ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
რას გამოიწვევს კაზინოებისთვის გადასახადის ზრდა - #4(49), 2016
სათამაშო ბიზნესი თავის გადარჩენას თანამშრომლების შემცირებით აპირებს

საგადასახადო ტვირთი სათამაშო ბიზნესსაც ეზრდება. თუ 2017 წლამდე კვარტალური მოსაკრებელი სამორინეებისთვის თითო სათამაშო მაგიდაზე 15-დან 30 ათას ლარამდე იყო, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით განაკვეთი 20-დან 40 ათასამდე იზრდება. თითოეულ სათამაშო აპარატზე არსებული 1500-დან 3000 ლარამდე მოსაკრებელი ცვლილების შედეგად 2000-დან 4000 ლარამდე მოიმატებს. Eლექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებს, რომელიც 30-დან 60 ათასამდე ლარს იხდიდნენ, ახალი ცვლილებებით, მოსაკრებელი 250-დან 300 ათას ლარამდე გაეზრდებათ. საშემოსავლო/მოგების გადასახადი იმატებს ონლაინ ტოტალიზატორებისთვისაც – 5%-დან 7%-მდე (ნაცვლად თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული 10%-მდე ზრდისა).

განაკვეთების ზრდით მთავრობას ბიუჯეტში დამატებითი თანხების მიღება უნდა. პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შემდეგ საერთაშორისო ფონდებიდან
ქვეყანაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გაჩნდება. ბიუჯეტში მობილიზებული
დამატებითი რესურსი  ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ახალი ავტომაგისტრალების მშენებლობას, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების განხორციელებას
მოხმარდება“.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ღონისძიებებით მთავრობა ეროვნული
ვალუტის სტაბილიზაციას შეძლებს. თუმცა, რამდენად მიიღებს ამ შედეგს
მთავრობა, სათუოა. რადგან სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ,
რომ სამორინეები საგადასახადო ტვირთს ვერ რას გამოიწვევს კაზინოებისთვის გადასახადის ზრდა სათამაშო ბიზნესი თავის გადარჩენას თანამშრომლების შემცირებით აპირებს გაუძლებენ, ბევრი დაიხურება და ბიუჯეტშიც შესაბამისად, ნაკლები თანხა შევა. 

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის და „კრისტალ ბეთის~ ხელმძღვანელის ლევან ახვლედიანის თქმით, ასეთი გაზრდილი გადასახადების რეჟიმში ბიზნესი ვერ იმუშავებს. ხოლო ადგილობრივი ონლაინ–ტოტალიზატორების მომხმარებლები საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმაზე
გადავლენ, რაც ქვეყნიდან თანხების გადინებას გამოიწვევს. სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა კანონმდებლებს ალტერნატივის სახით ლიცენზიების შემოღება და ამ ფორმით ფიქსირებული გადასახადის დაწესება სთხოვეს. მათ
პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების დროს დეპუტატების ნაწილი
ჰპირდებოდა, რომ წინადადებას განიხილავდნენ, თუმცა, დაპირება არ შეასრულეს. უარის მიზეზად ლიცენზიების შემოღების შემთხვევაში ბიუჯეტში
თანხების დანაკლისი დასახელდა.
 
სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განაკვეთების ზრდა ეკონომიკის შემცირებას და ქვეყანაში უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს. 

„ფსონის 5%-ით დაბეგვრა ნიშნავს, რომ თუ პირი ფსონად 10 ლარს დებს, ამ თანხიდან 5% სახელმწიფოს მიაქვს. თუ მაგალითად, 100 ლარს მოიგებს და ამ თანხას ისევ ფსონად ჩამოვა, ამ თანხის 5%-იც სახელმწიფომ უნდა წაიღოს. გამოდის, რომ სრული ბრუნვა იბეგრება. ეს არის უზარმაზარი თანხა. ამ განაკვეთის გაორმაგება ანუ გადასახადის 100%-ით ზრდა გამოიწვევს იმას, რომ კლიენტები მთლიანად უცხოეთში გადაინაცვლებენ, რადგან ინტერნეტით უცხოეთის ტოტალიზატორებში თამაში ძალიან მარტივია. ჩვენ ვთავაზობდით მთავრობას, დაეწესებინათ ლიცენზირება, და ვთქვათ, ლიცენზია მილიონი
ლარი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში ეს დაწესებულებები დაიკეტება“, – ამბობს ლევან ახვლედიანი.  

