ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ფოლადივით გამოწრთობილი კრუპების ოჯახური ბიზნესი
#3(19), 2008
ახალი დროის ევროპის ისტორიაში კრუპების დინასტია მეწარმეთა და მრეწველთა ახალი ტიპის ნათელი ნიმუშია, რომელმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწია. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, კრუპების ქარხნებში დამზადებულ სხვადასხვა მარკის ფოლადს გერმანელი, ავსტრიელი, ბელგიელი, ჩეხოსლოვაკიელი თუ სხვა წამყვანი ევროპული ქვეყნების ბიზნესმენები იყენებდნენ. კრუპების ქარხნის მიერ გამოშვებული ცნობილი მარკა ზაუერი - სამი გადაჯაჭვული რგოლი, ეს არის ზიმსონი, ბიუხაგი, ვოლფი, გეიმი, მეფერტი, კეტნერი, ლეპაჟი, პიპერი, პიორდე და სხვა ასობით დასახელების გერმანული და არაგერმანული იარაღი.

ზაუერი - ეს არის გერმანული ისტორიის, არმიის, სამრეწველო რევოლუციის და კრუპების უდიდესი პირადი ბიზნეს-წარმატების თავისებურად კომბინირებული სიმბოლო! ქალაქ ესენში დამკვიდრებული გერმანელ მეწარმეთა დინასტია ცნობილია მეთექვსმეტე საუკუნიდან, როცა მათ ქარხანაში წარმოებულმა ფოლადის ზარბაზანმა 1871 წელს პრუსიას გერმანიის გაერთიანებაში შეუწყო ხელი. კრუპებმა იმპერიული გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები გაუვალი ფოლადით "შემოსეს". პირველი მსოფლიო ომის დროს, კრუპების მფლობელობაში არსებული ქარხნები გერმანიის სამხედრო პროდუქციის 10%-ს უშვებდნენ, რომლებმაც არანაკლები წვლილი ნაცისტური სახელმწიფოს სამხედრო ეკონომიკის წინსვლაშიც შეიტანეს. 1945 წელს ჰიტლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ, ამ ოჯახური დინასტიის საწარმოებისა და მაღაროების ადგილას ნანგრევები დარჩა. დასავლეთ გერმანიის ომისშემდგომი ფართო განვითარების ფონზე, კრუპების ბიზნეს-იმპერიამ კვლავ აღადგინა საკუთარი სამრეწველო სიძლიერე.

ოფიციალურ დოკუმენტებში კრუპების გვარი პირველად 1587 წელს არის მოხსენიებული. ისინი ნიდერლანდებში, სასოფლო თემში ცხოვრობდნენ. ოჯახი რწმენისათვის დევნას გამოექცა და ბერგის საგრაფოში, ქალაქ ესენში დასახლდა. კრუპებიდან პირველი, ვინც მეწარმეობით სახელი გაითქვა, არნდტ კრუპი-პირველი გახლდათ. იგი ჰოლანდიიდან ჩამოტანილი წვრილმანი საქონლითა და ღვინით ვაჭრობდა. იყო ესენის სავაჭრო კავშირის წევრი. გამოირჩეოდა ენერგიულობით, ამაყი ხასიათითა და თავდაჯერებულობით. არნდტ კრუპის ეს ადამიანური თვისებები დინასტიის წარმომადგენელთა გამორჩეულ, დამახასიათებელ ნიშნად გადაიქცა.

არნდტ კრუპის უფროსი ქალიშვილი ცოლად კომერსანტ ალექსანდრე ჰიუსენს გაჰყვა. იგი ქალაქის ცხოვრებაში კრუპების მსგავსად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. კატარინამ მეუღლესთან შედარებით 45 წელი მეტი იცოცხლა, დატოვებულ მემკვიდრეობას ყოჩაღად უძღვებოდა. იგი იმ დროისათვის ქალაქის ყველაზე მდიდარი ქალბატონი გახდა. მისი ვაჟი, ჰენრიხი ახალგაზრდა ასაკში ქალაქის ხაზინადარად დანიშნეს. არნდტ კრუპის მეორე შვილიშვილი, მათიას კრუპი 1649 წელს ქალაქის მთავარი მმართველი გახდა. მისმა ვაჟებმა - გეორგ დიტრიხმა და არნოლდმა წინაპართა ტრადიციები გააგრძელეს. მათ ქალაქის წამყვანი პოსტები დაიკავეს: გეორგ დიტრიხი ესენის მთავარი მმართველი გახდა, ხოლო არნოლდი წლების განმავლობაში ამავე ქალაქის ბურგომისტრი იყო. ჰენრიხ ვილჰელმ კრუპმა (1711-1760) ქალაქის მიდამოებში განვითარებულ სამთო მრეწველობას პირველმა მიაქცია ყურადღება. მან ეს საქმე ხელსაყრელად მიიჩნია, სახაზინო ფული დახარჯა და მაღარო შეიძინა. მისი ვაჟის სახელობის მაღარომ მოგება ვერ მოუტანა, დანახარჯიც კი ვერ აანაზღაურა.

