ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
კრაფტ ლუდის ბუმი მსოფლიოში და საქართველოში - №2(63), 2020
ახალმა ტენდენციამ საქართველოშიც შემოაღწია 
 
ვინც საქართველოში ალკოჰოლური სასმელების წარმოების პერიპეტიებში კარგად ერკვევა, ალბათ ყველა აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლებშიც და შემდეგაც კაი ხანს აქაური სასმელები მეტწილად არაფრად ვარგოდა. გნებავთ მაშინდელი ალკოჰოლიანი სასმელები გავიხსენოთ და გნებავთ ლიმონათი. იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოში ჩამოსხმული სასმელის დალევა ჯანმრთელობისთვისაც კი სახიფათო იყო. ალკოჰოლური სასმელების სეგმენტში მდგომარეობა საგრძნობლად სწრაფად გამოსწორდა ღვინის და არყის წარმოებაში, ვიდრე მაგალითად ეს მოხდა ლუდის შემთხვევაში. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ საბჭოთა დროიდან მოყოლებული საქართველოში ღვინის და სპირტის მასობრივი წარმოება ბევრად აწყობილი სისტემა იყო, ვიდრე იგივე ლუდის ჩამოსხმა. შესაბამისად, საქართველოში ნაწარმი ლუდი წლების მანძილზე ვერც უწევდა ხარისხით კონკურენციას შემოტანილ ლუდებს. თუმცა, მოგვიანებით უკვე გაჩნდა საკმაოდ მაღალი ხარისხის ლუდსახარშები და ლუდის ადგილობრივი ბრენდებიც დამკვიდრდა სავაჭრო ობიექტებში. ტრადიციული ლუდის გვერდით კი, უკანასკნელი დაახლოებით ოთხი წლის მანძილზე, საქართველოშიც გამოჩნდა ადგილზე წარმოებული მაღალი ხარისხის, ე.წ. კრაფტ ლუდები. 

კრაფტ ლუდი – ეს გახლავთ ლუდის წარმოებაში ახალი მიმდინარეობა, რომელიც მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. ასეთ ლუდს პატარა კერძო ლუდსახარშები აწარმოებენ და მისი მომზადების დროს ლუდის ხარშვის ტრადიციულ რეცეპტებს იცავენ. რაც შეეხება ტერმინს, კრაფტ ლუდის ხარშვა იყო 21-ე საუკუნეში შეთავაზებული ამერიკის ლუდსახარშების გაერთიანების მიერ. აღსანიშნავია, რომ კრაფტ ლუდის პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება. 

როგორც ასეთი ტიპის ლუდის მწარმოებლები აცხადებენ, 1990-იანი წლების შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი ლუდი სწორედ კრაფტის წესით არის დამზადებული, მაქსიმალურად არარობოტიზებულია მისი ხარშვის პროცესი და სასმელისთვის 100%-ით ნატურალური ნედლეული გამოიყენება. გავრცელებული ინფორმაციით, სხვა ცნობილი ადამიანებთან ერთად, ლეონარდო დი კაპრიო და ეშტონ კაჩერი, კრაფტ ლუდის დიდი თაყვანისმცემლები არიან და კრაფტ ლუდის დალევის დროსაც ტელეკამერებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ. 

ქართული კრაფტ ლუდი დღეს 

საქართველოში დღეს დიდი თუ მცირე ლუდსახარშები რამდენიმე სახის კრაფტ ლუდს აწარმოებენ. ამ საქმეში ერთ-ერთი პიონერი იყო ლუდსახარში „შავი ლომი“, რომელიც სასმელს ბოთლირებული სახითაც ყიდის და მათ წარმოებულ „იპას“, „აპას“, „პორტერს“ თუ „ლაგერის“ ტიპის ლუდებს დღეს ყველაზე ხშირად შეხვდებით. 

განსაკუთრებული კონცეფცია აქვს ლუდსახარშ „9 მთას“, რომელიც კრაფტ ლუდის მოყვარულებს ქართულის გარდა ნორვეგიიდან, დანიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, კანადიდან და ლუდით სახელგანთქმული სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ კრაფტ ლუდებსაც სთავაზობს. ამ ლუდსახარშში და ლუდის ბარში როგორც ქართული, ასევე უცხოური პროდუქცია ყველაზე ძვირია და მათი ფასი დაახლოებით 7 ლარიდან იწყება (საუბარია ერთ კათხაზე). 

