ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
საავტომობილო ინდუსტრიის პარიზული სიახლეები
#3(19), 2008
მორიგი ავტოგამოფენა პარიზში

110 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარიზში პირველი საავტომობილო გამოფენა ჩატარდა. მართალია, ბოლო ხანებში უახლესი ავტომობილების რანდევუ პარიზში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მაგრამ თარიღი მაინც საიუბილეოა. თუმცა, ამჯერად საიუბილეო განწყობას გარკვეულწილად ის ფაქტი აქარწყლებდა, რომ ამჟამად მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრია ღრმა კრიზისს განიცდის – საკრედიტო ბაზრის ქაოსმა პირდაპირი გავლენა ავტომობილების გაყიდვებზეც იქონია და ახლა მწარმოებლები გამოსავლის ძიებაში არიან.

სიტუაციას ის ფაქტიც ამძიმებს, რომ ნავთობის ფასის უკიდურესმა გაძვირებამ (სანამ ფინანსური კრიზისი დაიწყებოდა) ძლიერ აზარალა ის კომპანიები, რომელთა საწარმოო პროგრამაშიც ძირითადი ადგილი ხარჯიან ავტომობილებს ეკავა. კრიზისი სხვებსაც შეეხო და შედეგად, ყველა ცდილობს, მყიდველს ეკონომიური ავტომობილები შესთავაზოს.

არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ძლიერ მოქმედებს საავტომობილო ბაზრის კონიუნქტურაზე. ესაა გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაზე გამკაცრებული მოთხოვნები. უფრო სწორედ, შესაბამისი ნორმები მალე ძლიერ გამკაცრდება, მწარმოებლები კი ამისათვის ფაქტობრივად მოუმზადებელნი არიან.

ახლახან, აშშ-ის კანონმდებლებმა და პრეზიდენტმა სამი ამერიკული კომპანიისთვის დახმარება გადაწყვიტა. საქმის საშველად 25 მილიარდი დოლარი გამოიყო. ამასთან, სესხს მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ კომპანია სპეციალურ კომისიას დაარწმუნებს იმაში, რომ ეს ფული ეკონომიური (და შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა) ავტომობილის ბაზარზე წამოწევისთვის ჭირდება.

ამერიკელი კონკურენტებისთვის რომ დახმარების შესახებ შეიტყვეს, პარიზის ავტოშოუზე შეკრებილმა ევროპელმა ავტომწარმოებლებმაც ევროკავშირისგან მსგავსი შეღავათები მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელების გაძლიერებით ძირითადად ის კომპანიები არიან შეშინებულები, რომლებიც საშუალო და იაფ სეგმენტში მოღვაწეობენ. ამ მხრივ, გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს პრემიუმ-სეგმენტში ფეხმოკიდებული კომპანიები, როგორებიცაა "პორშე", "მერსედეს-ბენცი", "ბეემვე" და "აუდი". კრიზისი მათ გაყიდვებზე ნაკლებად მოქმედებს. პირიქით, ისინი სტაბილურად ითვლიან მოგებას და პროგნოზებიც ისეთი აქვთ, რომ კრიზისს ყოველგვარი დანაკარგების გარეშე გადაიტანენ. მაგრამ როდესაც ევრო-6 ნორმები ამოქმედდება (ხუთ წელიწადში), პრობლემები მათაც შეექმნებათ.

საქმე ისაა, რომ პრემიუმ-სეგმენტის ავტომობილები ხარჯიანობით გამოირჩევა და შესაბამისად, მათ ძალიან გაუჭირდებათ ახალი ნორმების დაკმაყოფილება. საქმეს ჰიბრიდული და თუნდაც ელექტრომობილების გამოშვების დაწყება ვერ უშველის, რადგან ასეთ ავტომობილებს ბაზარზე დასამკვიდრებლად გარკვეული დრო ესაჭიროებათ, რისთვისაც უზარმაზარი სარეკლამო დანახარჯებია საჭირო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მათი შემუშავება კიდევ უფრო დიდ ფულად და ტექნოლოგიურ სახსრებს საჭიროებს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, "პორშე" აქამდე არგაგონილ ნაბიჯებს დგამს (უფრო სწორედ, უკვე გადადგა) – ის ევროპის უდიდესი ავტომწარმოებლის, (მონათესავე) "ფოლკსვაგენის" აქციების საკონტროლო პაკეტს დაეუფლა და ახლა არ მალავს, რომ მალე თავისი წილის 50 პროცენტამდე გაზრდას აპირებს. ყველაფერი კი იმისათვის კეთდება, რომ ამის შემდეგ, ვოლფსბურგული გიგანტის გარდა, "პორშე" მისი ავტომობილების საშუალო გამონაბოლქვს "დაეუფლება". ცნობისათვის, ევრო-6 ნორმა კომპანიების სამოდელო გამაში შემავალი ყველა ავტომობილის გამონაბოლქვის საშუალო მაჩვენებელს გააკონტროლებს და თუ "ფოლკსვაგენი" "პორშეს" კუთვნილებაში იქნება, მაშინ მისი საშუალო გამონაბოლქვი შტუტგარტული კომპანიის (პორშეს) აქტივში ჩაიწერება და მას საკუთრივ "პორშეს" ემბლემით წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირებაზე ზრუნვა აღარ მოუწევს.

