ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
ს/ს "მადნეულს" ახალი მენეჯმენტი ჰყავს – #4(4), 2004
ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ საწარმოში სააქციო საზოგადოება "მადნეულში" ახალი მენეჯმენტი ინერგება. ეს სიახლე ორი თვის წინ საწარმოს გენერალური დირექტორის პოსტზე ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანის, კობა ნაყოფიას დანიშვნას უკავშირდება. კობა ნაყოფია წლების მანძილზე რუსეთში ჰოლდინგ "პრომიშლენნი ინვესტორის" ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა.

წარმოგიდგენთ "მადნეულის" მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული საწარმოო მაჩვენებლების ზოგიერთ სტატისტიკურ მონაცემს, რათა მკითხველს მცირედი წარმოდგენა შეექმნას იმაზე, თუ რამდენად რთული და რა მასშტაბის საწარმოს წარმოადგენს დღეს სს "მადნეული".

სს "მადნეულმა" 2004 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მოპოვებული მადანის მოცულობა 10 პროცენტით გაზარდა და დაგეგმილზე 5 382 712 ლარით მეტი მოგება მიიღო. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2004 წლის იანვარ-ივნისში გახსნილია 797,67 ათასი კუბური მეტი სამთო მასა, მოპოვებულია 868 ათასი ტონა მადანი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 77 ათასი ტონით აღემატება. აღნიშნულ პერიოდში გამამდიდრებელი ფაბრიკის მიერ გადამუშავდა 962,80 ათასი ტონა მადანი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 6 პროცენტით აჭარბებს. ამასთან, ამოკრეფის ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს _ სპილენძზე 84,13 პროცენტს (გეგმა 83 პროცენტი), ოქროზე 38,89 პროცენტს (გეგმა 40 პროცენტი). იგივე სტატისტიკური მონაცემებით, 2004 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში რეალიზებულია 29,423 ტონა სპილენძის კონცენტრატი. ერთი ტონა კონცენტრატის სარეალიზაციო ფასმა დაგეგმილი 436 დოლარის ნაცვლად 503 დოლარი შეადგინა (15 პროცენტით მეტი). სულ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში რეალიზებულია 33 781 347 ლარის პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 28,4 პროცენტით აღემატება. იმავდროულად, 2004 წლის პირველ ექვს თვეში შემცირდა საწარმოს ხარჯები. მაღაროს ხარჯებმა 1 კუბურ მეტრ სამთო მასაზე ივნისის თვეში 7,9 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16 პროცენტით ნაკლებია. ასევე შემცირდა გამამდიდრებელი ფაბრიკის ხარჯები. 1 ტონა მადნის გადამუშავებაზე ივნისის თვეში 5 ლარი დაიხარჯა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლებია.

გარდა ამისა, 2004 წლის პირველ ექვს თვეში "მადნეულმა" კრედიტორული დავალიანების შემცირებაც მოახერხა. სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 4 252 749 ლარი, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2002-2003 წლებში 2 149 168 ლარს არ აღემატებოდა.

და მაინც, ამ შთამბეჭდავი ციფრების მიუხედავად, საწარმოს უამრავი, წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემა აქვს. კითხვის ნიშანი ადევს საწარმოს პერსპექტიულ განვითარებასაც. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვით თავად ბ-ნ კობა ნაყოფიას, "მადნეულის" ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს მივმართეთ.

კორ. - ბატონო კობა, რა პრობლემები დაგვხვდათ "მადნეულში"?

