ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
დნმ-ის გამოკვლევის დასკვნა კატეგორიული ანუ შეუმცდარია
#3(19), 2008
უცნობი ჯარისკაცები

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალი ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ არა აქვს ბოლომდე დათვლილი. ჯერაც უცნობია მატერიალური ზარალის მოცულობაც და რაც მთავარია, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობაც. ოფიციალური მონაცემებით, მთლიანობაში დაღუპულია ძალოვანი უწყებების 156 წარმომადგენელი. მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთ-საქართველოს ომში 115 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 54 კი დაკარგულად ითვლება. დაღუპულთაგან 8 არის ოფიცერი, 96 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და 1 სამოქალაქო პირი; ხოლო დაკარგული სამხედრო მოსამსახურეებიდან, 14 ოფიცერია და 40 კაპრალ/სერჟანტი.

ომის დამთავრებისთანავე პარლამენტში შეიქმნა საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისია, რომლის საქმიანობასაც კოორდინაციას უწევს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. კომისიის შემადგენლობაში შედიან თავდაცვის; შინაგან საქმეთა; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; საგარეო საქმეთა სამინისტროების, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს სახალხო დამცველის და პარლამენტის წარმომადგენლები.

საომარი მოქმედებების შემდეგ მთლიანობაში გადმოსვენებულია 66 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი. აქედან 54 იყო ამოუცნობი და შესაბამისად თითოეული ცხედრიდან  აღებული იქნა დნმ-ის კოდი. ასევე არის აღებული დნმ-ის კოდები იმ სამხედრო მოსამსახურეების მშობლებისგანაც, ვინც არის უგზო-უკვლოდ დაკარგული. მიმდინარეობს ამ კოდების შედარება, რის შემდეგაც გაირკვევა, კონკრეტულად რომელი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები არის მიბარებული მიწას და რომელი სამხედრო მოსამსახურეების ძებნა უნდა გაგრძელდეს. დღეისათვის ფაქტობრივად არ არსებობს ინფორმაცია 14 ადამიანზე და გრძელდება მათი ძებნა, ანუ შესაძლოა ისინი იყვნენ ცოცხლები.

როგორც ჩვენთან საუბარში კომისიის წევრმა გია თორთლაძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში კიდევ რამდენიმე ადგილას არიან დასაფლავებულები საქართველოს მოქალაქეები და ახლა, როგორც კი იქ სადამკვირვებლო მისია შევა, ქართული მხარე მაშინვე დააყენებს საკითხს მიცვალებულთა დაუყოვნებლივ გადმოსვენების შესახებ. მათ რაოდენობაზე ჯერ არაფერია ცნობილი. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ არიან სამხედრო ტყვეებიც, რომლებიც ჩრდილოკავკასიაში ჰყავთ გადაყვანილი. ბოლო მონაცემებით ისინი ვლადიკავკაზის სამხედრო ჰოსპიტალში ჰყავდათ და შესაძლოა კიდევ სხვა ტყვეებიც იყვნენ. მათი რაოდენობა უცნობია, მაგრამ იმავე პერიოდში ოსებს ჰქონდათ მცდელობები, რომ მოეთხოვათ იმ დამნაშავეებში გაცვლა, რომლებიც ჩვენთან ტერაქტის თუ სხვა მძიმე დანაშაულებების გამო სასჯელს იხდიან. როგორც ჩანს, რუსები ასეთი მოთხოვნების წამოყენებაში ოსებს ხელს უშლიან. თორთლაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებები ისევ განახლდება. "ყველა გზა უნდა იყოს გამოყენებული, რათა ვინც გადმოსასვენებელია, გადმოვასვენოთ და ვინც ტყვედ იმყოფება, იმისი გაცვლა მოხდეს", - აცხადებს პარლამენტარი.

სამაჩაბლოდან თბილისში გადმოსვენებულ სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 54 გვამის ამოცნობა ვერ მოხერხდა და მათ საფლავებს გაუკეთდა წარწერა "უცნობი". საფლავები სპეციალური ნუმერაციით განლაგდა.
 
