ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
ანდრე სიტროენი – ეპოქის ძრავი და საფრანგეთის სიამაყე - #3(48), 2016
...პარიზი, 1935 წელი, ელისეს მინდვრები, მოციმციმე რეკლამები მხოლოდ ერთ გვარს ასხივოსნებენ. იგივე გვარი აეროპლანებითა და პარაშუტებით ზეცაში დაეწერა. ღამის სიბნელეში უზარმაზარი ასოები ეიფელის კოშკზეც ბრწყინავენ. ყველა Citroen-ს ადიდებს. ეს მისი დიდების მწვერვალი გახლდათ. ყოველ ფირმას, რომელმაც წარმატებას მსოფლიოს მასშტაბით მიაღწია, რაღაც საყრდენი წერტილი აქვს, რითაც იწყებს გზას წარმატებისკენ. ისეთი სტარტი და ფინიში, როგორიც ანდრე სიტროენს ჰქონდა, ვერცერთი ბიზნესმენი დაიკვეხნის. 

ბრწყინვალე მეწარმე – ამტკიცებენ ერთნი, პატივმოყვარე შეშლილი, რომელმაც ფულის დათვლა არ იცოდა – მიაჩნიათ სხვებს. ლაპარაკია ერთ ადამიანზე – ანდრე სიტროენზე, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო სავაჭრო ნიშანი შექმნა. იგი პარიზში, 1878 წლის 5 თებერვალს დაიბადა. მამამისი, ოდესელი ებრაელი-იუველირი, ლიოვა ციტრონი იყო, რომელმაც რამდენიმე ათასი ფრანკის ოდენობით ქრთამის გადახდის სანაცვლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და იმავდროულად, გვარის გამოცვლაც შეძლო. პარიზული ჟანგბადი ყოფილი ოდესელისთვის სასარგებლო არ აღმოჩნდა. 

იგი საფრანგეთშიც წარმატებულმა ბიზნესმენი იყო – თანამფლობელი იმ საწარმოების, რომლებიც ძვირფასი ქვების (მათ შორის ალმასების) გადამუშავებასა და გაყიდვებს წარმატებით ახორციელებდა. ამის მიუხედავად, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით 1884 წელს დაასრულა. მიზეზი ვერ დაადგინეს. თავის მეუღლეს და ხუთ შვილს სოლიდური მემკვიდრეობა დაუტოვა. 

დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, მამის დაწყებული საქმე მის შვილს უნდა გაეგრძელებინა. ანდრეს ვაჭრობის სფერო არ იზიდავდა. 1889 წელს მან სწავლა უმაღლეს პოლიტექნიკურ სკოლაში დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ, საინჟინრო ჯარებში იმსახურა. შემდეგ თავისი მეგობრების, ძმები ესტენების სახელოსნოში დაიწყო საქმიანობა, რომელიც ორთქმავლებისთვის დეტალებს უშვებდა. 1905 წლიდან მათი კომპანიონი გახდა. ამ საქმეში მშობლებისგან მიღებული მემკვიდრეობა მთლიანად დააბანდა. მრავალრიცხოვან ნათესავებთან ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, პოლონეთში, ერთ-ერთი ფაბრიკის უკანა ეზოში იმ დროისათვის უჩვეულო კონუსის ფორმის კბილანა ბორბლები იპოვა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, მათი ფორმები კიდევ უფრო გააუმჯობესა და პატენტიც მიიღო. ეს კბილანა ყველასათვის უცნობმა პოლონელმა თვითნასწავლმა მექანიკოსმა შექმნა, რომლის გვარიც ისტორიას არ შემორჩა. სიტროენმა საკუთარი ნიჭისა და შორსმჭვრეტელობის წყალობით დროულად აღმოაჩინა, რომ ახალი ტექნოლოგია ძალიან პერსპექტიული იქნებოდა, იყიდა პატენტი და ქარხანაში მისი გამოშვება დაიწყო. ეს კბილანები იყო უფრო სრულყოფილი, ვიდრე კონკურენტების გამოშვებული იგივე სახის პროდუქცია. მასზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე ძალიან სწრაფად გაიზარდა. დამკვეთები გამოჩნდნენ ლონდონში, ბრიუსელსა და მოსკოვში, რამაც ქარხნის მფლობელებს უზარმაზარი მოგება მოუტანა. კონუსის ფორმის კბილანები უფრო მყარი აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე გამოყენებული, ამიტომაც პოპულარობა სწარაფად მოიპოვა. ამ კბილანების წარმატება ანდრე სიტროენმა იმდენად დაიჯერა, რომ ძმები ენსტენების სრულფასოვანი კომპანიონი გახდა, მიღებული მემკვიდრეობა ამ საქმეში მთლიანად დააბანდა. მან 1905 წელს ფირმა André Citroën & Cie შექმნა. ემბლემის სახით, ახალმა ფირმამ კონუსური კბილანების სქემატური გამოსახულება – ორი გადაბრუნებული V აირჩია, რომელიც დღემდე "სიტროენის" ავტომობილებს ამშვენებს. 

