ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ მეზობელი ქვეყნებიც დააზარალა
#3(19), 2008
რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში პირდაპირ აისახა არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკაზეც. ორივე ქვეყანა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა იმის გამო, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე შეუძლებელი გახდა მათთვის მნიშვნელოვანი ტრანზიტის განხორციელება საქართველოს გავლით. რუსეთის აგვისტოს აგრესიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტების დისკრედიტირება იყო. ეს ბრძოლა არც საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ შეწყვეტილა.

აგვისტოში სომხეთს ძალზედ გაუჭირდა

რუსეთის ფართომასშტაბიანმა აგრესიამ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ძალზედ დააზარალა სომხეთის ეკონომიკა. საქმე ისაა, რომ დღეისათვის სომხეთში ტვირთების 70% საქართველოს გავლით შედის. სომხეთში საქართველოს გავლით ტვირთების მიწოდების პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ავიაციამ ფოთი დაბომბა. შედეგად გაძნელდა სომხეთისათვის განკუთვნილი ტვირთების გადმოტვირთვა, 16 აგვისტოს კი რუსებმა ააფეთქეს რკინიგზის ხიდი კასპთან, რის გამოც რკინიგზით სომხეთისათვის ტვირთების მოძრაობა მთლიანად შეწყდა. გასაგებია, რომ სომხეთი აქტიურად ჩაერთო ხიდის აღდგენაში. ერევანში ზოგიერთს ნერვებმაც უმტყუნა და საქართველოს კრიტიკაზეც გადავიდა. ზოგიერთი აცხადებდა, რომ მათ სწრაფად აღადგინეს შემოვლითი სარკინიგზო ხიდი, მაგრამ მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან მისი ექსპლუატაციის თაობაზე რამდენადმე გაჭიანურდა, შედეგად სომხეთისათვის ტვირთების მიწოდება რკინიგზით მხოლოდ 24 აგვისტოს განახლდა.

აგვისტოს ბოლოდან სომხეთში ტვირთების მიწოდება საქართველოს გავლით მთლიანად ნორმალურ კალაპოტში ჩადგა. სომხეთში ტვირთები შედიოდა იმ რეჟიმით, რაც არსებობდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებამდე. მხოლოდ 28 აგვისტოს სომხეთში შევიდა 111 ვაგონი, აქედან 61 ვაგონი ხორბლით იყო დატვირთული, 19 ვაგონი ბენზინით და 39 ვაგონი სხვა საქონლით. 29 აგვისტოს სომხეთში შევიდა კიდევ 42 ვაგონი, აქედან 20 ხორბლით დატვირთული. ამ დროისათვის საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობდა სომხეთისათვის განკუთვნილი 325 ვაგონი, კერძოდ 123 ვაგონი - ხორბლით დატვირთული, 30 - ბენზინით, ხოლო ფოთის პორტში იყო 2,9 ათასი ტონა საავიაციო ნავთი. შედარებისათვის, შეიძლება ითქვას, რომ 4 აგვისტოს სომხეთში შევიდა 73 ვაგონი, 5 აგვისტოს - 10, ხოლო 6 აგვისტოს - 80 ვაგონი.

საქართველოში რუსეთის აგრესიის შედეგად სომხეთის ზარალმა, ექსპერტთა შეფასებით, 680 მლნ დოლარი შეადგინა. ლაპარაკია იმ საქონელზე, რომელიც შეფერხებების გამო სომხეთში ვერ შეიტანეს, ან სომხეთიდან ვერ გავიდა ექსპორტზე. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის - ბაღდასარიანის თქმით,  "სამხრეთ ოსეთში ომის დროს სომხეთის ხელისუფლებამ დიდი სიმტკიცე გამოიჩინა" და ქვეყანა დაიცვა რყევებისაგან და შეძლო შედარებით მშვიდობიანად გამოსვლა შექმნილი სიტუაციიდან.