ბათუმში, სასტუმრო `რედისონში~ არსებული სამორინე `მშვიდობა~ ერთ-ერთია, რომელსაც აზარტული თამაშის მოყვარულები საკმაოდ ხშირად სტუმრობენ. სამორინე „მშვიდობის~ ხელმძღვანელი შოთა ამირანაშვილი ამბობს, რომ გადასახადის ზრდის გამო რეგიონი მნიშვნელოვან შემოსავლებს დაკარგავს და ეს უარყოფით გავლენას სხვა ბიზნესებზეც მოახდენს. 

„სათამაშო ბიზნესისთვის მოსაკრებლის გაზრდა უფრო მეტად აჭარას დააზარალებს.  თბილისში მაგალითად, მეტი ტურისტი ჩადის, რადგან კაზინოები აეროპორტთან ახლოსაა და ხელმისაწვდომობაც მეტია. აჭარაში კი აეროპორტის პრობლემა გვაქვს, ბათუმის აეროპორტი არაფრად ვარგა. ამას დიდი ხანია ვამბობთ, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო თვეებში აჭარაში ტურისტების რიცხვმა იკლო. ლირას ვარდნის შემდეგ, თურქეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ იქაურები, რომლებიც ჩვენთან სათამაშოდ ჩამოდიოდნენ, აღარ მოდიან. სარფის საბაჟოზე საშინელი მდგომარეობაა. კილომეტრიან რიგებში საათობით დგას ხალხი. ამის გამო კლიენტებს აქეთ წამოსვლა აღარ უნდათ. ბოლო პერიოდში კაზინოებში შემოსავალმა 30%-ით იკლო. ასეთი ცუდი მდგომარეობა სათამაშო ბიზნესში
2007 წლის შემდეგ არ ყოფილა. „შერატონის~ კაზინო ყველაზე დიდია ბათუმში და კრიზისი ჩვენ რომ ასე შეგვეხო, წარმომიდგენია სხვა კაზინოებში რა ხდება. ცოტა ხნის წინ სამორინეების ხელმძღვანელებს შეკრება გვქონდა. ყველა ამბობს, რომ ძალიან ცუდ დღეშია. შემოსავლები საკმარისი აღარ არის.
ამის მიუხედავად ხარჯებს ვერ ვამცირებთ, რადგან თანხების დაზოგვა სერვისის გაუარესებას გამოიწვევს, ამიტომ იძულებულები ვართ ისევ პერსონალი შევამციროთ. არადა, ეს ბიზნესი აჭარაში ყველაზე დიდი
დამსაქმებელია. ჩვენთან ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაოა და დასაქმებულები საკუთარი ხელფასით ოჯახებს არჩენენ. ამ ბიზნესში 3 ათასი
კაცია პირდაპირ დასაქმებული და მათ უკან მინიმუმ 10 ათასი კაცი დგას. „ჰილტონს~, „რედისონს“ და სხვა დიდ სასტუმროებს, სწორედ კაზინოები
ამუშავებს. სათამაშო ბიზნესი გარდა იმისა, რომ იზიდავს ტურისტს, ჯაჭვური
რეაქციით ამუშავებს სხვა ბიზნესებს – ტაქსებს, მაღაზიებს, სალონებს.
გადასახადების ზრდა დიდი შეცდომაა. მთავრობა ამ ცვლილებით მიზანს ვერ მიაღწევს. სამორინეები სათამაშო მაგიდებს დაახლოებით 30%-თ შეამცირებენ, აპარატებს აიღებენ, ეს შემოსავალზე აისახება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ, ბიზნესს საგადასახადო რეჟიმი ისე შეუცვალეს, ჩვენთან წინასწარი კონსულტაცია არ ყოფილა. სათამაშო ბიზნესს
არაპროფესიონალური კუთხით უყურებენ. ჰგონიათ, რომ ჩვენ ფულს
ვბეჭდავთ. ეს რთული და ფაქიზი სფეროა. ერთი არასწორი ნაბიჯი და, შეიძლება ყველაფერი დაინგრეს. ხელისუფლებისგან ჩვენ არაფერი გვჭირდება, ხელი არ შეგვიშალონ და მივხედავთ საკუთარ თავს“, – ამბობს შოთა
ამირანაშვილი.  

სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მიღებული წლიური შემოსავალი საშუალოდ 65-70 მლნ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 0,65%-ია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს სათამაშო
ბიზნესიდან ბიუჯეტში 52,652 მლნ ლარი შევიდა, 2012 წელს – 52,767 მლნ ლარი, 2013 წელს – 54,122 მლნ ლარი, 2014 წელს – 63,143 მლნ ლარი, ხოლო 2015 წელს – 66,486 მლნ ლარი. ამ რიცხვებიდან ჩანს, რომ ბოლო 5
წელიწადში ამ ბიზნესიდან მიღებულმა შემოსავალმა 24%-ით მოიმატა, რაც
ფინანსთა სამინისტროს დაბალ მაჩვენებლად მიაჩნდა. მაგალითად, 2014 წლის აპრილში, ეკონომიკური ზრდის 2.7%-მდე დაცემის მიზეზად მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სათამაშო ბიზნესში ბრუნვის შემცირება
დაასახელა. მომდევნო წლებში კი ხშირად იყო საუბარი, რომ სათამაშო ბიზნესს ბრუნვა მნიშვნელოვნად გაეზარდა, საგადასახადო შემოსავლები კი არასაკმარისად
მატულობდა. საბოლოოდ, მთავრობაში მიიჩნიეს, რომ ბიზნესი, რომელიც
მილიონობით ლარის შემოსავალს იღებს, უფრო მეტი თანხით უნდა დაიბეგროს და პრობლემის მოგვარება განაკვეთების ზრდით გადაწყდა.
თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი სამორინე აჭარის რეგიონში მოქმედებს. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებების გახსნა აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიზნით გადაწყდა. რეგიონში 4-5-ვარსკვლავიანი სასტუმროები სწორედ
კაზინოების გამო ააშენეს, რადგან სათამაშოდ უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა მეზობელი ქვეყნებიდან. კაზინოების სასტუმროებთან მიბმის სქემამ გაამართლა, სასტუმროები სწორედ აზარტული მოთამაშეების ხარჯზე დაიტვირთა.  

ამჟამად აჭარაში 11 მოქმედი სამორინეა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ 2020 წლისთვის მათი რიცხვი 23-ს მიაღწევდა, რადგან ბიზნესმენებისთვის აჭარის სამორინეებში ფულის დაბანდება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გახდა. დღეს, ამ ბიზნესის
წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ინვესტორები საგადასახადო ტვირთის
შიშით კაპიტალის დაბანდებას გადაიფიქრებენ.
 
„ზუსტად ვიცი, რომ განაკვეთების გაზრდის შემდეგ ამ სფეროში ინვესტიციები დაიკლებს. ცოტა ხნის წინ რამდენიმე ინვესტორს ვესაუბრე, ვისაც აჭარაში
კაზინოს გახსნა უნდოდა. რომ გაიგეს რა მიმართულებით მივდივართ,
დაფიქრდნენ, ღირს თუ არა აქ ბიზნესის დაწყება. ჩვენი კოლეგებიც იგივეს ამბობენ. თუ მთავრობა მოიკითხავს, იმ რეგიონებს, სადაც ანალოგიური გზით
წავიდნენ, ნახავს, რომ უარესი შედეგი მიიღეს. მთავრობამ ის ქათამი დაკლა,
რომელიც კვერცხს დებდა“, – ამბობს შოთა ამირანაშვილი.

განაკვეთების ზრდით მთავრობა ონლაინ ტოტალიზატორების შეზღუდვასაც
აპირებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის თქმით, ონლაინ კაზინოებისთვის მოსაკრებლის 5-დან 10%-მდე გაზრდის შემდეგ ბიუჯეტში
50 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდება (2015 წელს ონლაინ
ტოტალიზატორებმა ბიუჯეტში 32 მილიონი ლარი გადაიხადეს). რეგულაციის
მომხრეები აცხადებენ, რომ სათამაშო ბიზნესის შეუზღუდავი არსებობა
ქვეყანაში არაერთ სოციალურ პრობლემას ქმნის და ამიტომ მისი შეზღუდვაა
საჭირო. ამ მოსაზრებას მთავრობაშიც ბევრი იზიარებს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ონლაინ-კაზინოები ქვეყნის მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ და მათი მკაცრი რეგულირება უნდა მოხდეს. 

