ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ენერგეტიკული თანამშრომლობა ოკუპანტთან
#4(20), 2008
რუსეთმა "ენგურჰესის" ხელში ჩასაგდებად პირველი ნაბიჯი გადადგა

"ენგურჰესი", რომელიც ექსპლუატაციაში 1978 წელს გაუშვეს, საქართველოს უმსხვილესი ელექტროსადგურია. მისი სიმძლავრე 1300 მეგავატია. საბჭოთა პერიოდში აგებული სადგური საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა აშენებული. ვარდნილჰესი, ენერგოაგრეგატები და მართვის პულტი გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარეობს, წყალსაცავი კი წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარშია. ენგურჰესის სრული დატვირთვით მუშაობა სეზონურ პერიოდზეა დამოკიდებული. წყლის სიმცირის გამო ზამთარში მცირე დატვირთვით მუშაობს, ხოლო წყალუხვობის დროს იმდენ ენერგიას გამოიმუშავებს, რომ დენი ექსპორტზეც კი გადის. მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება, "ენგურჰესი" ერთადერთი ადგილი იყო, სადაც საქართველოს და აფხაზეთის წარმომადგენლები ურთიერთშეთანხმებით ახდენდნენ ჰესის მართვას. ამ შეთანხმებით გამომუშავებული დენის 40% აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ქართულ მხარეს 60% რჩება. ჰესის მართვას დღემდე ქართული და აფხაზური მხარეები ერთობლივად ახორციელებენ.

საიდუმლო შეთანხმება

აგვისტოს ომის შემდეგ ძნელი სავარაუდო იყო, რუსეთს და საქართველოს საერთო ბიზნეს-ინტერესი ასე მალე თუ აღმოაჩნდებოდათ. მაშინ, როდესაც ხელისუფლება დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ყოველდღიურად ხმამაღლა საუბრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის გაფორმებაზე, ამავე დროს თურმე რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან გასაიდუმლოებულ რეჟიმში მართავდა თათბირებს.

საქართველოს ენერგოსისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის - სს "ენგურჰესის" მმართველობაში შესვლით რუსული სახელმწიფო კომპანია "ინტერ-რაო" დაინტერესდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან დაინტერესება აგვისტოს ომის დასრულებიდან ერთ თვეში გამოხატა, საბოლოოდ კი ქართულ-რუსული შეთანხმება დეკემბერში შედგა და მხარეებმა შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს. გარკვეული ხნის განმავლობაში ეს გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ ბოლო-ბოლო ხელისუფლებამ გაახმაურა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ.

საგანგებო პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ "საქართველოს და რუსულ კომპანია "ინტერ-რაოს" შორის "ენგურჰესის" თემაზე მემორანდუმი გაფორმდა. რუსულ "ინტერ-რაოსთან" დადებული მემორანდუმის თანახმად, "ენგურჰესის" მართვა რუსული და ქართული მხარის მიერ ერთობლივად განხორციელდება". ეს საკითხი მომენტალურად გახდა პოლიტიკური განხილვების მთავარი თემა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მემორანდუმი თურმე თბილისში, 28 დეკემბერს გაფორმდა და მას ხელი მოაწერეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა – ალექსანდრე ხეთაგურმა და კომპანია "ინტერ-რაოს" თავმჯდომარე ევგენი დოდმა. რუსული კომპანიის მიერ გავრცელებული ცნობით, ქართულ-რუსული მხარე შეთანხმდა, რომ ეფექტური ექსპლუატაციის მიზნით, ერთობლივად შეიმუშავებენ არანაკლებ ათწლიან პროგრამას.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შეთანხმების შესახებ დასმულ პოლიტიკურ კითხვებს ეკონომიკური კუთხით პასუხობენ. პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ხეთაგურმა მემორანდუმის გაფორმება სამი ძირითადი ფაქტორით ახსნა. მისი თქმით, ეს შეთანხმება ქართული მხარისათვის მომგებიანი იქნება ფინანსურადაც, "ენგურჰესის" უსაფრთხო მუშაობის და შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკული სისტემის გამართული მუშაობისთვის.