მზვერავი-მენეჯერი 

1908 წელს, ანდრე სიტროენი ძმები მორისების საავტომობილო კომპანია Могc-ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მიიწვიეს, რომელსაც იმ დროს ურთულესი პერიოდის გადალახვა უხდებოდა. მან წარმატებას სწრაფად მიაღწია. ავტომობილების წარმოება წელიწადში 125-დან 1200-მდე გაზარდა. იგი კონკურენტებს თვალს ყურადღებით ადევნებდა. ნებისმიერ წამყვან გამოცდილებას ითვისებდა. ამ მიზნით, სპეციალურად ამერიკა 1912 წელს მოინახულა. მისთვის ყველაზე მეტად შთამბეჭდავი ჰენრი ფორდის მიღწევები აღმოჩნდა. იდეებთან ერთად, ანდრე სიტროენმა ამერიკიდან სხვადასხვა ავტომობილის რამდენიმე ეგზემპლარი ჩამოიტანა. მოდელები ყოველმხრვ შემოწმებას გადიოდა, არაერთხელ დაშალეს და ააწყვეს, ჩაატარეს ანალიზი კონვეიერული აწყობის საკითხზე. ჩატარებული სამუშაოების მოცულობისა და მიზნების თაობაზე, მხოლოდ სიტროენმა იცოდა, სხვა ვერაფერს ხვდებოდა. გამოკვლევების ერთი ნაწილი ძმები მორსების ქარხანაში ტარდებოდა, ხოლო მეორე – კომპანია André Citroën & Cie-ში, რომელმაც საავტომობილო ბაზარზე პოზიციები საკმაოდ გაიმყარა. 

ანდრე მოქმედებდა როგორც ნამდვილი რევოლუციონერი. საინტერესოა ის, რომ მას საკუთარი ინტერესები რუსეთშიც ჰქონდა. მოსკოვში მუშაობდა ერთობლივი საწარმო, ამხანაგობა `კბილანები-Citroën~.
 
1914 წელს, სიტროენმა კომპანია Могს-ი დატოვა. თავდაცვითი შეკვეთის მიღების შემდეგ, კრედიტით ქარხანა ააშენა, რომელიც ფრანგული არმიისთვის ჭურვებს უშვებდა. საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის პერიოდში, მან ინჟინრებს ავტომობილთა პროექტების წარდგენა სთხოვა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სიტროენმა იმავე სამრეწველო მოედანზე საავტომობილო კომპანია დააარსა. იგი იმ დროისათვის იგი უკვე კარგი ბიზნეს-რეპუტაციით სარგებლობდა. 

რევოლუციონერი ავტომრეწველი 

კომპანია `სააქციო საზოგადოება სიტროენის~ დაფუძნების ოფიციალურ თარიღად 1919 წელი დამკვიდრდა. ამ კომპანიის მუშაობის პირველ დღეებში მისი ქარხნიდან დღეში 30 ავტომობილი გამოდიოდა. ეს იყო მარტივი და სამართავად მსუბუქი ავტომობილები, რომლებსაც `მოდელი А~ უწოდეს, ის ასევე ცნობილი იყო სახელწოდებით `10 PS 8/10~. ეს ავტომობილი ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვა, რომლის მოცულობა 1327 სმ3 იყო, ჰქონდა 18 ცხენის ძალა და 65კმ/სთ-ს ავითარებდა. პირველი `სიტროენი~ გახდა ფაქტობრივად პირველი სერიულად წარმოებული ავტომობილი ევროპაში. 

ანდრე სიტროენმა მანამდე არნახული სიახლეები არა მარტო წარმოებაში, არამედ გაყიდვების, ავტომობილების მომსახურების მიმართულებითაც დანერგა. სწორედ ის არის ავტორი იდეისა, რომელიც ავტომშენებლობისადმი კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს. ანდრე სიტროენი მრავალჯერ იმეორებდა: `ავტომობილების გაყიდვით, ჩვენ სერვისსაც ვყიდით: იგულისხმება ტექნიკური მხარდაჭერა, მომსახურება, რემონტი, კრედიტების გაცემა~. 

სიტროენმა საკუთარი სიტყვები საქმეებითაც გაამყარა: პირველმა შექმნა საკრედიტო საზოგადოება მრეწველებისთვის, სათადარიგო ნაწილების კატალოგი, სათადარიგო ნაწილების საწყობი ავტომფლობელთათვის, ავტომობილის გაყიდვის შემდეგ ავტომომსახურების სამსახური, რომელიც მის მფლობელს 1-წლიანი გარანტიის უფლებას ანიჭებდა, უფასო დათვალიერებასთან ერთად; სამომხმარებლო კრედიტის ევროპული საზოგადოება SOVAC, გზებზე უბედური შემთხვევების თავიდან არიდების (გაფრთხილების) სამსახური, სერვისისა და შეკეთების სტანდარტული სახელმძღვანელო, აგრეთვე მითითებები და სიები სათადარიგო ნაწილების გამოსაცვლელად. ასევე სანიმუშო იყო წარმოების ორგანიზაცია. 

