ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
უპასუხისმგებლო მომსახურება
#3(23), 2009


რედაქციისაგან:
დღეს,  გლობალური ფინანსური კრიზისის აქტიური ფაზის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კვლავ აქტუალური რჩება კითხვა, თუ რა იყო მისი გამომწვევი მიზეზები. ბევრი თანხმდება იმაზე, რომ ერთ-ერთ ასეთ მიზეზს წარმოადგენდა მთელი რიგი კომერციული ბანკების მხრიდან იპოთეკური და სამომხმარებლო კრედიტების გადაჭარბებული გაცემა და შესაბამისი აგრესიული მარკეტინგული პოლიტიკა. ამის შედეგად, ბევრი კლიენტი აღმოჩნდა ცდუნების წინაშე, აეღო სესხი, რომლის გასტუმრების შესაძლებლობა რეალურად არ ჰქონდა. ფაქტობრივად, მეტი მოგების მიღების სურვილმა ბანკებს დააკარგვინა პასუხისმგებლობის გრძნობა საზოგადოების წინაშე. ჯერ კიდევ კრიზისის დაწყებამდე, ზოგიერთი წინდახედული ბანკირი აფრთხილებდა ამ ხიფათის შესახებ ბანკებსაც და საზოგადოებასაც. ერთ-ერთი მათგანი იყო "პროკრედიტ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დოქტორი კლაუს-პეტერ ცაიტინგერი. წელიწადნახევრის წინ ერთ-ერთ ფორუმზე მის მიერ წარმოთქმულ სიტყვას დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.


ფრანკფურტში განვითარების დაფინანსებისადმი მიძღვნილ ფორუმზე დოქტორ კლაუს-პეტერ ცაიტინგერის მიერ წარმოთქმული სიტყვა

2008 წლის 21 თებერვალს, ფრანკფურტში განვითარების დაფინანსებისადმი მიძღვნილ ფორუმზე "პროკრედიტ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დოქტორი კლაუს-პეტერ ცაიტინგერი პროვოკაციული სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სპეციალისტების, დონორებისა და მიკროდაფინანსებისა და განვითარების დაფინანსების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისაგან შემდგარი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე. მისი გამოსვლა მიზნად ისახავდა ყურადღების გამახვილებას იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის ინდუსტრია აგრესიული სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის პირობებში. ცაიტინგერის სიტყვამ აქტიური დისკუსია გამოიწვია.

უკრაინის სამომხმარებლო დაკრედიტების ბაზრის მზარდი განვითარების პირობებში, აგრესიული რეკლამა აღარავის უკვირს. მაგალითისთვის, ერთ სარეკლამო რგოლს მოგიყვანთ, სადაც კადრს მიღმა ისმის ხმა: "თოვლის ბაბუა აღარ გჭირდებათ! თქვენს ყველა სურვილს მთელი წლის განმავლობაში დელტამენი შეასრულებს"! "დელტამენი" სუპერგმირია, სარეკლამო პერსონაჟი, რომელიც "დელტა ბანკს" წარმოადგენს. "დელტამენის" მსგავსად, რომელიც ნაღდ ფულს სთავაზობს მასთან მისულ უკბილო მოხუცს, "დელტა ბანკიც" ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე, ნებისმიერ დროს და ადგილას, კრედიტებს აბსოლუტურად ყველას სთავაზობს. არა აქვს მნიშვნელობა, რა მიზნობრიობით დაიხარჯება კრედიტი ან შეძლებს თუ არა მსესხებელი მის დაფარვას. "დელტა ბანკის" წილი უკრაინის სამომხმარებლო დაკრედიტების ბაზარზე 25%-ს შეადგენს და ეჭვგარეშეა, რომ ბანკი ქვეყანაში უმსხვილესი და ყველაზე აგრესიული სამომხმარებლო კრედიტორია. მსესხებლებს სესხის მიღება ოც წუთში შეუძლიათ. ამ ბანკის კრედიტები უკრაინაში თითქმის ყველაზე ძვირადღირებულია, და მაინც, კრედიტის რეალური ღირებულების დადგენა მხოლოდ გამჭრიახ მსესხებელს თუ შეუძლია. "დელტა ბანკი" თავისი კრედიტების რეკლამირებისას აცხადებს, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენს, რაც ერთი შეხედვით სავსებით მისაღებია; მაგრამ ამას თუ დავუმატებთ ყოველთვიურ საკომისიო გადასახადებს, რომლებიც კრედიტის თავდაპირველი თანხიდან მიიღება, და საავანსო საკომისიოს, გამოდის, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთი ერთწლიან კრედიტზე 90%-ს შეადგენს! რაც უფრო ხანგრძლივია სესხის დაფარვის ვადა, მით უფრო მეტად ზრდის ყოველთვიური საკომისიო გადასახადები რეალურ საპროცენტო განაკვეთს. ბანკის ნაბეჭდ მასალებში რეალური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული.

