ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
საქართველოში საწვავი გაძვირდა და ფასი კიდევ მოიმატებს - №4(65), 2020
რა რესურსი აქვს სახელმწიფოს, გლობალური გავლენის შესამცირებლად 

გასული წლის ოქტომბრიდან საქართველოში საწვავის ფასმა მომატება დაიწყო. ასევე შარშან, კიდევ უფრო მეტად გაიმყარა საქართველოს საწვავის მთავარი მომწოდებლის პოზიცია რუსეთმა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ექსპერტები ორივე ტენდენციის შენარჩუნებას ვარაუდობენ – საწვავი კიდევ უფრო გაძვირდება, ასევე გაიზრდება რუსეთის წილი საქართველოში შემოტანილი საწვავის მთლიან მოცულობაში. ორივე მოვლენას წინაპირობა ნამდვილად აქვს. 

რატომ ძვირდება საწვავი მსოფლიოში და საქართველოში 

საქართველოში ბენზინის და დიზელის საწვავის მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ტენდენციაა. თუმცა, საქართველოსთვის დამატებითი ფაქტორებია, რაც ჩვენთან ბენზინის და დიზელის საწვავის ფასის მატებას უწყობს ხელს. 

მნიშვნალოვანი მიზეზია ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ლარის კურსის ბოლო ვარდნა 2020 წლის ივნისიდან თითქმის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქციის, ამ შემთხვევაში საწვავის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლავთ. თუკი, გა¬სული წლის ივნისში 1 დოლარი საშუალოდ 3.04 თეთრი ღირდა, წელს, თებერვლის შუარიცხვებისთვის 1 დოლარის ფასი 3.30 ლარს აჭარბებს. 

საწვავის სიძვირის კიდევ ერთი ადგილობრივი მიზეზია 2017 წლის 1 იანვრიდან საწვავზე გაზრდილი აქციზი. მაშინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობამ პარლამენტს აქციზის ზრდის მოთხოვნით მიმართა, რაზეც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა. პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. შედეგად, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე – 80-დან 200 ლარამდე. აქციზის გაზრდის გამო, ნავთობიმპორტიორები ამბობდნენ, რომ აქციზის გაზრდა 1 ლიტრ საწვავს 20-25 თეთრით გააძვირებდა და ასეც მოხდა. ასე რომ, დღევანდელ საცალო ფასებში 20-25 თეთრი სწორედ აქციზის ზრდის „დამსახურებაა“. 

15 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი შემდეგია: 

სუპერი (A-98) 2.65 ლარი, პრემიუმი (A-95) 2.55 ლარი, რეგულარი (A-93) 2.37 ლარი, ევრო დიზელი 2.55 ლარი. ყველაზე იაფი, აზერბაიჯანიდან შემოტანილი დიზელის ფასი კი 2.40 ლარია. 

ახლა კი, გლობალური ტენდენცია, რომელიც რასაკვირველია საქართველოზეც აისახება და ახდენს გავლენას. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნავთობის ფასი მსოფლიოში გაძვირების გზას დაადგა და ისეთი პირი უჩანს, ტენდენცია გაგრძელდება. იანვრიდან მოყოლებული ბირჟებზე მატულობს და თებერვალში „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 61 დოლარს გადააჭარბა. ბოლოს ასეთი მაჩვენებელი 2020 წლის იანვარში იყო. 

იანვრის შემდეგ, თვენახევარში „პლაცზე“ დიზელის ფასი 90 დოლარით გაიზარდა. ახლა ერთი ტონა დიზელის საწვავი 510 დოლარამდე ღირს, ბენზინი კი 120 დოლარით გაძვირდა და მისმა ფასმა 572 დოლარს მიაღწია. 
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, გლობალურ ბაზრებს ოპტიმიზმის საფუძველს კორონავირუსის ვაქცინაცია, დაავადებების შემთხვევათა რაოდენობის შემცირება და მთელ რიგ ქვეყნებში ლოქდაუნის გაუქმება აძლევს. 