დნმ-ის გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის შეცდომის ალბათობა ნულის ტოლია

29 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მშობლებს, რომელთა შვილებიც აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და დაკარგულებად მიიჩნევიან, დნმ-ის დასადგენად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოცხადებისკენ მოუწოდა.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საექსპერტო მომსახურებით უზრუნველყოფს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. დნმ-ის დადგენაზე გამოკვლევებს აწარმოებს ბიოლოგიური ექსპერტიზის (დნმ) ლაბორატორია, რომელიც სხვა რამდენიმე სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურშია გაერთიანებული. თავად ლაბორატორია ორი წლის წინათ გაიხსნა, კვლევა აქ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უახლესი მეთოდებით ტარდება. ბიუროს ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოში დნმ-ის კვლევის მეთოდების დანერგვა-განვითარების აუცილებლობა განაპირობა ჩვენს ქვეყანაში პიროვნების იდენტიფიკაციის თანამედროვე ზუსტი მეთოდების არარსებობამ, რის გამოც კვალიფიციური სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შეუძლებელი იყო. დნმ-ის უბნების ანალიზის პოპულარობა და უალტერნატივობა განპირობებულია იმით, რომ შედეგების მიღება შესაძლებელია ბიოლოგიური მასალის მცირე რაოდენობით, დამწვარ, გახრწნილ მდგომარეობაში ყოფნის, ასევე ძლიერ ხანდაზმული ბიომასალის შემთხვევაშიც. დნმ ანალიზის მეთოდს გააჩნია უაღრესად მაღალი დისკრიმინაციის რიცხვი, რის გამოც შეცდომის ალბათობა ნულის ტოლია.

რას წარმოადგენს დნმ?

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე დნმ-ს ანბანს ადარებს. რაღაცა რომ დავწეროთ, ამისათვის ასოები გვჭირდება. ჩვენ მთლიანად ბუნების ნაწარმოები ვართ და ეს ნაწარმოები გარკვეული თანამიმდევრობით დალაგებული სხვადასხვა ელემენტისაგან შედგება. დნმ არის მოლეკულა, რომელშიც ჩაწერილია: სად, რა და როგორ უნდა დალაგდეს; იქ წერია ყველაფერი: როგორ უნდა განვვითარდეთ, როგორ უნდა ვიცოცხლოთ, რა ფერის თვალი გვექნება, რა სიმაღლის ვიქნებით და ასე შემდეგ; ანუ მთელი ჩვენი მემკვიდრეობითობა, დაწყებული გარეგნული შესახედაობით, ასევე ფსიქო-ფიზიკური თვისებებით ამ მოლეკულაში წერია. ადამიანისათვის ის ყოველთვის ინდივიდუალურია. ყველას თავისი დნმ აქვს, ამიტომ ხალხი ერთმანეთს არ ჰგავს. ერთნაირი დნმ აქვთ მხოლოდ ტყუპებს, რომლებიც ერთი კვერცხუჯრედიდან არიან და ამიტომ ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. დნმ-ს ამიტომაც ეძახიან ორგანიზმის ანაბეჭდს. ვთქვათ, ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიაზე დნმ-ში ცვლილებები იწვევს იმ ფუნქციის გამოვარდნას, რომელიც იქ იყო ჩაწერილი, რაც გაფუჭებულია და შესაბამისად, ყალიბდება სხვადასხვა სიმახინჯე. შვილზე დნმ-ის ნახევარი მამისგან და ნახევარიც დედისგან გადადის. ეს ორი ნახევარი ერთდება და წარმოქმნის მემკვიდრეს.

დნმ-ის განსაზღვრა არ არის სამედიცინო დარგი. მედიკოსის მოვალეობა არის უმკურნალოს ცოცხალ ადამიანებს და არა ის, რომ მათზე, ვთქვათ, იდენტიფიკაციის ტესტები ჩაატაროს. იდენტიფიკაციის დასადგენად ძირითადად ბიოქიმიური ტესტები ტარდება. დნმ გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნა არის კატეგორიული, რამდენიმე მილიონი ანალიზიდან მხოლოდ ერთში შეიძლება შეცდომა მოხდეს, ანუ ორი სრულიად სხვადასხვა ადამიანის დნმ ერთმანეთს დაემთხვეს. თუმცა, ეს თეორიულადაა გამოთვლილი, თორემ პრაქტიკულად არ ხდება.