გამჭვირვალობისა და სოციალური პასუხისმგებლობის არარსებობა საყოველთაო გახდა როგორც უკრაინაში, ასევე მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, რაც ბანკების მიერ, საბაზრო წილის მოპოვების მიზნით, აგრესიული სამომხმარებლო დაკრედიტების პოლიტიკის გატარებითაა გამოწვეული. ასეთი ბანკები ცდილობენ, საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ ის ფაქტი, რომ მათი კლიენტების უმრავლესობას არ შეუძლია თავიანთი დავალიანების მართვა. კრედიტებს, რომელთაც ასეთი დამაბნეველი და დაუდევრად განთავსებული რეკლამები ახლავს, შეუძლია მსესხებლები სიღატაკემდე მიიყვანოს. ამგვარ პრაქტიკას შედეგად ჭარბი დავალიანებები და კრედიტებზე გაზრდილი საჯარიმო საპროცენტო განაკვეთები მოჰყვება. მას შეუძლია საფრთხე შეუქმნას ფინანსური სექტორის განვითარებას და ამ ბაზრებზე საზოგადოების ერთიანობას.

იპოთეკურმა კრიზისმა აშშ-ში საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება აგრესიული დაკრედიტების შედეგებზე გაამახვილა. ბოლოდროინდელი მოვლენებისა და მოცემული საკითხის თაობაზე გამართული პოლემიკის ფონზე, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ორმა წამყვანმა საფინანსო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება ":დელტა ბანკში" ინვესტირების შესახებ. ერთ შემთხვევაში, საუბარია სუბორდინირებული კრედიტის, საერთო ოდენობით 15 მილიონი აშშ დოლარი, და საკრედიტო გარანტიის გაცემაზე, მეორე შემთხვევაში კი 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვადიან კრედიტზე. ორივე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია თანმხვედრი არგუმენტებით ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას. ორივე ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ მათი ინვესტიცია "სამომხმარებლო დაფინანსების სფეროში კონკურენციის ზრდას" შეუწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ "დელტა ბანკი" ამ გადახურებულ ბაზარზე ისედაც ყველაზე დიდ წილს ფლობს. ისინი სხვა ინვესტორების მოზიდვასაც შეუწყობენ ხელს, თუმცა, "დელტა ბანკმა" უკვე მიიღო რამდენიმე შემოთავაზება შესყიდვის შესახებ, მათ შორის "სითიბანკისგან" (წყარო: როიტერსი, 2007 წლის ოქტომბერი). ისინი იმედოვნებენ, რომ ეს გარიგებები ბანკს დაეხმარება, "უფრო მეტი ოჯახისთვის გახადოს ხელმისაწვდომი სამომხმარებლო კრედიტები", და არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ასეთი მომსახურების შეთავაზება და რა არის მისი ღირებულება. ამტკიცებენ, რომ "დელტა ბანკი" პრაქტიკულად არავითარი სოციალური რისკის და არასახარბიელო შედეგების საფრთხეს არ შეიცავს. სინამდვილეში კი, ის, რომ ბანკი დაკრედიტების უკიდურესად არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას ახორციელებს, სკრუპულოზური ანალიზის გარეშეც ცხადია.

სამომხმარებლო დაკრედიტება, თავისთავად არ წარმოადგენს არაეთიკურ ან დამღუპველ პრაქტიკას; მაგრამ ბანკების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი მსესხებლების გადახდისუნარიანობა შეაფასონ და მსესხებლებს სესხებზე სრული ინფორმაცია მიაწოდონ. საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფებიან და მისგან იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ კეთილსინდისიერი დაკრედიტების პრაქტიკის განვითარებისა და საბანკო სისტემისთვის მაღალი სტანდარტების დაწესების საქმეში. ეს ორგანიზაციები თავიანთ პუბლიკაციებში, და სავსებით შესაძლებელია, დღევანდელ კონფერენციაზეც, თავს იწონებენ იმით, რომ გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას უჭერენ მხარს და სხვებისგანაც იგივე პრინციპების დაცვას მოითხოვენ.

