ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
YAMAHA-ს აუხდენელი ოთხბორბლიანი ოცნება - #4(45), 2015)
გზა ორღანიდან ავტოწარმოებამდე

იაპონური კონცერნი Yamaha – ერთ-ერთი ყველაზე მრავალპროფილიანი, მსხვილი და ცნობადია მსოფლიოში. მისი ქვეგანყოფილებები აწარმოებს უმაღლესი ხარისხის უსწრაფეს მოტოციკლებს, თოვლმავლებს, ნავებს და აგრეთვე არანაკლებ მაღალი კლასის აუდიოკომპონენტებს. ბევრმა არ იცის, რომ Yamaha თანამშრომლობს საავტომობილო კონცერნებთან და აწარმოებს საკუთარ სუპერქარებსაც. თუმცა, მრავალი მცდელობის მიუხედავად ავტოწარმოებაში ფეხის საფუძვლიანად მოკიდებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. გასული წლის ბოლოს იაპონურმა კონცერნმა ამ მიმართულებით მორიგი ნაბიჯები გადადგა და სწორედ ეს გახდა ამ სტატიის დაწერის საინფორმაციო მიზეზი. 

ფირმის ისტორია სათავეს იღებს მე-19 საუკუნის ბოლოდან, როდესაც იაპონელმა ბიზნესმენმა ტორაკუსუ იამაჰამ სამედიცინო ინსტრუმენტების შემკეთებელი ფირმა დააარსა. ნაკეთობათა რემონტისას იამაჰას მიერ გამოჩენილმა პუნქტუალობამ და აკურატულობამ ერთ-ერთი კლიენტი ისე მოხიბლა, რომ ამ უკანასკნელმა თავისი ფისჰარმონიის შეკეთება სთხოვა. იამაჰა დათანხმდა და სამუშაო წარმატებითაც შეასრულა, რის შემდეგაც ორღანის საკუთარ ვარიანტზე დაიწყო მუშაობა. მუსიკალური ინსტრუმენტი ახლადგარემონტებული კონსტრუქციის საფუძველზე შეიქმნა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, `იამაჰას~ ორღანებმა საყოველთაო აღიარება და წარმატება არამხოლოდ იაპონიაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა. 

მუსიკალური ინსტრუმენტების განყოფილება კომპანიაში ყველაზე სწრაფად მზარდი გახდა. უკვე 1902 წელს `იამაჰამ~ როიალების გამოშვება დაიწყო, ოდნავ მოგვიანებით კი, ხის დამუშავებაში გამოცდილების გამოყენებით, ავეჯის წარმოებაც გახსნა. 1921 წელს კომპანია Yamaha-მ იაპონიის მთავრობის შეკვეთით დაიწყო იაპონური თვითმფრინავებისთვის ხის პროპელერების დამზადება, მოგვიანებით კი მეტალის კონსტრუქციაზე გადასვლა მოუწია, რამაც მისი მოქმედების არეალი კიდევ უფრო გააფართოვა. 

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე კომპანიამ კიდევ ერთი მუსიკალური ინსტრუმენტის წარმოება დაიწყო – გიტარების საკუთარი ხაზი დააარსა. 1955 წელს სამრეწველო წარმოებასა და მეტალის დამუშავებაში დაგროვებული გა¬მოცდილების წყალობით შეიქმნა განყოფილება Yamaha Motor Company, რომლის სადებიუტო მოდელი იყო მოტოციკლი Yamaha YA-1. სწორედ აქედან იღებს სათავეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოტოციკლების ბრენდ Yamaha-ს ისტორია. მუსიკალური ინსტრუმენტები და მოტოციკლები დღესაც რჩება იაპონური კომპანიის საქმიანობის ორ ყველაზე წარმატებულ მიმართულებად. 