აშშ-ის სომხური დიასპორა ვაშინგტონს სომხეთისთვის დახმარების გაწევას სთხოვს. ამერიკის სომხურმა ასამბლეამ წერილი გაუგზავნა აშშ-ის კონგრესს და სომხეთისათვის დახმარების პაკეტის გადახედვა მოითხოვა. წერილში აღნიშნული იყო, რომ რუსეთ-საქართველოს კრიზისმა სომხეთზეც იქონია უარყოფითი გავლენა. სომხეთის ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალი - 680 მლნ დოლარი წინასწარი მონაცემებით დაასახელა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა ბრედ შერმანმა. მისი თქმით, სომხეთს დამატებითი დახმარება უნდა გამოეყოს. "ამით აშშ-ის ადმინისტრაციას საშუალება ეძლევა, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში საკუთარი პოლიტიკა განამტკიცოს". მისი თქმით, სომხეთი "დახმარების ნებისმიერ პაკეტში უნდა იყოს ჩართული".

საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჯერჯერობით არ ჩაუტარებია გამოკვლევა იმ ზარალის თაობაზე, რაც სომხეთს მიადგა საქართველოში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მაგრამ იცის იმ პრობლემების შესახებ, რაც შეიქმნა ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით და ისიც, რომ დაძაბულობის შენარჩუნების შემთხვევაში ამას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა სომხეთის ეკონომიკისათვის, - ამის თაობაზე განაცხადა ერევანში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარტა კასტელო-ბრანკომ. მისი თქმით, მიუხედავად მომხდარისა, თუკი დაძაბულობა არ გაიზრდება, სომხეთი შეძლებს წლის ბოლომდე ეკონომიკის 10%-იანი ზრდის დაფიქსირებას. სავალუტო ფონდის შეფასებით, სომხეთს 7,5%-იანი ინფლაციაც მოელის, თუკი არ იქნება ეკონომიკის ახალი რყევები.

კასტელო-ბრანკომ კომენტარი გაუკეთა ლევონ ტერ-პეტროსიანის განცხადებას, რომ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სომხეთს ელის რთული ზამთარი და კრიზისი გაზაფხულზე. კასტელო-ბრანკო არ იზიარებს ამ მოსაზრებას, თუმცა აღნიშნავს, რომ სიტუაცია რთულია მთელ მსოფლიოში, სომხეთისათვის კი, რომელიც თავისი კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების დიდი ნაწილის იმპორტს ახდენს, საერთაშორისო ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს არსებითი მნიშვნელობა ექნება.

სსფ-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის ნაბიჯები, მიმართული ეკონომიკის განმტკიცებისკენ, კერძოდ საგადასახადო სფეროში, წარმატებულია. "ბუნებრივია, საჭიროა დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ მიღწეული იქნას წარმატება და ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც სომხეთია, შემუშავებულია სწორი მიდგომა". სომხეთისათვის სსფ-ის ახალი პროგრამა გათვლილია სამ წელიწადზე და გულისხმობს 15 მლნ დოლარის კრედიტს 0,5%-ით. ბრანკოს შეფასებით, "საჭიროა დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა". საჭიროა პირობების შემსუბუქება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რათა მათ გაუადვილდეთ გადასახადების გადახდა. რეფორმის მიზანია გადასახადის გადამხდელი რაც შეიძლება ნაკლებად მიმართავდეს საგადასახადო სამსახურის მუშაკს, რასაც კორუფციული რისკების შემცირება მოსდევს.

სომხეთი საქართველოს ალტერნატიული გზების მოძიებას ცდილობს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, სომხეთი დღეს ახორციელებს სატრანსპორტო გზების დივერსიფიკაციის პოლიტიკას იმ შემთხვევისათვის, ვინიცობაა გამეორდეს მსგავსი სიტუაცია რეგიონში. "სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ბაღდასარიანმა.

რაც შეეხება ალტერნატიულ გზებს, ესაა თურქეთთან საზღვრის გახსნა და ყარსი-გიუმრის სარკინიგზო ხაზის ამოქმედება. "გიუმრსა და ყარსს შორის სულ სამი კილომეტრია და რკინიგზა მზადაა. სულ სამი კილომეტრის გავლით სომხეთის ტვირთები თურქეთში მოხვდება და იქიდან საერთაშორისო არენაზე გასვლას მოახერხებს", - ამბობს ბაღდასარიანი. მეორე გზაა ირანთან დამაკავშირებელი რკინიგზის აშენება, რაც დაახლოებით 1-1,5 მილიარდი დოლარი დაჯდება.

თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დათბობის შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი, რასაც ერევანი გააკეთებს, ყარსი-გიუმრის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის მოთხოვნა იქნება. "სომხეთის თურქეთთან დამაკავშირებელ ყარსი-გიუმრის სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობის აღდგენა ტექნიკური კუთხით რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებში სომხეთის წარმომადგენლების და სხვა ქვეყნებში სომხეთის ელჩების შეხვედრაზე. "ჩვენ უნდა მივაღწიოთ ყველამ შეიგნოს, რომ რკინიგზის რამდენიმე კილომეტრი პრინციპულად ცვლის რეგიონში ურთიერთობების მთელ სურათს", - აღნიშნა სარქისიანმა. მისივე შეფასებით, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებები შეიძლება დაფიქსირდეს და ამისათვის საზღვრის ორივე მხარეს უნდა გამოიჩინონ აუცილებელი პოლიტიკური ნება და თანმიმდევრობა.

ყარსი-გიუმრის სარკინიგზო ხაზი არ მოქმედებს 1993 წლიდან, როდესაც ანკარამ დახურა სომხეთ-თურქეთის საზღვარი. 2008 წელს დაიწყო ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელიც სომხეთის გვერდის ავლით თურქეთსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს ერთმანეთთან. სომხეთი ამ რკინიგზის მშენებლობის წინააღმდეგია და მის სანაცვლოდ აყენებს ყარსი-გიუმრის უკვე არსებული რკინიგზის ამოქმედების საკითხს.

სომხეთმა თავისი რკინიგზა რუსეთს გადასცა გრძელვადიანი იჯარით და ალტერნატიული სატრანსპორტო გზების გამონახვის იმედიც სწორედ რუსების აქტიურობას უკავშირდება. სომხეთსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის იმედები ერევანში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ გაჩნდა. თუმცა, როგორც 2008 წლის 19 სექტემბერს "რუსეთის სარკინიგზო ხაზების" პრეზიდენტმა ვლადიმირ იაკუნინმა განაცხადა, სომხეთსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე რაიმეს თქმა არ შეიძლება. "ეს უკავშირდება არა რკინიგზელებს, არამედ საერთო სიტუაციას", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება სომხეთისა და ირანის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას, იაკუნინის თქმით, პროექტის რეალიზების რაიმე კონკრეტული ვადები არ არსებობს. "საკითხი გადადის სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების სიბრტყეში",  - აღნიშნავს იაკუნინი,  თუმცა არც იმის აღნიშვნა ავიწყდება, რომ პროექტი ძალზედ ძვირადღირებულია.  ასე რომ, სომხეთს ჯერჯერობით კვლავ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზით მოუწევს დაკმაყოფილება, მაგრამ თურქეთთან დაწყებულმა ურთიერთობების დათბობამ სომხეთში ახალი იმედები გააჩინა.

სომხეთის ახალი იმედები: საზღვრის გახსნიდან სატრანზიტო დერეფნის როლის შესრულებამდე

თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის 2008 წლის 6 სექტემბერს ერევანში ჩასვლას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის პერსპექტივას დიდი დისკუსია მოჰყვა სომხეთში. განიხილება შესაძლო შედეგები: დაწყებული საზღვრის გახსნიდან და დამთავრებული სომხეთის მიერ სატრანზიტო ფუნქციის თავის თავზე აღების ჩათვლით.

თურქეთთან საზღვრის გახსნა, სომეხი ექსპერტების აზრით, მრავალ სარგებელს მოუტანს სომხეთს. უპირველეს ყოვლისა, ამით ბაქო დაკარგავს სტრატეგიულ კოზირს "სომხეთის რეგიონული იზოლაციის" სახით. გარდა ამისა, სომხეთმა, შესაძლოა, სატრანზიტო პროექტებში საქართველოც ჩაანაცვლოს, რადგანაც "ქართული დერეფანი", რომელზეც სომეხი ექსპერტის ვიგენ აკოპიანის სიტყვებით, "თითქმის მონოპოლიურად პასუხს აგებდა აშშ, არც ისე უსაფრთხო აღმოჩნდა".