უკვე მეორე წელია, თბილისში არსებობს კრაფტ ლუდის მწარმოებელი მცირე ბარი და ლუდსახარში „2 ტონა“, სადაც ლუდები სხვა ლუდსახარშებთან შედარებით მცირედით იაფია. „2 ტონაში“, ისევე როგორც „შავ ლომში“ ხუთი დასახელების კრაფტ ლუდებს ჩამოსახმელი სახით, პლასტმასის ბოთლებითაც ყიდიან. 

ქართულ ლუდის ბაზარზე ბოლო წლებია ასევე არსებობენ ლუდის მცირე მწარმოებლები, მაგალითად „ნატურალი“ და „კრიტკი“, რომლებიც ამ ტიპის ლუდებს მხოლოდ ჩამოსასხმელი სახით ყიდიან. პატარა ლუდის ბარი და ლუდსახარში „შავი ძაღლის ბარი“ კი როგორც თეთრი, ასევე მუქი შეფერილობის გაუფილტრავ ლუდებს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე ყიდის და მისი მომხმარებლები უმეტესად უცხოელი ტურისტები არიან. 

გამორჩეულად მაღალი ხარისხის ლუდის წარმოება დაიწყო ცნობილმა მეღვინემ, იაგო ბიტარიშვილმა, რომელიც მცირე რაოდენობით წარმოებულ მაღალი ხარისხის ლუდ „ანეტას“ მხოლოდ მცხეთის სოფელ ჩარდახში არსებულ მის მარანში ყიდის. ლუდის წარმოება დაიწყო ასევე მეღვინე გიორგი პირადაშვილმა, რომელიც ღვინის კომპანია „ვინივერიას“ და ცნობილ „შატო მერეს“ ფლობს. გიორგი პირადაშვილი აწარმოებს მცირე რაოდენობით ლუდს, რომელსაც „შანტრაპა“ დაარქვა. „შანტრაპა“ საკმაოდ მაღალფასიან სეგმენტს განეკუთვნება, რადგან ერთი ბოთლი ამ ლუდის ფასი 20 ლარიდან იწყება. 

როგორც ცნობილი გახდა, კრაფტ ლუდის წარმოებით უკვე დაინტერესდნენ ქართული ლუდის ბაზარზე არსებული გიგანტი კომპანიები და ისინიც აპირებენ ასეთი ტიპის შედარებით ძვირი, თუმცა, გამორჩეული ლუდის წარმოებას. შესაძლოა შექმნილმა კონკურენციამ ქართულ ბაზარზე კრაფტ ლუდის ფასი შეამციროს კიდეც. ისე კი, იმედია ლუდის მოყვარულები არ გვიწყენენ, მაგრამ რადგან გაზიან სასმელზეა ლაპარაკი, ამ ცხელ ზაფხულში გემრიელად ჩაციებულ ცქრიალა ღვინოს, ალბათ მაინც არაფერი დაეწუნება. 

ილია ლურსმანაშვილი, ლუდის ტექნოლოგი: 

„2010-2012 წლებში ჩეხეთში მომიწია ლუდის ტექნოლოგიების შესწავლა და სწორედ მაშინ დაიწყო კრაფტ ლუდის სტილის პოპულარიზაცია. ნამდვილი კრაფტ ლუდი შესაძლებელია იყოს გაფილტრულიც, მუქიც, გაუფილტრავიც, ელის ტიპისაც, ლაგერიც და სხვა... აქ მთავარია ის, რომ ლუდი ნამდვილი, ცოცხალი ინგრედიენტებით მოიხარშოს და არ იქნას გამოყენებული სხვადასხვა სახის ხელოვნური დანამატები და გამხსნელები, რაც ასე გავრცელდა ბოლო 30 წელია. 

კრაფტ ლუდის პოპულარიზაციის ტენდენციის აღორძინება აშშ-ში, გერმანიაში კანადასა და სკანდინავიის ქვეყნებში ოჯახურმა მცირე სახდელებმა დაიწყეს და მათ აჰყვა მთელი მსოფლიო. ადამიანები მიხვდნენ, რომ არაფერი სჯობს ე.წ. ოჯახურ, ბუნებრივ გემოებს. მართალია კრაფტ ლუდები შედარებით ძვირია და ინდუსტრიული წარმოების მასობრივი პროდუქცია როგორც წესი ბევრად იაფია, მაგრამ ვისთვისაც ლუდის ხარისხი და გემო მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვართ, საბოლოოდ მაინც სწორედ კრაფტ ლუდზე შეაჩერებს არჩევანს“. 

