ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
შედგება თუ არა "ყარაბაღის პრობლემის" რუსული გარღვევა?
#4(20), 2008
2 ნოემბერს რუსეთის ძალისხმევით მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და ხელი მოეწერა დეკლარაციას "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ". სამმა პრეზიდენტმა წერილობით დაადასტურა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მოწესრიგდება პოლიტიკური გზით და ბაქოსა და ერევანს შორის უმაღლესი დონეზე შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ კონკრეტულად თუ რა დაედება საფუძვლად კონფლიქტის მოწესრიგებას, ჯერჯერობით გაურკვეველია. რიგი ექსპერტების აზრით, მოსკოვის "ყარაბაღული" აქტიურობა მიზნად ისახავს ახალი სატრანზიტო გზების უზრუნველყოფას, რომელიც რუსეთის "გარანტიით" იმუშავებს და შექმნის სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სიტუაციას რეგიონში.

კავკასიის გეოპოლიტიკური პეიზაჟი აგვისტოს ომის შემდეგ

სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები და ანალიტიკოსები ცდილობენ გაანალიზონ სიტუაცია, რაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა. რიგ შემთხვევებში პასუხები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ეს გასაგებიცაა - აანალიზებენ ჯერ კიდევ არამდგრად და ბუნდოვან სიტუაციას განსხვავებული ინტერესებიდან გამომდინარე.

ექსპერტთა აზრით, კავკასიაში ხუთდღიანი ომის ერთ-ერთი მთავარი შედეგი არის აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოების დროებითი ან ნაწილობრივი გამოდევნა რეგიონული პროცესებისაგან. საქართველოს სატრანზიტო და სამხედრო პოტენციალის დასუსტებამ, რაც დროში დაემთხვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, დროებით შეამცირა ამერიკული მხარის არა მარტო დიპლომატიური, არამედ რეალური აქტივობა სამხრეთ კავკასიაში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კავკასიაში მართლაც ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ საქართველოში რუსეთის აგრესიის შეჩერებაში დასავლეთის და კონკრეტულად ევროკავშირის როლის შესახებ, "7 აგვისტოს მდგომარეობის" აღდგენას ევროკავშირი აღარ ცდილობს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები "გაფართოებული სახით" და მოსკოვის მიერ "დამოუკიდებლობით" დასაჩუქრებული, მთლიანად რუსეთის ხელშია მოქცეული და რუსული ჯარებითაა გავსებული. რუსულ-სეპარატისტული პროვოკაციები განუწყვეტლივ გრძელდება, საქართველოს დადანაშაულებით და აგრესიის განახლების რეალური საფრთხით.

რაც შეეხება აშშ-ს, ის "ადმინისტრაციის ცვლის" საპატიო მიზეზის გამო, პრაქტიკულად აღარ ერეოდა კავკასიის საქმეებში. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ბევრს ასეთი შთაბეჭდილება რჩება. მართალია, დასავლეთზე ორიენტირებული ხელისუფლება და ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველო აშშ-ის ინტერესებში შედის და ქვეყანას ვაშინგტონისგან მხარდაჭერა არ მოაკლდება, მაგრამ ასეთი განცხადებები უკვე სადღაც ტრადიციის ძალით კეთდება და საზოგადოებაშიც ნაკლებ ენთუზიაზმს იწვევს. "სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკოსებს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, ვერ გაუცნობიერებიათ, რომ აშშ არ არის ჩვენი ხსნა და მისი ინტერესი ჩვენდამი დროშია შეზღუდული. უარი არ უნდა ვთქვათ მათთან ურთიერთობაზე, მაგრამ არ არის საჭირო მისი რადიკალიზება", - აღნიშნავს პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე.

