ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
პრივატიზაციის შემდეგ დარჩენილი შეკითხვები
#1(5), 2005
საქართველოს მთავრობას, "ევრაზია ჰოლდინგსა" და ს/ს "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას" შორის გაფორმდა მემორანდუმი. რუსულმა კომპანიამ "ჭიათურმანგანუმისა" და ვარციხეჰესების კასკადის ქონება 132 მილიონ დოლარად შეიძინა. მემორანდუმის მეორე პირობის თანახმად, სამივე ქართული საწარმო ("ფერო", "ჭიათურმანგანუმი", ვარციხეჰესი) გაერთიანდება და შეიქმნება ერთი იურიდიული პირი.

ახალი საწარმო (ჯერჯერობით სახელწოდების გარეშე) ქონებას იძენს ვალების, ყოველგვარი ტვირთის და ყადაღის გარეშე. ამ ფორმით "ჭიათურმანგანუმისა" და ვარციხეჰესების კასკადის გაყიდვა, რიგი სპეციალისტების აზრით, ერთადერთი გამოსავალი იყო.

ნიკა ჩიქოვანი (ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გენერალური
დირექტორი): "სხვაგვარად "ჭიათურმანგანუმი" სამუდამოდ განწირული იყო, მისი აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა. რომ არა ეს გაერთიანება, შესაძლოა, ეს ორი ობიექტი 132 მილიონ დოლარად არც გაყიდულიყო".

ტენდერში "ევრაზია ჰოლდინგს" მეტოქეობას უკრაინული მხარე (პინჩუკი _ უკრაინის ექსპრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას სიძე) უწევდა, რომელსაც "ყაჩაღური" პირობებით უნდოდა "ჭიათურმანგანუმისა" და ვარციხეჰესის შეძენა. კერძოდ, ფეროშენადნობთა ქარხნის ავსტრიელ ინვესტორს უარი უნდა ეთქვა კუთვნილ აქციებზე. საქართველოს მთავრობა ბინძურ გარიგებაზე არ წავიდა და წინა ხელისუფლების დროს შემოსული ინვესტორის ინტერესები დაიცვა, რაც ბუნებრივია _ წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო უცხოური კაპიტალის მოზიდვას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა, რადგან ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აქ აღარავინ ისურვებდა თავისი კაპიტალის დაბანდებას.

ტენდერში მონაწილეობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაც, მაგრამ თუ სახელმწიფო პირდაპირი მიყიდვის წესით, ამ ობიექტებს მას მიაკუთვნებდა, ეს იქნებოდა კანონის უხეში დარღვევა. მეორე მხრივ, ბიუჯეტში იმ ოდენობის თანხა აღარ შევიდოდა, რაც ზემოთ დასახელდა. მიუხედავად ამისა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი ავსტრიული კომპანია "დეკომეტალი" მაინც მოგებული დარჩა, რადგან "ევრაზია ჰოლდინგმა" განაცხადშივე გამოთქვა "ფეროსთან" თანამშრომლობის სურვილი. პინჩუკისაგან
განსხვავებით, მას უცხოელი ინვესტორისაგან აქციების გაყიდვა არ უთხოვია.

"ევრაზია ჰოლდინგი" მდიდარი კომპანიაა. თვეში მილიონ ტონა ფოლადს უშვებს. ის აპირებს მსოფლიო ბაზარზე გასვლას, რაც ფეროშენადნობთა ქარხნისთვის საუკეთესო შანსია. ეს იქნება პირველი უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში.

"ჭიათურმანგანუმისა" და ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ საწარმოდ ჩამოყალიბების იდეა გასული საუკუნის 50-60-იანი წლებიდან არსებობს. იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე, პროფესიით ელექტროქიმიკოსი ზურაბ ქაჯაია იხსენებს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს რაფიელ აგლაძეს, რომელიც ოცნებობდა ამ დროს მოსწრებოდა. ფაქტია ისიც, რომ ზესტაფონში თავის დროზე ქარხნის აშენება საქართველოში მანგანუმის მადნის არსებობამ განაპირობა.

