ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ შპს "ლილო-სითი"-ს დამფუძნებელ ლაურა ღაჭავასთან
#3(19), 2008
მინი-დოსიე

ლაურა ღაჭავა - დაიბადა 1950 წლის 30 აგვისტოს ქ. ზუგდიდში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1976 წელს - ამავე უნივერსიტეტის  ხელოვნებისა და მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი.

პროფესიული გამოცდილება - წლების განმავლობაში იყო პედაგოგი, მუშაობდა სკოლაში, შემდეგ განათლების სამინისტროში, იყო პროფკავშირების სასახლის დირექტორი, თბილისის კულტურის ცენტრის დირექტორი, შავნაბადის შტაბის დირექტორი. 90-იან წლებში დაიწყო ბიზნეს-საქმიანობა, რომელიც მრავალმხრივ განავითარა. ამჟამად არის რამდენიმე კომერციული ფირმის დამფუძნებელი და დირექტორი. დღეს მისი ბიზნეს-ინტერესები ძირითადად მოიცავს უძრავ ქონებას, მშენებლობას, ტრანსპორტს და ტურიზმს.

ჰყავს მეუღლე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ივანე კოდუა და სამი ვაჟი: დავითი, გიორგი და ერეკლე.


ასე გამოიყურება მოკლედ მისი ოფიციალური დოსიე. არაოფიციალურად კი მასზე ძალიან ბევრს საუბრობენ, იმასაც კი, თუ როგორ წავიდა ერაყში მარტო და როგორ გადაცვალა წყალი ნავთობში, შემდეგ როგორ ჩამოიტანა თბილისში და როგორ გადასცა თბილისის მაშინდელ მერს.

ქალაქში ბევრს საუბრობენ მასზე, მის ოჯახზე, რაზეც ქალბატონი ლაურა ხშირად ღიზიანდება. არ უყვარს, როდესაც პრესა დიდ ყურადღებას უთმობს, თუმცა ამჯერად, როცა გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონი ლაურასთვის შეკითხვებით მიგვემართა და ინტერვიუ ჩაგვეწერა, გამონაკლისის სახით დაგვთანხმდა.

კორ. - ქალბატონო ლაურა, რა იყო თქვენი პირველი ბიზნეს-პროექტი ანუ როგორ დაიწყეთ ბიზნეს-საქმიანობა?  

ლ. ღ. - 90-იანი წლები იყო, საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ცხადი იყო, რომ ბევრი რამე შეიცვლებოდა. მე უკვე ვფიქრობდი იმაზე, რომ ბიზნესი დამეწყო, რომელიც იქნებოდა ჩემი საკუთარი და იქნებოდა წარმატებული. იმ პერიოდში ბრიუსელში ბიზნესმენთა კონფერენცია იმართებოდა და გავაგზავნე განაცხადი, სადაც კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოვთქვი. მივიღე დადებითი პასუხი და გავემგზავრე ბრიუსელის კონფერენციაზე, სადაც "ვერცხლის დარბაზის" წევრი და საქართველოში ბიზნესმენთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი გავხდი. კონფერენციას ბევრი ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და სწორედ კანადის ავიაკომპანიის პრეზიდენტის დახმარებით ჩამოვაყალიბე ქართული ავიაკომპანია. ეს იყო ჩემი პირველი ბიზნეს-პროექტი რომელიც, სირთულეების მიუხედავად, ვთვლი, რომ წარმატებით განვახორციელე.

- ბიზნესის წამოწყებას გარკვეული სირთულეები წარმოიშობა ხოლმე. ხომ არ გიფიქრიათ, ბიზნესისთვის თავი დაგენებებინათ?

- არა, მე საერთოდ ძალიან აზარტული ვარ. სირთულეები არასოდეს მაშინებს. კარგად ვიცი, რომ ადვილად არასოდეს არაფერი კეთდება, მით უმეტეს ბიზნესი და მით უმეტეს ჩემთვის.

