ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
"შავი ბანკირების" საქმე
#3(19), 2008
"თუ ვინმე გიმტკიცებს, რომ საკუთარი ქონება მძიმე შრომით მოიპოვა, დააზუსტებინე, კერძოდ რომლის!"

ეს ცნობილი აფორიზმი ყველაზე ზუსტად ასახავს უმეტესი ადამიანების დამოკიდებულებას დიდი ქონებისადმი, მისი "მოპოვების" ხერხებისადმი. უფრო ადვილია დაიჯერო, რომ უზარმაზარი კაპიტალის დაგროვება შესაძლებელია ბნელ ღამეში, ფართო გზაზე დგომით, ვიდრე ჩარხთან მუშაობით. დედამიწაზე დაგროვებული მრავალმილიონიანი სიმდიდრეების მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში თვით მილიონერებმა პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთეს, რომ სიტყვათაწყობას "პატიოსანი მილიონერი" ისეთივე ირონიული მნიშვნელობა შეეძინა, როგორებიცაა სიტყვები "ცოცხალი ლეში" ან "თვალცრემლიანი ნიანგი".

ისტორია მრავალ კაპიტალისტს იცნობს, ვინც საკუთარი მილიონები მდიდარი ადამიანების ისეთი ცუდი თვისებების გამოყენებით დააგროვეს, როგორიცაა სისულელე, სიხარბე, ფარისევლობა. არსებობს უამრავი მაგალითი, როგორ გროვდებოდა მილიარდობით დოლარი უამრავი გლეხისა და მუშის ხარჯზე. ადამიანებმა, რომლებზეც ახლა გიამბობთ, ორივე ტიპის "კაპიტალისტის" თვისებები შეითავსეს. ისინი მილიონების დაგროვების მიზნით, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დაძვრებოდნენ როგორც მდიდარი, ასევე ღარიბი ადამიანების ჯიბეებში.

მეოცე საუკუნე მდიდარია სხვადასხვა სახის ავანტიურებით, ფინანსური მაქინაციებით. დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ეკონომიკური ავანტიურების სიმრავლე პირდაპირ უკავშირდება სოციალურ დაძაბულობას, სახელმწიფოში არსებულ სამართებლივ გაურკვევლობას. რაც უფრო დაბალია ქვეყანაში ცხოვრების დონე, მით უფრო მეტია "დიდი კომბინატორების" რაოდენობა, რომლებიც საკუთარი ეგოისტური სარგებლის მისაღებად "ფულადი მდინარეების" თავისკენ შემობრუნებას მონდომებით ცდილობენ. სხვადასხვა სახის თაღლითობებს შესაძლებელია სტაბილური ეკონომიკის ქვეყნებშიც ჰქონდეს ადგილი. მაგალითად, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საეჭვო საქმიანი გარიგება ცივილიზებულ საფრანგეთში გაფორმდა. ეს შეთანხმება "ადამიანური კეთილგონიერების დაღმასვლის" სახელწოდებით არის ცნობილი. იგულისხმება ეიფელის კოშკის ჯართის სახით რამდენჯერმე გაყიდვის ფაქტი, რომლის "ავტორიც" ვიქტორ ლუსტიგი გახლდათ.

ეს და სხვა ოსტაპ ბენდერები მასშტაბებითა და შედეგებით მნიშვნელოვნად მაინც ჩამორჩებიან არტურ რეისისა და მისი მეგობრების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მათ "შესანიშნავ ოთხეულს", "შავ ბანკირებს", "უავტომატო ბანდიტებს" უწოდებენ. შეიძლება შევარჩიოთ სხვა, უფრო ზუსტი ეპითეტებიც, მაგრამ რაც უნდა უწოდონ მათ სახელმწიფო ბრალმდებლებმა, მწერლებმა, ეს "ამხანაგობა" უბედური, მშიერი დრო-ჟამის პროდუქტი გახლდათ.

"სადღეისოდ, ბანდიტური ჩასაფრება, დანის გამოყენება დანაშაულის ჩადენის მიზნით უფრო პატიოსანი საქციელია, ვიდრე ის კანონები, რომლის მიხედვითაც დღეს თქვენ ცხოვრობთ", - ეს სიტყვები "ოთხეულის" საქმის ერთ-ერთ წევრმა სასამართლო პროცესზე წარმოთქვა.

თაღლითების ოთხეული

ისინი ერთმანეთს ჰააგის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდნენ. მათ, როგორც იტყვიან, ერთმანეთი იპოვეს. ამ კვარტეტის ყველაზე გამოუცნობი, "ბნელი" ფიგურა ადოლფ გუსტავ ჰენისი იყო. გვარის მიუხედავად ამხანაგები მას გერმანელად არ მიიჩნევდნენ, რაც სწორიც აღმოჩნდა. ამ ადამიანის ინტერესებში არ იყო მისი ნამდვილი სახელი და გვარის გამჟღავნება. 1881 წლის 20 ნოემბერს დაბადებული პირი სინამდვილეში იოჰან გეორგ ადოლფ დიორინგი გახლდათ, წარმოშობით ჰუგენოტთა გლეხური ოჯახიდან. მან სოფლის სკოლაში მხოლოდ ერთი წელი გაატარა. მოგვიანებით, კასელთან ახლოს, ჰელსეში სიგარის დამზადების ოსტატობას დაეუფლა. 1909 წელს მეგობრისგან დიდი რაოდენობის ფული ისესხა და მალევე "აორთქლდა". ჰელსეში ცოლი და ორი შვილი მიატოვა. იგი ჯერ ფრანკფურტში, შემდეგ ნიუ-იორკში (იქ სიგარის ფაბრიკა დააარსა), ბოლოს კი ბრაზილიაში გამოჩნდა. ამ ქვეყანაში ცნობილი ამერიკული კომპანიის "ზინგერის" წარმომადგენელი იყო, რომელიც საკერავ მანქანებს აწარმოებდა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დიორინგმა გადაწყვიტა, რომ გერმანიის სახელმწიფოს ქვეშევრდომობა უსიამოვნების მეტს არაფერს მოუტანდა. მან შვეიცარიის მოქალაქის პასპორტი აიღო, რომლის მიხედვითაც იგი შვეიცარიელი მამისა და ბრაზილიელი დედის ვაჟი იყო. ადოლფ გუსტავ ჰენისი გერმანიაში სწორედ ამ ფსევდონიმით დაბრუნდა. იგი ერთ-ერთი საშუამავლო ფირმის დავალებით ვინმე კარელ მარანგის პარტნიორი გახდა. მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელ პარტნიორთან საქმიანი ურთიერთობები აღარ ჰქონდა, მან მოგების მიღების გზას ინფლაციის პირობებშიც კი მიაგნო. ბანკში მის ანგარიშზე ხუთნიშნა ციფრის შემცველი თანხა ინახებოდა.

ადოლფ კარლოს გუსტავ ჰენისმა ახალგაზრდობის წლებში სახელი იმითაც "გაითქვა", რომ გერმანული და ავსტრიული საფოსტო მარკები გააყალბა, ამით საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა, შემდეგ ხუთი წლით კატორღაც "დაიმსახურა"! სუსტი ნებისყოფის ადამიანი არც გონიერებითა და ფანტაზიით იყო დაჯილდოვებული. ჰენისს მხოლოდ ერთი რამის ნიჭი ჰქონდა, რისი წყალობითაც ამ გუნდში "ღირსეული" ადგილი დაიკავა - მას პრაქტიკულად უშეცდომოდ შეეძლო მაღალჩინოსანთა ხელმოწერების გაყალბება. 1930 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ამ დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ შექმნილი "ოფიციალური" დოკუმენტების 70%-მდე ჰენისის მიერ იყო ხელმოწერილი.

