ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
"სამსახურში ნუ აგვიანებ" და "6-მდე აქ უნდა იყო" - მოძველებული მენეჯმენტი
#1(5), 2005
როგორ ვაკონტროლოთ მუშაკის სამუშაო დრო?

პრობლემა


ნებისმიერ საწარმოში მენეჯერისათვის მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო დროის კონტროლი პრობლემას წარმოადგენს. ავიღოთ, მაგალითისათვის, რომელიმე კომპანია, რომლის მუშაობის საათებად დაწესებულია დრო დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ერთსაათიანი შესვენებით 1-დან 2 სთ-მდე. მენეჯერს სურს, რომ მის კომპანიაში მუშაკთა შრომითი დისციპლინა ისეთივე მაღალ დონეზე იყოს, როგორც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ან გაწეული მომსახურების ხარისხია, მაგრამ რეალობა ცოტა სხვანაირია: პეტრე და პავლე თითქმის ყოველდღე იგვიანებენ, ნათია და თათია კი სისტემატურად ადრე მიდიან. ლელა და გელა შესვენებაზე თითქმის ერთი საათით ადრე გარბიან, ლია და გია კი პირიქით, შესვენებიდან დაბრუნებას არ ჩქარობენ. ნესტანი კვირაში ერთი დღე მაინც "ავად" არის, დარეჯანი კი სულ ვიღაცის დაკრძალვაზე ან პანაშვიდზეა წასასვლელი. მხოლოდ სოლომონი და ხორეშანი იცავენ ზუსტად სამუშაო დროის განრიგს _ 9-ზე მოდიან, 1-დან 2-მდე ისვენებენ და 6 სთ-მდე სამსახურში თავის ადგილზე არიან. სოლომონი და ხორეშანი მენეჯერის თვალში სანიმუშო მუშაკები არიან.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პეტრე და პავლე ხშირად რჩებიან 6 სთ-ის მერე სამუშაოდ; ლელა და გელა ხშირად შაბათობითაც მუშაობენ; ნათია და თათია ყველაფერს ასწრებენ; ლია და გია კი ისეთი პროფესიონალები არიან, 1 სთ-ში უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე მათ ადგილზე სხვა 2-3 სთ-ს მოანდომებდა. ნესტანს დაბალი ანაზღაურება აქვს და კვირაში ერთი დღე "ავად" რომ არ ხდებოდეს (როდესაც ის სინამდვილეში თავისი სხვა საქმეებით არის დაკავებული), ასეთ ანაზღაურებაზე ვერ გაჩერდებოდა. დარეჯანს კი ისეთი ფუნქციები აკისრია, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სახლშიც შეუძლია შეასრულოს.

მიუხედავად ამისა, მენეჯერი თვლის, რომ სამუშაო რეჟიმში წესრიგია დასამყარებელი. ამ შემთხვევაში მისთვის წესრიგი ნიშნავს ისეთ შრომით დისციპლინას, როცა 9-იდან 1-მდე და 2-დან 6-მდე ყველა თავის სამუშაო ადგილზეა, 1-დან 2-მდე _ ყველა შესვენებაზეა და 6 სთ-ზე ყველა სახლში მიდის. ვინაიდან ასეთი წესრიგი ტკბილი სიტყვით ვერ ხერხდება, იწყება სხვადასხვა დისციპლინარული ზომების გატარება დამრღვევთა მიმართ: ჯერ საყვედური, შემდეგ _ ყვირილი ან გალანძღვა, მერე _ ჯარიმა. შედეგი? თითქმის არავითარი. წესრიგი დამყარებულია მაქსიმუმ ერთი კვირით მხოლოდ, შემდეგ კი ყველაფერი ძველებურადაა: პეტრე და პავლე ისევ იგვიანებენ, ნათია და თათია კვლავ ადრე გარბიან სამსახურიდან, ნესტანი ცუდად ხდება, ხორეშანს სოფელში ბიცოლა გარდაეცვალა, ლია და გია შესვენების მერე ისევ იკარგებიან და ა.შ. თანაც, ირკვევა, რომ სოლომონისა და ხორეშანის გარდა, ყველას აგვისტოში უნდა შვებულების აღება.

სამსახური-კარცერი

ადრე თუ გვიან, მენეჯერი მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, კომპანიაში შრომითი რეჟიმის დარღვევის ფაქტები აღკვეთოს. "თანამედროვე მენეჯმენტი შრომითი დისციპლინის გარეშე წარმოუდგენელია", ფიქრობს ის. ნაცვლად იმისა, რომ აქცენტი პროდუქციის (ან მომსახურების) ხარისხის ამაღლებაზე და კონკურენტებთან ბრძოლის ხერხებზე გაკეთდეს, მენეჯერის ჭკუა-გონება იმით კავდება, თუ როგორ აიძულოს პეტრე დროზე მოვიდეს სამსახურში, ნათია კი 6 სთ-მდე სამსახურში გააჩეროს.