სიტროენმა პირველმა ევროპულ ავტოწარმოებაში ტეილორის მეთოდი დაამკვიდრა, რომლის მიხედვითაც ყოველი ქარხნის სპეციალიზაცია ცალკე აღებული ერთი სახეობის პროდუქციის გამოშვება იყო, ხოლო ავტომობილის აწყობა ცალკე საწარმოში ხდებოდა. ავტოწარმოების ახლებურად ორგანიზებამ ანდრე სიტროენს იმის საშუალება მისცა, რომ 1930 წლისთვის წელიწადში თითქმის 100 000 ავტომობილის გამოშვების დონემდე მიეღწია. მან პირველობა ევროპელ ავტომრეწველთა შორის მოიპოვა. 

ეპოქის შემქმნელი 

სიტროენი სხვის იდეებსა და პროექტებს ავტომშენებლობაში დიდი ხალისით აქცევდა ყურადღებას, ისინი სრულყოფილებამდე მიჰყავდა. მან პირველმა ფრანგებს შორის დაიწყო ისეთი ავტომობილების გამოშვება, რომლებსაც ფოლადის ძარა ჰქონდათ, რის შემდეგაც ისინი უფრო მსუბუქი, მყარი, მოსახერხებელი, უსაფრთხო და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ხდებოდა. ეს იდეა მან იტალიური Lancia-დან გამოიყენა. 

ამერიკული `კრაისლერისგან~ მან ძრავების განთავსებისა და დამაგრების იდეა პატენტის სახით შეიძინა. განსაკუთრებული მეთოდით დამაგრებული ძრავი პრაქტიკულად აღარ ქმნიდა ვიბრაციებს, უფრო უხმაურო გადაადგილებას უზრუნველყოფდა. ამერიკელთა მიბაძვით, ანდრე სიტროენმა პირველმა ევროპელთაგან, ავტომატური გადამცემი კოლოფი გამოიყენა. 

სხვების გამოცდილების დამკვიდრების მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიტროენმა საკუთარი ავტომობილის შექმნა შეძლო, რომელმაც მას სახელი და დიდება მსოფლიოს მასშტაბით მოუტანა და მრავალი წლის განმავლობაში საავტომობილო მოდის კანონმდებლად დაამკვიდრა. ავტომობილი, რომელმაც სამყარო დაიპყრო, იყო მოდელი Traction Avant, რაც ინგლისურად `წინა წამყვანს~ ნიშნავს. წინა საბურავების ავტომატურად ამოძრავების იდეამ სიტროენი მანამდე დიდი ხნით ადრე გაიტაცა. მას მშვენივრად ესმოდა, რომ წინა წამყვანის დაყენება ავტომობილის კონსტრუქციას გაამარტივებდა, იგი გახდებოდა უფრო მსუბუქი, იაფი. 1930-ანი წლების დასაწყისში, სიტროენმა მთელი თავისი ძალისხმევა ამ კონსტრუქციის შექმნისკენ წარმართა. ყველა ტექნიკური მიღწევა ამ მიმართულებით მონდომებით შეკრიბა. 

შეთავაზებული სიახლე მყიდველს ძალიან მოეწონა. ავტომობილი შეიქმნა უფრო მეტად კომფორტული, ძალიან ძლიერი და გზებზე ყველასათვის მოქნილი. ორი ლიტრის მოცულობის ძრავა 46 ცხენის ძალის იყო, რომელიც წამში 3 200 ბრუნს აღწევდა. ორიგინალური საჭის მექანიზმი, ბარაბნისებრი მუხრუჭები, ჰიდრომექანიზმით, ავტომობილის გადაადგილების სიმსუბუქეს უზრუნველყოფდა. ამ ტიპის პირველი სერიული ავტომობილები ძალიან მოწონდათ კინოსა თუ პოლიტიკის ვარსკვლავებს, მაფიოზებსა და მხატვრებს. 
Avant-ი გენერალ დე გოლის პირადი ავტომობილი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტის ოფიცრები მას საშტაბო ავტომობილის რანგში იყენებდნენ. მთავარი მაინც ის იყო, რომ მოდელმა Traction Avant-მა ავტომობილთა ახალი ეპოქა გახსნა, რომლის შექმნის მთავარი იდეა წინა ბორბლების ავტომატური მექანიზმით ამოძრავებას გულისხმობდა. 1934-1957 წლებში ამ მოდელის 759 123 ავტომობილი დამზადდა, რაც მის პოპულარობაზე მიუთითებს. `სიტროენი~ ეიფელის კოშკის მსგავსად საფრანგეთის სიმბოლოდ გადიქცა. 

რეკლამის გენიოსი 

საავტომობილო ოლიმპზე ანდრე სიტროენის ასვლა ყველაზე მეტად მისი რეკლამის მიმართ ნოვატორული მიდგომით აიხსნება. მისი ორგანიზებით მასშტაბური სარეკლამო ავტოგარბენები განხორციელდა. ავტორალი `პარიზი-დაკარის~ წინამორბედი იყო `შავი გადასასვლელი~ – ავტოგარბენი, რომლის დროსაც `სიტროენის~ ავტომობილებმა ჩრდილოეთ აფრიკის ნახევარი გადაკვეთეს. `ყვითელი გადასასვლელის~ დროს ფრანგულმა ავტომობილებმა ბეირუთიდან პეკინისკენ მიმავალი უმძიმესი გზა გადალახეს. `სიტროენებმა~ თვით არქტიკულ ყინულებამდეც მიაღწია. 

