ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
110 წელი "პეპსისთან" ერთად
#4(20), 2008
პირველები

გაზიანი მინერალური წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ოთხი ათასი წლის წინ, ძველ რომში და საბერძნეთში იცოდნენ. უდიდესი სწავლული, ჰიპოკრატე ამის თაობაზე საკუთარ ტრაქტატში "ჰაერის, წყალისა და მხარეთა შესახებ" წერდა. ბერძენი ქურუმები ტაძრებში მკაცრად იცავდნენ საიდუმლოს, იცავდნენ მინერალური წყალის სამკურნალო ძალას.

გაზიანი წყლის აღმოჩენა სხვა დიდი აღმოჩენების მსგავსად საკმაოდ მოულოდნელი იყო. ინგლისელი მეცნიერი ჯოზეფ პრისტლი (1733-1804) ლუდსახარშ ქარხანასთან ახლოს ცხოვრობდა. იგი მის მუშაობას აკვირდებოდა. აინტერესებდა, როგორი სახეობის ბუშტუკებს გამოყოფდა ლუდი დუღილის დროს. მან წყლით სავსე ორი კონტეინერი იმ ქვაბის თავზე დაამაგრა, სადაც ლუდი იხარშებოდა. მცირე დროის შემდეგ, წყალი ლუდის ნახშირორჟანგის გაზით გაიჟღინთა. სწავლული გაკვირვებული დარჩა, რადგანაც მისთვის მოულოდნელად, წყალმა სასიამოვნო, გამორჩეული გემო შეიძინა. 1767 წელს მან გაზიანი სასმელი წყალი დამოუკიდებლად დაამზადა. 1772 წელს, გაზიანი წყლის შექმნისათვის პრისტლი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა, ხოლო 1773 წელს სამეფო საზოგადოების მედალი გადასცეს.

1770 წელს, შვედმა ქიმიკოსმა, ტორბერნ ულაფ ბერგმანმა (1735-1784) გამოიგონა ხელსაწყო, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა გაზიანი სასმელის დიდი მოცულობით წარმოება. ამ ხელსაწყოს სატურატორი უწოდეს.
ამ მიმართულებით შემდგომი გამოკვლევები გერმანელმა იოჰან იაკობ შვეპმა ჩაატარა. მას ჟენევაში საიუველირო მაღაზია ჰქონდა. იგი ახალგაზრდობიდან ოცნებობდა შეექმნა უალკოჰოლო შამპანური ბუშტულებით, სპირტის გარეშე. მიზნის მისაღწევად მას 20 წლის განმავლობაში ექსპერიმენტების ჩატარება დაჭირდა.

მორიგი მცდელობა წარმატებით 1783 წელს დასრულდა, როცა მან გაზიანი სასმელი წყლის საწარმოებლად სამრეწველო დანადგარი შექმნა. თავდაპირველად, შვეპი ამ სასმელს შვეიცარიაში ყიდდა, მაგრამ მალევე მოიაზრა, რომ მასზე ინგლისში მეტი მოთხოვნა იქნებოდა, სადაც 1790 წელს დამკვიდრდა კიდეც. შვეპმა ინგლისში დღემდე წარმატებული კომპანია დააფუძნა, რომელმაც გაზიანი წყლის გამოშვება მინის რელიეფური ლოგოტიპის მქონე ჭურჭელში დაიწყო. 1930 წლიდან ფირმა J. Schweppe & Co გაზიანი ლიმონათსა და სხვა ხილის წყლებს უშვებდა.

არომატიზირებული გაზიანი წყალი ატლანტიკის დასავლეთ სანაპიროზეც შეიქმნა. 1807 წელს იგი გამოსაყენებლად პაციენტებს ფილადელფიელმა ექიმმა ფილიპ სინგმა შეთავაზა. სიროფიან გაზიან წყალს მისი რეცეპტის მიხედვით აფთიაქარი ტაუსენდ სპიკმანი ამზადებდა. სულ მალე, ამერიკულ ქალაქებში სოდიანი წყლის პირველი ჯიხურები გამოჩნდა, რომელიც ფართოდ არ გავრცელდა. სასმელის დამზადების ტექნოლოგია პრიმიტიული იყო - ამერიკელებისათვის ხელმისაწვდომი, ხოლო შვეპის აპარატის კონსტრუქცია საიდუმლოდ რჩებოდა.

