ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
როტშილდების ფინანსური იმპერია
#4(20), 2008
 "ევროპაში ექვსი დიდი სახელმწიფოა: დიდი ბრიტანეთი,საფრანგეთი, რუსეთი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია, პრუსია და როტშილდები".
მეცხრამეტე საუკუნის ანდაზა

როტშილდები ყველაზე ცნობილი და იდუმალებით აღსავსე ფინანსური დინასტიაა. ისინი ყოველთვის ფლობდნენ ერთადერთ შეუდარებელ ფასეულობას ომებისა და კრიზისების სამყაროში, რომელსაც ოქრო ეწოდება. პრეზიდენტებზე, მეფეებზე, კბილებამდე შეიარაღებულ არმიებზე უფრო ძლიერნი სწორედ ოქროს წყალობით გახდნენ. როტშილდების გვარი დღემდე გამაოგნებელ სიძლიერეს ინარჩუნებს. ისინი გამორჩეულნი არიან იმით, რომ პირველები დაუპირისპირდნენ მათდამი მტრულად განწყობილ სამყაროს: ძალაუფლებისაკენ გზას გვიკეტავთ? დაგანახებთ, რა სიძლიერე გააჩნია ფულს!

ებრაელობის გამო ამ გვარის წარმომადგენლები ყოველთვის იდევნებოდნენ, მაგრამ გონიერებისა და ფულის ერთდროულად ფლობამ როტშილდებს საშუალება მისცა მტრულად განწყობილი გარემოცვის წინააღმდეგობა დაეძლიათ. მათთან დამეგობრებას ყველაზე ცნობილი სახელმწიფო მოღვაწენი ცდილობდნენ, რადგანაც როტშილდების ფინანსური მფარველობა პოლიტიკოსებისათვის, ფინანსისტებისათვის, მრეწველთათვის, ვაჭრებისათვის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა. როტშილდების საერთაშორისო დონის ბანკირებად გადაქცევამ მთელი ებრაული ბიზნესის სტრუქტურა შეცვალა. მათი გამორჩეული მდგომარეობა გამაერთიანებელი ფაქტორი მაშინ გახდა, როცა რელიგიურ-სულიერი ტრადიცია ებრაელებს აღარ აერთიანებდათ. როტშილდების დინასტია ცხოვრებისეული წარმატების განსახიერებაა, ხოლო მათი მოღვაწეობა - წარმატებათა უწყვეტი პერიოდი სიჭაბუკიდან გარდაცვალებამდე.

სადღეისოდ, საქმიან წრეებში როტშილდების გვარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია. ისინი ფინანსური ძლიერების სიმბოლოდ გადაიქცნენ. ზოგიერთი ანტისემიტი თვლის, რომ როტშილდები მსოფლიო ებრაული ფინანსური ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენენ. ებრაელი ერისთვის ამ ოჯახის წევრები ფინანსური სიძლიერისა და გულუხვი ქველმოქმედების თვალსაჩინო ნიმუშია. ეს გვარი განზოგადოებული გახდა. ებრაელთა უმეტესობა ამ ოჯახის წარმატებებით ამაყობდა. ამ ოჯახის წევრთა ფინანსურმა სიძლიერემ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ ფულის სესხად გაცემის გზით ევროპის მონარქთა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაც კი შეეძლოთ. მოგვიანებით, სხვა მდიდარი ებრაული ფინანსური კლანებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ლეგენდების უმეტესობა მაინც როტშილდების ოჯახს უკავშირდება.

დიდი გზის დასაწყისი

ამ უდიდესი დინასტიის დამაარსებლად მაიერ ამშელ როტშილდი ითვლება. იგი ქალაქ ფრანკფურტის ებრაულ გეტოში 1743 წელს დაიბადა. მის გარდა, ებრაელი ვაჭრის, მევახშისა და სამრეწველო ინვესტორის ამშელ მოზეს ბაუერის ოჯახში კიდევ სამი ძმა იზრდებოდა. მათ დიდი ფინანსური კიბე წარმატებით გაიარეს. ყველაზე თვალსაჩინო ფინანსურ წარმატებას მაინც მაიერის შვილებმა მიაღწიეს. მათ საკუთარ გვარს მსოფლიო დიდება მოუტანეს და განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

მცირე ასაკიდანვე მაიერ ამშელის დედა ბიჭს მღვდელი რაბინის კარიერას უწინასწარმეტყველებდა. მას თავისუფალ დროს აიძულებდა მოსეს კანონები ეკითხა, შეესწავლა მოციქულთა მოღვაწეობის საფუძვლები და სამყაროსადმი სწორი დამოკიდებულება. თვითონ მაიერს სულიერი მოძღვრის მანტიაში მოღვაწეობა ვერ წარმოედგინა. იგი რელიგიურ ლიტერატურას პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებდა. სამყაროსადმი სწორი მიდგომები ბიჭუნას სწორედ რვა წლის ასაკში ჩამოუყალიბდა, როცა მამის სავაჭრო დუქანში დაიწყო მუშაობა. იქ მან თითქმის ოცი წელი  დაჰყო. იმდენი შეძლო, რომ მამის დაწყებული ბიზნესი ათამდე საკრედიტო კანტორამდე გაზარდა, რომლის საერთო წლიური ბრუნვა ოცი ათას გერმანულ მარკას აღწევდა. მისი ოჯახი იმ დროში, ფრანკფურტში საკმაოდ წარმატებულად ითვლებოდა, მაგრამ მაიერზე - მდიდარიაო, მაინც ვერ იტყოდით. მისი მთავარი სიმდიდრე საკრედიტო თანამშრომლის უმწიკვლო საქმიან ავტორიტეტში გამოიხატებოდა, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში სალაროსთან ჩვიდმეტ საათს ატარებდა. მევახშე მაიერის მთავარი სიყვარულის ობიექტს ფული წარმოადგენდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორი იქნებოდა ეს ფული - ქაღალდის, ოქროსი თუ სპილენძის. ოჯახში გამეფებული ფულის კულტისადმი თაყვანისცემა სულ მალე მის შვილებსაც ჩვევად გადაეცათ.