ყველაზე შთამბეჭდავი სარეკლამო `ტრიუკების~ დადგმა ანდრე სიტროენმა მაინც პარიზში მოახერხა. ერთხელ, საფრანგეთის დედაქალაქის თავზე, სპეციალურად დაქირავებულმა ბრიტანულმა თვითმფრინავმა ოთხმეტრიანი ასოებით `სიტროენი~ დაწერა, რომლის სიგრძე 5 კილომეტრი იყო. 1925 წელს, ანდრე სიტროენმა რეკლამის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სარეკლამო პროექტის `ცეცხლში გახვეული ეიფელის კოშკი~ განახორციელა. ერთმანეთის მიყოლებით კოშკზე ათი გამოსახულება ინთებოდა, რომელთაგან ბოლო ფრანგი ავტომრეწველის გვარი სიტროენი ინთებოდა. ამ დიდი მასშტაბის ილუმინაციის შექმნისთვის 250 000 ნათურა და 60 კილომეტრი ელექტროსადენი იყო საჭირო. ეს ეფექტური სანახაობა პარიზელებისა და უცხოელების თვალებს 1934 წლამდე ახარებდა. სიტროენმა სარეკლამო მიზნით ბავშვებიც კი ჩართო. სპეციალური საწარმო სათამაშო `სიტროენებს~ უშვებდა. ყოველწლიურად 200 000 ასეთი ავტომობილი იქმნებოდა – დაწყებული ზუსტი სამოდელო ასლიდან და მუხრუჭიანი ავტომობილებით დამთავრებული. 

მომაკვდინებელი შეცდომა 

ბედნიერი მომავლის განმაცვიფრებელი რწმენა ფრანგული ავტომშენებლობის ტიტანისათვის სრული კრახით შემოტრიალდა. 1933 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. სიტროენმა, იმის მაგიერ, რომ წარმოება შეემცირებინა, ახალი მოდელის შემუშავება დაიწყო, ჩაუშვა წარმოებაში და უფრო მეტიც, უზარმაზარი კრედიტი საწარმოს რეკონსტრუქციისთვის აიღო. მან გადაწყვიტა ჟაველის სანაპიროზე მდებარე ქარხნების სრული რეაბილიტაცია განეხორციელებინა. რეკონსტრუქცია რეკორდულად მოკლე დროში, 5 თვეში განხორციელდა. ახალი საწარმოების საერთო ფართობმა 55 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია. იგი იმედოვნებდა, რომ გიგანტური უწყვეტი საწარმოო ხაზი დღეში 1000 ავტომობილს გამოუშვებდა! ეს იმ დროში ფრანგული საავტომობილო ბაზრის მთლიანი მოხმარების მოცულობა იყო. გიგანტომანია, რომელმაც სიტროენი შეიპყრო, საბოლოო ჯამში მის წინააღმდეგ შემოტრიალდა.
 
ფრანგი ბიზნესმენის აქილევსის ქუსლი ყოველთვის წამოწყებული საქმის ფინანსური მხარე იყო. საკუთარი რისკის შემცველი პროექტების განსახორციელებლად უზარმაზარ ინვესტიციებს მოიზიდავდა, თვითონ ვალებით ცხოვრობდა. ფულის მისეული მოთხოვნები საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს ყოველთვის უსწრებდა. უდიდესი რისკის საზღაური მან 1934 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პიკზე გადაიხადა. კრედიტორებმა ვალის დაბრუნება მალე მოითხოვეს. 1934 წლის აპრილსა და სექტემბერს შორის პერიოდში, მისი ფირმისგან 830 მილიონი ფრანკის მოცულობის ვალის დაფარვა მოითხოვეს. სიტროენის კომპანია სრული გაკოტრებისგან მხოლოდ საფრანგეთის მთავრობის დროულმა ჩარევამ გადაარჩინა. ანდრე სიტროენი იძულებული შეიქმნა აქციების 60% ძირითადი კრედიტორისთვის, ცნობილი ფირმა `მიშლენისთვის~ გადაეცა. 
კრედიტორებმა სიტროენს ახალი სესხის გაცემაზე უარი განუცხადეს, ხოლო ავტომობილებზე მოთხოვნების მკვეთრმა ვარდნამ მას ხელი შეუშალა საკუთარი ფულით კრიზისისთვის თავი დაეღწია. დაფინანსების წყაროს მოძიების რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სიტროენმა საკუთარი თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. 1935 წლის 31 იანვარს მან კომპანიის პრეზიდენტის უფლებამოსილებანიც დატოვა და საქმეებს მთლიანად ჩამოშორდა. 