მოკლედ, საავტომობილო სამყაროში დიდი ამბები ხდება, ამ ამბების მცირე გამოძახილის ნივთიერი განსახიერების ხილვა კი პარიზში, ვერსალის საგამოფენო კომპლექსის პავილიონებში 2-დან 19 ოქტომბრამდე შეიძლებოდა. მაშ ასე, იქ მნახველს თავისი პროდუქცია 25 ქვეყნის 362-მა კომპანიამ წარუდგინა. საერთო ჯამში, 90 მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

ფერარი კალიფორნია

პარიზული სიახლეების გაცნობას "ფერარის" ახალი ავტომობილით დავიწყებთ. რატომ "ფერარი"? მისი ავტომობილები ხომ ფართო მასებისთვის მიუწვდომელია? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს "ფერარია" და მისი ყოველი სიახლე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მეორეც, როცა გაიგებთ, რომ ამ ავტომობილზე კომპანიას შეკვეთები უკვე სამი წლით ადრე აქვს მიღებული (თუ დღეს მის შეძენას მოისურვებთ, ლოდინი 2011 წლამდე მოგიწევთ), ძნელი წარმოსადგენია, მისი პირველ რიგში გაცნობა არ მოგინდეთ.
მაშ ასე, პარიზში, კომპანიის პრეზიდენტმა ლუკა  კორდერო დი მონტეძემოლომ საზოგადოებას ამცნო, რომ ყველა "კალიფორნიაზე", რომელთა გამოშვებაც მარანელოში 2009 (2 500 ცალი) და 2010 წლებში (3 000 ცალი) აქვთ დაგეგმილი, შეკვეთები უკვე მიღებულია. ამასთან, შემკვეთთა 60 პროცენტი "ფერარის" პირველად ყიდულობს.

მართალია, ამჟამად მთელს მსოფლიოში ფინანსური კრიზისი მძვინვარებს, რის გამოც ახალი ავტომობილების გაყიდვები კატასტროფულად კლებულობს, მაგრამ "მარანელოელ კვიცებს" კრიზისი ახლოსაც არ ეკარება. ეს მაშინ, როდესაც მათი ახალი შედევრი – კუპე-კაბრიოლეტი (კომპანიის ისტორიაში პირველი) "კალიფორნია" დაახლოებით 200 000 დოლარი ღირს. ოღონდ,  აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ "ფერარის" სამოდელო გამაში დღეისათვის ეს ყველაზე იაფფასიანი ავტომობილია.

"კალიფორნიას" ძრავი წინ აქვს მოთავსებული. V8 აგრეგატის სამუშაო მოცულობა 4,3 ლიტრია და მისი მაქსიმალური სიმძლავრე 460 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 485 ნიუტონმეტრს აღწევს. კუპე-კაბრიოლეტის მაქსიმალური სიჩქარე 310 კმ/სთ-ია, ადგილიდან ერთ კილომეტრს კი ის 22,1 წამში გადის. ძრავს სრულიად ახალი გაზგამანაწილებელი სისტემა აქვს, რომელშიც ფაზები სამუშაო რეჟიმების შესაბამისად იცვლება. საწვავი კი უშუალოდ ცილინდრებში შეიფრქვევა.

ლამბორგინი ესტოკე

პარიზული ავტო შოუს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლამბორგინი" იქ სრულიად ახალი მოდელის გამოფენას აპირებდა. კომპანიამ ინტერნეტით ფოტო-ტიზერებიც გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც მხოლოდ ვარაუდები თუ შეიძლებოდა. მოკლედ, სიახლე შოუს გახსნამდე ერთი დღით ადრე, აბსოლუტურად გასაიდუმლოებული იყო.