კრაფტ ლუდის გერმანული შტრიხები 

გერმანია ლუდის გარეშე წარმოუდგენელია. გერმანელები ლუდს სვამენ ყველა შემთხვევაში, ასევე დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში ლუდის სიყვარული არც სქესით და არც ასაკით არ განისაზღვრება. 
მრავალი ცდის მიუხედავად, გერმანიაში არსებული კრაფტ ლუდის მწარმოებელი კომპანიების ზუსტი რაოდენობა ვერ დავადგინეთ. როგორც აღმოჩნდა, ამ ინფორმაციას არც ლუდზე ფანატიკურად შეყვარებული სტატისტიკოსები ფლობენ. ვფიქრობთ, რთული დასადგენია თუ რამდენი ლუდის საწარმო რეგისტრირდება ყოველწლიურად ფედერაციის მიწებზე, ასევე რამდენი ოპერირებს და რომელ კომპანიას გააქვს ადგილობრივი ნაწარმი გერმანიისა თუ მსოფლიო ბაზარზე. მაგალითად, მხოლოდ ჩრდილოეთ გერმანიის რეგიონებში 5 ათასზე მეტი ლუდის საწარმო ფუნქციონირებს, სხვადასხვა სახით. აქვე, ქალაქ ჰამბურგში 2 ათასზე მეტი დასახელების ადგილობრივი ლუდის შოვნაა შესაძლებელი, რაც მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელია სხვა დიდი ქალაქებისთვისაც კი. 

2019 წელს ჩვენს მიერ გერმანიაში ჩატარებული მცირე მოკვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ამ ქვეყანაში ლუდის ფასი 24 ევროცენტიდან იწყება. აღსანიშნავია რომ, გერმანიაში იაფფასიანი ლუდი ამ ქვეყნის მთავარ სავაჭრო ქსელებში იყიდება. მაგალითად, პილსის ტიპის ლუდი „ბერლინერ კინდი“ 25 ცენტი ღირს, მაშინ როდესაც, დახლზე, მის გვერდით კლასიკური ბელგიური „ტრიპლეს“ (ერთ-ერთი უძველესი მონასტრული კრაფტ ლუდი) ფასი 13 ევროს აღწევს. 

რაც შეეხება ლუდის ბარებს, გერმანიაში, ლუდის ბარებში ადგილობრივი ლუდის ფასი 2,5-დან 15 ევრომდე მერყეობს. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 7 ევროდ ღირებული, საუკეთესო ადგილობრივი, თეთრი გაუფილტრავი ე.წ. „ვაისბიერის“ ტიპის ლუდები ამ სასმელის მომხმარებლებისთვის საყვარელი ლუდის კატეგორიაა. ასევე მეტად პოპულარულია მუქი, ე.წ. „დუნქელის“ კატეგორიის ლუდები. ლუდის გურმანებს კი „პორტერის“ ტიპის მაღალალკოჰოლიანი ლუდები იზიდავთ, რომელთა ფასი 3-დან 10 ევრომდე მერყეობს. 

როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივი ლუდის მოყვარულები უცხოური ლუდებიდან ყველაზე მეტად ბრიტანულ, გაუფილტრავ „ელის“ ტიპის ლუდებს ანიჭებენ უპირატესობას. დასახელებული ტიპის ლუდები სხვებთან შედარებით ძვირია. მათი საბაზრო ღირებულება 7 ევროდან იწყება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვერ ვნახეთ გერმანიაში წარმოებული ვერც ერთი ადგილობრივი „ელის“ ტიპის ჩამოსასხმელი ლუდი, რაც ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ასეთი სასმელი არ იწარმოება. გერმანელი ლუდის მოყვარულები უკვე „გაკვალულ გზაზე“ დადიან და იმ ლუდებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებსაც ყველაზე კარგად ცნობენ. 

ბერლინში მდებარე ლუდის მაღაზიისა და მცირე ლუდხანის ერთ-ერთმა მფლობელმა გვითხრა, რომ გერმანია ის ქვეყანაა, სადაც ახალი ტიპის კრაფტ ლუდის ბიზნესში შესვლა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, გაჯერებულ ბაზარზე რთულია ხარისხისა და ფასის თვალსაზრისით იყო კონკურენტუნარიანი. 

ცნობილია, რომ გერმანელებს გაუფილტრავი ლუდი ყველაზე მეტად იზიდავთ. ტურისტებს უფრო მეტად მსუბუქი, პილსის ტიპის ლუდები მოსწონთ, უფროსი ასაკის გერმანელები კი მუქ, გაუფილტრავ ლუდებს ანიჭებენ უპირატესობას. საინტერესო ამბავია, რომ გერმანიაში ჩეხური ლუდის შეტანისა და გაყიდვის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა, რადგან გერმანელებს ჩეხური მწარე ლუდები უბრალოდ არ უყვართ. ამას გარდა თავის როლს თამაშობს ე.წ. პატრიოტული საკითხიც, რადგან გერმანელებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ლუდი სწორედ მათ ქვეყანაში მზადდება და სხვა ქვეყნიდან შემოტანილი სასმელისთვის თავის გაყადრება არ ღირს. 