ჰენრიხ ვილჰელმის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის მთელი ქონება აუქციონზე გაიყიდა. საოჯახო საქმეების "მოწესრიგება" არნდტ კრუპის შვილთაშვილმა, ჰელენა ამალია კრუპმა (მისი საკუთარი გვარი აშერფელდი იყო) ითავა. ამ ქალბატონისათვის ჰენრიხ ვილჰელმი სიძე იყო. კრუპების დინასტიაში ერთი უცნაურობა დამკვიდრდა: საპასუხისმგებლო მომენტებში, ამ ოჯახში მამაკაცები კვდებოდნენ, მათ მიერ დატოვებულ საქმეებს კი ცოლები აგრძელებდნენ. ჰელენა ამალიას მეუღლისაგან, ფრიდრიხ იოდოკუს კრუპისაგან უძრავი ქონების შვიდი ობიექტი და ვეზელ-ესენის გზაზე მიწის ნაკვეთი დარჩა.

ამ ქალბატონმა მიზნად დაისახა, მიღებული ქონება გაემრავლებინა, გაეფართოვებინა ვაჭრობა, სამთო მრეწველობაში საპაიო პაკეტი შეეძინა, შეესყიდა მეტალურგიული ქარხანა "გუტე ჰოფნუნგი". იგი საქმეს წარმატებით წარუძღვა: გარდაცვალებამდე მის განკარგულებაში უკვე უძრავი ქონების 31 ობიექტი იყო. საგრძნობლად გააფართოვა საქონლის ასორტიმენტი, ვაჭრობის ტერიტორიული ჩარჩოები. 1806 წელს აუქციონზე ვერდენთან ახლოს მდებარე სამი მაღარო შეიძინა, რომლებსაც მოგვიანებით კიდევ სამი მიუმატა.

მრეწველობის ისტორიაში იგი შევიდა როგორც შტერკრადის მეტალურგიული ქარხნის - "გუტე ჰოფნუნგის" მფლობელი, რომლის აქციათა ნაწილს მანამდე ჰელენა-ამალიას ვაჟი - პეტერ ფრიდრიხ ვილჰელმ კრუპი ფლობდა. ეს უკანასკნელი 1795 წელს გარდაიცვალა. ქარხნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებები იყო საჭირო, ამიტომ ჰელენა-ამალიამ ეს ობიექტი თავისთვის ხელსაყრელი პირობებით გაყიდა.

სახელოვანი მეფოლადეები

ამ ქარხანაში ფოლადის წარმოებას პირველად ჰელენა-ამალიას შვილიშვილი, ფრიდრიხი შეუდგა. 1807 წელს იგი ტერეზა ვილჰელმზე დაქორწინდა. პატარძალს მზითევში შტერკრადში მდებარე ქარხანა "მოჰყვა", სადაც ფრიდრიხი რკინისაგან მცირე საქონელს: ღუმელებს, ტაფებს, სტატუეტებს, ორთქმავლებისათვის განკუთვნილ ნაწილებსაც უშვებდა. წარმოების მასშტაბების გაფართოებისათვის, როგორც ცნობილია - ფულია საჭირო. შვილიშვილს გვერდში ჰელენა-ამალია ედგა. 1811 წელს ფრიდრიხ კრუპი ესენის საქალაქო მრჩეველი გახდა. იგი იქვე მდებარე ფოლადჩამომსხმელი ქარხნის მფლობელიც იყო. აქ წარმოებულ ფოლადს, ფრიდრიხის მცდელობით, ინგლისური ფოლადისათვის ჯერ კონკურენცია უნდა გაეწია, ხოლო შემდეგ კი მთლიანად ჩაენაცვლებინა. 1816 წლის 30 ოქტომბერს პირველი პროდუქცია გამოუშვეს. 1817 წლისათვის ამ ქარხანაში წარმოებული ფოლადის წარმოება ფართო მასშტაბით დაიწყეს. ფოლადჩამომსხმელი ქარხნის დაარსებიდანვე, ფრიდრიხ კრუპს მშენებლობა პრაქტიკულად არ შეუწყვეტია. იგი აშენებდა საწარმოო კორპუსებს, სადნობ და სამჭედლო ქარხნებს.

1818-1819 წლებში ფრიდრიხი მშენებლობით იმდენად "გაერთო", რომ წარმოების პროცესი თითქმის მიატოვა, რაც მის საქმეებზე მკვეთრად აისახა: საქმიანმა პარტნიორებმა ელვისებურად შეამცირეს თავიანთი შეკვეთები. წამოწყებული მშენებლობა ისე გაჭიანურდა, რომ მისი დამთავრებისათვის ფული არ ყოფნიდა. კრუპებმა თავიანთი უძრავი ქონების გაყიდვა დაიწყეს. ფრიდრიხ კრუპი მუშაობისას საერთო სარგებლობის მომტანი იდეით სარგებლობდა: იგი ყურადღებას არ აქცევდა, მოუტანდა თუ არა წარმოება მოგებას, რის გამოც ფოლადჩამომსხმელი ქარხანა მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში თითქმის უმოქმედოდ იყო. წარუმატებელმა კომერსანტმა საუკეთესო თვისებები ქალაქ ესენის მრჩევლის რანგში გამოავლინა...

ფრიდრიხ კრუპის ვაჟი, ალფრედი საქალაქო თვითმმართველობაში მონაწილეობას სრულყოფილად არ იღებდა. ცდილობდა მეტი ყურადღება თავისი ბიზნეს-საქმიანობისათვის - ფოლადჩამომსხმელი ფაბრიკის მუშაობისათვის მიექცია. ქარხანაში 14 წლის ასაკში, მამის გარდაცვალების შემდეგ (1826 წ.) მივიდა. ფრიდრიხის მეგობრებს მისი სტუმართმოყვარეობა კარგად ახსოვდათ, ამიტომაც ისინი ახალგაზრდა ალფრედს მატერიალურად დაეხმარნენ. დამწყები მეწარმე ქარხანაში თითქმის არ იმყოფებოდა, - იგი ძირითადად კლიენტებს ეძებდა. ადგილზე საქმეებს მისი ძმა, ჰერმანი უძღვებოდა, იგი ბუღალტრის თანამდებობასაც ითავსებდა.