კიდევ ერთი კომპანიონი - ჟოზე სანტოს ბანდეირა, პორტუგალიელი კონსულის ნახევარძმა, წვრილ მეწარმეთა საამქროს ტიპიური არამზადა გახლდათ. იგი ფინანსური სამყაროს მწვერვალზე ასვლას მონდომებით ცდილობდა. ჟოზე ბანდეირამ "საქმოსნობა" საბითუმო ბაზებზე და მარცვლეულის საწყობებში წონაში მოტყუებით დაიწყო. მის ანგარიშზე იყო ძარცვა, მოპარულის დაფარვა, სპირტიანი სასმელებით სპეკულაცია. შემდეგ სახელმწიფო ასიგნაციების გაყალბებისას "შეცდომა" დაუშვა და რამდენიმე თვის განმავლობაში მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა. იგი ციხეში შვიდი წლით ჩასვეს. საქმეში მისი ტიტულოვანი ძმა, ანტონიო ჩაერთო. ბანდეირა ამ "საზოგადოებაში" სწორედ კონსული ძმის მიერ დაკავებული პოსტის "წყალობით" მოხვდა. იგი რეისმა 1924 წლის იანვარში შემთხვევით გაიცნო და "საჭირო კაცად" ნაცნობთა ფართო წრის გამო მიიჩნია. ვიღაცამ რეისს უთხრა, რომ 43 წლის ჟოზე დუშ სანტუშ ბანდეირას ინტერესები სანავთობო ბიზნესში გააჩნდა, რაც შემდგომში ტყუილი აღმოჩნდა.

ამ თაღლითური ბანდის შემდეგ წევრს, კარელ მარანგ ვან ისელვერეს სხვებთან შედარებით მოსაწყენი და არაფრით გამორჩეული ახალგაზრდობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან ახალგაზრდობის წლებში ციხეში ყოფნა მაინც მოახერხა: ნახევარი წელი იმისათვის მიუსაჯეს, რომ გაყალბებული ძვირფასი ქვებითა და ვითომ ძველი ნივთებით ვაჭრობდა. იგი 1884 წელს დაიბადა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების მომენტში მას ბანკში სოლიდური თანხა ჰქონდა, მაგრამ ბანდეირას მოწვევის მიღების მომენტში მის საბითუმო ვაჭრობის ფირმას საკმაო ვალები ჰქონდა დაგროვებული.

შემდგომში მან სახელმწიფო საბჭოსაგან სრული რეაბილიტაცია მიიღო და წესიერი მოქალაქის სახელი შეინარჩუნა. სწორედ მარანგი იყო "მეგობარი-ფინანსისტების" მიერ მოწყობილი "ღონისძიებების" დიპლომატიური მხარის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი. იგი ექვს ენაზე საუბრობდა, ორატორულ ხელოვნებასაც კარგად ფლობდა. მარანგს ასეთმა ნიჭიერებამ, ადამიანებთან ურთიერთობისას უკომპლექსობამ ევროპული საბანკო სისტემის მაღალჩინოსანთა კაბინეტებისა და მდიდრული ვილების კარები ფართოდ გაუღო.

ამ "კომპანიაში" წამყვანი ადგილი არაორდინარული სამეწარმეო ნიჭისა და ავანტიურული მიდრეკილებების მქონე არტურ ვირჯილიო ალვეის რეისმა დაიკავა. იგი 1896 წელს, პორტუგალიაში, ბუღალტრისა და ერთ-ერთი დამკრძალავი ბიუროს კომპანიონის ოჯახში დაიბადა. ამ ადამიანმა საკუთარი თავი თვითონ შექმნა! მან გიმნაზია დაამთავრა, იქ მანქანათმშენებლობა შეისწავლა. ჩათვალა, რომ მიღებული განათლება საკმარისი იყო, ამიტომაც ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. საკუთარი არჩევანი ერთი მდიდარი ოჯახის წევრზე შეაჩერა. იფიქრა, მომავალი მეუღლის მზითევი შეძლებულად ცხოვრების საშუალებას მისცემდა. 1916 წელს 20 წლის ახალგაზრდა ანგოლაში გაემგზავრა, თუმცა არა ჯარისკაცის რანგში!

საეჭვო საქმეების კვალი მას ამ შეხვედრამდეც მოყვებოდა. თავდაპირველად დიპლომი გააყალბა. ამ "დოკუმენტის" მიხედვით, რეისმა ოქსფორდის პოლიტექნიკუმი ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. მართალია, ასეთი პოლიტექნიკუმი მაშინ საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ სამაგიეროდ, "ხმაურიანად" ჟღერდა. ანგოლაში დოკუმენტის უტყუარობაში ეჭვს ნაკლებად თუ ვინმე შეიტანდა. ლუანდაში მან კარიერა სწრაფად გაიკეთა. იგი ერთდროულად საზოგადოებრივი სამუშაოების ინსპექტორისა და რკინიგზის მთავარი ინჟინრის მოვალეობებს ასრულებდა. ის, რაც დიპლომის მიხედვით იყო, პრაქტიკაში თითქმის გაამართლა კიდეც. როგორც ზღაპარში ხდება ხოლმე, თითქმის ყველაფერს, რაც გზად ხვდებოდა შორეულ აფრიკულ ქვეყანაში და ევროპაში მოგზაურობისას, ფულად აქცევდა. 1919 წელს რეისმა დაკავებულ თანამდებობებზე უარი განაცხადა. იგი კერძო მეწარმედ იქცა.
1922 წელს მისი ქონება 600 ათას ესკუდოს შეადგენდა, რითაც რეისი ლისაბონში დაბრუნდა. აქ ორ პარტნიორთან ერთად დააარსა ფირმა "ალვეს რეისი", რომელიც ამერიკულ მსუბუქ ავტომობილებს "ნეშის" სახელწოდებით ჰყიდდა. მზარდმა ინფლაციამ მისი კაპიტალდაბანდებანი ანგოლაში სწრაფად გააუფასურა, დანარჩენი კი ოჯახისათვის ჭირდებოდა. რეისი სიძუნწით არასოდეს გამოირჩეოდა. ლისაბონში "აყვავების" პერიოდში მან 12 ოთახიანი ბინა შეიძინა. მისი ოჯახი ოთხი წევრისაგან, სამი მოსამსახურისაგან და მძღოლისაგან შედგებოდა. დარჩენილ ქონებას აუქციონზე გაყიდვა დაემუქრა, ამიტომაც დროულად გაიხსენა ამერიკელ ბიზნესმენთა მაშინ საკმაოდ გავრცელებული დევიზი - "დრო ფულია!" და მისი რეალიზება სასწრაფოდ გადაწყვიტა.

მან შეიტყო, რომ პორტუგალიაში მოქმედმა ტრანსნაციონალურმა სარკინიგზო კომპანია "ამბაკო"-მ პორტუგალიისაგან სესხის სახით 100 ათასი დოლარი მიიღო. რეისმა ამერიკაში მოგზაურობას რვა დღე მოანდომა. იქ ყოფნისას მან ბანკში ანგარიში სასწრაფოდ გახსნა. დაფიქსირებული თანხა ღარიბულ სადილზედაც კი არ ეყოფოდა. თუმცა ამას რეისი არ შეუშინებია. ამ ანგარიშზე მან 40 ათასი დოლარის ღირებულების ჩეკი გამოწერა, რომლის მეშვეობითაც კომპანია "ამბაკო"-ს საკონტროლო პაკეტი შეისყიდა. დრო რომ არ დაეკარგა, ფოსტის ჩასვლამდე ნიუ-იორკში უფრო ადრე აღმოჩნდა. მან 35 ათასი დოლარი ტელეგრაფით "ამბაკო"-ს ანგარიშებიდან ნიუ-იორკის ანგარიშზე გადარიცხა. "რაღაც" 5 ათას დოლარს მან ყურადღება არ მიაქცია, იფიქრა, რომ ბანკი მოიცდიდა. დარჩენილი ფულით რეისმა "საუს ანგოლა მაინინგ კო"-ს საკონტროლო პაკეტი შეიძინა. იგი კვლავ სოლიდურ მეწარმედ იქცა! "საჭიროა ნამდვილად მოინდომო, აუხდენელი ოცნება არ არსებობს" - ეს სიტყვები 26 წლის მრავლისმნახველი ადამიანისათვის ცხოვრების მთავარ დევიზად იქცა. იგი უკვე ახალი პარტნიორების წინაშე იჯდა და მომავლის გეგმებს განიხილავდა!

1924 წლის ზაფხულში კომპანია "ამბაკო"-მ რეისს ბრალი "სახელმწიფო კრედიტის არამიზნობრივად გამოყენებაში" დასდო. მან ქალაქ პორტოს ციხეში ორი თვე გაატარა. მის ბიოგრაფიაში ამ ფაქტს ადგილი რომ არ ჰქონოდა, არავინ იცის, ჩაიფიქრებდა თუ არა იგი მასშტაბურ თაღლითურ გეგმას. ასეა თუ ისე, არტურ რეისმა ციხის საკანში ყოფნისას იურიდიული და საბანკო ლიტერატურა შესაძლებლობის ფარგლებში დაიზუთხა. იგი სხვადასხვა სახის გეგმებსა და სქემებს ქმნიდა, კანონმდებლობაში კი "შავ ხვრელებს" მონდომებით ეძებდა. მალე მას ბანკთან უთანხმოების მოწესრიგებაში მეგობრები დაეხმარნენ და იგი ციხიდან გაათავისუფლეს. ეს ფაქტი კი ბანკეტით აღინიშნა.