1832 წელს ინგლისიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა ემიგრანტმა, ჯონ მეტიუსმა ნიუ-იორკში საკმაოდ მისაღები სატურატორების გამოშვება დაიწყო. მან შვეპის კონსტრუქციისა და ნახშირორჟანგის მიღების ტექნოლოგია გააუმჯობესა. აფთიაქარები ხალისით ყიდულობდნენ მეტიუსის დაბალი ღირებულების აპარატებს, საკუთარ კლიენტებს შუშხუნა სასმელს სთავაზობდნენ. შვიდი წლის შემდეგ, ფრანგი ეჟენ რუსელი ფილადელფიის მაცხოვრებლებს საკუთარ პარფიუმერულ მაღაზიაში ხილის სიროფდამატებულ გაზიან წყალს თავაზობდა. მას მიმბაძველებიც გაუჩნდა: სიროფების დამატება უფრო იაფიან სოდიან წყალში სხვებმაც დაიწყეს.
   
ბრენდის ისტორია

ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ქალაქ ნიუ-ბერნის მკვიდრმა, აფთიაქარმა კალებ ბრედჰემმა, ხანგრძლივი (ხუთი წლის!) ძიების შემდეგ გაზიანი წყლის, შაქრის, ვანილის, იშვიათი ზეთების და კოლას კაკლის ნარევისაგან გამაგრილებელი "სასმელი ბრედა" აფთიაქში გაყიდვის მიზნით შექმნა. 1898 წლის 28 აგვისტოს სასმელს სახელწოდება Pepsi-Cola-თი შეუცვალა, ხოლო 1903 წელს კალებ ბრედჰემმა სავაჭრო ნიშნად სახელწოდება Pepsi-Cola რეგისტრაციაში გაატარა და პატენტი მიიღო. სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის მომენტისათვის Pepsi-Cola Company-ს ყოველწლიურმა გაყიდვებმა 30 ათას ლიტრს გადააჭარბა.

გაჩნდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უალკოჰოლო, გამაგრილებელი სასმელი და წარმატებული ბრენდი. თავდაპირველად, ეს სასმელი შეიქმნა როგორც ფარმაცევტული ნარევი, ამიტომაც ბრედჰემი მას რეკლამას უწევდა როგორც "გამამხნევებელ, გამაჯანსაღებელ, საკვების მონელების ხელშემწყობ" სასმელს. 1905 წელს Pepsi-ის ახალი ლოგოტიპი შეიქმნა, რაც პირველი ცვლილება იყო 1898 წლის შემდეგ. მოგვიანებით დამკვიდრდა ახალი ლოზუნგიც - "ორიგინალური, სუფთა სასმელი". 1906 წელს ამ სავაჭრო ნიშანმა რეგისტრაცია ჯერ კანადაში, შემდეგ კი მექსიკაში გაიარა. გაყიდვების მოცულობამ ამ მომენტისათვის 100 ათას გალონს (დაახლოებით 380 ათას ლიტრს) მიაღწია. 1908 წლისათვის ამ სასმელის წარმოება ამერიკის 24 შტატში დაიწყეს.

