ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ვაზი გავჩეხოთ თუ გავაშენოთ? რთველი-2008-ის შედეგების მიმოხილვა
#4(20), 2008
რუსეთის ემბარგოს პირობებში

რაც რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვა აკრძალეს, ჩვენს ქვეყანაში რთველის მიმართ ინტერესი უფრო მეტად არის გაღვივებული. ემბარგოს გამოცხადებამდე (2006 წელი) საქართველოში წარმოებული ღვინის დაახლოებით 90% სწორედ რუსეთში იყიდებოდა. ასეთი მსხვილი გასაღების ბაზრის დაკარგვის შემდეგ კი ცალკე მევენახეები ძლივსღა ახერხებენ მოსავლის დაბინავებას, ცალკე ღვინის ქარხნები წვალობენ გასაღებაზე და ცალკე ხელისუფლებაც ცდილობს პრობლემის მოგვარებას. უდავოა, რომ 2006 წლის შემდეგ ყურძნის დაბინავების და ღვინის გასაღების პრობლემები გაათმაგდა.

რუსული ემბარგოს გამოცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იმდენად ჩაერთო ყურძნის დაბინავების და საზღვარგარეთ ღვინის გაყიდვების ზრდის საქმეში, რომ პრეზიდენტმა თითქმის მთელი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ამ სფეროში ჩართო. მევენახეებს რომ მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩენოდათ, სახელმწიფო სტრუქტურებს ყურძნის შესყიდვა დაავალეს, რისი წყალობითაც ემბარგოს პირველ წელს გლეხებმა ყურძნის მოსავალი გაყიდეს და ულუკმაპუროდ დარჩენას გადაურჩნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2006 წლის რთველს წარმატებული უწოდეს, ხოლო პრეზიდენტმა ნიშნი მოუგო რუს პოლიტიკოსებს – თქვენი ბაზრის გარეშეც იოლას გავალთო. თუმცა, ნიშნის მოგება ნაადრევი იყო, რადგან გლეხმა ყურძენი კი გაყიდა, მაგრამ სამაგიეროდ, პრობლემები დაუგროვდა ბევრ ღვინის ქარხანას – გადამუშავებული ყურძნიდან მიღებული ღვინის გაყიდვა ვეღარ შეძლეს.

2007 წლის რთველში სახელმწიფო უფრო ნაკლებად ჩაერია, თუმცა მაშინაც იყო საგანგებო შტაბი შექმნილი, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობდა. 2007 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ბოლო წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი წელი გამოდგა. მთელი საქართველოს მასშტაბით 200 ათას ტონაზე მეტი ყურძენი დაიკრიფა. ეს რთველი ხელისუფლებამ ასევე წარმატებულად შეაფასა.

რაც შეეხება ბოლო – 2008 წლის რთველს,  ეს რთველი წინა წლებისგან იმითაც იყო გამორჩეული, რომ ამ წელს ქვეყანამ ომი გადაიტანა. თანაც, ომი აგვისტოში, ყურძნის მოსავლის აღებამდე 1-2 თვით ადრე მოხდა. რუსეთ-საქართველოს ომმა ლამის მთელი ჩვენი სახელმწიფო ყოფნა-არყოფნის წინაშე დააყენა. თუმცა, როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, რთველის ჩატარების მხრივ ომს მნიშვნელოვანი გართულებები არ გამოუწვევია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ "სამტრესტში" აცხადებენ, რომ 2008 წლის რთველმა მოსალოდნელზე ბევრად უკეთ უკეთ ჩაიარა.

როგორც "სამტრესტის" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სამანიშვილმა გვითხრა: "რთველმა ჩაიარა გაცილებით უკეთესად, ვიდრე მე პირადად ველოდი. ყურძენზე მოთხოვნა ძალიან მცირე იყო. ამიტომ გაჩნდა შიში – რამდენად მოხერხდებოდა ამდენი ყურძენის გადამუშავება. მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობა გადაამუშავეს ქარხნებმა, თანაც დიდი პრობლემების გარეშე".

"სამტრესტში" ამბობენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როცა რთველის ჩატარებას კოორდინაციას ძალოვანი სამინისტროს ხელმძღვანელები უწევდნენ ხოლმე, 2008 წელს გურჯაანში რთველისთვის საგანგებოდ შექმნილ შტაბს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და "სამტრესტი" ხელმძღვანელობდა. წინა წლებთან შედარებით განსხვავება ისიც იყო, რომ სახელმწიფომ დახმარება ღვინის ქარხნებს კი არ მისცა, არამედ გლეხებს გადაუხადა დამატებითი თანხა მათ მიერ ჩაბარებულ ყოველ კილოგრამ ყურძენზე: რქაწითელზე - 15 თეთრი, საფერავზე - 25 თეთრი, ხოლო რაჭაში - 1 ლარი კილოგრამ ალექსანდროულზე და მუჯურეთულზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წელს სულ დაახლოებით 145 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა (2007 წელს - 200 ათას ტონაზე მეტი იყო). მხოლოდ კახეთში 102 ათასი ტონა დაითვალეს. აქედან დაახლოებით 30 ათასი ტონა გადაამუშავეს ქარხნებმა, დანარჩენი მოსავალი ოჯახებში დაწურეს და გაყიდეს ყურძნად. ასე რომ, ძირითადი მოსავალი გაიყიდა ან ოჯახებში დაიწურა. 500 ტონა გადამუშავდა ალექსანდროული და მუჯურეთული, რაც წინა წელთან შედარებით ოდნავ ნაკლებია. "სამტრესტში" ამბობენ, რომ ყურძნის ხარისხი სტაბილურია, "შარშანდელს" ოდნავ ჩამორჩებოდა, თუმცა ცუდი არ ეთქმის.