საზღვრის გახსნის შემთხვევაში, სომეხი ექსპერტების აზრით, საჭირო აღარ იქნება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა. ამოქმედდება ყარსი-გიუმრის მონაკვეთი. რუსი რკინიგზელები უკვე სწრაფი ტემპით აღადგენენ ორი ქვეყნის დამაკავშირებელ რკინიგზის მონაკვეთს. მთელი რკინიგზის ასამოქმედებლად, რომელიც აზერბაიჯანზეც გადის, ცხადია, რომ სომხეთს რაღაცის დათმობა მოუწევს. მაგრამ როგორც ვიგენ აკოპიანი აღნიშნავს, სომხეთის "დათმობის ზღვარი" არის ე.წ. უსაფრთხოების ზონა მთიანი ყარაბაღის გარშემო, საიდანაც სომხეთმა შეიძლება გაიყვანოს თავის ჯარები.

განიხილება სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში ნავთობსადენის მშენებლობის საკითხიც. მას დაეკისრება აზერბაიჯანიდან თურქეთში ნავთობის ტრანზიტის ფუნქცია, თუკი საქართველოში ვითარება კიდევ გამწვავდება. როგორც ვიგენ აკოპიანი აღნიშნავს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთში არსებობს ატომური ელექტროსადგური - ერთადერთი რეგიონში, ასევე არის ირანიდან მომავალი გაზსადენი, გამორიცხული არაა, რომ უახლოეს მომავალში ვილაპარაკოთ სომხეთის სახით ახალი ენერგოსატრანსპორტო კვანძის შესახებ.

სომეხი ექსპერტების აზრით, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დათბობა რუსეთის შუამავლობამ განაპირობა. სომხეთის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ტიგრან კარაპეტიანი ვარაუდობს, რომ თურქეთი საერთოდ გამოვა ნატოდან და აღმოსავლეთის პარლამენტში შევა, რომელსაც რუსეთი შექმნის ევროპის საბჭოს ალტერნატივის სახით. ეს თურქეთისათვის ხელსაყრელი იქნება, რადგანაც მისთვის გაიხსნება რუსეთის ბაზარი. მიუხედავად რუსეთ-თურქეთის დაახლოებისა, კარაპეტიანის აზრით, თურქეთის ნდობა ბოლომდე მაინც არ შეიძლება და ამიტომ საჭიროა ირანთან დამაკავშირებელი გზის ქონა. ირანთან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი 1 მილიარდი დოლარი ჯდება.
კარაპეტიანის აზრით, რუსეთი სომხეთს უნდა დაეხმაროს ამ რკინიგზის გაყვანაში.

თურქეთთან საზღვრის გახსნის პერსპექტივა ყველა სომეხ ანალიტიკოსს როდი ახარებს. მაგალითად, სტრატეგიული კვლევების ცენტრის "არარატის" დირექტორი არმენ აივაზიანი აღნიშნავს, რომ არის ორი პირობა, რის სანაცვლოდაც თურქეთს შეეძლება სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა. პირველია ანკარის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც კაპიტულაციის ტოლფასი იქნება. მეორე ფაქტორი შეიძლება იყოს თურქეთის ეკონომიკური ექსპანსია და სომხეთის შთანთქმა თურქეთის ეკონომიკის მიერ, რადგანაც სომხეთის ეკონომიკა სუსტია და არ შეუძლია თურქეთისთვის კონკურენციის გაწევა. მისივე თქმით, საზღვრის გახსნა დემოგრაფიულ საფრთხესაც შეიცავს სომხეთის სახელმწიფოსთვის, რადგანაც სომხები სამუშაოს საძებნელად წავლენ თურქეთში, თურქები კი პირიქით, დასახლდებიან სომხეთში.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მუშაობის შეფერხებამ აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად დააზარალა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანზიტი აგვისტოში ორი კვირით შეჩერებული იყო, მაგრამ ამის უშუალო მიზეზი საქართველოში რუსეთის აგრესია კი არა, არამედ ამ აგრესიის დაწყებამდე 5 აგვისტოს თურქეთის ტერიტორიაზე, პროვინცია ერზინჯანში მომხდარი აფეთქება და ხანძარი იყო. ცეცხლთან ბრძოლა 11 აგვისტომდე გაგრძელდა. ასე რომ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ჯერ კიდევ საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებამდე გაჩერდა. ცხადია, ამის გარეშეც, საომარი მოქმედებების გაშლის შემდეგ ნავთობსადენის მუშაობა შეჩერებული იქნებოდა. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის შემდეგ 20 აგვისტოს დაიწყო მილსადენში კასპიური ნავთობის სატესტო გადატუმბვა.

მთლიანობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანსპორტირება აგვისტოში ორჯერ შემცირდა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, ივლისში ნავთობსადენით ტრანსპორტირებული იყო დაახლოებით 26,6 მლნ ბარელი ნავთობი, ხოლო აგვისტოში - 12,387 მილიონი ბარელი.

რუსეთის აგრესიის პერიოდში საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტი მთლიანად შეწყდა. შექმნილი საფრთხის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა ბაქო-სუფსის ნავთობსადენმა, ხოლო კასპთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების შემდეგ შეწყდა რკინიგზითაც ნავთობის გადაზიდვა.

საქართველოს გავლით ნავთობის ტრანზიტის გაჩერებით აზერბაიჯანმა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იზარალა. "ეს დაკარგული მოგება არ არის. მას მომავალში მივიღებთ", - განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის მეთაურმა შახმარ მოვსუმოვმა. მისივე თქმით, მიღებული ზარალი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ აისახება მოგების მოცულობაზე, რის მიღებასაც აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია გეგმავდა 2008 წელს - ესაა 10,1 მილიარდი მანათი. ამ ფაქტის ახსნა მარტივად შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე ფასები სწრაფად იზრდებოდა, ქვეყნის ბიუჯეტი "კონსერვატიული მიდგომით" ყალიბდებოდა და ბარელზე 70 დოლარი იყო გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, მოვსუმოვის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირება არ აისახება იმ თანხების მოცულობაზე, რის მიღებასაც გეგმავდა აზერბაიჯანი.

რუსეთის აგვისტოს აგრესია საქართველოში სამხრეთ კავკასიისათვის ბრძოლის და პირველ რიგში მისი ენერგეტიკული მარაგების თუ სატრანზიტო გზებისათვის ბრძოლის გამოვლინება იყო. ომმა დროებით გადაკეტა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო არტერიები აზერბაიჯანისათვის, რომელიც იძულებული იყო გაეზარდა ტრანზიტი ბაქო-ნოვოროსიისკის მარშრუტით.

დაუბრუნდება თუ არა ყველაფერი იმ რეალობას, რაც ომამდე არსებობდა? რუსეთი ცდილობს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტების დისკრედიტაციას იმ მოტივით, რომ ისინი არასაიმედოა, პარალელურად აზერბაიჯანზე ხდება ზეწოლა, რომ გამოიყენოს რუსეთზე გამავალი მარშრუტები. მაგალითად, "გაზპრომი" ჯერ კიდევ აგვისტოს ამბებამდე გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ აზერბაიჯანისაგან იყიდოს მთელი გაზი.

როგორც აზერბაიჯანული გაზეთი "ზერკალო" აღნიშნავს "შექმნილ, აზერბაიჯანისათვის საჩოთირო სიტუაციაში, გაზისა და ნავთობის შემდგომი ტრანსპორტირების საკითხი ხდება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად. დგება სავსებით ლოგიკური საკითხი: როგორია მომავალი აზერბაიჯანთან დაკავშირებული პროექტებისა, როგორც მოქმედი, ისე ჯერ არარეალიზებულისა?"

პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი საბიტ ბაგიროვი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი მომავალშიც გააგრძელებს იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რასაც ადრეც ანხორციელებდა. მისი აზრით, რუსეთის განცხადებები მთლიანად შეისყიდოს აზერბაიჯანული გაზი, პოლიტიკურ სვლად გამოიყურება და ამისგან არაფერი გამოვა. აზერბაიჯანი თავისი გაზის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტირებას თურქეთის მიმართულებით განახორციელებს, რადგანაც ქვეყანა მიერთებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და უნდა შეასრულოს თურქეთის მთავრობის წინაშე აღებული ვალდებულებები.

ბაგიროვის სიტყვებით, რეგიონში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, არსებობს ეკონომიკური ინტერესები და საერთაშორისო შეთანხმებები, რომელთაც აზერბაიჯანი მომავალშიც შეასრულებს. მას არ ეეჭვება, რომ ნავთობი იდენს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, როგორც ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებებით. "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისადმი რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე ძლიერი იქნება იმდენად, რამდენადაც სუსტი აღმოჩნდება აზერბაიჯანის მთავრობა", - აღნიშნავს ბაგიროვი.