წარმატებით ტკბობა ბრედჰემს სრულყოფილად არ დასცალდა: 1921 წელს ამერიკაში, შაქრის ბაზარზე კრიზისი დაიწყო, რაც ამ კომპანიის გაკოტრების დასაწყისს ნიშნავდა. ბრედჰემი ცდილობდა კომპანია შეენარჩუნებინა. მან აქტივებისა და აქციათა დამატებითი წილების გაყიდვა, ვალების აღება დაიწყო. უდიდესი მცდელობის მიუხედავად, 1923 წელს Pepsi-Cola Company გაკოტრებულად პირველად, თუმცა არა უკანასკნელად გამოცხადდა. მისი აქტივები საწარმოებმა North Carolina და Craven Holding Corporation 30 ათას დოლარად შეიძინა. იმავე წელს, Craven Holding Corporation-მა სავაჭრო ნიშანი Pepsi როი მეგარგელს, უოლ-სტრიტზე მოღვაწე ბროკერს, 35 ათასად მიყიდა, რის შემდეგაც Pepsi-Cola Corporation შეიქმნა. ხუთწლიანი ფინანსური წარუმატებლობის შემდეგ, კომპანიას სახელწოდება შეეცვალა და National Pepsi-Cola Company უწოდეს. 1931 წელს ამერიკის ვირჯინიის აღმოსავლეთ რაიონის საოლქო სასამართლომ ეს ფირმა კვლავ გაკოტრებულად გამოაცხადა.

1932 წელს სავაჭრო ნიშანი Pepsi-Cola უმსხვილესმა საკონდიტრო ფირმა Loft Incorporated-მა შეიძინა, რომლის მფლობელიც ჩარლზ გუტი იყო. 1940 წელს ამ ფირმამ საკუთარი სახელწოდება Pepsi-Cola Company-ით შეცვალა. ამ სავაჭრო ნიშანმა რეგისტრაცია არგენტინაშიც გაიარა. Pepsi-Cola Company-მ სასმელის 12 უნციის (დაახლოებით 400 გრამი) ტევადობის ბოთლების 5 ცენტად გაყიდვა დაიწყო. კონკურენტების მიერ გამოშვებული გამაგრილებელი სასმელი იმავე ფასად 6 უნციის ტევადობის ბოთლებში იყიდებოდა. კალებ ბრედჰემი 1934 წლის 19 მაისს გარდაიცვალა. ამ წელს, წარმატებული სარეკლამო სვლის - ამ უალკოჰოლო სასმელის ღირებულების შემცირების შედეგად, Pepsi-ის გაყიდვებმა საგრძნობლად მოიმატა. იმავდროულად, სარეკლამო სამყაროში მთავარი - Pepsi-Cola-სა და Coca-Cola-ს ბრენდებს შორის ომი დაიწყო.

1940 წელს Pepsi-მ რეკლამის ისტორიაში საკუთარი წვლილი შეიტანა. შეიქმნა პირველი სარეკლამო სიმღერა, რომელიც დროთა განმავლობაში ჰიტად გადაიქცა, შემდეგ კი 55 ენაზე ითარგმნა. ამის შემდეგ ამ ფირმის უფრო თანამედროვე ლოგოტიპიც შეიქმნა.

1941 წელს Pepsi-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გაიტანეს. იმ წელს კომპანიამ სარეკორდო მოგება - 15 მილიონი დოლარი მიიღო. მეორე მსოფლიო ომის დროს შაქრის დეფიციტი კვლავ წარმოიშვა. ფირმის საქმეები კვლავ გაუარესდა. თავდაპირველად, შემოსავლები შემცირდა, 1947 წელს გაყიდვების მოცულობამაც მოიკლო. რამდენიმე წლის შემდეგ, ეს ფირმა კვლავ გაკოტრების უფსკრულის პირას აღმოჩნდა. ამჯერად, კორპორაციამ კრიზისს გაუძლო. მისმა ახალმა პრეზიდენტმა, ალფრედ სტილმა მენეჯერების შემადგენლობა შეცვალა, ორგანიზება გაუწია უდიდეს სარეკლამო კამპანიას. მან კარგად გაიაზრა, რომ მომხმარებელს დაბალი კალორიების შემცველი პროდუქტი აინტერესებდა. 1953 წელს ფირმამ შემცირებული შაქრის შემცველობის სასმელის გამოშვება დაიწყო. ამ და სხვა მრავალმა სიახლემ ფირმას წარმატება მოუტანა. ამერიკის ფარგლებს გარეთ 200 ქარხანა გაიხსნა, ხოლო გაყიდვების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა.