ძალიან რთული იყო ავიაბაზარზე შესვლა. ყველგან კარს მიკეტავდნენ. ჩემს ინიციატივას კრიტიკულად შეხვდა თავად ავიაციის დეპარტამენტი. რატომღაც უნდობლობით მიყურებდნენ, ანდა კონკურენციის ეშინოდათ. როდესაც თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ლიცენზია ავიღე, ლამის ორივე შვილი დავკარგე. იმ დროს იყო ავიაკომპანია "ორბი", რომელსაც "მხედრიონი" ლობირებდა. მაშინ ჩემი შვილი გიორგი ლონდონში სწავლობდა, თბილისში ჩამოდიოდა და მე და ჩემი მეორე შვილი დათო აეროპორტში დავხვდით. შინ რომ დავბრუნდით, ბახტრიონზე ორივეს - დათოს და გიორგის ესროლეს. გიორგის გადარჩენას არავინ ელოდებოდა. საშინელი ტრაგედიის წინაშე ვიდექი, მაგრამ ღმერთის ნებით გიორგიც და დათოც დღეს ცოცხლები მყავს. მაშინაც კი, ამ საშინელი თავდასხმის მიუხედავად, ავიაკომპანიას მუშაობა არ შეუჩერებია.

- რამდენად რთული იყო ბიზნეს-საქმიანობა მისი წამოწყების პირველ წლებში?

- რთული იყო იმდენად, რამდენადაც მაშინ არ იყო ბიზნესისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება. ჯაბა იოსელიანი თავისი სამხედრო დაჯგუფებით დათარეშობდა. ყველაფრისგან რაღაცას ითხოვდნენ. როგორც გითხარით კიდეც, შვილებს მიკლავდნენ. მეტი რაღა გითხრათ?!

- თქვენი ბიზნეს-საქმიანობის სფეროები დღეისთვის საკმაოდ მრავალფეროვანია. თუ შეგიძლიათ, გვიამბოთ მათ შესახებ?

- ძალიან მრავალფეროვანი არ არის. მაქვს ავიაკომპანია "ნაციონალური ავიახაზები", რომელსაც ჩემი შვილი გიორგი კოდუა ხელმძღვანელობს. მე ვარ ავიაკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაგრამ მის მართვაში მე არ ვერევი, თავიდან ბოლომდე მივანდე გიორგის. მაქვს ასევე ტურისტული კომპანია, სასტუმრო. ეს ობიექტები ავიაკომპანიის სერვისზეა მიბმული. ვარ სს "პირიმზეს" აქციონერი, შპს "ლილო-სითის" დამფუძნებელი. სამშენებლო ბიზნესს ხელმძღვანელობს ჩემი მეორე შვილი დათო კოდუა. აქ მეტნაკლებად მეც ვერევი, შეიძლება ითქვას, რომ მე და დათო პარტნიორები ვართ.

- რომელ ბიზნესს მიაქვს თქვენი დროის უდიდესი ნაწილი?

- ზოგადად ყველა ბიზნესს დიდი ყურადღება სჭირდება, მაგრამ ამჯერად ერთ ძალიან სერიოზულ პროექტზე ვმუშაობ, რომელიც დასავლეთ საქართველოში უნდა განხორციელდეს და ექსპერტთა შეფასებით, საუკუნის პროექტია. ის სახელმწიფოებრივად უდიდეს მნიშვნელობას იძენს. თუმცა ამ პროექტზე ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. თქვენის ნებართვით, სიურპრიზად შევინახავ.  

- რამდენად არის თქვენი ბიზნესი საბანკო სექტორზე დამოკიდებული?

- ძალიან არის დამოკიდებული და მე თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს კომერციულ ბანკებთან. ჩემი ყველა ბიზნესი საკრედიტო ხაზთან არის მიბმული. ბანკები ძალიან მეხმარებიან და მეც ვცდილობ შევინარჩუნო მათთან კეთილგანწყობა. ბანკის დაუხმარებლად მე ვერ შევძლებდი ბიზნეს-საქმიანობას. 

- თქვენი აზრით, დღეს როგორი დამოკიდებულებაა სახელმწიფოსა და ბიზნეს-სექტორს შორის?