ენერგეტიკის მინისტრმა ფინანსური დეტალები დააზუსტა: ხეთაგურის თქმით, "ინტერ-რაო" თანახმაა გადაიხადოს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული დენის საფასური, რომელსაც "ენგურჰესი" გამოიმუშავებს და დღემდე საქართველოს ამ დენის მიწოდებისთვის აფხაზებისგან ერთი თეთრიც არ მიუღია. გაირკვა, რომ "ინტერ-რაო" "ენგურჰესისგან" ასევე იმ დაუკონტრაქტებელი ენერგიის შეძენასაც გეგმავს, რომელის გამომუშავებაც ჰესს წყალუხვობის პერიოდში შეუძლია. შესაბამისად, წყალი უქმად აღარ დაიღვრება და ამ დენის გაყიდვით საქართველო დამატებით 25 მილიონ ლარს მიიღებს.

ხეთაგური ასევე აცხადებს, რომ "ენგურჰესის" მართვაში შესვლის შემდეგ, "ინტერ-რაო" ასევე განახორციელებს რუსეთიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას თურქეთში. ტრანსპორტირების სქემაში საქართველოს ტერიტორია და "ენგურჰესი" ჩაჯდება. სწორედ ამ მარშრუტით ტრანსპორტირებამ ქართულ მხარეს დამატებითი შემოსავალი უნდა მოუტანოს.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, "ინტერ-რაო" თანახმაა ნაკისრი ვალდებულების შესრულების გარანტად საკუთარი აქტივები წარმოადგინოს. საქართველოში "ინტერ-რაოს" საკუთრებაა თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75%, "მტკვარი ენერგეტიკა" (მე-9 და მე-10 ენერგობლოკები "თბილსრესში"); ასევე ჰიდროელექტროსადგურები "ხრამი-1" და "ხრამი-2".

საქართველოს მთავრობაში ამტკიცებენ, რომ "ენგურჰესის" მართვაში რუსული "ინტერ-რაოს" შესვლა ქართულ ენერგეტიკას მნიშვნელოვნად წაადგება. თავის მხრივ კი რუსული საინფორმაციო წყაროები მიანიშნებენ ამ გარიგების შედეგად რუსული მხარისთვის სასურველი მიზნის მიღწევაზე. რუსი ექსპერტების შეფასებით, რუსული კომპანიისთვის უფრო ხელსაყრელია მმართველობაში შესვლა, ვიდრე "ენგურჰესის" წილი ნაწილობრივ ან მთლიანად რომ შეისყიდონ. მიზეზი მარტივია – "ენგურჰესის" სტატუსი კაი ხანი არ გაირკვევა.

სამაგიეროდ, მართვის დროს, "ინტერ-რაო" დიდ მოგებას ელოდება გამომუშავებული ენერგიის ექსპორტით. საუბარია როგორც კრასნოდარის მხარეზე, ასევე კავკასიის შავიზღვისპირა რეგიონზე. რუსული პრესის ცნობითვე, "ენგურჰესი" გათვალისწინებულია რუსეთის ენერგეტიკულ გეგმაშიც, რომელშიც შედის 2020 წლისთვის ენერგოობიექტების განაწილების სქემა. ამ გეგმის მიხედვით საუბარია ასევე 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის - "ცენტრალნაია-ენგურის" მშენებლობაც, რომელიც 2016-2020 წლებში უნდა ააშენონ. შესაბამისად, რუსული ენერგეტიკული კონტროლი "ენგურჰესის" მეშვეობით კიდევ უფრო გაიზრდება.

შეთანხმების პოლიტიკური მხარე

მაშინ, როდესაც საქართველომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაადანაშაულა რუსეთი აგვისტოს ომის პროვოცირებაში, შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში და პარლამენტმაც მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", "ენგურჰესის" მართვაში რუსული სახელმწიფო კომპანიის შესვლამ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მომენტალურად გამოიწვია ხმაური. მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრმა მემორანდუმის გაფორმების შესახებ გააკეთა განცხადება, ოპოზიციას ვინ დაეძებს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც გაოცებულები დარჩნენ. ჯერ რაც ცნობილია, მხოლოდ ის არის, რომ სს "ენგურჰესის" აქციათა 100% დარჩება საქართველოს საკუთრებაში.

"რაც შეეხება ერთობლივ მართვას, ეს იქნება ერთობლივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება პარიტეტულ პრინციპზე. ჩვენი და "ინტერ-რაოს" წარმომადგენლების მიერ. "ენგურჰესის" ამჟამინდელი მენეჯმენტი და პერსონალი გააგრძელებს იქ მუშაობას", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კითხვაზე, თუ როგორ გადაიხდის რუსეთი აფხაზეთის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, ენერგეტიკის სამინისტროს პასუხობს, რომ მოხმარებული დენის საფასურს დაფარავს არა რუსეთი, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ენერგოკომპანია. აფხაზეთში დენს აფხაზური "ჩერნომორენერგო" ანაწილებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავის მხრივ "ჩერნომორენერგოს" სურს მეტი ელექტროენერგია მიიღოს, ვიდრე აქამდე ღებულობდა. აფხაზურ მხარეს იმედი აქვს, რომ რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო, მას შემდეგ დაიწყება აფხაზეთში ინვესტიციების ჩადება, შესაბამისად ამუშავდება საწარმოები და ელექტროენერგიის მოხმარებაც გაიზრდება.