ერთხელაც, მაიერს გონება გაუნათდა: გეტოს პირობებში შეუძლებელი იყო ხუთი პროცენტითაც კი დაეკმაყოფილებინა საკუთარი ლტოლვა ფულადი ნიშნების დაგროვებისადმი. გეტოში ფულის შოვნა შესაძლებელი იყო, მაგრამ მილიონერი ვერასოდეს გახდებოდა. ამაში ხელს სწორედ გეტო უშლიდა.
იმ დროში, გეტო ფრანკფურტში, სხვა ევროპულ ქვეყნებში ნაკლებად ჰგავდა იმ რეზერვაციებს, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკაში შავკანიანებისათვის, ან ფაშისტურ გერმანიაში არაარიული მოსახლეობისათვის იქმნებოდა.

მიუხედავად ამისა, გეტოს არსებობა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, დამაუძლურებელ გარემოს ქმნიდა, რომლის პირობებშიდაც ფინანსურ აყვავებაზე, ელემენტარულ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. გეტო ებრაელთა ყოფა-ცხოვრებაზე დამამძიმებელ დამღას ამჩნევდა. აქ მაიერმა მხოლოდ "პატიოსანი ებრაელის" უმაღლეს ადმინისტრატიულ ტიტულს მიაღწია, რამაც თავისუფალ ადამიანად ვერ გადააქცია. იგი ფრანკფურტიდან პრაღაში გაემგზავრა, სადაც საბანკო მოღვაწეობა გააგრძელა უდიდესი წარმატებით. ისეთი ცნება, როგორიც "საბანკო სახლია", ყველა დროში ორი სხვადასხვა, სრულებით განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება. მაიერის ახალგაზრდობაში ბანკს უწოდებდნენ ნებისმიერ სამევახშეო კანტორას, რომელიც თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა, ახორციელებდა საშუამავლო მოღვაწეობას კრედიტორებსა და კლიენტებს შორის.

მაიერ როტშილდის პირველი საბანკო სახლი ფრანკფურტის სავაჭრო კვარტალში სუსტად განათებულ სარდაფში იყო განთავსებული, რომელიც თევზისა და ხილის დახლების მოწინააღმდეგე მხარეს მდებარეობდა. საბანკო სახლები, რომლებიც მაიერმა საკუთარ ვაჟებს ანდერძით დაუტოვა, თანამედროვე ტიპის საკრედიტო დაწესებულებებს ნაკლებად ჰგავდნენ. მათ განკარგულებაში გადავიდა რამდენიმე ასეული ხელწერილი, რომლებიც ნოტარიალურად იყო დამტკიცებული ფრანკფურტის, პრაღისა და პარიზის ნოტარიუსებთან. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ 250 გერმანული მარკა ოქროსა და ვერცხლის მორთულობასთან ერთად. ამ სიმდიდრით მადლიერი ძმები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მხოლოდ ერთი ოცნებით გაემგზავრნენ: მეტი ფული ეშოვათ!

ტრადიციულად, როტშილდების კლანი ინგლისურ და ფრანგულ შტოებად იყოფა. თუმცა, ეს დაყოფა მაინც პირობითია და ამ ოჯახის წევრთა ისტორიული მონაცემების მარტივად მოსაწესრიგებლად გამოიყენება. ცნობილია ის ფაქტი, რომ როტშილდების მილიონერებიდან მილიარდერებად გადაქცევის საწყის ეტაპზე, მაიერ ამშელმა საბანკო ბიზნესი საკუთარ ვაჟიშვილებს შორის შემდეგი თანამიმდევრობით გადაანაწილა: ნათანი როტშილდების სახლის მეთაური ინგლისში გახდა, ამშელი - გერმანიაში, ჯეიმს იაკობი - საფრანგეთში, კარლოსი - იტალიაში, სოლომონი კი - ავსტრიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთლიანად ევროპაში გადანაწილდნენ, ინგლისი და საფრანგეთი ამ კლანისათვის უმნიშვნელოვანესი ნავსაყუდელი გახდა, საიდანაც მაიერის შთამომავლობა საკუთარ რკინის ნებას ევროპელ ბანკირებს, ეპისკოპოსებს, რევოლუციონერებს, დიქტატორებს, მონარქებს, სამეფო დინასტიებს კარნახობდა.

დიდებული ნათანი, ფრანგი ემიგრანტები და ნაპოლეონი

1804 წელი იდგა. შუასაუკუნეების, ხმაურიანი დევნისა და ინკვიზიციის კოცონის ეპოქა მხოლოდ ლეგენდებად გადაიქცა. ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ნათანი, ინგლისის სანაპიროებთან, პლიმუთში ჩამოვიდა. მას მშობლიური კერიდან ათასობით მილის დაშორებით სიმდიდრისა და დიდების მოპოვება სურდა,  ერთ მუჭში უნდოდა მოექცია ამ კონტინენტის არისტოკრატია მისთვის ცნობილი ხერხებით. მიზანი თითქოსდა არც იყო გამოკვეთილი, მაგრამ ნათანი გრძნობდა, რომ მიზანთან ახლოს იყო. იგი არ ცდებოდა.