"სამტრესტის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ ღვინის ქარხნები იძულებული არიან შეამცირონ ყურძნის შესყიდვები. "გარკვეული პრობლემა, რასაკვირველია, იყო. ვაწარმოებთ იმაზე მეტ ღვინოს, ვიდრე ვყიდით. ანუ, ნაშთები იზრდება. მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ყურძნის ფასმა საკმაოდ მოიმატა, ღვინის მწარმოებელი კომპანიების უმეტესობამ საკუთარი ვენახები გააშენა. ქარხნებს გარანტირებული ხარისხის ყურძენი აქვთ საკუთარი ვენახებიდან. ესეც განაპირობებს, რომ გლეხის ყურძენზე მოთხოვნილება შემცირებულია".

რაც შეეხება 2008 წლის მთავარ მოვლენას საქართველოში – რუსეთ-საქართველოს ომს, სამანიშვილი ამბობს, რომ წლევანდელ რუსულ აგრესიას მნიშვნელოვანი გავლენა რთველზე არც მოუხდენია. ომმა გავლენა იქონია მხოლოდ იმ ვენახებზე, რომლებიც უშუალოდ კოფლიქტის ზონაში იყო. ასეთ ადგილებში კი ბოლო წლებში თითქმის აღარც შემორჩა ვენახი.

ასევე რაჭაშიც რთველმა ჩვეულებრივ ჩაიარა. მართალია, ამ რეგიონში ბომბები ჩამოყარეს, მაგრამ დაიბომბა ონის რაიონი, სადაც მევენახეობა ფაქტობრივად აღარ არსებობს, მხოლოდ ოჯახის დონეზე თუ არის შემორჩენილი. ანუ, სადაც ვენახებია, იქ დაბომბვა არ ყოფილა. თანაც, დაბომბვა იყო აგვისტოში, რთველი კი - ოქტომბერში.

რაც შეეხება ღვინის გაყიდვებს, მას ომმა გარკვეულწილად ხელიც კი შეუწყო. ზოგადად საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობა გაიზარდა ამერიკაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთში, რამაც პოზიტიურად იმოქმედა ღვინის გაყიდვაზე.

მეღვინეობა-მევენახეობის წარმატებისთვის მთავარ რეცეპტად გიორგი სამანიშვილი ქვეყანაში სისტემური ცვლილებების გატარებას ასახელებს. მისი თქმით, რთველმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა, სახელმწიფოს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია დარგისთვის. "მთლიანი სისტემაა დასალაგებელი, კანონმდებლობა და განათლების სისტემაა დასახვეწი. კადრების შექმნა აღარ ხდება საქართველოში. ეს კონკრეტულად რთველზე კი არა, ზოგადად სისტემაზეა საუბარი. წლევანდელ რთველზე კი სახელმწიფომ ალბათ მაქსიმუმი გააკეთა", - ამბობს გიორგი სამანიშვილი.

რიგი ექსპერტების თქმით, რუსულ ემბარგომდე საქართველოში წარმოებული ღვინის ძირითადი მოცულობა უხარისხო იყო და მხოლოდ რუსეთში თუ გაიყიდებოდა. "სამტრესტში" აცხადებენ, რომ საქმე მთლად ასეც არ ყოფილა. "ჩვენ გვყავს ისეთი კომპანიები, რომლებიც ისეთ ღვინოს ასხამენ, უცხოელ ექსპერტებსაც ძალიან მოსწონთ ხოლმე. წამყვან ქართველ მეღვინეებს ევროპაში და ამერიკაში აქვთ განათლება მიღებული".

სამანიშვილის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ჩაბარებულ ყურძენზე მევენახისთვის ვაუჩერის გაცემით დახმარება უფრო ეფექტური და სწორი ნაბიჯია, ვიდრე ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ღვინის ქარხნებს ეხმარებოდა ხოლმე. "მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა გაცილებით უკეთესია. მართალია, ძნელი გასაკონტროლებლებელია და გაცილებით მეტი რესურსი მიაქვს, რადგან თითო მარანში თითო კაცი მაინც უნდა იჯდეს, რომელიც დაითვლის, მაგრამ, მეორე მხრივ უფრო მიზანმიმართულად ნაწილდება ეს დახმარება. დახმარება საწარმოებსაც უნდა ჰქონდეს, რომ მან ყურძენი იყიდოს, მაგრამ ისეთი სისტემა უნდა აეწყოს, რომ ეს დახმარება ყველასთვის ხელსაყრელი იყოს, დარგს გამოადგეს და არა მხოლოდ კონკრეტულ საწარმოს".