ძმებს შეთანხმებული მუშაობა ბრწყინვალედ გამოუვიდათ. გასაღების ბაზრის გაფართოებისათვის,  ალფრედი 1832 წელს რეინის ზედა ნაწილში გაემგზავრა. იქ იუველირთა და ოქროს საქმის ოსტატებს შორის ახალი კლიენტების მოძიება მოახერხა. ვიურტემბურგში, ბავარიაში, საქსონიაში მან ისეთი მოცულობის ხელშეკრულებები გააფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად აჭარბებდა მისი პატარა ფაბრიკის სამრეწველო შესაძლებლობებს. მონდომებული მუშაობით, ალფრედმა გზა სამხრეთ საფრანგეთისა და შვეიცარიის ბაზარზეც გაიკვალა. ჩამოსხმულ ფოლადს ევროპის უმეტეს ქვეყნებს, ბრაზილიას, აღმოსავლეთ ინგლისსაც აწვდიდა.

1839 წლის შემდეგ, ფოლადის წარმოებამ შემცირება დაიწყო. ამ დროს ქარხანაში სამუშაოდ ალფრედის უმცროსი ძმა - ფრიდრიხი მივიდა. მან ფირმის წარმომადგენლის რანგში სხვადასხვა ქალაქებში იმოგზაურა. ფრიდრიხ-უმცროსს გამომგონებლის ტალანტიც აღმოაჩნდა: დაწნული ფოლადისაგან ზარების ჩამოსხმა დაიწყო, მათ სხვადასხვა შეფერილობა ჰქონდათ; გააუმჯობესა გამოშვებული პროდუქციის ხარისხი; შექმნა საწარმოში წარმოქმნილი მტვერის შემგროვებელი აპარატი, რომელმაც გამომგონებლებს შორის არნახული ავტორიტეტი მოაპოვებინა. შემდეგ ფრიდრიხ კრუპმა საკუთარი ცხოვრებისეული გზის მოძებნა გადაწყვიტა, ფაბრიკიდან წავიდა, ბონში დასახლდა და მხატვრული ფასეულობების კოლექციების შეგროვება დაიწყო. მან ცხოვრება სრულ  მარტოობაში განვლო. სამი ძმის ერთობლივი მუშაობის შედეგად, შეიქმნა სპეციალური დანადგარი, რომელიც საშუალებას იძლეოდა 1800 კოვზი, ჩანგალი, მაგიდისათვის საჭირო სხვა მრავალი აუცილებელი ნივთი ერთდროულად გამოეშვათ.

1843 წელს ალფრედ კრუპმა ვენაში კომერსანტ ალექსანდრე შელერთან მოლაპარაკებები წამოიწყო. საქმიანი გარიგების გაფორმების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მაგიდისათვის საჭირო ნივთების დამამზადებელი ფაბრიკა დაეარსებინათ. აქ ჰერმან კრუპი ბერდორფში ტექნიკური დირექტორის რანგში გადავიდა. ფაბრიკა მხოლოდ წაგებაზე მუშაობდა. შემოსავალი საქმიანმა პარტნიორებმა მოგების სახით მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ მიიღეს! 1851 წელს, ლონდონის მსოფლიო გამოფენაზე კრუპის ქარხნის მიერ წარმოებულმა ფოლადმა უმაღლესი შეფასება მიიღო.

1854 წელს, მიუნჰენის გამოფენაზე ალფრედ კრუპმა საკუთარი გამოგონება წარმოადგინა, რომლითაც ძალიან ამაყობდა. ეს იყო "უნაკერო" სარკინიგზო ჩარჩო. 1860 წლიდან, ალფრედ კრუპმა თხევადი ფოლადის, ზარბაზნების წარმოება, ნედლეულის საკუთარი ბაზების შეძენა, მუშათა დასახლებების მშენებლობა ფართო მასშტაბებით დაიწყო. 1866 წლის ზაფხულში ალფრედ კრუპი დასასვენებლად გამგზავრებას აპირებდა. მოულოდნელად, იგი გზაში ცუდად შეიქმნა, ამ მომენტიდან გამუდმებით ავადმყოფობდა.

1869 წელს კრუპმა პირველი გერმანული ბრძმედი აამოქმედა. 1872 წელს მან "საერთო წესდება" გამოაქვეყნა, საფუძველი ჩაუყარა ფაბრიკის ხელმძღვანელობის, წარმოების სტრუქტურას. მის საწარმოებში დასაქმებულმა მუშებმა იცოდნენ, რომ ქარხნებთან არსებულ მაღაზიაში იაფი საქონლის შეძენა ყოველთვის შეეძლოთ, იცხოვრებდნენ კეთილმოწყობილ ბინაში, პენსიაში გასვლის შემდეგ კი ალტენგოფში სახლს შეიძენდნენ.