სანამ ქართული და რუსული მხარეების საბოლოო ხელშეკრულებას გააფორმებენ, მანამდე არსებული მემორანდუმია დაპირისპირების თემა. დეპუტატი პაატა დავითაია, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე იყო, კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსული კომპანიის შემოსვლას.

დავითაია ხელისუფლებას ადანაშაულებს მემორანდუმის ფარულად გაფორმებაში და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "ინტერ-რაოსთან" ხელშეკრულების გაფორმება ჩაიშალოს. დავითაიასთვის გაუგებარია, რატომ  უნდა განახორციელოს "ენგურჰესის" მართვა რუსულმა კომპანიამ. "ვერ გავიგე, თუ რუსეთთან ომი გვაქვს, ომი იყოს... თუ ენერგეტიკას მათ ვაბარებთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი!"

მემორანდუმის გაფორმება გააპროტესტა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ. მისი თქმით, პარლამენტს მიღებული აქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და "ინტერ-რაოს" შემოსვლით ეს კანონი ირღვევა. უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა მოკლედ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით კანონი არ ირღვევა და აღნიშნული მემორანდუმი უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგებას. მემორანდუმის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმაც გამოთქვა აზრი.

გაზეთ "24 საათთან" მიცემულ კომენტარში დარჩიაშვილი აღნიშნავს: "თუ აღმოჩნდება, რომ არ არსებობდა სხვა გზა და სხვა გამოსავალი იმისთვის, რომ "ენგურჰესს" გამართულად ემუშავა, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში ჰესის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, მაშინ ამ უსიამოვნო დროებითი გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა გამართლებულია, რადგან რუსეთთან ომის (არა პირდაპირი მნიშვნელობით) ბოლომდე მისაყვანად, ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგიაც, ეკონომიკაც, სამუშაო ადგილებიც. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების შესაფასებლად მჭირდება დამატებითი დეტალების გაგება".

მემორანდუმის გაფორმების წინა სიტუაცია

აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ რეალურად გაჩნდა საფრთხე, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებების შემდეგ შესაძლოა ენერგეტიკულ მოქმედებებზე გადასულიყო. აფხაზური მხარისგან რამდენჯერმე მოხდა მინიშნება, რომ აფხაზური მხარე აპირებდა "ენგურჰესის" საპრივატიზაციოდ გატანას. თუმცა, პრივატიზებას მაშინ საქართველოს ხელისუფლებაც გამორიცხავდა და ექსპერტებიც. ჩვენ დავინტერესდით, რა მდგომარეობა იყო "ენგურჰესზე" და ენერგეტიკის სამინისტროს მივმართეთ. ინტერვიუზე უარი და გაგზავნილ კითხვებზე მოკლე პასუხები მივიღეთ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ნიკოლაიშვილმა გვაცნობა, რომ ენგურჰესზე 5 აგრეგატიდან ფუნქციონირებს ოთხი აგრეგატი: #1, #2, #3 და #5. რაც შეეხება #4 აგრეგატს, ამჟამად მიმდინარეობს მისი სრული რეაბილიტაცია ისე, როგორც ეს შესრულდა #2 და #3 აგრეგატებზე. მისი ფუნქციონირების განახლება დაგეგმილია 2009 წლის მაისში. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს ქართული მხარე. კონტრაქტორების რანგში სამუშაოებს ახორციელებს ფირმები "სიმენსი", "ზაპოროჟტრანსფორმატორი",  "საქენერგორემონტი", "საქჰიდროენერგომშენი" და სხვა.

რაც შეეხება ენგურჰესის ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას, სამინისტროს ინფორმაციით შენარჩუნებულია ომამდელი მდგომარეობა. "ელექტროსადგურს ექსპლუატაციას უწევენ ქართველი სპეციალისტები, რომლებიც ჯერჯერობით უპრობლემოდ გადაადგილდებიან ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ინფორმაცია თითქოსდა ქართველ თანამშრომლებს აიძულებდნენ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებოდათ მუშაობის გაგრძელება, არ დასტურდება".