მერე კი, "ფოლკსვაგენმა" თავის ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიისთვის, შოუს გახსნის წინა დღეს, პრესკონფერენციების სერია მოაწყო, რომელზეც მედია გაკვირვებული დარჩა, როდესაც "ლამბორგინის" პავილიონში მდგარი ოთხკარიანი ავტომობილი იხილა.

ავტომობილს "ესტოკე" ჰქვია და ის "ლამბორგინის" ისტორიაში პირველი სუპერ სედანია – სწორედ ასეთი კლასიფიკაცია არგუნეს მას შემქმნელებმა და არა ოთხკარიანი კუპე, რაც უფრო შესაფერისი იქნებოდა. ასეა თუ ისე, ამ ავტომობილის გამომზეურებით, კომპანიამ, რომელიც თავისი დაარსების დღიდან, მხოლოდ ექსკლუზიურ ავტომობილებს აწარმოებს, ყველას მიანიშნა, რომ ექსკლუზივი თანდათან წარსულში რჩება და "ფერარისა" არ იყოს, ისიც აპირებს წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას.

"ესტოკეს" ჯერჯერობით მხოლოდ გარეგნობა აქვს. პარიზში წარმოდგენილ კონცეპტუალურ მოდელს არც ძრავი ჰქონდა, არც ტრანსმისია და არც ინტერიერი. სამაგიეროდ, მისმა შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მისი საბარგულის მოცულობა 450 ლიტრს აღწევს, რაც სუპერავტომობილებისთვის საკმაოდ ბევრია. "ესტოკე" შთამბეჭდავი გაბარიტებითაც გამოირჩევა – მისი სიგრძე 5,15  მეტრს, სიგანე 2,00 მეტრს, სიმაღლე 1,35 მეტრს და ბაზა 3,00 მეტრს აღწევს.

"ლამბორგინის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ "ესტოკეს" ძრავი წინ განთავსდება, რაც ასევე პირველად მოხდება ამ კომპანიის ისტორიაში. და კიდევ, ისევე როგორც ყველა სხვა "ლამბორგინის", ამ მოდელსაც ოთხივე ბორბალი წამყვანი ექნება.

დაბოლოს, სახელის შესახებ. "ლამბორგინის" ტრადიცია აქვს, რომ მის ყველა ავტომობილს კორიდასთან დაკავშირებული სახელები უნდა ჰქონდეს. ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა – "ესტოკე" მატადორის ხმლის ზოგადი სახელია.

ასტონ მარტინ ვან-77

სიახლე აქვს "ასტონ მარტინსაც" რომელმაც ავტოშოუს მუშაობის პირველი კვირის განმავლობაში, თავისი ახალი ავტომობილისთვის საბურველის გადახდა არც ისურვა. წინასწარ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ავტომობილი, რომელსაც უცნაური სახელწოდება – "ვან-77" აქვს, ინგლისური კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებული მოდელია.

პრეზენტაციამდე ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ავტომობილს ალუმინისგან დამზადებული ძარა აქვს, რომელიც ნახშირბადოვანი კომპოზიტისგან დამზადებულ შასიზეა დამაგრებული. "ვან-77" აღიჭურვება 7,0-ლიტრიანი ძრავით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 600-650 ცხენის ძალას აღწევს.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, "ვან-77" სულ 77 ეგზემპლარად დამზადდება, მისი ფასი კი 1,5 მილიონ ევროს მიაღწევს.

პარიზშივე, "ასტონ მარტინის" შეფმა ულრიხ ბეცმა განაცხადა, რომ მისი კომპანია არასოდეს გამოუშვებს ლიმუზინებს და უგზოობის მოდელებს. სამაგიეროდ, ეს ორი კლასი მას ბრენდ "ლაგონდასთვის" ემეტება, რომელსაც ინგლისური კომპანია მალე აღადგენს.

პეჟო RC

პარიზში ექსპერიმენტული ავტომობილის ხილვა "პეჟოს" სტენდზეც შეიძლებოდა. კომპანიას ახლახანს მთავარი დიზაინერი შეეცვალა, თუმცა მან პარიზისთვის თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ მოასწრო. მისმა ჯგუფმა კი საზოგადოების სამსჯავროზე კონცეპტუალური კუპე-სედანი "პეჟო RC" გამოფინა.