1870 წელს, ევროპაში უმძიმესმა ეკონომიკურმა კრიზისმა კრუპის ფოლადჩამომსხმელი ქარხნის მუშაობაზეც დამღუპველად იმოქმედა. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თვით კაიზერის პირადი ჩარევაც კი გახდა საჭირო. ეკონომიკური კრიზისის დასრულების შემდეგ, კრუპების ქარხანას პროფილი შეუცვალეს: აქ უცხოეთის ქვეყნებისათვის შეიარაღების წარმოება, შემდეგ კი ამერიკაში რელსების გაგზავნაც დაიწყეს. ალფრედ კრუპის ხელმძღვანელობის ბოლო პერიოდში ქარხნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ალფრედი 1887 წელს გარდაიცვალა. იგი იმ დროს მოესწრო, როცა ფირმა წარმატებით მუშაობდა და ფართოვდებოდა, დაიფარა ყველა კრედიტი, აღდგა საუკეთესო დროს არსებული მომუშავეთა რიცხვი. სწორედ მის გარდაცვალებამდე შემოიერთეს ანენის ფოლადჩამომსხმელი ქარხანაც.

ალფრედ კრუპის პირდაპირი მემკვიდრე მისი ერთადერთი შვილიშვილი ბერტა გახდა, რომელიც 1906 წელს ცოლად საელჩოს მრჩეველს, გუსტავ ფონ ბოლენს გაჰყვა. ფოლადჩამომსხმელი ქარხნის, მთლიანად ფირმის საქმეების გაძღოლა მან ითავა. კაიზერს თხოვნითაც მიმართა, საკუთარი გვარისათვის კრუპიც მიემატებინა, ამ უდიდესი გვარის შესანარჩუნებლად და არა მარტო ფირმის დასახელებაში. 1921 წელს ბოლენ-კრუპი პრუსიის სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა, თავისი მდგომარეობის გათვალისწინებით ბერლინელ პოლიტიკოსებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება მოახერხა. მან გერმანიის სამრეწველო კავშირის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, სადაც 1934 წლამდე დარჩა. 1943 წელს, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებამოსილებანი მთლიანად ჩამოიშორა და მთელი საქმეები საკუთარ უმცროს ვაჟს, ალფრედ ფონ ბოლენს (კრუპს) გადასცა.

ზარბაზნები კარაქის მაგიერ

კრუპების, როგორც "ზარბაზნების მეფეების" აღმასვლა ჯერ კიდევ უფროსი ალფრედის დროს დაიწყო. 1859 წელს მისმა საწარმომ შეკვეთით 300 ზარბაზანი დაამზადა, რითაც პრუსიელმა ჯარისკაცებმა პარიზელი კომუნარები და მათი ოჯახის წევრები დახვრიტეს. ამ მომენტიდან კრუპების დინასტიის წარმომადგენლების საქმიანობის მთავარი მამოძრავებელი ძალა ომი შეიქმნა. მათ მიერ დამზადებული ზარბაზნებით დაღუპულთა დაღვრილი სისხლი საბანკო ანგარიშებად გადაიქცეოდა ხოლმე. კრუპების დინასტია იარაღის ქარხნებს ყველგან - ინგლისში, საფრანგეთში, რუსეთში აშენებდა. ჯარისკაცების მიერ ფრონტებზე დაღვრილი სისხლი ინტერნაციონალურია, ამიტომაც 1921 წელს, ბრიტანეთის სასამართლომ გუსტავ კრუპს 40 ათასი ფუნტი სტერლინგი კომპენსაციის სახით გადაუხადა, რადგანაც მისი ზარბაზნების ქარხანაში გამოშვებული იარაღი პირველი მსოფლიო ომის დროს ლონდონში, მისი თანამემამულეების წინააღმდეგ გამოიყენეს. ამ ომის დაწყება გერმანიის სამხედრო პოტენციალის შესახებ გუსტავ კრუპის მიერ იმპერატორ ვილჰელმთან წაკითხულმა მოხსენებამ დააჩქარა. იგი ყველას არწმუნებდა, რომ მისი ქარხნები მზად იყვნენ წარმოება ოთხჯერ გაეზარდათ. საუბარი არ ყოფილა კრუპის ქარხნებში წარმოებული იარაღის ფასზე, რომელიც საგრძნობლად გაიზარდა.

1918 წლის ნოემბერში გერმანიაში რევოლუციამ იმპერიის დაცემა და დამამცირებელი პირობებით ანტანტასთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიტანა. კრუპების კონცერნი არ დაზარალებულა. გერმანიის მხრიდან შემათანხმებელი კომისიის მიერ გაფორმებულ ოქმებს საკონტრიბუციო გადასახადების შესახებ ხელი თვით კრუპმა მოაწერა. ამ დოკუმენტში ჩადებული პირობების თანახმად, კრუპების ქარხნებისათვის სამხედრო შეკვეთების საზღაურის დაფარვა პირველი რიგის ამოცანად იქნა დასახული. გერმანიამ მოკავშირეებისათვის კონტრიბუციის გადახდა კრუპთან ფინანსური ანგარიშის გასწორების შემდეგ დაიწყო. ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდში, კრუპის ქარხნები მშვიდობიან პროდუქციას: დაზგებს, სატვირთო მანქანებს, სამართებლებს უშვებდნენ. ომისათვის განკუთვნილმა პროდუქციამ თითქოსდა მნიშვნელობა დაკარგა, რაც დროებითი მოვლენა იყო. გუსტავ კრუპს მოცდაც შეეძლო. დროის ამ მონაკვეთში კრუპების ქარხნებმა ორთქლმავლების გამოშვება დაიწყო, რომელსაც საკმაოდ სტაბილური შემოსავალი შემოჰქონდა.
კრუპის ქარხნებში ბისმარკისათვის გამოშვებული ზარბაზნების ლულებს ასეთი წარწერა გაუკეთეს: "ჩემი ბოლო დასაბუთება!"

