ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
ქართლის ვენახები და ქართლური ღვინო
#1(38), 2014
ქართლი ქართული მევენახეობისა და მეღვინეობისათვის ერთ-ერთი გამორჩეული და თვალსაჩინო რეგიონია. ქართლის ღვინოები მსოფლიოში ცნობილი ღვინის სპეციალისტების მიერ უმაღლესი კატეგორიის ღვინოებად არის აღიარებული. სწორედ ამიტომაც, ამ რეგიონის ღვინოების ცნობადობა მსოფლიოში წლიდან-წლამდე იზრდება.

ქართლის საღვინე ვაზის ჯიშებიდან პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ის ჯიშები, რომლებიც რეგიონის სავიზიტო ბარათად ითვლება. შავკაპიტო, ბუდეშური, გორული მწვანე, გორულა (სუფრის ვაზი), ჩინური – ეს ის ჯიშებია, რომელთაგან დამზადებული ღვინოები დღეს მრავალ ქვეყანაში საკმაოდ წარმატებით იყიდება.

ქართლის ჯიშებს შორის უპირველესად მაინც გორული მწვანე ითვლება, რომლის გავრცელების არეალი თითქმის მთელ შიდა ქართლს მოიცავს. ეს ჯიში მცირე ფართობებზე ასევე გაშენებულია მესხეთსა და ქვემო ქართლშიც. გორული მწვანისგან მეღვინეები ამზადებენ როგორც კლასიკურ სუფრის თეთრ ღვინოს, ასევე ქართლის მეორე მნიშვნელოვან ჯიშთან – ჩინურთანაც აკუპაჟებენ. გორული მწვანე გამორჩეულად კარგად შიდა ქართლის მტკვრისპირეთის სოფლებში (ძირითადად კასპისა და გორის რაიონებში) ხარობს და სწორედ ამ სოფლებში ყენდება განსაკუთრებულად კარგი ღვინოები.

ჩინური ქართლის მეორე ჯიშად ითვლება, რომელიც ასევე ფართოდაა გავრცელებული თითქმის მთელს რე¬გიონში. სახელწოდება `ჩინური“ (რომელიც ადრე ჩინებულს ნიშნავდა და სახელწოდება გვიან ფორმირდა ჩინურად) ბევრ ადამიანს უჩენს კითხვას და ბევრს ეს ჯიში ჩინეთიდან შემოტანილი ჰგონია. თუმცა, ცნობილი ქართველი ღვინის მკვლევარების, ამპელოგრაფებისა და ისტორიკოსების კვლევებით დგინდება, რომ ჩინურს ჩინეთთან საერთოდ არაფერი აკავშირებს. უკანასკნელ პერიოდში ჩინური ქართული მეღვინეობისათვის უმნიშვნელოვანესი ჯიში გახდა და ჩინურისგან დაყენებული ღვინო მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყნებშიც კი გააქვთ, როგორიც საფრანგეთი და იტალიაა.

ქართლის ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული დაახლოებით 20-მდე დასახელების ღვინო სხვადასხვა ქართული როგორც დიდი კომპანიების, ასევე მცირე მარნების მიერ იწარმოება და მათი შეძენა ღვინის მოყვარულებს ღვინის სპეციალიზებული მაღაზიების გარდა, დიდ სუპერმარკეტებშიც შეუძლიათ. კომპანიების მიერ წარმოებულ ქართლურ ღვინოებს უმეტეს შემთხვევაში ვაზის ჯიშის სახელები ჰქვიათ და ეს ბოთლის ეტიკეტებზეცაა დატანილი. მაგალითად: `გორული მწვანე“, `შავკაპიტო“, `თავკვერი“, `ჩინური“ და სხვა. ამ ღვინოების ფასი ხარისხის შესაბამისად განსხვავებულია – 15 ლარიდან იწყება და 50-60 ლარამდე ადის.

ქართლის ღვინის ყველაზე დიდი მწარმოებელია კომპანია `შატო მუხრანი“, რომელიც ვენახებს მცხეთისა და კასპის რაიონებში ფლობს. ქართლის ღვინოებს ასევე აწარმოებენ: ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია `ხოხბის ცრემლები“ (ცნობილი ამერიკელი მეღვინის, ჯონ ვურდემანის ღვინის საწარმო), `ხარება“ და სხვა... ქართლის ყურძნის ჯიშებიდან კი ცქრიალა (როგორც ტკბილ, ასევე მშრალ) ღვინოებს `ბაგრატიონი“ და `ხარება“ ასხამენ.
 