ფეროშენადნობთა ქარხნის დღევანდელი ხელმძღვანელობა არ იზიარებს რამდენიმე წლის წინ გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ "ფეროსთვის" ხარისხის თვალსაზრისით წამგებიანია "ჭიათურმანგანუმთან" პარტნიორობა. "თუ ეს ასეა, გამოდის, რომ ძალიან პატრიოტები ვყოფილვართ. თუმცა ეს სიმართლეს არ შეეფერება. ერთი წელია ავსტრალიიდან არაფერი შემოგვიტანია და "ჭიათურმანგანუმის" კონცენტრატზე ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი პროდუქციის ხარისხი ორ თვეში ერთხელ მაინც აღიარებულია საერთაშორისო პრიზებით", - ამბობს ნიკა ჩიქოვანი.

2004 წელს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ 84 მილიონი ლარის პროდუქცია აწარმოა. ის საწარმოო პროდუქციის გამოშვების მიხედვით საქართველოში მესამე ადგილზეა (რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და ბოლნისის მადნეულის კომბინატის შემდეგ). "ფერო" უშვებს სამჯერ მეტი ღირებულების პროდუქციას, ვიდრე ერთად აღებული ქუთაისის საწარმოები. 

ქალაქ ზესტაფონის ადგილობრივ ბიუჯეტს საწარმოსაგან შარშან 6 მილიონ ლარზე მეტი გადაერიცხა. რაც შეეხება ჭიათურმანგანუმს, მან გასულ წელს 20 მილიონი ლარის ღირებულების მანგანუმის კონცენტრატი გამოუშვა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მისი ერთადერთი მომხმარებელია.
ახალი მძლავრი საწარმოს ჩამოყალიბებით, სადაც თანაბარი პირობებით შევა
ფეროშენადნობთა ქარხანა და "ევრაზია ჰოლდინგი", აღსდგება ამ ორი საწარმოს ერთიანობის ტრადიცია. სწორი მენეჯმენტის პირობებში შემცირდება საბოლოო პროდუქციის თვითღირებულება. გარდა იმისა, რომ ჭიათურიდან კონცენტრატის შემოტანა იაფი დაჯდება, ვარციხეჰესიდან ალბათ ელექტროენერგიას ქარხანა შეღავათიან ფასში შეიძენს. დასაქმდება იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭიროა, მაგრამ უკეთესი და გარანტირებული პირობებით.

"რაც მთავარია, არ იქნება ომი, რომელიც ტრადიციულად არის მომპოვებელსა
და მწარმოებელს შორის, როცა იგი სხვადასხვა ხელშია. იქმნება ძლიერი საწარმო, რომელიც თავს საკუთარი ნედლეულით უზრუნველყოფს. გადასახადებიც ერთ ადგილას იქნება კონსოლიდირებული. ყველაფერი უფრო კარგად მართვადი გახდება", - იმედოვნებენ საწარმოს მომავალი ხელმძღვანელები.

პრივატიზაციის პროცესის მიმართ მოსახლეობის ინტერესი დიდია. მეტწილად იმ ადამიანებისა, ვინც "ჭიათურმანგანუმსა" და ვარციხეჰესების კასკადზე მუშაობს. ობიექტების გაყიდვის თაობაზე, მათ ინფორმაცია მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით შეიტყვეს. ამ საწარმოთა მუშა-მოსამსახურეები არც მემორანდუმის და მით უმეტეს, არც იმ ხელშეკრულების შინაარსზე არიან კურსში, რომელიც დღე-დღეზე უნდა გაფორმდეს.

გაჩნდა ერთგვარი უნდობლობა პრაქტიკულად გაყიდული ობიექტების პერსონალსა და საქართველოს მთავრობას შორის. ჭიათურაში დაწყებულ პერმანენტულ აქციებს, ვარციხეჰესების თანამშრომელთა პროტესტიც დაერთო. 25 იანვრიდან მარტის შუა რიცხვებამდე ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სახელზე კოლექტივის მიერ გაგზავნილი წერილები უპასუხოდ დარჩა. მუშა-მოსამსახურეები ხელშეკრულებაში მათი ინტერესების გათვალისწინებას და საჯარო ინფორმაციის გაცემას ითხოვდნენ. სახელფასო დავალიანების გასტუმრება თუ დაზარალებულთათვის თანხის ანაზღაურებას, სავარაუდოდ, სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. თუმცა ეს პროცესი ალბათ დროში გაგრძელდება.

იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე ზურაბ ქაჯაია ამბობს, რომ ჯერ კიდევ პრივატიზაციამდე, როცა ეკონომიკის სამინისტროში ჭიათურის მოსახლეობის დავალიანების საკითხი იხილებოდა, ნათელი გახდა, რომ ეს ვალი ხელოვნურად იყო გაზრდილი. რამდენიმე დაზიანებული ბინა 46000, 11000, 120000 ლარად იყო შეფასებული, აფეთქების დროს ჭიათურელი მოქალაქის ეზოში ხის დაცემა 80000 ლარად და ა.შ. ბუნებრივია, ნუსხაში მიყენებული ზარალის გადმოსაცემად რეალური თანხებიცაა
მითითებული, მაგრამ ვიდრე სახელმწიფო ამ ვალების გასტუმრების პირობას მოსახლეობას მისცემს, მანამდე მისი გადამოწმება მოხდება. ზურაბ ქაჯაიას თქმით, ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია იურისტების, ფინანსისტებისა და სხვა დარგის სპეციალისტების მონაწილეობით.

ვარციხეჰესების კასკადის მუშა-მოსამსახურე პერსონალს, სახელფასო დავალიანების გარდა ხელისუფლებასთან სხვა პრეტენზიაც გააჩნია. ისინი ვარციხეჰესების კასკადის თანამშრომლებზე საწარმოს აქციების 10 პროცენტის უფასოდ გადაცემას ითხოვენ (ცნობისათვის, პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებული იქნა "ვარციხეჰესის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის 76 პროცენტი). ეს პრივატიზაციის შესახებ კანონითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება ვარციხეჰესის ოთხივე კასკადის თანამშრომლებისადმი სახელმწიფოს მხრიდან დაგროვილ სახელფასო დავალიანებას, იგი 2005 წლის მარტისათვის 800 ათას ლარს შეადგენს.

ლევან კაპანაძე (ვარციხეჰესის ლაბორატორიის ინჟინერი): "ჩვენი სახელფასო დავალიანების დაფარვა შეეძლო და ახლაც შეუძლია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს, რომელსაც ჩვენ დენს ვაწვდით. იგი ადგილობრივი მწარმოებლისაგან მიღებული ენერგიის საფასურს მთლიანად არ ფარავს, ხოლო უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის ღირებულებას სწრაფად იხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფული აქვს, მაგრამ ადგილობრივ კლიენტებს იჯაბნებს".

ვარციხეჰესების კასკადის სპეციალისტები ხელისუფლებას იმ ამაგის საზღაურსაც სთხოვს, რაც სამოქალაქო ომის პერიოდში აქ დასაქმებულმა ადამიანებმა გასწიეს. სხვადასხვა დროს თავდასხმების, ცემისა თუ შეურაცხყოფის ფაქტები აქ მრავლად ახსოვთ. ზოგიერთ სპეციალისტს პრინციპულობა ჯანმრთელობის ფასადაც დაუჯდა.

მოსალოდნელ საკადრო შემცირებებს და კოლექტივისათვის აქციათა 10 პროცენტის გადაუცემლობას პერსონალი შიშით უყურებს. კასკადის იურისტს და მის ხელმძღვანელობას არცერთ კითხვაზე პასუხი არა აქვს. მათთვის პრივატიზაციის პროცესი ბურუსითაა მოცული. თუ საპროტესტო აქციები ჰესებზე მუშაობის შეწყვეტით გამოიხატა, ეს საათში 140 მეგავატის დაკარგვას ნიშნავს. "პრეზიდენტს ჩვენს წერილებს არ აკითხებენ" - ასეთია დასკვნა, რომელიც ჯერჯერობით ვარციხეჰესების თანამშრომლებმა საწარმოს
პრივატიზებასთან დაკავშირებით დაასკვნეს.

ს/ს "ჭიათურმანგანუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იანდი შეყილაძე მიესალმება ერთიანი საწარმოს შექმნას. მიმდინარე წლის 13 იანვრიდან ჭიათურელთა იმედი გაკოტრების რეჟიმით მუშაობს და ბუნებრივია, ინვესტიციის გარეშე არათუ დავალიანების დაფარვის, არამედ საწარმოს ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა ეჭვქვეშ.