RC ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი. იგივე აგრეგატი კომპანიის კიდევ ერთ კონცეპტუალურ მოდელ "პროლოგში" გამოიყენება, თუმცა მისგან განსხვავებით, RC ში ბენზინზე მომუშავე შიდაწვის ძრავი უკან განლაგდა, ელექტროძრავი კი – წინ. შესაბამისად, ისინი უკანა და წინა ბორბლებს ატრიალებენ. ამასთან, ბენზინის 1,6-ლიტრიანი ტურბომოტორის სიმძლავრე 218 ცხენის ძალას აღწევს, ელექტროძრავისა კი – 70 კილოვატს (95 ცხენის ძალას). და კიდევ, შიდაწვის აგრეგატის მაბრუნი მომენტი 280 ნიუტონმეტრია, ელექტროძრავისა კი – 178.

შიდაწვის ძრავის უკან მოთავსების წყალობით, შესაძლებელი გახდა კაბინის წინ წაწევა, რამაც დიზაინერებს ხელ-ფეხი გაუხსნა და მათაც მორიგი შედევრი შემოგვთავაზეს. რაც მთავარია, ავტომობილის წონა ორივე ღერძზე თანაბრად განაწილდა. მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ ძრავი უკან მოთავსდა, სალონში მაინც დარჩა კარდანის გვირაბი, რომელიც ამჯერად ლითიუმ-იონურმა აკუმულატორმა შეავსო.

საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილს წამყვანი ბორბლები ხან წინა აქვს, ხანაც უკანა. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ძრავით იმოძრავებს. და თუ ერთდროულად ორივე ძრავს ამუშავებთ, მაშინ ის სრულამძრავიანი იქნება.

შევროლე ვოლტი

უკვე ორი წელია, "ჯენერალ მოტორსი" წარმოებისთვის ელექტრომობილ "შევროლე ვოლტს" ამზადებს. ამ ავტომობილის პირველი კონცეპტუალური ვერსია შარშან, დეტროიტის ავტო შოუზე გამოჩნდა, პარიზში კი ამერიკულმა გიგანტმა მისი წარმოებისთვის მომზადებული ვერსია გამოფინა. არადა, "ვოლტის" მასობრივი წარმოების დაწყება მხოლოდ მერმის, წლის ბოლოს იგეგმება.

"ვოლტი" მთავარ მამოძრავებელ ძალას 111-კილოვატიანი (150-ცხენისძალიანი) ელექტროძრავისგან ღებულობს, რომლის მეშვეობითაც ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 161 კმ/სთ-ს აღწევს. სამაგიეროდ, ლითიუმ-იონური აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით, ის 60 კილომეტრის გავლას შეძლებს, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის სრულიად საკმარისია. და თუ ქალაქგარეთ, უფრო შორეულ მგზავრობას გადაწყვეტთ, მაშინ შიდაწვის ძრავი და მასთან დაკავშირებული ელექტროგენერატორი მოგემსახურებათ. ამ ტანდემის მიერ გამომუშავებული ენერგიით, კიდევ რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა იქნება შესაძლებელი.

"ჯენერალ მოტორსის" ეკონომისტებმა გამოთვალეს, რომ თუ "ვოლტით" ყოველდღიურად 100 კილომეტრს გაივლით, მაშინ წლის განმავლობაში, დაახლოებით 2 100 ლიტრი საწვავის დაზოგვას შეძლებთ. ეს კიდევ არაფერია. ავტომობილის აკუმულატორების დამუხტვა საყოფაცხოვრებო ქსელიდან შეიძლება (რის გამოც "ვოლტი" ეგრეთ წოდებულ პლუგ-ინ ელექტრომობილების კლასს მიეკუთვნება), ენერგიას კი ის უფრო ნაკლებს მოიხმარს, ვიდრე სახლის მაცივარი!

პინინფარინა B0

ათწლეულების განმავლობაში, იტალიური დიზაინ-სტუდია "პინინფარინა" მხოლოდ სხვა კომპანიებისთვის მოდელების დიზაინის შემუშავებასა და ინჟინირინგულ გადაწყვეტებზე მუშაობდა. პარალელურად, შემკვეთებისთვის ამა თუ იმ მოდელის ძარებსაც აწარმოებდა. მაგრამ მალე ის შეიძლება სრულფასოვან ავტომწარმოებლად მოგვევლინოს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამჟამად სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის, მან მაინც გრანდიოზული პროექტი წამოიწყო – ფრანგულ კომპანია "ბოლორესთან" ერთად, მალე ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს.
"ბოლორე" ავტომობილების ელექტრონული კომპონენტებისა და ელექტროკონდენსატორების წარმოებითაა ცნობილი. ეს კომპანია ასევე ამუშავებს ლითიუმ-პოლიმერული აკუმულატორების წარმოების ტექნოლოგიას და სწორედ ამ ფაქტორის გამო, იტალიურმა სტუდიამ მასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

