ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
სიგარეტის ბიზნესი ახალი რეალობის წინაშე
#3(36), 2013
რამ გამოიწვია კონტროლის გამკაცრება

ჯერ კიდევ აპრილში, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრებულიყო. ივანიშვილის თქმით, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო მოხდებოდა, თუმცა საბოლოოდ ცოტა განსხვავებული სურათი გამოჩნდა. მოხმარების კონტროლის გამკაცრება აქციზის გადასახადის გაზრდაში გამოიხატა, რაც მწეველი ადამიანისთვის ნაკლებ მოწეულ სიგარეტზე მეტად უფრო მეტ ხარჯს ნიშნავს. მთავრობის წარმომადგენლებმა აგრეთვე არაერთხელ განაცხადეს, რომ თამბაქოზე აქციზის გაზრდა მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ნაკლებ ადამიანს მოეწია სიგარეტი და ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა არ იყო მათი მიზანი. თუმცა, ოქტომბერში, პარლამენტში შეტანილი 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში საინტერესო ჩანაწერს ვნახულობთ: „აგრეთვე 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თამბაქოს აქციზის 60 თეთრიდან 75 თეთრამდე ზრდის ეფექტი, რის შედეგადაც მოსალოდნელია თამბაქოს აქციზიდან 50.0 მლნ ლარით მეტის მიღება“.

აქციზის გაზრდის პირველი შედეგები

1 სექტემბრიდან  საქართველოში თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა: მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი და იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის აქციზის არსებულმა განაკვეთმა 0,60-დან 0,75 ლარამდე მოიმატა, ხოლო უფილტრო სიგარეტისთვის - 0,15-დან 0,20 ლარამდე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ წელს დაგეგმილია ღონისძიებები რეკლამისა და საგანმანათლებლო სამუშაოების მხრივ. თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი აქციები არ გვინახავს და ხელისუფლებამ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა აქციზის გაზრდით დაიწყო. აქციზის ზრდა მყისიერად აისახა სიგარეტის ფასებზე: ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა JTI Caucasus-მა აქციზის გაზრდის შემდეგ პროდუქცია 20-30 თეთრით გააძვირა. მეტიც: აქციზის გაზრდამდე გაძვირდა Philip Morris-ის (Marlboro, L&M, Parliament, Chesterfield) მიერ წარმოებული სიგარეტი.

JTI Caucasus-ის კორპორაციული საკითხებისა და კომუნიკაციების დირექტორის ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, შეუმცირებს თუ არა კომპანიებს მომხმარებელს თამბაქოზე ფასის ზრდა, რთულია, რადგან ზოგადი ტენდენციის შეფასება 3-4 თვის შემდეგ გახდება შესაძლებელი. თუმცა მჭედლიშვილი ვარაუდობს, რომ უკვე მიღებული ცვლილება კომპანიებზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს და მომხმარებლის მნიშვნელოვან კლებას არ უნდა ველოდოთ.

საქართველო – მწეველთა ქვეყანა

საქართველოში თამბაქოს მოხმარების შესახებ ერთ-ერთი ბოლო კვლევა ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფ ACT-ის მიერ ჩატარდა. გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულ მწეველთა 64% და არამწეველთა 92% მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოხმარება უნდა შეიზღუდოს. ამასთან, გამოკითხულთა 68% სიგარეტს ეწევა. გამოკითხულ მამაკაცთა თითქმის ნახევარი მოიხმარს თამბაქოს, ხოლო ქალბატონთა მეხუთედი.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ კვლევის თანახმად, მწეველთა 69 პროცენტი სიგარეტს ყიდულობს ყოველდღიურად, მწეველთა უმრავლესობა არის 16-დან 25 წლამდე. მიუხედავად იმისა, რესპონდენტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგნი არიან, ფაქტია, რომ კაფე-ბარებში მწეველთათვის ცალკე ადგილის გამოყოფა ნორმად ჯერ ვერ იქცა. მსგავსი სტანდარტები მხოლოდ ცალკეულ დაწესებულებებშია. მეტიც: კაფე-ბარების მენეჯერები აცხადებენ, რომ მოწევის აკრძალვა მათი ბიზნესისთვის ძლიერი დარტყმა იქნებოდა, რადგან მომხმარებლის დიდი ნაწილი, პირველ რიგში, სწორედ მოსაწევად შედის მათ ობიექტებში.