იმ დროის კრიმინალურ ავტორიტეტთა შორის ცოტა თუ მოიძებნებოდა ადამიანი, ვისზედაც ამდენი ჭორ-მართალი დადიოდა. მან ამ მხრივ ისეთ კრიმინალ-მკვლელებსაც კი გადაუსწრო, როგორებიც ალ კაპონე და ფრენკ აიელო იყვნენ. მათ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობისას იმაზე მეტი ადამიანი მოკლეს, ვიდრე ამერიკისა და საბჭოთა კავშირის აგენტურულმა ქსელებმა ერთად აღებული. არტურ რეისს მოვლენებით დახუნძლული მათზე უფრო მეტად "მდიდარი" ბიოგრაფია გააჩნდა. იგი საკუთარი მოღვაწეობის ახალგაზრდულ წლებში პოლიტიკოსთა და კრიმინალისტთა შორის ურყევი ავტორიტეტით სარგებლობდა. მას უფრთხოდნენ არა მარტო სამშობლოში, არამედ უცხოეთშიც.

ამტკიცებდნენ, რომ გონებაში წამიერი გამოთვლების მეშვეობით აბსოლუტურად ზუსტად შეეძლო შვიდციფრიანი რიცხვების გადამრავლება, ხოლო მუშტის პირდაპირი დარტყმით ცხენს კლავდა, ავტომობილებს აზიანებდა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, თვითონ განსაჯეთ, ფაქტები კი სწორედ ამაზე მეტყველებენ: ციხეში ყოფნის მიუხედავად იგი ორი ქალაქის საინვესტიციო ბანკების მმართველთა საბჭოს ფარულ კონსულტანტად მაინც რჩებოდა. 1923 წლის მაისში, რეისს "საქმის გასარჩევად" მოკრივე მიუგზავნეს, რომელიც ისე დაბეგვა, რომ ლამის საიქიოში გაისტუმრა. "დაზარალებული" მძიმეწონოსანი, ეროვნულ პირველობებში რამდენჯერმე გამარჯვებული პროფესიონალი მოკრივე ფილიპ ალდორა იყო.

არტურ რეისს ეკონომიკის მაგისტრის ყალბი დიპლომი, უშიშარი გული, ფულის ადვილად შოვნის მოუთოკავი სურვილი და ძალზე საეჭვო რეპუტაცია გააჩნდა. მისი საქმე იყო ქურდობის, ადამიანების მოტყუების, რთული ფინანსური სქემების შემუშავება, კანონმდებლობასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა. რეისი თაღლითური დაჯგუფების იერარქიულ კიბეზე სათავეში იმყოფებოდა. სწორედ ამ ასპარეზზე მისი "ნიჭიერების" მრავალფეროვნება სრულად წარმოჩინდა.
იგი სამუშაო დღეს პორტუგალიის, ან გერმანიის ყველაზე მდიდრულ სასტუმროში იწყებდა. უბოდიშოდ წყვეტდა ამა თუ იმ ხელშეკრულების მოქმედებას, აფორმებდა ახალს. დღის ბოლოს კი ადვილი შესაძლებელი იყო საქმიანი პარტნიორების არაკეთილსინდისიერი ქმედებანი სადმე ქალაქგარეთ, სანაგვეზე საკუთარი მუშტების დახმარებით აღეკვეთა. ლისაბონში დაბადებულმა რეისმა თაღლითობისადმი მიდრეკილება სრულყოფილად ანგოლაში გამოავლინა. ეს ქვეყანა იმ დროში პორტუგალიის უღარიბესი კოლონია იყო. ისედაც დაჩაჩანაკებული ეკონომიკა მან მრავალი ათწლეულების მანძილზე დაუსრულებელი ფინანსური კრიზისის, ინფლაციისა და უმუშევრობის მორევში ჩაძირა.

1924 წლის შუაგულში რეისმა ერთი კვირის განმავლობაში გამდიდრების ფენომენალური გეგმა შეიმუშავა. მას სერიოზული ფული არ დაუბანდებია, მიუხედავად ამისა, "სოლიდური ბიზნესმენის" ტიტულის მოპოვება მაინც მოახერხა! რეისმა და მისმა გუნდმა ამ გეგმის ამოქმედება დიდი მონდომებით დაიწყეს. ეს გეგმა გენიალურად მარტივი, მაგრამ შესრულების მხრივ ურთულესი იყო. მისი არსი კი შემდეგში მდგომარეობდა:

პირველი ეტაპი: ანგოლის მთავრობის სახელით, ჩამორჩენილ რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით, ნიდერლანდებში კომერციული კავშირის დახმარებით, თაღლითებმა ერთი მილიონი ფუნტი სტერლინგის კრედიტის მისაღებად განაცხადი გააკეთეს. ეს საქმე მარტივი გაყალბების გზით შეძლეს. მათ ათობით საბანკო დოკუმენტის, მინისტრთა ბრძანებებისა და "უმაღლესი განკარგულებების" ამოქმედება შეძლეს. ამ "დოკუმენტების" დამოწმება კი სხვადასხვა ქალაქებში მომუშავე ნოტარიუსების დახმარებით ხდებოდა. კომბინატორმა ამ საქმისადმი შესაშური პასუხისმგებლობა გამოავლინა. ყოველი "ოფიციალური" დოკუმენტი სხვადასხვა ქალაქის ნოტარიუსის მიერ საშუალოდ ხუთჯერ იყო დამოწმებული. იგი არ ენდო "ბეჭდის მცველთა" (ნოტარიუსთა) ავტორიტეტს. დოკუმენტები "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ათობით ხელმოწერით "დახუნძლა". მხოლოდ ერთი რწმუნებულების სიგელი ჩვიდმეტ ხელმოწერას შეიცავდა, მათ ავტორთაგან კი ისეთი ჩინოვნიკებიც იყვნენ, რომლებიც პორტუგალიაში ნამყოფნი არასოდეს ყოფილან. ამის შედეგად სახელმწიფო მოთხოვნამ, მასზე გაცემულმა პასუხებმა ასზე მეტი ფურცელი შეადგინა.

მეორე ეტაპი: საბანკო სექტორიდან გრძელვადიანი მილიონიანი კრედიტის მიღება არსებული და არარსებული ჩინოვნიკების, ბანკირების ხელმოწერების გაყალბების წყალობით მოხერხდა. ეს საბანკო ვალდებულება ანგოლის ვალუტის მასობრივი ემისიის განხორციელებას გულისხმობდა. ავანტიურა ერთი შეხედვით უიმედო, აშკარად უპერსპექტივო გახლდათ, რადგან პორტუგალიის ვალუტის ერთადერთ ემისიონერად, კანონის მიხედვით, მაშინ პორტუგალიის ბანკი იყო აღიარებული.

მიუხედავად ამისა, ამ საქმის "გაჩარხვა" ფრთხილმა ავანტიურისტებმა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მოახერხეს. ასეთ სიტუაციაში ამბობენ, რომ ეფექტურად იმოქმედა ხელის სისწრაფემ. საქმე იმაშია, რომ 1905 წლიდან პორტუგალიის ბანკის ოფიციალური ტიპოგრაფია განსაზღვრულ ვადებში ვეღარ ასწრებდა დიდი შეკვეთების შესრულებას. პორტუგალიის მთავრობაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფული უცხოეთში - ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში დაებეჭდათ, სადაც სავალუტო სტამბებს მნიშვნელოვნად მეტი სიძლავრე გააჩნდათ.

თაღლითებმა პორტუგალიის ბანკის მაგალითი გაიმეორეს. ისინი ეროვნულ კანონმდებლობას აღარ შეუშინდნენ და ინგლისში ჩავიდნენ. მათ უმსხვილეს, ავტორიტეტულ ტიპოგრაფიას - "ვოტერლოუს" მიმართეს. ამ დაწესებულების ხელმძღვანელობას ლამაზი ლენტებით გაფორმებული, ბეჭდებით დამოწმებული დოკუმენტების სქელი შეკვრა გადასცეს. "გარემოებათა სრულყოფილად" შესწავლის შემდეგ, თაღლითებმა ასი მილიონი პორტუგალიური ფულადი ერთეულის ემისიაზე ხალისიანი თანხმობა მიიღეს! კუპიურები, რომელსაც ანგოლის ყველა მკვიდრი იყენებდა, თვით პორტუგალიის ბანკშიც კი ინახებოდა.