გამაგრილებელი სასმელების ბიზნესში ცვალებადი შემოსავლების გამო, Pepsi-Cola Company იძულებული გახდა გამოშვებული პროდუქციის ფასები კონკურენტთა ფასებისთვის გაეთანაბრებინა. გაუმჯობესდა ფირმის ლოგოტიპიც. ხანგრძლივი სარეკლამო კამპანიის წარმოების შემდეგ Pepsi-ს როგორც იაფ სასმელს კონკურენტებმა "კოლა სამზარეულოსთვის" უწოდეს.
ამის გამო ამ კომპანიამ საკუთარ ავტორიტეტზე ზრუნვა მონდომებით დაიწყო. ამჯერად მას ახალგაზრდა, მოდურ მომხმარებელთან აიგივებდნენ. ფირმამ ახალი თემაც დაამკვიდრა: "იყავი ხალისიანი,  დალიე Pepsi!" "დაგრეხილი" ბოთლი ძველმა სწორმა ბოთლმა შეცვალა. კომპანია Pepsi-Cola Company-მ ომისშემდგომ პერიოდზე რეაგირება თამამად დაიწყო: საკუთარი პროდუქტი წარმოადგინა როგორც სავაჭრო ნიშანი, რომელიც ახალგაზრდა თაობის კუთვნილებაა. ლოზუნგი - "შენ ეკუთვნი Pepsi-ის თაობას" რეკლამის ისტორიაში შევიდა. ამ შემთხვევაში, პირველად გაკეთდა აქცენტი არა პროდუქციის დახასიათებაზე, არამედ მომხმარებელთა ცხოვრების სტილზე და განწყობილებაზე.

1959 წელს, მოსკოვში, სოკოლნიკებში გამართულ ამერიკის ეროვნულ გამოფენაზე კომპანიის პირველმა პრეზიდენტმა, დონალდ კენდალმა Pepsi-Cola რუსებს წარუდგინა. ამ ბრენდის ირიბ რეკლამაში მონაწილეობა თვით საბჭოთა ლიდერმა, ნიკიტა ხრუშჩოვმაც მიიღო. ამერიკის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა მოხერხებულად შეასრულა მასპინძლის როლი, ეს გამაგრილებელი სასმელი ხრუშჩოვს შეთავაზა. ბუნებრივია, ეს ფოტოსურათი (საბჭოთა ლიდერს ხელში Pepsi-ს ლოგოტიპიანი ჭიქა უჭირავს), დიდი ხნის განმავლობაში გაზეთების, სარეკლამო ჟურნალების გვერდებს ამშვენებდა. მოგვიანებით, დონალდ კენდალი საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრს, ალექსეი კოსიგინს მოსკოვში შეხვდა. მათ შორის თანამშრომლობაზე სერიოზული მოლაპარაკებები გაიმართა.

1960 წლიდან Pepsi-Cola აყვავებულ კორპორაციად გადაიქცა, რომელსაც საკუთარი ფილიალები მსოფლიოს 80 ქვეყანაში ჰქონდა. სწორედ მაშინ გაჟღერდა ცნობილი ლოზუნგი: "მათთვის, ვინც ახალგაზრდულად აზროვნებს, ახლა Pepsi-Cola არსებობს". დაიწყო ბრძოლა ომისშემდგომი თაობის კეთილი განწყობის მოსაპოვებლად. "გამხნევდით! თქვენ Pepsi-ს თაობას ეკუთვნით!" - ამ ლოზუნგს ამერიკის მასშტაბით გაშვებულ სარეკლამო რგოლებში გაიგონებდით. იმ დროისათვის, ეს ნაბიჯი სარეკლამო საქმეში ნამდვილი რევოლუცია იყო. ყურადღება გამახვილებული იყო არა პროდუქტის ხარისხზე, არამედ მომხმარებლის თვითიდენტიფიკაციაზე. ასეთ მიდგომას კომპანია დღემდე უჭერს მხარს. "ჩვენი ბრენდის ორი ძირითადი ბოძი, რომელსაც ჩვენი ბრენდი ეყრდნობა, მუსიკა და ფეხბურთია", - ამტკიცებენ PepsiCo International-ის დღევანდელი ხელმძღვანელები.