ქართლში უკვე გაჩნდა ნატურალური ღვინის მწარმოებელი მცირე მარნებიც. თუმცა, მათი ჩამოთვლა ერთი ხელის თითებზეც შეგვიძლია, რაც ნამდვილად ვერ ჩაითვლება სასიხარულო ამბად. სამაგიეროდ, ქართლში, ისევე როგორც კახეთში და იმერეთში, თანდათან პოპულარული ხდება `ბიო“ და ნატურალური ღვინის წარმოების ფილოსოფია და სულ უფრო მეტი გლეხი ინტერესდება ღვინის ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე დამზადების საიდუმლოებებით.

ვალერი რჩეულიშვილი, ქართლელი მეღვინე გორის რაიონიდან:

`თუკი მეღვინე ნამუსიანია და კარგ ღვინოს აყენებს, მისი ნაწარმი უცხოელებს აუცილებლად მოეწონებათ. ჩვენთან შარშან ქართლის ღვინოების ფესტივალი გაიმართა და წარმოდგენილმა ქართლის ღვინოებმა ყველა მოხიბლა – სტუმარიც და ადგილობრივიც. ჩემი ღვინო სხვადასხვა ფესტივალებზე არაერთხელ გავიტანე და ვინც ქართლის ღვინის გემო იცის, ის ყოველთვის ამ ღვინის მოყვარულად დარჩება.

თუმცა, ქართლის ცენტრში, ქალაქ გორში კარგი ღვინის ყიდვა მაინც რთულია, რადგან ხარისხიანი ღვინო სამწუხაროდ არც ისე ბევრია. ნატურალურ ღვინოს განსაკუთრებულად დიდი პროპაგანდა და თანადგომა სჭირდება. ჩემ ვენახში ქართლის აბორიგენული ჯიშის თითქმის ყველა ვაზი მაქვს გაშენებული. ვენახის ერთი ნაწილი ახალშენია და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო გავზრდი ვენახის ფართობებს. მთავარია ის ადამიანები მომრავლდნენ, ვინც ნატურალურ ღვინოს აფასებს და ამ სასმელს მხოლოდ დასათრობად არ იყენებენ“.

ქართლის მიკროზონები ერთმანეთისაგან განსხვავებულია. მაგალითად ე.წ. ზემო ქართლში (ხაშურის, ქარელისა და ბორჯომის რაიონები) შედარებით დაბალალკოჰოლიანი და მაღალმჟავიანი ღვინო დგება. ამის გამო ღვინის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე მეღვინეობას უნდა მიეცეს ცქრიალა ღვინის წარმოების მიმართულება. ამჟამად არსებული მასალების მიხედვით აქ საყურადღებო ვაზის ჯიშებია: გორული მწვანე, რქაწითელი, ხიხვი, ჩინური და შავკაპიტო (ჩამონათვალიდან ხიხვი და რქაწითელი კახური ჯიშებია, თუმცა ეს ჯიშები ქართლშიც კარგად ხარობენ).
 
1961 წელს გამოცემულ ნიკოლოზ გელაშვილის საინტერესო წიგნში სახელწოდებით `მეღვინეობა~ მნიშვნელო-ვან ინფორმაციას ვიგებთ ქართლის მეღვინეობის მიკროზონებთან დაკავშირებით.

ავტორის აზრით, მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით საყურადღებოა შემდეგი ხეობები: არაგვის, ქსნის, ატენის, ლეხურის, მეჯუდის, დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს. აქ ცნობილი ზონებია: საგურამო, წინამძღ-ვარიანთკარი, ჭოპორტი და ბულაჩაური. აშკარაა, რომ ქსნის ხეობა ერთ-ერთი საუკეთესო კუთხეა ქართლში მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით, აქ საფერავი, რქაწითელი, გორული მწვანე და ჩინური იძლევიან მაღალი ხარისხის პროდუქციას. აღაიანსა და ვაზიანში საფერავიდან აყენებენ ევროპული ტიპის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს. რქაწითლიდან, ჩინურიდან და გორული მწვანედან ხეობის მთელ რიგ მიკროუბნებში მიიღება მეტად ძვირფასი, მაღალხარისხოვანი ევროპული ტიპის სუფრის თეთრი და ცქრიალა ღვინომასალა.

იაგო ბიტარიშვილი, მევენახე-მეღვინე, მცირე მარნის, `იაგოს ღვინის~ მფლობელი:

`მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში საკუთარი მარანი მაქვს და მხოლოდ ჩინურს ვაწარმოებ, რომელსაც მთლიანად ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში ვყიდი. ღვინის გაყიდვის პრობლემები ნამდვილად არ მაქვს. პირიქით – ჩემი პრობლემა მუდმივად ღვინის სიმცირეა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დავდივარ ღვინის გამოფენებზე და ფესტივალებზე და არაერთი ღვინით მოვაჭრე გამოთქვამს სურვილს, რომ ჩემი და ჩემი მეგობარი ქართველი მეღვინეების ნატურალური ღვინო იყიდონ თუმცა, ღვინოს როგორც წესი, უკვე სხვა ქვეყნის მოვაჭრეებზე ვარ შეპირებული და ამ ხალხისათვის უარის თქმა მიწევს.