თუმცა, "დელტა ბანკის" მსგავს საბანკო დაწესებულებებში ინვესტირება ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციების მისიასა და სტანდარტებს. ჩემთვის ამგვარი გადაწყვეტილებები ზოგიერთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან ზნეობრივი ორიენტირის დაკარგვის მკაფიო მინიშნებაა. ჩემი აზრით, ასეთი ინვესტიციები ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ახდენს და ეჭვქვეშ აყენებს მათი ფინანსური სექტორის სტაბილური განვითარების ხელშემწყობი ლიდერის პოზიციას, რაზეც ისინი ამდენს ლაპარაკობენ.

ჩვენი სფეროს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თითქმის ყველამ დაკარგა მხედველობის არიდან ის გზამკვლევი ვარსკვლავი, რომელსაც შეეძლო ჩვენთვის გზა ეჩვენებინა. არაფერს ვიტყვი იმ კერძო ბანკებზე, რომელთა სიხარბემ და არაკომპეტენტურობამ მთელი ძალით იჩინა თავი იპოთეკური კრიზისის დროს, რამაც დღესდღეობით, 200 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხების ჩამოწერა გამოიწვია. ყველაზე მეტად ის მაშინებს, თუ კრედიტორებისთვის წამგებიანი ეს სესხები როგორ აისახება ორ მილიონზე მეტი ამერიკული ოჯახის ცხოვრებაზე. რამდენი იმედგაცრუება, აუხდენელი ოცნება და დამსხვრეული ილუზია შეუძლია უდრტვინველად მიიღოს ჩვენმა ინდუსტრიამ საკუთარი ქმედებების საზღაურის სახით? მაშინ, როცა ნამდვილი კრიზისი ჯერ ბოლომდე არ გაღვივებულა, ადგილი აქვს ისეთ ქმედებებს, რომელთაც ახალი კრიზისების წარმოშობა შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაშიც კი. ამ რეგიონებში სამომხმარებლო დაკრედიტების ბაზრებზე, როგორც წესი, დომინანტური პოზიცია უკავიათ "დასავლურ ბანკებს პირამდე სავსე ჯიბეებით". უდავოა, რომ ამ რეგიონების ეკონომიკაში მოზიდული კრედიტების თანხები გაცილებით ნაკლებია; შესაბამისად, შედარებით იოლია ფინანსური ორგანიზაციისთვის სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოყოფა. თუმცა, ფართოდ გავრცელებული გადაჭარბებული დავალიანებითა და გადაუხდელობით გამოწვეული საზოგადოების დეზინტეგრაცია გაცილებით მეტ ოჯახს მოიცავს იმ ოჯახებთან შედარებით, რომლებმაც უკვე იწვნიეს აშშ-ის იპოთეკური კრიზისის შედეგები.

როდესაც საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც დახმარებას აღმოუჩენდა მოსახლეობის უღარიბეს ფენას, ვიფიქრე, რომ ის სწორედ იმ ორგანიზაციად იქცეოდა, რომელიც სტაბილური ინსტიტუციური მშენებლობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით წესრიგს შეიტანდა მიკროსაფინანსო ინდუსტრიის მრავალფეროვნებასა და ერთგვარ ქაოტურ მდგომარეობაში. თუ თავდაპირველი ჩანაფიქრი მცირე და ძალზე მცირე საწარმოებისთვის ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო, შემდგომმა განცხადებებმა ცხადყო, რომ კურსიდან გადახვევას ჰქონდა ადგილი. "ღარიბთა შორის ყველაზე ღარიბთა მომსახურება, საბანკო მომსახურება საბანკო მომსახურებას მოკლებულთათვის, ფინანსური საშუალებები მომუშავე ღარიბთა ფენისთვის" – ეს ფრაზები სამომხმარებლო დაკრედიტებისკენ მიმავალ მოლიპულ გზაზე გადადგმული ნაბიჯები აღმოჩნდა. თომას დიხტერი აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც მიკროსაფინანსო საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ეს ბიზნესი "ბანკო-აცტეკასა" და "სითიბანკს" დაუთმეთ".