ქართველი ექსპერტები ლამის ერთსულოვნად აღიარებენ, რომ დღეს კავკასიაში საქართველოს მიმართ კეთილგანწყობა აღარ არსებობს. აღინიშნება, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ საქართველოს არა მარტო ტერიტორიები, არამედ მეზობელი სახელმწიფოების ნდობაც დააკარგვინა. ზოგი ამის მიზეზს საქართველოს დამარცხებაში ხედავს, სხვები ამას საქართველოს მთავარი მოკავშირის - აშშ-ის პრესტიჟის დაცემასაც უკავშირებს. არიან ისეთებიც, რომლებიც ამგვარი ვითარების მიზეზად საქართველოს ხელისუფლების შეცდომებს მიიჩნევენ: საქართველო აჰყვა პროვოკაციებს, საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო და ამით ბევრი ქვეყანა დააყენა მოულოდნელობის წინაშე. "საქართველოს ყველა სთხოვდა, საბრძოლო მოქმედებები არ დაეწყო. საბრძოლო მოქმედებების პროვოცირებას აჰყვა საქართველო თუ არა, ამ საბრძოლო მოქმედებებით მან ბევრი ქვეყანა დააყენა მოულოდნელობის წინაშე. ამის ერთ-ერთი შედეგია ის, რომ დღეს რეგიონის ქვეყნები ცდილობენ, თავი აარიდონ საქართველოს. ის აღიქმება არა სანდო პარტნიორად, არამედ კონფლიქტურად", - აღნიშნავს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს კავკასიაში თავისი "წესრიგის" დამყარებას და მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს მეზობლებისაგან "იზოლაციაა". საქართველოში შიშობენ, რომ რუსეთის მიერ ორგანიზებული "სამშვიდობო" შეხვედრები საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და მოსკოვი მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიების დანაწილებაში მისი კავკასიელი მეზობლებიც ჩართოს. საქართველოს "დანაწილება" რუსული იმპერიული გეგმაა და ამაში ახალი არაფერია, შესაძლოა, ეს გეგმა რიგი ექსპერტებისთვისაც სასურველი იყოს ჩვენ მეზობელ ქვეყნებშიც, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, რომ აღნიშნული რუსული გეგმით ამ ქვეყნების მესვეურები სერიოზულად მოიხიბლონ.

"რუსული წესრიგის" საფუძველი - კონტროლი "მშვიდობის" სანაცვლოდ

რუსეთი ცდილობს ამიერკავკასიაში საკუთარი "წესრიგი" დაამყაროს და ამ მხრივ ძალისხმევას არ იშურებს. საქართველოზე სამხედრო შეტევისა და მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, სომხეთისა და  აზერბაიჯანის ჯერიც დადგა. რუსეთი მათ წლების მანძილზე "უიმედოდ" გაყინული ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებას სთავაზობს. ამ შემთხვევაში რუსეთი თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და მიღწეული თანხმობის გარანტიც რუსეთი იქნება. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან მოყოლებული, მოსკოვთან შეთანხმებით აქტიურად მოქმედებს თურქეთიც. მოსკოვი სარგებლობს რეგიონში მოპოვებული "უპირატესობით" და ცდილობს თამაშგარე დატოვოს დასავლეთი.

რუსეთის შუამავლობით 2 ნოემბერს გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა წარმოადგენდა მოსკოვის მცდელობას ყარაბაღის კონფლიქტი მოაწესრიგოს თავისი ინტერესების შესაბამისად და ამის ერთ-ერთ შედეგად სატრანზიტო პროექტების საქართველოდან სომხეთის ტერიტორიაზე გადატანა მიაჩნია. სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტების მოწესრიგება შესაძლებელს გახდის გაიხსნას სარკინიგზო მიმოსვლა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სომხეთის გავლით (თუმცა, ყარსი-გიუმრის მონაკვეთზე სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა, აზერბაიჯანში მოსახვედრად, საქართველოს ტერიტორიაზე მაინც გაივლის). მაგრამ რუსეთისა და თურქეთის მთავარი სამიზნე ალბათ მაინც "ნაბუკოა", რომელმაც საქართველოს ნაცვლად სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.

თუმცა, "ნაბუკოს" თაობაზე რუსეთისა და თუნდაც თურქეთის თანხმობა ბევრს არაფერს ნიშნავს. "ნაბუკოს" ევროპისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუკი ეს გაზსადენი რუსეთის კონტროლქვეშ არ იქნება მოქცეული. მილიარდების ჩაყრა ახალ გაზსადენში, რომელსაც ისევ რუსეთი გააკონტროლებს სრული უაზრობა იქნება.