ამ წელს ინგლისისა და მთელი ევროპული კონტინენტის მთავარი მტერი, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი კონსული ნაპოლეონ ბონაპარტე იმპერატორად ოფიციალურად გამოცხადდა, რაც როტშილდების კლანისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ნისლიან ალბიონზე ყოფნის მეორე დღესვე, ნათანმა საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება დაიწყო. თავდაპირველად, მან ყველა ფასიანი ქაღალდი, რომელიც ჰქონდა, მაქსიმალურად მაღალი ფასით გაანაღდა. მოლაპარაკებები რვა თვე გრძელდებოდა. ეს იყო რვა ხანგრძლივი თვე, რომელიც ნოტარიუსებთან, საფოსტო სამსახურებში, საბანკო კანტორებში სირბილში გაატარა. ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირდა. საბოლოო ჯამში, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, ოცი ათასი ფუნტი სტერლინგი დაუგროვდა. ამ ფულს მან მამის მიერ მიცემული თანხა მიუმატა და ძვირფასი სამკაულების გაყიდვა დაიწყო.

სამკაულების გასაღებას თითქოსდა დიდი ჭკუა არ უნდა, მაგრამ ასეთი საქმისაგან ნათან როტშილდმა "დრამატული სპექტაკლი" დადგა. მან საუკეთესო იუველირები დაიქირავა. მათ ყველა სამკაულზე ბარონესა ვალუას სახელი ამოკვეთა დაავალა, რომელიც თითქოსდა, თვით კარლოს მერვის შთამომავალი იყო. მან სამკაულები ამ მარტივი ხერხით შეგნებულად დააძველა და გააკეთილშობილა. შემდეგ კი დიდი აუქციონი მოაწყო. სტოკჰოლმიდან ჩამოიყვანა თვით "ბარონესაც", რომელიც თითქოსდა ნაპოლეონ ბონაპარტეს "მტაცებლურ ბრჭყალებს" ემალებოდა. მან ეს დიდი ღონისძიება ლონდონში რეკლამით კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. არ დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ აუქციონს ოდესღაც ძლიერი საგვარეულოს დევნილი წარმომადგენელი ბარონესა ვალუა დაესწრებოდა, რომელიც "უდრტვინველად დათანხმდა საკუთარი ძვირფასეულობა საფრანგეთის ისტორიული მემკვიდრეობის მომავლისათვის შეეწირა".

ამავე აუქციონზე ესწრებოდა ბარონესას ორი მცირეწლოვანი გოგონა, რომლებიც ყვირილითა და ტირილით ლონდონური ბომონდის გულის მოგებას ცდილობდნენ. ეს ხმაურიც საერთო სცენარის შემადგენელი ნაწილი იყო. ასეთი "დრამატული სპექტაკლისაგან" ეფექტმა ახალგაზრდა როტშილდის თამამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამ "შესანიშნავი ღონისძიების" თვითმხილველნი მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ დიდ საკონცერტო დარბაზში მიბრძანებულმა მაღალი წრის საზოგადოებამ უზარმაზარი სკანდალი და ჩხუბი სწორედ ფსევდო-ბარონესას სამკაულის ხელში ჩასაგდებად მოაწყო.

მიღწეული შედეგით დაკმაყოფილებას ნათანი არ აპირებდა. მან მტაცებლის პოზიცია დაიკავა, რომელიც დიდი და სისხლიანი ნადირობის წინ მსხვერპლის გამოჩენას ელოდება. ანგარიში ერეოდა, როცა მომავალი მოგების რაოდენობის გამოთვლას ცდილობდა. მის ირგვლივ კი დაუჯერებელი ამბები ხდებოდა. ნაპოლეონის სამეფო სახლისათვის მიუღებელი არისტოკრატები და მათი ოჯახის წევრები საკუთარ უზარმაზარ მამულებს საფრანგეთში ტოვებდნენ. დანარჩენი ქონებით კი გემებით ბონაპარტეს დიქტატურისაგან თავისუფალ ქვეყნებში რუსეთში, გერმანიაში, ამერიკაში გარბოდნენ. დევნილთა უმეტესობა მაინც ინგლისში მოხვედრას ცდილობდა. აქ ჯერ კიდევ სუფევდა მაღალი წრისათვის დამახასიათებელი წეს ჩვეულებები, არისტოკრატიას შეეძლო ცხოვრება ძველებურად გაეგრძელებინა.

იმ დროის ინგლისი ფრანგულად მოსაუბრე "ფულის ტომრებით" იყო გადავსებული, ამიტომაც ეს კონტინენტი ნათან როტშილდს მიწიერ სამოთხედ ეჩვენებოდა. ახალგაზრდა, ამბიციურ ადამიანს საკმაოდ მნიშვნელოვანი კაპიტალი ჰქონდა, მისთვის მოქმედებაც ადვილი იყო.

ფრანგი ემიგრანტები უმეტესწილად ინგლისურ ენას არ ფლობდნენ. ისინი იშვიათად ახერხებდნენ ღირსეული საქმიანობის დაწყებას. უფრო ხშირად სვამდნენ და ბანქოს თამაშობდნენ. სულ მალე მათმა ლოთობამ, აზარტული თამაშებით ზედმეტად გატაცებამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. გაკოტრებულმა ბარონებმა, ვიკონტებმა, გრაფებმა, მარკიზებმა, ჰერცოგებმა ქედის მოხრა მევახშეებისა და ბანკირების წინაშე დაიწყეს. მათ თავდაპირველად, ოჯახური ძვირფასი ნივთების, სახელობითი იარაღის დაგირავება დაიწყეს. გაკოტრებულმა დიდებულებმა ბოლოს საგვარეულო მამულების გაყიდვაც დაიწყეს. ნათანმა ლონდონის ცენტრალურ ნაწილში სამი "საკრედიტო კანტორა" შექმნა. კონკურენტებთან შედარებით, გაზარდა სესხის რაოდენობა დაგირავებული მიწის ნაკვეთების ხარჯზე. იმავდროულად, მან გამოსასყიდი საპროცენტო განაკვეთები შეამცირა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ნათან როტშილდი ქალაქში ყველაზე მოთხოვნად უმსხვილეს მევახშედ გადაიქცა.