ალფრედი, გუსტავის ვაჟი, ამბობდა კიდეც: "მამასთან კამათის დროს, ჩემი ბოლო დასაბუთება ზეშემოსავლიანი შეკვეთები იქნება. ორთქლმავლები კარგია, მაგრამ ტანკები უფრო მომგებიანია!". - ასეთი გადაწყვეტილება ალფრედმა მიიღო, რადგან ახალი ფრონტების გახსნას ელოდებოდა. იმ პიროვნების ფიგურაც გამოიკვეთა, რომელიც მის პროდუქციაზე მოთხოვნას გაზრდიდა. ეს ადოლფ ჰიტლერი იყო. ალფრედმა მეტალურგია აახენისა და მიუნჰენის ტექნიკურ ინსტიტუტებში შეისწავლა. 1936 წელს იგი სააქციო საზოგადოება "ფრიდრიხ კრუპის" დირექტორის მოადგილე გახდა, 1938 წლიდან იგი დირექტორატის წევრი იყო.

1943 წელს, გუსტავ კრუპმა პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებამოსილებანი მთლიანად ჩამოიშორა და მთელი საქმეები უმცროს ვაჟს, ალფრედ ფონ ბოლენს გადასცა. 1906 წლის განკარგულების საფუძველზე, მან ფირმასთან ერთად კრუპის გვარი ოფიციალურად მიიღო. 1931 წლიდან ალფრედ კრუპი ფაშისტებს ფულით უზრუნველყოფდა, თავდაპირველად პირადი დანაზოგებიდან, შემდეგ მამის სალაროდან, რომელიც კარგად მიხვდა, გერმანიის პოლიტიკური ცხოვრება უფსკრულისაკენ რომ მიექანებოდა!

ომით დაგროვებული მილიონები

გერმანიაში, ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ, კრუპების ბიზნესს "ოქროს ხანა" დაუდგა. იარაღის წარმოებაზე შეკვეთები გაიზარდა, კონკურენტებს ბრალს დებდნენ არაკეთილსაიმედოობაში, ეროვნულ არასრულყოფილებაში, მათ გერმანიის ხელისუფლება ფიზიკურადაც ანადგურებდა. სიკვდილმისჯილი ბიზნესმენების ქონება აუქციონებზე იყიდებოდა, რომელსაც კრუპების ოჯახის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ და თვითონვე შეისყიდიდნენ. ალფრედმა ჰიტლერს უპატაკა, რომ მის ქარხნებში ნებისმიერ ქვეყანაზე უკეთესი იარაღის გამოშვება შეიძლებოდა.

1939 წლის სექტემბერში, კრუპის ქარხნების მიერ გამოშვებულმა ზარბაზნებმა ვარშავა გაანადგურა. 1940 წლის ზაფხულში, კრუპის ტანკები მაჟინოს დაცვითი ხაზის გვერდის ავლით პარიზში შეიჭრნენ. იმავე წლის შემოდგომაზე, კრუპის ქარხნებში წარმოებულმა ბომბებმა ინგლისის ქალაქი ქოვენთრი მთლიანად დაანგრიეს. 1941 წლის ივნისში, რუსული გემები ბალტიის, ბარენცის, შავ ზღვებში სწორედ კრუპის ქარხნებში გამოშვებული წყალქვეშა ნავების "ნადავლი" გახდა. ალფრედ კრუპმა მამა კონცერნის ხელმძღვანელობიდან "მეთოდურად" ჩამოაშორა. ეს ჰიტლერისდროინდელ კანონებსაც კი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვინ გაბედავდა იუსტიციის არსებობის თაობაზე მარტინ ბორმანისა და ჰენრიხ ჰიმლერის პირადი მეგობრისათვის კანონის არსებობა შეეხსენებინა?!

ჰიტლერის არმიის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში უპრეცედენტო ძარცვა დაიწყო. კრუპის აგენტები საკონცენტრაციო ბანაკებში ევროპის ყველაზე პერსპექტიული საწარმოების მფლობელებს აგზავნიდნენ, მათ ქონებას კონფისკაციის, სააუქციონო გაყიდვების გზით კრუპების კონცერნი ეუფლებოდა. საფრანგეთში კრუპმა თავის საკუთრებად 50 ფაბრიკა და ქარხანა გამოაცხადა, პოლონეთში 70, ნორვეგიაში 25 ასეთი ობიექტი იყო. დაპყრობილ ტერიტორიებზე თუ შეუძლებელი იყო ქონების ადგილზე გამოყენება, იგი გერმანიაში გაჰქონდათ. მარტო საბჭოთა კავშირიდან, კერძოდ - დონბასიდან ომის პერიოდში 280 ვაგონი ტექნოლოგიური მოწყობილობა გაიტანეს.

რეიხის წინაშე კრუპის დამსახურება ომის წარმატებულად წარმოების პერიოდში ღირსეულად შეფასდა: მან "ეკონომიკის ფიურერის" ტიტული და ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - გერმანული არწივის ოქროს ფარი მიიღო.

შემდგომ კრუპსა და ჰიტლერს შორის ურთიერთობა დაიძაბა. კურსკის რკალში, მეორე მსოფლიო ომის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს კრუპის ტანკები და ურალის ქარხნების მიერ გამოშვებული რუსული ტანკები დაუპირისპირდნენ. გერმანელები ამ ბრძოლაში დამარცხდნენ, ალფრედი სასწრაფოდ ფიურერთან თათბირზე გამოიძახეს. მას ჰიტლერის მრისხანება გრიგალივით თავს დაატყდა: "თქვენი ტანკები რუსების ტანკებზე უარესია, კურსკთან ბრძოლა თქვენი მიზეზით წავაგეთ! ჩვენი წარუმატებლობის მთავარი დამნაშავე თქვენ ხართ!".