აქციზის ზრდიდან სიგარეტის გადაგდებამდე

აქციზის ისეთი ზრდა, როგორიც საქართველოში მოხდა, სპეციალისტების შეფასებით, უფილტრო სიგარეტზე ფასს დაახლოებით 5 თეთრით, ფილტრიანის კი 20 თეთრით გაზრდის. არის თუ არა ეს ის ხარჯი, რომელიც მწეველს უარს ათქმევინებს სიგარეტის მოხმარებაზე ან აიძულებს, შეამციროს მოწევის სიხშირე? ხელისუფლება ირწმუნება, რომ თამბაქოს წინააღმდეგ მისი ბრძოლა აქციზის ზრდით არ შემოიფარგლება და ამ პროცესში სხვა ნაბიჯებსაც გადადგამს. ამირან გამყრელიძის თქმით, ცვლილებები ძირითადად, საგადასახადო კოდექსში, მოსაკრებლის  შესახებ კანონში, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში, რეკლამის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალში შევა. ყველაზე რთულ საკითხად კი რესტორნებსა და კაფე-ბარებში არსებული სიტუაციის გაკონტროლებას ასახელებს, რადგან ამ დრომდე აღნიშნულ ობიექტებში დაჯარიმებისა და აღსრულების მექანიზმი არ მუშაობს. თამბაქოს კონტროლის გამკაცრების მიზნით შექმნილმა  სამთავრობო კომისიამ საამისოდ უკვე მოამზადა 4-წლიანი სამუშაო  გეგმა, რომლის მიხედვით თამბაქოს კონტროლი მაქსიმალურად გაიზრდება. 

„მომავალი წლების განმავლობაში აუცილებლად გამკაცრდება თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებები ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რა ზიანის შემცველია ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ამის რეალური ციფრებიც არსებობს: ყოველწლიურად 11 ათასამდე ადამიანის სიკვდილიანობის დაახლოებით 20-25% თამბაქოთი გამოწვეულ დაავადებებზე მოდის“, – აცხადებს გამყრელიძე.
 
მიუხედავად იმისა, რომ ამირან გამყრელიძე საგადასახადო კუთხით ცვლილებების განხორციელებას 2014 წლიდან პროგნოზირებდა, ფინანსთა მინისტრმა მოულოდნელად განაცხადა, რომ აქციზი უკვე მიმდინარე წლიდან გაიზრდებოდა. ამან კი ხელისუფლების ოპონენტებს მისცა იმის თქმის საფუძველი, რომ აქციზის ზრდით ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებზე კი არ ზრუნავს, არამედ საბიუჯეტო შემოსავლების პრობლემების მოგვარებას ცდილობს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აქციზის ზრდა არ შეამცირებს მწეველების რიცხვს, პირიქით: ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს პროდუქციას, იძულებულები იქნებიან იყიდონ უფრო იაფი და შესაბამისად, დაბალი ხარისხის სიგარეტი, რაც უფრო საზიანო იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გადასახადის ზრდის რეალური მიზეზი არის არა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვა, არამედ საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული პრობლემები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ფინანსთა სამინისტრო კი ირწმუნება, რომ ცვლილება თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და ფისკალურ მოგებაზე გათვლილი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ აქციზური გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ რამდენიმე ფაქტორის გამო მიიღო.

„თუ სახელმწიფოს სურს ამა თუ იმ პროდუქციის მოხმარების შეზღუდვა მისი მავნებლობიდან გამომდინარე, ან მაშინ აწესებენ აქციზზე მაღალ განაკვეთს, ან თუ მაღალრენტაბელური პროდუქციაა. ამ შემთხვევაში, როგორც მავნე პროდუქციის მოხმარების შემცირება ნამდვილად არ იქნება ცუდი საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება რისკებს, მთავრობა, შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროები მყარ გარანტიას იძლევიან, რომ საზღვარი ისეა დაცული, რაც კონტრაბანდის შემოტანას შეუძლებელს ხდის“, – აცხადებს მმართველი გუნდის წარმომადგენელი.