ყოველი ადამიანი არა მარტო საკუთარი ბედნიერების მჭედელია, არამედ საკუთარი კეთილდღეობის მესაფლავეც. ეს მოსაზრება იდეალურად აღწერს ანდრე სიტროენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მისი აზრით `თუ ჩანაფიქრი კარგია, ღირებულებას მნიშვნელობა არ აქვს~. მისი სახელი და დაარსებული ფირმა, უფრო ფრთხილი კონკურენტებისგან განსხვავებით, უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა იმის მიუხედავად, რომ აღმასვლა და დაღმასვლა მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი იყო. მან ვერ იხილა სახალხო ავტომობილი Citroën 2CV-ის ტრიუმფი და ვერც ავტომობილების `ქალღმერთის~ – Citroën DS-ის წარმატება... ანდრე სიტროენი გამწვავებული წყლულის შედეგად 1935 წლის მარტში საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო იმავე წლის 3 ივლისს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 
"მესიე ექსტრავაგანტურობა"  

ანდრე სიტროენი საფრანგეთის კუმირი იყო – მისი გვარის შვიდი ასო ცხრა წლის განმავლობაში (1925-1934) ეიფელის კოშკზე ენთო და რესპუბლიკაში პრეტენზია არავის გამოუთქვამს. მის პიროვნებასა და საქმიანობაში თავი მოიყარა მეწარმის პრაქტიკულობამ, ინჟინრის მომჭირნეობამ, მარკეტოლოგის სითამამემ. ასობით ათასი ავტომობილის წარმოებისას, იგი უზარმაზარ ყურადღებას გასაღების საკითხებსაც უთმობდა. მისთვის დაუჯერებელ სარეკლამო კამპანიებს გეგმავდა და ახორციელებდა. 

საფრანგეთის უცნობილესი სიმბოლოს – ეიფელის კოშკის გამოყენება სარეკლამო სიბრტყის რანგში სულაც არ ყოფილა ფრანგი ავტომრეწველის ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო პროექტი. 250 ათასი ელექტრონათურა და 600 კილომეტრი ელექტროსადენი სათვალავში არ არის ჩასაგდები სხვა პროექტებთან შედარებით, რომელიც სიტროენმა განახორციელა. საკუთარი ავტომობილების საიმედოობის დასამტკიცებლად, 1920-1930 წლების პერიოდში, მან რამდენიმე მასშტაბური ავტოგარბენი ყველაზე გაუვალ კონტინენტებზე განახორციელა. 

თავდაპირველად, `სიტროენებმა~ საჰარის უდაბნო, შემდეგ მთლიანად აფრიკა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ალჟირიდან კეიპთაუნამდე (`შავი ლაშქრობა~), მოგვიანებით კი აზია მთლიანად, ბეირუთიდან პეკინამდე (`ყვითელი ლაშქრობა~) გაიარეს. არანაკლებ კრეატიული იყო სხვა აქციებიც: პარიზის თავზე ზეცაში დაიწერა კომპანიის სახელწოდება, რომელიც პარიზის მეშვიდე ავტოსალონის გახსნას მიეძღვნა. ამავე კომპანიის ეგიდით გამოვიდა საკუთარი საგზაო ნიშნების სერია (Citroën-ის ლოგოტიპით), რომელიც მთლიანად საფრანგეთის ტერიტორიაზე განთავსდა. ისინი მძღოლებს სხვადასხვა საფრთხეების თაობაზე აფრთხილებდა. ამ ფონზე ალბათ ჩვეულებრივი ამბავია ანდრე სიტროენის მიერ განხორციელებული სხვა პროექტები: მისი ავტორობით შეიქმნა კონცეპტუალური ავტოცენტრი Citroën Marbeuf Garage მინის კედელი-ვიტრინით. 

პარიზის მორიგი ავტოშოუს ჩატარების პერიოდში ავტოქარხანაში, ჟაველის სანაპიროზე ექსკურსიის მოწყობა სათვალავში ჩასაგდები სულაც არ არის. გავიდა 20 წელზე მეტი და მადლიერმა თანამემამულეებმა ჟაველის სანაპიროს – ანდრე სიტროენის სანაპირო უწოდეს. მისი სახელი საუკუნეების განმავლობაში მრავალი თაობის მეხსიერებას შემორჩება, მთავარი როლი ამაში თვით ბიზნესისა და ინჟინერიის გენიოსმა ითამაშა. 

ანდრე სიტროენის სიახლენი, რომელმაც საავტომობილო ბიზნესი შეცვალა 

რეკლამა – ვაჭრობის ძრავი 

თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ ანდრე სიტროენმა საავტომობილო რეკლამა შექმნა. გაზეთებში ადგილების შესყიდვა დაიწყო, სადაც საკუთარ ქარხნებზე წერდა, უჩვენებდა ვიდეორგოლებს კინოსეანსების დროს, არიგებდა სარეკლამო ფურცლებს. უკვე ითქვა ავტოგარბენების თაობაზე აზიასა და აფრიკაში, სარეკლამო ტრიუკებზე, რომლის დროსაც ზეცაში Citroёn დაიწერა, ეიფელის კოშკზეც იგივე სიტყვა მრავალი წლის განმავლობაში ენთო. სიტროენის კომპანიამ ბავშვებისთვისაც დაიწყო საკუთარი მოდელების შემცირებული ასლების წარმოება. დღემდე, ამ კომპანიის ნებისმიერი რეკლამა მინი-შედევრს წარმოადგენს, ხოლო მთლიანობაში `საავტომობილო რეკლამა~ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად იქცა მსოფლიოს მასშტაბით. 