ამ ფიქრების შედეგად საწარმოში ახალ-ახალი "ნოვაციები" ინერგება. ჯერ _ სატაბელო ჟურნალი შემოაქვთ ხმარებაში, სადაც თანამშრომლები მოსვლის და წასვლის დროს ხელმოწერით აფიქსირებენ; შემდეგ აჰყავთ ახალი თანამშრომელი _ კადრების უფროსი, რომლის ძირითად მოვალეობად მუშაკთა სამუშაო დროის აღრიცხვა ისაზღვრება; ხელფასები გადაჰყავთ საათობრივ ანაზღაურებაზე, ოღონდ არა უმეტეს 8 საათისა დღეში (რაც ნესტანისთვის ისედაც დაბალი ხელფასის ფაქტობრივად 20%-ით შემცირებას ნიშნავს); დაცვას ეკრძალება კარის გაღება სამსახურიდან სამუშაო საათებში გასვლის მსურველთათვის, თუ მათ შესაბამისი ნებართვა მენეჯერისგან არა აქვთ; და ბოლოს, რათა ყველამ იგრძნოს, რომ მენეჯერი აღარ ხუმრობს, თათიას სამსახურიდან ხსნიან, სხვებს კი მკაცრ საყვედურებს უცხადებენ სათანადო დაჯარიმებასთან ერთად. ამის შემდეგ საწარმოში შრომითი დისციპლინის ფაქტები მკვეთრად მცირდება. მიზანი მიღწეულია!

პიროსის გამარჯვება

რას მივიღებთ ამ საწარმოში შრომითი დისციპლინის ამაღლების შედეგად? თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ ამ ღონისძიებების შედეგად შრომის ნაყოფიერება ამაღლდება, სასტიკად ცდება. საქმე სწორედ რომ პირიქითაა:

პეტრე და პავლე აღარ იგვიანებენ, მაგრამ 6 სთ-ის შემდეგ ერთ წუთსაც აღარ ჩერდებიან, თუნდაც საჩქარო საქმეები ჰქონდეთ დასამთავრებელი; ნათია, რომლის დაქალი მოხსნეს, უგულოდ მუშაობს; ხატია, რომელიც თათიას ნაცვლად მიიღეს, ვერაფერს თავის დროზე ვერ ასწრებს; ნესტანი სამსახურიდან წასვლაზე განცხადებას წერს, რის შემდეგაც ირკვევა, რომ მის ადგილზე ცოტა უფრო მეტი ანაზღაურებითაც კი სათანადო კადრის პოვნა შეუძლებელია; ახლადმიღებული კადრების უფროსი მთელი დღე უსაქმოდაა; ლელა და გელა 2 სთ-ში გასაკეთებელ საქმეს 8 საათის მანძილზე ჭიმავენ; ლია და გია შაბათობით აღარ მოდიან სამსახურში, დარეჯანს კი სახლში სამუშაო აღარ მიაქვს. რაც მთავარია, თუ ადრე ყველა თავის საქმეს ასე თუ ისე გულით აკეთებდა, ახლა ყველას სამსახური შეჯავრდა და ცდილობენ, ნაკლები იმუშაონ და მეტი გაერთონ (ინტერნეტით ან/და კომპიუტერული თამაშებით), გაზეთები იკითხონ ან იჭორაონ. თანამშრომლები, ფაქტიურად, მხოლოდ 5 სთ-მდე მუშაობენ, რადგან 5-დან 6-მდე ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როდის გავა ეს ერთი საათი, რომ სასწრაფოდ სახლში გაიქცნენ.