ვისთვის ომი, ვისთვის "მშობელი დედა" - ევროპული ფინანსური ვატერლოო

ნაპოლეონი დამპყრობლურ ომს ევროპასთან უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა. ანტიიმპერიული მოძრაობის ახალი ტალღა 1804 წლიდან აგორდა, როცა პირველმა კონსულმა უსაზღვრო უფლებამოსილებანი, სახელმწიფო ძალაუფლება  ჩაიგდო ხელში. ასეთ ვითარებაში, ბონაპარტეს მსოფლიო ბატონობის დიდი ხნის ოცნება, რამდენიმე დიდი ბრძოლის მოგების შემთხვევაში შეიძლებოდა ახდენილიყო კიდეც. იგი ბრძოლის ველზე შეუდარებელი იყო. დაახლოებით იმავე პერიოდში, ევროპაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც იგივე მიზანი ამოძრავებდათ. ისინი ნაპოლეონის მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩნდნენ. თითქოსდა, ძალები თანაბარი უნდა ყოფილიყო. ამ უხილავ დაპირისპირებაში ერთი რამ მაინც იყო განსხვავება.

ადრე ნაპოლეონს მტერი-სახელმწიფოების არმიებთან უწევდა დაპირისპირება, იყენებდა მისთვის ნაცნობ სამხედრო არსენალს, სტრატეგიებს, ბრძოლის ველისათვის მიღებულ წესებს. ამჯერად კი ნაპოლეონი უნდა დაპირისპირებოდა ახალ მტერს სახელად "მსოფლიო კაპიტალი", რომლის კანონებიც ფრანგი მთავარსარდლისათვის უცნობი, თანაც მიუღებელი იყო. ახალი "მოწინააღმდეგის" ცოცხალ განსახიერებას ძმები როტშილდები წარმოადგენდნენ. ნაპოლეონი მათ საკუთარი დიდი მისიის შესრულებისას ყველაზე დიდ ხელისშემშლელად, დაუძინებელ მტრებად თვლიდა.

ნაპოლეონმა ძმები როტშილდების ფიზიკური ლიკვიდაციისათვის ჯილდოდ ხუთასი ათასი ფრანკი ოქროთი ოფიციალურად დააწესა. რა უნდა დაეპირისპირებინა გუშინდელ უმცროს ლეიტენანტს, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი უსასრულო სამხედრო ლაშქრობებში ჯარისკაცების გვერდით გაატარა, "ოქროსა და კუპიურების დიდი გროვისათვის"? არაფერი,  გარდა სამხედრო გამოცდილებისა და დამპყრობელის დიდებისა. ეს კი ძალიან ცოტა იყო ახალი, თვისობრივად უცნობი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად.

როტშილდები გათვლას სწორედ ამაზე აკეთებდნენ. მათ კარგად იცოდნენ ევროპელ პოლიტიკოსთა, ფინანსისტთა გარემოში არსებული განწყობილების შესახებ. ძმებმა ერთი საქმის წამოწყება განიზრახეს, როლები გადაინაწილეს. პირველი ამ დიდ ფინანსურ თამაშში გამოცდილი ნათანი ჩაერთო. მან თავისი პირველი თხუთმეტი მილიონი ფუნტი სტერლინგი ფრანგ დამპყრობელთან სისხლიან ბრძოლაში ომის პირველივე წლებში გამოიმუშავა. იგი საკვებს, დაბალი სინჯის ოქროს ნაპოლეონის მოწინააღმდეგეებზე ასაღებდა. იგი ამ საქონელზე ფასს ძალიან ფრთხილად უმატებდა. ნათანი მოკავშირეთა თვალში მესიას დაემსგავსა, რომელიც ზეციდან მხოლოდ იმიტომ დაეშვა, რომ მებრძოლ მოკავშირეებს დახმარებოდა. როტშილდის მიერ გაყიდული ოქროსა და პურის ფასი საბაზროსთან შედარებით რამდენჯერმე აღემატებოდა. თითქოსდა სიგიჟე იყო მოკავშირეთა მხრიდან როტშილდისაგან საქონელის შეძენა, როცა სხვებთან იგივე საქონელი გაცილებით უფრო იაფი ღირდა. საქმე არც ისე მარტივად იყო.

ჯერ კიდევ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ნათანმა და მისმა ძმებმა კარგად გააცნობიერეს ნაპოლეონის დამპყრობლური გეგმების უტოპიურობა. მათ უდიდესი ფინანსური დახმარება გაუწიეს ინგლისს, იტალიასა და რუსეთს. სესხი დიდი პროცენტით იქნა გაცემული. სამხედრო დანახარჯებისათვის კრედიტების გაცემა როტშილდებს იმისათვის დაჭირდათ, რომ პოლიტიკოსთა ნდობა, სახელმწიფო დამკვეთების თვალში ავტორიტეტი მოეპოვებინათ, რაც ძმებს ადვილად გამოუვიდათ. ფრონტზე იარაღის, ოქროსა და ხორბლის მიწოდების ათიდან ცხრა შემთხვევაში, ფრონტის მომარაგების კომისიის წევრები სწორედ როტშილდებს მიმართავდნენ. ფრონტზე ოქროსა და იარაღს ნათანი აგზავნიდა, პურსა და მარილს - ჯეიმსი სოლომონთან ერთად, ღვინოს - კარლოსი და ამშელი. რამდენიმე ასეთი სახელმწიფო დაკვეთის შესრულების შემდეგ, როტშილდებმა ყველა თავისი კრედიტი სრული მოცულობით დაიბრუნეს.