სომხეთ-აზერბაიჯანის პრეზიდენტების მოსკოვური შეხვედრიდან ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებამდე გზა ჯერჯერობით გაურკვეველია. ერთადერთი, რის გარანტიასაც, ალბათ, ეს შეხვედრა იძლევა, ისაა, რომ საომარი მოქმედებები არ იქნება. ამას, პრინციპში, თავიანთ გამარჯვებად მიიჩნევენ სომხეთში, რადგანაც ბოლო წლებში აზერბაიჯანი თავის სამხედრო ხარჯებს სწრაფად ზრდის და პრეზიდენტი ალიევი კონფლიქტის გადაწყვეტას სამხედრო გზითაც არ გამორიცხავდა.

რაც შეეხება კონფლიქტის მოწესრიგების საფუძველს, აქ, თუკი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის წინ და მის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში გაკეთებული კომენტარების მიხედვით ვიმსჯელებთ, მხარეებს დიდად არ შეუცვლიათ თავიანთი დამოკიდებულება საკითხისადმი. აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებას საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. სომხეთმა არათუ აზერბაიჯანის ოკუპირებული რაიონები უნდა გაანთავისუფლოს, არამედ ყარაბაღის სტატუსიც მას შემდეგ უნდა გაირკვეს, რაც იქ აზერბაიჯანელი დევნილები დაბრუნდებიან.

თავის მხრივ, სომხეთში უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მონაწილეობის გარეშე ხდება. სომხეთში არც ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნების პერსპექტივა ხიბლავთ, თუნდაც საერთაშორისო გარანტიებით. გული ეთანაღრებათ ასევე ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანული რაიონების დათმობაზეც და "ლაჩინის დერეფნის" შენარჩუნება ამ მხრის სასიცოცხლოდ აუცილებლად მიაჩნიათ.

მოსკოვში პრეზიდენტების შეხვედრის წინ სომხეთში აშკარად იგრძნობოდა იმის შიში, რომ რუსეთი გაურიგდება თურქეთ-აზერბაიჯანს და ერევანს მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლას აიძულებს. ამიტომ მოსკოვის შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი, რაც სომეხმა ანალიტიკოსებმა მოიწონეს, ესაა განაცხადი კონფლიქტის ეტაპობრივი მოწესრიგების თაობაზე. პირდაპირ არ თქმულა, მაგრამ იგულისხმება, რომ ჯერ სომხეთი მიიღებს სატრანსპორტო ბლოკადის მოხსნას, შემდეგ კი დაიწყება სხვა საკითხების გადაწყვეტაც.

ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებაში რუსული გარანტიებით, გარდა სატრანზიტო ინტერესისა, კიდევ შეიძლება იყოს სხვა გეგმაც. სომხეთის მიერ განთავისუფლებულ აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე ყარაბაღის გარშემო რუსი სამშვიდობოების ჩაყენებისა, როგორც ეს საქართველოში იყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. თუკი აზერბაიჯანი ასეთ რამეზე წავა "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის" იდეის გამო, ძალზედ დიდ შეცდომას დაუშვებს.

შეცდომას დაუშვებს თურქეთიც, თუკი რუსეთის მიერ შეთავაზებულ თამაშებში აქტიურად ჩაერთვება და ამით უგანებს დასავლეთელ პარტნიორებს. ამით უფრო მეტს წააგებს, ვიდრე რაიმეს მოიგებს. კავკასიაში საქართველო ერთადერთია, რომელიც "რუსულ თამაშებში" არ მონაწილეობს და მთელი ეს რუსული აქტივობაც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. 2 ნოემბერს მოსკოვში გამართული შეხვედრა ნაკლებ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ კავკასიაში რუსული გეგმების "ყარაბაღული ნაწილი" წარმატებულად მივიჩნიოთ. შესაბამისად, ვერც ამ ქვეყნების საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანება შედგება.

კომენტარები შეხვედრის შემდეგ

მალევე 2 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გამართა დახურული თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხეთში მოქმედი 50-ზე მეტი პარტიის წარმომადგენლები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განიხილებოდა რუსეთის წინადადება. ფაქტობრივად სარგსიანი ეკითხებოდა საზოგადოებას, თანახმა არის თუ არა დაუბრუნოს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის გარეთ არსებული 5 რაიონი იმის სანაცვლოდ, რომ აზერბაიჯანი ფაქტობრივად აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას.
 