ვენახების ფართობი რომ გავზარდო, არსებობს ღვინის ხარისხის დაცემის საფრთხე, რადგან ჩვენ, ნატურალური ღვინის მწარმოებლებს მიგვაჩნია, რომ მევენახე-მეღვინემ თავად უნდა მოუაროს ვენახს და მან თავის ვენახში ყველა ვაზი უნდა იცოდეს, რაც დიდი ვენახის შემთხვევაში შეუძლებლად მეჩვენება. შეიძლება ჩემს ადგილზე ბევრს გაეორმაგებინა და გაესამმაგებინა ვენახების ფართობები (მე ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვინც მეღვინეობას მისდევს) და ამით დიდი შემოსავალიც მიეღო, მაგრამ მე მირჩევნია ცოტა ღვინო მქონდეს და არ დავაგდო ხარისხი, რაც უცხოეთში ასე ძალიან მოსწონთ.

ქართული მეღვინეობის წინსვლისათვის უმთავრეს ფაქტორად მცირე მარნების რაოდენობის გაზრდა მიმაჩნია, რადგან ქართული ღვინის გამორჩეულობა ჩემი აზრით მხოლოდ ხარისხით შეიძლება გამოიხატოს. ღვინის რაოდენობით და დაბალი ფასით ქართველი მეღვინეები კონკურენციას სხვა ქვეყნებს უბრალოდ ვერ გავუწევთ (თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში არსებული ვენახების ერთად აღებულ მთლიან ფართობზე მეტი ვენახი ამერიკის ერთ შტატში შეიძლება იყოს გაშენებული) და უმჯობესი იქნება, თუ გამორჩეულობას ღვინის ხარისხით მივაღწევთ“.

ქართლის, ისევე როგორც მთლიანად ქართული მევენახეობა-მეღვინეობისათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ღვინის ფალსიფიკაციას და ამასთან დაკავშირებით მომხმარებლის არასათანადო განათლებას მიიჩნევენ. კასპელი მეღვინე, როსტომ მიდელაური ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მის სოფელში ნატურალურ ღვინოს მხოლოდ ერთეულებიღა აყენებენ. მისი თქმით, ბევრს სჯერა ცრუ მითის, რომ თითქოს ე.წ. გაკეთებული ღვინო `საქეიფო ღვინოა“ და ნატურალურ ღვინოს დასალევად გაკეთებული სჯობს.

გაკეთებული, ანუ შაქარწყლით გაბევრებული ღვინის ერთგვარი `კულტი“ ხშირ შემთხვევაში იქამდეა მისული, რომ გლეხები ღიად საუბრობენ რამდენ შაქარს აყრიან ყურძენს. შარშან ზაფხულში, გორის ბაზრის ერთ-ერთმა ღვინის გამყიდველმა არ დამალა და გაგვიმხილა, რომ მისი გორული მწვანე `ნამუსიანად“ იყო გაკეთებული – არც ისე ბევრი წყალი ჰქონდა დასხმული. თუმცა, მოდით კვლავ კასპელ როსტომ მიდელაურს მოვუსმინოთ:

`ბოლო დროს ხალხი იძახის, ნატურალური ღვინო მწყენსო და მთელი სოფელი შაქარწყლის გაზავებაზეა გადასული. ჩვენს სოფელში იმის პრობლემა ნამდვილად არაა, რომ კაცმა სამყოფი ყურძენი ვერ მოიწიოს, მაგრამ გაზარმაცებულია ხალხი. ზოგი საერთოდ აღარ უვლის ვაზს. რაც მოვა იმას კრეფენ, დააყრიან შაქარს და თუ უნდათ 100 კილო ყურძნისგან 3 ტონა ღვინოს დააყენებენ. მაგათი ნება არაა?! მე გული იმაზე უფრო მტკივა, რომ როცა ვეუბნები, შაქრით გაბევრებას, ვენახს კარგად მოუარეთ, ყურძენიც მეტი გექნებათ და ღვინოც მეტი დაგიდგებათ-მეთქი, დამცინიან – შენ რა ღვინის დამლევი კახი ხარ, შვიდი ჭიქის მერე სუფრიდან იპარებიო. აბა 30 ჭიქის დალევაა საქმე? ღვინის გემოც ხომ უნდა გაიგო კაცმა...“

ქართლში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს მდინარე ლეხურას ხეობა, სადაც ხარისხოვანი მეღვინეობის თვალსაზრისით საინტერესო სოფლებია. მათ შორის: საკორინთლო, სამთავისი და ჭალა. რიგი წლების მანძილზე ამ ხეობაში დამზადებული საცდელი ღვინის ნიმუშები ღებულობდა მაღალ შეფასებას. რქაწითელი, ალიგოტე (თეთრი ყურძნის ფრანგული ჯიში, რომელიც მე-19 საუკუნეშია შემოტანილი და ქართლში და იმერეთში კარგად იხარა), ჩინური და გორული მწვანე მეტად პერსპექტიული ჯიშებია ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინოების წარმოებისათვის. ამ სოფლებს უნდა მივათვალოთ ოკუპირებული ახალგორის თითქმის მთელი რაიონიც, სადაც ქართლის ჯიშები დღემდე დიდი ვენახების სახითაა შემორჩენილი, თუმცა მომვლელი ბევრ ვენახს უკვე აღარ ჰყავს.