მესამე ეტაპი: დაბეჭდილი ფული უშუალოდ ანგოლაში უნდა გადაეგზავნათ, იქ კი "ანგოლის ტრანსნაციონალური ბანკი" დაეარსებინათ. ამ თაღლითური ოპერაციის სწორედ მესამე სტადიაზე რეისი პორტუგალიის მმართველი წრეებიდან თავისი ცხოვრების მანძილზე ყველაზე სერიოზულ წინააღმდეგობას პირველად შეხვდა. დაბეჭდილი ფული კოლონიაში წარმატებით ჩაიტანეს, მაგრამ ბანკის გახსნა ვერ მოხერხდა. პორტუგალიის ბანკის მმართველთა საბჭომ რეისს საკრედიტო მოღვაწეობის ლიცენზიის მიღებაზე უარი განუცხადა, რადგანაც ანგოლაში პორტუგალიის ბანკის მიერვე დაარსებული "ულტრამარინ ბანკი" უკვე არსებობდა. რეისმა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ინსტანციებში, კაბინეტებში უშედეგოდ ირბინა. შემდეგ კი პორტუგალიის უზენაეს სასამართლოში სარჩელით მისვლა გადაწყვიტა, რომელშიც პორტუგალიის ბანკის "უსაფუძვლო" უარს აპროტესტებდა.

ხელისუფლებისთვის ბანკის დაფუძნების ნებართვის თხოვნამდე რეისმა ნიადაგი მონდომებით მოამზადა. მან მხარდაჭერის მიღება საზოგადოებისაგან მოისურვა. ამ მიზნით, ცენტრალურ პრესაში ფასიანი, დაკვეთილი სტატიების მთელი სერია გაუშვა. ამ სტატიების გათავხედებული ავტორები ერთხმად ღაღადებდნენ, რომ "ვერაგი მეტროპოლიის დიქტატურა სამარცხვინოა, რომელიც თავისუფალ მეწარმეობას უსამართლოდ ექცეოდა!" პორტუგალიის უზენაესმა სასამართლომ მოდავე მხარეებს მოუსმინა, საქმის მასალები დაწვრილებით შეისწავლა, ბოლოს კი დაადგინა, რომ "ანგოლის გენერალურ ბანკს" (ასეთი "ამაღლებული" სახელწოდება თვით რეისმა შეურჩია!) ფინანსური საქმიანობის დაწყების უფლება ჰქონდა. რეისმა მესამე ცდით თავის მიზანს მაინც მიაღწია! თაღლითებს მხოლოდ "წვრილმანი" რჩებოდათ: შეექმნათ კანონმორჩილი საბანკო მოღვაწეობის ილუზია, დალოდებოდნენ, როდის დადგებოდა შემდეგ ეტაპზე გადასვლის ხელსაყრელი პირობები.

მეოთხე ეტაპი: თაღლითებმა წარმოქმნილი საბანკო აქტივების ხარჯზე ჯერ პორტუგალიური, შემდეგ კი სხვა ბანკების აქციების შესყიდვა დაიწყეს, მათ თანდათანობით ამ ორგანიზაციებზე საფინანსო კონტროლის დამყარება შეძლეს. ამ ეტაპს ლისაბონელი კომბინატორის უდიდესი ჩანაფიქრი უნდა დაეგვირგვინებინა. თითქოსდა, ყველაფერი ისე აეწყო, როგორც თავდაპირველად რეისმა ჩაიფიქრა. უახლეს დროში საბანკო აქციების საკონტროლო პაკეტებისა და სამყაროს მმართველის ტიტულის მოპოვების პერსპექტივა შორეული აღარ ჩანდა...

ასე გამოიყურებოდა ამ თავისი მასშტაბებით გაუგონარი, თავხედური გეგმის მთავარი პრინციპები. "მარტივი ოპერაციების" წყალობით სერ არტურ რეისი წამყვანი ევროპული ბანკების დაუფლებას აპირებდა. იგი ყალბი ბანკის დირექტორის პოსტზე ფაქტიურად ხუთი წლის მანძილზე დარჩა. რეისი ევროპის უმდიდრესი ადამიანი, პორტუგალიის პირველი კომერსანტი გახდა. ზღაპარი დიდხანს არ გრძელდება. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ასეთი რისკიანი, ნერვიული საქმიანობისაგან მიღებული "ტკბილი ნაყოფი" წილად სრულიად გარეშე პირებს ხვდებათ ხოლმე. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
მთლიანი სახელმწიფოს ახალი ფინანსური სისტემა "ჭკვიანმა" თაღლითებმა არაფრისაგან შექმნეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სიცოცხლის ბოლოს ხელთ სიცარიელე და სირცხვილი შერჩათ.

ფანტასტიური თაღლითობის ქრონიკა

ამ გაუგონარი ფინანსური თაღლითობის გეგმის არსში, მისი წარმატებით განხორციელების მიზეზებში კარგად გასარკვევად აუცილებელია ქრონოლოგიურად მივყვეთ იმ მოვლენებს, რაც მაშინ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ბოლოს ანგოლაში ხდებოდა.

ლისაბონი, პორტუგალია.

რას წარმოადგენდა ეს პატარა, მაგრამ ნამდვილად კოლონიალური იმპერია 1925 წლისათვის? პორტუგალიას არ უომია პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. მიუხედავად ამისა, ომისშემდგომი ნგრევისა და ეკონომიკური კრიზისის ტალღამ ამ ქვეყანამდეც მიაღწია. ძლიერმა ინფლაციამ (რომელიც საბჭოთა რუსეთში ან გერმანიაში უფრო მეტად იგრძნობოდა) პორტუგალიაში ეროვნული ვალუტის, ესკუდოს ათჯერ გაუფასურება გამოიწვია. იზრდებოდა საბიუჯეტო დეფიციტიც. პორტუგალიის ეკონომიკას სიზიფეს ქვასავით დიდ ტვირთად დააწვა "ზღვისგადაღმა პროვინციების" - ანგოლის, მოზამბიკის, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე არსებული ეკონომიკური პრობლემები. ცოტაც და ეს სიზიფეს მძიმე ქვა ისედაც ნაკლებადეფექტური მეტროპოლიის ეკონომიკას უფსკრულში მოისვრიდა. მაშინ, ჯერ კიდევ კერძო სააქციო საზოგადოება - პორტუგალიის ბანკი ფულის მასის გამოშვებას ვერ ასწრებდა, ინფლაციის შავი ხვრელი ყველაფერს ყლაპავდა. სახელმწიფო ტიპოგრაფია "კასა დუ მოედა"-ს ხელმძღვანელობა ლისაბონში იძულებული გახდა მსხვილი კუპიურების გამოშვება უცხოეთის ტიპოგრაფიებში შეეკვეთა.

ჰააგა, ნიდერლანდები.

ამ ისტორიის მონაწილეები ერთად ჰააგაში, ჩვეულებრივ სასტუმროში შეიკრიბნენ, ზემოთაღწერილ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე. მათ "ანგოლის ბუნებრივი სიმდიდრეების ექსპლუატაციის" გეგმა ერთად განიხილეს. რეალური წინადადებები მხოლოდ რეისისა და მისი კომპანიის "საუს ანგოლა მაინინგ"-ისაგან მოდიოდა. რეისმა მხედველობაში მიიღო ჟოზე დუშ სანტუშ ბანდეირას პიროვნება, ის ფაქტი, რომ მისი ძმის წყალობით სხვადასხვა დიპლომატიური პრივილეგიების მიღება შეეძლოთ. კომპანიონებიდან ყველაზე მეტად ჰენისის რჩევებს უსმენდა, რომელმაც სხვადასხვა ფულადი ოპერაციების განხორციელებისას დიდი გამოცდილება დააგროვა.

ისევ პორტუგალია.

1924 წლის აგვისტოში რეისი ციხიდან უკვე ჩამოყალიბებული გეგმით გამოვიდა. რამდენიმე დღის შემდეგ, მას ხელთ ჰქონდა ძვირადღირებულ ქაღალდზე პორტუგალიურ და ფრანგულ ენებზე დაბეჭდილი სოლიდური შინაარსის საქმიანი გარიგების ტექსტი, რომელიც ატლასის ლენტითა და პორტუგალიის გერბის ბეჭდით იყო "დამშვენებული".

