიები მილსადენის, ან ნავთობტერმინალის მშენებლობას დაიწყებდნენ, მანამდე ძველ ხელისუფლებას წინასწარ წაუყენეს თავისი პირობები. მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდებოდა პროექტი, თუ მათ სასათბურე პირობები ექნებოდათ. მათ ეს პირობები მიიღეს. ხელშეკრულება 30-წლიანია. მაშ რა რჩება დღევანდელ ხელისუფლებას, ელოდოს 30 წლის გასვლას თუ არის რამე რეალური ბერკეტი, ნავთობგიგანტისგან საქართველოს ბიუჯეტმა გადასახადი რომ მიიღოს?

ჩვენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მივმართეთ. როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ირაკლი თაქთაქიშვილმა გვითხრა, სახელმწიფო აპირებს ბი-პი-სთან მოლაპარაკებების წამოწყებას და თუ მოახერხებენ, შესაძლოა ხელშეკრულების გადახედვაც მოხერხდეს. თუმცა რამდენად არის ხელშეკრულების შეცვლის ხასიათზე თავად ბი-პი?

როგორც ბი-პი-ში გვითხრეს, ეგ ძველი საკითხია და ამჟამად აღარავინ აპირებს ნავთობკომპანიის ტანკერებისთვის სუფსაში დგომის სანაცვლოდ გადასახადის დაწესებას. "ჩვენი გაგებით, ხელშეკრულებით ფულის გადახდა არ გვევალება და ძველი დავებიც იმ ეტაპზე გაჩერდა, რომ მოთხოვნილი გადასახადი არ ექვემდებარება გადახდას", - გვითხრეს ბი-პი-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

დღეს ბი-პი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ნავთობის გადაზიდვას. თუმცა მთლად მუქთად რომ არ აწარმოებს ბიზნესს, ესეც ცხადია. ამ კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით 10 მილიონით ბორჯომის პარკის განახლება დააფინანსა. ასევე ქუთაისის ულტრათანამედროვე ჰოსპიტალის მშენებლობაში 3 მილიონი ბი-პისგან არის გადარიცხული. რამდენად აძლევს ხელს დღევანდელ ხელისუფლებას ნავთობის გიგანტთან ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება, ან პირიქით, ურთიერთობის დაძაბვა, წესით მალე უნდა გაირკვეს.

როგორც საზღვაო სამართლის იურისტთან გავარკვიეთ, არსებული ხელშეკრულებით ბი-პი-სთან საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის მოგება თითქმის წარმოუდგენელია. ვნახოთ, რას მოახერხებს საქართველოს მთავრობა _ ხელშეკრულების გადახედვას, ურთიერთობის დაძაბვას და არბიტრაჟში ჩივილს თუ წინა მთავრობის დატოვილი "საჩუქარი" ხელშეკრულების ვადის ბოლომდე მხოლოდ ბი-პი-სთვის იქნება მომგებიანი.

თემურ იობაშვილი