ბოლო წლებში ყურძნის გაიაფების ტენდენციაზე "სამტრესტში" ამბობენ, რომ ყურძნის ფასი რეალურს მიუახლოვდა. წინა წლებში კი ფასი არაბუნებრივად მაღალი იყო. მათი თქმით, პრობლემა ის არის, რომ გლეხს აქვს შემოსავლის ერთადერთი წყარო – ყურძენი, რომელიც ცოტაა. "სამწუხაროდ, იმხელა თანხას ამ ყურძენში ვერ აიღებს, რომ მთელი წელი ოჯახი არჩინოს. მაგრამ, მეორე მხრივ, ვინც ამ ყურძენს ყიდულობს და მერე ღვინო უნდა გაყიდოს, თუ ბაზრის პრინციპით მივუდგებით, ყურძნის არსებული ფასი საკმაოდ მაღალია".
 
წინა წლებში ყურძნის მაღალ ფასს რუსეთის ბაზარი უწყობდა ხელს. საკმაოდ დეფიციტი იყო წითელი ყურძენი, მაგრამ, სამანიშვილის თქმით, ბოლო წლებში იმდენი ვენახი გაშენდა, რომ რუსეთის ბაზრის არსებობის პირობებშიც კი, წითელი ყურძნის ფასი მაინც დაიკლებდა. "სამტრესტში" ამბობენ, რომ რქაწითელთან შედარებით საფერავი, კახური მწვანე, ქისი უფრო ძვირი უნდა ღირდეს, თუმცა ფასებში ამხელა სხვაობა – როცა რქაწითელი 35 თეთრი ღირდა, ამ დროს კი საფერავის ფასი 2 ლარი იყო, - არ უნდა ყოფილიყო.

სააქციო საზოგადოება "ბაგრატიონი 1882"

წლევანდელი რთველის შეფასება უშუალოდ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში ვთხოვეთ. სააქციო საზოგადოება "ბაგრატიონი 1882" შამპანურის ტიპის ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებს აწარმოებს. ასეთი ღვინისთვის კი მხოლოდ სპეციალურად შერჩეული ყურძენი გამოდგება. როგორც გავარკვიეთ, ამ ტიპის ღვინოების წარმოებისთვის საჭირო ყურძენი 2007 წელს საკმაოდ დეფიციტური იყო.

"ბაგრატიონი 1882"-ის ფინანსური მენეჯერი დავით მამფორია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათი კომპანიისთვის წლევანდელ რთველს წარმატებული ნაკლებად შეიძლება ეწოდოს, რადგან ყურძნის ხარისხი იყო შედარებით დაბალი. ასევე, ვერც სასურველი რაოდენობის ყურძენი შეიძინეს, რადგან მოსავლიანობაც დაბალი იყო.

"ერთადერთი რაც გავაკეთეთ, იყო ის, რომ მოვახერხეთ და გადაიარაღების და ტექნოლოგიური საშუალებების მეშვეობით არსებული ხარისხი შევინარჩუნეთ. თორემ, ყურძნის ხარისხი რომ უკეთესი ყოფილიყო, რასაკვირველია სჯობდა".
 
კომპანია ძირითადად დასავლეთ საქართველოს ყურძენს ყიდულობს, თუმცა დეფიციტის გამო წელს კახეთში სხვა წლებთან შედარებით მეტი ყურძენი შეისყიდა. 2007 წელს იყიდეს 1625 ათასი კილოგრამი, წელს კი 396 ათასი კილოგრამი, რადგან მოსავალი მცირე იყო. ცქრიალა ღვინის წარმოებაში "ბაგრატიონი" რქაწითელსაც იყენებს, რომელიც ახმეტაში მოჰყავთ. იქაური რქაწითელის მჟავიანობა მაღალია და შუშხუნა და ცქრიალა ღვინის წარმოებისთვის ხელსაყრელია.

"კარგია ასევე კახური მწვანე, გორული მწვანე, მაგრამ ძალიან ძვირია. გორის რეგიონში ვყიდულობთ ყურძენს - "ჩინებული", ჩინურს რომ ეძახიან. რქაწითელი მივიღეთ 326 ტონა. ფასი იყო 35-40 თეთრი. ასევე შევიძინეთ 227 ტონა – კახური მწვანე, რომელიც ახმეტის ტერიტორიაზე მოჰყავთ. შარშან 2500 ტონა ყურძენი ვიყიდეთ, წელს კი დეფიციტის გამო სულ 1 577 ტონის შესყიდვა მოვახერხეთ", - ამბობს დავით მამფორია.

წლევანდელი ფინანსური კრიზისი ბევრ კომპანიას შეეხო. გამონაკლისი არც "ბაგრატიონი 1882" აღმოჩნდა, რომლის გაყიდვებზე უარყოფითი გავლენა უკრაინაში არსებულმა არასტაბილურმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ იქონია.
"დეკემბრის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 35%-ით არის გაყიდვები შემცირებული საქართველოს ბაზარზე. უცხოეთში გაყიდვები თითქმის იგივეა, მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ზრდა და ვერ გავზარდეთ გაყიდვები. ფინანსური კრიზისი შეგვეხო იმ კუთხით, რომ სიდიდით მეორე ბაზარი არის უკრაინა და მნიშვნელოვნად შეგვეხო გაყიდვებზე უკრაინის ბაზრის ჩავარდნა", - აცხადებენ "ბაგრატიონი 1882"-ში.
 