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაძვირების დინამიკა გაგრძელდება. ფასი ეტაპობრივად მატულობს და ახლა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, მთვრალაშვილის განმარტებით, „ოპეკი პლუსის“ შეთანხმებაა ნავთობის მოპოვების კვოტებთან დაკავშირებით. 

„ოპეკი პლუსის“ ქვეყნებმა უარი თქვეს იანვრიდან სადღეღამისო მოპოვებების ორი მილიონი ბარელით გაზრდაზე და საერთოდაც შემცირების პოლიტიკას დაუჭირეს მხარი, თუმცა, რუსეთსა და ყაზახეთს უფლება მისცეს, მცირედით გაეზარდათ წარმოება. დანარჩენი წევრები კი თებერვალ-მარტში ნებაყოფლობით მოაშორებენ ბაზრიდან 1,425 მლნ ბარელს დღე-ღამის განმავლობაში. ამ მოცულობიდან 1 მილიონი ბარელი საუდის არაბეთზე მოდის. რასაკვირველია, ასეთი დაპირებების ფონზე ნავთობი გაძვირებას განაგრძობს. 

„ცნობილია, რომ შემცირებულია ნავთობის მოპოვების ყოველდღიური კვოტები და „ოპეკი“ ამ შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს. გარდა ამისა, ვაქცინაციის თემამაც დიდი მოლოდინი გააჩინა. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ეკონომიკა გაიხსნება, რაც მოთხოვნის გაზრდას ნიშნავს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთში ფიქსირდება ნავთობის მოხმარებისა და იმპორტის მაღალი მაჩვენებელი. ესეც დამატებითი მომენტია, რომ მიმდინარე ეტაპზე, ნავთობის ღირებულება 60-დოლარიან ნიშნულს გასცდა“, – განაცხადა მთვრალაშვილმა. 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია გავლენას საქართველოზეც მოახდენს და საწვავი საცალო ქსელში აუცილებლად გაძვირდება, როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში. იანვრის შემდეგ საქართველოში საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა და ექსპერტების თქმით, მომდევნო 2 კვირაში ფასი კიდევ 10-12 თეთრით მოიმატებს. 

როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარია აცხადებს, ნავთობის ფასი ისევ მაღლა წავა და ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზი ავიაციაზე მოხსნილი შეზღუდვებია. 

„თუ მსოფლიო ტენდენციას გადავხედავთ, ერთ-ერთი, რამაც გაზაფხულზე ფასის ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გამოიწვია, იყო ავიაციის შეზღუდვა. ახლა მსხვილ ავიაკომპანიებს რეგულარული ფრენა აქვთ დაგეგმილი სადღაც აპრილის დასაწყისიდან ან შუა რიცხვებიდან. შესაბამისად, მოთხოვნის ზრდას უნდა ველოდოთ, დაახლოებით, ორ თვეში. 

თუკი მოპოვება იმავე ოდენობით შენარჩუნდა, მაშინ ფასი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გაიზრდება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ნავთობმომპოვებელი ქვეყნების საერთო გადაწყვეტილებაზე, თუ როგორ შეჯერდებიან, შეამცირებენ თუ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას მოთხოვნის შესაბამისად“, – განაცხადა კემულარიამ. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკოსების ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ შესაძლოა, საწვავის მკვეთრი გაძვირება აღარც მოხდეს. მათი ვარაუდით, მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, ის, რომ მარაგები ძველებურად საკმარისზე მეტია – მსოფლიოს მასშტაბით საცავებში 1 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობია დაგროვილი. ამასობაში, მიწოდებას ზრდის ლიბია და გამორიცხული არ არის, რომ სანქციების მოხსნის შემთხვევაში ბაზარზე ირანული ნავთობიც გამოჩნდეს. 