უმჯობესია ერთხელ ნახო 

სიტროენი თვლიდა, რომ სარეკლამო განცხადება ვერასოდეს შეცვლიდა პროდუქტის ცოცხლად დემონსტრაციას. მის მაღაზიას ელისეს მინდვრებზე მინის ვიტრინები ჰქონდა, სადაც სიტროენის ქარხანაში წარმოებული ავტომობილები მოჩანდა. თავისი არსით ეს პირველი სადღეღამისო სარეკლამო ჩვენება იყო. 

შეძენა სესხით 

ანდრე სიტროენმა ასევე დააწესა საკრედიტო პროგრამები ავტომობილების შესაძენად. იგი თითქმის ყოველთვის ვალებით ახორციელებდა საკუთარ პროექტებს. სწორედ ამიტომ, მან თანამემამულეებს პირველმა შესთავაზა ავტომობილი სესხით შეეძინათ. პირველი საფირმო საკრედიტო პროგრამები 1922 წლიდან გამოჩნდა: სესხს 12 ან 18-თვიანი ვადით გასცემდნენ.
 
ყიდის ის, ვინც აწარმოებს 

ანდრე სიტროენი თვლიდა, რომ ავტომობილების გაყიდვის პროცესი გამარტივდება, თანაც უკეთესად განხორციელდება, თუკი საფირმო მაღაზიებს ერთნაირი სტანდარტები ექნებოდა და ერთი ქსელის შემადგენლობაში შევიდოდა. ამის შედეგად, `სიტროენის~ დილერთა რაოდენობა მისი არსებობის პირველივე ეტაპზე 5 ათასამდე გაიზარდა. მათი თანამშრომლები სპეციალურ კურსებს გადიოდნენ, სხვა დანარჩენთან ერთად სწავლობდნენ ავტომობილის მართვასაც. გამყიდველები სარგებლობდნენ რეკლამისა და მომსახურების ერთიანი სტანდარტებით. ამჟამად, ეს ყოველივე ავტომწარმოებლებისთვის აუცილებელ და დამკვიდრებულ ნორმად ითვლება. ასი წლის წინ, მსგავსი მიდგომა უცხო ხილი გახლდათ. 

სატრანსპორტო ქსელის განვითარების მცდელობა აფრიკაში 

საჰარის უდაბნოში მოწყობილი წარმატებული ავტოგარბენის შემდეგ, რომელშიც ნახევრადმუხლუხოებიანი, Citroën Type A-ს ბაზაზე აწყობილი ავტომობილები მონაწილეობდნენ, მან 1924 წელს `სიტროენის ტრანსაფრიკული კომპანია~ (Citracit) შექმნა. ორი წლის განმავლობაში, ამ პროექტის ინფრასტრუქტურაში ფულისა და ძალისხმევის დაბანდების შემდეგ, ანდრე სიტროენმა ბელგიელი მონარქები ტურნეში მიიწვია. უცნობი წარმოშობის წერილმა შესაძლო საფრთხის თაობაზე მარშრუტზე ადგილობრივი ტომებისგან, არისტოკრატების მოგზაურობა გადადო, ხოლო სიტროენმა ეს პროექტი თითქმის გაანადგურა. 

სერვისი, გაყიდვის შემდგომი მომსახურება, ინდივიდუალური მიდგომა 
ანდრე სიტროენმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე – მყიდველების მომსახურება ავტომობილის გაყიდვის შემდეგ დანერგა. იგი მათ გარანტიას აძლევდა, რომ შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილებზე ერთიან ფასებს დაუწესებდა. 1923 წელს კომპანიამ `სათადარიგო ნაწილების კატალოგი~ და `სარემონტო სამუშაოების ცნობარი~ გამოუშვა. უკვე ერთი წლის შემდეგ, სიტროენმა საკუთარი დილერები დაავალდებულა კლიენტების მომსახურებისას ის სათადარიგო ნაწილები გამოეყენებინათ, რომელიც მხოლოდ მის ქარხნებში იქნებოდა წარმოებული. ანდრე სიტროენი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა უმაღლესი რანგის კლიენტების მომსახურებას. სერიული ავტომობილების გადაკეთება დამკვეთების მოთხოვნებისამებრ ხორციელდებოდა. ეს ზრდიდა ავტომობილის დამზადების ვადებსა და ღირებულებას. მდიდრები ლოიალური მყიდველები ხდებოდნენ. 

გამოგონებები, რომლებიც არ ყოფილა 

ანდრე სიტროენი გამომგონებელი არ ყოფილა, მაგრამ იგი დროულად აცნობიერებდა სხვადასხვა პატენტის პოტენციალს და მნიშვნელობას. მათ ყიდულობდა, შემდეგ ფართო წარმოებაში ნერგავდა. ბუნებით დაჯილდოებული იყო ავანტიურისტის თვისებებით, ამიტომაც იმ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს იღებდა, რომელსაც კონკურენტები თავს არიდებდნენ. სხვა ყველაფერთან ერთად, ამიტომაც იქცა იგი თავისი დროის წამყვან ავტომწარმოებლად და ისტორიაც არ ივიწყებს. ნოვატორს დათვური სამსახური გაუწია სრულყოფილებისკენ დაუოკებელმა ლტოლვამ. იმ დროისათვის `ზედმეტად~ მიჩნეული ავტომობილების პროგრესული კონსტრუქციები კონფლიქტს იწვევდა ჩვეულებრივ ტექნოლოგიებთან შეჯახებისას, რაც უსაფრთხოებასა და გაყიდვების მოცულობას ამცირებდა. 