დავუშვათ, რომელიმე ოჯახმა ორი შვილი დაკარგა და ამოსაცნობია, კონკრეტულად რომელი რომელია. ასეთ შემთხვევაში უკვე საჭირო იქნება შვილის ბიომასალა მანამდე, სანამ ის დაიღუპებოდა (ვთქვათ, სახლში დარჩა ადრე ამოღებული კბილი) და მაშინ შეიძლება პიროვნების იდენტიფიკაცია, რომ ვინ არის ის ნამდვილად.

გენეტიკური ინფორმაციის კითხვა ადამიანებმა მეოცე საუკუნის ბოლოს ისწავლეს და ეს გენეტიკის დარგში რევოლუციური გადატრიალება იყო. მოხდა დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) გამოყოფა უჯრედის ბირთვიდან, რის გამოც მიიღო ეს სახელწოდება (ბერძნულად ნუცლეუს ბირთვს ნიშნავს). დნმ მოთავსებულია ქრომოსომებში (ბერძნ. Chroma - ფერი, Soma - სხეული).

ადამიანის უჯრედი შეიცავს 46 ქრომოსომას. დნმ შედგება ცალკეული უბნებისაგან - გენებისაგან. გენი (ბერძნ. Genos - წარმოშობა) არის მემკვიდრეობითობის ერთეული და შეიცავს კოდირებულ ინფორმაციას ერთ ცილაში ან რიბონუკლეინის მჟავაში (რნმ) ამინომჟავების განლაგების თანმიმდევრობის შესახებ. ადამიანის დნმ-ში გენების ერთობლიობას გენომი ეწოდება. ადამიანის გენომის სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში შეიძლება ორ მეტრს აღწევდეს. ადამიანს აქვს დაახლოებით 30 ათასამდე გენი, რომლებშიც შენახულია უამრავი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებისა და მათი ფუნქციების შესახებ.

დნმ-ის ბიოლოგიური ფუნქცია უჯრედის ცილების აგებულების შესახებ ინფორმაციის შენახვასა და შთამომავლობით გადაცემაში მდგომარეობს. უჯრედის მიერ დნმ-ში შენახული ინფორმაციის გამოყენებისათვის იგი "გადაიწერება" შუალედურ ინფორმაციულ მოლეკულაზე, საინფორმაციო რიბონუკლეინის მჟავაზე (ამ პროცესს ტრანსკრიფცია ეწოდება), ხოლო შემდეგ, ტრანსლაციის პროცესში ხდება მის საფუძველზე ცილის წარმოქმნა.

ინფორმაციის შთამომავლობით გადაცემისათვის უჯრედის გაყოფამდე დნმ წარმოქმნის თავის ასლს და ამ პროცესს რეპლიკაცია ეწოდება.

გენეტიკური ინფორმაცია - ეს არის პროგრამა ორგანიზმის იმ თვისებებისა, რომლებსაც იგი ღებულობს წინაპრებისაგან და რომელიც ჩადებულია მემკვიდრეობით სტრუქტურებში გენეტიკური კოდის სახით. გენეტიკური ინფორმაცია განსაზღვრავს ორგანიზმის მორფოლოგიურ აგებულებას, ზრდას, განვითარებას, ნივთიერებათა ცვლას, ფსიქიკურ მდგომარეობას, დაავადებებისადმი წინასწარგანწყობასა და ორგანიზმის გენეტიკურ ნაკლს.