რაც შეეხება საწვავის ფასებს ევროპაში, აღსანიშნავია, რომ თებერვლის პირველ ორ კვირაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინი საშუალოდ 0,02 ევროთი გაძვირდა და ლიტრის ღირებულებამ დაახლოებით 1,17 ევრო შეადგინა. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და ნორვეგიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

აქვე, საქართველოში არსებულ საწვავის ფასებს თუ ევროპასთან შესადარებლად ევროში გადავიყვანთ, შემდეგი სურათი გვექნება. დღეის მდგომარეობით 1 ევრო 4.01 ლარი ღირს. შესაბამისად, 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის, იგივე პრემიუმის ფასი 0.63 ევრო, A-98 (პრემიუმი) 0,66 ევრო, ხოლო დიზელის საწვავი 63.5 ევროს შესაბამისია. ასე რომ, საქართველოში საწვავის ფასები უფრო მაღალია ვიდრე რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. სხვა დანარჩენ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, აქ ბენზინიც და დიზელის საწვავიც იაფი ღირს. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იანვრის შემდეგ საქართველოში საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა და როგორც ნავთობიმპორტიორები გვპირდებიან, კიდევ მომდევნო 2 კვირაში ფასი კიდევ მოიმატებს. მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდაა.

საინფორმაციო პორტალი GBC კომპანია „ვისოლის“ ხელმძღვანელის – ვასილ ხორავას კომენტარს ავრცელებს. როგორც ხორავა ამბობს, ქსელში ფასმა 10-13 თეთრით უკვე მოიმატა, თუმცა, ამ რიცხვში არ არის ბოლომდე ასახული ის მატება, რაც საერთაშორისო ბაზარზე ფასის მატებას უნდა მოჰყვეს. 

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებას ამ მასშტაბით არავინ ელოდა. ვასილ ხორავა აცხადებს, რომ მთლიანობაში იანვრიდან-დღემდე ლიტრი საწვავის თვითღირებულება 25 თეთრით გაიზარდა, თუმცა, გაძვირება ნახტომისებური რომ არ ყოფილიყო, კომპანია ფასს ეტაპობრივად შეცვლის. 

„2020 წლის პირველ ნახევარში საწვავის ფასები პრაქტიკულად ჩამოიშალა, შემდგომ ეტაპზე, წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით 2020-ის ბოლოსთვის შეიმჩნეოდა მზარდი ტენდენცია. თუმცა, ის, რაც მოხდა იანვარი-თებერვალში, ამან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. თებერვლის დასაწყისში „პლაცზე“ მივიღეთ დაახლოებით ერთბაშად 100 დოლარით და უფრო მეტით გაზრდილი ფასები. ეს გამოწვეული იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებით და ზოგადი განცხადებებით ამ თემაზე. ბაზარმა ამაზე დაიწყო რეაგირება და ნავთობინდუსტრია არის გამონაკლისი, რომელმაც ყველაზე სწრაფი აღდგენა აჩვენა“, – აცხადებს ვასილ ხორავა. 

მისივე განცხადებით, ნავთობის ბაზარი სწრაფადვე დაუბრუნდა მოხმარების პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს და მეტიც, ფასმა გადაასწრო პრე-კოვიდის პერიოდსაც. 

„საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირებული გაძვირება ქართულ რეალობაზე რომ გადავიანგარიშოთ, ეს ნიშნავს ფასის 25 თეთრის ფარგლებში ზრდას, რაც ძალიან მძიმეა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც საწვავის სრულად იმპორტს ახორციელებს. ჩვენთვის, როგორც სადისტრიბუციო კომპანიისთვის, რომელიც იმპორტს საბერძნეთიდან ახორციელებს, მნიშვნელოვანია მომწოდებლის ფასი, შესაბამისად, ახალი იმპორტი იქნება სხვა ფასით წარმოდგენილი. 

იმის გამო, რომ არ ყოფილიყო ერთბაშად 20-25-თეთრიანი ზრდა საწვავზე, ზრდა უკვე დავიწყეთ – წლის დასაწყისიდან 10-13 თეთრამდე შეიცვალა ღირებულება, თუმცა, ეს ტენდენცია გაგრძელდება 25 თეთრამდე. მე არ ვამბობ, რომ დღეიდან 25 თეთრით გაიზრდება ფასები, ეს ზრდა დაფიქსირდება წლის დასაწყისიდან მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეტაპობრივად“, – განაცხადა ვასილ ხორავამ. 