საბოლოო ჯამში, ალბათ ასეთი იქნება სომხური მხარის პოზიციაც. მაგალითად, ორგანიზაცია "მთიანი ყარაბაღის დასაცავად" აღმასრულებელი კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ აღიარება როგორც აუცილებელი პირობა აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებისაკენ მიმართული მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის მოწესრიგების ფუძემდებლური პრინციპების შემუშავებაში მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობას მონაწილეობა არ მიუღია და რომ სავარაუდო ორმხრივი დათმობები გაურკვეველი დროით გადადებს სამომავლოდ მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის საკითხს. თუკი აზერბაიჯანი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, მაშინ მოლაპარაკებები გაგრძელდება დანარჩენი ფუძემდებლური პრინციპების გარშემო - ტერიტორიის, დევნილების, გადასახლებულების, კომუნიკაციების, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების თაობაზე და ა.შ. - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის და შექმნილი წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში, მსოფლიო სახელმწიფოების ინტერესების შეჯახების გათვალისწინებით, "შეიძლება დაიწყოს ახალი, უფრო დამღუპველი ომი".
 
აზერბაიჯანისათვის კი სომხეთის მიერ წამოყენებული პირობები მიუღებელია. ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტო-ლოგის ვაფა გულუზადეს განცხადებით, აზერბაიჯანისთვის ეს წინადადება მიუღებელია იმიტომ, რომ მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებლობას იღებს, ხოლო ლაჩინის რაიონი, რომელსაც "დერეფანს" უწოდებენ, რჩება სომხების კონტროლის ქვეშ. "რა თქმა უნდა, ასეთი წინადადებების განხილვა სომხეთისთვის ადვილია", - აღნიშნა გულუზადემ.

მისი თქმით, აზერბაიჯანში ამჟამად არავითარი აზრი არა აქვს რაიმე ფორუმის გამართვას ყარაბაღთან დაკავშირებით, რადგანაც არანაირი ახალი წინადადებები არ არის. "მოლაპარაკებები ყარაბაღთან დაკავშირებით იმიტაციურ ხასიათს ატარებს, ხოლო ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობა მდგომარეობს იმაში, რომ ოფიციალური ბაქოსგან თანხმობა მიიღოს რაღაც ტერიტორიების ჩამოცილებაზე სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ". გულუზადეს აზრით, თუკი ბაქოში ამ საკითხის განხილვას დაიწყებენ, მაშინ უნდა დასახელდნენ ისინიც, ვინც დამნაშავეა სომხეთის მიერ აზერბაიჯანი ტერიტორიების ოკუპაციაში. ბაქოში ეშინიათ, რომ ასეთი რამის გაკეთებით რუსეთს გააბრაზებენ.

ოფიციალური ბაქოს პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ხაზარ იბრაგიმმა განაცხადა, რომ "მოლაპარაკებათა მაგიდაზე დევს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, სხვა ვარიანტი არ არის და არც შეიძლება იყოს". "პრობლემა შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში".

სომხეთში იმედოვნებენ, რომ მოახერხებენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების და აქედან გამომდინარე აზერბაიჯანთან ურთიერთობის აღდგენის საკითხის ჩამოცილებას სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების დარეგულირების საკითხისაგან. თუმცა, თურქეთი ჯერჯერობით არ აპირებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას.

თურქეთი ყოველთვის მიიჩნევს აზერბაიჯანს მოძმე სახელმწიფოდ და დაიცავს მის ინტერესებს. ამის თაობაზე განაცხადა თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში ხულუსი კილიჯმა. მისი თქმით თურქეთმა, როგორც აზერბაიჯანის მოძმე ქვეყანამ დახურა საზღვრები სომხეთთან და კვლავაც არ აპირებს მის გახსნას მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტამდე. ამავე დროს თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თურქეთი მიესალმება მოსკოვში აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრას და მას საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

სომხეთ-თურქეთის საზღვარი 1993 წელს ჩაკეტა ანკარამ. თურქეთი უარს ამბობს საზღვრის გახსნასა და სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე, სანამ არ გადაწყდება ყარაბაღის კონფლიქტი და სანამ სომხეთი უარს არ იტყვის სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარების პოლიტიკაზე.
თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის თაობაზე ინტენსიურად მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც 2008 წლის 6 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტი ერევანში ჩავიდა ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად. უფრო ადრე, 12 აგვისტოს კი მოსკოვში მყოფი თურქეთის პრემიერ-მინისტრი ტაიპ ერდოგანი გამოვიდა რეგიონული ალიანსის "კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის პლატფორმის" შექმნის ინიციატივით. მასში უნდა შევიდეს ამიერკავკასიის სამი ქვეყანა, თურქეთი და რუსეთი. ამ ინიციატივის კონტექსტში თურქეთმა განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებას.