საქართველოში თამბაქოს მოხმარების მასშტაბები პირადად პრემიერის შეშფოთების საგანიც გახდა. საზოგადოებისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო, როდესაც, აპრილის დასაწყისში, მედია-საშუალებებთან ერთ-ერთი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ თამბაქოს მავნებლობის შესახებ საუბრით დაიწყო. მისი თქმით, ხელისუფლება თამბაქოს გამოყენების კონტროლის კამპანიის გამძაფრებას იწყებს. პრემიერის განცხადებით, პირველ ეტაპზე ხელისუფლება მწეველებს დაეხმარება სხვადასხვა მეთოდით უარი თქვან სიგარეტზე, პარალელურად გამკაცრდება კონტროლი და გაიზრდება იმ ადგილების რაოდენობა, სადაც აკრძალული იქნება მოწევა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყოველ 6 წამში თამბაქოს მოხმარების მიზეზით ერთი ადამიანი იღუპება. მისივე ინფორმაციით, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობაც იღუპება მაღალი არტერიული წნევის შედეგად. პრემიერის თქმით, თამბაქოსა და ალკოჰოლის პრობლემებზე ყურადღების გამახვილება ხელისუფლებამ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყანაში აღარ არის პოლიტიკური კრიზისის განვითარების საფრთხე და მთავრობამ შეძლო „თავის აწევა“.

„ახლა ჩავთვალე, რომ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ერის განვითარებაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ 2014 წელს იგეგმება მოსახლეობის აღწერა. როგორც ცნობილია, ბოლო წლებში მოსახლეობის რაოდენობა განუხრელად კლებულობს. ამის ერთ-ერთი მიზეზად ბიძინა ივანიშვილმა მიგრაცია, ასევე შობადობის გაუარესება და  სიკვდილიანობის ზრდა დაასახელა. მისი თქმით, პირველი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ მოხერხდეს ჯანმრთელი ერის შენარჩუნება.

ბიზნესის მოლოდინები

მსოფლიო ბაზარს ძირითადად თამბაქოს მწარმოებელი ოთხი უმსხვილესი კომპანია ამარაგებს და ქართული ბაზრის უმეტესი ნაწილიც მათი პროდუქციითაა წარმოდგენილი. ბაზრის წილით პირველ ადგილზე არის JTI, მეორეზე მოდის PMI (Philip Moriss), შემდეგ BAT (British Americab Tiobacco) და ბოლოა Imperial. გარდა ამისა, არის ორი ქართული მოთამაშე, რომლებიც უმცირესობაში არიან. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ბრენდი „პირველი“, რომელსაც `თბილისის თამბაქო~ აწარმოებს. ის, რომ თამბაქოს მოხმარება საქართველოში იზრდება, სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება: საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში სიგარეტისა და სიგარის იმპორტი თითქმის 37%-ითაა გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ 2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 4 მლრდ 107 მლნ 865 ათასი ცალი (ღერი) თამბაქოს ნაწარმის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2012 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 3 მლრდ 1 მლნ 709 ათასი ღერი თამბაქოს იმპორტია განხორციელებული. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით თამბაქოს ნაწარმის იმპორტი უკრაინიდან ხდება და ამ ქვეყანაზე მთელი იმპორტის 80% მოდის. სიგარეტის იმპორტის მხრივ იმპორტიორ ქვეყნების ჩამონათვალში მეორე პოზიციაზე ბულგარეთია. იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერ პოზიციაზე არიან ასევე: სომხეთი, გერმანია და რუსეთი.
 
2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მთლიანობაში 56 მლნ 537 600 დოლარის თამბაქოს პროდუქციის იმპორტია განხორციელებული. რა რისკებს ხედავს სიგარეტის ბიზნესი აქციზის შემდგომ ზრდაში? ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, თუ აქციზის ფასის აწევა ისე მოხდა, რომ საქართველოში სიგარეტის ფასსა და რეგიონში სხვა ქვეყნების – განსაკუთრებით, საქართველო-სომხეთის (რადგან იქ ყველაზე დაბალი ფასებია სიგარეტზე)  ფასებს შორის სხვაობა კიდევ გაიზარდა, მაშინ გაჩნდება კონტრაბანდის შემოტანის რისკი.

„შემოვა ზუსტად იგივენაირი, სომხეთში განბაჟებული სიგარეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ – ის კომპანიები დავკარგავთ შემოსავალს, რომლებიც საქართველოში სიგარეტით ლეგალურად ვვაჭრობთ და თანხებს დაკარგავს ბიუჯეტიც, რადგან აქ აღარ გაიყიდება სიგარეტი და გაიყიდება სომხეთში“, – აცხადებს მჭედლიშვილი.

სიგარეტის ინდუსტრიას ყოველწლიურად საქართველოს ცხრამილიარდიან ბიუჯეტში 500-600 მილიონი ლარი შეაქვს. თამბაქოს უმსხვილეს დისტრიბუტორთა ნაწილი კი სიგარეტზე აქციზის გაზრდის შემთხვევაში კონტრაბანდული სიგარეტის შემოდინებას პროგნოზირებს. „ომეგა ჯგუფში“, რომელიც საქართველოში „ფილიპ მორისის“ და ადგილობრივი წარმოების სიგარეტების დისტრიბუციას ახორციელებს, აცხადებენ, რომ 2005 წელს აქციზის მატებას მოჰყვა კონტრაბანდული სიგარეტის მოზღვავება.
 