ძმების მიერ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი მოკავშირეებისათვის ახალი კრედიტების გაცემა იყო. პროცენტიანი სესხის მიღების იმედით როტშილდებს თორმეტი სახელმწიფოს მთავრობამ მიაკითხა! ძმები საკუთარ უზენაეს ყურადღებას პირველ რიგში იმ სახელმწიფოებს უთმობდნენ, რომლებიც სესხს უფრო დიდი პროცენტით მიღებას დათანხმდნენ. ამჯერად გაცემული კრედიტების მოცულობამ უწინდელს რამდენიმეჯერ გადააჭარბა, გირვანქა სტერლინგებზე გადაანგარიშებით 25 მილიონს გაუტოლდა. ომის დასრულების შემდეგ, ნაპოლეონთან დაპირისპირებაში გამარჯვებული სახელმწიფოების საერთო ვალმა როტშილდების იმპერიისადმი უკვე 70 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა!

ბიზნესმენი ძმების ყოველ გადადგმულ ნაბიჯს წინ უძღოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და გადამუშავება. მათ მიერ ორგანიზებული "საინფორმაციო სისტემა" უკვე 1815 წლისათვის 1500 სპეციალური კურიერისაგან შედგებოდა. ამ ადამიანების საქმიანობა ისე იყო აწყობილი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ხუთივე ძმა მნიშვნელოვან ინფორმაციას სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში იღებდა. ხშირად ეს ინფორმაცია თვით სახელმწიფო შეტყობინებებს უსწრებდა წინ. ასეთი ფართო აგენტურული ქსელის წარმატებით საქმიანობის ორგანიზება, ყველა ევროპული ქვეყნის საზღვრის გავლით, ჯეიმს იაკობ როტშილდმა მოახერხა.

მან შეიტყო, რომ ომის მიმდინარეობის პერიოდში, ყველა ევროპულმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საფოსტო მოსამსახურეებზე სასაზღვრო რეჟიმი არ ვრცელდებოდა. მათ არავინ ამოწმებდა. ეს ინფორმაცია ჯეიმსმა ძმებს სასწრაფოდ შეატყობინა. მათ იდეა მოეწონათ. რამდენიმე დღის შემდეგ, როტშილდის კურიერებმა ფოსტალიონთა სპეციალური ტანსაცმელი მოირგეს.

1815 წლისათვის ნაპოლეონის არმია უკვე სულს ღაფავდა. ნათან როტშილდმა გადაწყვიტა დიქტატორის სამხედრო ლაშქრობებისაგან მაქსიმალური სარგებელი მიეღო. ნათანი საბრძოლო მოქმედებების ადგილზე ბრძოლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ვატერლოოსთან ახლოს, კარტოფილის ველებზე გაემგზავრა. ამ ბრძოლამ მის თვალწინ ჩაიარა. როგორც კი ნათან როტშილდი დარწმუნდა,  რომ  ნაპოლეონი ბრძოლას წააგებდა,  მაშინვე ცხენით ბრიუსელისაკენ გაემართა (რომელიც დაახლოებით 15 კილომეტრით იყო დაშორებული). აქედან მეეტლემ იგი ოსტენდში ჩაიყვანა (დაშორება 110 კილომეტრი). იქ მან ნავი დაიქირავა. ინგლისის სანაპიროდან მკვდარ-ცოცხალმა როტშილდმა ლონდონისაკენ ცხენით გაქუსლა. მან იმდენი მოახერხა, რომ ოფიციალურ კურიერს დაასწრო,  რომელმაც იგივე გზის გავლას სამი დღე მოანდომა. ამის გამო, ვატერლოოსთან დასრულებული ბრძოლის შედეგების შესახებ, როტშილდის ბანკის ლონდონურმა ფილიალმა ინგლისის მთავრობაზე უფრო ადრე შეიტყო.

მას წინ ელოდა თავის ცხოვრებაში ყველაზე დაუჯერებელი საქმიანი გარიგება, რომელიც ისტორიაში "კარტოფილის სამხარის" სახელწოდებით შევიდა. იგი მშვენივრად აღწერა თავის გამოკვლევაში სათაურით "უხილავი ხელი" ამერიკელმა პოლიტოლოგმა და ისტორიკოსმა რალფ ეპერსონმა: "ვატერლოოდან დაბრუნების შემდეგ, ნათანი,მაშინვე ბირჟისაკენ გაემართა. ბანკირები ბრძოლის ველიდან ახალ ამბებს მოუთმენლად ელოდნენ. ვინ გაიმარჯვა? თუ ფრანგებმა, ეს კატასტროფის ტოლფასი იყო, მათ საბანკო აქციები სასწრაფოდ უნდა გაეყიდათ. მათ ნათანი ბირჟის დარბაზის კუთხეში ძალზე მოღუშული სახით დაინახეს, რაც ისე თარგმნეს, რომ მან საკუთარი თვალით იხილა როგორ დაამარცხა საფრანგეთმა ნაპოლეონის მეშვეობით ველინგტონი და ინგლისი".

