ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ომმა რეზერვისტთა მომზადების ხარვეზები გამოააშკარავა
#3(19), 2008
როგორი იყო სამხედრო რეზერვის მართვა აგვისტოს ომის დროს

აგვისტოში გამართული რუსეთ-საქართველოს ომი კიდევ კარგა ხანს იქნება მსოფლიო ყურადღების ქვეშ. ომისგან გამოწვეული შედეგები ჯერ კიდევ ბოლომდე გააზრებული არ არის, ეკონომიკურ პროცესებში ახალ-ახალი მოულოდნელობები ჩნდება. ჯერჯერობით, ბოლომდე არც სახელმწიფოს მხრიდან დაშვებულ შეცდომებზეა საუბარი. როგორც ჩანს, ყველაფრის ბოლომდე გააზრებას დრო სჭირდება, თუმცა, რაც სამხედრო საქმის ექსპერტებმა რამდენჯერმე დაადასტურეს, ეს იყო სამხედრო ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა ბოლო წლებში. ეს საკითხი განსაკუთრებით რეზერვისტების მომზადების ხარჯებს უკავშირდება.

ექსპერტთა თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ რეზერვის მომზადებაში დახარჯული მილიონები თითქმის წყალშია გადაყრილი. სანამ საპარლამენტო კომისია საბოლოო დასკვნას დადებს, ან სანამ ვინმე ბოლომდე გამოიძიებს რეზერვისტების მომზადების ხარვეზებს, ჩვენ რამდენიმე რეზერვისტს გავესაუბრეთ. ისინი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის დროს კანონმორჩილად გამოცხადნენ დისლოკაციის ადგილზე. თუმცა, ბოლოს გაირკვა, რომ რეზერვისტების შეკრებას არავითარი აზრი არ ჰქონდა არც საბრძოლო მოქმედებების უკეთ წარმოებისთვის და არც ზურგის გამაგრებისთვის. არც მომზადების დონე ვარგოდა და არც მათმა მეთაურებმა ივარგეს...

რაც შეეხება ზოგადად მსხვერპლს, სექტემბრის ბოლოს არსებული ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის აგრესიის შედეგად ქართული მხრიდან 215 ადამიანი დაიღუპა და 1469 დაიჭრა. ამ რაოდენობაში როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები შედიან. ეს არის ოფიციალურად დადასტურებული მონაცემები, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს.

როგორც დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა გივი თარგამაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებიდან 13 ადამიანი დაიღუპა, 209 თანამშრომელი დაიჭრა. მერაბიშვილის უწყებაში დაკარგულები არ არიან. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ბოლო მონაცემებით, რუსეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 140 სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია 1199 პირი.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით გარდაცვლილია 228 ადამიანი, თუმცა რამდენიმე ფაქტი ბოლომდე დაზუსტებული არ არის. გარდაცვლილებს შორის 9 რეზერვისტია.

როგორ მომზადდა რეზერვი

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ უამრავი პრობლემაზე საუბრობენ. რაზეც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთ აზრზეა,  ეს არის,  რომ სამხედრო რეზერვმა ფუნქცია ვერ შეასრულა.

ახლა თავად ხელისუფლებაც აღიარებს, რომ რეზერვისტთა მომზადების რეკლამირებულმა პროგრამამ თითქმის სრული კრახი განიცადა. გავიხსენოთ აგვისტოს მოვლენების დროს დაბნეული და უმეთაუროდ მიტოვებული რეზერვისტთა ჯგუფები. ფაქტია, რომ რეზერვმა თავი ვერ გაართვა დავალებას, თუმცა რეალურად დავალება არც ყოფილა.

გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, რეზერვისტების მომზადების პროგრამას ასეთი სავალალო შედეგი იმიტომ ჰქონდა, რომ ხელისუფლება მათი რიცხოვნობის სასწრაფოდ გაზრდას გამოეკიდა და ახალგაზრდების საწყისი სამხედრო მომზადების ხარისხი უკანა პლანზე გადაიტანა. 18-დღიანი მომზადების კურსი რეალობაში არაეფექტიან შეკრებად იქცა. სამოქალაქო ცხოვრებიდან მოსული ახალგაზრდები პირველ 2-3 დღეს მარტო ფორმის მიღება-მორგებასა და განთავსებაში ხარჯავდნენ.

როგორც ალადაშვილი ამბობს, რეზერვისტთა მომზადების პირველმა პროგრამამ თავისი არაეფექტიანობა მაშინვე გამოაჩინა, როგორც კი რეზერვისტთა ბატალიონებს სათავეში გამგებლები და დეპუტატები ჩაუყენეს. სამაგიეროდ, ბევრმა ახალგაზრდა დეპუტატმა და სახელმწიფო მოხელემ, რომელთაც კუთვნილ სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავის დროზე ათასი ხრიკით აარიდეს თავი, რეზერვისტთა რამდენიმედღიანი შეკრებით ჯარში ნამსახურობა "გაიპრავეს".

მეორე პროგრამა შედარებით დახვეწილი ჩანდა - აღარ ითვალისწინებდა სამოქალაქო პირების დასმას რეზერვისტთა დანაყოფების თავში. სარეზერვო ბატალიონებს კადრის ოფიცრები მიამაგრეს, თითქოს შეკრებებიც იმართებოდა, მაგრამ შედეგი, სამწუხაროდ, მაინც სავალალო აღმოჩნდა.

სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე აცხადებს, რომ რეზერვისტების თვრამეტდღიანი მომზადების პროგრამა უკიდურესად არაეფექტური იყო. რუსულმა არმიამ გადამწყვეტი უპირატესობა ავიაციით მოიპოვა და ქართულმა სამხედრო ძალებმა ვერ შეძლეს ავიაციის რამდენიმე დღით განეიტრალებაც კი. კაციტაძის თქმით, რეზერვისტთა მომზადებას ტაქტიკაში სამი დღე ეთმობდა და გასაგებია, რომ ამ პერიოდში რეზერვისტები ვერ მოახერხებდნენ ჰაერიდან თავდაცვის მინიმუმისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებასაც კი.

კაციტაძის თქმით, არმიას და მის შემადგენელ ორივე ნაწილს - რეგულარულ ძალებსაც და რეზერვსაც - არ ჰქონდა მიღებული არც სათანადო მომზადება და არც სათანადო ინსტრუქციები, რათა ემოქმედათ იმ სიტუაციაში, რომელშიც სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წყალობით აღმოჩნდნენ. ამან კი არმიაში მსხვერპლის ოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

რეზერვისტების ნაამბობი

ომის ხელოვნება ცალკე თემაა და პროფესიონალები გაარჩევენ, რა ტაქტიკა ან სტრატეგია იქნებოდა რუსული აგრესიის გასანეიტრალებლად უფრო ეფექტური. თუმცა, რაც აშკარაა და მის აღმოჩენას არავითარი სამხედრო სტრატეგის კვალიფიკაცია არ ჭირდება, ეს არის რეზერვისტების საომარ მოქმედებებში გაუაზრებელი ჩართვა. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ბევრი ჭორი თუ მართალი გავრცელდა, ამიტომ ჩვენ უშუალოდ რეზერვისტებს გავესაუბრეთ რეალური მდგომარეობის უკეთ გასაგებად.

ერთ-ერთი რეზერვისტი, რომლის გვარს არ ვასახელებთ (პირობითად მას გიორგი ვუწოდოთ), გვეუბნება, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაახლოებით 90 რეზერვისტი ოსურ სოფელ ორჭოსანში ჩაიყვანეს. თბილისიდან არც მეთაური გაჰყოლიათ და იქ ჩასულებს 2 დღე საკვებიც არ მიუტანეს.