ავტომობილის, სახელად "პინინფარინა B0" (B0 ნიშნავს ბოლორე ზეროს, ანუ ნულს – ნულოვან გამონაბოლქვს), მსოფლიო პრემიერა პარიზის ავტო შოუზე შედგა და მან არამარტო სპეციალისტთა, არამედ მნახველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. აბა, რა იქნებოდა, როცა ავტომობილს შესანიშნავი მახასიათებლები აქვს – აკუმულატორებს ერთჯერადი დამუხტვით, ის 250 კილომეტრს გაგატარებთ, აკუმულატორების სამუშაო ციკლი კი 200 000 კილომეტრს შეადგენს.

სხვათა შორის, "პინინფარინა B0"-ს ენერგიის გამომუშავების და დაგროვების სხვა ანალოგიური ტიპის ავტომობილებისგან განსხვავებული სქემა გააჩნია. ამ სქემის ძირითადი ნაწილი კონდენსატორებია, რომლებშიც დამუხრუჭების დროს და მზის ელემენტებისგან (ეს ელემენტები ავტომობილის სახურავსა და კაპოტზეა განთავსებული) მიღებული ენერგია გროვდება. ოღონდ, ამ ენერგიას ავტომობილი უპირატესად შიდა ელექტრონული სისტემისა და აჩქარებისთვის იყენებს. სხვათა შორის, დღეისათვის არსებულ ელექტრონულ კონცეფციებს შორის, "პინინფარინასა" და "ბოლორეს" კონცეპტუალური ავტომობილი იმით გამოირჩევა, რომ მასში მძლავრი კონდენსატორების შესაძლებლობებია გამოყენებული. ამ ტექნოლოგიას კი შემდეგი სერიოზული დადებითი თვისება აქვს – საერთოდ, აკუმულატორებს დამუხტვის გარკვეული რესურსი აქვთ, რის შემდეგაც ისინი სწრაფად კარგავენ კონდიციას. კონდენსატორების მეშვეობით კი აკუმულატორების მუდმივად დამუხტვის აუცილებლობა არ არსებობს და მათი რესურსიც საგრძნობლად იზრდება.

სავარაუდოდ, ამ ტექნოლოგიას მალე სხვა კომპანიებიც აითვისებენ, რადგან მას დიდი პერსპექტივა აქვს. ოღონდ, სანამ ეს მოხდება, "პინინფარინას" და "ბოლორეს" დიდი შანსი აქვთ, გახდნენ ელექტრომობილების პირველი მასობრივი მწარმოებლები – ისინი თავიანთი შედევრის გამოშვების დაწყებას მერმის აპირებენ.

რენო Z.E.

წარმოებისთვის ელექტრომობილს "რენოც" ამზადებს, რომელმაც პარიზში სერიულ ფურგონ "კანგუ ბი ბოპის" ბაზაზე შექმნილი კონცეპტუალური ელექტრომობილი Z.E. (ზერო ემისიონ – ნულოვანი გამონაბოლქვი) გამოფინა. გარდა იმისა, რომ ელექტრომობილია, ეს ავტომობილი თავისი უცნაური ძარითაც გამოირჩევა.

ძარა ფოლადის ფურცლებისგანაა დამზადებული და მას ორი შრე გააჩნია, რითაც ერთგვარ თერმოსსაც წარმოადგენს. თერმოსის თვისება კი მას აკუმულატორებში არსებული ენერგიის დასაზოგად ესაჭიროება. გარდა ამისა, დამატებითი ენერგიის გამოსამუშავებლად, ავტომობილს სახურავში მზის ელემენტებიც აქვს მოთავსებული. ამ ელემენტების მიერ გამომუშავებული ენერგიის ნაწილი სალონში დამონტაჟებული კლიმატ-კონტროლის სისტემისთვის გამოიყენება.

ავტომობილი 95 ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საკმაოდ სოლიდური, 226 ნიუტონმეტრი მაბრუნი მომენტი აქვს. აკუმულატორებში არსებული მუხტის ოდენობის გაგება კი მძღოლს გარედანაც შეუძლია – ძარის ზოგიერთ პანელში ჩამონტაჟებულია მობილური ტელეფონების მსგავსი ინდიკატორები, რომლებიც მუხტის ოდენობას შორიდანვე გვიჩვენებენ.

"რენო" ამ ავტომობილის წარმოების დაწყებას 2011 წელს გეგმავს.

მერაბ ლორთქიფანიძე