კომპანიაში ამბობენ, რომ 2007 წელს დაახლოებით 2 მილიონი ბოთლი ღვინო გაყიდეს, 2008 წელი კი 1,9 მილიონი ბოთლის რეალიზებით დასრულდა.
"ბაგრატიონი 1882" აპირებს 2009 წელს გამოუშვას ცქრიალა ღვინო "ფაინესტი" ("ჩინებული"). ასევე შეიცვლება ბრენდი "ძველი რეზერვი", რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული ღვინოების სეგმენტშია. მამფორია ამბობს, რომ ექსპერტებმა საკმაოდ მაღალ დონეზე შეაფასეს ეს ბრენდი. "გერმანიაში გამოფენაზე შეაფასეს, რომ ეს არ არის ის გემო, რომელსაც შეჩვეულია მთელი მსოფლიო. ეს განსაკუთრებული გემოა, ახალი ბუკეტი და საკმაოდ საინტერესო. ხარისხიც საკმაოდ მაღალია, ამაში ინვესტიციები გვაქვს ჩადებული".

რაც შეეხება გაყიდვების გეოგრაფიას, კომპანიაში ამბობენ, რომ ამერიკაში გაგზავნეს ერთი კონტეინერი (12 ათასი ბოთლი) და წლის დასაწყისშივე კიდევ 2 კონტეინერის გაგზავნას აპირებენ. ლიტვაშია გაგზავნილი ერთი კონტეინერი, პოლონეთში გზავნიან 6 ათას ბოთლს. ხოლო გერმანიაში "ბაგრატიონის" პროდუქცია ყველაზე მაღალღირებულ სეგმენტში შედის, "ძველი რეზერვით" და "ჩინებულით".

"ბაგრატიონში" ამბობენ, რომ აგვისტოს ომმა გარკვეულწილად გორის რეგიონში გაშენებული "გორული მწვანე"-ს ფასზე გარკვეული გავლენა იქონია და წინა წელს თუ 1 ლარზე მეტი ღირდა, წელს 75 თეთრად იყიდეს. იქაური მოსახლეობა ყიდულობს ხოლმე ამ ყურძენს, წურავენ ოჯახებში და ყურძენზე დიდი მოთხოვნილებაა, მაგრამ 2008 წელს, ომის შედეგების გამო, გორელებმა ყურძენი საკუთარი მოხმარებისათვის შედარებით მცირე რაოდენობით შეიძინეს. ფასის შემცირებაც ამან გამოიწვია და "ბაგრატიონმა" დაგეგმილზე იაფად შეიძინა ყურძენი.
 
სააქციო საზოგადოება "თბილღვინო"

წლევანდელი რთველის შესახებ ჟურნალი "ბიზნესი და მენეჯმენტი" სააქციო საზოგადოება "თბილღვინოს" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა. როგორც "თბილღვინოში" ამბობენ, გასული წლების მსგავსად, წელსაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს რთველში.

"დავამზადეთ ოდნავ იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე ჩვენ გვჭირდებოდა. შევისყიდეთ ის რაოდენობები და იმ ხარისხის ყურძენი, რაც გვსურდა; გადავიხადეთ ის ფასი, რაც ბაზარმა დაადგინა. წლევანდელ რთველში მონაწილეობით ჩვენი კომპანიის კუთხით კმაყოფილი ვარ. მე მგონი, გამოვა ძალიან საინტერესო ღვინოები, რომლებსაც მომხმარებელს 2009 წელს შევთავაზებთ".

"თბილღვინომ" შარშანდელთან შედარებით ოდნავ ნაკლები ყურძენი შეისყიდა. დაახლოებით 1175 ტონა ყურძენი, როგორც კახეთში, ასევე რაჭაში. კახეთის რეგიონში კომპანიამ საფერავი დაამზადა 365 ათასი კილოგრამი, რქაწითელი 705 ათასი კილოგრამი, მწვანე დაახლოებით 56 ათასი კილოგრამი, კახეთში სულ გადაამუშავეს დაახლოებით 1125 ტონა.

რაჭაში წელს დაამზადეს ალექსანდროულ-მუჯურეთული 46 ათასი კილოგრამი. ეს საკმაოდ მაღალფასიანი სეგმენტია და დიდი მოთხოვნაც არ არის. "თბილღვინოში" ამბობენ, რომ მათ ჯერ კიდევ 2007 წლის მოსავლიდან ჰქონდათ გარკვეული ნაშთები.

"თბილღვინომ" საფერავში საშუალოდ 45 თეთრი გადაიხადა, მწვანეში 60 თეთრი, რქაწითელში 35 თეთრი. ალექსანდროულ-მუჯურეთული კომპანიას საშუალოდ 2 ლარი და 7 თეთრი დაუჯდა. წინა წლებთან შედარებით ფასები ოდნავ შეცვლილია: საფერავი შარშან საშუალოდ 50 თეთრი ღირდა, "მწვანე" 50-55 თეთრი ჯდებოდა, 2008 წელს კი 60 თეთრი გადაიხადეს, რქაწითელი ოდნავ გაიაფდა – შარშან თუ 39 თეთრად იყიდეს, 2008 წელს 35 თეთრი გადაიხადეს.

"თბილღვინოში" ამბობენ, რომ წელს ყურძენზე მოთხოვნა შარშანდელთან შედარებით შემცირებული იყო. რაც შეეხება ძველი მარაგების რეალიზაციას, გიორგი მარგველაშვილი გასული წლის შედეგებით კმაყოფილია.