1972 წელს ოფიციალურად გამოცხადდა საქონლის გაცვლითი შეთანხმების გაფორმების შესახებ. ამ ხელშეკრულების მიხედვით ეს გამაგრილებელი სასმელი დასავლეთში წარმოებული პირველი პროდუქტი გახდა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს. იმავდროულად, Pepsi Co-მ ამერიკაში არაყი "სტოლიჩნაიას" იმპორტზე და გაყიდვაზე ექსკლუზიური უფლება მიიღო. საქონელგაცვლითი შეთანხმების ამ ფორმით ხელმოწერა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საბჭოთა ჩინოვნიკებმა დოლარებში ანგარიშის წარმოებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

1973 წელს Pepsi-ს ახალი ლოგოტიპი შეიქმნა. 1984 წელს კომპანია Pepsi Co Inc.-ის პრეზიდენტი უეინ კელოვეი გახდა. ამ პერიოდიდან დაიწყო წარმატებული "მუსიკალური" სარეკლამო კამპანია სახელწოდებით - "ახალი თაობა ირჩევს პეპსის".

კომპანიის პირველ ორ სარეკლამო რგოლში მაშინ ძალზე პოპულარული მომღერალი, მაიკლ ჯექსონი გადაიღეს. ლიონელ რიჩი ვარსკვლავების აღლუმში "ახალი თაობა" მეთაური გახდა. შემდგომში, ასეთივე სარეკლამო რგოლებში მონაწილეობა ტინა ტერნერმა და გლორია ესტეფანმა მიიღეს. სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდნენ სპორტის, კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავები: ჯო მონტანა, დან მარინო, ტერი გარი, ბილი კრისტალი. ჯერალდინა ფერარო ამერიკის ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი გახდა. მან მონაწილეობა მიიღო რეკლამაში "Diet Pepsi". შეუდარებელმა მაიკლ ჯ. ფოქსმა საკუთარი ნიჭი გამოავლინა სარეკლამო რგოლების სერიალში "Pepsi" და "Diet Pepsi". მაიკლ ჯექსონმა მონაწილეობა მიიღო სიუჟეტურ სარეკლამო რგოლში "დევნა", რომელიც "გრემის" პრემიით დაჯილდოვების ცერემონიალზე "რეკლამის ისტორიაში ყველაზე სანახაობრივ სარეკლამო რგოლად" აღიარეს.

1991 წელს სუპერმოდელი სინდი კროუფორდი Pepsi-ს მოდერნიზებული ლოგოტიპის წარდგენის მიზნით იმ სარეკლამო რგოლში გადაიღეს, რომელიც შემდგომში მრავალი პრიზით დაჯილდოვდა. როცა Pepsi Cola Co-მ უარი თქვა მაიკლ ჯექსონი მორიგ სარეკლამო რგოლში გადაეღოთ, ამ ფირმის სახე უფრო დადებითი ავტორიტეტის გამო, სინდი კროუფორდი გახდა. 1993 წელს დაიწყო ახალი სარეკლამო კამპანია - "არაფერი, Pepsi-ის გარდა!" ამერიკის იმ დროის საუკეთესო კალათბურთელის, შაკილ ო’ნილის მონაწილეობით. ამ სარეკლამო რგოლებმა უმაღლეს რეიტინგს მიაღწიეს, რეკლამის პრესტიჟულ ფესტივალზე ქალაქ კანში მთავარი პრიზები მოიპოვეს. "პეპსი" ახალი თაობის არჩევანი მსოფლიოს 195 ქვეყანაში გახდა.