თამბაქოს დისტრიბუტორი „ელიზი ჯგუფის“ ყოფილი მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი კი აცხადებს, რომ აქციზის დაანონსებული რაოდენობით გაზრდა ბაზარზე სურათს ვერ შეცვლის. მისი შეფასებით, სიგარეტზე ფასი 10-15 თეთრით მოიმატებს, რაც არალეგალური საქონლის გაჩენის საფუძველი ვერ გახდება.

თამბაქო – ბიზნესი თუ საწამლავი?

თამბაქო საქართველოში მოსახლეობის ნომერ პირველი მკვლელია – ამ განცხადებას „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე იმ სტატისტიკაზე დაყრდნობით აკეთებს, რომლის თანახმადაც არცერთი სხვა პროდუქტი საქართველოში არ იწვევს სიკვდილიანობის ისეთ მაღალ მაჩვენებელს, როგორსაც თამბაქოს მოხმარება. სიკვდილიანობის ყოველი მეოთხე შემთხვევა პირდაპირ კავშირშია თამბაქოს მოხმარებასთან – ასეთია რეალობა, რომლის შენარჩუნებისა და გაზრდისათვის, ბახტურიძის თქმით, თამბაქოს ინდუსტრია ძალ-ღონეს არ იშურებს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი „ბიზნესი და მენეჯმენტთან“ საუბარში საკითხის რამდენიმე მხარეზე საუბრობს და ამბობს, რომ კომპლექსური მიდგომის გარეშე პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მისი განმარტებით, გასული 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში შეჩერდა თამბაქოს ლიცენზირების შესახებ კანონის მოქმედება, ამან კი ადგილობრივ მწარმოებლებს საშუალება მისცა, თურქეთიდან, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნებიდან დაბალი ხარისხის ნედლეული შემოეტანათ. შედეგად, მომხმარებელი ამ ისედაც მავნე პროდუქციას რადიაციულად და გენმოდიფიცირებული ნედლეულით დაბინძურებული სახით იღებს. 

„10 წლის განმავლობაში უკონტროლო იყო როგორც ნედლეულის შემოტანა, ისე წარმოება. არ არსებობს უწყება, რომელიც ამ სფეროს კონტროლზე იქნებოდა პასუხისმგებელი. 2004 წელს, კახა ბენდუქიძის ინიციატივით, ამ სფეროს სრული დერეგულაცია მოხდა. თამბაქოს პროდუქციის იმპორტის, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ლიცენზირების კანონი გაუქმდა“, – აცხადებს ბახტურიძე. მისი თქმით, საქართველო თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციას 2005 წელს შეუერთდა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ადმინისტრირების მექანიზმები, სიგარეტის ბიზნესი სრულმასშტაბიანი კონტროლის ნაცვლად პრივილეგირებულ პირობებში იქნა ჩაყენებული.

რაც შეეხება ამ მიმართულებით ახალი მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადა: ბახტურიძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დავით სერგეენკო იყო ჯანდაცვის პირველი მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ ჯანდაცვა სერიოზული დანახარჯების წინაშეა და უნდა გადავიდეთ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელიც ყველაზე იაფი და ეფექტური გზაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. თუმცა, მასზეც დიდი ზეწოლაა თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტი კოლეგებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან.

მისი თქმით, მარტში შექმნილ სახელმწიფო კომისიის ზოგიერთ წევრზე მაშინვე ზეწოლა დაიწყო.

„დაიწყო პირდაპირი დაკავშირება, თხოვნები, რომ ეს პროცესი შეჩერებულიყო ან არ გასცდენოდა იმ ფარგლებს, რაც მათ ინტერესებში იყო. თამბაქოს იაპონურმა წარმოებამ მოახერხა და სამთავრობო კომისიის შექმნიდან რამდენიმე დღეში შვეიცარიიდან ჩამოიყვანა ვიცე-პრეზიდენტი და მთავრობას მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას დაჰპირდა. ამ ხრიკით მათ შეასუსტეს თამბაქოს საწინააღმდეგო პროგრამა, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა დაგეგმილი. ეს იყო კარგად გათვლილი და გამიზნული ფანდი. ამ დაპირების შედეგი იყო ის, რომ ეკონომიკის მინისტრი მისმა მოადგილეებმა შეცდომაში შეიყვანეს და მათი ლობირების შედეგად, დაწყებული პროცესი შეფერხდა“, – აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