საქართველოში საწვავის გაძვირებაზე კომენტარი გააკეთა კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ. მისი თქმით, საქართველოში საწვავის გაძვირება საერთასორისო ფასების მატების შესაბამისია. 

„ფასები საბითუმო ბაზარზე ზუსტად ასახავს იმ სიტუაციას და რეალობას, რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე, შესაბამისად, საქართველოში. დღეისთვის ეს საბითუმო ფასები ბოლო პერიოდში ალბათ, მინიმუმ 1 წლის (რაც მახსოვს), ყველაზე მაღალია. დღეს 2.10 ლარის ფარგლებში არის ბენზინის საბითუმო ფასი. ამის შემდეგ ხდება ფასწარმოქმნა საცალო ბაზარზე, ანუ, ავტოგასამართ სადგურებზე. იქ ეს დამოკიდებულია იმის მიხედვით, თითოეული ქსელი თუ ავტოგასამართი სადგური მოგების რა მარჟას დებს და რა უჯდება კიდევ საოპერაციო ხარჯები“, – ამბობს ზაალ იაკობიძე. 

როგორც „ვისოლში“ განაცხადეს, საერთაშორისო ბაზარზე არსებული გაძვირება საქართველოს ბაზარზე სრულად ასახული ჯერ არ არის. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელიც საწვავის გაძვირებას აანონსებს. 

„ფასი საშუალოდ გაზრდილია 15 თეთრით და აქვე მინდა გითხრათ, რომ არაბრენდირებულ ქსელში კიდევ მეტად არის გაზრდილი. რაც შეეხება მოლოდინებს – მოლოდინი არის არაოპტიმისტური, ფასების მატება გარდაუვალია. მათ შორის საბითუმო ბაზარზე, რომელიც საკმაოდ მკვეთრად ჩამოყალიბებული ბაზარია, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ფასები არის მნიშვნელოვნად მომატებული. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ არაბრენდირებულ და ასევე ბრენდირებულ სადგურებს უახლოეს მომავალში ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მოუწევთ ფასების ზრდა, სამწუხაროდ“, – ამბობს ვანო მთვრალაშვილი. 

საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი რუსეთია 

გასული წლის შეჯამების შედეგად, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა მიაღწია 1106 ათას ტონას, რაც 10 ათასი ტონით, ანუ 0.9%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (1096 ათასი ტონა). 

2020 წელს ბენზინის იმპორტმა შეადგინა 540,4 ათასი ტონა, რაც წინა წელთან შედარებით 3,9 ატასი ტონით, ანუ 0,7%-ით ნაკლებია, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 565.6 ათასი ტონა, რაც წინა წელთან შედარებით 13.9 ატასი ტონით, ანუ 2,5%-ით მეტია. 

2020 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი საწვავი რუსეთიდან შემოვიდა. 342.8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31%-ია. რუსეთიდან იმპორტი წინა წელთან შედარებით 12.9 ათასი ტონით, ანუ 3.9%-ით არის გაზრდილი. 
შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, საიდანაც იმპორტმა 214.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 44.7 ათასი ტონით, ანუ 26.3%-ით მეტია. 
მკვეთრად დაიკლო საწვავის იმპორტმა რუმინეთიდან. 2020 წელს ამ ქვეყნიდან 206.9 ათასი ტონა საწვავია შემოტანილი, რაც მთელი იმპორტის 18.7%-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით კლებაა 93.1 ათასი ტონა, რაც 31%-ის ტოლია. 

„უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში ბენზინის და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია საქართველოში. აზერბაიჯანიდან კი მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი შემოდის და იგი ამ პტოდუქტის ყველაზე დიდი მომწოდებელია“, – აცხადებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში. 

ნავთობპროდუქტების იმპორტში რუსეთმა რუმინეთი ჩაანაცვლა და სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდში ამ პოზი-ციას შეინარჩუნებს. 