აზერბაიჯანი ტრანზიტის "ალტერნატიულ გზებს" შეინარჩუნებს

ბრიტანულმა Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია აზერბაიჯანის შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კრიზისს ნავთობით მდიდარმა აზერბაიჯანმა უპასუხა ნდობის შემცირებით ტრანსკასპიური მილსადენებისადმი. შესაბამისად, გაზარდა ნავთობის ტრანზიტი რუსეთის გავლით და დაიწყო გაზის მიყიდვა ირანისათვის, რაც სერიოზულად აშფოთებს აშშ-ს და ევროკავშირს.

საქართველოში რუსეთის მიერ მოწყობილი ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ აზერბაიჯანი ფრთხილობს დასავლეთთან კავშირის დემონსტრირებას, რათა არ დაუპირისპირდეს რუსეთის ძლიერ ზეგავლენას. თავიდან ნავთობის რუსეთის გავლით ტრანზიტის გაზრდას აზერბაიჯანში "დროებით ზომად" აცხადებდნენ, რაც უკავშირდებოდა ბაქო-ჯეიჰანის გაჩერებას, მაგრამ მიუხედავად აღნიშნული ნავთობსადენის ამუშავებისა, აზერბაიჯანმა არათუ გააგრძელა ბაქო-ნოვოროსიისკით ნავთობის ტრანზიტი, არამედ მის გაზრდასაც აპირებს.

"ჩვენ არ გვინდა არავის შეურაცხყოფა, მაგრამ არასწორი იქნებოდა კვერცხების შენახვა ერთ კალათაში, განსაკუთრებით, თუკი ეს კალათა სუსტია", - განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ნასიროვმა. მისი განცხადებით, აზერბაიჯანი რისკების გამო გააგრძელებს ტრანზიტს რუსეთისა და ირანის გავლით. "ჩვენ ვიცოდით, რომ იყო პოლიტიკური გადატრიალების რისკი, მაგრამ ჩვენ არ ველოდით ომს", - აღნიშნავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი. მისივე თქმით, აზერბაიჯანი "ცდილობს ყველასთან იმეგობროს, ამავე დროს მოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად".

ამავე დროს მამედიაროვი თავისებურად თავს იმართლებს დასავლეთის წინაშეც, როდესაც Financial Times-ს განუცხადა: "ნავთობის ის მცირე მოცულობა, რასაც აზერბაიჯანი აწვდის რუსეთს, სიმბოლურად მნიშვნელოვანია კრემლისთვის, რომელიც განწყობილია დაადასტუროს თავისი კონტროლი კასპიის ენერგიაზე".

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის გამტარუნარიანობის გაზრდის თაობაზე 5 მილიონ ტონამდე. აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიამ ბაქო-ნოვოროსიისკით ნავთობის ტრანზიტი 1997 წელს დაიწყო. 2007 წელს ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით გადატანილი იქნა 2 228 712 ტონა ნავთობი. აქედან 1 228 729 ტონა მოდის აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიაზე, ხოლო 999 984 ტონა - აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიაზე. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პერიოდში ბაქო-ნოვოროსიისკით აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიის მიერ "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოზე მოპოვებული ნავთობის ტრანზიტიც დაიწყო.

საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტის "ჩამოწერა" არ შედგა

საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენების პარალიზება იყო. მართალია, აგრესორებმა მილსადენების უშუალო დაბომბვა ვერ გაბედეს, მაგრამ დაწმუნებულნი იყვნენ, რომ ამიერიდან კასპიის ენერგორესურსებს მთლიანად რუსეთი გააკონტროლებდა. საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დროს რიგმა პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა გააკეთეს "პროგნოზები", რომ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზები უკვე "მოკვდა" და საჭიროა ალტერნატიული მარშრუტების მონახვა.

ასეთი პუბლიკაციები მრავლად გამოჩნდა რუსულ მედიაში. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებზე ალექსანდრე დუგინმა თურქულ გაზეთ "ჯუმჰურიერთისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი "უკვე მკვდარია და მეტად აღარ ამუშავდება".

თუმცა, აგვისტოს შემდეგ ვითარება დასტაბილურდა და საქართველოს "ალტერნატივის" ძიებამ აქტუალობა დაკარგა. სამაგიეროდ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა ის მწვავე დაპირისპირებები, რაც ენერგომატარებლებისა და სხვა ტვირთების სატრანზიტო მარშრუტებს უკავშირდება.