ჰიტლერი კრუპის წინაშე მართალი არ ბრძანდებოდა, რურის ფოლადი ურალში გამოშვებულს არაფრით ჩამოუვარდებოდა, გარკვეული მაჩვენებლებით უკეთესიც იყო. ბრძოლებში დამარცხების მთავარი მიზეზი ის სამხედროები იყვნენ, ვინც ამ იარაღს იყენებდა. ალფრედ კრუპს ალღო არასდროს ღალატობდა. ამ თათბირის შემდეგ მას ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ გერმანია ომში დამარცხდებოდა! მან საკუთარი კაპიტალი კონფისკაციისაგან გადარჩენის მიზნით, შვეიცარიაში გადაგზავნა. "გარეშე პირების" მეშვეობით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გაყიდა, რის შედეგადაც გერმანიის საიმპერიო მარკის მდგრადობა საეჭვო გახდა. ამ გარემოებას კრუპის ქარხნების მწარმოებლობაზე გავლენა სულაც არ მოუხდენია: 1943 წელს აქ 600 ტანკი გამოუშვეს, ხოლო 1944 წელს - 1800!

ალფრედ კრუპი რაციონალური ადამიანი იყო. მას არა მარტო არსებული ვითარების თავისთვის სასარგებლოდ გამოყენება, არამედ თვით ამ ხელსაყრელი გარემოებებისა და ვითარების შექმნა შეეძლო. მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში, მან ჰიმლერის გეგმების შესახებ შეიტყო, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკების დაარსებას ითვალისწინებდა. ალფრედ კრუპმა ამ "პროექტში" დიდი ფული დააბანდა. ამ "დაწესებულებებს" იგი არა "სიკვდილის ფაბრიკებად", არამედ დიდი მოგების მიღების წყაროდ თვლიდა!

იმ დროში შესაძლებელი გახდა პატიმართა შრომის უფასოდ გამოყენება, მტრის ავიაციის თავდასხმისაგან თავიდან ასაცილებლად პატიმართა ცოცხალი ფარივით გამოყენება (რაც ბუნებრივია, სისხლის სამართლის დანაშაულია ყოველ დროში!). ომის დროს კრუპი ათი საკონცენტრაციო ბანაკის მფლობელი იყო! ამ ბანაკების მეციხოვნეები და მეთვალყურეები ხელფასს კრუპის სალაროში, ხოლო პატიმართა მონური შრომის გამოყენების ინსტრუქციებს ამ ქარხნების მმართველებისაგან იღებდნენ. მათი უმეტესობა ნიურნბერგში, საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლა. მათ, ამ ბანაკების მეპატრონესთან შედარებით, მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კრუპმა მის ქარხნებში მომუშავე სამხედრო ტყვეების შესახებ თითქმის ყველა დოკუმენტის განადგურება შეძლო, მაგრამ მის წინააღმდეგ ბრალდების სახით მონური შრომის გამოყენება მაინც წამოაყენეს. "თავის მართლება" ნიურბერგის პროცესზე, მოსამართლეების წინაშე მოუხდა: "რეიხის კანონების მიხედვით, ეს ხალხი ადამიანებად მაშინ არ ითვლებოდა, მათ მიმართ დამოკიდებულებაც შესაბამისი იყო. კანონებს კი არასოდეს ვარღვევდი. მე აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ!".

გერმანიის კაპიტულაციას კრუპი არ დაუბნევია: მან უზარმაზარი თანხების გადამალვა შვეიცარიის ბანკებში ვალუტის სახით წინასწარ შეძლო, დანაშაულებრივი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები გაანადგურა. საკუთარი ქარხნები ამერიკის სამხედრო პოლიციას დასაცავად გადასცა. კრუპისათვის ერთი უსიამოვნება ამ პროცესს მაინც ახლდა: იგი დააპატიმრეს და როგორც ნაცისტი დამნაშავე, ბრალდების სამი პუნქტის მიხედვით: ჰიტლერთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობა, ოკუპირებული ქვეყნების ძარცვა, ტყვეების მონური შრომის გამოყენება, გაასამართლეს. მას კარგი ადვოკატები ჰყავდა, გააჩნდა საჭირო კავშირები, ამიტომაც სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ამ ბრალდების ყოველი მუხლისათვის იგი სახრჩობელას იმსახურებდა, მაგრამ ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენელთა ზეწოლის მიუხედავად, ამერიკელმა მოსამართლემ მას განაჩენი მხოლოდ პირველი ბრალდების მიხედვით გამოუტანა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით მიუსაჯა. მოსამართლის მიერ გამოცხადებულმა განაჩენმა სხდომათა დარბაზში სიცილის დიდი ტალღა ააგორა. ქონების კონფისკაციის შესახებ განაჩენის გამოცხადების დროს, კანონის მიხედვით, მოსამართლეს ის ქონებაც უნდა ჩამოეთვალა, რომელსაც კრუპს ჩამოართმევდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამის გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო, რადგანაც მას "ფაქტობრივად" აღარაფერი გააჩნდა!