ჩემი აზრით, არაფერი ისე ნათლად არ მოწმობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ თავდაპირველი დანიშნულების უარყოფას, როგორც შედარებითი სტატისტიკა, რომელიც საკონსულტაციო ჯგუფმა გლობალური მიკროსაფინანსო საინფორმაციო რესურსის "MIX Market"-ის საშუალებით გამოაქვეყნა. საკონსულტაციო ჯგუფის განმარტების მიხედვით, მიკროდაფინანსება არის ის ნებისმიერი მომსახურება ან პროდუქტი, რომელსაც ღარიბთა ფენას სთავაზობენ, ღარიბთა ფენა კი არის ხალხი, რომელიც ძალიან მცირე კრედიტებს ითხოვს. ეს განმარტება მხოლოდ საბანკო პროდუქტის სიდიდეს ემყარება: მიკროსაფინანსოს კატეგორიას რომ მიეკუთვნოს, კრედიტი მცირე უნდა იყოს. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, მხედველობაში არ მიიღება არც პროდუქტის მიზნობრიობა, არც მისი ხარისხი, და არც გამჭვირვალე მომსახურების უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოკლევადიანი სამომხმარებლო კრედიტები, რომლებსაც მეტისმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთით, შეცდომაში შემყვანი პირობებითა და პრაქტიკულად მსესხებლის გადახდისუნარიანობის ყოველგვარი ანალიზის გარეშე სთავაზობენ, მიკროსაფინანსო სფეროს ერთ-ერთ მიღწევად ითვლება.

"MIX’s Global 100 Rankings"-ის კლასიფიკაცია, რომელიც მიკროდაფინანსების სფეროში საკრედიტო დაწესებულებების ერთ-ერთ ძირითად რეიტინგად მიიჩნევა, არ განასხვავებს სამომხმარებლო და საწარმოო დაკრედიტებას. საქმიანობის შედეგების შეფასებისას, სოციალური პასუხისმგებლობა ფაქტობრივად არავითარ როლს არ ასრულებს. "MIX Market"-ი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ძირითადად ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძველზე აფასებს. ამასთან ერთად, გამჭვირვალობის ის ხარისხი, რომლითაც ეს ორგანიზაციები კლიენტებს ემსახურებიან, პრაქტიკულად არ მიიღება მხედველობაში. კლასიფიკაცია უბრალოდ საბაზრო წილს გულისხმობს და არ ითვალისწინებს, რამ გამოიწვია ორგანიზაციის ზრდა, სამომხმარებლო დაკრედიტებამ თუ მცირე ბიზნესის დაფინანსებამ. სამომხმარებლო დაკრედიტებით ზრდა გაცილებით იოლია, რადგან ეს მოდელი თანამშრომელთა მცირე რიცხვსა და კლიენტის მინიმალურ ფინანსურ ანალიზს საჭიროებს. მცირე ბიზნესის დაკრედიტება კი, პირიქით, მაღალკვალიფიცირებულ კადრებს მოითხოვს, რომლებსაც შეუძლიათ, სათანადოდ შეაფასონ მსესხებლის გადახდისუნარიანობა და მასთან გრძელვადიანი ურთიერთობა დაამყარონ. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოთა დაფინანსება უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მას გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ზემოხსენებული საინფორმაციო კლასიფიკაციების გამარტივებული სისტემა ამ ფაქტორებს არ ითვალისწინებს. ძირითადი ყურადღება რაოდენობით მაჩვენებლებზეა გამახვილებული და უგულვებელყოფილია ის ფაქტი, თუ რა სახის მომსახურებაა შეთავაზებული და როგორ.

"კაპიტეკ ბანკი" ნათელი მაგალითია იმისა, რასაც მე უსაზღვროდ უპასუხისმგებლო სამომხმარებლო კრედიტორად მივიჩნევ და რომელიც მსგავს რეიტინგებში წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად მოიხსენიება. ეს საცალო მომსახურების სამხრეთ აფრიკული ბანკი ამტკიცებს, რომ ხელმისაწვდომ საბანკო პროდუქტებსა და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს. კრედიტის საშუალო თანხა 105 ევროს შეადგენს, ასე რომ, ბანკს თავისუფლად შეუძლია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უწოდოს საკუთარ თავს. ოპერაციების მასშტაბებისა და მომგებიანობიდან გამომდინარე, ბანკი საქმიანობის შედეგების მიხედვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სხვადასხვა რეიტინგების ზედა საფეხურებს იკავებს.