1996 წელს "პეპსიმ" და MTV-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ. კომპანია Pepsi Cola Co-მ "ლურჯი პროექტის" განხორციელება დაიწყო. პირველად რეკლამის ისტორიაში სარეკლამო რგოლი ღია კოსმოსში გადაიღეს. ახალ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა სინდი კროუფორდმა, ანდრე აგასიმ და კლაუდია შიფერმა მიიღეს. ამ კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ აქციად მიჩნეულია ზებგერითი ავიალაინერის, "კონკორდის" "პეპსის" ფერში გადაღებვა, რომელიც ამერიკასა და ევროპას შორის დაფრინავდა. იმ დროის გაზეთები იტყობინებოდნენ, რომ თვითმფრინავის შეღებვასა და ფირმის ლოგოტიპის გამოსახვას 2000 ადამიანის 1-საათიანი მუშაობის მოცულობა და 300 ლიტრი სპეციალური საღებავი დაჭირდა.

კორპორაცია Pepsi-Cola Company-მ ძირითად მიზნობრივ სეგმენტად ახალგაზრდობის ის ნაწილი აირჩია, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს. Pepsi-Cola საკუთარი წარმოების სასმელს განიხილავდა როგორც ალკოჰოლის ალტერნატივას, რომელიც ახალგაზრდების დასვენების დროს მუდმივი ატრიბუტია. ფირმამ ახალგაზრდული კონკურსების ჩატარება დაიწყო. მაგალითად, 1997 წელს ამ კომპანიამ ჩაატარა გათამაშება "Spice Girls - Super Show", რომლის გამარჯვებულებიც 1997 წელს ამ ჯგუფის მიერ სტამბოლში ჩატარებულ ცოცხალ კონცერტს დაესწრნენ. ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულება, როგორც წესი დაბალია. ახალგაზრდების სამუშაო, სწავლის, დასვენების ადგილი სასმელს გაყიდვის მაღალ დონეს უნარჩუნებს. გაყიდვების სტიმულირებას Pepsi-ს მარკეტინგულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 1996 წელს Pepsi-Cola-მ ბოთლის სახურავებით ყველაზე წარმატებული თამაში "მილიონომანია" ჩაატარა.

Pepsi-Cola Company ყველა საშუალებას იყენებს საიმისოდ, რომ ფირმასა და მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომხმარებელს შორის ურთიერთგაგების, კეთილმოსურნეობის განწყობილება შეიქმნას. Pepsi-ს, როგორც საუკეთესო უალკოჰოლო სასმელის პროპაგანდისათვის ახალგაზრდობის კერპებს მოიზიდავენ - მათ, ვისაც ბაძავენ, ვინც მოდის კანონმდებელია. ამჟამად, Pepsi-ის სახე ლათინოამერიკელი პოპულარული მომღერალი რიკი მარტინია. Pepsi-Cola Company-ში სურთ მათი პროდუქცია წარმოაჩინონ როგორც ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელი ცხოვრების წესის მუდმივი თანამგზავრი.
ამისთვის, ეს ფირმა ხშირად ახალგაზრდობაში პოპულარული უდიდესი სპორტული შეჯიბრებების სპონსორია. პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ამ ფირმის მიერ გატარებულმა სისტემურმა, კომპლექსურმა ღონისძიებებმა Pepsi-Cola Company-ს საშუალება მისცა უალკოჰოლო სასმელის მწარმოებელთა და გამყიდველთა შორის მსოფლიო ლიდერებში ადგილი დაემკვიდრებინა.

არსებობს სიტუაციები, როცა რომელიმე ფირმა კრიზისული სიტუაციიდან გამოდის როგორც გამარჯვებული, ან გაკოტრებული. ასეთი ისტორია Pepsi-Cola Company-საც უკავშირდება. ნათქვამია - "სულელი საკუთარ შეცდომებზე, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ხოლო ბრძენი ორივეს თვალყურს ადევნებს და გულიანად იცინის!"