ლანდსბერგის ციხის პატიმარი

ალფრედ კრუპის საპატიმრო ადგილად გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ლანდსბერგის ციხე-სიმაგრე განისაზღვრა. იქ იგი სხვა ნაცისტ დამნაშავეებთან ერთად სასჯელს იხდიდა. პატიმრობის მძიმე პირობების მიუხედავად არასოდეს დაუჩივლია. მოგვიანებით, ამ ციხის კომენდანტს, ჯეიმს ჩიზლის ქრისტეშობის დღესასწაულზე მისალოც ბარათს და საჩუქრებს უგზავნიდა. მისი პატიმრობის პერიოდში კრუპის ქარხნები მუშაობას კვლავ აგრძელებდნენ: აქ ომამდელი პერიოდის მსგავსად, კვლავ ორთქლმავლებს უშვებდნენ. კრუპის ქონების კონფისკაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ქონების საერთო ჩამონათვალის გარეშე ძალაში ვერ შევიდოდა. კრუპმა დოკუმენტების უმეტესობა გაანადგურა, დამალა, ან "დაკარგა", რამაც აღწერის პროცესი ძალიან გააჭიანურა.

1950 წლის ბოლოს, კრუპი მთლიანად გაამართლეს. 1951 წლის თებერვალში იგი გაათავისუფლეს, იმავე წლის ზაფხულისათვის იგი კვლავ "გადამალული" ქონების კანონიერი მფლობელი გახდა, რომლის აღწერა იმ მომენტისათვის ვერაფრით "მოახერხეს"! ალფრედ კრუპს არა მარტო მისი კუთვნილი ქარხნები დაუბრუნეს, ის ავეჯიც კი, რომელიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა მისი ქალაქგარეთ მდებარე სახლიდან გაიტანეს!

იმავე წელს იგი მეორედ დაქორწინდა. პირველი ქორწინებიდან მას მემკვიდრე - არნდტი დარჩა. მის მეორე მეუღლეს, ვერა ჰოსენფელდს (ეროვნებით გერმანელს) ერთი "ღირსება" გამოარჩევდა: იგი ამერიკის მოქალაქე იყო. კრუპმა კვლავ წაუგებელი თამაში ითამაშა. მეუღლის პასპორტმა კრუპს ცხოვრება ძალიან შეუმსუბუქა: ერთხელ, საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილმა ტყვეებმა მისი სახლის გადაწვა მოინდომეს. ისინი ამერიკელმა პოლიციელებმა გარეკეს, რომელიც შემთხვევის ადგილას ამერიკელი მოქალაქის, ქალბატონი კრუპის თხოვნის საფუძველზე მივიდნენ.

გათავისუფლების შემდეგ, ალფრედ კრუპი საკუთარ ბიზნესს გაორმაგებული ენერგიით დაუბრუნდა. მან ომის დროს, შვეიცარიაში გადამალული ფული დაუყოვნებლივ დაიბრუნა, მისი გამოყენება ქარხნების რეორგანიზაციისათვის დაიწყო. საწარმოების განვითარების ტემპები გასაოცარი იყო: ამ ქარხნების მეპატრონის გათავისუფლებიდან სამი წლის შემდეგ, კრუპის საწარმოები უფრო მეტ პროდუქციას უშვებდნენ, ვიდრე ომამდე. მან უზარმაზარი კაპიტალის მოზიდვა შეძლო, იღებდა დამატებით კრედიტებს, მათ დიდ საქმეებში დაუსრულებლად აბანდებდა.

ადამიანი, გვარად კრუპი, წვრილმან პროექტს არც კი დაგეგმავდა. მან გერმანიის მთელი საკურორტო ბიზნესის შესყიდვა, ლოკომოტივების პრაქტიკულად მონოპოლიური წარმოების, ტელე-რადიო არხების გაკონტროლება მოისურვა. ამ და სხვა გრანდიოზული პროექტების განსახორციელებლად ფულის მოძიება მისთვის პრობლემა არასოდეს ყოფილა. კრედიტის მიცემის მსურველები საკმაოზე მეტი იყო. ევროპაში კონკურენციის მაღალმა დონემ, მოგების მოცულობის შემცირებამ, იგი აიძულა მესამე სამყაროს ქვეყნებისკენ მიემართა მზერა. ინდოეთში, ნერუს თხოვნითა და შეკვეთით, მან ფოლადის წარმოების დასაწყებად დიდი ქალაქი-ქარხანა რურკელა ააშენა. კრუპმა ბრაზილიაში რკინის საბადოები შეიძინა, მთლიანად ლათინური ამერიკისათვის ფოლადის წარმოება დაიწყო. სულ მალე ბრაზილიური პროექტი გასაკონტროლებლად მისმა მემკვიდრემ - არნდტმა მიიღო.

საკუთარი წარმატების მწვერვალებს ალფრედ კრუპმა XX საუკუნის 60-იან წლებში მიაღწია. ამ მომენტში მან ერთბაშად მთელი ევროპის ეკონომიკური სიძლიერის თავის სასარგებლოდ გამოყენება დააპირა. იგი კრუპების კორპორაციის ერთპიროვნული მმართველი იყო,  ამიტომაც ევროპის სტრატეგიული საქონელის წარმოების კონცენტრირება მოახერხა. მისი ქარხნები ფოლადის წარმოების მხრივ, ამერიკისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, მესამე იყო. იგი პირადად ფლობდა სამი გემისაგან შემდგარ ატომურ ფლოტს, მისი საწარმოების მიერ გამოშვებული საქონელის დასახელება 4000 სახეობას მოიცავდა. კრუპი იმ დროისათვის გამდიდრებული "ურანი 235"-ის ოთხიდან ერთ-ერთი მწარმოებელი იყო, რომელსაც ბირთვულ რეაქტორებში, ელექტროსადგურებში და ბომბების წარმოებისას იყენებენ. ურანის წარმოების გამო, მას ბირთვული იარაღის გამოშვებაც შეეძლო. მის ქარხანაში ლითონის ახალი სახეობა - ტიტანი შეიქმნა, ზემყარი და მსუბუქი, რომელმაც ავიამშენებლობაში რევოლუცია მოახდინა.