"შეიძლება ითქვას, რომ გეგმის გადაჭარბებითაც კი მოხდა რეალიზაცია. მარაგების შემცირებებითაც კმაყოფილები ვართ. უბრალოდ, 2007 წელს საკმაოდ დიდი რაოდენობა დავამზადეთ. ჩვენ გვქონდა საკმაო თანხა და ფასიც კარგი იყო. ვივარაუდეთ, რომ მომავალ წელს შეიძლება ასეთი ფასი აღარ ყოფილიყო. ამ მარაგებმა ითამაშა ის როლი, რომ წელს იმდენი ყურძენი აღარ დაგვჭირდა და ყურძნის ყიდვაზე წლევანდელი ხარჯებიც შეგვიმცირდა".
 
წლევანდელი ხარჯების შემცირება კი ბევრი ღვინის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო - აგვისტოს ომის გამო, საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა ბანკებიდან კრედიტის აღებაზე. 2007 წლის რთველის დროს რა პროცენტშიც გასცემდნენ ბანკები კრედიტს, წელს ბევრად გაზრდილი იყო სესხის განაკვეთებიც და საერთოდ, მაღალ პროცენტში ფულის აღებაც ძალიან ჭირდა. აგვისტოს დასაწყისში შეთანხმებულ პროცენტში ბანკებმა უკვე უარი თქვეს და თუ სესხის გაცემას დათანხმდნენ, უკვე მნიშვნელოვნად გაზრდილ პროცენტში.
გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მევენახისთვის ვაუჩერების დარიგებით და ჩაბარებულ ყოველ კილოგრამ ყურძენზე სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციით სახელმწიფოს ჩარევა ამ ბიზნესში არის დადებითი ინიციატივა, რომელიც წაადგა გლეხს.

გაყიდვების მხრივ "თბილღვინოში" ჯერჯერობით კმაყოფილები არიან. კომპანიაში ამბობენ, რომ გაყიდვების ზრდა გამოიწვია როგორც ახალი ბაზრების მოპოვებამ, ასევე უკვე დაკავებულ ბაზრებზე გაყიდვების ზრდამ. იმატებს უცხო ქვეყნებში იმპორტიორი პარტნიორების რიცხვი. "უკრაინაში ჩვენ ვაწვდით 2 იმპორტიორს. ყაზახეთში აქამდე ვთანამშრომლობდით ერთი იმპორტიორთან, ახლა გვყავს ორი. ლიტვაში გავზარდეთ გაყიდვები ჩვენი პარტნიორის დამსახურებით... ასევე ლატვიაში ჩვენ ტრადიციულად ვყიდდით და იქაც იყო ზრდა. ესტონეთის ბაზარზე აქამდე არ ვიყავით, ასევე შევედით პოლონეთის ბაზარზე".

როგორც გავარკვიეთ, გაყიდვების ზრდის პროგნოზი საკმაოდ რთულია. ქართული ღვინის გასაღებისთვის ყველაზე დიდ ქვეყანაში – უკრაინაში არასტაბილურმა სიტუაციამ შეიძლება ქართველი მეღვინე კიდევ ახალი სირთულეების წინაშე დააყენოს. საქმე ისაა, რომ უკრაინაში ეროვნული ვალუტა – გრივნა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ამან კი უკრაინაში იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვა მნიშვნელოვნად შეაფერხა. 

"რა გეგმაც გვქონდა, უკრაინაში ჩვენმა პარტნიორებმა შეისყიდეს ის რაოდენობა. მაგრამ ისინი ადგილზე აწყდებიან გარკვეულ პრობლემებს. კლიენტებისგან თანხებს დროულად ვერ იღებენ. ვშიშობ, რომ ეს პრობლემები ჯერ კიდევ წინ გვაქვს 2009 წელში. თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა, საკმაოდ დიდი ნეგატიური დარტყმა იქნება ქართული მეღვინეობისთვის. ჩვენი კომპანიის მთელი გაყიდვების 35% უკრაინაზეა. მთლიანად, საქართველოდან ექსპორტის დაახლოებით 55% უკრაინაზე მოდის. ალბათ, მთლიანად ეს 55% არ გაქრება, მაგრამ რომ განახევრდეს, რაც სრულიად რეალურია, წარმოიდგინეთ რა მოხდება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ არასტაბილურობის გამო პროგნოზები ვერ კეთდება", - ამბობს "თბილღვინოს" პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

უმჯობესდება თუ არა ღვინის ხარისხი საქართველოში

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის ბაზრის დაკეტვამ გარკვეულწილად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებაში. რუსეთის ბაზრის დახურვის მომენტისთვის საქართველოში ასამდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იყო, დღეის მონაცემებით კი ასეთი მოქმედი კომპანიების რიცხვი 60-ს არ აღემატება. დაიხურა ის ქარხნები, რომლებიც მხოლოდ მდარე ხარისხის ღვინოს აწარმოებდნენ და რუსეთის ბაზარზე ჰყიდნენ. დარჩენილი კომპანიები, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, იძულებული არიან ინვესტიციები განახორციელონ საკუთარ ქარხნებში.

"საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ტექნოლოგიურ გადაიარაღებაში და ახალი საცავების და ახალი ლაბორატორიის შექმნაში, უახლესი ჩამოსასხმელი ტექნოლოგიების დანერგვაში. ღვინისთვის იდეალური პირობები გვაქვს როგორც შენახვისთვის, ასევე დამუშავებისთვის. ამ მხრივ ღვინო ჩვენთან თავს გრძნობს, როგორც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. მაგრამ ძალიან დიდხანს არ ვინახავთ ხოლმე ღვინომასალებს, რეალიზაციას ვახდენთ", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

სს "თბილღვინოში" აცხადებენ, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად არის გაუმჯობესებული ღვინის ხარისხი, ორიენტაცია არის აბსოლუტურად მომხმარებელზე. ამაზე ისიც მეტყველებს,  რომ ბოლო წლებში ძალიან გახშირდა ქართული ღვინოების ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე ჯილდოების აღება.

"მარტო ჩვენმა კომპანიამ 2008 წელს 4 ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე მიიღო 11 მედალი. ანალოგიური მედლები აქვთ მიღებული ძალიან მაღალი დონის ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ ღვინოებს. ხარისხის თვალსაზრისით ქართული ღვინო პასუხობს ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს. მეღვინეების პროფესიონალიზმი საგრძნობლად შეიცვალა – ახალგაზრდა მეღვინეების თაობა მოვიდა, რომლებსაც განათლება და პრაქტიკა დასავლეთში აქვთ მიღებული. 7-8 წლის მანძილზე ჩვენს კომპანიაში ნამუშევარი აქვს ფრანგს, იტალიელს, ავსტრალიელ, კალიფორნიელ მეღვინეებს. მომავალ წელსაც ველოდებით უცხოელებს", - აცხადებს მარგველაშვილი. მისი თქმით, ურთიერთგამოცდილების გაზიარებით ბევრი კომპანია საკუთარ საქმიანობას აუმჯობესებს.

სს "ბაგრატიონი 1882"-ში ამბობენ, რომ მათ კომპანიაში ასევე ხდება ახალი გამოცდილების მიღება, რაც კომპანიის საქმიანობას წაადგება.

"ზოგადად, ჩვენი ქვეყანა ტექნოლოგიურადაც და განათლებითაც ჩამორჩება თანამედროვე მეღვინეობის სტანდარტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სათანადო განათლება არ გვაქვს მიღებული. ჩვენმა კომპანიამ ეს პრობლემა გადალახა ისე, რომ ჩამოვიყვანეთ გერმანელი ტექნოლოგი. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, როგორც დასავლეთ ევროპაში, ასევე მოლდავეთშიც არის ნამუშევარი. არ გაგვიჭირდა მასთან ურთიერთობა, ასე თუ ისე პოსტ-საბჭოთა ქვეყანასთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს", - ამბობს "ბაგრატიონი 1882"-ის ფინანსური მენეჯერი დავით მამფორია.

"ბაგრატიონში" ამბობენ, რომ მათ ასევე გერმანელი სპეციალისტი ჩამოიყვანეს, რომელიც არის ძლიერი თეორეტიკოსი და შამპანურის ტიპის ღვინოების მომზადებასთან დაკავშირებით კომპანიის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი კონსულტაციები ჩაუტარა, ასევე შეასწავლა ახალი ტექნოლოგიები.

დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასება

"ბიზნესი და მენეჯმენტი" რთველის შესახებ მევენახეობა-მეღვინეობის დამოუკიდებელ ექსპერტ გიორგი ბარისაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, 2008 წლის რთველმა საქართველოში შარშანდელის მსგავსად ჩაიარა, ამ დროის განმავლობაში არაფერი გაუმჯობესებულა. ამიტომაც ექსპერტის თქმით, 2008 წლის რთველსაც ისევე, როგორც გასული წლებისას, წარმატებული არ შეიძლება ეწოდოს. "წლების მანძილზე დაკვირვებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ჯერჯერობით სწორად გადადგმულ ნაბიჯს სოფლის მეურნეობის ამ დარგში, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ".
 
გიორგი ბარისაშვილი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა უშუალოდ რთველზე მნიშვნელოვანი გავლენა თითქმის არ მოახდინა და ომის გამო ყურძენი დასაკრეფი არ დარჩენილა. ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ არასწორი იყო წინა წლებში სახელმწიფოს მხრიდან მეღვინეებზე სუბსიდიების გაცემა, რადგან მისი თქმით, პირველ რიგში ვენახებია მისახედი. 

"მეღვინეებზე სუბსიდიების გაცემას არანაირად არ ვეთანხმები, რადგან პირველ რიგში ვაზია მისახედი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიეხედოს იმ ფალსიფიკატორთა ჯარს, რომლებსაც დღეს რატომღაც მეღვინეებადაც მოიხსენიებენ... თავისთავად ცხადია, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გამოსავალი ერთ და ორ წელიწადში არ მოიძებნება და ვერც მოიძებნა, მაგრამ ამ გზების ძიებისაკენ ვერანაირ  გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ".

გაყიდვების მხრივ ბარისაშვილი ასევე რთულ სიტუაციაზე მიანიშნებს. წინასაახალწლოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კვლავ გააქტიურდა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების საკითხი. ბარისაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ბაზარი საბოლოოდ უნდა დავივიწყოთ. ქართველ მეღვინეს კი დღევანდელი კომპეტენციით განვითარებული ქვეყნების ბაზარზე ღვინის გაყიდვა უჭირს.