მისი თქმით, მოვლენები ასე განვითარდა: დამოუკიდებელი, მათ შორის უცხოელი ექსპერტების რეკომენდაცია იყო ფილტრიან თამბაქოზე აქციზის 40 თეთრით, უფილტროზე კი 35 თეთრით გაზდა, რაც ეყრდნობოდა მეზობელ ქვეყნებში არსებულ საგადასახადო რეჟიმების ანალიზზე და კონტრაბანდის არანაირ რისკთან არ იყო დაკავშირებული. თამბაქოს ინდუსტრია 10-თეთრიან მატებას მოითხოვდა. მთავრობამ შუალედური გამოსავალი ნახა, რასაც სიგარეტის მყისიერი, 30-50-თეთრიანი გაძვირება მოჰყვა, რაც არანაირი საბაზრო ეკონომიკის ჩარჩოებში არ ჯდება, რადგან ბახტურიძის თქმით, ძველი აქციზით შემოსული პროდუქციის ამოყიდვას 3-4 თვე მაინც სჭირდებოდა და ლოგიკურად სიგარეტზე ფასი არა 1 სექტემბრიდან, არამედ სადღაც დეკემბრიდან უნდა გაზრდილიყო.

„ამასთან ერთად, ინდუსტრია ყველანაირად ცდილობს, არ დაუშვას ლიცენზირების აღდგენა, რადგან თუ ლიცენზირება აღდგა და ყველა საწარმოო პროცესი იქნა დაცული, პროდუქციის თვითღირებულება იქნება არა 50 თეთრი, არამედ 2 ლარი. ეს კი გააძვირებს პროდუქტს და მოხმარებაც შედარებით შემცირდება. ესაა კრიმინალური ბიზნესი, რომელიც თავის მომხმარებელთა ახალ არმიას ავსებს ბავშვების საშუალებით. სწორედ ბავშვებზეა გათვლილი სხვადასხვა სარეკლამო და საპოპულარიზაციო კამპანია - მაგალითად, ფლეერისა თუ ზურგჩანთის მოგების მიზნით 50-60 წლის ადამიანი სიგარეტის კოლოფის შეგროვებას არ დაიწყებს. 2009 წლიდან კანონით აკრძალულია ასეთი ქმედება, მაგრამ ადმინისტრირების მექანიზმის შეგნებული არარსებობის გამო ითრევენ ახალგაზრდებს განსაკუთრებით გოგონებს, რომელთა შორის მწეველობა ბოლო 7 წლის განმავლობაში 2,5-ჯერ გაიზარდა და შესაბამისად იზრდება მკვდრადშობადობების, სიმახინჯეებით შობადობების, მცირე წონით დაბადებულთა რიცხვი. როგორ შეიძლება ასეთ უზნეო ბიზნესთან დათმობებზე წასვლა!“ - ამბობს ბახტურიძე.

მისივე თქმით, მხოლოდ იმ  შემთხვევაში დაფიქრდება ადამიანი სიგარეტის გადაგდებაზე, თუ მას რესტორანსა და ოფისში მოწევის უფლებას არ მისცემენ, ამას დაემატება სიგარეტის მაღალი ფასი და ინფორმაციის მიღება სიგარეტის მავნებლობის შესახებ. „თითოეული მოქალაქე და სახელმწიფო კი ამ კამპანიის რეალურ ფინანსურ და ეკონომიკურ ეფექტს 2-3 წელიწადში იგრძნობს“, – აცხადებს ბახტურიძე.

მე ვარ ევროპელი, მაშასადამე არამწეველი

შვედი ჟურნალისტი მატს ანდერსონი „ბიზნესი და მენეჯმენტს“ ევროპაში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას უზიარებს. მისი თქმით, შვედეთში მწეველთა რაოდენობა ძალიან მცირდება, მუდამ ვრცელდება თამბაქოს საწინააღმდეგო სოციალური რეკლამები. ბავშვებს უკვე სკოლიდან ასწავლიან, რამდენად მავნებელია მოწევა.