კრუპის საიდუმლო ლაბორატორიებში კოსმოსური აპარატების გამოცდა მიმდინარეობდა. 1960 წლისათვის კრუპების დინასტიის საერთო ქონებამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწია! მისი ბიზნეს-იმპერიის მასშტაბების ზრდამ კონკურენტთა გაღიზიანება გამოიწვია. მას ფაშისტებთან თამშრომლობა "შეახსენეს". გამოავლინეს და შემდეგ დააპატიმრეს მისი უშიშროების სამსახურის უფროსი, რომელიც ჯალათი "ესესელი" ოტტო სკორცენი აღმოჩნდა. ალფრედ კრუპს ალღომ უმტყუნა და შეცდომები ერთმანეთის მიყოლებით დაუშვა: მან ბანკებში კრედიტების აღება ანგარიშმიუცემლად დაიწყო. დროთა განმავლობაში კრუპის კრედიტუნარიანობა ეჭვქვეშ აღმოჩნდა.

საგვარეულო ბიზნესის დასასრული

იმედგაცრუებული, ღრმა აპათიაში ჩავარდნილი ალფრედ კრუპი საკუთარი ქარხნების მთავარ სამმართველოში ყოველდღე მიდიოდა, მაგრამ მისი საქმიანობა იმ დროის მრეწველობის მოთხოვნებს ვეღარ პასუხობდა. ალფრედი საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა, ხშირად მოგზაურობდა, ფირმის მმართველობა კი ბერტოლდ ბეიტსს გადასცა. 1960 წელს, მან ანდერძი შეადგინა, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც ვალდებული იყო წარმოების ერთიანობა შეენარჩუნებინა, შემოსავალი კი სამეცნიერო-ფილანთროპიული მიზნებისათვის გამოეყენებინათ. კრუპების დინასტიის უკანასკნელი ჭეშმარიტი მეფე ალფრედ კრუპი 1967 წლის 30 ივლისს, დილის ათ საათზე, საკუთარ ვილა ჰიგელში გარდაიცვალა, მასთან ერთად კრუპების დიდი ოჯახის ბიზნესმა არსებობა შეწყვიტა.

რურის აუზი გლოვამ მოიცვა. დაუშვეს გერმანიის სახელმწიფო დროშები და კრუპის შავ-თეთრი შტანდარტები. მის სახლში დედამიწის ყველა კუთხიდან შემოსული თანაგრძნობის დეპეშები მის მემკვიდრეს ტომრებით მიუტანეს. პირველი კრუპის სეხნია - არნდტი ამ დროისათვის საგვარეულო ტახტზე აღარ იჯდა. 1943 წლის "კრუპის კანონის" მიხედვით, რომელსაც ხელი ჰიტლერმა მოაწერა და დღემდე არ არის გაუქმებული, კრუპების საწარმოთა ნამდვილი მფლობელი მხოლოდ კრუპების დინასტიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. გარეშე ჩარევა, ან აქციონირება არ დაიშვებოდა.

ალფრედ კრუპმა წინასწარ განსაზღვრა, რომ ფინანსურ განადგურებას მისი სამფლობელო ვერ გადაურჩებოდა, ამიტომ ვაჟთან ერთად, იურისტების თანდასწრებით, მან ისეთი ანდერძი შეადგინა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ,კონცერნში დაგროვებული გიგანტური ვალები ანულირებული იქნებოდა. ალფრედ კრუპის უკანასკნელი განკარგულების მიხედვით, მისი ყველა ქარხანა გაიყიდა, მიღებული თანხა კი მემკვიდრისათვის ყოველწლიურად 500 000 დოლარის რენტად გადააქცია. კრედიტორებს (სრულებით კანონიერ საფუძველზე!) არაფერი შეხვდათ.

ალფრედ კრუპის გარდაცვალებამ მრავალი ჭორი წარმოშვა, დადიოდა ხმები მისი თვითმკვლელობისა და მოწამვლის თაობაზე. იმ დროს ექიმებმა კატეგორიული სამედიცინო დასკვნა გამოიტანეს - მას ფილტვების კიბო დაუდგინეს. იგი მართლაც ბევრს ეწეოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული სიგარეტი "ქემელი" ვერაფრით მოიცილა!

რურის აუზის შუაგულში, ესენში, ქალაქის მერი განსაკუთრებულად საპატიო სტუმრებს ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას, - მეწარმეთა სარეგისტრაციო წიგნს უჩვენებს: მასში 1587 წლით დათარიღებული არნდტ კრუპის პირველი ხელმოწერაა დაფიქსირებული, რომელიც კრუპების დინასტიის ბიზნეს-საქმიანობის დაწყების მაუწყებელია. 1967 წელს კი არნდტ მეცამეტე კრუპის ხელმოწერა კი მათი ოჯახური ბიზნესის დასასრულის აღმნიშვნელია.

ვეფხია სამსონიძე