"რუსული ბაზარი სამუდამოდ დაიკეტა საქართველოსთვის, რაც მოსალოდნელიც იყო. მეორე მხრივ, მე მიმუშავია რამდენიმე ღვინის ქარხანაში, სადაც იგივე რუსეთიდან მოდიოდა შეკვეთები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ ბაზრისათვის ესაჭიროებოდათ ღვინის ბოთლში ჩასხმული ალკოჰოლიანი სითხე, რომლის ფასი იქნებოდა სამი ლარი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ამერიკას: ამ ქვეყანაში მხოლოდ მაღალი ხარისხის ნაწარმი თუ შეაღწევს, მდარე პროდუქციით კი კარგა ხანი არავინ გაგვაჭაჭანებს, თუმცა, ერთი კი მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკაში ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს".

ექსპერტი ბარისაშვილი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ტრადიციული წესით ღვინის დამზადებაში ხედავს. "ასეთ ღვინოს თავისი მომხმარებელი ჰყავს და გაუყიდავი არ რჩება. ბიოღვინის და ამავდროულად ტრადიციული ქვევრის ღვინის მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენი მეღვინეობის მომავალიც ქართულ, მამაპაპურ მეღვინეობაშია, საიდანაც წარმოებულ ღვინოში ყველა ის თვისებაა შენარჩუნებული,  რაც ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო და აუცილებელია და არა ქარხნულ ეგრეთწოდებულ ევროპული ღვინის წარმოებაში, რომელიც ათასჯერაა გადაფილტრულ-გადმოფილტრული, ქიმიურად დამუშავებული და რომელშიც არანაირი სასარგებლო უკვე აღარაფერია შემორჩენილი".

უნდა გაიჩეხოს თუ არა ვაზი?

წელს ისევ აქტუალური გახდა ვაზის გაჩეხვის თემა და სანაცვლოდ სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის გაცემა. გლეხი თუ საკუთარ ვენახს გაჩეხავს, რომლის მოსავალსაც სასურველ ფასად ვეღარ ყიდის, ლამის ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადონ. ბოლოდროინდელმა ამბებმა ჟურნალი "ნიანგი" გამახსენა. 80-იან წლებში ისეთივე სულისკვეთებით მოძღვრავდა ეს ჟურნალი ხალხს, როგორც ბოლო 2-3 წელიწადში ამას მორიგეობით ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აკეთებს ხოლმე. საბჭოთა საქართველო საკავშირო თვალთმაქცობაში სხვა რესპუბლიკებს შორის ლიდერი რომ ყოფილიყო, ამისათვის საჭირო გახდა რაც შეიძლება მეტი ვენახი გაეშენებინა ქართველ კოლმეურნეს. შესაბამისად, მახსოვს ჟურნალ "ნიანგში" დახატული კარიკატურები, რომელიც იმ "ბოროტ კახელ გლეხს" ასახავდა, საკუთარ ნაკვეთში ვაზი რომ გაჩეხა და მის ადგილას საზამთრო მოიყვანა. საბჭოთადროინდელი პროპაგანდის წყალობით ვაზის ადგილას უფრო შემოსავლიანი უწყინარი საზამთროს მომყვანი ცუდ ადამიანად მიიჩნეოდა. ამიტომაც, საბჭოთა საქართველოში ყურძნის მოსავალი დაგეგმილს რამდენჯერმე აჭარბებდა, თავის მხრივ მეღვინეებიც "ვაჟკაცობდნენ" და მიღებულ მოსავალზე რამდენჯერმე მეტ შაქარ-წყლიან ღვინოს ასხამდნენ და ყიდნენ კიდეც.

რუსეთის ბაზრის დაკეტვამ ქართველ მევენახეს ახალი რეალობა აჩვენა – ადრე თუ ღვინის ქარხნები გლეხს 1 კილოგრამ საფერავში 2 ლარს სთავაზობდნენ, ახლა იგივე ყურძენში საშუალოდ 50 თეთრს აძლევენ. რუსეთის ბაზრის დაკეტვამდე თუ ჰიბრიდული ჯიშის "ვაქირულა" და "შანიძის ვაზი" ასევე რიხინ-რიხინით მიდიოდა ქართულ ღვინისწარმოებაში და შემდეგ ეს ღვინო ასევე გრიალით იყიდებოდა რუსეთში, ახლა გაირკვა, რომ, "ვაქირულას" გამოყენება მეღვინეობაში დანაშაულია. ამიტომაც არცერთმა ღვინის ქარხანამ ეს ყურძენი რომ არ ჩაიბარა, მევენახე იძულებული გახდა ეს ვაზი გაეჩეხა.
ჰიბრიდული ვაზით გაშენებული ვენახის გაჩეხვაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეს კომპენსაცია მისცა.

პირველად სწორედ მაშინ დაიწყო ოპოზიციამ ხელისუფლების დადანაშაულება – ქართველ კაცს ვაზის გაჩეხვას ასწავლიან და ეს დანაშაულიაო. "ვაქირულას" ვინ დაეძებს, როცა გლეხმა ჩვეულ ფასად სხვა, ღვინისთვის ვარგისი ყურძენი ვერ ჩააბარა. ამიტომ ზოგიერთმა რქაწითელიც აჩეხა და საფერავიც მიაყოლა.
ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ყურძენი რჩება გაუყიდავი. შესაბამისად, ვენახის ფართობის ნელ-ნელა შემცირება გარდაუვალია.