1993 წლის ზაფხულში, კომპანიაში სკანდალი გაფუჭებული პროდუქციის გამო დაიწყო. თითქოსდა, დიეტური "პეპსი"-ს ერთ-ერთ ქილაში, ვიღაცამ შპრიცი აღმოაჩინა და თანაც არაერთხელ. აღელვებული ჟურნალისტების შეკითხვებზე კომპანიამ სპეციალური განცხადებით უპასუხა: "პროდუქცია მიზანმიმართულად გააფუჭეს, რაც შეფუთვის პროცესს არ უკავშირდება". საქმე ისაა, რომ კომპანია Pepsi-Cola-ს ყოველ საწარმოო უბანზე სპეციალურად დანიშნული წარმომადგენელი მუშაობს, რომელიც წარმოების მთელ პროცესს აკონტროლებს. კომპანიამ ვიდეოჩანაწერების მეშვეობით მცირე დროში საკუთარი სიმართლე დაამტკიცა. სწრაფი და გონივრული რეაქციის შედეგად, კომპანიაში კრიზისი მხოლოდ ოთხი დღე გრძელდებოდა.

ისტორიული წარმატება

ბოლო საუკუნის განმავლობაში, Pepsi-Cola თავისი ძირითადი კონკურენტის The Coca-Cola Company-ს ჩრდილში იმყოფებოდა და მუდმივად მეორე იყო. ორი წამყვანი ბრენდის მარკეტინგული ომი დღემდე გრძელდება. ამ ორ კომპანიას შორის სასამართლო გარჩევები 1930-იანი წლებიდან დაიწყო და ცნობილია, როგორც Cola Wars-ის სახელწოდებით. მათ შორის დაპირისპირებას ბოლო მხოლოდ ამ ორი კომპანიის გაერთიანების შემდეგ თუ მოეღება, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგანაც ძალიან განსხვავდება მათი მიდგომები თავიანთი კორპორატიული ინიციატივებისადმი. Pepsi-Cola რამდენჯერმე გაკოტრდა, გადალახა მრავალი წინააღმდეგობა, სადღეისოდ გიგანტ კორპორაციად გადაიქცა. ამ ფირმის ისტორიკოსი, რობერტ სტოდარტი თვლის, რომ კომპანიის მდგრადობის მიზეზი წარმოებული პროდუქციის განუმეორებელი გემო და უმაღლესი ხარისხია.

და აი, მენეჯერთა დაუღალავმა შრომამ და პროდუქციის მუდმივმა ხარისხმა ისტორიული წარმატება მოიტანა: 2005 წლის 12 დეკემბერს, Pepsico Inc.-ის სააზრო კაპიტალიზაციამ 98,4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია და პირველად გაუსწრო ამ მაჩვენებლის მიხედვით თავის ძირითად მეტოქეს - The Coca-Cola Company-ს (საბაზრო კაპიტალიზაცია - 97,8 მლრდ აშშ დოლარი) გადაუსწრო. Pepsico Inc.-ის მენეჯერებმა დროულად შეამჩნიეს, რომ მომხმარებელები თანდათანობით უპირატესობას ანიჭებენ დაფასოებულ მინერალურ წყალს, წვენებსა და წვენის შემცველ სასმელებს, ასევე იმატა სწრაფი კვების პროდუქტების მოხმარებამ, ამიტომ Pepsico Inc.-მა თავისი პროდუქტების დივერსიფიკაცია დაიწყო. ძირითად ბრენდს - Pepsi-ს დაემატა Tropicana-ს ფირმის წვენები, მინერალური წყალი Aquafina, ჩიფსები - Frito Lay და მშრალი საუზმეები - Quaker.

2000 2005 წლებში კომპანიამ გაყიდვები გაზარდა 7,8%-ით, მაშინ, როცა მისმა მთავარმა კონკურენტმა The Coca-Cola Company-მ ეს მხოლოდ 2,4%-ით მოახერხა. შედეგად, კომპანია Pepsico Inc. დღეს ინვესტორთა და მომხმარებელთა უდიდესი ნდობით სარგებლობს.

ვეფხია სამსონიძე