კ.ნ. -  დაახლოებით 2 თვეა, ამ საწარმოს დირექტორი ვარ. მთელი ეს პერიოდი სერიოზულად ვსწავლობდი საწარმოში არსებულ ვითარებას. ორი თვე დამჭირდა რომ სიღრმისეულად თუ არა, საკმაოდ სერიოზულად შემესწავლა ეს პრობლემები. რა თქმა უნდა, ყველაფერს ამ მოკლე პერიოდში ვერ მოვასწრებდი. სამწუხაროდ, ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს წავაწყდი, მათ შორის კომბინატის სახელფასო პოლიტიკაშიც. არსებული სახელფასო დიფერენციაცია და კოეფიციენტების სისტემა ყოვლად მიუღებელი და გაცვეთილი სქემაა. ვფიქრობთ, შევქმნათ უფრო გამჭვირვალე, უფრო ოპერატიული, დღევანდელობაზე მორგებული და პერსპექტივაზე გათვლილი ნორმალური სახელფასო სისტემა. ამ საკითხის ირგვლივ სერიოზული საუბარი გვქონდა ყველა სამსახურის ხელმძღვანელთან. ჩვენ ჩავატარეთ თათბირი ამ საკითხებთან დაკავშირებით, დავსახეთ გეგმები. სერიოზული პრობლემები გვაქვს დისციპლინასთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ ადმინისტრაციაში გვყავს ისეთებიც, ვინც სამსახურში არ დადის, ან ტყუილად დადის, თბილ კაბინეტებში სხედან და არაფერს აკეთებენ. სერიოზული საუბარი გვექნება ასეთ ადამიანებთან. შრომის დისციპლინასთან დაკავშირებით ბრძანების პროექტიც მომზადებულია, რომლითაც პასუხისმგებლობის განსხვავებულ სისტემას შემოვიღებთ. საქმე ისაა, რომ მუშის შრომა ჩანს და ეს არის წარმოებული პროდუქცია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, რას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც თბილ კაბინეტებში სხედან. ვფიქრობ, მათ ხარჯზე მუშების პირობებს გავაუმჯობესებთ. გადავჭრით შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებსაც, თუმცა ამ კუთხით სრულყოფისგან ჯერ საკმაოდ შორსა ვართ, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ადამიანი დაგვეღუპა. უმკაცრეს პასუხს მოვთხოვთ ყველა იმ პიროვნებას, ვისაც თავის დროზე შრომის უსაფრთხოების საკითხები უნდა მოეგვარებინა.

- კიდევ რა სიახლეებია მოსალოდნელი საწარმოს მართვის გაუმჯობესების მხრივ?

- ვთვლი, რომ კომპანიის ადმინისტრირება უფრო ოპტიმალური და უფრო ორგანიზებული უნდა იყოს. მადნეულის მენეჯმენტი და ადმინისტრაცია ჩემამდე ისე იყო მოწყობილი, რომ ყველაფერზე პასუხს ერთი პირი, გენერალური დირექტორი აგებდა. ასე აღარ გაგრძელდება.

ჩვენ ვეცდებით, რომ ავამაღლოთ თვითოეული მუშაკის პირადი პასუხისმგებლობა. ყველა ადამიანი უნდა აგებდეს პასუხს იმაზე, რა სამსახურიც აბარია. ამ საკითხზე ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. ამჟამად მენეჯმენტისა და მმართველი აპარატის რეორგანიზაცია  მიმდინარეობს. ვფიქრობ, პირველ შედეგებს უახლოეს ხანში მივიღებთ.

- კიდევ რაში ხედავთ გამოსავალს? წარმოების გაფართოებას ხომ არ აპირებთ?

- იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც კომბინატშია შექმნილი, შეიძლება ითქვას, რომ საწარმოს პერსპექტივა არ გააჩნია. კომბინატი ფაქტობრივად ერთი კარიერით სულდგმულობს, მაგრამ რამდენი წელიწადი შეიძლება გაგრძელდეს ეს – 3, 4 თუ 15, არავინ იცის. ერთი კარიერი არ კმარა იმისთვის, რომ "მადნეულს" ნათელი

და ხანგრძლივი პერსპექტივა დაუხატოს (სამთომომპოვებელი კარიერის ზედა დიამეტრი 1,5 კმ-ია, ხოლო ქვედა – 1,2 კმ. კარიერის სიღრმე 250 მეტრია. ამ კარიერიდან დღეღამეში ამჟამად 5 500 ტონა მადანი მოიპოვება - ავტ. შენიშვნა). ამ რაიონში სხვა ბევრი საბადოა, მაგრამ ვიდრე მათ ათვისებას დავიწყებთ, უნდა გავარკვიოთ, ვისია ისინი – ჩვენი თუ სხვისი. ბევრი სხვა კომპანია მონაწილეობდა საძიებო-მოპოვებით სამუშაოებზე; ბევრს ლიცენზია აქვს აღებული დაზვერვით გეოლოგიურ სამუშაოებზე. თუ ეს საბადოები არ გადაეცა სს "მადნეულს", მაშინ ჩვენს საწარმოს დიდი პერსპექტივა არ ექნება.