ამ საქმიანი გარიგების თანახმად, არტურ ვირჯილიო ალვეს რეისი საერთაშორისო სინდიკატის სრულუფლებიან წარმომადგენლად გამოცხადდა, რომელიც მზად არის ანგოლას მილიონი ფუნტის სესხი პორტუგალიური ესკუდოს ბანკნოტებზე "გადახურდავების" სანაცვლოდ გამოუყოს. ამ საქმიანი გარიგების ტექსტს თანდართული ჰქონდა თვით რეისის, პორტუგალიის ბანკის მმართველის, მისი მოადგილის, ანგოლის საქმეების უზენაესი კონსულის, ფინანსთა მინისტრისა და ანგოლის სპეციალური წარმომადგენელის ხელმოწერები! ამ საქმიანი შეთანხმების არსი, ბუნებრივია, ბოლომდე აბსურდული იყო. რეისმა იურიდიულად გამართული, "გულისამაჩუყებელი" ტექსტის შედგენაზე საკმაო ხანს იმუშავა. 

იმდენად სოლიდურად ჩანდა ყველაფერი, გარეშე პირი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ნოტარიუსმა მხოლოდ რეისის ხელმოწერა დაამოწმა, თვით ტექსტი სათუთად თავად რეისმა "ჩააწიკწიკა"! პორტუგალიის ბანკის მმართველისა, მისი მოადგილის ხელმოწერები მან აკურატულად ბანკნოტიდან გადაიღო, ხოლო დანარჩენი სამი ჩინოვნიკის ხელმოწერა თვითონ "შექმნა". თავის დროზე გერბიანი ბეჭედიც სხვა მიზნით, ტანვარჯიშის კავშირის დოკუმენტებისათვის შეუკვეთა. ნოტარიუსთან მიტანილი ტექსტი მაშინ სხვა შინაარსის იყო.

თვით ნოტარიუსის ხელმოწერამ "ლეგალიზება" რამდენიმე საკონსულოში გაიარა! "სოლიდური შეთანხმების" შინაარსმა, დაბეჭდილი ტექსტის გარეგნულმა ატრიბუტებმა სერ უილიამ ვოტერლოუს ეჭვები არ გაუჩინა. თავდაპირველად რეისი "ვოტერლოუ და ვაჟების" შეწუხებას არ აპირებდა. მას ესკუდოს დაბეჭდვა გერმანიაში სურდა, შემდეგ ჰოლანდიურ კომპანიას "იოჰან ენშედე და ვაჟები" მიმართეს. მასთან ჰოლანდიელ თავადს, მარანგს საქმიანი კავშირები გააჩნდა. პორტუგალიურ კუპიურებთან შეხების წერტილები ენშედეს არასდროს ჰქონია, ამიტომაც მათ იმის მაგიერ, რომ სიფრთხილე გამოეჩინათ, თვითონ ურჩიეს მარანგს პორტუგალიის მუდმივი პარტნიორისათვის,  "ვოტერლოუ და ვაჟები"-სათვის მიემართათ. გარდა ამისა, სარეკომენდაციო წერილიც კი აახლეს თან!

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

მზიანი პორტუგალიიდან ნისლიან ალბიონში გადავინაცვლოთ. ლონდონში, ვინჩესტერ-სტრიტზე ყვითელი აგურისგან ნაშენები არაფრით გამორჩეული ოთხსართულიანი შენობა იდგა. გარეგნულად ამ შენობას საიმისო არაფერი ეტყობოდა, რომ აქ განთავსებული იყო იმ დროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის, "ვოტერლოუ და ვაჟების" მმართველთა საბჭო, რომელიც ფულად ბანკნოტებს, ფასიან ქაღალდებსა და საფოსტო მარკებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის ბეჭდავდა. ჩვენს მიერ აღწერილ ეპოქაში იგი წარმატებული საწარმო იყო. 1924 წლის დეკემბრის ერთ ჩვეულებრივ დღეს აქ ჰოლანდიელი, ვინმეMკარელ მარანგი მივიდა, რომელმაც ამ კომპანიის პრეზიდენტთან, თვით სერ უილიამ ვოტერლოუსთან აუდიენცია ითხოვა. სტუმარმა მას შემდეგი შინაარსის სარეკომენდაციო წერილი გადასცა:

"სერ! გვაქვს პატივი რეკომენდაცია გავუწიოთ ამ წერილის წარმდგენს, ბატონ კ. მარანგ ვან ისელვერეს ჰააგიდან. ამ ჯენტლმენმა პორტუგალიური ბანკნოტების დამზადების შეკვეთის წინადადებით მოგვმართა. ჩვენ შევისწავლეთ წარმოდგენილი ნიმუშები. ვთვლით, რომ ამ სამუშაოს თქვენ უფრო წარმატებით შეასრულებთ, ამიტომაც ბატონ მარანგს ამ საკითხის თქვენთან განხილვა ვურჩიეთ. ჩვენი წინადადება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენმა ფირმამ ბანკნოტები აწარმოოს, ხოლო ჩვენ ხალისით ვიკისრებთ მის გადატანაზე შუამავლობას. პატივისცემით, "იოჰან ენშედე და ვაჟები".

სტანდარტული თავაზიანობის გამოვლენის შემდეგ, მარანგმა კარგად "დალაგებული", არაერთხელ რეპეტიციაგავლილი,  კარგად დაზუთხული მონოლოგი წარმოთქვა. მისი თქმით, პორტუგალიის ერთ-ერთ კოლონიაში, ანგოლაში გაღატაკებული სამეურნეო მდგომარეობაა. ამიტომაც იქ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, პორტუგალიისა და ნიდერლანდების მთავრობების ეგიდით შექმნილია საერთაშორისო სინდიკატი, სადაც თვით მარანგიც მოღვაწეობს. სინდიკატი მზადაა ერთი მილიონი ფუნტი სტერლინგი სესხის სახით გამოყოს, მაგრამ არა პირდაპირი გზით, არამედ პორტუგალიური ესკუდოს ემისიის უზრუნველსაყოფად. ამ ფულის ბანკნოტზე დაამატებენ წარწერას "ანგოლა". მისი გადაგზავნა კი ლუანდაში - ანგოლის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად მოხდება. ფირმას "ვოტერლოუ და ვაჟები" 1000 ესკუდოს ნომინალის გამოშვებისა და მისი ლისაბონში გადაგზავნის საპატიო მისია დაეკისრება, მეტი არაფერი!

კარელ მარანგის ინგლისური უნაკლო გახლდათ. იმდენად შთამბეჭდავი, რომ მასპინძელმა, სერ უილიამმა ამ იდეის სრულ უაზრობას ყურადღება არ მიაქცია. მას ერთი შეკითხვა მაინც გაუჩნდა: პორტუგალიაში, მის კოლონიებში, იმ დროში ისედაც ძლიერი ინფლაცია იყო. მაშ, რაღა საჭიროა დამძიმებული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება? ეჭვი კი გაუჩნდა, მაგრამ ეს მას არ ეხებოდა! არის დაკვეთა - არის სამუშაო, აქედან გამომდინარე - არის მოგებაც. კომპანიის პრეზიდენტმა მარანგს შემხვედრი წინადადებით მიმართა: 1000 ესკუდოს კუპიურების გამოშვებისათვის საჭირო ახალი საბეჭდი ფორმების დამზადება ამ შეკვეთის შესრულებას შეაფერხებდა. ბატონი მარანგი ხომ არ დათანხმდებოდა 500 ესკუდოს ნომინალის კუპიურების დაბეჭდვას? საბეჭდი ფორმები შენახულია, თუმცა, ისინი უკვე სამი წელია აღარ გამოუყენებიათ.
კარელ მარანგმა ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა. პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი ნომინალის კუპიურებს გამოიყენებდნენ დასახული გეგმის განხორციელებისათვის.