თურქეთში საზღვრის გახსნის პირობად კვლავ ყარაბაღის საკითხში სომხეთის დათმობები სახელდება. მაგალითად, თურქული გაზეთი "ზამანის" მიმომხილველი ჰასანა კანბოლატი 18 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ვარაუდობს, რომ საზღვარი სომხეთსა-თურქეთს შორის შეიძლება 2009 წელს გაიხსნას. ამის პირობად მიმომხილველს მიაჩნია "გაბედული ნაბიჯები" სომხეთის მხრიდან. მისი თქმით, "თუკი სომხეთი წამოაყენებს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის საიმედო გეგმას და გამოაცხადებს, რომ აღიარებს თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას, თურქეთი მზად იქნება საპასუხო ნაბიჯების განსახორციელებლად", - აღნიშნავს კანბოლატი.

თურქეთისა და სომხეთის დაახლოების საკითხის განხილვისას, კანბოლატი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბაქომ შეიძლება თავის ძალისხმევა წარმართოს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის ხელის შესაშლელად. "არალოგიკური და არაკონსტრუქციულია თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ხალხებისათვის, რომლებიც ათასწლეულები ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით, საერთო მომავალს ძირი გამოუთხარონ უკანასკნელ ათწლეულებში წარმოქმნილი უმნიშვნელო პრობლემების გამო. სამხრეთ კავკასიას ესაჭიროება მუდმივი სტაბილურობის გარანტიები, ხოლო მის ხალხებს - მშვიდობა და აყვავება", - აცხადებს ავტორი.

თურქი პოლიტოლოგის არიფ კესკინის განცხადებით, გამორიცხული არაა რომ უახლოეს მომავალში აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმდება სამხედრო შეთანხმება, რაც კარგად წაადგება ორივე მხარეს. მისი თქმით, მას შემდეგ,  რაც თურქეთმა დაიწყო დიალოგი სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თავად თურქეთში გაისმა ხმები, რომ "ანკარამ ბედის ანაბარა მიატოვა აზერბაიჯანი". ასეთი შეთანხმების ხელმოწერით ანკარა ყველას ნიშანს მისცემს, რომ ის ყოველთვის აზერბაიჯანთანაა.

კესკინის თქმით, აზერბაიჯანი თურქეთისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი მოკავშირეა არა მარტო თურქულ სამყაროში, არამედ მთელ ევრაზიის სივრცეზე და სისულელე იქნება იმის ფიქრი, რომ ანკარა დატოვებს ბაქოს მარტოს მის პრობლემებთან. გარდა ამისა, ანკარა ასეთი სამხედრო შეთანხმების ხელმოწერით არაორაზროვან სიგნალს გაუგზავნის რუსეთს და ირანს: ნუ ეხუმრებით აზერბაიჯანს, თორემ თქვენს წინაშე თურქეთი აღმოჩნდება. ეს იქნება სომხეთის გაფრთხილება, რომ სისულელეები არ გააკეთოს ყარაბაღის საკითხში.

სამხედრო შეთანხმების გაფორმებით ანკარა ერთბაშად გადაჭრის რამდენიმე სტრატეგიულ ამოცანას: ჯერ ერთი, ის თავის დაცვის ქვეშ აიყვანს აზერბაიჯანს და მის ტერიტორიაზე გამავალ ენერგეტიკულ მილსადენებს, ამით იგი კვლავ გააკეთებს განაცხადს, რომ ის მძლავრი რეგიონული სახელმწიფოა, და ბოლოს, ანკარასა და ბაქოს შეუძლიათ დამოუკიდებლად ააგონ კავკასიაში თავიანთი პოლიტიკა რაიმე შიშის გარეშე.

