ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
სს "ქართული ფოლადის" ახალი საინვესტიციო პროექტი
#3(19), 2008
საწარმო, რომელსაც ორი მთავარი მიზანი აქვს

სს "ქართული ფოლადი" რუსთავში 2005 წელს რუსთავის მეტალუგიული ქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ქარხანა სწორედ ამ წელს გადაეცა ახალ ინვესტორს. წარმოების 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი. გაჩერებული ქარხანა ახალი ინვესტორის მისვლისთანავე, უმოკლეს დროში ამუშავდა. დღეისათვის სს "ქართული ფოლადის" რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სრული დატვირთვით რამდენიმე საწარმო მუშაობს, რომლებშიც 1950 ადამიანია დასაქმებული. ერთ-ერთი ბოლო წარმატებული პროექტი, რომელიც "ქართულმა ფოლადმა" მეტალურგიულ ქარხანაში განახორციელა - წიდის გადამამუშავებელი საწარმოს გადაიარაღება და ამუშავება იყო.

60 წლის განმავლობაში რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან გამოტანილი ნარჩენები - ე.წ. წიდა - რუსთავ-გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყრებოდა, რომელიც ლამის ნაგავსაყრელად იქცა, იქ დაგროვილი ნარჩენები კი ნამდვილ ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენდა.

წიდასაყარის ტერიტორიაზე წიდის გადამუშავება და მისგან სამშენებლო მასალის წარმოება პირველად ოთარ დოლიძემ დაიწყო, მაგრამ მეტალურგიულ ქარხნის მაშინდელ ხელმძღვანელობასა და დოლიძეს შორის რამდენიმე წლის შემდეგ სასამართლო დავა დაიწყო - მეტალურგიული ქარხანა დოლიძეს წიდასაყარის ტერიტორიას ედავებოდა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წელს გაგრძელდა და წიდასაყარის ტერიტორია, მასზე დაგროვილი ნარჩენებით (წიდით), ქარხნის საკუთრებაში დარჩა, ოთარ დოლიძეს კი იქ საქმიანობის ყველანაირი უფლება აეკრძალა.

ჯოზეფ ქეიმ მეტალურგიული კომბინატი მაშინ შეიძინა, როცა ქარხანასა და მეწარმე დოლიძეს შორის ყოველგვარი სამართლებრივი დავა დასრულდა, წიდასაყარი კი ქარხნის ქონების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდა. ახალმა ინვესტორმა წიდის გადამამუშავებელი საწარმო ულტრათანამედროვე ტექნიკითა და დანადგარებით აღჭურვა და სრული დატვირთვით აამუშავა.

"მე კარგად ვიცოდი წიდასაყარის პოტენციალი - ეს, პირველ რიგში, სამშენებლო პოტენციალია; იმასაც ვგრძნობდი, თუ რა საშიშროება შეიძლება მოეტანა მას ქალაქისა და რეგიონისათვის, ეს ეკოლოგიური საფრთხე იყო. ოცი წლის წინ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება მქონდა, კარგად ვიცოდი, ქარხნიდან გამოტანილი რა მავნე ნივთიერებები იყრებოდა იქ. დირექტორად მოსვლის შემდეგ დავიწყე ამ საკითხის შესწავლა და მოგვარებაზე ზრუნვა. სამოცი წლის განმავლობაში ქარხნიდან გატანილი და ამ ტერიტორიაზე დაგროვილი ნარჩენები იქ კიდევ დიდი რაოდენობითაა. ჩვენ მოვიძიეთ ის კომპანიები, რომელთაც აქვთ სუპერთანამედროვე დანადგარები და ისეთივე საწარმოო პროცესი, როგორიც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას. ევროპაში ჩვენ არ წავედით, უკრაინისა და რუსეთის გამოცდილება შევისწავლეთ, მათ აქვთ წიდასაყრელები, ევროპაში კი არა აქვთ წიდა - იქ დამუშავებულია და ეს საშიშროება არ არის", - აცხადებს სს ქართული ფოლადის "რუსთავის მეტალურგიული ქარხნის" გენერალური დირექტორი ვიტალი ელიგულაშვილი.

