ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
ნავთობზე დაბალი ფასები - რუსეთის "დაშოშმინების" საშუალება
#4(20), 2008
ბოლო წლებში ნავთობზე ფასები თავბრუსდამხვევი სისწრაფით იზრდებოდა, რაც უკანასკნელ თვეებში ფასების ასევე მკვეთრი შემცირებით შეიცვალა. ფასების შემცირება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და, შესაბამისად, ნავთობის მოხმარების მკვეთრი შემცირების შედეგია. თუმცა, ამასთან ერთად, ექსპერტები ხშირად ასახელებენ პოლიტიკურ მოტივსაც - ნავთობზე ფასების შემცირებით დასავლეთი რუსეთის "დაშოშმინებას" ცდილობს.

მზარდი ფასები ენერგომატარებლებზე - რუსეთის აგრესიულობის ფინანსური საფუძველი

"დერჟავას აღდგენის მცდელობა" - ასე შეიძლება დახასიათდეს პუტინ-მედვედევის პოლიტიკის არსი, რომელიც წლების მანძილზე ხორციელდება და რომლის "მწვერვალადაც" 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას მიიჩნევენ. ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსის განცხადებით, "8 აგვისტო" ისეთივე საეტაპო მნიშვნელობისაა თანამედროვე მსოფლიოსათვის, როგორც თავის დროზე "11 სექტემბერი" იყო. ამ დღემ, თურმე, ყველას დაანახა, რომ რუსეთი მზადაა ირაღით დაიცვას თავისი ინტერესები იმ არეალში, რომელსაც თავის "გავლენის სფეროდ" მიიჩნევს.

რუსეთში "დერჟავას" ნოსტალგია ადრეც არსებობდა და საბჭოთა კავშირის დაშლას ბევრი დიდ ტრაგედიად მიიჩნევდა, მაგრამ ელცინის მმართველობის წლებში რუსეთს ნაკლებად შეეძლო თავის იმპერიულ ამბიციებზე ზრუნვა. შემდგომ, ენერგომატარებლებზე ფასების სწრაფი ზრდა აღმოჩნდა ის მატერიალური საფუძველი, რამაც ხელი შეუწყო რუსეთის იმპერიული ამბიციების აღორძინებას და მის პრაქტიკული მოქმედების სიბრტყეში გადატანას.

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა საინტერესო კვლევა ჩაატარა: ერთმანეთს შეადარა საერთაშორისო არენაზე რუსეთის ველიკოდერჟავულ-აგრესიული ქმედებების და ენერგომატარებლებზე ფასების დინამიკა  და დააფიქსირა მათ შორის მეტად თვალსაჩინო კავშირი - ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას ყოველთვის თან ახლდა რუსეთის საგარეოპოლიტიკური აქტივობის ზრდაც და პირიქით, ფასების შემცირება რუსეთს უფრო "თვინიერს" ხდიდა.

როგორც დღეს ამბობენ, დასავლეთმა თავის დროზე წინააღმდეგობა არ გაუწია რუსეთის მიერ იმ დამატებითი შემოსავლების მიღებას, რაც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას მოჰქონდა. ვარაუდობდნენ, რომ ამ თანხებს რუსეთი გამოიყენებდა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის ზრდისათვის. თუმცა ეს ვარაუდი უსაფუძვლო აღმოჩნდა. მზარდი შემოსავლები გამოყენებული იქნა ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცებისა და არმიის მოდერნიზებისათვის. "დერჟავას" აღორძინებას ემსახურება ასევე რუსეთის "სატრანზიტო პოლიტიკაც", როდესაც ნავთობისა და გაზის ტრანზიტი რუსეთის გავლით უნდა ხორციელდებოდეს და "ენერგეტიკული ბერკეტების" გამოყენებაც მეზობელი ქვეყნების თუ ევროკავშირის წინააღმდეგ.

ნავთობზე ფასების მკვეთრი შემცირება, ცხადია, რთული პრობლემების წინაშე აყენებს ყველა ნავთობმომპოვებელ ქვეყანას და მათ შორის რუსეთსაც. მას მოუწევს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კორექტირება ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით.

თუმცა, რუსეთი ჯერჯერობით ამბიციური პროექტების განხორციელებას გეგმავს თავისი სამხედრო ძლიერების ასამაღლებლად. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის განცხადებით, რუსეთის არმია რეფორმების განხორციელების შემდეგ მზად უნდა იყოს ერთდროულად მინიმუმ სამ რეგიონულ და ლოკალურ კონფლიქტში ომისათვის. აქამდე რუსეთი მზად უნდა ყოფილიყო ერთ რეგიონულ კონფლიქტში და ერთ ომში ერთდროულად მონაწილეობისათვის.