"სამტრესტის" მონაცემებით, საბჭოთა პერიოდში საქართველოში ვენახი 140 ათას ჰექტარზე იყო, ამჟამად ვაზს 50 ათასი ჰექტარი უკავია. როგორც ჩანს, ესეც ბევრია და შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებს რქაწითელის გაჩეხვაში აღუთქვა კომპენსაციის მიცემა – 1 ჰექტარზე 2 ათასი ლარი. შეარჩიეს ადგილიც: დედოფლისწყაროს რაიონში - სამთაწყაროს მიდამოებში და ყვარლის რაიონში _ გავაზის ტერიტორიაზე გაშენებული ვენახები. დაახლოებით 100 ჰექტარი ვენახიც გაიჩეხა. მაგრამ ექსპერტებისთვის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა – თუ სახელმწიფო ვენახის შემცირების მიზნით გასცემს კომპენსაციას, მაშინ როგორ გააკონტროლებს აჩეხვის შემდეგ ისევ ვაზი რომ არ გააშენოს გლეხმა? რატომ შეირჩა დედოფლისწყარო და ყვარელი, როცა სხვა რაიონებში უფრო მეტი ვენახია? თუ მხოლოდ დაბერებული ვენახის გაახალგაზრდავება არის მიზანი, მაშინ ჯანმრთელ და მსხმოიარე ვაზის აჩეხვაში რატომღა გასცემს კომპენსაციას სახელმწიფო?

ამ კითხვებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს პასუხი არ აქვთ. გვითხრეს, დღესდღეობით ეს აქცია შევაჩერეთ, აღარც კომპენსაციას გავცემთ და შედეგების შესწავლა მიმდინარეობსო.

იმედია, ადრე თუ გვიან, გლეხიც და სახელმწიფოც მივა იმ აზრამდე, რომ როგორც ყველა პროდუქციის წარმოებას, ყურძენსაც და ღვინოსაც თავისუფალი ბაზარი დაარეგულირებს. იქნება მყიდველი? ყურძენსაც იმდენს მოიყვანს გლეხი და მეღვინეც იმდენ ღვინოს ჩამოასხამს - რამდენიც გაეყიდებათ. გლეხს აღარ დააიმედებენ, "შენ ისეთი პროდუქცია შექმენი, რომელიც არავის სჭირდება, მაგრამ სახელმწიფო კეთილს ინებებს და მაინც კარგ ფასად გაგაყიდინებსო".
 
ვაზის გაჩეხვასთან დაკავშირებით, გიორგი ბარისაშვილი ამბობს, რომ ზედაპირულად ამ საკითხის განხილვა არაფერს მოიტანს და სიღრმისეული შეფასებაა საჭირო. "ის, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ საკუთარ ვენახს გაჩეხავს, ესე იგი, არ არის ღირსი იმისა, რომ ჰქონდეს ვენახი და შესაბამისად ამაში საგანგაშო არაფერია. თუ ასეთ კაცს ვენახი და ვაზი არ ექნება და თუ ასეთი კაცი ღვინოს არ დააყენებს, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და სხვა არაფერი. პირადად მე ვთვლი, რომ საგანგაშო უფრო სხვა რამეა და არა ის, რომ "სადღაცა" "ვიღაცამ" ვაზი გაჩეხა. სამწუხაროდ "სადღაცა" და "ვიღაცეები" არ დაილევიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი სულაც არ წარმოადგენენ საქართველოს. საქმე ისაა, რომ როდესაც ამ ყველაფრის სათავეში ხვდება ისეთი ადამიანი, რომელსაც ღვინო და ქვევრი მხოლოდ კინოფილმ "ქვევრში" უნახავს და როდესაც კანონს "ვაზისა და ღვინის" შესახებ წერს ამ საქმეში არაკომპეტენტური ადამიანი, საქმეს სწორედ ეს აფუჭებს".
 
ამგვარად, ბაზრის შემცირების პირობებში გაშენებული ვენახების ნაწილის გაჩეხვა გარდაუვალია და ეს ეროვნული ტრაგედია არ არის, საბაზრო ურთიერთობების შედეგია. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მსოფლიოში შარშან დაწყებული ფინანსური კრიზისი მსოფლიოში კვლავ განაგრძობს თავისი კვალის დატოვებას. მართალია, ფინანსური კრიზისი განვითარებულ ქვეყნებს გაცილებით მტკივნეულად შეეხება, ვიდრე საქართველოს, მაგრამ ფაქტია, რომ იგივე დასავლეთის ბაზრებზე პროდუქციის გაყიდვა საგრძნობლად არის შემცირებული. შესაბამისად, ეს ქართულ ღვინოსაც ეხება და იგივე უკრაინის არასტაბილურმა მდგომარეობამ შეიძლება ქართული ღვინის გასაღება კიდევ უფრო შეამციროს.

ამ ფონზე სასიხარულოა ქართული ღვინის კომპანიების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად ჯერჯერობით თანამშრომელთა გათავისუფლებას და ხელფასების შემცირებებს არ გეგმავენ.

თემურ იობაშვილი