„ახლა შვედეთში არამწეველები უფრო მეტია, ვიდრე მწეველები. რამდენიმე დღის წინ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, სადაც 50-მდე სტუმარი იყო და მათგან მხოლოდ სამი გადიოდა პერიოდულად მოსაწევად. შვედეთში 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე სიგარეტი არ იყიდება. აკრძალულია მოწევა რესტორნებსა და ბარებში. პრინციპში, სამსახურში მოწევა შეუძლებელია. ჩვენს ქვეყანაში მწეველები საკუთარ სახლშიც კი არ ეწევიან სიგარეტს. მაგალითად, მე მოსაწევად ყოველთვის აივანზე გავდივარ მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვცხოვრობ. ამჟამად სტოკჰოლმში არის სარეკლამო კამპანია, რომელიც მოსახლეობას აუწყებს, რა ღირს ყოველწლიურად ეზოების დასუფთავება – და ეს ციფრი ათობით მილიონ კრონას აღწევს. ბილბორდზე დიდი ასოებით წერია, რომ ამ თანხის 60% სიგარეტის მოხმარების გამო იხარჯება. ამ რეკლამას რომ უყურებ, მწეველს სირცხვილის განცდა გეუფლება. რაც შეეხება სიგარეტის ფასს, ის საქართველოსთან შედარებით 5-ჯერ ძვირია“, – აცხადებს ანდერსონი.

მისი თქმით, ევროპელები სულ უფრო აქტიურად ამბობენ უარს მოწევაზე და საზოგადოებაში სრული თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. „თამბაქოს ბიზნესისადმი ჩვენთან საკმაოდ უარყოფითი განწყობაა და ასეთ კომპანიებს ეჭვის თვალით უყურებენ“, – ამბობს შვედი ჟურნალისტი.

მსოფლიოში სიგარეტის ფასების შესახებ მონაცემები განთავსებულია საიტ ციგარეტტეპრიცეს.ნეტ-ზე, რომელზეც სიგარეტზე მსოფლიო ფასები მოცემულია 20-ღერიან კოლოფ „მარლბოროს“ მაგალითზე გადასახადების ჩათვლით. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ერთი კოლოფი „მარლბორო“ საფრანგეთში 8,5 დოლარი ღირს, გერმანიაში 6,7 დოლარი, ინგლისში 10,8 დოლარი, აშშ-ში შტატების მიხედვით, მისი ღირებულება 3,5-დან 12,5 (ნიუ-იორკი) დოლარამდე აღწევს. საქართველოში კი, საიტის თანახმად, ეს მაჩვენებელი 1,8 დოლარია. უფრო იაფად ერთ კოლოფ „მარლბოროს“ შეიძენთ პაკისტანში, ვიეტნამში, ფილიპინებზე, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ბელორუსში და ა.შ. სიგარეტის გაძვირება მსოფლიოში თამბაქოსთან ბრძოლის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია, თუმცა იქ ამ პროცესს თან ერთვის თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი კანონმდებლობა, მოსახლეობის ინფორმირებულობა. შედეგად, როგორც შვედი ჟურნალისტი ამბობს, ევროპაში უბრალოდ, ცუდ ტონად და არაპრესტიჟულად ითვლება თამბაქოს მოხმარება.

ასე რომ, სანამ მთავრობა ერის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზეზით თამბაქოზე აქციზს 10-15 თეთრით ზრდის, მწეველთა რაოდენობის შემცირების მოლოდინი ილუზიასთან ახლოს უფრო დგას, ვიდრე სიგარეტის გადაგდებასთან.

მთავრობამ დღეს გადაწყვიტა, მშობლის ფუნქცია იტვირთოს და სიგარეტის გაძვირებით ახალგაზრდები აიძულოს არ იყიდონ ის პროდუქცია, რომელიც სრულიად თავისუფლად იყიდება სავაჭრო ქსელში. თუმცა, თუ რეალურად, თამბაქოს მოხმარების შემცირებაა ქვეყნის პრიორიტეტი, ევროპული გამოცდილება გვკარნახობს, რომ მეტი დრო საზოგადოების ინფორმირებას უნდა დაეთმოს, სიგარეტის გაძვირება კი მეორეხარისხოვანია – სურვილის შემთხვევაში, საშუალო ევროპელს სიგარეტის შეძენა ნამდვილად არ გააღარიბებდა. ევროპაში რომ ნაკლებად ეწევიან, ეს ადამიანების გაცნობიერებული არჩევანია და არა მთავრობის იძულება – მთავრობის ძირითადი ფუნქცია ამ შემთხვევაში მოქალაქის ინფორმირებულობაა. აირჩევს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ „ევროპულ ორიენტაციას,“ მომავალი წელი გვიჩვენებს.

მაია ჭანტურია