კარელ მარანგმა სერ უილიამს კიდევ ერთი თხოვნით მიმართა: დაეცვა მაქსიმალური კონფიდენციალურობა. საქმის კურსში მხოლოდ პორტუგალიის ბანკის მმართველი სენიორ როდრიგესი და მისი მოადგილეა. შესაძლებელია წინააღმდეგობა გასწიოს კერძო "ბანკო ულტრამარინოს" ხელმძღვანელობამაც, რადგანაც იმ დროში პორტუგალიის ყველა კოლონიაში მხოლოდ მათ ჰქონდათ ფულადი ნიშნების გამოშვების ექსკლუზიური უფლება. ცოტა ხნის შემდეგ, კომპანია "ვოტერლოუ და ვაჟების" ხელმძღვანელობამ ყველა აუცილებელი დოკუმენტი მიიღო. საბეჭდი დაზგებიდან ახალი 500 ესკუდოს კუპიურები მდინარის ნაკადივით "გადმოედინა".

1925 წლის თებერვალში 500 ესკუდოს ნომინალის კუპიურების პირველი პარტია მარანგს ლონდონში გადასცეს. მან ფულით სავსე ჩემოდნები "ნაკლებად ღირებული" ტვირთის სახით ლისაბონში გადააგზავნეს. კუპიურების შემდგომ პარტიებსაც სწორედ ამ გზით აგზავნიდნენ. საინტერესოა, როგორი რეაგირება ექნებოდათ ტვირთის გადამტანებს, ჩემოდნებში მოთავსებული ტვირთის თაობაზე "შემთხვევით", გახსნის შემდეგ რომ შეეტყოთ.

რეისის ბინაში მორიგი შეხვედრა შედგა. ლონდონიდან მთლიანობაში 100 მილიონი ესკუდო უნდა მიეღოთ. ეს იმ დროში ძალზე სერიოზული თანხა იყო. მისი ბითუმად "გადახურდავება" არც ისე ადვილი იქნებოდა. რეისმა სწორედ ამ თათბირზე გაამჟღავნა საკუთარი გეგმის ძირითადი ნაწილი: ნამდვილი ფულის არქონის მიუხედავად, თანამზრახველებს საკუთარი ბანკი უნდა დაეარსებინათ და აქციების შესყიდვა დაეწყოთ. არა უბრალოდ რომელიმე ფირმის, არამედ თვით პორტუგალიის ცენტრალური ბანკის აქციების!

შეგახსენებთ, რომ იმ დროში ეს ფინანსური ინსტიტუტი ნაციონალიზებული ჯერ კიდევ არ იყო და მისი აქციები ბრუნვაში თავისუფლად იყო გაშვებული. რეისის გეგმის მიხედვით, პორტუგალიის ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა ყველაფერი "ნორმალურ", კანონიერ ჩარჩოებში მოქცეულიყო, მათ მიერ "შექმნილი" ფული სრულიად კანონიერ სახეს მიიღებდა!

ამ ავანტიურას სუსტი რგოლი მაინც გააჩნდა. ბანკნოტის ნომრები უკვე გამოშვებულ სერიებს იმეორებდა. მესამე ცდის შემდეგ, რეისის დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ "ანგოლისა და მეტროპოლიის ბანკის" დასაარსებლად სასამართლოსგან ლიცენზია მიიღო. მათ საბანკო მოღვაწეობა დიდი მასშტაბებით დაიწყეს. აღურიცხავი (გაყალბებული) ბანკნოტების "გადახურდავების" გარდა, მათ უამრავი პროექტი წამოიწყეს, აბანდებდნენ ფულს, გასცემდნენ კრედიტს დაბალი პროცენტით... უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რეისის დაჯგუფების მიერ წამოწყებულმა არაკანონიერმა საბანკო საქმიანობამ ბევრი სარგებლობაც მოიტანა! მათ არ ავიწყდებოდათ პორტუგალიის ბანკის აქციების რაც შეიძლება მეტი რაოდენობით შეძენაც! "ელვისებურმა" წარმატებებმა ეკონომიკურ მიმომხილველთა გაოგნება გამოიწვია. გაჩნდა შეკითხვა: საიდან ჰქონდა "ახლადგამომცხვარ" ბანკს ამდენი ფული? საქმე იმდენად კარგად აეწყო, რომ ბანკნოტების უკმარისობაც მალე დაფიქსირდა.

1925 წლის ივლისში სერ უილიამმა ესკუდოს დაბეჭდვის ახალი, თითქმის 200-მილიონიანი შეკვეთა მიიღო, როგორც იტყვიან - "მადა ჭამის დროს მოდისო!".

პორტუგალიური საიდუმლოს კვანძის გახსნა

1925 წლის 4 დეკემბერს, პორტუგალიის ბანკის მმართველთან, კომაჩო როდრიგესთან მიღებაზე ქალაქ პორტოს პატარა, კერძო ბანკის მფლობელი ჩაეწერა. მან როდრიგესს უამბო ისტორია ერთი იუველირის, თავისი კლიენტის შესახებ, რომელიც 500 ესკუდოს ნომინალის კუპიურებს გამუდმებით ინგლისურ ფუნტებზე და ამერიკულ დოლარებზე ახურდავებდა. საკუთარ ანგარიშზეც ამავე ნომინალის ბანკნოტები შემოჰქონდა. ბანკირმა გამოთქვა ეჭვი, რომ "ადრე ბრუნვაში არასოდეს ყოფილა ვასკო და გამას გამოსახულებიანი 500 ესკუდოს ღირებულების ამდენი რაოდენობის კუპიურები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე სამი წელია ახალი პარტია არ დაგიბეჭდიათ", - დაასკვნა მან. ქალაქ პორტოში საგამოძიებო ჯგუფი სასწრაფოდ ჩავიდა.

იუველირი დააპატიმრეს. მასთან იმ ავბედითი ბანკნოტების კიდევ რამდენიმე შეკვრა იპოვეს. დადგინდა, რომ მას "ანგოლისა და მეტროპოლიის ბანკის" ადგილობრივ ფილიალთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ადრიანო სილვა - საეჭვო ბანკის მმართველი პირდაპირ ქუჩაში აიყვანეს. მისი ბანკის სეიფებში 4 ათასი ახალი ბანკნოტი აღმოაჩინეს.

ეს უკვე წარმატება იყო: ასეთი მოცულობის ყალბი ფული მანამდე ამ ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებს არ აღმოუჩენიათ. მაგრამ პორტუგალიის ბანკის ექსპერტის ვერდიქტი განსხვავებული და გამაოგნებელი იყო: ყველა "დაპატიმრებული" კუპიურა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ნამდვილია! პოლიციელებს ამ დასკვნამ დიდი თავსატეხი გაუჩინა: ნუთუ თაღლითებმა პორტუგალიის ბანკის კუპიურების საბეჭდი ფორმები მოიპარეს?

ასეთი რამ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თანაც რთული იქნებოდა სპეციალური ქაღალდისა და საბეჭდი დანადგარების მოპოვებაც. დაუმატეთ ისიც, რომ 500 ესკუდოს ნომინალის ბანკნოტები პორტუგალიაში არ იბეჭდებოდა. ამ საქმეს პორტუგალიის ბანკის ძალზე პატივცემული, ავტორიტეტული საქმიანი პარტნიორი, ბრიტანული კომპანია "ვოტერლოუ და ვაჟები" უძღვებოდა. გამომძიებელთა იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა. არსებობდა მხოლოდ იმის მცირე იმედი, რომ "ნემსი თივის ზვინში" ეპოვათ.
ბრუნვაში არსებული 500 ესკუდოს ნომინალის კუპიურების მასაში მსგავსი ნომრებიანი კუპიურები უნდა ეპოვათ. სერიოზული გამყალბებელი საკუთარი "ხელოვნების ნიმუშს" არარსებულ ნომრებს არ დააწერდა, ამის გამოვლენა უფრო ადვილი იქნებოდა. 

პოლიციელებმა მათ ხელთ არსებული 4 ათასი ბანკნოტის ყველა ნომერი დააფიქსირეს, რომელიც "ანგოლისა და მეტროპოლიის ბანკის" სეიფებში აღმოაჩინეს. პორტუგალიის ბანკის თანამშრომლებმა კი ლისაბონის ცენტრალურ საცავებში არსებული ბანკნოტების "შესწავლა" დაიწყეს.

1925 წლის 6 დეკემბრისათვის პოლიციელებმა 500 ესკუდოს ნომინალის რამდენიმე წყვილი აღმოაჩინეს, რომლებსაც მსგავსი ნომერი ჰქონდათ, თანაც სხვადასხვა საცავებში ინახებოდა. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა: დაუჯერებელი იყო, რომ დამნაშავეებმა შორეულ ლონდონში, სოლიდურ ფირმაში დაცული ბანკნოტების ის საბეჭდი ფორმები ჩაიგდეს ხელში, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტამბაში არც კი გამოუყენებიათ.