1964 – YAMAHA A550X PROTOTYPE 

1960-იან წლებში ფირმის შტატში საქმიანობდნენ იაპონიის საუკეთესო ინჟინრები და კონსტრუქტორები. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მეორე იაპონური გიგანტის – Nissan-ის მესვეურებმა სპორტული ავტომობილის შექმნაში დახმარებისთვის სწორედ `იამაჰას~ სპეციალისტებს მიმართეს. მომავალი ავტომობილის საფუძვლად გამოიყენეს 1960 წლის გამოშვების როდსტერი Nissan Fairlady, კონსტრუქციის გაიაფებისთვის გამოიყენეს პროტოტიპის ჩარჩო და უკანა შეკიდება, კაპოტის ქვეშ კი `იამაჰას~ შექმნილი ორლიტრიანი და ოთხცილინდრიანი მოტორი დაამონტაჟეს. ავტომობილი, რომელმაც ქარხნის დოკუმენტაციაში მიიღო ინდექსი А550Х, `ნისანის~ ხელმძღვანელობას 1964 წელს წარუდგინეს, მაგრამ მოძველებული კონსტრუქციის გამო პროექტს მწვანე შუქი არ აუნთეს. Nissan-მა დამოუკიდებლად საქმიანობა განაგრძო და სულ მალე მოდელი Datsun 240Z გამოუშვა, ოთხივე ბორბლის დამოუკიდებელი შეკიდებით. 

Yamaha-ს პროტოტიპის პროექტი განუხორციელებელი დარჩა. თუმცა ეს დროებითი მოვლენა იყო – ავტომობილს თვალი ახლა უკვე მეორე იაპონური კომპანია `ტოიოტას~ ხელმძღვანელებმა დაადგეს. იმ დროს ერთ რიგით იაპონურ ფირმას სურდა დაემტკიცებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ არა მხოლოდ მცირელიტრაჟიანი, არამედ მაღალი დინამიკური მახასიათებლების მქონე სწრაფი ავტომობილების გაკეთებაც შეეძლო. `იამაჰას~ არსებული პროტოტიპ А550Х-ის საჭირო კონდიციამდე მისაყვანად ერთი წელი დასჭირდა. წინასასერიო ავტომობილი ახალი სახელწოდებით თოყოტა 2000 GT და სლოგანით `პირველი იაპონური სუპერქარი~ ტოკიოს მოტორშოუზე 1965 წელს წარადგინეს, სადაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და პოპულარობა იაპონიის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა. 

ახალი `ტოიოტას~ იერი იმდენად კოსმიური იყო, რომ ბევრმა მიიჩნია ავტომობილი მხოლოდ პროტოტიპად დარჩებოდა. უზარმაზარი კაპოტი, კაბინის წვეთისებური ფორმა და ქრომის ზღვა – იაპონური სუპერქარის დიზაინი აშკარად იქმნებოდა დასავლური ანალოგების მიხედვით. სკეპტიკოსები შეარცხვინეს, როდესაც ორწლიანი ცდების შედეგად ავტომობილი პირვანდელი სახით მცირესერიულ წარმოებამდე მივიდა. 

სერიული მოდელის გამოშვებამდე `ტოიოტას~ ხელმძღვანელობამ მძლავრი სარეკლამო კამპანია წამოიწყო – Toyota 2000 GT გადაიღეს `ბოევიკში~ ჯეიმს ბონდის შესახებ სახელწოდებით `ცხოვრობ მხოლოდ ორჯერ~. ფილმის სიუჟეტის მიხედვით მისი უდიდებულესობის აგენტი სპეციალური დავალებით ამომავალი მზის ქვეყანაში ჩადის, საგანგებოდ ფილმისთვის ორ ეგზემპლარად დამზადებულ თეთრ კაბრიოლეტს კი მისი იაპონელი მეგობარი გოგონა მართავდა. საინტერესო ფაქტი: თავდაპირველად დაგეგმილი იყო გადაღებაში კუპეს ტიპის ძარის მქონე ავტომობილის გამოყენება, მაგრამ ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი შონ კონერი... უბრალოდ ვერ ჩაეტია ავტომობილის სალონში. მოდელის ინტერიერის გადაღებაზე საუბარიც კი აღარ იყო. ვიდრე რეჟისორები გადასაღებად სხვა ავტომობილს მოიყვანდნენ, შეშინებულმა `ტოიოტას~ მესვეურებმა, სწრაფად გადაჭრეს სუპერქარის სახურავი და მასთან ერთად პრობლემაც და გადასაღებ მოედანზე ახლა უკვე კაბრიოლეტი შემოაგორეს. 

ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული სხვა ფილმების მსგავსად, `იაპონელიც~ აღიჭურვა ვიდეომაგნიტოფონით, ტელევიზორით, ჩამწერი დანადგარითა და ტელეფონით. სერიულ ვარიანტში გაჯეტთა მსგავსი რაოდენობა რა თქმა უნდა არ იყო და მყიდველს მხოლოდ რადიომიმღებით დაკმაყოფილება უწევდა. თუმცა, სალონი მდიდრულად იყო გაწყობილი ტყავითა და ხის პანელებით. ტორპედოზე განთავსდა მთელი რიგი ხელსაწყოები, რომელთა შორის იყო არამხოლოდ ჩვეული სპიდომეტრი და ტაქომეტრი. მაგალითად, ერთ ასეთ ხელსაწყოზე ტემპერატურისა და ზეთის წნევის მონაცემები ფიქსირდებოდა, პანელის ცენტრში კი მოდური მექანიკური საათი დაამონტაჟეს.
 
კონსტრუქციულად 2000 GT არ განსხვავდებოდა თავისი პროტოტიპისგან: მძლავრი ლონჟერონის ჩარჩო და დამოუკიდებელი წინა შეკიდება, უკან კი კვლავ არქაული კონსტრუქცია იყო. გრძელი კაპოტის ქვეშ იმალებოდა 6-ცილინდრიანი მოტორი Toyota 3M, რომელიც `იამაჰას~ მოტორისტებთან ერთობლივად დამზადდა. Mikuni-ს სამი ორკამერიანი კარბურატორით აღჭურვილი ძრავი 150 ცხენის ძალას ავითარებდა და თავის ენერგიას 5- საფეხურიანი სიჩქარეთა კოლოფის მეშვეობით უკანა ბორბლებს გადასცემდა. ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას იაპონური სუპერქარი 8,5 წამში ახერხებდა, მაქსიმალური სიჩქარე კი 220 კმ/სთ-ს აღწევდა. ამ ყველაფრის შედეგად Toyota 2000 GT წლების განმავლობაში რჩებოდა იაპონიაში წარმოებულ ყველა სწრაფ ავტომობილად. 

ყველა 2000GT დაამზადეს ჰამაცუში მდებარე `იამაჰას~ ქარხანაში, საერთო ჯამში კი გამოვიდა 351 ეგზემპლარი. არსებობდა მოდელის სარბოლი ვერსიაც, რომელიც მონაწილეობდა 1967 წლის იაპონიის სარბოლო ჩემპიონატში, სადაც ერთ-ერთმა ეგზემპლარმა Fuji-ს ტრასაზე გამართული 24-საათიანი ავტორბოლა მოიგო. 

1968 წელს კეროლ შელბიმ შეიძინა და გააძლიერა სამი Toyota 2000GT სარბოლო სერია SCCA-ში მონაწილეობისთვის. 

1992 – YAMAHA OX99-11 PROTOTYPE 

საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე Yamaha არ უბრუნდებოდა ავტომობილების თემატიკას და კონცენტრირებული იყო მოტოციკლების წარმოებაზე. ეს საქმე კი მას მართლაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა მსოფლიოში. კომპანიაში შეიქმნა ათეულობით წარმატებული კონსტრუქცია, კროსის მოტოციკლებით დაწყებული და მაღალსიჩქარიანი სპორტბაიქებით დამთავრებული. უდიდესი გამოცდილების წყალობით მარკის კონსტრუქტორები ქმნიდნენ ძრავებს, რომლებიც 18.000 ბრ/წთ-მდე ავითარებდნენ. ამიტომაც არავის გაკვირვებია, როდესაც 1989 წელს მათ დახმარებისთვის მიმართეს ფირმა Zakspeed-ის ხელმძღვანელებმა, რომლებსაც თავიანთი ფორმულა 1-ის გუნდის ახალი ბოლიდისთვის შესაბამისი მოტორი სჭირდებოდათ. მოგვიანებით ეს 3,5-ლიტრიანი V12 ძრავა ინდექსით OX-99 გამოიყენეს საკუთარ ავტომობილებზე Jordan-ის, Brabham-ისა და Tyrellის გუნდებმა. 