ენერგეტიკის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ აფხაზური მხარე საბოტაჟზე ვერ წავა, რადგან თუ "ენგურჰესი" გაჩერდება, მაშინ ვერც აფხაზური მხარე მიიღებს რამეს.

ჩვენ ვესაუბრეთ ექსპერტს ენერგეტიკის საკითხებში – გია ხუხაშვილს. მისი თქმით, როგორც აფხაზურ, ისე ქართულ მხარეს აქვს ბერკეტი, რომ შეუთანხმებლობის შემთხვევაში "ენგურჰესი" არაფუნქციონირებადი გახადოს. ეს კი ორივე მხარეს დააზარალებს. შესაძლო საფრთხეებზე საუბრისას ექსპერტმა განაცხადა, რომ არც ის იქნება გასაკვირი, აფხაზურ-რუსულმა მხარემ მთლიანად საკუთარ კონტროლს რომ დაუქვემდებაროს ეს მნიშვნელოვანი ენერგოობიექტი. საქართველოს მიმართ სავარაუდო საბოტაჟის შემთხვევაში აფხაზურ მხარეს შეუძლია რამდენიმე მიმართულებით მოქმედება:

"აქ არის ორი სცენარი: მთლიანად კონტროლის ქვეშ აიყვანონ "ენგურჰესი". ანუ, აქეთა მხარეც, სამეგრელოში მდებარე ნაწილიც იარაღის ძალით დაიკავონ, რაც რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე არავის გაუკვირდება. ან, მეორე ვარიანტია, რომ "ენგურჰესი" გაჩერდეს და აფხაზეთი მომარაგდეს რუსეთიდან. მათ ენერგოსისტემას აქვს ამის საშუალება. ჩვენ კი ამით სერიოზული პრობლემები შეგევქმნება".

ზამთრის წინა პერიოდში ენერგეტიკის სამინისტროში მტკიცედ აცხადებდნენ, რომ ზამთარში საქართველოს ენერგომომარაგებაში პრობლემა არ შეიქმნებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აფხაზური მხარე "ენგურჰესის" გაჩერებას შეძლებდა, ქვეყანა ალტერნატიული წყაროებიდან უწყვეტ დენს მიიღებდა. ასეთი ალტერნატივის მონახვა სინამდვილეში არც ისე იოლია. წლიურად, მთელ ენერგობალანსში "ენგურჰესის" გამომუშავებული დენი 30%-ს აჭარბებს.

ალტერნატიული წყაროს მონახვა გია ხუხაშვილს შესაძლებლად მიაჩნია, თუმცა ეს წყარო იქნება ბევრად ძვირი, ვიდრე "ენგურჰესზე" გამომუშავებული ელექტროენერგია. საუბარია თბოელექტროსადგურებში დენის გამომუშავებაზე და ასევე მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტზე, რაც ქვეყანას ასევე ბევრად ძვირი დაუჯდება.

გია ხუხაშვილი კატეგორიული წინააღმდეგია ქართულ ენერგოსისტემაში რუსული კაპიტალის შემოსვლის. მისი თქმით, ეს არის ის ბერკეტი, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ უეჭველად გამოიყენებს, თუ ოდესმე დასჭირდა.

"რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც ბიზნეს-მოტივაციებით მოქმედებს. რუსეთს თუ დაჭირდა, ამ ბერკეტის ამუშავება, აუცილებლად აამუშავებს. მას აქვს ყველა მექანიზმი იმისა, რომ ფორს-მაჟორი შექმნას, იტყვიან, ავარია მოხდაო. იგივე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ვისი კონტროლის ქვეშ არის? რუსეთს აქვს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ინტერესები, ტანკებზე ბევრად უფრო ეფექტური ინსტრუმენტი 21-ე საუკუნეში გახლავთ ეკონომიკა და ენერგეტიკა. მთელი მსოფლიო საუბრობს და რატომ ფიქრობს ევროპა გაძლიერებულ უსაფრთხოებაზე? იმიტომ, რომ რუსეთი ენერგეტიკას იყენებს პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებად. თბილისში  ჯერ არ დაჭირვებიათ და იმიტომ არ გაგვითიშეს დენი. როცა დაჭირდებათ, მაშინ გათიშავენ", - დარწმუნებულია გია ხუხაშვილი.