გავლენიანი გაზეთი Financial Times აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის წინ აღნიშნავდა, რომ ნავთობის მწარმოებლები იძულებულნი იქნებიან უარი თქვან კავკასიაზე გამავალ სატრანზიტო მარშრუტებზე და ამის მიზეზი კავკასიაში გაშლილი კონფლიქტი იქნება. მაგრამ გაზეთი იმასაც აღნიშნავდა, რომ ჩეინის ვიზიტი გამოხატავდა იმ შეშფოთებას, რაც ამერიკელებს გაუჩნდათ კავკასიიდან დასავლეთისკენ მიმავალი სტრატეგიული სანავთობო საექსპორტო მარშრუტების ნაკლებად დაცულობის გამო. გაზეთის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს აშშ სათვის ორგვარი მნიშვნელობა აქვს - ასუსტებს რუსეთის სანავთობო ზეწოლას და ახდენს ირანის იზოლაციას.

როგორც აზერბაიჯანელი ექსპერტი, პარლამენტარი ალი მასიმლი აღნიშნავს, განცხადებები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის გავლით ენერგორესურსების ტრანზიტმა მიმზიდველობა დაკარგა, ნაჩქარევად იყო გაკეთებული. მისი აზრით, უნდა გაგრძელდეს სტრატეგიული ხაზი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის არხებით ენერგომატარებლების მიწოდება, ასევე ხელი უნდა შეეწყოს ბაქო-თბილისი-ყარსის და ნაბუკოს პროექტების რეალიზებას.

ალი მასიმლის აზრით, თუკი სამხრეთ კავკასიას და შუა აზიის ქვეყნებს მართლაც უნდათ ცივილიზაციისკენ სვლა, მაშინ აუცილებელია უკვე გაკვალული სატრანზიტო მარშრუტების გამოყენება. "დროებითი გართულებების გამო სამხრეთ კავკასიის გავლით ენერგორესურსების მიწოდების მარშრუტების მომავლის ეჭვქვეშ დაყენება, რომელთა რეალიზებისათვის 20 წელი მუშაობდნენ, არცთუ დიდი გამჭრიახობის ნიშანია", - აღნიშნავს პარლამენტარი. დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტების სტაბილურობა, ასევე დააჩქაროს ნაბუკოს პროექტის რეალიზება. 

სანავთობო კვლევების ცენტრის თავმჯდომარის ილჰამ შაბანის განცხადებით, იმ ე.წ. "ანალიტიკოსებმა", რომლებიც თვლიან, რომ სამხრეთ კავკასია კარგავს თავის სატრანზიტო მიმზიდველობას, როგორც ჩანს არ იცნობენ რეგიონის რუქას. "სხვა მარშრუტი კასპიის ნავთობის მისაწოდებლად მსოფლიო ბაზარზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე უბრალოდ, არ არსებობს, გარდა საპირისპირო მიმართულებისა, ინდოეთის, ინდონეზიის გავლით. მაგრამ ამ მარშრუტით ტრანსპორტირების ხარჯი როგორც მინიმუმ, ორჯერ ძვირი იქნება ნავთობის ღირებულებაზე".

მისივე შეფასებით, დასავლეთში გაკეთებული გამონათქვამები სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო მიმზიდველობის შემცირების თაობაზე, სინამდვილეში ემსახურება დასავლური ბიზნესის მიზნებს. "ყველა დასავლურ ნავთობკომპანიას, რა თქმა უნდა, სურს მუშაობა ირანში, მაგრამ მათ ესმით, რომ სამხედრო გზით ეკონომიკურ სარგებელს ვერ მიაღწევ. ისინი თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ სიტუაციას საქართველოში და ურჩევენ ოფიციალურ ვაშინგტონს, გადახედოს თავის დამოკიდებულებას ირანისადმი, რათა მათ შეძლონ მუშაობის აწყობა ამ ქვეყანაში".

კასპიური ენერგომატარებლების საბადოების და სატრანზიტო გზების კონტროლისათვის ბრძოლა შემდგომშიც გაგრძელდება და ამ ბრძოლის შუაგულში საქართველო იქნება მოქცეული.

მალხაზ მაცაბერიძე