1992 წლიდან `იამაჰაში~ დაიწყეს საკუთარ სუპერქარზე ფიქრი, რომელიც ზემოთნახსენები მოტორით აღიჭურვებოდა და ფორმულა 1-ის სარბოლი ავტომობილებისა და საგზაო სუპერქარების ტექნოლოგიებს შეითავსებდა. ინგლისურ კომპანია IAD-ის დაუკვეთეს ავტომობილის კონცეფციის შემუშავება. თავდაპირველად მანქანა წარმოედგინათ `იამაჰას~ სპორტბაიქების 4-ბორბლიან ინტერპრეტაციად: განიხილებოდა, მაგალითად, ვარიანტი, სადაც მძღოლი და მგზავრი სალონში ერთი მეორის უკან – ტანდემად განლაგდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ერთი – მძღოლის სავარძელი განალაგეს მანქანის ცენტრში. `ავტომობილს ეგოისტისთვის~ საფუძვლად ედო ნახშირპლასტიკის მონოკოკი და პუსჰროდ-ის ტიპის ფორმულას ბოლიდის დამოუკიდებელი დაკიდება, მინაპლასტიკისვე პანელების დიზაინი შემუშავდა С-ჯგუფის ავტომობილების სტილზე. ცალკე საუბრის თემაა ავტომობილში მოთავსების ხერხი. ავიაგამანადგურებელის მსგავსი ხუფის გადახდის შემდეგ, პილოტი უნდა გადამძვრალიყო უზარმაზარ გვერდითა პანელებზე და ამგვარად მოთავსებულიყო საჭესთან. 

სუპერქარის ინტერიერი გააწყვეს მინაპლასტიკითა და ზამშით, წინა პანელზე კი განლაგდა ხელსაწყოების მთელი ბლოკი, რომელიც აკონტროლებდა ზეთისა და საწვავის წნევასა და ტემპერატურას, აგრეთვე 12.000 ბრ/ წთ-მდე გაწერილი ტაქომეტრი. 3,5-ლიტრიანი V12 ძრავი, რომელიც ყველაზე მკაცრ ეკოლოგიურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, პირდაპირ მონოკოკზე მაგრდებოდა, რის გამოც მუშაობისას სალონში მუდმივი ხმაური და ვიბრაცია იგრძნობოდა.მოტორის სიმძლავრე 420 ცხენის ძალაზე ხელოვნურად შეიზღუდა. 6-საფეხურიანი მექანიკური სიჩქარეთა კოლოფის მეშვეობით მოტორის მთელი სიმძლავრე ავტომობილის უკანა ბორბლებს გადაეცემოდა. 
კომპანიაში სუპერქარის სერიული წარმოების დაწყებას 1994 წელს გეგმავდნენ, მაგრამ იაპონიაში მძვინვარე ფინანსურმა კრიზისმა ამ ამბიციურ პროექტში კორექტივები შეიტანა. `იამაჰამ~ უბრალოდ ვერ მოახერხა კლიენტთა მოძიება, რომლებიც მზად იქნებოდნენ მილიონი დოლარი გადაეხადათ ძარაგადაცმულ და სანომრე ნიშნებიან სარბოლ ბოლიდში. ასეთი მთელ იაპონიაში მხოლოდ სამი ადამიანი გამოდგა და საბოლოო ჯამში სწორედ სამი სუპერქარ ОХ99-11-ის გამოშვება მოხერხდა – წითელი, ყვითელი და მუქი-ლურჯი ფერის. 

2015 – YAMAHA MOTIV.E CONCEPT  

საკუთარი ავტომობილის გამოშვების მცდელობისას განცდილი ფიასკოს შემდეგ იაპონური კომპანია იწყებს თანამშრომლობას ბევრ მსხვილ საავტომობილო ფირმასთან, მათთვის ძრავების დამზადებაში თავისი მომსახურების შეთავაზებით. მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ, 2015 წლის დასაწყისში `იამაჰამ~ გამოაცხადა ახალი კომპაქტური საქალაქო ავტომობილის შექმნის შესახებ. Yamaha Motiv.e გასული წლის შემოდგომას ტოკიოს ავტოსალონზე გამოაჩინეს. ავტომობილი დაპროექტებულია კონცეფცია iStream-ის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ, შეიმუშავა ცნობილმა ბრიტანელმა ინჟინერმა გორდონ მარიმ. iStream წარმოადგენს ტექნოლოგიურ ჯაჭვს, რომელიც სათამაშო კონსტრუქტორის მსგავსად ავტომობილის აწყობას გულისხმობს, მისი მთავარი იდეა კი წერტილოვან დადუღებაზე უარის თქმაა. კონსტრუქციის საფუძველს ფოლადის უბრალო ჩარჩო წარმოადგენს, რომელზეც მაგრდება პლასტიკის პანელები და ძალოვანი აგრეგატი. კონცეფციის ავტორის თქმით, iStream-ტექნოლოგიის ავტომობილების ამწყობი საამქროს განთავსებისთვის საჭიროა ფართი, რომელიც ჩვეულებრივი ქარხნის ტერიტორიის მხოლოდ 20 პროცენტს შეადგენს. 