პორტუგალიელმა მოსამართლე დირეიტომ "ანგოლისა და მეტროპოლიის ბანკის" დამფუძნებელთა და მენეჯერთა დაპატიმრების ორდერები დაუყოვნებლივ გამოწერა. პორტუგალიაში და ანგოლაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ წარმოდგენა ამ თაღლითობის მასშტაბების შესახებ. თავდაპირველად, ადრიანო სილვა საკუთარი უდანაშაულობის თაობაზე "ქადაგებდა". გამოძიებამ დაადგინა, რომ 500 ესკუდოს ნომინალის კუპიურები სასწრაფოდ გადაცვლას ექვემდებარებოდა. ამის თაობაზე მოსახლეობას ინფორმაცია პორტუგალიის ბანკმა მიაწოდა. ამ საქმეში პრესაც ჩართეს.

იმავე საფინანსო ინსტიტუტის მმართველთა საბჭო სასწრაფო წესით გადადგა, მაგრამ ამის მიზეზად კონტრაქტების შედგენისას დაშვებული შეცდომები დასახელდა.

ამ მომენტისათვის რეისისა და კომპანიის მიერ შეკვეთილი ბანკნოტების რაოდენობამ 580 (!) ათასი შეადგინა. ეს დანაშაული უფრო ადრე გამოვლინდა, სანამ ასიგნაციების მთლიანი მასა ბრუნვაში მოექცეოდა.

ასეთი ბანკნოტები პოლიციამ პორტუგალიაში ვენესუელის ელჩის, გრაფ სიმონ პლანეს-საურესის სახლშიც აღმოაჩინეს. დონ სიმონი ბოროტმოქმედთა მსხვერპლი თვითონ შეიქმნა. იგი ჰააგის ჩრდილოეთში, ერთ-ერთ ტბაზე ისვენებდა. თაღლითებმა გრაფს თხოვეს "კონფიდენციალური მასალებით" სავსე ორი ჩემოდანი ლისაბონში ჩაეტანა. ამ საქმისათვის განკუთვნილი ჰონორარი დიპლომატის რანგს (200 ათასი ესკუდო!) სრულად შეეფერებოდა. დონ სიმონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

იმავე წლის 6 დეკემბერს, ანგოლიდან დაბრუნებული არტურ რეისიც დააპატიმრეს, რომელიც გემით პორტუგალიაში ჰენისთან ერთად ბრუნდებოდა. იქ მათ მორიგი, ოპტიმიზმით აღსავსე ოპერაციები განახორციელეს. ანგოლის მოსახლეობა აღტაცებით შეხვდა საკუთარი ქვეყნის მრეწველობისა და ტრანსპორტის გამოცოცხლების იდეას. თაღლითებს სტრატეგიული გეგმის, პორტუგალიის ეკონომიკური ცხოვრების მთავარ განმკარგველად გადაქცევამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი - პორტუგალიის ბანკის 16 ათასი აქციის (45 ათასიდან) შეძენა რჩებოდათ. ამ ოპერაციის მთავარი ნათლიმამა, რეისი ლისაბონის პორტში დააპატიმრეს. იგი და ჰენისი მანამდე, "ფინანსისტთა" კატერიდან გააფრთხილეს, მაგრამ რეისმა გაქცევა არაფრით ისურვა, ჰენისი კი ნავით ნაპირზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადავიდა. იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ, ჰენისი ერთ-ერთი საპორტო რესტორანიდან თვალს ადევნებდა იმას, მისი პარტნიორი პოლიციის მანქანამდე თუ როგორ მიაცილეს.

პოლიცია შოკში ჩააგდო რეისის პირველივე დაკითხვამ: არტურ რეისმა მშვიდად განაცხადა, რომ პირდაპირ და ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით პორტუგალიის ცენტრალური ბანკის აქციების მესამედს აკონტროლებდა. 1925 წლის 7 დეკემბერს, დილით ადრე, კომერსანტი იოჰან გეორგ ადოლფ დიორინგი გერმანიაში გაემგზავრა. მას თან დოლარებითა და ფუნტი სტერლინგებით სავსე ჩემოდანი მიჰქონდა.

იმავე დილით, სერ უილიამ ვოტერლოუმ პორტუგალიის ბანკის პრეზიდენტისაგან ტელეგრამა მიიღო: "500 ესკუდოს ბანკნოტები ძალზე მომრავლდა, სასწრაფოდ გამოგზავნეთ ექსპერტი, ჩაატარეთ გამოძიება საკუთარი მხრიდან".

ამ სკანდალის თაობაზე ინფორმაციამ უცხოური გამოცემების ფურცლებზე გაჟონა. 1925 წლის 9 დეკემბერს ბრიტანულმა "დეილი ტელეგრაფმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ყალბი პორტუგალიური ბანკნოტები რუსეთში დაამზადეს". იმავე დღეს, ლონდონში პორტუგალიის წარმომადგენლობიდან სერ უილიამს პოლკოვნიკმა ლუკაშმა დაურეკა. ამ საუბრის შინაარსი ძალიან მძიმე იყო. სულ მალე, იგი ლონდონის ფირმაში გამოცხადდა: "სერ, ეს დოკუმენტები ყალბია, ხელწერის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ არსებობს სრული საფუძველი, რომ ყველა ხელმოწერა გაყალბებულია!".

ამ მომენტისათვის, სერ უილიამ ვოტერლოუსათვის სამყარო მთლიანად დაინგრა.

იმ დროში, ფირმა "ვოტერლოუ და ვაჟები" ინგლისში და უცხოეთში უნაკლო, შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობდა. მის განკარგულებაში არსებულ რვა საწარმოში ბრიტანეთის სამეფოს შვიდი ათასი ქვეშევრდომი შრომობდა. კომპანიის უმაღლეს ავტორიტეტზე ისიც მეტყველებს, რომ ეს ფირმა ბრიტანეთის სამეფო მარკებს უშვებდა, რაც შემთხვევითი სულაც არ გახლდათ. ბრიტანული ფირმის "ვოტერლოუ და ვაჟები" დაარსებიდან ამ მომენტისათვის 114 წელი იყო გასული. მისი პრეზიდენტი კი 53 წლის სერ უილიამ ალფრედ ვოტერლოუ იყო, რომელმაც ინგლისის წინაშე მსოფლიო ომის დროს დამსახურებისათვის თავადის ტიტული მიიღო.

სწორედ ამიტომ, თაღლითობის თაობაზე ინფორმაციის მიღება ფირმის პრეზიდენტისათვის განსაკუთრებულად მძიმე და დამთრგუნველი აღმოჩნდა. 1927 წლის ივლისში სერ უილიამი იძულებული შეიქმნა საკუთარ ფირმაში პრეზიდენტის პოსტზე უარი განეცხადებინა. ბანკნოტების ირგვლივ დატრიალებულ სკანდალს, შემდგომში გამართულ სასამართლო გარჩევებს სერ უილიამ ვოტერლოუსათვის უკვალოდ არ ჩაუვლია: 1931 წლის 6 ივლისს, 60 წლის ასაკში იგი ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლონდონურ ფირმას მისი შეფის სიბრიყვე 1 მილიონ ფუნტის ზარალად დაუჯდა.

თვით "ვოტერლოუ და ვაჟები" დიდი ბრიტანეთის საქმიანი წრეების მეხსიერებიდან და კატალოგებიდან თანდათან წაიშალა! მისი ოდესღაც დიდი ავტორიტეტის აღდგენა შეუძლებელი გახდა. 1960-იანი წლების დასაწყისში კომპანია "ვოტერლოუ და ვაჟები" სხვა, უფრო ძლიერმა საწარმომ შემოიერთა. ამ კომპანიის ლოგოტიპი კი მხოლოდ ძველებურ საფოსტო მარკებზე, აქციებზე, ბანკნოტებზე თუ შემორჩა. ერთი მათგანია სწორედ ის, ამ ფირმისათვის დამანგრეველი მნიშვნელობის მქონე ვასკო და გამას გამოსახულებიანი, დაწყევლილი 500 ესკუდოს ნომინალის ბანკნოტი, რომელიც მხოლოდ მუზეუმშია შემორჩენილი.