"რომ ჩავედით, იქ გაგვანაწილეს. ოთხი პოსტი უნდა გაკეთდესო. ერთ-ერთ ოცეულში მოვხვდი. წავედით სოფლის ერთ განაპირა მხარეს. საომარი მოქმედებების დაწყებამდე ქართველი სამართალდამცავები მაგ სოფელს ვერ აკონტროლებდნენ. სანამ ჩვენ ჩაგვიყვანდნენ, სპეცრაზმს მანამდე უკვე ჰქონდა ოპერაცია ჩატარებული. სოფელში მხოლოდ მოხუცები და ქალები იყვნენ დარჩენილები".

როგორც გიორგი გვიყვება, რეზერვისტები 6-კაციან ჯგუფებად დაყვეს და პოსტებზე გადაანაწილეს. წესით, ღამით 2-2 კაცს უნდა ემორიგევა და დანარჩენებს რიგრიგობით ძილის უფლება ჰქონდათ. თუმცა, ძილი აღარ დასცალდათ. ღამის 2 საათზე ატყდა სროლა. სწორედ მაშინ გაირკვა რეზერვისტების მომზადების დონე. პოსტიდან დაახლოებით 1 კილომეტრში ინტენსიური სროლა იყო, რიკოშეტით ტყვიები პოსტზეც ცვიოდა. სიტუაცია მხოლოდ გათენების შემდეგ ჩაწყნარდა.

"დილით პოსტებიდანაც მოვიდა ხალხი და გაირკვა, რომ ქართველი პოლიციელები და რეზერვისტები ერთმანეთს ესროდნენ. გაირკვა, რომ, ერთ-ერთმა ღამით მდებარეობა შეიცვალა, ოღონდ მეორემ არ იცოდა. ერთმანეთში დაიწყეს სროლა. კიდევ კარგი, რეზერვისტები კარგად არ ისვრიან, ამიტომ მსხვერპლი არ ყოფილა".

ასეთი გაუგებარი სროლით გათენდა 9 აგვისტო. რადგანაც რეზერვისტებს საკვები ამ დრომდე არავინ მიუტანა, თვითონ დაიწყეს საჭმლის ძებნა.
"სოფელი დაცლილი იყო, მარტო მოხუცები თუ იყვნენ. რამდენიმე წავედით, შეგვეძლო სახლებშიც შევსულიყავით, მაგრამ იარაღის მუქარით არავისთვის არაფერი წაგვირთმევია. ერთმა ოსმა კაცმა საკუთარი ღორი დაგვითმო. მერე ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში შევედით და დანა და ქვაბი ავიღეთ, მეტი არაფერი წამოგვიღია. ღორი დავკალით. ამ დროს ვიღაცამ ამბავი მოიტანა, რომ რეზერვისტები ყველანი წავიდნენ სახლებშიო. სამნი წავედით გასარკვევად. რეზერვისტები მართლა წასულები დაგვხვდნენ. პოლიციელები შეგვხვდნენ, დაახლოებით 70 კაცი. იმათ გვითხრეს, ხომ არ ჩამორჩითო. მგონი ჩვენი ოცეულის არსებობა საერთოდ გადაავიწყდათ და ამიტომაც ჩავრჩით".

როგორც ჩვენი ნაცნობი რეზერვისტი ამბობს, არც საკვების მოპოვებაზე წასვლის ბრძანება მიუღიათ და სხვა რეზერვისტების ადგილზე ყოფნა-არყოფნის გადამოწმებაზე - ყველას საკუთარი იდეა ჰქონდა და ბოლოს ოცეულიც საერთო გადაწყვეტილებას იღებდა.

"ოცეულში 4 ადამიანიც იყო, როგორც ამბობენ, საგამოძიებოს ხალხი. თუმცა არც ისინი იყვნენ ჩვენზე მეტად გამოცდილები. ერთმა რომ თქვა, სანგარი აქ გავთხაროთო, მეორემ სხვა ადგილი აირჩია და მესამე სულ სხვა ადგილზე ამჯობინებდა სანგრის გათხრას. ყველა თავისთვის უფროსობდა".