"ჭიათურმანგანუმს" აქვს წლების მანძილზე დაგროვილი ვალები. ამ დროისათვის კრედიტორული დავალიანება დაახლოებით 75 მილიონ ლარს შეადგენს. მათ შორის - ა) 46 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტის ვალია; ბ) 1995 წელს ფინანსთა სამინისტროდან აღებული სესხმა (50 ათასი ლარი) დარიცხული საურავებით უკვე 15 მილიონს მიაღწია; გ) სასამართლო გადაწყვეტილებებებით დაზარალებულთათვის ასანაზღაურებელი თანხა 6,2 
მილიონს შეადგენს; დ) საწარმოს მუშა-მოსამსახურეთა სახელფასო დავალიანება 2,8 მილიონი ლარია.

ცნობისათვის, სახელწიფო ს/ს "ჭიათურმანგანუმის" აქციათა 85%-ის მფლობელია, 3% აქ მომუშავე პერსონალს ეკუთვნის, 11% კი რამდენიმე კერძო ფირმის კუთვნილებაა. საზოგადოდ, დავალიანების გასტუმრებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მან, ვინც ეს ქონება გაასხვისა. მაგრამ როგორც წესი, გაკოტრების რეჟიმში მომუშავე საწარმოს გაკოტრების მმართველი ყიდის.
აქციათა მფლობელებისა და დაზარალებულების საპროტესტო გამოსვლებს ალბათ გაანელებს ის ცვლილება, რომელიც უნდა განხორციელდეს "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" კანონში. ცვლილებას საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრო ჩამოაყალიბებს. აქამდე კანონით, დავალიანების დაფარვა გაკოტრების პროცესის დასრულების შემდეგ ხდებოდა. ამასთან უპირატესობა ენიჭებოდა სახელმწიფოს მიმართ ვალების გასტუმრებას.

ახალი კანონით, დავალიანების დაფარვის პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს გაკოტრების რეჟიმში მუშაობის პარალელურად. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსი ალექსიშვილის ინფორმაციით, ეს ცვლილებები ეხება იმ საწარმოებს, რომლებიც გაკოტრების პროცესში არიან და რომელთაც უკვე ჰყავთ ინვესტორი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა კმაყოფილია "ჭიათურმანგანუმისა" და "ვარციხეჰესის" პრივატიზებიდან მიღებული თანხებით, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს ორი დიდი ობიექტი უფრო მეტ ფასად უნდა გაყიდულიყო. გარდა ამისა, რუსული კომპანიისათვის საქართველოს მიწაზე არსებული ამ მნიშვნელოვანი ქონების მიყიდვამ დაბადა ერთგვარი შიში _ ხომ არ გახდება "უცხო ქვეყნის კაცის" ხელში ესა თუ ის ობიექტი პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტად გამოსაყენებელი იარაღი.

ეკონომიკური ექსპერტი ამირან ძოწენიძე არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში ყველაფერი გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი მთავრობამ ღიად გამოხატა, სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა.
ამირან ძოწენიძე: "რამდენიმე ობიექტის გაყიდვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს
იმას, რომ ყველაფერი გაიყიდა. ერთია, რას ამბობენ და მეორე, რეალობა როგორია.

შეიძლება ორი წელიწადი უნდებოდეს ქვეყანა რამდენიმე ობიექტის გაყიდვას?
ნავსადგური და "ჭიათურმანგანუმი" _ ეს არის პრივატიზება? 15 წელია ვყიდით ქონებას და ვერ გავყიდეთ _ სად არის ტემპი და კარგად დანახული სტრატეგია? გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქონების (სხვათა შორის, ეს იყო საუკეთესო სოციალისტური რესპუბლიკა თავისი განვითარებითა და ინფრასტრუქტურით, სიმდიდრით) პრივატიზება ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ (კერძო ფირმაა) წელიწადნახევარში მოახერხა. აღმოსავლეთ გერმანული ინდუსტრიის კერძო საკუთრებაში გადაცემა ასეთ მოკლე პერიოდში მოხერხდა.