ბანკირებმა სასწრაფოდ აქციების გაყიდვა დაიწყეს. მათი ფასი სწრაფად მცირდებოდა, ბირჟაზე პანიკა დაიწყო. ინგლისური, ავსტრიული, პრუსიული აქციები ყოველწუთიერად უფასურდებოდა. როტშილდის საიდუმლო აგენტებმა ეს აქციები ბითუმად შეისყიდეს. შემდეგ კი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ღირებულება ნულამდე დაეცა, რომელიც ნათანმა ერთბაშად შეისყიდა. იმის შესახებ, რომ ნაპოლეონმა ბრძოლა წააგო, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთი დღის შემდეგ შეიტყვეს. ფასიანი ქაღალდების ბევრმა მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო ნათანმა ამ ფინანსური ვატერლოოს შემდეგ 40 მილიონი (!) ფუნტი სტერლინგი იშოვა. ასეთი მოცულობის საქმიანი გარიგება ისტორიამ მანამდე არ იცოდა. ასი წლის შემდეგ, ნათან როტშილდის სახელი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მას ყველა დროისა და ხალხთა გენიალური ფინანსისტი უწოდეს!

როტშილდები დღეს

საბანკო საქმის ისტორიაში როტშილდების სახლი შევიდა არა მარტო როგორც ყველაზე ცნობილი, არამედ როგორც ყველაზე მსხვილი კერძო საბანკო სახლი, რომელსაც ოდესმე სამყარო იცნობდა. ამას ამტკიცებს თუნდაც მათ მიერ გაცემული სახელმწიფო სესხის მოცულობა. ასი წლის განმავლობაში, 1804-1904 წლების პერიოდში, როტშილდებმა მხოლოდ გაცემული სესხებიდან 1300 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღეს, რაც მაშინდელი გერმანული ფულადი სისტემის მიხედვით, 26 მილიარდ გერმანულ მარკას, თანამედროვე გადაანგარიშებით დაახლოებით 70 მლრდ გერმანულ მარკას უტოლდება. დღემდე ევროპულმა და ამერიკულმა ბანკებმა ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით, როტშილდების საბანკო სახლის დონეს ვერ მიაღწიეს. ამ გვარს ბევრი ცნებას "ფული" უკავშირებენ. ეს მართალიცაა, რადგანაც ისინი უპირველეს ყოვლისა, ბანკირები იყვნენ. მათ უზარმაზარი ქონების დაგროვება მოახერხეს, რომლის გამრავლებასაც მონდომებით ცდილობდნენ.

უახლესმა გამოკვლევებმა ისიც დაადასტურეს, რომ როტშილდები იმავდროულად, პოლიტიკოსებიც იყვნენ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის, მთლიანად ევროპის პოლიტიკაზე გავლენას ახდენდნენ, მოქმედებდნენ მხოლოდ საკუთარი მილიონების დასაცავად. ისინი მხარს უჭერდნენ სამეფო ტახტის წარმომადგენლებს; მონაწილეობდნენ მეფის დამხობაში; თავიდან იცილებდნენ ომის დაწყებას,  თუკი მათ მიერ გაცემულ სესხებს საშიშროება დაემუქრებოდათ; როტშილდები ათავისუფლებდნენ, ან ნიშნავდნენ ახალ, მათთვის მისაღებ მინისტრებს; ფულის დახმარებით მართავდნენ პარლამენტებს და გაზეთებს; აკოტრებდნენ ბანკებს, მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ ფინანსური ინსტიტუტის დამაარსებელთა ებრაულ წარმომავლობას; მონაწილეობას იღებდნენ ახალი ბანკების დაარსებაში, სადაც საკუთარი გავლენის დამკვიდრება სურდათ.

გაცემული სესხების პოლიტიკური გავლენის გაფართოებისათვის გამოყენების ბევრი მაგალითი მათი ფინანსური და საბანკო მოღვაწეობიდან კვლავაც შეიძლება გავიხსენოთ. ნაპოლეონ პირველის წინააღმდეგ დაფინანსებულმა ომებმა მისი ტახტიდან გადმოგდება გამოიწვია. ფრანკო-პრუსიული ომის შემდეგ (1870-1871 წლებში) უმოკლეს ვადებში რეპარაციის მიღებამ, როტშილდების მიერ განხორციელებულმა ტრანსფერტმა იმ დროისათვის უზარმაზარი თანხის, ხუთი მილიარდი (!) ფრანკის მოცულობით, საერთაშორისო სავალუტო კურსის მკვეთრი ცვლილების გარეშე გამოიწვია არა მარტო საფრანგეთის დაპყრობილი ტერიტორიების მოწინააღმდეგის ჯარისაგან გათავისუფლება, არამედ თვით ფრანგებს საკუთარი ღირსება შეუნარჩუნა. ეს ფინანსური ოპერაცია დღემდე მაღალი კლასის რანგში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

მხოლოდ როტშილდების საბანკო სახლს შეეძლო რამდენიმე საათის განმავლობაში ინგლისის პრემიერ-მინისტრ დიზრაელისათვის გამოეყო 3%-იანი სესხი 240 მილიონი გერმანული მარკის მოცულობით, თანაც ნაღდი ფულით, - სუეცის არხის აქციების შესაძენად. როგორი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ამ ტრანსაქციას, ჩვენი დღეების პოლიტიკაც კარგად მიუთითებს. როტშილდების, როგორც საბანკო სახლის გენიალურ დამაარსებლებზე მიუთითებს დღეს მოქმედი ავსტრიის ვაჭრობისა და მრეწველობის საკრედიტო ორგანიზაცია, რომელმაც ყველა, მათ შორის 1931 წლის ფინანსური კრიზისის დაძლევა შეძლო და დღემდე ავსტრიის ყველაზე მსხვილ ბანკად ითვლება.