როგორც გიორგი გვიყვება, ამის შემდეგ ოცეულიდან ზოგმა რეზერვისტმა სახლში წასვლა მოინდომა. თუმცა,  დანარჩენების მიტოვება მაინც არ ისურვეს და ყველანი დარჩნენ ადგილზე. ამასობაში ოცეულში 10-15 სპეცრაზმელი მივიდა და უთხრეს, სანგარი გათხარეთო. ღამით უკვე მოსალოდნელი იყო რუსების თავდასხმა – ხმა გავრცელდა, ცხინვალში რუსები არიან და აქეთ მოიწევენო.

დარჩენილმა ოცეულმა 9-ში ღამით მორიგეობა განაახლა. სწორედ იმ ღამით დაიწყო რუსული შეტევა.

"ერთ მომენტში სოფელი თითქმის მთლიანად განათდებოდა – ჩაქრებოდა. დიდი პროჟექტორით რომ გაანათო, ეგრე იყო, ოღონდ როგორ ანათებდნენ, ვერ გავიგეთ. უფროსობამ იფიქრა, ეტყობა, დასაბომბად ანიშნებენო და მაშინვე წამოვედით. ზოგს ჩანთა დარჩა, ზოგს ქურთუკი... მე მათარა დამრჩა, მანამდე სხვას ვათხოვე და მერე ვეღარ ვნახე".

ღამის 2 საათზე წამოსულ რეზერვისტებს გზაში საკმაოდ გაუჭირდათ. ზოგი დაიღალა, ზოგი სიბნელეში წაიქცა, ზოგი იარაღს ვეღარ მიათრევდა... "ერთ-ერთს ტყვიამფრქვევი "პე-კა" მოჰქონდა. გზაში მანქანა წამოგვვეწია და იარაღის წაღება შესთავაზა. რეზერვისტმაც იარაღი გადასცა და მერე ვეღარც მანქანას მიაკვლია და ვეღარც თავის ტყვიამფრქვევს. ბოლოს ავტობუსში ჩაგვსხეს და გზაში ის ავტობუსიც გაფუჭდა. როგორც იყო, გზად სხვა მანქანებს გავყევით და ვაზიანის სამხედრო ბაზამდე მიაღწიეთ. იარაღის ჩაბარებაზეც დიდი რიგი იყო - მოიტანეს მიტოვებული და აკრეფილი იარაღი".

რაც შეეხება მსხვერპლს, ჩვენი რესპონდენტი ყვება, რომ მის გარემოცვაში არავინ დაღუპულა. თუმცა, გორში რეზერვისტების მხვერპლი დაუდევრობამ გამოიწვია. როგორც ამბობენ, ტანკის ტყვიას შლიდნენ, აფეთქდა და 2 რეზერვისტი შეიწირა.

როდესაც რეზერვისტები სახლებში დააბრუნეს, მაშინ ასეთი შეთავაზებაც ყოფილა – ვისაც გინდათ, შინ წადით, ვისაც ომში წასვლა გინდათ, მაშინ წინა ხაზზე გაგიშვებთ, ზურგში ჩვენ რომ არ გვესროლოთო.

ჩვენ გავესაუბრეთ სხვა რეზერვისტებსაც. ერთ-ერთი მათგანი, დათო გვიყვება, რომ გამოიძახეს 8 აგვისტოს. მივიდა ვაზიანში, სადაც სხვა რეზერვისტებიც იყვნენ. ჩააცვეს ფორმები. ბატალიონი არ შეივსო. "ვიყავით ასნი, უნდა ვყოფილიყავით ხუთასნი. ღამე შენობის გარეთ გავათენეთ, გზის პირას. ყაზარმიდან გამოვედით, დაბომბვას ველოდებოდით".