„ბოლო წლებში რუსეთი იქცა ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ დიდ მომწოდებლად საქართველოსთვის. ეს ეხება როგორც ბენზინს, ასევე დიზელსაც. წლების განმავლობაში რუმინეთი იყო ძირითადი მომწოდებელი, მაგრამ პოზიციები ბოლო 3 წელია დათმო. რუმინეთს ჩაენაცვლა რუსეთი. 
აღსანიშნავია, რომ რუსეთი თვითონ არის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი და მწარმოებელი ქვეყანა. შესაბამისად, ხარისხის საკითხიც მოგვარებულია, იგი აწარმოებს ევრო 5-ის სტანდარტის საწვავს, როგორც ბენზინს, ასევე დიზელს და ხარისხის მხრივ, არავითარი კითხვის ნიშნები არ არის. ამასთან, ლოჯისტიკაც საკმაოდ ხელსაყრელია ქართველი იმპორტიორებისთვის, უწყვეტი ხაზი არსებობს და ხარისხითაც კონკურენტუნარიანია, რაც განაპირობებს რუსული საწვავის მაღალ ხვედრით წილს იმპორტში“, – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა. 

„ვფიქრობ, რუსეთიდან იმპორტის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. ეს ქვეყანა სავაჭრო ურთიერთობაში, კონკრეტულად ნავთობპროდუქტების ბაზარზე საკმაოდ სტაბილურია. მათ შორის თხევადი აირის ბაზარზეც. ასე რომ, მოწოდების მხრივ საფრთხე არ ჩანს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიოში მოხმარება ყველან შემცირებულია და მიმდინარე წელსაც ტენდენცია არ იცვლება, ალბათ რუსეთი დარჩება ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდ მომწოდებლად საქართველოსთვის“, – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი. 

აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ იანვრის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში რუსეთმა წინა წლის მსგავსად მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს თუ მთლიან სავაჭრო ბრუნვაში რუსეთის წილი 10,3% იყო, 2020 წელს რუსეთის წილი 11,1%-მდე გაიზარდა. ისიც შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ რუსეთმა მთავარ სავაჭრო პარტნიორებში მეორე ადგილი 2015 წლიდან დაიკავა. 2012 წელს თუ რუსეთის წილი საგარეო ვაჭრობაში 5.1%-ს შეადგენდა და სავაჭრო პარტნიორებში მე-6 ადგილს იკავებდა, 2013 წლიდან რუსეთის წილმა ზრდა დაიწყო. 2013-ში საგარეო ვაჭრობაში მე-4, 2014-ში მე-3, ხოლო 2015-დან მეორე სავაჭრო პარტნიორია თურქეთის შემდეგ. რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდ ხიფათს შეიცავს, ხშირად გვესმის ადგილობრივი ექსპერტების თუ უცხოელი პარტნიორებისგან. 

ისევ საქართველოში საწვავის ფასს რომ დავუბრუნდეთ, როგორც ჩანს, მსოფლიო ნელ-ნელა გამოდის კორონავირუსის შოკიდან და საწვავზე მოთხოვნის მატება, ნავთობის გაძვირების ტენდენციას შეინარჩუნებს. რა რესურსი აქვს საქართველოს, რომ გარკვეულწილად მაინც შემცირდეს საწვავის ფასი? ლარის კურსმა უნდა აიწიოს და საწვავზე არსებული აქციზი 2017 წლამდე არსებულ დონეს დაუბრუნდეს. აქციზის დაკლება ოპოზიციამ არაერთხელ სთხოვა მმართველ უმრავლესობას, მაგრამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიღებული გადაწყვეტილება აღარასოდეს შეცვალა. არაფერი იცვლება სასიკეთოდ ლარის კურსის მხრივ – ჯერ პანდემიამდე რა მდგომარეობა იყო და ახლა კვლავ შეზღუდვებში მყოფი ეკონომიკა ეროვნულ ვალუტას საიმედოს ვერაფერს პირდება. ამიტომაც, ყველა რეალობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საწვავის ფასის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. 

თემურ იობაშვილი