ამ სკანდალური საქმის მოსმენა 1930 წლის 6 მაისს დაიწყო. ძირითადი ბრალდებულების საქმეს პორტუგალიის სამხედრო სასამართლოში, სპეციალური სასამართლო კოლეგია განიხილავდა. "შავ ბანკირებს", მათ ხელშემწყობებს (რომელთა რიგებსაც ოდესღაც სახელოვანი ტიპოგრაფიის - "ვოტერლოუს" მფლობელები და პორტუგალიელი კონსულიც მიაკუთვნეს) თაღლითობაში ბრალი დასდეს და გაასამართლეს კიდეც. "რეისი და კომპანიის" მიერ დატრიალებული "ფინანსური წარღვნა" იმ დროისათვის უპრეცედენტო გახლდათ. მოსამართლეებისათვის მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სრულად აღწერისთვის პორტუგალიის სისხლის სამართლის კოდექსი საკმარისი არ აღმოჩნდა: ეს იყო შეთქმულება, საქმიანი გარიგებებისა და წერილების გაყალბება, ყალბი დიპლომის გამოყენება, 580 ათასი ბანკნოტის უკანონოდ დამზადება, მისი ნაწილობრივი ემისია... რეისსა და მის კომპანიონებს ბრალი 37(!) პორტუგალიური და 6 ევროპული კანონის დარღვევაში დასდეს ბრალი.
სასამართლომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. თაღლითები დამნაშავეებად ბრალდების ცხრა პუნქტის მიხედვით ცნეს.

სასამართლო გარჩევის პირველი დღე "საინტერესოდ" დაიწყო: სასამართლოს თავმჯდომარემ, ჟოზემ მთავარ ბრალდებულს უცნაური სიტყვებით "თქვენო აღმატებულებავ!" მიმართა. შემდგომში, მისი ავტორი იძულებული შეიქმნა ყველა ხელმისაწვდომი ფორმით ბოდიში მოეხადა!

არტურ რეისმა განაჩენის გამოტანამდე ციხეში ოთხ წელიწადზე მეტი გაატარა. გადატანილი მძიმე დღეების მიუხედავად, იგი თითქოსდა ნაკლებად შეიცვალა, თუ მის გარეგნობაში ერთი დეტალის, სათვალის დამატებას მხედველობაში არ მივიღებთ. ამ დღემდე მან თვითმკვლელობაც კი სცადა.

სასამართლო გარჩევის პირველ დღეს ხუთსაათიანი სიტყვით გამოვიდა. იგი ერთდროულად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და საკუთარ პოზიციასაც იცავდა! რეისმა პირდაპირ განაცხადა, რომ თუკი კანონის მოთხოვნებს გაითვალისწინებდნენ, სასამარლოს პორტუგალიის ბანკისათვის იგივე ბრალდების წაყენება შეეძლო, რადგანაც იგი ისე ფუნქციონირებს როგორც სააქციო საზოგადოება შეზღუდული პასუხისმგებლობით.

რეისი ამტკიცებდა, რომ პორტუგალიის სავაჭრო უფლების შესაბამისად, ეს საზოგადოება სპეციალურ რეესტრში მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც მან, - არტურ ვირჯილიო ალვეს რეისმა გამოძიების დროს შესაბამისი ჩვენება მისცა. ამ მომენტამდე, პორტუგალიის ბანკი დე-ფაქტო საერთოდ არ არსებობდა! საკუთარი ქმედება მან შეაფასა არა როგორც პირადი სარგებლის მიღების მცდელობა, არამედ როგორც სწრაფვა გაეჯანსაღებინა პორტუგალიისა და ანგოლის ეკონომიკა. რეისის თქმით, მას მხოლოდ ორი ადამიანი ეხმარებოდა: კარელ მარანგი და ადოლფ ჰენისი, რომლებიც სხვებთან ერთად მისი მაქინაციების მსხვერპლნი უფრო არიან! არტურ რეისი საკუთარ პოზიციას მოგვიანებითაც დიდი მონდომებით იცავდა.

1932 წლის აპრილში ბრიტანული გაზეთ "უორლდ დომინიონის" ფურცლებზე მან განაცხადა, რომ ყველა პარტნიორი "მისი მიზნების მიღწევისათვის ბრმა მონაწილენი და იარაღები უფრო იყვნენ".

საბოლოო სასამართლო განაჩენი ლისაბონში, 1930 წლის 19 ივნისს გამოაცხადეს. არტურ ვირჯილიო ალვეს რეისმა, ჟოზე დუშ სანტუშ ბანდეირამ, ადოლფ ჰენისმა ორი ქვეყნის საფინანსო სისტემის "აბუჩად აგდებისათვის" რვა წელი კატორღა და კოლონიაში 12 წლით გადასახლება, ან 25 წლით კოლონიაში გადასახლება "დაიმსახურეს!" ეს სასჯელიც კარგად მეტყველებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე! დანარჩენ ბრალდებულებს, მათ შორის ადრიანო კოშტა და სილვას და ანტონიო კარლუშ დუშ სანტუშს – კონსულს შედარებით ნაკლები ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
კონფისკაციას დაექვემდებარა მათი ქონება, ფასიანი ქაღალდები.
მრავალმილიონიანი საქმიანი გარიგებების დოკუმენტები სახელმწიფოს განკარგულებაში გადავიდა.

პორტუგალიის ბანკმა ჰააგის სასამართლოში 10 მილიონი გულდენის ზარალის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი შეიტანა. მოპასუხე მხარედ დასახელდნენ კ. მარანგი, ძმები ა. ბანდეირა, და ჟ. ბანდეირა, ა. ჰენისი, ა. რეისი. მარანგის მიმართ პრეტენზიების განხილვაზე სასამართლომ უარი განაცხადა. დანარჩენების წინააღმდეგ საქმის განხილვის უფლება კი ჰოლანდიურ სასამართლოს არ ჰქონდა.

ეპილოგის მაგიერ

არტურ ვირჯილიო ალვეს რეისი ლისაბონის ციხიდან 1945 წლის 7 მაისს გათავისუფლდა, მასთან ერთად სასჯელი სრულად ჟოზე ბანდეირამაც მოიხადა. დარჩენილი სიცოცხლის წლები რეისმა ღვთისმსახურებას მიუძღვნა. იგი პროტესტანტი ჯერ კიდევ ციხეში გახდა, რომელიც იმ დროისათვის პორტუგალიაში 20 ათას წევრს მოიცავდა. ბიზნესში მისი დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა.

არტურ ვირჯილიო ალვეის რეისი 1955 წლის 8 ივლისს, ღარიბი და მშიერი, ინფარქტისაგან გარდაიცვალა. იგი ღარიბებისა და თვითმკვლელთა სასაფლაოზე დაკრძალეს. საამისოდ ფული მეზობლებმა აკრიბეს, თითოეულმა ორი ესკუდო. მისი "ხმაურიანი" გარდაცვალებისას ადგილობრივ გაზეთში - "დიარიო პოპულარ", ჟურნალისტ გუსტავ ვინაროლას ნეკროლოგი დაიბეჭდა: "ადამიანს, რომელმაც გამოიგონა და განახორციელა ყველაზე ფანტასტიკური ფინანსური თაღლითობა, 500 ესკუდოს ნომინალის ბანკნოტების გამოყენებით ქვეყანაში "მეორედ მოსვლა" მოაწყო, სიცოცხლის ბოლოს რამდენიმე სენტაოც კი არ ჰქონდა...".

ჟოზე დუშ სანტუშ ბანდეირამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ერთი გასართობი დაწესებულება შეიძინა, რომელმაც მისი ფინანსური იმედები ვერ გაამართლა. იგი 1960 წლის 29 მარტს ღარიბებისათვის განკუთვნილ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ადოლფ გუსტავ ჰენისმა, გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, ორი საკუთარი ქალიშვილი საჩუქრებით აავსო. "საკუთარი" ფულის ნაწილი ფასიან ქაღალდებში დააბანდა. იგი 1930 იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა გააკოტრა...  ქარის მოტანილი ისევ ქარმა წაიღო!

"შესანიშნავი ოთხეულიდან" მხოლოდ ჰოლანდიელ თავადს, კარელ მარანგ ვან ისელვერეს გაუმართლა. იგი 1928 წელს პარიზში დასახლდა, სადაც ელექტრონათურების მცირე ფაბრიკა შეიძინა, რომელიც სოლიდურ კომპანიად გადაიქცა. მარანგი და მისი სამი ვაჟი სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად უზრუნველყოფილნი იყვნენ. კარელ მარანგი ქალაქ კანში, საკუთარ ბინაში 1960 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა.

ვეფხია სამსონიძე