მოდიფიკაციიდან გამომდინარე მიკროქარის აღიჭურვა შეიძლება, როგორც Zytek-ის 25-კილოვატიანი ელექტროძრავით, ასევე ერთლიტრიანი სამცილინდრიანი და 80-ცხენისძალიანი მოტორით, რომელიც საგანგებოდ ამ მოდელისთვის შეიქმნა. ორივე მოტორი მონტაჟდება უკანა ბორბლების წინ, სალონის იატაკის ქვეშ. 

ახალი მოდელის ორივე ვარიანტი 700 კილოგრამს იწონის, თუმცა დინამიკური მონაცემები განსხვავებული აქვს. ელექტროქარი, რომლის ლითიუმ-იონის აკუმულატორი ჩვეულებრივი ელექტროქსელიდან 3 საათში იტენება, მაქსიმუმ 105 კმ/სთ-ს ავითარებს და ამ მაქსიმუმის მიღწევისთვის დაახლოებით 15 წამი სჭირდება. მისი ბენზინის ანალოგი კი ამ მხრივ ბევრად საინტერესოა: აქ მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ია, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის კი 10 წამია საკმარისი. 

2015 – YAMAHA SPORTS RIDE CONCEPT  

საქალაქო ავტომობილთან ერთად ტოკიოს მოტორშოუზე წარმოადგინეს კომპაქტური სუპერქარიც, სახელწოდებით Sports Ride Concept. `იამაჰას~ სუპერქარის პირველი `პირატული~ სურათები ინტერნეტ-ქსელში პრემიერამდე ერთი თვით ადრე მოხვდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. ავტოსალონზე მოხდა პერსპექტიული ავტომობილის მხოლოდ მაკეტის წარმოდგენა, რომელსაც ძალოვანი აგრეგატიც კი არ ქონია. იმავე ტექნოლოგია iStream-ით აწყობილი ავტომობილი 3,9 მეტრის სიგრძისაა, აქვს ფოლადის ჩარჩო და მინაპლასტიკის ჭყეტელა გარე პანელები. ახალი მოდელი მომავალში მიიღებს 4-ცილინდრიან მოტორს და რობოტიზირებულ ტრანსმისიას. ამჟამად კომპანიაში სწორედ შესაბამის მოტორზე მუშაობენ. 

პერსპექტივები 

პირველი კონვეიერზე საქალაქო მოდელი Motiv.e უნდა მოხვდეს, რომელსაც საერთო მოხმარების გზებზე 2019 წელს ელოდებიან. შუაძრავიან სუპერქარ Sports Ride-ს საუკეთესო შემთხვევაში 2020 წელს ვიხილავთ. უფრო შორეულ პერსპექტივაში `იამაჰა~ გეგმავს იმავე ტექნოლოგია iStream-ით მცირე გაბარიტების ქროსოვერის კონსტრუირებას. 

საინტერესო ფაქტები 

ფირმა Yamaha-ს ლოგოტიპი წარმოადგენს სამ კამერტონთან შეფერებულ დამაარსებლის სახელს. ციფრი სამი შემთხვევით არაა შერჩეული და სიმბოლიზირებს კორპორაციის ფუძემდებლურ ფაქტორებს – კავშირს ტექნოლოგიებს, წარმოებასა და გაყიდვებს შორის. 

Yamaha-ს ინჟინერების მიერ შექმნილი მოტორებისგან აღნიშვნის ღირსია Ford Taurus SHO-ს V6 და V8; Lexus LFA-ს V10 და აგრეთვე V8, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა `ვოლვოს~ მოდელებზე. ყველა მათგანი იაპონური ფირმის ქარხანაში დამზადდა, Yamaha-ს იმ მოტორების საერთო რიცხვმა კი, რომელიც მხოლოდ Toyota-სა და Lexus-ის მოდელებზე დამონტაჟდა, უკვე სამ მილიონს გადააჭარბა. 

დიმიტრი ცხვარაძე