"სანიმუშო" მუშაკები _ სოლომონი (მთავარი ბუღალტერი) და ხორეშანი (სარეკლამო მენეჯერი) კი კვლავინდებურად ისე დადიან სამსახურში, როგორც ადრე, მაგრამ მათთან დაკავშირებით მენეჯერი მოულოდნელად უსიამოვნო ფაქტების წინაშე დგება. საწარმოს მორიგი საგადასახადო შემოწმებისას რევიზორები სოლომონის ნამუშევარში უხეშ შეცდომებს პოულობენ და საწარმოს სერიოზული თანხით აჯარიმებენ; რაც შეეხება ხორეშანს, როგორც ირკვევა, ის, თურმე, ჟურნალ-გაზეთებში და ელექტრონულ მედიაში რეკლამების განთავსებისას მათგან საკომისიოებს იღებდა. რა გასაკვირია, რომ საწარმოს პროდუქცია (მომსახურება) გაბერილი სარეკლამო ბიუჯეტის მიუხედავად მაინც ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე კონკურენტისა, თუმცა ეს უკანასკნელი რეკლამაზე ორჯერ ნაკლებს ხარჯავს. "სანაქებო ნიშა ხარმა ნიახურზე გადააფურთხაო", ამაზეა ნათქვამი. ამგვარად, ის, რაც მენეჯერს თანამედროვე მენეჯმენტის გამოხატულება ეგონა, სინამდვილეში უკუეფექტის მომტანი აღმოჩნდა.

რა იქნებოდა თანამედროვე მენეჯმენტის ნიშანი

შესაძლოა, ჩვენს მიერ აღწერილი შემთხვევა ცოტათი უტრირებულია, მაგრამ ნათლად მიუთითებს იმ გავრცელებულ შეცდომებზე, რასაც ხშირად საწარმოს ხელმძღვანელები უშვებენ:

1. თანამშრომლის დაგვიანება ან ადრე წასვლა ანდა თუნდაც ერთჯერადი გაცდენა არ არის საგანგაშო, თუ ის მთლიანობაში მასზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებს;

2. გაცილებით უფრო საგანგაშოა, როცა თანამშრომელი, რომელიც დროულად მოდის და დროულად მიდის, სამუშაო დროის უმეტეს ნაწილი ინტერნეტით, კომპიუტერული თამაშებით ან გაზეთების კითხვით ერთობა, თუმცა, ამას, როგორც წესი, საწარმოს ხელმძღვანელები არ აკვირდებიან;

3. მთელი რიგი სამუშაოებისა (მ.შ. საბუღალტრო) შეიძლება შესრულდეს საღამოობითაც ან შაბათობით, ამასთან, უფრო უკეთესადაც კი, რადგან ამ დროს სიწყნარეა და თანამშრომელი გასაკეთებელ საქმეზე უფრო მეტად არის კონცენტრირებული;

4. შეუძლებელია თანამშრომლებს არ უხდებოდეთ ხანდახან სამსახურიდან გასვლა მცირე ხნით პირად საქმეებზე. ამის აკრძალვა სამსახურს კარცერად გადააქცევს. მაგალითად, თუ თანამშრომელს ორშაბათს კბილი ასტკივდა, ის ვერ მოითმენს შაბათამდე; ხოლო თუ სამშაბათს ონკანი გაუფუჭდა, მან ხელოსანი იმავე დღეს უნდა მიიყვანოს სახლში, თორემ საღამომდე ქვედა სართულზე მცხოვრებ მეზობელს "ჩარეცხვის" რეალური საფრთხე დაემუქრება;

5. თუ თანამშრომელს დაბალი ხელფასი აქვს, რომელსაც ვერ უმატებ, არაფერია ცუდი იმაში, რომ მას საშუალება მისცე სხვა სამუშაოს შეთავსებისა.

ნათქვამი, ცხადია, არ ეხება ზოგიერთი ტიპის მუშაკს _ მაგალითად, ექიმს ან დაცვის თანამშრომელს. ისინი, რათქმაუნდა, მუდამ თავის სამუშაო ადგილზე უნდა იმყოფებოდნენ მთელი სამუშაო დროის განმავლობაში, მაგრამ უამრავ სხვა შემთხვევაში ირკვევა, რომ თანამშრომლისთვის ლიბერალური სამუშაო რეჟიმის დაწესება სრულიადაც არ უშლის ხელს საწარმოო პროცესს და ხშირად უფრო უკეთეს შედეგებსაც იძლება თანამშრომლისათვის დაკისრებული მოვალეობების აღსრულებაში. თანამშრომლის მუშაობის შეფასების მთავარ კრიტერიუმს მისი ნამუშევრის ხარისხი უნდა წარმოადგენდეს და არა ის, თუ რა პუნქტუალობით დადის იგი სამსახურში. სამუშაო დროის ლიბერალური რეჟიმი გაამართლებს, თუ მასთან ერთად დაწესებულია სათანადო კონტროლი თითოეული თანამშრომლის მუშაობის ეფექტურობაზე. სწორედ ეს არის თანამედროვე მენეჯმენტი, რომ შესძლო უზრუნველყო ხელქვეითთა მუშაობის სასურველი ხარისხი ისე, რომ მათ სამსახური 8-საათიან ციხედ არ გადაუქციო.

გიორგი გვაზავა