როტშილდები საკუთარ პოლიტიკას სესხის გაცემის საკითხში საკუთარი გვარის წარმომადგენელთა გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, ინგლისში დასამკვიდრებლადაც კი იყენებდნენ. ერთ-ერთი, როტშილდი პირველი ებრაელი იყო,  რომელიც ინგლისის თემთა პალატის წევრი გახდა. ამავე გვარის წარმომადგენელი პირველი ებრაელი ლორდი გახდა, რომელიც ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი იყო. სწორედ როტშილდები იყვნენ ებრაელთაგან პირველნი, რომლებიც ვენისა და ბერლინის პარლამენტის ზედა პალატის წევრები გახდნენ. სწორედ როტშილდებს, როგორც ებრაელი ერის გამოჩენილ წარმომადგენლებს მიმართა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბალფურმა 1917 წლის 2 ნოემბერს (შემდგომში ცნობილია როგორც ბალფურის დეკლარაცია) პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნის შესახებ.

როტშილდებს ხანდახან იმასაც საყვედურობენ, რომ საქველმოქმედო მიზნებისათვის, განსაკუთრებით კი ებრაელთათვის მცირე თანხა აქვთ დახარჯული. მათ სახელს არ უკავშირდება ისეთი დიდი საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსება, როგორებიც თუნდაც კარნეგის, როკფელერის, ფორდის, ბოლო დროს კი ტისენთა ოჯახის წევრებმა შექმნეს. მათ არ ჩაუტარებიათ ისეთი დიდი საზოგადოებრივი ღონისძიება, როგორც კრუპისა და ფუგერის გვარის წევრებმა შეიძლება დაიკვეხნონ. სინამდვილეში მათ საქველმოქმედო მიზნებისათვის მილიონები უხმაუროდ გამოყვეს, რაც ფართო საზოგადოებაში ნაკლებად არის ცნობილი.

ამ მხრივ განსაკუთრებულად ვენასა და პარიზში მცხოვრები როტშილდები გამოირჩეოდნენ. ებრაელთა დასახლებების შესაქმნელად, მხოლოდ პალესტინაში მათ 70 მილიონი ფრანკი ოქროთი გამოყვეს, რაზედაც ისრაელის ქალაქებში, ქუჩების დასახელებებში აბრებზე შემორჩენილი მათი გვარი მეტყველებს. მშობლიურ ქალაქ ფრანკფურტში, დღემდე არსებობს სამი საქველმოქმედო დაწესებულება, რომელთა დაარსება სწორედ როტშილდების დინასტიის წევრებს უკავშირდებათ. ბარონ დე როტშილდმა (პარიზული შტო) რუსეთში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ებრაელების დარბევის თაობაზე რომ შეიტყო, ებრაული დასახლების, ერეც ისრაელის მშენებლობა დააფინანსა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მან სიონისტური მოძრაობის დაფინანსება დაიწყო, ხოლო 1929 წელს სოხნუტის საპატიო პრეზიდენტი გახდა. მის ანგარიშზეა 30 ახალი დასახლების მშენებლობის დაფინანსება მიწის 50 ათას ჰექტარზე.

ერთხელ, ჯეიმს როტშილდმა თქვა: "ჩვენი უმთავრესი სიმდიდრე - ჩვენი შვილებია". ამ მტკიცებულების ჭეშმარიტება საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგროვებულმა გამოცდილებამ დაადასტურა. მაიერ როტშილდის შთამომავლებმა არა მარტო თავისი წინაპრების დანატოვარი ქონება შეინარჩუნეს, არამედ მათი გამრავლება მოახერხეს. ფულის სახით, ეროვნული სავალუტო ნიშნებიდან ბიზნესმენთა, პოლიტიკოსთა მრავალი თაობისათვის თაყვანისცემის ღირსი სიმბოლო და ხატი შექმნეს. კულტურა, მეცნიერება, პოლიტიკა, ეკონომიკა, გეოპოლიტიკური პროცესები - ამ ყველაფერს,  კიდევ ბევრ რამეს არცთუ მცირე მასშტაბებით, როტშილდების გვარის წარმომადგენელთა უხილავი ხელი დღემდე აკონტროლებს.

"საბანკო იმპერატორთა" ოფიციალურ რეზიდენციებს ლონდონი და პარიზი წარმოადგენენ. სახელგანთქმული კლანის ბიზნესის საფუძველს წარმოადგენენ ისეთი ფინანსური იმპერიები, როგორებიცაა "ნათან მაიერ როტშილდი და ვაჟები", "როტშილდი და კომპანია" და "პარიზი-ორლეანს ჰოლდინგი".

1957 წელს, ჟენევაში, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა პარიზის როტშილდების წარმომადგენელთა ყველაზე უფროსი წარმომადგენელი, რომლის ერთადერთ ვაჟს, ედმონდს მამისაგან ერთი მილიარდი (!) გერმანული მარკის ქონება ერგო მემკვიდრეობად. 200 წლის განმავლობაში ასეთი მოცულობის ქონების დაგროვება და შენარჩუნება უკვე უიშვიათესი და უნიკალური მიღწევაა.