- ამ საკითხზე დღეს ბევრს დაობენ, ყველა თავის აზრს გამოთქვამს, მაგრამ ვისაც ადრე არ ჰქონია ბიზნესი, ის ახლა შედარებას ვერ მოახდენს. მე ძალიან ცუდ პერიოდში დავიწყე ბიზნესი და შედარების გაკეთებაც მიადვილდება. თუ ბიზნესი არ განვითარდა, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი და თუ სახელმწიფომ არ იზრუნა, მას ვერ ექნება ბიზნესი. ეს ორივე ერთმანეთზე გადაბმულია და მე ვფიქრობ, რომ დღეს არის იმის დრო, რომ აკეთო ბიზნესი, შენც კმაყოფილი იყო და სახელმწიფოც. მართალია, ომმა ხელი შეუშალა ბიზნესს და შეაფერხა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველა ერთად დავძლევთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. მთავარია, რომ ხელისუფლების ნება და სურვილი არსებობს, რომ ხელი შეუწყოს ბიზნეს-სექტორს. ხელისუფლების ჯანსაღ დამოკიდებულებას ჩვენ, ბიზნესმენები, ცხადად ვხედავთ.

- ესე იგი, საქართველოში სერიოზული ბიზნესის წამოწყებისთვის ჯანსაღი გარემოა?

- დიახ, როგორც გითხარით, ამჟამად ეს სწორედ ასეა.

- როგორ ფიქრობთ, ბიზნესში ქალები უფრო დიდ წარმატებას აღწევენ თუ მამაკაცები?

- ძნელია ასე დაჰყო, ქალი უფრო წარმატებულია თუ მამაკაცი. ბიზნესი და ზოგადად ნებისმიერ საქმეში წარმატება ადამიანის თვისებებზეა დამოკიდებული. თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ ქალები უფრო რისკიანები, უფრო შემტევები და მიზანდასახულები არიან. მამაკაცებთან ხშირად მაქვს ბიზნესში საქმე და ვატყობ, რომ ისინი დიდხანს ფიქრობენ. ბიზნესს ფიქრი უყვარს და არა ჭოჭმანი.

- ბიზნესში თუ გადაგიდგამთ ისეთი ნაბიჯი, რომელზეც შემდეგ გინანიათ?

- უშეცდომო არავინ არ არის. რა თქმა უნდა, მეც მქონია შეცდომები, მაგრამ ამაზე არ მინანია. უფრო სწორედ, სინანულის დრო აღარ მრჩება შეცდომის დაშვების დროს. მე მაშინვე ვიწყებ ფიქრს, როგორ გამოვასწორო ის და გამოსავალს ყოველთვის ვპოულობ.

- საკუთარ შეცდომებზე თუ გისწავლიათ?


- ბუნებრივია. ბიზნესში კრიტიკული ვარ, მაგრამ დროს არასოდეს მივსტირი. ყოველთვის წინ ვიყურები და მახსოვს დაშვებული შეცდომები, რომელსაც არ გავიმეორებ. ახლა ვცდილობ ჩემი შეცდომები ჩემმა შვილებმა არ გაიმეორონ და ვუხსნი ხოლმე. ისინი ახალგაზრდები არიან და როგორც ყველას, მათაც ჰგონიათ, რომ ჩემზე მეტი იციან და შეუძლიათ. თვლიან, რომ მე მეშინია და ისინი დედაზე უფრო გაბედულები არიან. ნაკლებად მიჯერებენ, რაც ხანდახან მწყინს, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან. თვითონ უნდა დაუშვან შეცდომები, რომ თვითონვე ისწავლონ.  

- როგორ ფიქრობთ, ბიზნესის ერთპიროვნული მართვა ჯობია თუ პირიქით, პარტნიორის ან პარტნიორების ყოლა?

- არ ვიცი. მე, მაგალითად, სულ მარტო მოვდივარ ბიზნესში, ჩემი პარტნიორები ჩემი შვილები არიან, მაგრამ მათთანაც კი მიჭირს მუშაობა. ხშირად მოგვდის უთანხმოება, რადგან საქმეში ჩვენ პარტნიორები ვართ და სახლში - დედა-შვილი.

- თანამშრომლებს რა კრიტერიუმით არჩევთ?

- თანამშრომელს ვირჩევ იმის მიხედვით, თუ როგორია მისი ზოგადი განათლება, რა პროფესიული გამოცდილება აქვს, რამდენად შეუძლია ერთგულება, რამდენად პრინციპულია. მიყვარს თავდაჯერებული ადამიანები, მაგრამ ეს ყეყეჩობაში და უზრდელობაში არ უნდა გადასდიოდეს. ძალიან დიდ პატივს ვცემ კარგად აღზრდილ ახალგაზრდებს.