ცუდი მდგომარეობაა ტექნიკური თვალსაზრისითაც – "მადნეულის" გამამდიდრებელი ფაბრიკა 1975 წლის მერე ფაქტიურად არ გადაიარაღებულა. ჩვენი სპეციალისტები გმირები არიან, რომ ამ დანადგარებზე დღემდე მუშაობენ. თანაც, უფრო დიდ სიმძლავრეზე ამუშავებენ, ვიდრე წესით არის განსაზღვრული. ასეთი რამ არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ტექნიკურ გადაიარაღებას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს წარმოების პროცესს.

ტრადიციულად საქართველო იყო სპილენძის მწარმოებელი ქვეყანა. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ სპილენძის კონცენტრატს ვაკეთებთ და ვაგზავნით სხვა ქვეყანაში. იმაზეც უნდა ვიფიქროთ, შეიძლება თუ არა ჩვენი საწარმოს ბაზაზე სპილენძის მწარმოებელი საწარმოს შექმნა. "მადნეულს" ეყოლება თავისი სატრანსპორტო კომპანია და აღარ გვეყოლება გადამზიდავი კონტრაქტორები. აფეთქება-ბურღვასაც "მადნეულის" საკუთარი კომპანია განახორციელებს. ვაპირებთ მუშაობის გააქტიურებას კირის წარმოების მიმართულებითაც. ასე, რომ ძალიან მალე ინტეგრირებულ ჰოლდინგს ჩამოვაყალიბებთ.
   
- თუ დაინტერესდა რომელიმე სერიოზული კომპანია "მადნეულით"?

- ბევრი კომპანია იჩენს დაინტერესებას, როგორც დსთ-დან, ასევე დასავლეთიდან. თუმცა ჯერჯერობით მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. მოდიან სხვადასხვა ფირმების წარმომადგენლები, აინტერესებთ ჩვენი ფინანსური, სამართლებრივი და სხვა მდგომარეობა.

ყოველ საწარმოს აქვს თავისი ფასი, მაგრამ ინვესტორი უნდა დავაინტერესოთ, უნდა ვაჩვენოთ რაც გვაქვს: დამოწმებულ მარაგებზე უნდა ვისაუბროთ და არა მარტო ამ ერთ კარიერზე. არასერიოზულ კომპანიას არ შევხვდებით და არც დაველაპარაკებით. ჯერ მხოლოდ ახლა ვქმნით სერიოზულ მენეჯმენტს, რომელიც დღედაღამე იმუშავებს. მაქსიმალურად უნდა შევძლოთ საწარმოს პოტენციალის გაზრდა. პოტენციალის გაზრდა წარმოუდგენელია ახალი მენეჯმენტის გარეშე.

და ბოლოს, ერთი იმ მოსალოდნელი სიახლის შესახებ, რომელიც პოტენციურ ინვესტორებთანაა დაკავშირებულია, მაგრამ ამაზე ნაყოფიას არაფერი უთქვამს. როგორც "მადნეულის" მთავარი ინჟინერი გიორგი მენაბდიშვილი აცხადებს, "მადნეულის" გამამდიდრებელი ფაბრიკის მოძველებული, გასული საუკუნის 30-იანი წლების საფლოტაციო პარკის გადაიარაღებაზე 4 სერიოზული კომპანიის წინადადება განიხილება. ესენია ფინური "ოუტოკომპო", "ვემკო", რუსული "რივსი" და ამერიკული "დენვერი". საფლოტაციო პარკის გადაიარაღება დაახლოებით 10 მილიონი ამერიკულ დოლარი დაჯდება.

სს "მადნეული" და მისი შვილობილი კომპანია, ოქროსმომპოვებელი შპს "კვარციტი" საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოებს წარმოადგენენ. "ბიზნესმენის" რედაქცია გეგმავს მოგვიანებით უფრო დაწვრილებით მოგითხროთ ამ საწარმოებში არსებული ბიზნეს-გარემოსა და როგორც მიღწევების, ასევე პრობლემების შესახებ.

დავით მჭედლიძე