რაც შეეხება რუსეთის რეაქციას ასეთი შეთანხმების ხელმოწერაზე, კესკინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი როდესაც ხელს აწერდა მსგავს სამხედრო შეთანხმებებს თურქეთის მეზობლებთან, არ ითვალისწინებდა ანკარას ინტერესებს. თუმცა, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ასეთი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში მოსკოვის პოზიცია ყარაბაღის საკითხში შეიძლება გამკაცრდეს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთს არც არასოდეს ჰქონია კონსტრუქციული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანი-თურქეთი: ინტერესების თანხვედრის მიჯნები

როგორც აზერბაიჯანული გაზეთი "ზერკალო" აღნიშნავს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესები სომხეთის მიმართ გარკვეულ პერიოდში ერთმანეთს ემთხვეოდა. აზერბაიჯანიც და თურქეთიც არ იყვნენ დაინტერესებულნი სომხეთის პოზიციების გაძლიერებით საერთაშორისო არენაზე. "ძმური სოლიდარობის" გამოსავლენად აზერბაიჯანი უსაფუძვლოდ აცხადებდა "გენოციდის" თემას და თურქეთისადმი სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების უსაფუძვლობას, ხოლო ოფიციალური ანკარა - გმობდა აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციას სომხეთის მიერ. თუმცა ყურადსაღებია ერთი არცთუ უმნიშვნელო ფაქტი: თურქეთისგან განსხვავებით აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობის მოწესრიგების პირობად არ აყენებდა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის მოწესრიგებას. ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ თურქეთს სრული უფლება აქვს აზერბაიჯანის პოზიციის გაუთვალისწინებლად მოაწესრიგოს ურთიერთობები სომხეთთან. ამ ცოტა ხნის წინ ასეთი აზრი ჰქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის განცხადებას.

მაგრამ, ოფიციალური ბაქო, როგორც ჩანს, ცდილობს ანკარაზე ზეწოლის მოსახდენად გამოიყენოს დათბობა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში. საზოგადოებრივი აზრი ისე ყალიბდება, რომ დაუშვებლად მიიჩნევა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოწესრიგება მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოწესრიგების გარეშე. მმართველი პარტიის "ენი აზერბაიჯანის" აღმასრულებელ მდივანს, პარლამენტარ ალი ახმედოვს არაერთხელ განუცხადებია, რომ თურქეთმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც აზერბაიჯანის ინტერესებს ეწინააღმდეგება. აქ იგულისხმება, რომ თურქეთმა უნდა შეასრულოს ადრინდელი დაპირებები იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების გარეშე არ გახსნის საზღვარს სომხეთთან და არ დაამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს. ახლა კი ამ პარტიის პოლიტსაბჭო, პარლამენტარი აიდინ მირზაზადე თურქეთს მოუწოდებს აზერბაიჯანის საზოგადოებრიობას აცნობოს სომხეთ-თურქეთის კონფიდენციალური მოლაპარაკებების შესახებ.

როგორც გაზეთი "ზერკალო" აღნიშნავს, სომხეთ-თურქეთის კონსულტაციების გარშემო ნეგატიური ფონის შექმნა ოფიციალურმა ბაქოს შეიძლება გამოიყენოს აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობების სხვა მიმართულებით და პირველ რიგში ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით ტრანსპორტირებული გაზის ფასის განსაზღვრისას. საქმე ისაა, რომ თურქეთს სურს ამ მთელი გაზის იმპორტირება განსაკუთრებული ფორმულის მიხედვით, რომელიც არ უკავშირდება საშუალოევროპულ ფასს ბუნებრივ აირზე. თავად თურქეთი, ბუნებრივია, გაყიდდა ამ გაზს მომხმარებლებზე უფრო ხელსაყრელი საშუალოევროპული ფასების მიხედვით, ე.ი. თურქეთი ცდილობს მოგება ნახოს არა მარტო გაზის ტრანსპორტირებაზე, არამედ ფასებს შორის სხვაობაზეც.