სანამ რუსეთთან მემორანდუმის გაფორმება გახდებოდა ცნობილი, გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ყველაზე უკეთესი გამოსავალი "ენგურჰესის" მართვაში მესამე მხარისთვის გადაცემა იქნებოდა. "თუ ასეთი მესამე მხარე ისევ რუსეთი იქნა, ეს იქნება ძალიან სასაცილო. ეს მხარე უნდა იყოს ნეიტრალური, რომელსაც არა აქვს არანაირი პოლიტიკური ინტერესი; ან, იყოს ერთობლივი მენეჯმენტი, რაც ისედაც ხორციელდება".

აფხაზები - თამაშგარე მდგომარეობაში?

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განმარტა, რომ "ენგურჰესის" 100% რჩება საქართველოს საკუთრებაში და ასევე ის ელექტროენერგია, რაც აფხაზებს უფასოდ მიეწოდებოდათ, ახლა უკვე ანაზღაურდება. მინისტრის განცხადებით, სამ-სამი წევრით დაკომპლექტდება სპეციალური მმართველი საბჭო, რომლის შემადგენლობაში სამი წევრი შევა საქართველოდან. მმართველი ასევე დაინიშნება საქართველოს მხრიდან და ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ მემორანდუმის გაფორმება იმ კუთხითაც გააპროტესტეს, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის ნაცვლად საქართველო მესამე მხარეს – ოკუპანტ ქვეყანას ელაპარაკება. თავის მხრივ, სავარაუდოდ, აფხაზური მხარეც უკვე ხედავს, რუსეთმა რომ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.

ქართულ-რუსული შეთანხმების შესახებ აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა გაკვირვება გამოხატეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზური ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგოს" დირექტორი რეზო ზანთარია ამბობს, რომ კაშხალის "ინტერ-რაოსთვის" გადაცემის წინააღმდეგი არ წავა, მაგრამ აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსებულ აგრეგატებს აფხაზური მხარე არავის მისცემს. ჯერჯერობით ისე ჩანს,  რომ მემორანდუმი ქართულ და რუსულ მხარეებს შორის გაფორმდა, აფხაზური მხარის პოზიცია კი რუსეთს თითქოს ნაკლებად ადარდებდა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პაატა დავითაია ვარაუდობს, რომ ნელ-ნელა "ენგურჰესი" რუსეთის ხელში გადავა. "ენგურჰესის" შესახებ თავისი აზრი გამოხატა "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ეს არის დანაშაული აფხაზეთის მიმართ – "ჩვენ თუ ვაპირებთ, რომ ამ რეგიონთან ჩვენი ურთიერთობები ოდესმე დავარეგულიროთ, არ შეიძლება აფხაზეთს თავისი ნაწილი დენი წავართვათ და რუსებს გადავცეთ".

აფხაზეთის დე-ფაქტო მმართველმა სერგეი ბაღაფშმა მზადყოფნა გამოხატა "ინტერ-რაოსთან" მოლაპარაკებებზე, თუმცა განაცხადა, რომ ხელს არ მოაწერენ ისეთ დოკუმენტს, რომელმაც შეიძლება აფხაზეთის ინტერესები დააზარალოს. მისი თქმით, ენერგეტიკა აფხაზეთის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

ბაღაფშმა ასევე გაკვირვება გამოხატა "ინტერ-რაოსა" და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმების გამო. "საქართველოს შეუძლია გააკეთოს განცხადებები, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტის მფლობელია,  მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. "ენგურჰესი" ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს და ჩვენს ზურგს უკან ხელმოწერილ არანაირ დოკუმენტს და შეთანხმებას, სადაც ჩვენი ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული, არანაირი ძალა არ ექნება", - ამბობს სერგეი ბაღაფში.

პარლამენტში მისულმა ენერგეტიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მემორანდუმის თანახმად "ენგურჰესის" აქციათა 100% დარჩება საქართველოს საკუთრებაში; ერთობლივი მართვის მიზნით შეიქმნება პარიტეტულ საწყისზე დაფუძნებული ერთობლივი საბჭო; "ინტერ-რაო" გადაიხდის იმ ელექტროენერგიის საფასურს, რომლის მიწოდებაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ ჰესის საშუალებით ხდება; ზაფხულში, ჭარბი წყლის არსებობის პერიოდში, ჰესის დაუკონტრაქტებელ ენერგიას შეიძენს "ინტერ-რაო"; "ინტერ-რაო" განახორციელებს ტრანზიტს რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით.