მეორე დილით უკვე დაიწყო რეზერვისტების სახლებში დაბრუნება. დათო ამბობს, რომ, მეთაურის ბრძანებას ელოდებოდნენ. "ჩვენი მეთაური ურეკავდა თავის ხელმძღვანელს, ბატალიონი შეკრებილი მყავს და ტრანსპორტი მოგვეცით, გორში წავიყვანოო. მაგრამ იმან ჩვენი გორში წაყვანის ნება არ დართო. ჩვენმა მეთაურმა, რომელიც წოდებით კაპიტანი იყო, აგვაღებინა იარაღი და წავედით ტყეში, მიუხედავად იმისა, სამხედრო პოლიციამაც უთხრა, გაუშვი ბიჭები სახლებშიო. ტყეში რომ ავედით, ვეკითხებოდით, თუ წავიდოდით გორში, ან რა უნდა გაგვეკეთებინა, ან სად უნდა გადავნაწილებულიყავით, ან რა დავალებას მოგვცემდნენ, მეთაური ვინ გვეყოლებოდა... არაფერზე პასუხი არ ჰქონდა. თვითონაც არ იცოდა სად წავიდოდით და რას გავაკეთებდით. გვითხრა, რომ მეთაური მე არ ვიქნები და სხვა გიხელმძღვანელებთო. შეიძლება იმიტომ სურდა გორში ჩვენი ჩაყვანა, რომ ჩვენს გარეშე, მარტო ვერ ჩავიდოდა. ჩვენ ჩაგვიყვანდა და მერე თვითონ ომში ჩაებმებოდა – თურმე ძმაკაცები დაღუპვოდა ამ ომში".

ამის შემდეგ კი გაირკვა, რომ გორიდანაც უკვე სახლებში უშვებდნენ რეზერვისტებს. თუმცა, კაპიტანმა ბოლოს მაინც უთხრა რეზერვისტებს, ვისაც გინდა შინ წადით და ვისაც გინდათ, გორში წამომყევითო.

"ნახევარზე მეტმა იარაღი ჩავაბარეთ. დაახლოებით 30 კაცი დარჩა და გაყვნენ. 4-5 საათის შემდეგ დავურეკე და მაშინ თქვეს ბიჭებმა, ეს წუთია გორში შევედითო. იმ ღამეს სკოლის შენობაში გაათიეს ღამე. მეორე დილით დავურეკე და იმათაც თქვეს, რომ იარაღი ჩააბარეს და უკან ბრუნდებოდნენ". როგორც დათო ამბობს, საბედნიეროდ მისი ნაცნობი რეზერვისტებიდანაც არავინ დაღუპულა აგვისტოს მოვლენების დროს.

საომარი მოქმედებების შემდეგ ბევრ სამხედრო მოსამსახურეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ხშირ შემთხვევაში მათ დეზერტირობაში ადანაშაულებენ. რაც შეეხება რეზერვისტების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას, ჩვენმა რესპონდენტებმა ასეთი რეზერვისტები ვერ გაიხსენეს.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რეზერვმა ისე ვერ იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა. თუმცა მინისტრი რიგით რეზერვისტებზე პრეტენზიებს არ გამოთქვამს. "ეს იყო რეზერვისტების უფროსობის დანაშაული, ვიდრე იმ ბიჭებისა, რომლებიც გაიწვიეს. მე შევხვდი რეზერვისტებს ვაზიანის ბაზაზე და ვნახე, რა გულანთებული ბიჭები იყვნენ. არაფერზე უკან დამხევები ისინი არ იყვნენ, მაგრამ მეთაური თუ გყავს უვარგისი, რანაირი ვაჟკაციც არ უნდა იყო, ვერაფერს გააკეთებ".

თავდაცვის სამინისტროში რეზერვისტთა მომზადების სრულიად ახალი კონცეფცია მუშავდება. როგორც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი გივი თარგამაძე განმარტავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ დეტალების შესწავლა და ანალიზი, რომელიც რეზერვისტებთან მიმართებაში როგორც საომარი მოქმედებების დროს, ასევე მანამდე, მათი მომზადების პერიოდში გამოჩნდა. "ახალი კონცეფცია ამ ანალიზის დასრულების შემდეგ დაიდება", - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ კონცეფციის შემუშავების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები.

თემურ იობაშვილი