- ზოგადად, რა თვისებებია საჭირო იმისათვის, რომ ბიზნესში წარმატებას მიაღწიო?

- ბიზნესში წარმატების მისაღწევად, პირველ რიგში, შრომისმოყვარე უნდა იყო. ბიზნესს უყვარს სუფთად მუშაობა და არ უყვარს ტყუილი. ასევე რისკის უნარი უნდა გქონდეს, თუმცა უაზროდ და დაუფიქრებლად გარისკვამ შეიძლება დაგღუპოს. მართალია, ყოველთვის სწორად ვერ გათვლი მოვლენებს, მაგრამ მეტწილად დარწმუნებული უნდა იყო, რომ გამოგივა.

- ქალბატონო ლაურა, რამდენად ახერხებდით ან ახერხებთ იმას, რომ ოჯახის წევრებს და საოჯახო საქმეებს დრო დაუთმოთ?

- ოჯახი - ეს ყოველთვის პირველია. მას ვერ შეცვლის ვერცერთი საქმე. მე ყოველთვის ვახერხებდი და ახლაც ვახერხებ, რომ ჩემი ბიზნესის გამო ჩემს ოჯახს უყურადღებობა არ ვაგრძნობინო. მე ვაბალანსებ დროს და არა მგონია, ოჯახის წევრები უყურადღებობას გრძნობდნენ ჩემგან. ჩემი ოჯახი საკმაოდ მრავალსტუმრიანია და ძალიან ძნელია ოჯახს ნაკლები დრო დაუთმო, თუმცა ჩემი მეუღლე ძალიან მიწყობს ხელს, რომ საქმე არ ვაზარალო.

- თქვენი შვილების პროფესიის არჩევაში თუ მონაწილეობდით? თუ შეგიძლიათ, გვიამბეთ მოკლედ თქვენი ოჯახის შესახებ.

- დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ ჩემს ოჯახზე. ჩემი მეუღლე - ნოდარ კოდუა პროფესიით ინჟინერია. ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდროენერგეტიკული მშენებლობების მენეჯმენტის კათედრის გამგე. შვილებს პროფესიის არჩევაში ვეხმარებოდი, მაგრამ არ მომითხოვია ჩემი სურვილით აერჩიათ პროფესიები.

დათოს თავიდანვე ეტყობოდა რომ იყო ძალიან ჰუმანური, გამორჩეულად უყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა. შეიძლება ამანაც განაპირობა, რომ ის პედიატრია. ძალიან განვიცდი, რომ ის ჩამოშორდა თავის პროფესიას და დღეს ბიზნესშია. დიდი სურვილი აქვს, რომ დაუბრუნდეს სამედიცინო სფეროს. შეიძლება ითქვას, რომ ეს სურვილი ახლახან რეალობად იქცა - სულ ერთი კვირაა, რაც ის შპს "სამკურნალო კომბინატის" (თბილისი, ქავთარაძის ქ. #16) დირექტორად დაინიშნა.

გიამ სამხედრო აკადემია დაამთავრა, სწავლა ლონდონში გააგრძელა, თუმცა ჩემდა უნებურად ის ავიაციაში აღმოჩნდა. უყვარს ავიაცია და შეუძლია ავიაკომპანიას ყველაფერი შეწიროს.

ირაკლის რაც შეეხება, მას ორი პროფესია აქვს. ჯერ მამის პროფესიას გაჰყვა და ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდრომშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი, იურიდიული უმაღლესი განათლება მიიღო და პოლიციაში წავიდა. სხვათა შორის, დიდხანს ვუმალავდით ჩემს მეუღლეს, რომ ირაკლი პოლიციაში მუშაობდა, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა ჰიდრომშენებლობის დარგში სამეცნიერო მუშაობას გაჰყოლოდა. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ - მშობლებს გვინდა.

სხვა რა შემიძლია გითხრათ... მყავს შვილიშვილები და ვცდილობ მათთან გაცილებით მეტხანს ვიყო, ვიდრე შვილებთან. როცა ყველა ერთად ვიკრიბებით, მაშინ ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.

ესაუბრა მარინე ვარდოშვილი