ქარხნის ხელმძღვანელობამ არჩევანი ამერიკულ-უკრაინულ კომპანიაზე შეაჩერა - ერთ-ერთი სუპერთანამედროვე დანადგარების მქონე კომპანია "ამკომი" საქართველოში მიიწვია.

"პრაქტიკულად ერთ თვეში მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას და ამის შემდეგ მუშაობა - საქონლის მოწოდება და სხვა პროცესები სამ თვეში დავიწყეთ. წიდასაყარის ტერიტორიაზე მშენებლობის პროცესი აქტიურად მიდიოდა. ადგილზე საწარმოს გარდა გავაკეთეთ სასადილო, საშხაპეები, მანამდე მუშებს საშინელ პირობებში უწევდათ ყოფნა. წიდის გადამამუშავებელ საწარმოში დღეისათვის 350 ადამიანია დასაქმებული", - ამბობს ვიტალი ელიგულაშვილი.

"ამკომის" დანადგართან ერთად, სს "ქართულმა ფოლადმა" თანამედროვე, მოწინავე ტექნიკა (ექსკავატორები, ბულდოზერები) შეიძინა და რამდენიმე თვის წინ საწარმოო ციკლიც დაიწყო. ამ ეტაპზე დღეში 300 ტონა წიდას ამუშავებენ და რამდენიმე დასახელების სამშენებლო მასალას უშვებენ. საწარმოში აცხადებენ, რომ პროდუქციის 80%-ის რეალიზაცია ქართულ ბაზარზე მოხდება.

"ეს საწარმო ორ ფუნქციას ასრულებს, პირველ რიგში, ეკოლოგიურს - რამდენიმე წელიწადში წიდასაყარის ტერიტორია გასუფთავდება და იმ ეკოლოგიური საფრთხეს, რაც ქალაქს და ზოგადად მხარეს ემუქრებოდა, თავიდან ავიცილებთ. საქმე თუ კარგად წავიდა, მეორე უფრო თანამედროვე დანადგარსაც დავდგამთ. მეორე ფუნქციას რაც შეეხება - ეს სამშენებლო მასალის წარმოებაა. ჩვენ რამდენიმე სახის სამშენებლო მასალას ვაწარმოებთ: სამშენებლო ბლოკებს, გაჯს, ცემენტის წარმოებისათვის საჭირო მასალას ე.წ. კლინკერთან ერთად. ცემენტის წარმოებაში წიდას სხვა საწარმოები მხოლოდ 20%-ს უმატებენ, ჩვენ კი შეიძლება უფრო მეტი დავუმატოთ. ვაპირებთ თაბაშირ-მუყაოს ფილების (ე.წ. "გიფსოკარდონის") გამოშვებას, ეს იქნება დიდი ზომის, ბევრად უფრო მსუბუქი, ჰერმეტული და ეკოლოგიურად სუფთა, ვიდრე აქამდე ბაზარზე არსებული და რაც მთავარია, დღევანდელთან შედარებით ბევრად უფრო იაფი".

როგორც ზემოთაა აღნიშნული, დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სს "ქართული ფოლადია", წიდის გადამამუშავებელი საწარმო კი ერთ-ერთია იმ ოცი საწარმოდან, რომელიც რუსთავში ფუნქციონირებს. წიდასაყარის ტერიტორია არა მარტო გასუფთავდა და კეთილმოეწყო, არამედ მოხდა მისი გამიჯვნა, რათა ნარჩენების მდინარეში ჩადინების პროცესი უწინდებურად არ გაგრძელებულიყო. საწარმოში დასაქმებული 350 მუშა-მოსამსახურე უფასო კვებითა და სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს, ისევე როგორც "ქართული ფოლადის" სხვა დანარჩენი თანამშრომლები.