გაუმარჯოს "სიტროენს"! 

ანდრე სიტროენმა ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმდენი რამის შექმნა მოასწრო, რომ მისი სახელი (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) უკვდავების შარავანდედით შემოსა. მისი სახელობის ავტომობილები კვლავაც პოპულარული და ცნობადია მსოფლიოში. თავის დროზე, საფრანგეთის პრეზიდენტების გადაადგილება მხოლოდ მოდელ Citroën SM-ის მეშვეობით ხორციელდებოდა, რომელიც იმ ეპოქის ერთ-ერთი ინოვაციური ავტომობილი გახლდათ. ყველაზე დიდი ნაკლი მაინც ის იყო, რომ ექსტრავაგანტურობას დიდი მოგება არ მოუტანია. 

1970-ანი წლების შუაგულში სანავთობე კრიზისი დაიწყო. ფირმა `სიტროენის~ მოდელები დიდი ოდენობის საწვავს მოიხმარდნენ, ამიტომ მათი გაყიდვების მოცულობა შემცირდა. 1974 წელს სუფთა პრაგმატული მოსაზრება გახდა იმის მიზეზი, რომ იგი საავტომობილო კონცერნ `პეჟოს~ შეუერთდა. `ანგარიშიანი ქორწინების~ წყალობით, სიცოცხლე გადაირჩინა, მაგრამ პრაქტიკულად მთლიანად დაკარგა საკუთარი ინდივიდუალობა – დიდი ხნის განმავლობაში გახდა `როგორც ყველა~... 1976 წელს საავტომობილო ჯგუფმა `პეჟომ~ `სიტროენის~ აქციების 89,95% შეიძინა და ჰოლდინგური კომპანია `PSA~ შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც Citroën SA და Peugeot SA შევიდა. 

`სიტროენის~ საქმეები მკვეთრად მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც 1997 წელს კონცერნის მეთაური ჟან მარტინ ფოლცი გახდა. იგი საკუთარი მასწავლებლის ღირსეული მემკვიდრე აღმოჩნდა. საკუთარი ძალისხმევა მან მთლიანად `შემოქმედებითი გარდაქმნისკენ~ და სავაჭრო ნიშნის იმიჯის განახლებისკენ მიმართა. 2000 წელს საავტომობილო კომპანია `სიტროენმა~ არსებობის მანძილზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ერთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ავტომობილი გაიყიდა, რისთვისაც ჟურნალმა `ფორბსმა~ ჟან მარტინ ფოლცი `მესამე ათასწლეულის ბიზნესმენად~ დაასახელა.
 
მისი ხელმძღვანელობით, `სიტროენის~ მიერ გამოშვებული ავტომობილების იერსახე მთლიანად შეიცვალა. ყველა მოდელმა შესანიშნავი სტილის დიზაინი მიიღო, დაიხვეწა მათი ტექნიკური მახასიათებლები, რისი შედეგიც სავაჭრო ბრუნვის 52%-ით ზრდა გახლდათ. დღეისათვის, ფრანგული ავტოკონცერნი ევროპაში თავისი მოცულობის მიხედვით არის მეორე ავტომწარმოებელი ევროპაში, რომლის წილი რეგიონში 13%-ზე მეტია. 2007 წელს ძალაში შევიდა `PSA~-ს რესტრუქტურიზაციის პროგრამა. ახალი სტრატეგიის შესაბამისად, `სიტროენის~ სავაჭრო ნიშნით გამოშვებულ ავტომობილებს, რომლებიც თავიდანვე შთაგონებით იქმნებოდა და არ ჰგავდა სხვებს, ოდესღაც ფრანგების სიამაყე იყო, წინანდელ დიდებას დაუბრუნებენ. 

ეს ავტომობილები იქნება სანიმუშო – უმაღლესი ხარისხისა და წამყვანი ტექნოლოგიების მიხედვით. ამის დასტურია სხვადასხვა საავტომობილო კორპორაციებთან კოოპერაციის მაგალითებიც: კომპანია BMW-სთან თანამშრომლობა ბენზინის ძრავებთან დაკავშირებით 2006 წლიდან, ჰიბრიდულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კი 2011 წლიდან დაიწყო. 2012 წლის დასაწყისისთვის, ამ ორმა კომპანიამ ერთობლივი ძალისხმევით 2,3 მილიონზე მეტი ძრავა გამოუშვა. 2002 წელს ამ ორმა კომპანიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც უნდა შემუშავებულიყო და ეწარმოებინათ ახალი სახეობის ძრავები 1,4 და 1,6 ლიტრის ტევადობით B, C, D საბაზრო სეგმენტის ავტომობილებისთვის. 