54 უცნობი ჯარისკაციდან 20 იდენტიფიცირებული იქნა
 
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის (დნმ) ლაბორატორიის დასკვნებზე დაყრდნობით, უნდა გაირკვეს იმ 54 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ვინაობა, ვინც მშობლიურ მიწას მიაბარეს სახელით "უცნობი". ლაბორატორიის უფროსის ირინე თანდილაშვილის ინფორმაციით, ლაბორატორიას ყველა დაღუპული პიროვნებისაგან აღებული აქვს ბიოლოგიური მასალა, ანუ ეს არის 54 გვამური მასალა და ახდენს ამ ბიოლოგიური მასალის იდენტიფიცირებას ოჯახებთან; ანუ თითოეული ამ ბიოლოგიური მასალიდანDხდება დნმ-ის გამოყოფა, შემდეგ მათი პროფილის გაშლა და იდენტიფიცირება იმ ცოცხალ პირებთან, რომლებიც ლაბორატორიაში იყვნენ მისულნი იდენტიფიცირებისათვის. ასეთი კი სულ არის 69 პიროვნება და მათგან აღებულია ნერწყვის ნიმუშები; აქედანაც ხდება დნმ-ის გამოყოფა და პროფილის გაშლა; შემდეგ უკვე მიმდინარეობს ამ პროფილისა და გვამური მასალიდან მიღებული გენეტიკური პროფილის ერთმანეთთან შედარება. ოქტომბრის დასაწყისისთვის 20 გვამური მასალის შესახებ დაიდო დასკვნა. დანარჩენებზე ამ მომენტისათვის კვლევა ისევ მიმდინარეობს. უნდა გაიხსნას ყველა ეს გენეტიკური პროფილი და გენეტიკური კოდი გამოვლინდეს, როგორც გარდაცვლილი პიროვნებებიდან, ასევე ცოცხლებიდან და მერე უკვე მოხდება მათი იდენტიფიცირება. ზღვა მასალაა გამოსაკვლევი, იმიტომ რომ 54 გვამია და პლუს კიდევ ცოცხალი პირები - 69 ოჯახი, 69 პიროვნება. ზოგი მშობელი მივიდა, ზოგი შვილი, ზოგი ძმა. იმ შემთხვევაში, თუკი მშობლები დაღუპულები არიან და პიროვნებას ჰყავს შვილები, შვილებთან ხდება იდენტიფიცირება.

ლაბორატორიაში, მისი გახსნიდან მოყოლებული, დანერგილია "იგრეკ" ქრომოსომაზე მუშაობა, რაც ძალიან კარგია და ზუსტად გამოდგა ამ შემთხვევისთვის. არის შემთხვევები, როდესაც მეომარს მშობლები ჰყავს დაღუპული, მაგრამ ჰყავს ძმა და ზუსტად, "იგრეკ" ქრომოსომის კიტი (კიტი რეაქტივია) ადგებათ იმისთვის, რომ მოახდინონ "იგრეკ" ქრომოსომით იდენტიფიცირება ძმებთან. ეს რომ არ ჰქონოდათ დანერგილი, აქ უფრო გართულდებოდა მუშაობა; მაშინ დასჭირდებოდათ გარდაცვლილი მშობლების ნეშტის ამოღება და ძვლებთან იდენტიფიცირება.

რაც შეეხება ამ მომენტისთვის გამოსაკვლევ ობიექტებს, სამუშაო რთულია, რადგან ყველა გვამი იყო გახრწნილ ან დამწვარ მდგომარეობაში და შესაბამისად, კვლევაც გართულებულია; უწევთ აღებული ნიმუშის კვლევის პროცესის რამდენიმეჯერ გამეორება, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში დნმ დეგრადირებულია და ის რომ სუფთად გამოყონ, ამ ობიექტს რამოდენიმეჯერ ამუშავებენ. კვლევა "იგრეკ" ქრომოსომით ხდება. გაიხსნა თუ არა დნმ ლაბორატორია, მას შემდეგ დანერგილი აქვთ "იგრეკ" ქრომოსომის კვლევა, ანუ მამაკაცებში მამის ხაზით გადასულ არსებულ "იგრეკ" ქრომოსომას იკვლევენ. ამიტომ დაღუპულ მეომარს თუკი ძმა ან ვაჟიშვილი ჰყავდა, ამ ხაზით იკვლევენ და შედეგის დადგენა ამით გაადვილებულია.

რა შემთხვევებში გამოიყენება დნმ-ის კვლევა?