თუმცა, თუ ბანკის წლიური ანგარიშის ციფრებს გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ "კაპიტეკი" მომგებიანობასა და მასშტაბებს მოკლევადიანი სამომხმარებლო დაფინანსების ხარჯზე აღწევს, არარეალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და კლიენტის გადახდისუნარიანობის ყოველგვარი ანალიზის გარეშე. ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელის ერთ მესამედს ერთ თვემდე დაფარვის ვადის მქონე სესხები შეადგენს, 90%-ზე მეტი მოდის სესხებზე ერთ წლამდე დაფარვის ვადით. კლიენტებს საკრედიტო პროდუქტზე "მომენტალური წვდომა" აქვთ; განაცხადის შევსებისა და სესხის დამტკიცების პროცესს 10 წუთზე მეტი არ სჭირდება. 

კრედიტუნარიანობის შემოწმების ასეთი დაბალი დონის გათვალისწინებით, "კაპიტეკ ბანკის" საკრედიტო პორტფელის უკიდურესად დაბალი ხარისხი არც არის გასაკვირი. "MIX Market"-ის მონაცემების მიხედვით, ბანკის რისკიანი საკრედიტო პორტფელი 12%-ს შეადგენს, ხოლო ჩამოწერილი კრედიტები – 22%-ს. თუმცა "კაპიტეკ ბანკის" 2007 წლის ანგარიშის თანახმად, "უიმედო სესხები" მხოლოდ 4%-ს შეადგენს, რადგან ვადაგადაცილებული დავალიანების თანხაში ბანკმა მხოლოდ ვადაგადაცილებული შენატანი ჩათვალა და არა სასესხო დავალიანების მთლიანი ნაშთი. ეს კი საკონსულტაციო ჯგუფის პოლიტიკის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, რომელიც ერთობლივად იყო შეთანხმებული მიკროდაფინანსების ბაზრის მონაწილეებთან. დიდი სასესხო დანაკარგების მიუხედავად, ბანკსმოგების მაღალი მაჩვენებლები აქვს, რომლებიც ძალზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებით მიიღება; ერთთვიანი კრედიტები თითქმის თვეში 18%-ით გაიცემა, პროლონგაციის შემთხვევაში კი, ამგვარი კრედიტის ეფექტური განაკვეთი წელიწადში 600%-ზე მეტი იქნებოდა!

ნებისმიერი სისტემა, რომელიც ამგვარ მძარცველ კრედიტორს საკუთარი რეიტინგის მიხედვით უმაღლეს საფეხურზე აყენებს, თავისი არსით არაკორექტულად უნდა ჩაითვალოს.*  რადგანაც მსგავსი კლასიფიკაციები ინდუსტრიის სტანდარტებს ასახავს და ამკვიდრებს, ჩემთვის ეს მხოლოდ მკაფიო დასტურია იმისა, რომ მიკროდაფინანსებამ თავისი ზნეობრივი ორიენტირი დაკარგა.

დაარსების დღიდან, პროკრედიტი მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისგან მცირე ბიზნესის დაფინანსებასა და სამომხმარებლო დაკრედიტებას. პროკრედიტის ძირითად ორიენტაციას ყოველთვის მცირე და ძალიან მცირე საწარმოების დაფინანსება წარმოადგენდა, რადგან სწორედ ასეთი საწარმოებია ეკონომიკური ზრდის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მამოძრავებელი ძალა. სამომხმარებლო სესხები მთელი ჯგუფის საკრედიტო პორტფელის მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენს და მხოლოდ მიმდინარე კლიენტებზე გაიცემა იმ თანხით, რომელიც არ აღემატება კლიენტის შემნახველ ანგარიშზე რიცხულ თანხას. ჩვენს დაწესებულებებს ყოველთვის ახსოვთ ის ფაქტი, რომ კრედიტი ამასთანავე ვალიცაა და მის უპასუხისმგებლო გაცემას შეუძლია ადამიანი სიღატაკის ზღვრამდე მიიყვანოს.