2006 წელს დაიწყო იმ ავტომობილების გაყიდვა, რომლებიც ახალი თაობის 1.6THP ძრავით იყო აღჭურვილი. 2007 წელს შეიქმნა ძრავები 1.4VTI და 1.6VTI, ხოლო 2010 წელს, ამავე ფირმის ავტომობილები მეორე თაობის 1.6THP ძრავით აღიჭურვა. 

2010 წელს ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას თანამშრომლობის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მესამე თაობის 1,6 ძრავები Euro-VI-ის ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო. 

2011 წელს შეიქმნა ახალი ევროპული ერთობლივი საწარმო, რომლის შემადგენლობაში BPC Electrification GMBH (გერმანია), BPC Electrification SAS (საფრანგეთი) და BPC Electrification BV (ნიდერლანდები) შევიდნენ. ისინი ორიენტირებული იყვნენ ჰიბრიდული ტექნოლოგიების შექმნასა და დანერგვაზე. 

იტალიურ `ფიატთან~ კოოპერაცია 1978 წლიდან დაიწყო, რომელიც მსუბუქი კომერციული ავტომობილების შექმნას გულისხმობდა. 2012 წლის დასაწყისისთვის, ამ კომპანიებმა 7,2 მილიონზე მეტი ავტომობილი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გამოუშვეს. ასევე ნაყოფიერი აღმოჩნდა ჰოლდინგური კომპანია PSA-ს თანამშრომლობა კომპანია `ფორდთან~. მათი თანამშრომლობა 1982 წლიდან, დიზელის ძრავების შექმნით დაიწყო, ხოლო 2012 წლისთვის მათ ერთობლივად 23,2 მილიონი ამ სახეობის ძრავა გამოუშვეს. 1982 წელს შეიქმნა Ford Siera-ს ახალი მოდელი, რომელიც ძრავა PSA XD2-ით იყო აღჭურვილი (YTR და YTT `ფორდის~ მარკირებით). 1998 წელს, ამ კომპანიებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თანამშრომლობის თაობაზე. მათ ერთობლივად უნდა შეექმნათ და დაენერგათ დიზელის სხვადასხვა ტიპის ძრავები ნებისმიერი საბაზრო სეგმენტის მსუბუქი ავტო-მობილებისთვის. 2001 წელს დაიწყო იმ ავტომობილების გაყიდვა, რომლებიც პირველი თაობის 1.4HDI დიზელის ძრავით იყო აღჭურვილი. 

2003 წლიდან დაიწყო იმ ავტომობილების გაყიდვები, რომლებიც მეორე თაობის დიზელის 1.6HDI და 2.0HDI ძრავებით იყო აღჭურვილი. ასევე წარმოებაში ჩაეშვა პირველი ექვსცილინდრიანი ძრავა 2.7HDI. 2005 წლიდან დაიწყო იმ მსუბუქი და მსუბუქი კომერციული ავტომობილების გაყიდვა, რომლებსაც პირველი თაობის დიზელის ძრავა 2.2HDI ჰქონდა. 2006 წელს ამ კომპანიების ერთობლივი წარმოება მსოფლიოს ლიდერი გახდა დიზელის ძრავების წარმოების მიმართულებით. 2009 წელს წარმოებაში ჩაეშვა დიზელის ძრავების მორიგი ახალი თაობები 1.4HDI-II, 1.6HDI-III, 2.0HDI-III, 2.2HDI-II, 3.0HDI-I, რომლებშიც ეკოლოგიური სტანდარტები Euro V იყო დაცული. 

2010 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ამ კომპანიებს შორის თანამშრომლობა იმ მიზნით გაგრძელდა, რომ 2013 წლისთვის მორიგი ახალი თაობის ძრავები გამოეშვათ, რომლებიც ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა Euro-VI. 

ჰოლდინგური კომპანია PSA ასევე წარმატებულ კოოპერაციას ახორციელებდა კომპანია `მიცუბიშისთან~. წარმატებული აღმოჩნდა ამ ორი კომპანიის თანამშრომლობა ავტომობილების SUV და ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით. 2012 წლის დასაწყისისთვის, ამ კომპანიებმა ერთობლივად 90 ათასი SUV და 7 ათასზე მეტი ელექტრომობილი გამოუშვეს. 

კომპანია `რენოსთან~ კოოპერაცია 1966 წლიდან, ძრავებისა და აგრეგატების წარმოების მიმართულებით დაიწყო. 2012 წლის დასაწყისისთვის, მათ 3 მილიონზე მეტი ავტომატური გადამცემი კოლოფები გამოუშვეს. 
კომპანია `ტოიოტასთან~ თანამშრომლობა 2005 წლიდან, საბაზრო A სეგმენტის ავტომობილების წარმოება-გამოშვებიდან დაიწყო. 2012 წლისთვის, ამ კომპანიებმა ერთობლივად 1,9 მილიონზე მეტი ავტომობილი გამოუშვეს. 

საფრანგეთის მთავრობამ ანდრე სიტროენის ბიზნეს-საქმიანობა საპატიო ლეგიონის ორდენით აღნიშნა, ხოლო პარიზში ანდრე სიტროენის პარკი დღემდე არსებობს. იგი "ეპოქის ძრავად" და საფრანგეთის სიამაყედ სამართლიანად არის მიჩნეული. 

ვეფხია სამსონიძე