საქართველოში მე უფრო რადიკალური ნაბიჯების მომხრე ვარ. ჯერ ერთი,
ნედლეული კერძო საკუთრებაში უნდა იყოს. მიწაც და ისიც, რაც მიწის ქვეშ არის, კერძო მფლობელობაში უნდა გადავიდეს. ამ მხრივ ჩვენ ნაბიჯიც ვერ გადავდგით. რომელიმე მოქალაქის ეზოში ოქროს საბადოც რომ აღმოჩნდეს, მას სახელმწიფო  ჩამოართმევს. ჩვენთან არის "კვაზი" ანუ მოჩვენებითი კერძო საკუთრება.

სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაწილი მიწებისა სახელმწიფოს ხელშია. ასევეა ტყე, ენერგეტიკის გამანაწილებელი სექტორი (თბილისს გარდა), ენერგოგენერაცია და  ა.შ. მასობრივ პრივატიზებას მე ვერსად ვხედავ, ჩანს მხოლოდ რამდენიმე გაყიდული ობიექტი.

მთავარი ის კი არ არის, რამდენად გაიყიდა ობიექტი, არამედ ის, რომ მაგალითად, "ვარციხეჰესი", უპასუხისმგებლო სახელმწიფოსაგან კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდა. კერძო მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის კი ერთი დიდი სხვაობაა - კერძო მესაკუთრე საკუთარი ფულით აგებს პასუხს ყველაფერზე".

სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი არგუმენტი იმ შიშის გასაქარწყლებლად, რაც მდიდარი "ევრაზია ჰოლდინგისათვის" ქონების მიყიდვას უკავშირდება. კომპანიის მფლობელი რუსი ბიზნესმენი აბრამოვის აქტივები 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ნაკლებად სარწმუნოა, რომ ასეთი ბიზნესმენი საქართველოში წაგებაზე მუშაობისათვის შემოვიდეს.

"როცა ფული შემოდის, ის შენი მოკავშირე ხდება. თბილისელების ყველაზე დიდი მოკავშირე "რაოეს"-ია, რომელიც დაინტერესებულია თბილისელებს ბევრი ფული ჰქონდეთ და შესაბამისად მეტი ელექტროენერგიაც მოიხმარონ. ანუ ეს ინტერესი არის ჯანმრთელი, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. პრობლემა იქმნება მაშინ, როცა შენ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა არა ხარ და "ჭიპით ხარ მიბმული ერთ რაღაცაზე". ალტერნატივები უნდა გქონდეს. მაგალითად, ქუთაისისთვის სახელმწიფო ელენერგიის ერთადერთ მომწოდებელია, ამ უკანასკნელს კი, სამწუხაროდ, სულ არ აინტერესებს, ქალაქს დენი ექნება თუ არა.
 
ვარციხეჰესებს" კი გამოუჩნდა პატრონი, მაგრამ ქუთაისელებისთვის პრობლემაც იმაშია, რომ ადგილობრივი გამანაწილებელი სისტემა კვლავ სახელმწიფოს ხელშია. ინვესტორი თუ ჩაგაბნელებს, თვითონვე იზარალებს. მთავარი ის კი არ არის, ვის ეკუთვნის კომპანია და ვინ ყიდულობს, არამედ მთავარია თამაშის წესები. თუ პირობები გარკვეული და ჩამოყალიბებულია, მყიდველი გინდ რუსი იყოს და გინდ უზბეკი", - დასძენს ჩვენი ეკონომიკური ექსპერტი, ამირან ძოწენიძე.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჭიათურმანგანუმის და ვარციხეჰესის ახალი მესაკუთრე _ რუსი-ინვესტორი მართლაც არ იქნება საქართველოსთვის რაიმე საფრთხის მომტანი. მოხდება თუ არა გაყიდული საწარმოების აღორძინება მის მიერ? _ აი, ეს არის დღეისათვის მთავარი შეკითხვა. რაც შეეხება მეორე შეკითხვას _ უნდა გაყიდულიყო თუ არა ან რა ფასად უნდა გაყიდულიყო "ჭიათურმანგანუმი" და "ვარციხეჰესების კასკადი", ის უკვე აქტუალური აღარ არის, მასზე საბოლოო პასუხი კი მხოლოდ პირველ შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ იქნება ნათელი.

ია იაშვილი
ფრიდონ კერვალიშვილი