ამ  ცოტა ხნის წინ როტშილდების გვარი საყოველთაო ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა: ამ დინასტიის ფრანგულმა და ინგლისურმა შტოებმა საკუთარი ბიზნესის გაერთიანება გადაწყვიტეს. მათ ჰოლდინგურ კომპანიაში FamilyCo არსებული წილები გადაინაწილეს, ხოლო მართვას განახორციელებენ ბრიტანეთში და საფრანგეთში არსებული მათივე ბანკების მეშვეობით. ეს მოხდება უკვე არსებული ფინანსური სტრუქტურის, Paris-Orleans-ის მეშვეობით, რომელთა ფასიანი ქაღალდები პარიზის ბირჟაზეა გატანილი. ეს ფინანსური ინსტიტუტი დინასტიის ფრანგული შტოს მფლობელობაშია. აქამდე, ბანკების მართვას კომპანია Concordia BV ახორციელებდა, რომელიც 2003 წელს როტშილდების ფრანგული და ბრიტანული ბანკების გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ამ საქმიანი გარიგების შედეგად, Paris-Orleans-მა 446 მილიონ ევროდ როტშილდების ბრიტანული შტოს მფლობელობაში არსებული კომპანია Concordia BV აქციათა ნახევარი გამოისყიდა.

2003 წლიდან როტშილდების ბანკები მენეჯმენტის დონეზე გაერთიანდა. ამჟამად, FamilyCo-ს შექმნის შემდეგ, ამ კომპანიას გადაეცა Paris-Orleans-ის მფლობელობაში არსებული აქციათა პაკეტის 51%, რითაც გაერთიანება სააქციო დონეზე დასრულდა. ამ საქმიანი გარიგების დროს, Concordia-ში არსებული საკუთარი წილის სანაცვლოდ, როტშილდების ინგლისური შტოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, 75 წლის ეველინ როტშილდმა 200 მილიონი ევრო მიიღო და ამ ოჯახის საბანკო ბიზნესი დატოვა. ერთიანი ჰოლდინგური კომპანიის შექმნის შექმნის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ოჯახის ფრანგული შტოს მეთაური ბარონი გი დე როტშილდი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1909 წელს დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტის, შარლ დე გოლის უახლოესი მეგობარი.

1949 წელს გი დე როტშილდი ოჯახური საბანკო ბიზნესის მეთაური გახდა, თუმცა პოლიტიკიდან არ წასულა: 1960-1970 წლებში იგი დე გოლის მომხრე პარტიაში ერთ-ერთ გავლენიან ჩრდილოვან ფიგურად ითვლებოდა. 1981 წელს, საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ფრანსუა მიტერანმა როტშილდების ბანკის ნაციონალიზაცია გადაწყვიტა. გი დე როტშილდის 6 წლის დაუღალავი ბრძოლის შედეგად, ეს ბანკი უწინდელ მფლობელებს დაუბრუნდათ.

გაზეთ The Financial Times მიერ ამ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის სიდიდით მეორე ბანკი Bank of China (ჩინეთის უძველესი ბანკი, რომელიც 1912 წელს ბანკი თა Ching Government Bank-ის გარდაქმნის შედეგად შეიქმნა. ამ ბანკს მსოფლიოს 20 ქვეყანაში 500 ფილიალი აქვს გახსნილი. მისი საკუთარი კაპიტალი 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო სუფთა მოგებამ 2007 წლის შედეგების მიხედვით, 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა) როტშილდების ბიზნესის თანამონაწილე გახდა. ამ ბანკმა La Compagnie Financiere Edmond De Rothshild აქციათა 20% 330 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს კერძო ბანკი და კეთილდღეობის ფონდი როტშილდების დინასტიის ფრანგული შტოს საკუთრებაა, ხოლო ამ ბანკის საკონტროლო პაკეტი როტშილდების ოჯახური ჰოლდინგური კომპანია შაინტ-Honore Finance Company-ს ეკუთვნის.

როტშილდების დინასტიის საბანკო სახლი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ძლიერი კერძო ბანკი, რომელმაც თავისი ფინანსური სიძლიერით პრეზიდენტებს, მეფეებსა და შეიარაღებულ არმიებს აჯობა. კაპიტალის მეშვეობით, ისინი მართავდნენ პარლამენტს, პრესას, თავიდან იშორებდნენ კონკურენტებს, ათავისუფლებდნენ მათთვის მიუღებელ მინისტრებს, ნიშნავდნენ ახლებს, იცილებდნენ ომის დაწყების საშიშროებას. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისისათვის მათმა ქონებამ 15 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ამჟამად  ისინი ფლობენ ბანკებს, სამთომომპოვებელ, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს, სასახლეებს, ვენახებს და ხელოვნების ნიმუშთა კოლექციებს. ისინი ტრადიციების ერთგულნი არიან. ტრადიციად გადააქციეს ნოვატორობა და მოქნილი აზროვნება. ბარონის ტიტულის მინიჭების მიუხედავად, როტშილდები ებრაელებად დარჩნენ.

როტშილდების დინასტიის უცვლელი თანამგზავრი წარმატებაა - თანამგზავრი, რომელიც ჭირვეული და ცვალებადი ბუნებისაა. ისინი წარმატებას არასოდეს გამოდევნებიან, აკეთებდნენ საქმეს როგორც საჭირო იყო. თავის მხრივ, წარმატებაც მზად იყო და კვლავ მზად არის ამ დინასტიის წარმომადგენლებს მათ მიერ განხორციელებულ ყველა წამოწყებაში მუდმივი მეგზურობა გაუწიოს. არც თუ იშვიათად როტშილდებს ბრალს დებდნენ ჭუჭყიან თამაშის დაწყებაში, მაგრამ ამ თამაშის წესები მათ არ მოუფიქრებიათ. მათ სხვებზე უკეთესად შეისწავლეს და გამოიყენეს ეს წესები. მათ თავიანთი მოღვაწეობით,  მეფეთა,  მმართველთა პატივისცემა დაიმსახურეს და ისტორიაში შევიდნენ როგორც წარმატების სიმბოლო.

ვეფხია სამსონიძე