რაკი ახალგორი ვახსენეთ, აქვე უნდა გავიხსენოთ ასევე ოკუპირებული დიდი და პატარა ლიახვის ხეობებისა და ფრონეს ხეობის სოფლები, სადაც ვენახები გაშენებული აღნიშნული მდინარეების მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე იყო (ვენახების უმეტესობა დღეს განადგურებულია). სოფლები: ერგნეთი, არკნეთი, ხეთაგუროვი, დიდმუხა, ნული, ავნევი, დვანი, ძლევისჯვარი, ბრეთი იძლევიან სრულფასოვან სუფრის თეთრ ღვინოებს და ხარისხოვან მასალას ცქრიალა ღვინოებისათვის. აქ ძირითადად გავრცელებულია ვაზის ჯიშები: გორული მწვანე, ჩინური, ბუდეშური, თავკვერი და შავკაპიტო. სამწუხაროდ, დღეს ამ სოფლებში ვენახების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აღარ მოგვეპოვება.
ქართლის წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის შავკაპიტო უნდა გამოვყოთ, რომელსაც როგორც წითელი მშრალი, ასევე წითელი ნახევრადტკბილი ღვინოების დასაყენებლად იყენებენ. შავკაპიტო ასევე გამოიყენება თეთრი ღვინის შესაფერად, რომელსაც რელიგიურ რიტუალებში იყენებენ ხოლმე. შავკაპიტო გავრცელებულია გორის, მცხეთის, კასპისა და ქარელის რაიონებში. ასევე ქვემო ქართლში, ბოლნისის რაონში, სადაც მცირე ნარგავების სახით გვხვდება. შავკაპიტოს, სამწუხაროდ, ბოთლში სულ ერთი ღვინის კომპანია `მეღვინეობა ხარება~ ასხამს და იმასაც მცირე რაოდენობით. ერთი ბოთლი შავკაპიტო დაახლოებით 25 ლარი ღირს და მოწონებით სარგებლობს ევროპის რამ-დენიმე ქვეყანაში.

ქართლის მეღვინეობის პრობლემას წარმოადგენს ჰიბრიდული ვაზის ჯიშების ფეტიშიზაციაც. დირბულა არის ჰიბრიდული ვაზის ჯიში, რომელსაც მოვლა თითქმის არ სჭირდება და ქარელის, ხაშურისა და ახალგორის რაიონებს სარეველასავით მოედო. დირბულასგან წითელი დაბალხარისხიანი ღვინო ყენდება, რომელიც ჯანმრთელობისათვის სასარგებლო რასაკვირველია არ არის. თუმცა, იმის გამო, რომ ამ ჰიბრიდულ ჯიშს მოვლა დიდად არ სჭირდება, ისეთ სოფლებშიც კი ნახავთ, რომლებიც ჩინურისა თუ გორული მწვანეს მოსაყვანად საუკეთესო მიკროზონებად ითვლებიან. 
 
როგორც სამეცნიერო გამოკვლევები და ისტორიული წყაროები გვამცნობენ, ქართული ვაზის 500-ზე მეტი საღვინე ჯიშიდან დაახლოებით ასამდე ჯიში ქართლის რეგიონზე მოდიოდა. თუმცა, კომუნისტურმა ხელისუფლებამ გათვლა მხოლოდ დიდმოსავლიან რამდენიმე ჯიშზე გააკეთა, რამაც ქართული ვაზის ასეულობით უნიკალური ჯიში გაქრობამდე მიიყვანა. ისტორიის წიგნებში ხშირად წაიკითხავთ ამბებს, ძველ დროში თუ როგორ გადაწვეს და გაჩეხეს ვენახები მტრებმა, რომლებიც ვენახებს პირველ ყოვლისა რელიგიური მოსაზრებებით არ სწყალობდნენ (რაც რთულად, მაგრამ მაინც გასაგებია). მაგრამ, წიგნებში სამწუხაროდ არაფერი წერია სულ სხვა მტერზე, რომელმაც ასეულობით ქართული ვაზის ჯიში უბრალოდ გააქრო და ამაზე მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. თუმცა ეს უკვე სულ სხვა სტატიის თემაა...

ლევან სეფისკვერაძე