სატარიფო პოლიტიკა დარჩება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში. ენერგეტიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ერთობლივად შექმნილი მმართველთა საბჭო ვერ შეცვლის ჰესის მენეჯმენტს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში. მმართველი საბჭო და მმართველი კომპანია ვერანაირად ვერ განკარგავს "ენგურჰესის" ქონებას.

"აგვისტოს მოვლენების შემდეგ სეპარატისტებს გაუჩნდათ მოთხოვნა, რომ "ენგურჰესი" მათი საკუთრებაა. გაფორმებული მემორანდუმი კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ "ენგურჰესი" საქართველოს საკუთრებაა და ჩვენი საკუთრების საყოველთაო აღიარებას წარმოადგენს", - აცხადებს ალექსანდრე ხეთაგური.

იმედიანად უყურებს "ენგურჰესში" რუსულ მხარესთან თანამშრომლობას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია. მისი თქმით, "ენგურჰესის"  დირექტორს ქართული მხარე დანიშნავს, ასევე, ჰესზე განხორციელებული ნებისმიერი საკადრო ცვლილება თბილისის მხრიდან იქნება მიღებული და რაც ყველაზე მთავარია, "ენგურჰესზე" მომუშავე არცერთი ადამიანი სამუშაო ადგილს არ დაკარგავს.

როგორც ბოლო მომენტისთვის გახდა ჩვენთვის ცნობილი, "ინტერ-რაოს" წარმომადგენლები აფხაზეთში ჩავიდნენ და დე-ფაქტო მთავრობასთან გამართეს მოლაპარაკება. პაატა დავითაია კი აცხადებს, რომ რუსები აპირებენ ხელშეკრულება ასევე აფხაზებთან გააფორმონ და "ენგურჰესი" სოხუმში დაარეგისტრირონ. დავითაია აცხადებს, რომ საქმე გვაქვს აფხაზურ-რუსულ შეთქმულებასთან და "ენგურჰესის" საკუთარ ნებაზე მართვის მცდელობასთან.
პაატა დავითაია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, "ინტერ-რაოსთან" ხელშეკრულება არ გააფორმოს.

"ეს იქნება ქვეყნის უსაფრთხოების ღალატი და აუცილებელია მესამე მხარის ჩართვა", - განაცხადა დავითაიამ და მესამე მხარედ ევროკავშირის წარმომადგენლები ან რომელიმე უცხოური კომპანია დაასახელა, რათა ქართულ მხარეს საერთაშორისო სასამართლოებში გასაჩივრების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს "ინტერ-რაოსთან" გასაფორმებელი ხელშეკრულების დედნის გაცნობა. ასეთი რამე კი ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია. მემორანდუმის ტექსტის ფრაგმენტები საზოგადოებამ აქამდე მხოლოდ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ზეპირი განცხადებებით გაიგო. ასე რომ, სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის უფრო მეტის გაგება, ვიდრე ოფიციალურად გაცხადდა, ჯერჯერობით შეუძლებელია.

ჩვენი პოზიცია

ენგურჰესთან დაკავშირებით ინფორმაციის ისეთი არასრულობის პირობებში, როგორშიც აღმოვჩნდით, ძალიან ძნელია ცალსახა პოზიციის დაფიქსირება. როგორც ყველა ქართველს, ჩვენც ძალიან გვაფიქრებს ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსთვის "ენგურჰესის" მმართველობის თუნდაც ნაწილობრივი გადაცემა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო და საქართველოს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა (ცხადია, შესაბამისი დეტალები არ ხმაურდება და ალბათ არც არასდროს გახმაურდება). მართალია, ძალიან საწყენია, რომ კვლავ რუსული სახელმწიფო კომპანიის და შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლების კეთილ ნებაზე მოგვიწევს ყოფნა, მაგრამ, როგორც ამბობენ, "ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო".

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც გია ხუხაშვილმა გვითხრა და რასაც ჩვენც სავსებით ვიზიარებთ, რუსეთს "ენგურჰესის" დაკავება საკუთარი სამხედრო ძალითაც შეუძლია (რა, სინდისი დაუშლის, საბაბს ვერ მოძებნის თუ ძალა არ ეყოფა? მსოფლიოს "აღშფოთება" რომ არ ადარდებს, ეს აგვისტოში ყველამ კარგად დავინახეთ). ახლა მთავარი ამოცანაა ისეთი ღონისძიებების გატარება და სახელშეკრულებო პიროების დადება, რომ ნაწილობრივ რუსეთის ხელში ჩაგდებული "ენგურჰესი" მათ ხელში მთლიანად არ აღმოჩნდეს.

თემურ იობაშვილი