რეფორმის საკვანძო მიზნებს შორის მინისტრმა დაასახელა ბრძოლისუნარიანი მობილური მაქსიმალურად შეიარაღებული არმიისა და ფლოტის შესაქმნელად სამ რეგიონულ და ლოკალურ კონფლიქტებში მონაწილეობისათვის. სააგენტო "რეგნუმის" მიერ გამოკითხული რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის, სადაც არსებობს რეგიონული კონფლიქტების საფრთხე, შედის კავკასია და შუა აზია. მესამე მიმართულების თაობაზე კი ექსპერტთა პროგნოზები განსხვავებული აღმოჩნდა: დაახლოებით ნახევარი ასახელებდა შორეულ აღმოსავლეთს (კორეა), მეორე ნახევარი კი შავიზღვისპირეთს (ყირიმი).

2009 წელს ნავთობზე მაღალ ფასებს არ უნდა მოველოდეთ

2009 წელს გაგრძელდება მსოფლიო კრიზისი, რაც ნავთობზე ფასების გაზრდას ნამდვილად არ უწყობს ხელს და რაც მთავარია, ნავთობზე დაბალი ფასების შენარჩუნება დასავლეთის პოლიტიკის ნაწილი იქნება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ნოემბერში ბაქოში გამართული ენერგეტიკული სამიტის მონაწილე ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, გულახდილობა გამოიჩინა და აღნიშნა, რომ ნავთობზე ფასების დაცემა რუსეთს უკავშირდება..

"ნავთობზე ფასის შემცირება გაგრძელდება. თუ რატომ ხდება ეს, ამის თაობაზე ჩვენ კი არა, რუსეთს კითხეთ. ჩვენ ერთ რამეში დავრწმუნდით: რაც უფრო მეტ ფულს იღებს რუსეთი, მით უფრო მეტი ამბიცია უჩნდება მას. ამიტომ გადაწყდა ცოტათი აჩვენონ რუსეთს, რომ მას ყველაფრის უფლება არ აქვს", - აღნიშნა დიპლომატმა. მისი სიტყვებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ასევე მხარს უჭერს ამ ტაქტიკას და ნავთობზე მაღალ ფასს არ უნდა ველოდოთ 2009 წელს. კითხვაზე, თუ როგორ აკეთებს აშშ ამას, დიპლომატმა აღნიშნა, რომ არის რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის "მჭიდრო მუშაობა" პარტნიორ ქვეყნებთან, ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.

ამავე დროს, ინკოგნიტოდ დარჩენილი დიპლომატის თქმით, ნავთობზე ფასი არ დაეცემა 40 დოლარზე დაბლა. თუმცა, ყველაფერი მაინც რუსეთის ქცევაზეა დამოკიდებული. თუკი რუსეთი არსებულ პოლიტიკას გაატარებს, ნავთობზე ფასი შეიძლება კიდევ უფრო დაეცეს. "ჩვენი მიზანია არა რუსეთის დასჯა, არამედ მისთვის იმის ახსნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში არ ღირს ასეთი ქცევა", - აღნიშნა დიპლომატმა.

იგივე აზრის არიან აზერბაიჯანელი პოლიტოლოგებიც. "ექოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ოქტაი სადიხზადე აღნიშნავს, რომ დასავლეთი დიდხანს ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ მოეხდინა გავლენა რუსეთზე, რათა აეძულებინათ შეეცვალა ის საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა, რასაც ოფიციალური კრემლი მთელ "აღმოსავლეთ პერიმეტრზე" ახორციელებს (იგულისხმება ევროპის "აღმოსავლეთი პერიმეტრი").

"ამაში არის თავისი ჭეშმარიტების მარცვალი. რამდენად მოახერხებენ ამას დასავლეთის ეკონომიკური ინსტიტუტები, მოცემულ მომენტში ამის პროგნოზირება ძალზედ ძნელია", - აღნიშნავს ოქტაი სადიხზადე. ნავთობზე დაბალი ფასების შენარჩუნება, ექსპერტის აზრით, საკმაოდ რთული ამოცანაა.  ამავე დროს ეს ასევე ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ინტერესებს. აზერბაიჯანი, როგორც ნავთობწარმოებელი ქვეყანა, რუსეთის მსგავსად დაინტერესებულია ნავთობზე ფასების ზრდით.

70 აშშ დოლარი ბარელზე - რუსეთისათვის არაწამგებიანი ფასი

3 დეკემბერს ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა (აშშ) გამოაქვეყნა ის სავარაუდო ფასები 2009 წლისათვის, რომლის დაბლაც ნავთობის რეალიზება მათთვის წამგებიანი იქნება. ესაა: ბარელზე 36 აშშ დოლარი არაბთა გაერთიანებული ემირატისათვის, 38 დოლარი კატარისათვის, 48 დოლარი კუვეიტისათვის, 51 დოლარი საუდის არაბეთისთვის, დაახლოებით 90 დოლარი ირანისთვის. რუსეთისათვის ნავთობის არაწამგებიანი ფასი მსოფლიო ბაზრებზე ფასდება 70 დოლარად ბარელზე.

ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ამცირებენ ნავთობის მოპოვებას, რათა შეინარჩუნონ ნავთობის ფასი ბარელზე 50 დოლარის დონეზე 2009 წლის პირველ კვარტალში და თანდათანობით აამაღლონ მომდევნო თვეებში 65 დოლარამდე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2009 წელს საშუალოდ 55,6 დოლარი იქნება.
ნავთობმწარმოებელი ქვეყნები საექსპორტოდ გატანილ ნავთობს გარკვეულ ფასად ვარაუდობენ, რის საფუძველზე გათვლილ შემოსავალსაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში დებენ. თუკი ნავთობზე ფასები გაიზრდება, ეს დამატებით შემოსავლებს მოუტანს ბიუჯეტს, ნავარაუდევზე დაბლა შემცირება კი ბიუჯეტს დაგეგმილ შემოსავლებს აკლებს.

სავალუტო ფონდის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეგიონის ქვეყნებისათვის ბიუჯეტის დაუზარალებლობის საშუალო მაჩვენებელი 57 დოლარია ბარელზე. ქვეყნების მიხედვით კი აზერბაიჯანზე მეტი "სიმტკიცის მარაგი" რეგიონის ქვეყნებიდან აქვს მხოლოდ არაბთა გაერთიანებულ ემირატებს (23 დოლარი ბარელზე), კატარს (24 დოლარი ბარელზე) და კუვეიტს (33 დოლარი ბარელზე). უფრო ნაკლები "სიმტკიცის მარაგი" აქვთ ლიბიას (47 დოლარი ბარელზე), საუდის არაბეთს (49 დოლარი ბარელზე) და ყაზახეთს (59 დოლარი ბარელზე). ამ ქვეყნებს ნავთობზე არსებული ფასები ჯერჯერობით არ აზარალებს. რაც შეეხება ერაყს (111 დოლარი ბარელზე), ირანს (90 დოლარი ბარელზე), ბაჰრეინს (75 დოლარი ბარელზე) და ომანს (77 დოლარი ბარელზე), მათ ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვთ ნავთობზე ფასების შემცირების გამო. აზერბაიჯანის ბიუჯეტის დაზარალება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუკი ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარზე დაბლა ჩამოვა.

ნავთობზე ფასების შემცირების პირობებშიც რუსეთი გააგრძელებს ბრძოლას ნავთობის სატრანზიტო მარშრუტებისათვის. მაგალითად, რუსეთი აზერბაიჯანისგან კვლავ მოითხოვს ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების წელიწადში 5 მილიონ ტონამდე გაზრდას. აზერბაიჯანში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლის იური შჩედრინის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი მხოლოდ აზერბაიჯანული ნავთობით შეივსოს და მას არ შეერიოს სხვა ნავთობი, რის გამოც მისი ღირებულება მცირდება. "იმის გამო, რომ ამ ნავთობსადენმა ნორმალურ რეჟიმში იმუშაოს, აზერბაიჯანმა უნდა გამონახოს 5 მლნ ტონა ნავთობი", - აღნიშნა შჩედრინმა.

2008 წლის 11 თვის განმავლობაში ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენით გადატუმბული იქნა 1 მილიონ 303 ათასი ტონა ნავთობი, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიას ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია 2008 წლის თებერვლიდან არის მილსადენის აზერბაიჯანის მონაკვეთის მესაკუთრე.

ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენი აზერბაიჯანული ნავთობის საექსპორტოდ 1997 წლიდან გამოიყენება, მაგრამ საშუალო ყოველწლიური ექსპორტი 2,5 მილიონ ტონას არ აღემატება. ადრე აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიამ შესთავაზა რუსეთს ნება დაერთო, რათა მილსადენი გამოეყენებინათ იმ ნავთობის საექსპორტოდაც, რომელიც აზერბაიჯანში არ იყო მოპოვებული.
ექსპერტთა განცხადებით, ახლანდელ მსოფლიო კრიზისს ადვილად გადაიტანენ ის ქვეყნები, რომელთაც ეფექტური საბაზრო ეკონომიკა გააჩნიათ. ძლიერი ქვეყნები დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაძლევენ ამ კრიზისის შედეგებს.

გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან სახელმწიფოები, სადაც ფართოდაა გავრცელებული კორუფცია, ბიზნეს-გარემო მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს, ხოლო ეკონომიკას მონოპოლისტური ჯგუფები მართავენ. განსაკუთრებით ძლიერ დარტყმას მიიღებენ ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც მიბმულია ნავთობის მოპოვებაზე, გადამუშავებასა და ექსპორტზე. კრიზისის შედეგად ასეთ საზოგადოებებში გაჩნდება "უფრო მკაფიო წარმოდგენა და მისწრაფებები თავისუფალი ეკონომიკისაკენ". ასეთი დისკუსია უკვე თვალსაჩინოა რუსეთის მედიაში. ისინი რუსეთის ზარალს უკავშირებენ საზოგადოების სუსტ ლიბერალიზებას და არასაკმარისად თავისუფალ ეკონომიკას.

დავით მალხაზიშვილი