საერთოდ, დნმ-ის კვლევა გამოიყენება პიროვნების იდენტიფიცირებისთვის. ეს არის სასამართლო კრიმინალისტიკური ლაბორატორია. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, თუ გაუპატიურების შემთხვევაა და დატოვებულ ნივთმტკიცებებში ნახეს სპერმა, ჰყავთ ბრალდებული ან ეჭვმიტანილი, ხდება შედარება და კატეგორიული დასკვნები გაიცემა.

სადაო მამობის შემთხვევაში ადგენენ, მოცემული პიროვნება მამაა თუ არა. ძალიან ბევრი მიმართავს ლაბორატორიას და ბევრს უტარებენ ექსპერტიზას, რის შემდეგაც ლაბორატორია იძლევა კატეგორიულ დასკვნას იმის თაობაზე, მამაა თუ არა. მამობის საკითხის გარკვევა ხდება ან სასამართლო განჩინების საფუძველზე, ან კერძო პირიც ითხოვს ძალიან ხშირად. თუმცა,  აუცილებელია დედა იყოს თანახმა, რომ ბავშვისგან აიღონ სისხლი.

ლაბორატორია თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და აქვს სათანადო რეაქტივები და კიტები. სამუშაო, რომელსაც დნმ ლაბორატორიის თანამშრომლები ასრულებენ, უაღრესად საპასუხისმგებლოა, ძალიან მძიმე და რთული როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მაგალითად, როდესაც 26 აგვისტოს კონფლიქტის ზონიდან გამოტანილი 43 ცხედარი თბილისში ჩამოიტანეს, ლაბორატორიის თანამშრომლები იმავე დღეს შეუდგნენ და მთელი ღამე იღებდნენ ბიოლოგიურ მასალას. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პათანატომიის კათედრაზე ხდებოდა ეს ყველაფერი. დილის 7 საათზე ლაბორატორიაში მიიტანეს და 27-ში დაიწყეს კვლევა.

"უცნობი" სამხედრო მოსამსახურეების დნმ გამოკვლევის შემთხვევაში საქმე აქვთ რთულ ობიექტებთან, იმიტომ, რომ თითქმის ყველა ის გვამი, რომლისგანაც ბიოლოგიური მასალა აიღეს,  იყო გახრწნის ან სრული ლპობის პროცესში, ან დამწვარი და აქედან გამომდინარე, მათზე მუშაობა გარკვეულ დროს საჭიროებს. ირინე თანდილაშვილი ზუსტად ვერ ასახელებს, თუ რამდენი დრო იქნება საჭირო. კვლევა კვლავაც მიმდინარეობს. 69 არის ცოცხალი პირი. ეს ნიშნავს იმას, რომ 69 ოჯახია და ეს ოჯახები უნდა შეადარონ იმ ბიოლოგიურ მასალასთან.

ერთბაშად ამდენის გამოკვლევის პრაქტიკა დნმ-ლაბორატორიას აქამდე არ ჰქონია, მაგრამ წინა ომების (აფხაზეთის, სამაჩაბლოს, სამოქალაქო) დროსაც, როცა დნმ-ის გამოკვლევა ჯერ არ იყო დანერგილი, მოუხდენიათ იდენტიფიცირება, ოღონდ სეროლოგიური კვლევით - ჯგუფური ფაქტორებით. მაშინაც იყო ამოუცნობი გვამები და უბრალოდ, გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ მასალაზე იძლეოდნენ დასკვნებს, თუ რა ჯგუფი იყო. დნმ-ის კვლევას სეროლოგიურთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ დასკვნები შეუმცდარია: ლაბორატორია კატეგორიულად ამბობს, რომ ეს პიროვნება კონკრეტულად მამას თუ შვილს წარმოადგენს.

სავარაუდოდ, ამოუცნობად დარჩენილი სხვა ცხედრების იდენტიფიცირებაც მოხდება. ეს მცირედი, მაგრამ მაინც ნუგეშია დაღუპულთა ჭირისუფლებისათვის, დაღუპული შვილის, ძმის თუ მეუღლის საფლავი რომ ეცოდინებათ.

დალი ჩიკვაიძე