ყველაფერი კელტებიდან დაიწყო... 
 
დღეს ლუდის მრავალი მკვლევარი კრაფტ ლუდის შემქმნელებად კელტებს ასახელებს. კელტები, როგორც ცნობილია, ლუდის და თაფლუჭის დიდი მოყვარულები იყვნენ, თუმცა, როგორც უახლესი არქეოლოგიური გათხრებიდან ხდება ცნობილი, ისინი ღვინოზეც არ ამბობდნენ უარს. არქეოლოგების ვარაუდით, კელტებით დასახლებულ პუნქტებს ხმელთაშუა ზღვიდან შესული ბერძენი ვაჭრები ამარაგებდნენ ღვინით, რასაც კელტები დიდი სიამოვნებით მიირთმევდნენ. 

სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელსაც მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტის და თიუბინგენის უმაღლესი სკოლის მკვლევარები ხელმძღვანელობდნენ, ქიმიური საშუალებების გამოყენებით შეისწავლა ადგილობრივი წარმოების და ათენიდან იმპორტირებული კერამიკული ჭურჭლის შიგნით არსებული საჭმლის ნარჩენები. ეს ჭურჭელი, რომლის ასაკი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნით განისაზღვრა, მეცნიერებმა ბურგუნდიაში, ერთ-ერთი კელტური დასახლებული პუნქტის გათხრებისას იპოვეს. მეცნიერებმა საკუთარი კვლევის შედეგები ჟურნალ PLOS ONE-ში გამოაქვეყნეს. 

მათ გამოკვლევაში გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც კელტთა სხვადასხვა სოციალური ფენები მსოფლიოში პირველ „კრაფტ ლუდებს“ განსხვავებულად მოიხმარდნენ. მაგალითად, ჯარისკაცები, რომლებიც ქა¬ლაქის მსგავსი დასახლებული პუნქტის კარიბჭესთან სახლობდნენ, ფეტვის ლუდს სვამდნენ. ლუდის ამ სახეობის სმა, როგორც შემდგომში მკვლევარებმა განსაზღვრეს, დაბალი სოციალური ფენებისთვის იყო დამახასიათებელი. 
ქერის ლუდს სვამდნენ შედარებით მაღალი ფენების წარმომადგენლები (შესაბამისი ნარჩენები, რაც ამ ფაქტს ადასტურებს, ხელოსანთა უბანში იქნა აღმოჩენილი), ხოლო ღვინოს რაც შეეხება, რომელსაც არამარტო საბერძნეთიდან, არამედ იტალიიდან და სამხრეთ საფრანგეთიდანაც ეზიდებოდნენ, მისი შენახვა იმ ქოთნებში ხდებოდა, რასაც პარალელურად საჭმლის დასამზადებლადაც იყენებდნენ. 

კვლევარებმა ჭურჭელში ღვინის და ლუდის კვალის გარდა ზეთისხილის ზეთის, თაფლის და რძის კვალიც აღმოაჩინეს. 

თაფლის კვალის პოვნა ალკოჰოლური სასმელების კვალთან ერთად იმას ამტკიცებს, რომ კელტებს თაფლუჭის კეთება და ლუდნარევი თაფლით დატკბობა ტრადიციად ჰქონდათ გადაქცეული.
 
დასასრულ კი, ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, მართალია ოჯახის პირობებში ლუდის ხარშვის ტრადიცია ხევსურეთში, ფშავში თუ თუშეთში საუკუნეებს ითვლის, მაგრამ თანამედროვე კრაფტ ლუდი მაინც ახალი ტენდენციაა. ნატურალური, ე.წ. ბიო ღვინის მოხმარების და შესაბამისად, წარმოების მნიშვნელოვან ზრდას თუ დავაკვირდებით, წესით, კრაფტ ლუდის მზარდმა მოხმარებამ და შესაბამისად, ასეთი ლუდის წარმოების გაფართოებამ საქართველოშიც უნდა თქვას თავისი სიტყვა. შედეგად, კრაფტ ლუდის წარმოებამ ბიზნესშიც მართალია პატარა, მაგრამ მაინც თავისი ადგილი უნდა დაიკავოს. 

ლევან სეფისკვერაძე