თუკი თურქეთი არ გაითვალისწინებს აზერბაიჯანის ინტერესებს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების დროს, ეს ბაქოს საშუალებას მისცემს დაივიწყოს "ძმური გრძნობები" იმ ფორმულის შეთანხმებისას, რომლითაც ბუნებრივი აირის ფასი განისაზღვრება. შემთხვევითი არაა, თურქეთი ცდილობს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების "სინქრონიზებას" ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებასთან. თუმცა ისიც ცხადია, რომ მთელი ეს ბრძოლა კულისებში გაიშლება და ოფიციალურ დონეზე არ გამოვა. ოფიციალურად აზერბაიჯანი და თურქეთი "სამარადისო ძმებად" დარჩებიან.

რუსეთისა და თურქეთის "სატრანზიტო ინტერესები" ერთმანეთს ეწინააღმდეგება

რუსეთიც და თურქეთიც მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური აგრესიის შემდეგ ცდილობენ საქმის ისე წარმოდგენას, რომ ერთმანეთთან თანხმობით მოქმედებენ და ურთიერთობებში რაიმე სერიოზული წინააღმდეგობები არ გააჩნიათ, მაგრამ სინამდვილეში საქმე პირიქითაა. მაგალითად, ურთიერთსაწინააღმდეგოა ორივე ქვეყნის სატრანზიტო ინტერესები.

ევროპის სომხური ორგანიზაციების ფორუმის თავმჯდომარის და სლოვაკეთის სომხური თემის ხელმძღვანელის აშოტ გრიგორიანის განცხადებით თვალშისაცემია რუსეთისა და თურქეთის მეტოქეობა სატრანზიტო პროექტებთან დაკავშირებით. მისი თქმით, 5-6 დეკემბერს პოლონეთის ქალაქ სოპოტში გამართულ ფორუმზე "ევროკავშირი-თურქეთი" მკაფიო იყო თურქეთის მონაწილეთა მცდელობა რუსეთი განედევნათ ყველა ენერგეტიკული პროგრამიდან და ევროპას სთავაზობდნენ რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების ტრანზიტის ფართო გეგმებს. საპასუხოდ რუსეთის წარმომადგენელმა იგორ ტომბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი არ გააყვანინებს ტრანსკასპიურ მილსადენს სტრატეგიული და ეკოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ანუ თურქმენული და ყაზახური ენერგომატარებლების ტრანსპორტირება ვერ განხორციელდება რუსეთის გვერდის ავლით. აზერბაიჯანული გაზი და ნავთობი კი, რომელიც იდენს თურქეთის გავლით, არასაკმარისია ევროპის მომარაგებისათვის. ესაა ევროპისათვის აუცილებელი მოცულობის მხოლოდ მესამედი.

აშოტ გრიგორიანის დასკვნით, თურქეთი, რომელიც ტრადიციულად არასანდო პარტნიორია, წავიდა რა რუსეთთან დაახლოებაზე, ხელმძღვანელობდა მხოლოდ თავისი ინტერესებით და გაემიჯნა უკანასკნელი წლებში თავის პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანსა და საქართველოს. რუსეთმა კი თურქეთისათვის თანხმობის მიცემით სამხრეთ კავკასიაში შესვლაზე - უგულებელყო თავისი სტრატეგიული პარტნიორის, სომხეთის ინტერესები.

აზერბაიჯანული გაზეთი "ზერკალო" აღნიშნავს: რუსეთსა და თურქეთს შორის არსებობს სერიოზული წინააღმდეგობები, რაზეც მხარეები ცდილობენ ყურადღება არ გაამახვილონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი თავის კავკასიურ ან თურქეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში არ ითვალისწინებს ამ რეალობას. მაგალითად, თურქეთი არა მარტო დაინტერესებულია, არამედ აქტიურად ლობირებს ენერგორესურსების რუსეთის გვერდის ავლით ტრანზიტის პროექტებს, მათ შორის "ნაბუკოს".

მაგალითად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ თურქეთის სახელმწიფო მეთაური აშხაბადში სთხოვდა თურქმენეთის პრეზიდენტს, რათა დათანხმდეს "ნაბუკოს" შევსებას თურქმენული გაზით. რუსეთი კი არც მალავს, რომ ამ პროექტების რეალიზება ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. ეს წინააღმდეგობა რუსეთსა და თურქეთს შორის გრძელვადიან ხასიათს ატარებს და მათი დავიწყება შეუძლებელია.

მალხაზ მაცაბერიძე