სს "ქართული ფოლადის" პროფესიული კადრებისადმი დამოკიდებულება საკმაოდ პოზიტიურია. გასულ წელს ქარხნის ხელმძღვანელობამ პენსიაზე გასული 65 მუშა-მოსამსახურე მიიწვია სამუშაოდ. ერთი წლის განმავლობაში კი უკრაინაში 60 თანამშრომელი გააგზავნა ახალი პროფესიების შესასწავლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. წიდის გადამამუშავებელ საწარმოში ძირითადად ახალგაზრდა კადრებია დასაქმებული. საწარმოს ახალგაზრდა მექანიკოსი ნიკო რჩეულიშვილი ხელმძღვანელობს.

როგორც "ქართული ფოლადის" - რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გენერალური დირექტორი ვიტალი ელიგულაშვილი ამბობს, "ახალგაზრდები ანთებული თვალებით, შემართებითა და თავდაუზოგავად, პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ".

წიდის გადამამუშავებელი საწარმოს საინვესტიციო პროექტი ამ ეტაპზე 20 მილიონი ევროს ღირებულებისაა. აღნიშნული ინვესტიცია "ქართული ფოლადის" ერთპიროვნულმა მეპატრონემ ჯოზეფ ქეიმ განახორციელა.
წიდის გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებულთა ხელფასი 550-დან 1000 ლარის ზევითაა. კუთვნილ შრომით ანაზღაურებას მუშა-მოსამსახურეები ყოველთვის დროულად იღებენ, თუ არ ჩავთვლით აგვისტოში შექმნილ ფორსმაჟორულ მდგომარეობას. თუმცა, საწარმოს ამ პერიოდში უფრო მნიშვნელოვანი დაბრკლოლებებიც შეექმნა.

"საქართველოში აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა რამდენიმე მხრივ შეგვიშალა ხელი - ეს იყო ფოთის პორტის დახურვა და რკინიგზის აფეთქება. ამან ჩვენ ბაზარი და კომპანიონები დაგვაკარგვინა. ჩვენ ხომ გვაქვს ჩვენი პროგრამა, ფორსმაჟორული სიტუაციით კი ამ კომპანიებთან დავკარგეთ კონტრაქტები და სერიოზულად დავზარალდით. მართალია, ეს არ იყო რუსული კომპანიები, მაგრამ ხომ იცით, როგორც არის: თუ დათქმულ დროში არ მიაწოდე პროდუქცია, ეს ავტომატურად ხელშეკრულების გაწყვეტაა. ბევრმა კომპანიამ შექმნილი სიტუაცია გაითვალისწინა და არ გვიჩივლა. მოკლედ დიდი ზარალი ვნახეთ, ერთი კვირით პორტი დაიკეტა, პროდუქცია დროზე ვერ გავყიდეთ, შემდეგ ბაზარზე ფასები დავარდა და ა.შ. მაგრამ არაუშავს - ძლიერი ინვესტორი გვყავს და გადავიტანთ", - იმედოვნებს სს "ქართული ფოლადის" გენერალური დირექტორი ვიტალი ელიგულაშვილი.

მიუხედავად აგვისტოში შექმნილი მდგომარეობისა, ქარხანას მუშაობა არ შეუწყვეტია. სწორედ ამის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წიდის გადამამუშავებელ საწარმოში სტუმრობისას ჯოზეფ ქეის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი საწარმოებია საქართველოს პასუხი რუსულ აგრესიაზეო.

წიდასაყარის ტერიტორიაზე დღეისათვის კიდევ შვიდი-რვა წლის მარაგია. საწარმოში ამბობენ, რომ თუ მეორე დანადგარსაც შეიძენენ, პროცესი უფრო სწრაფად დასრულდება. წელიწადში ორი მილიონი ტონა წიდის გადამუშავებასა და სხვადასხვა დასახელების პროდუქციის გამოშვებას გეგმავენ. წიდის მარაგის ამოწურვის შემდეგ კი აღნიშნული ტერიტორია მთლიანად გასუფთავდება იმ ნარჩენებისაგან, რომლებიც იქ სამოცი წლის განმავლობაში გროვდებოდა.

მარინე ვარდოშვილი