„თუკი მთავრობა მივა დასკვნამდე, რომ ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების დაწესების შემთხვევაში მათი აღსრულება
პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, მაშინ მთავრობა სხვა ტიპის ზომებს მიიღებს“, – ეს განცხადება კვირიკაშვილმა 2015 წლის დეკემბერში გააკეთა.  

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ საგადასახადო ტვირთის გაზრდით მთავრობა დადებით შედეგს ვერ მიიღებს. ხოლო ონლაინ კაზინოების კლიენტები სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებენ, რაც ფულის უცხოეთში გადინებას გამოიწვევს. 
„ახლა არათუ სათამაშო ბიზნესის, არამედ აქციზების ზრდის საჭიროება არ არის, – მიაჩნია ანალიტიკოს ირაკლი ყიფიანს.

”იმისთვის, რომ საბიუჯეტო თანხები გამოთავისუფლებულიყო, მთავრობას ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შეემცირებინა. მთავრობას იმედი აქვს, რომ გადასახადს გაზრდის და ბიუჯეტში მეტი ფული შეუვა, მაგრამ ამ ცვლილებით იმ თანხასაც ვერ ამოიღებს, რაც აქამდე ამ ბიზნესიდან შედიოდა. ეს ხდება იმ დროს, როცა დეკლარირებული გვაქვს, რომ საგადასახადო ტვირთს ვამცირებთ და ესტონურ მოდელზე გადავდივართ. ამ დროს პირიქით ხდება – რა აზრი აქვს ესტონურ მოდელს, როცა გადასახადები
იზრდება. არც ონლაინ კაზინოების დაბეგვრის გაზრდას ვემხრობი. არიან ქვეყნები, რომლებიც პირიქით, ონლაინ ბიზნესის არსებობას უწყობენ ხელს. იმიტომ, რომ კომპანიები მიიზიდონ. რამდენიმე ქართული ონლაინ ოპერატორიც უცხოეთშია რეგისტრირებული, რადგან იქ დაბალ ტარიფებს და უკეთეს პირობებს სთავაზობენ. ამის შემდეგ, ადგილობრივი ონლაინ კაზინოებიც უცხოეთში დარეგისტრირდებიან და ისე მოემსახურებიან ქართველ მომხმარებლებს. ხოლო სათამაშო ბიზნესი გამოვა ოფისებიდან და სარდაფებში გაიხსნება. მთავრობისთვის ახლა მთავარია, ბიუჯეტში თანხა შევიდეს, მაგრამ გათვლებს არ აკეთებენ, რომ შეიძლება ეს
ბიზნესი გაკოტრდეს. ბიუჯეტის შევსება თუ სურდათ, ბიუროკრატიული
ხარჯები უნდა შეემცირებინათ.  თუ ამ პრობლემის მოგვარება გვინდა, ახალგაზრდების თვითშეგნების ამაღლებაზე, სხვა კულტურის დამკვიდრებაზე
უნდა ვიზრუნოთ, რასაც განათლების რეფორმა სჭირდება“, – ამბობს ირაკლი ყიფიანი. 

„ყველაფერი, რაც საგადასახადო ტვირთის გაზრდას უკავშირდება, ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას და ადამიანების რეალურ შემოსავლებს, რადგან
საზოგადოებრივ დანაკარგებს წარმოქმნის. არა აქვს მნიშვნელობა, ვის
დაბეგრავს, ეს არის სათამაშო ბიზნესი თუ სახაჭაპურე, ისინი, ვინც ქმნიან მოთხოვნას და მიწოდებას ბიზნესში, რეალური შემოსავლები შეუმცირდებათ“,
– მიიჩნევს ეკონომისტი აკაკი ცომაია. 

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რაც ნავთობპროდუქტებზე,
ავტომობილებსა და თამბაქოზე აქციზის განაკვეთთან ერთად სათამაშო ბიზნესისთვის მოსაკრებლის ზრდას ითვალისწინებს, პარლამენტმა 15-16
დეკემბერს დაჩქარებული წესით სამივე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებით
გამოწვეული შედეგი თუ უშედეგობა 2017 წლის ბოლოს უკვე გამოჩნდება.
მანამდე კი, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ
მიჰყვებიან რეფორმების „ოთხპუნქტიან გეგმას“ და გადასახადების ზრდაც
მათი აზრით სწორედ რეფორმების ნაწილი და ქვეყნის ეკონომიკური წარმატების რეცეპტია.

ნონა ქვლივიძე