ასეთ მიდგომას, რა თქმა უნდა, შესაბამისი შედეგები მოაქვს: იგი სერიოზულ შრომით დანახარჯებს მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა სათანადო საკრედიტო სპეციალისტები, რომლებსაც საწარმოს კრედიტუნარიანობის შეფასება შეუძლიათ; კლიენტთა მომსახურების სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ ახსნან, თუ რას ნიშნავს დანაზოგების გეგმა. საჭიროა სათანადო საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღებისა და პერსონალის მართვის უნარის მქონე ფილიალების მმართველები. ეს დიდ დროსა და ფულად სახსრებს მოითხოვს. ამასთან, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ყოველთვის ვერ შეძლებ სწრაფად განვითარდე და იყო იმდენად რენტაბელური, რამდენადაც ამის საშუალებას სამომხმარებლო დაკრედიტების ბაზარი გაძლევს. მიუხედავად ამისა, პროკრედიტ ჯგუფის ზრდის ტემპები წელიწადში 30%-ს აღემატება, ხოლო საკუთარი კაპიტალის რენტაბელურობა სავსებით მისაღებ 14%-ს შეადგენს.

პროკრედიტ ჯგუფს 17 ათასი თანამშრომელი ჰყავს, ხუთი წლის შემდეგ კი ეს რიცხვი გაორმაგდება. ჯგუფის ინვესტირებით, სასწავლო ცენტრები შეიქმნა თითოეულ ბანკში, თითოეულ რეგიონში და აქ, გერმანიაში. უმაღლესი ხელ¬მძღვანელობა პერსონალის და საშუალო რგოლის მენეჯერების განვითარებას უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა საკითხს. მზად ვარ, დავასაბუთო, რომ ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ამის მსგავსად არ იქცევა, უბრალოდ სერიოზულად არ უდგება სამიზნე ჯგუფსა თუ ფინანსური სექტორის განვითარებას. ფინანსური სექტორის განვითარების სფეროში თითქმის სამი ათეული წლის მუშაობის შემდეგ, დღეს, როგორც არასდროს ისე კარგად მესმის, რომ ჩვენს სფეროში არ არსებობს მოკლე გზა, და თუ ვფიქრობთ, რომ ის არსებობს, ამით მხოლოდ ზიანი მოგვაქვს. პასუხი "მიკროდაფინანსების მასშტაბების გაფართოების" საკითხზე არ მდგომარეობს სტანდარტიზებული, ხშირად უპასუხისმგებლო სამომხმარებლო კრედიტების თავს მოხვევაში, არც ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებაში უახლეს ტექნოლოგიების შუქზე. კეთილსინდისიერი საბანკო მომსახურება გულისხმობს გრძელვადიან ურთიერთობას თანამშრომელსა და კლიენტს შორის, რომელიც ტრადიციას "იცნობდე შენს კლიენტს" ეფუძნება. კეთილსინდისიერი საბანკო მომსახურება ინსტიტუციური მშენებლობისკენ მიმართული შრომატევადი საქმიანობაა – ეს ყოველთვის ასე იყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის ბევრი თანამოაზრე შეიკრიბება, რომლებიც ძალისხმევას არ დაიშურებენ იმისათვის, რომ ჩვენი კომპასის ისარი სწორედ ამ მიმართულებას აჩვენებდეს.

კლაუს-პეტერ ცაიტინგერი
პროკრედიტ ჰოლდინგის
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

დაიბეჭდა პროკრედიტ ჯგუფის თანამშრომელთა საინფორმაციო ბიულეტენის 2008 წლის ივნისის გამოშვებაში.

* კლაუს-პეტერ ცაიტინგერის გამოსვლის პასუხად, მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხებზე შექმნილმა საკონსულტაციო ჯგუფმა მიიღო გამოწვევა და აქტიური დიალოგი დაიწყო მიკროდაფინანსების ინდუსტრიასთან შეფასების უფრო გაწონასწორებული სისტემის შემუშავების საკითზე, რომელიც მხედველობაში მიიღებდა "MIX’s Global 100 Ranking"-ის სიაში მყოფი ორგანიზაციების პასუხისმგებლობის დონეს. პასუხისმგებლობა მათი საკრედიტო ტექნოლოგიის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. გვაქვს საფუძველი ვიმედოვნოთ, რომ ამ გამოსვლამ ნამდვილად შეუწყო ხელი "ზნეობრივი კომპასის" ისრის საჭირო მიმართულებით შემობრუნებას.